ეგრი
bizwebmaster

       
ჯგუფი: Members
წერილები: 27952
წევრი No.: 26365
რეგისტრ.: 1-December 06
|
#25538166 · 19 May 2011, 19:18 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Kargareteli
| QUOTE | | რადგან მათე და ლუკა მახარებლების მიერ ქრისტეს შესახებ არსებული გვარტომობის განსხვავებული გადმოცემები მრავალთა მიერ ერთმანეთთან შეუთანხმებლად მიიჩნევა; და თითოეული მორწმუნე ამ ადგილის შესახებ ჭეშმარიტების უმეცრებით განმარტებებების მოგონებას ეშურება, მოდი და მათ შესახებ ჩვენამდე მოღწეულ ისტორიასაც გადმოვცემთ, რომელიც ჩვენს მიერ ცოტა ზემოთ ხსენებულმა აფრიკელმა გვარტომობათა ურთიერთთანხმობის შესახებ არისტიდესადმი[11] მიწერილ ეპისტოლეში სხვათა აზრები როგორც არაბუნებრივი და ნატყუარი ამხილა, ხოლო თვითონ ისტორია შემდეგი სიტყვებით გადმოსცა: "მას შემდეგ, რაც ისრაელში გვართა სახელები აღირიცხებოდა ბუნებით ან რჯულით; ბუნებით, კანონიერი თესლის მემკვიდრეობით, რჯულით კი როდესაც სხვა ქმნის ბავშვს უშვილო გარდაცვლილი ძმის სახელით (რადგან აღდგომის ნათელი იმედი ჯერ კიდევ არ იყო მოცემული და მომავალ აღთქმას მოკვდავი აღდგომით ბაძავდნენ, რათა გარდაცვლილის სახელი უწყვეტად დარჩენილიყო); ამიტომ ამ გვარტომობით ჩამომავალნი, ზოგი მამისაგან კანონიერად მონაცვლე შვილი იყო, ზოგი კი სხვებისგან იშვა, ხოლო სახელი კი სხვების მიიღო, ორივეს მოხსენიება მოხდა, ნამდვილი მშობლებისაც და ვითომ მშობლებისაც. ამგვარად, სახარებაში არ არის არავითარი შეცდომა, არც ბუნებით და არც რჯულიერ აღრიცხვაში. რადგან ერთმანეთს შეეწნა გვარი, სოლომონისგან ჩამომავალიც და ნათანისგანაც, უშვილოთა და მეორე ცოლიანთა "აღდგომით" და თესლის აღდგენით, როგორც სამართლიანად ითვლებიან ისინი სხვადასხვა დროს სხვადასხვა პიროვნებების ნამდვილ და ასეთად მიჩნეულ მამათა შვილებად; რადგან ორივე თხრობა სრულიად ჭეშმარიტი არის, რომელიც იოსებამდე დახლართულად მაგრამ ზედმიწევნით ჩამოდის. ნათქვამი რომ ცხადი გახდეს, მოგითხრობთ გვარების მონაცვლეობას. თუ დავითისაგან სოლომონის ხაზით აღვრიცხავთ, ბოლოდან მესამე აღმოჩნდება მატათა, რომელმაც შვა იაკობი, იოსების მამა; დავითის შვილ ნათანისგან კი ლუკას მიხედვით ასევე ბოლოდან მესამე არის მელქი; რადგა იოსები იყო მელქის ძის ელის ძე. ახლა ყურადღებას იოსებს მივაპყრობთ და მოგითხრობთ, თუ როგორ აღმოჩნდა ორივე მისი მამა, იაკობი სოლომონის გვარისგან ჩამომავალი და ელი ნათანის გვარისგან, აგრეთვე როგორ იყვნენ ისინი, იაკობი და ელი, ძმები და მათ უწინარეს როგორ გახდნენ იოსების პაპებად მათი მამები, მატათა და მელქი, რომლებიც განსხვავებული გვარისანი იყვნენ. ამრიგად, მატათამაც და მელქიმაც ერთმანეთის შემდეგ მოიყვანეს ერთიდაიგივე ქალი და ერთი დედის ძმები შექმნეს, რადგან რჯული არ აბრკოლებს ქვრივს, გაყრილს ან მას, ვისაც გარდაცვლილი ყავს ქმარი, რომ სხვაზე დაქორწინდეს; ესთასგან (გადმოცემით ასე ერქვა ქალს) პირველად მატათამ, სოლომონის გვარის ჩამომავალმა, შვა იაკობი, მატათას აღსრულების შემდეგ იგი, დაქვრივებული, როგორც ზემოთ ითქვა, ცოლად მოიყვანა მელქიმ, ნათანის გვარის ჩამომავალმა, იმავე ტომისამ, მაგრამ სხვა გვარის მქონემ, და ეყოლა ძე ელი. ამგვარად, აღმოვაჩენთ, რომ იაკობიც და ელიც იყვნენ ერთი დედის ძმები, ორი განსხვავებული გვარიდან ჩამომავალნი; ერთმა მათგანმა, იაკობმა, როდესაც აღესრულა მისი უშვილო ძმა ელი, მისი ქალი ცოლად მოიყვანა და მისგან შვა მესამე, იოსები*, რომელიც ბუნების მიხედვით (ასევე ლოგიკურად, რის გამოც დაიწერა: "იაკობმა შვა იოსები") მისი, ხოლო რჯულის მიხედვით ელის ძე იყო; რადგან მას იაკობმა, ძმამ, აღუდგინა თესლი. ამიტომ მის მიხედვით გვარტომობაც არ იქნება არაქმედითუნარიანად გამოცხადებული. მათე მახარებელმა იგი ასე აღრიცხა: "იაკობმა შვა იოსები", ლუკა კი ამბობს: "რომელიც იყო, როგორც ფიქრობდნენ" (რადგან ამასაც დასძენს), "იოსების, ელის, მელქის". რადგან რჯულისმიერი შობის მიხედვით უფრო ნიშანდობლივად თქმა შეუძლებელი იყო, და სიტყვა "შვას" ასეთ შვილთქმნებზე აღარ ახსენებს გვარტომობის დასასრულამდე, რადგან მიდის უკუსვლით სიტყვებამდე "ადამის, ღმერთის". ეს არც დაუმტკიცებლად არც ფუჭად არის ნათქვამი, რადგან მაცხოვრის ხორციელმა ნათესავებმა, ან საკუთარი თავის გამოჩენის გამო, ან უბრალოდ სასწავლოდ, ნებისმიერ შემთხვევაში კი ჭეშმარიტად გადმოცეს ეს. როდესაც იდუმეველი ავაზაკები პალესტინის ქალაქ ასკალონში შევიდნენ, აპოლონის საკერპოდან, რომელიც [ქალაქის] კედლებზე იყო აშენებული, ვინმე ჰეროდე ჰიეროდულოსის შვილი სხვა ტყვეებთან ერთად წაასხეს, და რადგან მღვდელს ვაჟიშვილის გამო გამოსასყიდის გადახდა არ შეეძლო, ანტიპატროსი იდუმეველთა ჩვეულებებით აღიზარდა, მოგვიანებით კი იუდეველ მღვდელთმთავარ ჰირკანს დაუმეგობრდა; პომპეუსთან ჰირკანის გამო შუამავლობდა და მისთვის ძმის არისტობულოსის მიერ წართმეულ სამეფოს ანთავისუფლებდა. მას ბედი სწყალობდა და პალესტინის ზედამხედველად[12] დაინიშნა. ანტიპატროსი, რომელიც მრავალი წარმატების გამო შურით აღძრულებმა ღალატით მოკლეს, მისმა ძემ ჰეროდემ შეცვალა, რომელიც მოგვიანებით ანტონიუსის მიერ და უმაღლესი სენატის გადაწყვეტილებით იუდეველთა მეფედ დაინიშნა; მისი შვილები იყვნენ ჰეროდე და სხვა ტეტრარქები**. ამ ამბავს იზიარებენ ელინთა ისტორიებიც; ებრაელთა და პროზელიტთა ჩამომავალების, როგორებიც იყვნენ აქიორ ამონიელი და რუთ მოაბელი"[13] ასევე გვარები მათი შერეული ოჯახებისა, რომლებიც ეგვიპტიდან გამოიქცნენ, იმ დრომდე აღწერილი იყო არქივებში; ხოლო რადგან ჰეროდე არანაირად არ უკავშირდებოდა ისრაელიტთა გვარებს და ამასთან მდაბიო წარმოშობის იყო, და რადგან თავისი მდაბიო წარმოშობის გამო გონება ჰქონდა შერყეული, დაწვა საკუთარი გვარის აღწერილობა; იგი ფიქრობდა, რომ კეთილშობილი წარმომავლობის პიროვნებად წარმოჩნდებოდა, თუ ვერავინ შეძლებდა მისი გვარის გამოყვანას პატრიარქების ან პროზელიტების, ან შერეული წარმოშობის მქონე ე. წ. გერების გვარებიდან. მცირედნი იყვნენ ისინი, ვინც ზრუნავდა თავისი თავის შესახებ კერძო ჩანაწერების ქონაზე, ან სახელების დამახსოვრებით ან სხვაგვარად ასლებიდან გადმოღებით, და თავს იწონებდა კეთილშობილების ხსოვნის შენახვით; მათ შორის იყვნენ ზემოხსენებული ე. წ. "დესპოსინები", რომელთაც ეს ეწოდებოდათ მაცხოვრის გვართან კავშირის გამო***, რომლებიც იუდეველთა სოფლებიდან, ნაზარეთიდან და კოხაბადან, იყვნენ გამოსულები და მათი წარმომავლობის წინარე გვარტომობას "დღეთა წიგნის" მეშვეობით განმარტავდნენ. ასე იყო, თუ სხვაგვარად, უფრო ცხადი განმარტების აღმოჩენას, როგორც ვფიქრობ მეც და ასევე ყველაფერში კეთილგონიერნიც, ალბათ სხვა ვერავინ შეძლებს, და ჩვენც ეს ვიკმაროთ, რადგან თუ დაუმოწმებელი არის, უკეთესის ან უფრო ჭეშმარიტის თქმა არ ძალგვიძს, ნებისმიერ შემთხვევაში სახარება ჭეშმარიტებას ამბობს". ეპისტოლის დასასრულს კი დასძენს: "სოლომონისგან ჩამომავალმა მატათამ შვა იაკობი. იაკობის სიკვდილის შემდეგ ნათანისგან ჩამომავალმა მელქიმ იმავე ქალისგან შვა ელი. ასე რომ, ელი და იაკობი არიან ერთი დედის შვილები. როდესაც ელი უშვილოდ გარდაიცვალა, იაკობმა აღუდგინა მას თესლი და შვა იოსები, ბუნებით მისი, რჯულის მიხედვით კი ელის ძე. ამგვარად ორივე მათგანის ძე იყო იოსები. [14] რომელიც ყოველივე ზემოთაღნიშნულის გამო იწოდებოდა იესოს მშობლად. |
ამის პასუხად ეს წაიკითხე: ღვთაებრივი ყრმის დიდება წყვდიადში, ქვაბულსა და ბაგაში არ დარჩენილა და მხოლოდ ბეთლემის მინდორი არ გამოხმაურებია ბაგაში მწოლიარეს, მარტო ღატაკი მწყემსებისთვის არ გამხდარა საცნაური დიდება ღვთისა; ისინი მხოლოდ პირველი რჩეულები იყვნენ, მაჩვენებელნი იმ გზისა, რომელსაც ნათლისაკენ მივყავართ. ქრისტე მხსნელის ცნობითა და აღიარებით სასწაული აღსრულდა: ყოველმა ქმნილმა შობილ უფალს საჩუქარი მიართვა: ანეგლოსებმა - გალობა, ზეცამ - ვარსკვლავი, მწყემსებმა - სასწაული, მოგვებმა - საჩუქრები, მიწამ - ქვაბული, უდაბნომ - ბაგაბ, ადამიანებმა - დედა ქალწული, წარმართობამ - ქრისტიანული საწყისი - მოგვების სახით. ასე გამობრწყინდა ღვთიური ძალა კაცობრიობის ახლადშობილი მხსნელისაგან.
ქრისტეს შობამდე ბეთლემის აღმოსავლეთით სასწაულებრივი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელშიც ქალდეველმა მოგვებმა ჩვ. წ-მდე 1450 წელს წინასწარმეტყველ ბალაამის მიერ უწყებული იაკობის ვარსკვლავი იცნეს. ამ წინასწარმეტყველების გამო მთელ აღმოსავლეთში უძველესი დროიდან იყო გავრცელებული რწმენა, რომ იუდეაში იშობა დიდი მეფე, რომელიც მთელ ქვეყანაზე გაბატონდება და რომ მისი შობა არაჩვეულებრივი ვარსკვლავის გამოჩინებით იქნება ნაუწყები.
როგორც კი ეს საოცარი ვარსკვლავი გამოჩნდა, რომელიც თავისი მოძრაობით ზეციურ მნათობთა საერთო კანონს არ ემორჩილებოდა, აღმოსავლელი ასტრონომები დანიელის წინასწარმეტყველებასთან შეპირისპირებით მიხვდნენ, რომ ის ღვთიური მეფის მოსალოდნელ შობაზე მიანიშნებდა. ეს ბრძენთაგან რჩეულნი იერუსალიმისაკენ გაემართნენ, რომ ეპოვათ ქვეყნიერების მეუფე და თაყვანი ეცათ მისთვის.
გადმოცემის მიხედვით, მოგვები იყვნენ მეფეები, ან რჩეული წინამძღოლები სპარსეთიდან - სამი ასაკის და სამი მოდგმისანი. მელქიორი - მოხუცებული - სემის შთამომავალი, გასპარი - უწვერული და ჯან-ღონით სავსე ჭაბუკი - ქამის შთამომავალი და ბალთაზარი - მოწიფულობაში ახლად ფეხშედგმული კაცი - იაფეთის შავგრემანი შთამომავალი. მათ მოგვები - მაგები ეწოდებათ არა იმიტომ, რომ მაგიით ან ჯადოქრობით იყვნენ დაკავებულნი, არამედ იმიტომ, რომ სპარსეთსა და აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებში ამგვარად ეძახდნენ ბუნების ბრძენ მეთვალყურეებს, ვარსკვლავიანი ცის უჩვეულო მეცნიერების მკვლევარებს.
თავიანთი აყვავებული ქვეყნის დატოვების შემდეგ მოგვები დიდხანს მოგზაურობდნენ პალესტინის უდაბნოს ქვიშიან გზაზე; რადგან ისინი ბეთლემში ქრისტეს დაბადებიდან მოკლე დროში მოვიდნენ, ივარაუდება, რომ ვარსკვლავი მაცხოვრის შობამდე გაცილებით ადრე გამოჩნდა. როგორც წმინდა მამები მიიჩნევენ, ეს ზუსტად ხარების დღეს და საათს მოხდა. მთელი დროის განმავლობაში მათ წინ უძღოდათ გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი, - როგორც ოდესღაც ნათლის სვეტი მეწამული ზღვის ნაპირებზე, გზას რომ უჩვენებდა ლტოლვილ ისრაელს. ეს ჭეშმარიტად საოცარი ვარსკვლავი არ ემორჩილებოდა კანონს, რომელიც საერთოა ზეციური სხეულებისთვის. ის ყოველთვის წინ უძღოდა მათ ქარავანს, პირდაპირი ხაზით იერუსალიმისკენ მიდიოდა, აღმოსავლეთიდან - სამხრეთ-დასავლეთისაკენ. ამის გარდა, ის გამუდმებით ჰაერის ქვემო ფენებში მოძრაობდა და იმდენად დაბლა და ახლოს იყო, რომ უკან მიდევნება შეეძლოთ. დროდადრო ის ჩერდებოდა და ღრუბლებში იმალებოდა, თითქოს დროს აძლევდა შესვენებისთვის. გარეგნული შეხედულებისამებრ ერთნი კომეტას ადარებდნენ, სხვები კი ცეცხლოვან მეტეორს უწოდებდნენ. სინამდვილეში ამ ზეციურ მოვლენას უხილავი, გონიერი ძალა უნდა დაერქვას, რომელიც ქვეყნიერების განხორციელებულ მხსნელზე მიანიშნებდა.
სწორედ იერუსალიმში შესვლამდე გზის მაჩვენებელი ვარსკვლავი გაოცებული მოგვების თვალთაგან მიეფარა. ნიშნავს ეს იმას, რომ მათ მოგზაურობის მიზანს მიაღწიეს?! იმყოფება სამეუფო ყრმა იერუსალიმში?! მაგრამ ეს ვარსკვლავი რომ იერუსალიმში გაბრწყინებულიყო, მაშინ ხომ მთელი ხალხი ქრისტესკენ მას მოჰყვებოდა და თვით ჰეროდე შურიან წინამძღოლებთან ერთად მის სასწრაფოდ მოკვდინებას შეეცდებოდა?! ვარსკვლავი მიიმალა, მოგვები იერუსალიმში შევიდნენ და შეუდგნენ ქადაგებას და უწყებას გამოჩინებული ვარსკვლავის შესახებ, რომელიც დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მესიის მოვლინების მახარებელი იყო. მაგრამ ამ სასიხარულო ამბავმა იერუსალიმს საყოველთაო ბედნიერება როდი მოუტანა, მოგზაურთა დიდებული აღკაზმულობის, მათი ქარავნის ფუფუნების მიხედვით ისინი ყველამ აღმოსავლეთიდან მოსულ მეფეებად და წინამძღოლ პირებად მიიღო. მათ კითხვაზე, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავი აღმოსავლეთით იხილეს, შეძრწუნდა ჰეროდე და მასთან ერთად მთელი იერუსალიმი.
შეცბა ჰეროდე და როგორ არ შეცბებოდა იგი?! ის მეფე არც ღვთის კურთხევით გამხდარა და არც ხალხის სურვილით. მეფობის უფლება მან რომაელ მმართველთა მაამებლობით მიიღო. ეს უფლება მან ოქროს გროვით იყიდა, ძალადობითა და სიცრუით ებრაელ ხალხს გამოსძალა. ამგვარადვე სძულდათ მდიდარ დიდებულებს, რომელთა თავები უბრალო ეჭვის გაჩენისთანავე ძირს ცვიოდა. ამასთანავე იგი საძულველი იყო ებრაელი სასულიერო პირებისთვისაც, რომელთა უფლებები და პრივილეგიები შეზღუდა. მთელი ძალით შეიძულა ის ხალხმა თავისი უცხოტომელობის, სისასტიკისა და საზიზღარი თვალთმაქცობის გამო.
იმისათვის, რომ რომაელებისათვის ეამებინა, მათი კეისრის, ავგუსტუსისადმი მიძღვნილ წარმართულ ტაძრებში დადიოდა და იუდეველთა შორის მათი პოპულარობის გასაზრდელად, ამ ტაძრების შესამკობად განძეულობას არ იშურებდა.
როგორც არ იცახცახებდა იგი შიშით საკუთარი თუ შთამომავლობის ბედის გამო?! მან პირველად როდი გაიგო მოახლოებული საფრთხის შესახებ: მოგვების გამოჩენამდე ცოტა ხნით ადრე ფარისეველებმა მის ტახტს დაცემა უწინასწარმეტყველეს და ერთგულებაზე დაფიცება სიძულვილით უარყვეს.
დიდი მეუფის საყოველთაო მოლოდინი აღმოსავლეთიდან, კერძოდ კი, იუდეიდან მით უფრო აშინებდა, რომ ჯერ კიდევ რომში ყოფნისას შეიტყო მეუფის მოსალოდნელი შობის შესახებ.
როდესაც მას იმ სახელგანთქმულ უცხოტომელთა მოსვლის ამბავი მოუტანეს, ყველას რომ ეკითხებოდნენ, თუ სად იშვა იუდეველთა მეფე, რომლის ვარსკვლავიც მათ აღმოსავლეთში იხილეს, ჰეროდე შეშინდა, მაგრამ არ სურდა, რომ ეს ხალხის წინაშე გამოემჟღავნებინა. მან მღვდელმთავრები და ფარისევლები დაიბარა და მათგან ვარსკვლავის გამოჩინების დრო გაარკვია. მის სულში უკვე ჩამოყალიბდა გეგმა, თუ როგორ მოეკლა ყრმა მეუფე, მაგრამ მოგვებს აუწყა, რომ აღთქმული მეუფე ბეთლემში უნდა დაბადებულიყო და სთხოვა, იქითკენ ესრწაფათ, გულმოდგინედ მოეძებნათ ყრმა და როდესაც იპოვიდნენ, ჰეროდესთვისაც ეცნობებინათ ამის შესახებ, რომ მასაც თაყვანი ეცა მეფისთვის.
როგორც საზოგადოდ ღრმა აზროვნების ადამიანები, მეცნიერებით და მჭვრეტელობით რომ არიან დაკავებულნი, მოგვები გულთბილი და გულწრფელი ხალხი იყო და გარშემომყოფთა ცბიერებასა და ბოროტებას ვერც ეჭვობდნენ. მათ ესმოდათ, რომ ქვეყნის მმართველი, შესაძლებელია თავნება და სასტიკი იყოს, მაგრამ სიცრუესა და მუხანათობას ვერაფრით წარმოიდგენდნენ.
ჰეროდესთან საუბრის შემდეგ მოგვები იერუსალიმიდან მარცხნივ ბეთლემისაკენ მთიანი გზით წავიდნენ. უცებ ცაზე ხელახლა გაიბრწყინა ვარსკვლავმა, გზის საჩვენებლად მათკენ სწრაფად დაეშვა და წინ უძღოდა მანამდე, სანამ იმ ადგილს არ დაადგა თავს, სადაც ყრმა იმყოფებოდა. გამოქვებულის შესასვლელთან კიდევ უფრო დაუახლოვდა მიწას. როდესაც დაინახეს ვარსკვლავი ერთ ადგილას უძრავად იდგა და გამოქვებულის შესასვლელს კაშკაშა სინათლეს ჰფენდა, მოგვები ჭეშმარიტი, ურყევი რწმენით აღივსნენ და უდიდესი სიხარული მიანიჭათ იმის მიხვედრამ, რომ დასრულდა ძველი სამყაროს მოლოდინი და შფოთი, ტყუილი და ცთომილება.
გამოქვაბულში მოსულ მოგვებს იმედგაცრუება არ განუცდიათ წმინდა ოჯახის სიღარიბისა და უპოვარების გამო, არამედ თვინიერად შედგეს ფეხი მიწისქვეშა ტაძარში, რომელიც თვით უფლის იქ ყოფნით იყო ნაკურთხი და მუხლი მოიდრიკეს. თავისი ხალხის ჩვეულებისამებრ მათ ფეხსაცმელი გაიხადეს და მიწაზე პირქვე გართხმულნი თაყვანს სცემდნენ მას, როგორც ჭეშმარიტ ღმერთს. ღვთის მიერ მოცემული ძველი მცნების მიხედვით, მათ ძვირფასი საჩუქრები მიართვეს - ყველაფერი, რაც ღმერთ-კაცისათვის შესაფერისად მიიჩნიეს. ქალდეველთა მეფემ მელქიორმა უფალს მიუძღვნა გუნდრუკი, ანუ საკმეველი, როგორც ღმერთს, სპარსელმა ბალთაზარმა - ოქრო, როგორც საუკუნო მეფეს; ეთიოპელმა გასპარმა - მური, როგორც ღმერთკაცს, რომელიც ჯვარზე სიკვდილით მთელი ქვეყნიერების ცოდვებს გამოისყიდდა.
ყოვლადწმინდა მარიამი და იოსებ დამწინდველი განცვიფრებით უმზერდნენ აღმოსავლეთის მეფეების ამ მდაბალ თაყვანისცემას, ამბავს იდუმალი ვარსკვლავის სასწაულებრივი გამოჩინების შესახებ ყურადღებით ისმენდნენ. გაკვირვებულნი იყვნენ წარმართების ღვთისმოსაობით, მათი მოგზაურობაც აოცებდათ - დიდი სინათლე მოეფინა მათ, ვინც აქამდე წყვდიადში ვიდოდა და მოგვები კვლავ მიწაზე დაემხნენ, რათა ყრმა უფლისა და მისი ყოვლადწმინდა დედისთვის ეცათ თაყვანი. მოგზაურობის მიზნის მიღწევის შემდეგ მოგვები აპირებდნენ ბეთლემიდან კვლავ იერუსალიმში შეევლოთ და ჰეროდეს თხოვნისამებრ მისთვის აღთქმული მესიის სამყოფელი ეუწყებინათ, მაგრამ უფლის ანგელოსმა, რომელიც სიზმარში გამოეცხადათ, მათ ჰეროდეს ბოროტი განზრახვის შესახებ აუწყა და უბრძანა, სხვა გზით დაბრუნებულიყვნენ.
ჰეროდე ოსტატურ კაცისმკვლელ გეგმებს აწყობდა, მაგრამ საუკუნეობრივმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ცბიერება და ტყუილი ღვთის თვალში უგუნურებაა. ყველა ცრუ და ბოროტი განზრახვა არარაობაა ყოვლადძლიერი ღმერთის წინაშე და მხოლოდ მისი წმინდა ნების აღსრულებამდე მიგვიყვანს.
როდესაც მოგვებმა, ღვთის ნებით, ჰეროდეს დავალება არ შეასრულეს და ბეთლემიდან სხვა გზით წავიდნენ, მის ბოროტ სულში ახალი განზრახვა ჩამოყალიბდა, რომლის შესრულებისას მთელი ქვეყნიერება სისასტიკით გააოცა.
მოგვების მაგალითმა, რომლებიც ძველად მეცნიერების წარმომადგენლები იყვნენ, გვიჩვენა, რომ დიდი და ღრმა ცოდნა ღვთის მადლია, რომელიც ჭეშმარიტი ღმერთის შეცნობამდე მიგვიყვანს.
წმინდა გადმოცემა გვაუწყებს, რომ ყრმა იესოს ეს ბრძენი თაყვანისმცემლები ღვთიური მადლით განბრძნობილნი, შემდეგში მონათლა თომა მოციქულმა, რომელიც სპარსეთში სახარებას ქადაგებდა.
ისრაელის ტყვეობიდან გამოსვლის შემდეგ და ეგვიპტელი პირმშოების სიკვდილით დასჯის მოსახსენებლად საღვთო სჯული ებრაელთაგან მოითხოვდა, რომ მამრობითი სქესის ყველა ყრმა, როგორც უფლის საკუთრება, დაბადებიდან მეორმოცე დღეს ტაძარში მიეყვანათ, ღვთისათვის შეეწირათ და უფლისაგან გამოესყიდათ: ამას ყრმის ტაძრად მიყვანება ეწოდებოდა. ქალწული მარიამის პირმშომ შეასრულა სჯული: ტაძარში მიიყვანეს და გამოისყიდეს ის, ვინც მიწაზე იმისთვის მოვიდა, რომ თავისი სიკვდილით განეწმინდა, გამოესყიდა და მარადიული ცოდვისა და სიკვდილისაგან აღედგინა ადამიანები.
მოსეს სჯულის მიხედვით ქალი, რომელიც მამრობითი სქესის ყრმას შობდა, შვიდი დღის განმავლობაში არაწმინდად ითვლებოდა და შემდეგ ოცდაცამეტი დღის განმავლობაში მას საყოველთაო ღვთისმსახურებაში მონაწილეობის მიღება არ შეეძლო. პირმშოს შობიდან მეორმოცე დღეს ტაძარში უნდა წასულიყო და როგორც ყოვლადდასაწველი მსხვერპლი, ღვთისათვის ერთი წლის კრავი, ხოლო სიღარიბის შემთხვევაში, წყვილი გვრიტი ან მტრედის ხუნდი შეეწირა. ამ წესის აზრი ისაა, რომ თუკი შვილიერება ღვთის საჩუქარია, მაშინ თუ არა ღმერთს, სხვას ვის უნდა შევწიროთ ამ საჩუქრის პირველი ნაყოფი. ებრაელები მოვალენი იყვნენ ღვთისადმი მადლიერების ნიშნად შეეწირათ პირმშოები, რადგან მან, ეგვიპტელ პირველნაშობთა მოწყვეტის დროს, მათ პირმშონი დაინდო.
ქალწული მარიამი უფლის დედა გახდა, შობით განიწმინდა და კვლავ განუხრწნელ წმინდა ქალწულად დარჩა, ამიტომ მას განწმენდა არ სჭირდებოდა, მაგრამ მორჩილების გამო დადგენილ წესს არ გადაუხვია. ის არ გაამპარტავნებულა თავისი სიწმინდით, არამედ ტაძრის კარიბჭესთან მიახლოებისას იმ ადგილას გაჩერდა, რომელიც მელოგინეებისთვის იყო განკუთვნილი. მან მიიტანა მსხვერპლი, მაგრამ ეს ღატაკების მსხვერპლი იყო: წყვილი მტრედის ხუნდი. ღვთისმსახურთაგან მსხვერპლის მიღების და ყოვლადდასაწველის შეწირვის შემდეგ ყოვლადწმინდა ქალწული ღვთაებრივი ყრმით ხელში, იოსების თანხლებით ტაძარში შევიდა.
ამ დროს სულიწმინდის შთაგონებით ტაძარში მოვიდა მოხუცებული სვიმეონი, მიმადლებულ მარიამს მიუახლოვდა და ახლადშობილი მიირქვა. ამიტომაც ვუწოდებთ მას სვიმეონ ღვთისმიმრქმელს. წმინდა სიხარულით შეპყრობილმა მოხუცებულმა განადიდა ღმერთი და ქვეყნიერების მხსნელს წინასწარმეტყველურად უგალობა: „აწ განუტევე მონა შენი მეუფეო, სიტყვისაებრ შენისა მშვიდობით, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, ნათელი გამობრწყინვებად წარმართთა ზედა და დიდებად ერისა შენისა ისრაელისა“.
წმინდა წერილი ამ სვიმეონის შესახებ ამბობს, რომ ის იყო „კაცი მართალი და ღვთისმოსავი, ისრაელის პირმშო“. საეკლესიო საგალობლებში სვიმეონი ღვთისმსახურად და მღვდელმთავრად იხსენიება, რომელიც სჯულისაებრ მსხვერპლს სწირავდა. ასევე არსებობს გადმოცემა, რომ სვიმეონი, რომელიც თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე უფრო განსწავლული ადამიანი იყო, იმ 72 განმმარტებელს შორის შედიოდა, რომლებიც ეგვიპტელი მეფის პტოლემიოს-ფილადელფოსის ბრძანებით წმინდა წერილს ებრაულიდან ბერძნულად თარგმნიდნენ, ნიკიფორე კალისტისის ისტორია გადმოგვცემს, რომ წინასწარმტყველ ისაიას პირველი წიგნის თარგმნისას, სვიმეონი შეჩერდა ცნობილ წინასწარმეტყველებაზე: „ქალწულმან მუცლად იღოს“ - სურდა ეს ადგილი გადაესწორებინა, სიტყვა ქალწული გადაეხაზა და ქალი ჩაეწერა, მაგრამ მოვლენილმა ანგელოსმა მას ხელი უპყრა და წინასწარმეტყველების შესწორება აუკრძალა, თანაც უთხრა, რომ სიკვდილს მანამ ვერ იხილავდა, სანამ ეს წინასწარმეტყველება არ აღსრულდებოდა: „ერწმუნე წერილს; მის აღსრულებას შენი თვალით იხილავ“. ამის შემდეგ სვიმეონი ყოველდღიურად დადიოდა ტაძარში და სულიწმინდის ჩაგონებით მან იცნო ქალწული მარიამი ყრმა უფლით ხელში, რადგან ისინი არაჩვეულებრივი ნათელით იყვნენ გაბრწყინებულნი.
„განუტევე მონა შენი მეუფეო, რამეთუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი“ - შესძახა ღვთაებრივი აღტაცებით შეპყრობილმა სვიმეონმა. მართალი მოხუცებული იესოს ისე კი არ მოეპყრა, როგორც ახალშობილს, არამედ, - როგორც მეუფესა და უფალს, რომელსაც უფლება აქვს დაასრულოს სხვისი სიცოცხლე, ანდა პირიქით, გაუხანგრძლივოს მიწიერი არსებობა.
როდესაც ახალშობილი კვლავ მარიამს დაუბრუნა, სვიმეონმა დალოცა ის და იოსები. სულიწმინდის ჩაგონებით სვიმეონმა განჭვრიტა მაცხოვრის ჯვარზე ვნება, მისი დედის ცრემლი და მწუხარება და თავისი წინასწარმეტყველება გააგრძელა: „აჰა, ესერა ესე დგას დაცემად და აღდგინებად მრავალთა ისრაელსა შორის და სასწაულად სიტყვისსაგებელად და თვით შენსაცა სულსა განვიდეს მახვილი, რაითა განცხადნენ მრავალთაგან გულთა ზრახვანი“. შენმა ძემ - განმარტა მან - ამქვეყნად ხსნა მოიტანა, მაგრამ ყველა როდი ისარგებლებს ამით, დაცემისაგან აღდგინება იქნება ის თავის მიმდევართა და მორწმუნეთათვის, მაგრამ დასანთქმელი ქვა - მათთვის, ვინც მას არ ირწმუნებს და განაგდებს. ის ყოველთვის დაპირისპირების საგნად იქცევა, რათა განცხადდეს ადამიანთა ზრახვები: ადამიანები მხსნელს სასიკვდილოდ მისცემენ და შენ ყველა ამ სატანჯველის მოწმე იქნები: და თვით შენს სულშიც მახვილი გაივლის - ამგვარი იყო წინაუწყება ძველი აღთქმის წარმომადგენლის სვიმეონისა, რომელიც ახალი აღთქმის პირმშოს, აღთქმული მესიის მოსვლას მიეგება.
თითქოს მარადიული ყრმის სრული განდიდებისათვის მათ მიუახლოვდათ ანნა წინასწარმეტყველი, წმინდა ქვრივი, რომელიც ტაძართან ცხოვრობდა, სულიწმინდის შთაგონებით მან ღმერთს ქება შესწირა და ადიდებდა ღვთაებრივ ყრმას ყველა იმის გასაგონად, ვინც იერუსალიმში ხსნასა და გადარჩენას ელოდა. ანნა იყო ფანოელის ასული, ასურის ტომიდან, - სიმდიდრით, ძლიერებით და ამასთან მოკრძალებითა და სიმშვიდით ცნობილი. შვიდი წელი ცხოვრობდა იგი ქმართან, მისი სიკვდილის შემდეგ თავი ღმერთს მიუძღვნა და იერუსალიმის ტაძარს ემსახურებოდა. მარხვით, ლოცვითა და შრომით ილეოდა მისი დღეები და ამგვარად მიაღწია 84 წლის ასაკს, როდესაც უდიდესი სიხარული მიენიჭა - იხილა და განადიდა ქვეყნიერების მხსნელი. წმინდა ეკლესია მას ყოვლადქებულ ქვრივს უწოდებს, უმანკოს, მეუდაბნოესა და წინასწარმეტყველს მიმსგავსებულს.
განწმენდის ყოველგვარი წესის აღსრულების შემდეგ წმინდა ოჯახი ნაზარეთში დაბრუნდა.
უფლის მირქმის დღესასწაული უძველესი დროიდან ეკლესიის მიერ 2 თებერვალს აღესრულება - ათორმეტთა შორის, რითაც დასტურდება უეჭველი ჭეშმარიტება, რომ ქრისტე ქვეყანაზე განცხადდა არა აზრობრივად, როგორც მოჩვენება, არამედ ჭეშმარიტად. მეორე დღეს 3 თებერვალს, ეკლესია სვიმეონ ღვთისმიმრქმელს და ანნა წინასწარმეტყველს იხსენიებს - ღვთის ნებით სვიმეონის სიცოცხლე ჩვეულებრივზე მეტად გახანგრძლივდა, რათა მას საკუთარი თვალით ენახა ყრმა უფალი და მშვიდობით გადასულიყო მარადიულ ცხოვრებაში.
გიხაროდენ მიმადლებულო ღვთისმშობელო ქალწულო, რამეთუ შენგან განხორციელდა მხსნელი სოფლისა, ქრისტე ღმერთი ჩვენი, იხარებდ შენცა მოხუცებულო მართალო სვიმეონ, რამეთუ მიიქუ მკლავთა შენთა განმათავისუფლებელი სულთა ჩვენთა, რომელი მოგვანიჭებს ჩვენ დიდსა წყალობასა.
მარიამის მაღალი ხვედრი იყო ის, რომ თავისი ცხოვრებით ჩვენთვის ხსნა მოენიჭებინა. იგი ძის მომავალ აღთქმულ მეუფებას ელოდა და ბოლოს, როცა იესო ქრისტეს 30 წელი შეუსრულდა, ეს დღეც დადგა; იუდეური ჩვეულების თანახმად, ამ ასაკზე ადრე სახალხო მასწავლებლის ან მოძღვრის წოდებას ვერავინ მიიღებდა; რადგან სჯულს ემორჩილებოდა. ღმერთკაცს სახარების ქადაგება გარკვეულ ასაკამდე არ დაუწყია. ის ნაზარეთიდან წავიდა იორდანეს ნაპირებისაკენ, სადაც იოანე წინამორბედი თავის მსახურებას აღასრულებდა და ყველას წყლით ნათლობისაკენ - სინანულისა და განწმენდისაკენ მოუწოდებდა.
მან, ვინც კაცობრიობის ცოდვები იტვირთა, არ იუკადრისა, რომ „ხატი მონისა“ მიეღო და იოანე ნათლისმცემლის ხელით იორდანეში მოინათლა, რათა ყველასთვის, ვინც მას შეუდგებოდა, ნათლისღების აუცილებლობა ესწავლებინა. ამ დროს ცა გაიხსნა, სულიწმიდა მტრედის სახით (მტრედი ყოველთვის იყო სიწმინდის, მოკრძალებისა და ერთგულების სიმბოლო) მათზედ გარდამოვიდა და გაისმა ხმა მამისა: „ესე არს ძე ჩემი საყვარელი, რომელი მე სათნო ვიყავ“. მაცხოვრის ღვთაებრიობა წმინდა სამების განცხადებამ დაამოწმა.
წყლიდან გამოსვლის შემდეგ იესო იორდანეს უდაბნოში განმარტოვდა, რათა ლოცვითა და მარხვით წინასაუკუნეთა მიერ მისთვის განსაზღვრული საქმისთვის - კაცობრიობის ხსნისთვის - მომზადებულიყო. ორმოცი დღე და ღამე გაატარა მან ამ ველურ ადგილებში, სადაც მაცდური ეშმაკი დაამარცხა და სულიერად ძლიერი, მოწაფეებისა და ხალხის თანხლებით დაბრუნდა ყოვლადწმინდა დედასთან.
მცირე ხნის შემდეგ უფალი იესო კანას გალილეაში საქორწინო დღესასწაულზე ღვთისმშობელთან ერთად მიიწვიეს, გადმოცემა გვამცნობს, რომ ქორწინდებოდა სვიმონ კანანელი, რომელიც ღარიბი ოჯახის შთამომავალი, ქალწული მარიამის ნათესავი იყო. დედა ღვთისამ ყურადღება მიაქცია ნეფისა და პატარძლის მღელვარებას: აღმოჩნდა, რომ ღვინო არ ჰყოფნიდათ და მან შუამდგომლობისათვის ღვთაებრივ ძეს მიმართა: „ღვინოჲ არა აქუს“. მის გულში დამარხულიყო მთავარანგელოზ გაბრიელის სიტყვები, მწყემსებისა და მოგვების მონათხრობი, ამიტომ, როდესაც დაინახა, რომ ძე მისი განმარტოებული და შეუმჩნეველი ცხოვრებიდან ადამიანთა მსახურებისათვის გამოვიდა, დარწმუნებულმა, რომ სწორედ იგია აღთქმული მესია, პირველად სცადა მწუხარეთა და ჭირვეულთათვის მის წინაშე ეშუამდგომლა: „ძეო ჩემო, მათ უჭირთ და დაეხმარე, ნუგეში ეცი: „ღვინოჲ არა აქუს“ - შეესიტყვა იგი ძეს, რომელიც მასთან ახლოს იჯდა. იესომ უპასუხა: „რაჲ არს ჩემდა და შენდა დედაკაცო, არღარა მოწეულ არს ჟამი ჩემი“. ისე ჩუმად უთხრა ეს სიტყვები, გაგონება ვერავინ შეძლო. როგორც წმიდა იოანე ოქროპირი გვასწავლის, თითქოს სურდა, განესწავლა იგი, რომ ამ ქვეყნად მისი მოვლინების საქმეს ზეციური მამა განაგებს. თვითონაც მამის ნების აღსასრულებლად მოვიდა და მისი ღვთაებრივი ღირსების გამოვლინებას უფრო მაღალი მიზანი აქვს, ვიდრე ადამიანთა ამქვეყნიური გაჭირვების თუნდაც ზებუნებრივი ნუგეშისცემაა. მაცხოვრის სიტყვები არ იყო უარისა - საწყენი მარიამისთვის. ყოვლადწმინდა ქალწულს იმდენად სწამდა ძის გულმოწყალება, რომ მისი ნათქვამი უარად არ მიუღია. ამ შეურყეველი რწმენით მშვიდად ეუბნება იგი ლხინის მომსახურეებს: „რაჲცა გრქუას თქუენ, ყავთ“.
ძველი ჩვეულებისამებრ იუდეველთა სახლის
--------------------
www.bizwebmaster.com - საიტების დამზადება ========================================== საუკეთესო ხარისხი, ფასები, დამზადების ვადა. უფასო დომენი.
|