airlift7
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 5107
წევრი No.: 94625
რეგისტრ.: 28-June 09
|
#17556471 · 21 Jan 2010, 21:58 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგრი ეგრი შენი დახმარება მჭირდება აქ არის რამე გრამატიკული შეცდომები? ერთი გადახედე ჩემს გონებაში იმდენი ვიმეორე მარინა ცვეტაევას ლექსი - “за этот ад, за этот бред, даруй мне сад на старость лет, сад одинокий как сама“ და ისე გავითავისე მისი სტრიქონები, რომ, მგონი, მართლაც დავიჯერე: პარიზის გარეუბნის ეს ბაღი, რომელიც აკრავს ჩემი დღევანდელი საცხოვრებლის ფანჯრებს, - ჩემი ბაღია, რომლითაც ღმერთმა ცხოვრების მიწურულში დამასაჩუქრა. "ამ ჯოჯოხეთის და ბოდვის გამო, გთხოვ, სიბერეში ბაღი მიბოძე... ბაღი, ეული, როგორც მე თვითონ"... ჰოდა, აი, ამ ჩემს მიერ მითვისებულ, თუ განგების მიერ ბოძებულ ბაღში, ამ რამდენიმე დღის წინ, აღმოვაჩინე კუ. კუ მოსული არსაიდან. ბაღი ორი მხრიდან სახლით არის გარშემორტყმული, და კიდევ ორ მხარეს აგურის მაღალი კედელია. უცნაურია, საიდან და როგორ უნდა გაჩენილიყო კუ ამ შემოფარგლულ სივრცეში, თავს ვიმტვრევდით ელენი და მე. ეს უცნაური ცხოველი კი სრულიად ბუნებრივად გრძნობდა თავს, იდგა(?) გაყუჩებული მწვანე ბალახზე, ეზოს შუაგულში და უმეტყველო თვალებით მისჩერებოდა სივრცეს. და გონებაში მაშინვე გაცოცხლდა წარსული: დიდი ხნის წინათ, როცა ჩემი შვილები ჯერ პატარები იყვნენ, და როცა ყოველ ზაფხულს ჩვენს საყვარელ და მშობლიურ თელავში ვატარებდით, ზაირა არსენიშვილის ასევე მშობლიურ სახლში, ერთხელ, ზუსტად ასევე, როგორც ახლა, ეზოში აღმოვაჩინეთ კუ! მისი გამოჩენა ყველამ, დიდებმაც და ბავშვებმაც, აღვიქვით, როგორც სასწაული. ბავშვები თავს დასტრიალებდნენ ეზოს ახალ ბინადარს, სახელიც დაარქვეს - რიკიკუ, ძალიან პოპულარული "რიკი ტიკი ტავის" გავლენით, რაც უკვე მოშინაურებას ნიშნავდა. და მერე, ერთ დღეს, რიკიკუ გაქრა. ბავშვებმა ეძებეს, ეძებეს და ბოლოს იპოვეს, ეზოს სიღრმეში, მკვდარი. მეზობლები ამბობდნენ, მზეზე გახმაო.ბავშვებს უკვირდათ, თუ დასცხა, რატომ არ შეაფარა თავი ჩრდილს? და აი ახლა, აქ, ივრიში, ისევ საიდანღაც უცნაურად მოვლენილი კუ! ნეტავი თელაველი რიკიკუს სული ხომ არ ჩასახლდა მასში? ეს აზრი მახალისებს და ამ პარიზელ ჯავშნიან არსებას ჩემ გულში რიკიკუს ვეძახი. იმისათვის, რომ წარსული არ ქრებოდეს უკვალოდ, რომ ყოველთვის, როცა მომინდება, ვხედავდე, როგორ დარბიან და ჩხუბობენ ზაირას ეზოში პატარა ქეთი და ნუცა, და როგორ ხარხარებს თუ იღუშება ლადო... ჰო, იმისათვის, რომ ჩემში ყოველ წუთს ცოცხლობდეს წარსული. "თუ არ ვიცით, საით მივდივართ, ის მაინც ვიცოდეთ, საიდან მოვედით"... ახლა ჩემ შვილიშვილებს ჰყავთ ანანურში სამი პატარა კუ, რომელთაც, ჩვენი თელაველი კუს გავლენით, დაარქვეს რიკიკუ, ლიკიკუ და ციკიკუ... ესეც იმ გარდასულ დღეებთან კავშირია.
ქართული კულტურის ზეიმი, რომელიც ნამდვილი სიამაყის გრძნობით გავსებს: მონპარნასის მუზეუმში მოწყობილი გამოფენა - "პარიზი - მონპარნასი - თბილისი. ელენე ახვლედიანი - ვერა ფაღავა. მათი პარიზული ოციანი წლები". აქ ყველაფერი უჩვეულოა, თვითონ პატარა, მყუდრო, ორსართულიანი მუზეუმიც და, რაც მთავარია, გარემოც. პარიზის ერთ-ერთ ცენტრში, მონპარნასის შუაგულში, შედიხარ ძალიან გრძელ, ვიწრო ეზოში, რომელიც რაღაცით ძველი თბილისის ეზოებს გაგონებთ, ახლა რატომღაც იტალიურს რომ ვეძახით. ეზო მცენარეებსა და ყვავილებშია ჩარგული. მის ორივე მხარეს - მხატვართა სახელოსნოებია და ღია კარებში ჩანს სხვადასხვაგვარი ტილოები, ქანდაკებები, ძველებური ულამაზესი ნივთები... რაღაც უცნაური განწყობილება გეუფლება, თითქოს დღევანდელი თანამედროვე პარიზიდან რომელიღაც გასულ საუკუნეში შეაბიჯე... გამოფენის წარდგინებაში წერია: "მუზეუმი აგრძელებს თავის გზას - წარმოადგინოს ძირითადი არტისტული მიმართულებები, რომელთაც ხიდები გადეს დედაქალაქის ამ უბნიდან მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებისაკენ. ელენე ახვლედიანის და ვერა ფაღავას გამოფენა მნიშვნელოვანია იმ მხრივაც, რომ ასახავს კულტურულ და არტისტულ კავშირებს, რომლებიც არსებობს საქართველოსა და საფრანგეთს შორის, და ააშკარავებს მათ ძალას და აუცილებლობას გუშინ, ისევე, როგორც დღეს". გამოფენა ისტორიულ კონტექსტშია მოქცეული. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია (რომელსაც, სხვებთან ერთად, ლადოს მამის - შალვა ალექსი-მესხიშვილის ხელმოწერა ამშვენებს, რაც ლადოსთვის მუდმივი სიამაყის წყარო იყო)...დროით დაღდასმული ფოტოები: პარიზი, მონპარნასი, ოციანი წლები, მონპარნასის ქუჩებში და კაფეებში - ჩვენი მხატვრები, "პარიზულ ჯგუფად" მონათლულნი: ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ელენე ახვლედიანი, ვერა ფაღავა. ფოტოებს მე-20 საუკუნის ოციანი წლების სურნელი დაჰკრავს. ელენე ახვლედიანი ბრიჯებში, ჰალსტუხით, მოკლეფარფლებიანი, იმ დროისათვის ჩვეული შლაპით. მისი განუმეორებელი სილუეტი ეიფელის კოშკის ფონზე... ორი ახალგაზრდა ქალი, ორი მხატვარი, ელენე და ვერა. ერთი - მივლენილი ხელისუფლების მიერ მსოფლიო კულტურის ცენტრში - პარიზში, მხატვრობაში დაოსტატების მიზნით, - უცნაურია, მაგრამ საბჭოთა სისტემის გარიჟრაჟზე ეს რატომღაც შესაძლებელი იყო, - და მეორე - ემიგრანტების შვილი, სამუდამოდ დასახლებული ამ ქალაქში. ორი მხატვარი, რომელთა გზები მაშინ, იმ ოციან წლებში გადაიკვეთა, რათა მერე, 1927-ში სამუდამოდ დაშორებოდა ერთმანეთს. მაშინ ელენემ პარიზში თავისი საოცარი ეტიუდები - შიშველი ნატურების მთელი სერია დახატა, შექმნა ფერწერული ტილოები, სადაც გამოიკვეთა მისი ხელწერა, რომელიც "რაღაცით გვაგონებს პისაროს", როგორც წერენ ფრანგები: "პარიზის ერთი კუთხე", "პარიზის მუშათა უბანი", "პარიზის გარეუბანი"... ახვლედიანის ფერწერას სულ ახალგაზრდობიდან ვიცნობდი, მაგრამ არასდროს მენახა მისი ეტიუდები, და ახლა მომაჯადოვა იმ ძალამ და ექსპრესიამ, რომელიც ამ შიშველ ნატურებშია ჩადებული. დავდიოდი ამ დიდი გემოვნებით და პროფესიონალიზმით მოწყობილ გამოფენაზე, სადაც ეპოქის დასახასიათებლად გუდიაშვილის, კაკაბაძის, ქიქოძის თითო ტილო და ქეთევან მაღალაშვილის "ელენე ახვლედიანის პორტრეტიც" იყო გამოფენილი და თვალწინ მედგა ეს ახალგაზრდა მშვენიერი ქალი, თავის მეგობრებთან - დავით კაკაბაძესა და ლადო გუდიაშვილთან ერთად - ჩაბმული პარიზის იმდროინდელ არტისტულ ბოჰემაში, სულ ახალგაზრდა მხატვარი, რომლის ნამუშევრები რეგულარულად იფინებოდა "შემოდგომის სალონში" და "დამოუკიდებელთა სალონში", სადაც პოლ სინიაკმა მისი ერთ-ერთი ფერწერული ტილო იყიდა. მერე მისი პერსონალური გამოფენაც შედგა პარიზულ გალერეაში - "ოთხი გზა". ასე იწყებოდა ეს ინტენსიური, დიდი არტისტული მომავლისთვის გზაგახსნილი ცხოვრება, რომელიც უეცრად დასრულდა 1927 წელს, როცა ახალგაზრდა ქართველი მხატვრები საქართველოში დააბრუნეს, დააბრუნეს იმისათვის, რომ არასდროს არსად აღარ გაეშვათ და ყველანაირად შეეზღუდათ თავიანთ შემოქმედებაში. "ელიჩკა", როგორც მას ახლობლები ეძახდნენ, დედაჩემთან და მამიდაჩემთან მეგობრობდა. როცა დედა ათწლიანი გადასახლებიდან დაბრუნდა, ის ხშირად მოდიოდა ჩვენთან. და ჩემს მეხსიერებაში ამოტივტივდა გადავიწყებული ეპიზოდი: ეს იყო ჩემი პირველი შეხვედრა ელენე ახვლედიანთან. სხედან ჩვენს დიდ ოთახში, ბარნოვის ქუჩაზე, შავდერმატინგადაკრულ სარკეებიან "ატამანკაზე" გოროზი შესახედაობის, ჩემი აღქმით მარად შუბლშეკრული ცნობილი მხატვარი და ციხეებისა და გადასახლებების შედეგად მთლად თავის თავში წასული, სულიერ მარტოობას შეხიზნული დედაჩემი. და უცებ, ჩემთვის მოულოდნელად, დედას გამოაქვს თავისი "იმ ცხოვრების", ანუ გადასახლების შესახებ დაწერილი მოთხრობები (თუ მოთხრობა, აღარ მახსოვს) და უკითხავს ამ უცხო ქალს. მე საშინლად ვღელავ. ისე ზუსტად ვიცი, რას გრძნობს ამ დროს დედაჩემი, - ეს მოთხრობები ხომ იმ პირქუში წარსულის ანარეკლია, რომელზეც დედა არასდროს და არავისთან ლაპარაკობს, - ამიტომაც დღემდე მისი მკითხველები მხოლოდ მე და კიდევ რამდენიმე უახლოესი ადამიანი ვიყავით. და უცებ, ეს სახელგანთქმული მხატვარი, ელიჩკა! რა არის მისთვის ციხე, ვორკუტა, "ხალხის მტრების ოჯახის წევრთა" უთავბოლო ხეტიალი ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში და ტუნდრაში? როგორც ახლა ვხვდები, მაშინ არაფერი ვიცოდი ელენე ახვლედიანის შესახებ და ის, უბრალოდ, სვებედნიერი მხატვარი მეგონა. ამიტომ შეუსაბამოდ მომეჩვენა დედას სურვილი გაეზიარებინა მისთვის თავისი ღრმად ჩამალული განცდები. დედა კითხვას ამთავრებს. სიჩუმე ჩამოვარდება. და მე ვხედავ, რომ ჩემი პირქუში "ტიოტია ელიჩკა" ტირის. ტირის და არც მალავს ცრემლებს. მერე წამოდგება, თავისი დიდი ნაბიჯებით გაივლ-გამოივლის ოთახში, ცხვირსახოცს ამოიღებს, ცრემლებს მოიწმენდს და მისთვის ჩვეული რიხით შესძახებს: Нуца, дорогая, зто так прекрасно! Их надо объзятельно напечатать. იმ წუთს ისეთი შვება ვიგრძენი, თითქოს უმაღლესმა ცენზორმა არსებობის ნება დართო მოთხრობებს და, მათთან ერთად, თვითონ დედაჩემს, თუმცა გულში გამეცინა დაბეჭდვის წინადადებაზე, ვინაიდან მშვენივრად ვიცოდი, რომ ამაზე მაშინ ოცნებაც არ შეიძლებოდა, - ეს ხომ ის შავბნელი წლები იყო, სტალინის სიკვდილის წინა წლები! თვითონ ელიჩკა ახვლედიანის შესახებ კი იმ დღის მერე ბევრი რამ გავიგე და შემრცხვა კიდეც ჩემი წუთიერი უნდობლობის. და კიდევ ერთი უძლიერესი ხატი წარსულიდან: პეროვსკაიას ქუჩაზე, ელენე ახვლედიანის სახელოსნოში - რიხტერის და დორლიაკის კონცერტები! ეს უდიდესი კულტურული და, შეიძლება ითქვას, პარადოქსული მოვლენა ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში. იქვეა პასტერნაკიც. თუმცა ნამდვილად არ მახსოვს, ეს კონცერტზე ხდება, თუ სხვა დროს, მაგრამ პასტერნაკიც ელიჩკას დიდი მეგობარია და მასთან ნამდვილად მინახავს. და, ალბათ, პარიზის თავისუფლებას შეჩვეული მხატვრისთვის ეს კავშირები საბჭოთა იძულებითი კარჩაკეტილობის ერთგვარი კომპენსაციაა. ეს კავშირები კი მართლაც ჭეშმარიტია და ხელისუფლების მიმართ ამბოხის ტოლფასი. დიდი რუსი მხატვრების და პოეტების ლტოლვაც საქართველოს მიმართ შემოქმედთა თავისუფლებისკენ მუდმივ სწრაფვას გამოხატავს. რადგანაც, მიუხედავად საერთო ბედისწერისა, საქართველოში მაინც არსებობდა ნაგლეჯი თავისუფლებისა, რომელიც იდეოლოგიის მარწუხებმაც ვერ ჩაკლა საბოლოოდ. ეს იციან მონპარნასის მუზეუმის ორგანიზატორებმაც, რომლებიც თავიანთ წარდგინებაში თბილისს საბჭოეთის "არტისტიზმის აკვანს" უწოდებენ, საუბრობენ იმაზე, როგორ გადაიქცა ელენე ახვლედიანის სახლი კულტურის კერად, სადაც თავს იყრიდნენ ქართველი და რუსი მუსიკოსები, პოეტები და მხატვრები და რა აღტაცებას იწვევდა მათში ეს "წარმტაცი და იდუმალი" პიროვნება. ვერა ფაღავა ჩემი პარიზელი დეიდების - ქეთო ასათიანის და ბოკა წულაძის - კარგი ნაცნობი იყო. ქეთოსთან ერთად მის სახელოსნოშიც ვყოფილვარ. ის თავისი სიდარბაისლით და მოკრძალებულობით ახდენდა შთაბეჭდილებას, მაშინ, როდესაც საერთაშორისო აღიარება ჰქონდა მოპოვებული და 1966 წელს საფრანგეთსაც კი წარმოადგენდა ვენეციის ბიენალეზე. ცხოვრების მეორე ნახევარში აბსტრაქციისკენ გადაიხარა, რომელიც, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, "განიცადა, როგორც აუცილებლობა", და "როგორც სინათლის სახეცვლილებების აბსოლუტური ძიება". საქართველოს საელჩოს - უფრო ზუსტად, მამუკა კუდავას და ეკა ენუქიძის - ინიციატივით, ამ იშვიათ გამოფენას დავამთხვიეთ ჩვენი დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა, რის გამოც ეს ტრადიციული დღესასწაული შეიძლება ზედმეტად ხალხმრავალი, მაგრამ, ამავე დროს, უფრო განსაკუთრებული და ხელოვნებასთან შერწყმული გახდა. «
This post has been edited by airlift7 on 21 Jan 2010, 22:04
--------------------
Мы не те люди, которые могут предъявлять претензии по поводу мирового зла; мы те люди, которым можно предъявить претензии.
|