VILLA
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5088
წევრი No.: 43276
რეგისტრ.: 4-October 07
|
#19269433 · 27 Apr 2010, 01:05 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
`კულტურის მთელი ისტორიის მანძილზე ფილოსოფიისადმი საკმაოდ არაკეთილმოსურნე დამოკიდებულება აღინიშნება... ფილოსოფია კულტურის ყველაზე დაუცველი მხარეა~ – ეს ცნობილი რუსი ფილოსოფოსის ნიკოლოზ ბერდიაევის თვალსაზრისია, უფრო სწორედ, მისი სულის ამოძახილი. შევეცადოთ გავარკვიოთ, თუ რამ განაპირობა ფილოსოფიისადმი ასეთი დამოკიდებულება. რელიგია სულის მოთხოვნილებებზე მსჯელობს და აკმაყოფილებს მათ. ადამიანი მზერას უფალს მიაპყრობს: როდესაც სულიერადაა შეჭირვებული, როდესაც მარადისობის წინაშე წარსდგომის შიშითაა შეძრწუნებული, როდესაც მტანჯველი სიმარტოვის გრძნობითაა დათრგუნული. მისტიკა აჯადოვებს მას ღმერთთან მიახლოების შესაძლებლობით, სასწაულის იმედს უღვივებს... … მეცნიერება შემმეცნებელი გონების უდავო მიღწევების დემონსტრირებაა. იგი ცივილიზაციის ბურჯია და არა მარტო გვიხსნის ჭეშმარიტებას, არამედ ბევრად უფრო კომფორტულსა და ხანგრძლივს ხდის ადამიანის სიცოცხლეს. ფილოსოფია კი, პირიქით. ის შეულამაზებლად თავაზობს ადამიანს სასტიკ სიმართლეს, უკანასკნელ ნუგეშს ართმევს მას. ფილოსოფია უაღრესად ცივი გონების, საღი აზროვნების დამკვიდრების ცდაა, სოციალური ილუზიების აღმოფხვრის პრაქტიკაა. იგი, თავისი მოწოდებითა და დანიშნულებით, `უნგრევს~ ადამიანს ცხოვრების მოწყობის მისეულ წესს, არსებობის ტრაგიზმს `უშიშვლებს~ და გამოსავლის სახით, სხვადასხვა მოსაზრებას სთავაზობს მას; ე.ი. ფილოსოფია არჩევნის თავისუფლებას აძლევს ადამიანს, რათა მან თავად აგოს პასუხი საკუთარ ცხოვრებაზე და არჩევანზე. რაც შეეხება სამყაროს საიდუმლოებებს, მათ იდუმალ, მისტიკურ ბუნებას, ფილოსოფია, სამყაროს აღქმისა და შემეცნების მისთვის დამახასიათებელი შესაძლებლობებიდან, ცდილობს მათ სიღრმისეულ, პირველსაწყისამდე გააზრებას. ასე ჩნდება კიდევ
ერთი დამოკიდებულება ფილოსოფიისადმი: `სიმართლე რომ ვთქვათ, ფილოსოფია ბუნდოვანი ენით გადმოცემული ადამიანური განსჯაა~. ეს მოსაზრება გერმანელ პოეტსა და მოაზროვნეს იოჰან გოეთეს ეკუთვნის. ისევ ჩნდება კითხვები: რატომ არის საჭირო მაინც და მაინც ბუნდოვანი, გაუგებარი ენის გამოყენება? ნუთუ არ არსებობს თვითგამოხატვის სხვა ფორმები? ან იქნებ სწორედ ამ ფორმითაა შესაძლებელი ჭეშმარიტების დადგენა? რა თქმა უნდა, არა. სიბრძნის მოყვარულმა იმ ერთადერთ, საბოლოო ჭეშმარიტებას რომ მიაკვლიოს, მაშინ სამყაროში შესაცნობი აღარაფერი დარჩება და ფილოსოფიაც აღარ იარსებებს. ფილოსოფიის პარადოქსი სწორედ იმაშია, რომ ფილოსოფოსი ისეთ პრობლემებზე ფიქრობს და მსჯელობს, რომელთა ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტა, განსხვავებით რელიგიისა და მეცნიერებისაგან, პრაქტიკულად შეუძლებელია. ამ პარადოქსის გააზრებისათვის აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: ფილოსოფიას სამყაროს საიდუმლოებების წვდომისა და ახსნის მისეული, სხვათაგან განსხვავებული მეთოდები აქვს. ადამიანი ფილოსოფოსობს იმიტომ, რომ ეს მისი ბუნებრივი მოთხოვნილებაა, თვითგამოხატვისა და თვითდამკვიდრების ყველაზე მძლავრი საშუალებაა. ფილოსოფოსი ის ადამიანია, რომელიც ცხოვრებას ფიქრში ატარებს. ფიქრობს როგორც შეუცნობელ, არაჩვეულებრივ, ისე ჩვეულებრივ, ყოფით მოვლენებსა და საგნებზე. მაგრამ მისი ფიქრისა და განსჯის მიმართულება ბევრად უფრო სიღრმისეული და საინტერესოა, ვიდრე სხვა პროფესიის ადამიანის ფიქრი და განსჯა. ფილოსოფოსი ერთდროულად კრიტიკოსიც უნდა იყოს და სკეპტიკოსიც, თავსატეხების ახსნაც უნდა უყვარდეს და მათი მოფიქრებაც შეეძლოს, მორალისტიც უნდა იყოს, წინასწარმეტყველიც და ჭეშმარიტების მაძიებელიც. `ბრმად ნურავის ენდობი, თავად იფიქრე~ - აი, მისი დევიზი.პლატონი გვირჩევდა: დაკავდით ფილოსოფიით და თქვენზე ახალგაზრდებსაც ამისკენ მოუწოდეთო. ფილოსოფია მოღვაწეობის კეთილშობილურ და ბრძნულ სფეროდ არის მიჩნეული. ფილოსოფოსი კი ყოველთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს.
იმისათვის, რომ გავერკვეთ, თუ რას წარმოადგენს ფილოსოფოსის ფიგურა, კითხვა ასე შეგვიძლია დავსვათ: ცხოვრობს კი ფილოსოფოსი თავისი მოძღვრებისა და შეხედულებების მიხედვით? ან სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ: იცავს თუ არა იგი თავის პრინციპებს, მიზნებს, ღირებულებებს ცხოვრებაში? კაცობრიობის კულტურის ისტორიაში, ალბათ, ვერ მოიძებნება ისეთი პოპულარული მაგალითი, როგორიც სოკრატეს გმირობაა. სოკრატე სიბრძნის იდეალი გახლდათ. მის შესახებ უამრავი ლიტერატურა არსებობს. მისი პიროვნებაც ყოველმხრივ არის შესწავლილი – სიცოცხლე, მოძღვრება, სიკვდილი. მართლაც საინტერესო და ცოტა არ იყოს, უცნაური პიროვნება იყო – სიცოცხლის განმავლობაში ერთი სიტყვაც არ დაუწერია. რაზეც ფიქრობდა, რაც აწუხებდა, როგორ წყვეტდა ურთულეს ფილოსოფიურ პრობლემებს – ამაზე მისი მოწაფეები მოგვითხრობენ. ნუთუ საოცარი არ არის? გამოჩენილი მოაზროვნე, რომელმაც მხოლოდ ზეპირი სიტყვა დაგვიტოვა. ათენის სასამართლომ სოკრატე დაადანაშაულა იმ ღმერთების გმობაში, რომლებსაც ძველ საბერძნეთში ეთაყვანებოდნენ და კიდევ ახალგაზრდა თაობის შერყვნაში. მას სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. თავად მოსამართლეებსაც არ ეგონათ, რომ ყველაფერი ასე ტრაგიკულად დამთავრდებოდა. სოკრატეს საშუალება ჰქონდა თავიდან აეცილებინა სიკვდილი. მას შესთავაზეს გაქცეულიყო და ცხოვრების დარჩენილი პერიოდი დევნილობაში გაეტარებინა, მაგრამ სოკრატემ უარყო ეს შესაძლებლობა. მას ბევრი მდიდარი მეგობარი ჰყავდა, რომლებიც მის გამოსყიდვას აპირებდნენ, მაგრამ ფილოსოფოსი ამ შემოთავაზებასაც არ დათანხმდა. და ბოლოს, თავად სასამართლომ შესთავაზა სოკრატეს უარი ეთქვა თავის ღირებულებებსა და შეხედულებებზე და ეღიარებინა დანაშაული. Nნუთუ ძალიან რთულია ამისი გაკეთება სიცოცხლის სანაცვლოდ? მოსამართლეებმა ჩათვალეს, რომ გამოუვალ მდგომარეობაში ჩაყენებული სოკრატე უკან დაიხევდა. მაგრამ, არა! სოკრატემ ათენელებს დაუვიწყარი ზნეობრივი მაგალითი მისცა. უარი თქვა შენს შეხედულებებზე, პრინციპებზე ნიშნავს ხაზი გადაუსვა მთელ შენს ცხოვრებას, შენს მისწრაფებებს, შენს რწმენას. სოკრატემ სულის
არაჩვეულებრივი სიმტკიცე გამოავლინა. მან თავად აღასრულა სასამართლოს განაჩენი და ციკუტით სავსე ფიალა შესვა. ანტიკური ხანის ფილოსოფოს-მორალისტი დიოგენე თურმე კასრში ცხოვრობდა და დღისით, მზისით ათენის ქუჩებში ფარნით ხელში დადიოდა. `ვის ეძებ, და თანაც, ფარნით ხელში?~ – ეკითხებოდნენ გაოცებული თანამოქალაქეები. `ადამიანს!~... უცნაური პასუხია, დამეთანხმებით. გარშემო უამრავი ადამიანია, ის კი, დაუღალავად დადის და მაინც ადამიანს ეძებს... რას უნდა ნიშნავდეს ეს? დიოგენე ადამიანის არსსა და ბუნებაზე ჩაფიქრდა და მიხვდა: ცხოვრების ყოველდღიურობაში ჩაფლული გამვლელ-გამომვლელი ნაკლებად შეესატყვისება ადამიანის ჭეშმარიტ არსს. ნამდვილი ადამიანი სხვაგვარი უნდა იყოს! მაინც როგორი? ერთხელ დიოგენემ დაინახა, როგორ დალია ბავშვმა პეშვით წყალი. მან იმწამსვე ამოიღო ჩანთიდან სასმისი და გადააგდო: `ბავშვმა ცხოვრების უბრალოებით მაჯობაო~ – აღმოხდა. საქმე იმაშია, რომ Dდიოგენეს ფილოსოფია ადამიანებს მოუწოდებდა ეცხოვრათ უბრალოდ, ბუნებრივად, ზედმეტი სიამისა და კომფორტის გარეშე. სამყაროში უამრავი მშვენიერება და სიამეა – ამოდის მზე, ბალახი ბიბინებს, წყაროს წყალი ჩუხჩუხებს. მაგრამ ადამიანები არ კმაყოფილდებიან ამით. ისინი თავად ირთულებენ ცხოვრებას: ზოგს პატივისცემა სჭირდება, ზოგს სახელი, ზოგს სიმდიდრე, ზოგს თანამდებობა. გადმოცემით ვიცით, რომ დიოგენესთან სასაუბროდ ალექსანდრე დიდი მისულა. ნებისმიერ თხოვნას შეგისრულებო – უთქვამს მაკედონელს. პასუხად კი მიიღო: `ჩამომეცალე, მზეს ნუ მიჩრდილავ~. რაზე მეტყველებს ფილოსოფოსის პასუხი, უზრდელობაზე? თუ ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანის უცნაურ ხასიათზე? დიოგენესათვის, რომელიც პრაქტიკული ცინიზმის მამად ითვლებოდა, ცხოვრებისეული ორომტრიალი უცხო და მიუღებელი იყო. ყველას საკუთარი თავისათვის სიკეთე და კეთილდღეობა სურს და გამორჩენის მიზნით დიდ ადამიანს ეთაყვანებიან. მაგრამ, ნუთუ ეს არის ცხოვრების მიზანი და ამისათვის უნდა იღწვოდეს ადამიანი? მზის სხივი, რომელიც გვათბობს, ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე დიდი მხედართმთავრის ნებისმიერი საჩუქარი თუ წყალობა. უფრო
მეტიც! გამოჩენილი მხედართმთავარი ამაყია თავისი დიდებით, ყოვლისშემძლეობით. მაგრამ, განა მართლა ასეთი ყოვლისშემძლეა იგი? მზის სხივები ხომ მისი ბრძანებისა და სურვილის გარეშეც ათბობენ დედამიწას... დიოგენე ცხოვრობდა საკუთარი პრინციპებისა და შეხედულებების შესაბამისად. ცხადია, არავინ აიძულებს ფილოსოფოსს მისდიოს თავის სწავლებას ყოველდღიურ ცხოვრებაში. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ისინი მატყუარები არიან. ფილოსოფიაში ხომ ქცევის იდეალურ გეგმას გვთავაზობენ, რომელიც თავისთავად საინტერესოა. რა თქმა უნდა, ხდება ხოლმე, რომ ეს მიზანი მიუღწეველი და შეუსრულებადია არა მარტო სხვებისათვის, არამედ თავად ავტორისათვის. ამის თაობაზე რომაელმა ფილოსოფოსმა სენეკამ ასეთი მოსაზრება დაგვიტოვა: `მსაყვედურობენ, რომ ჩემი ცხოვრების წესი არ ემთხვევა ჩემს მოძღვრებას. ამასვე საყვედურობდნენ პლატონსაც, ეპიკურესაც და ძენონსაც. ყველა ფილოსოფოსი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ როგორ ცხოვრობს თავად, არამედ იმაზეც, როგორ უნდა იც-ხოვრო. მე ვმსჯელობ სათნოებაზე და არა საკუთარ თავზე; ვებრძვი ნაკლოვანებებსა და ცოდვებს, მათ შორის საკუთარსაც; როცა შევძლებ, ვიცხოვრებ ისე, როგორც საჭიროა~. კაცობრიობის ისტორიაში არ იყო ისეთი პერიოდი, ფილოსოფიაზე, როგორც სიბრძნის სიყვარულზე მოთხოვნილება რომ გამქრალიყო. სავარაუდოა, იგი არც ახლა გაქრება. ფილოსოფია მარად ისწრაფვის შეიცნოს, გაარკვიოს სამყაროს კანონზომიერებები, ჩასწვდეს ადამიანის რაობას, მისი სულის სიღრმეებს, ღვთაებრივ საიდუმლოებებს. თუმცა მწარე სიმართლეც არსებობს. ფილოსოფიას, ისევე როგორც სინამდვილის, სამყაროს წვდომის ნებისმიერ ფორმას, თავისი განვითარების პერიოდში ბევრი შეცდომაც დაუშვია, ბევრი მცდარი აზრიც დაუმკვიდრებია. მიუხედავად ამისა, ის არსებობს. ისევ არის მასზე მოთხოვნილება და, ალბათ, სწორედ ამაშია ფილოსოფიის, როგორც კაცობრიობის მძლავრი ინტელექტუალური იარაღის, სიდიადე.
თამარ ფანცულაია
|