შრი დამოდარაშტაკაეს ლოცვა წარმოთქმულ იქნა სატიავრატა მუნის მიერ ნარადა მუნისა და შაუნაკა რიშთან საუბრისას და ჩაწერილია კრიშნა დვაიპაიანა ვიასას პადმა პურანაში.


1. ვეთაყვანები უზენაეს უფალს რომლის ფორმა მარადისობით, ცოდნითა და ნეტარებითაა აღსავსე, გოკულას ღვთაებრივ სამეფოში სუფევს და ნარნარად მოქანავე ზვიგენის ფორმის საყურეებითაა შემკული. იგი შეშინებული გაურბის დედა იაშოდას წკეპლით რომ მისდევს. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, მოკრძალებით ვეთაყვანები.
2. დედის ხელში წკეპლის დანახვისას იგი ტირის და ლოტოსის ხელისგულებით იწმენდს ცრემლებს. თვალები შიშით აქვს სავსე, ხოლო მის ყელზე, ნიჟარის მსგავსად სამი ნაოჭი რომ გასდევს, ტირილნარევი სუნთქვისაგან ირხევა მარგალიტის მძივი. სწორედ მას, უზენაეს უფალ დამოდარას, რომლის სხეული თოკით კი არა დედა იაშოდას წმინდა სიყვარულითაა შებოჭილი, მოკრძალებით ვეთაყვანები.
3. მისი ბავშვური გართობები გოკულას მცხოვრებთა ენითუთქმელი ექსტაზის წყაროა. ამ გართობებით აჩვენებს იგი უფლის დიდებაზე მოფიქრალ თავის ერთგულთ რომ მისი დაპყრობა მხოლოდ წმინდა სიყვარულითაა შესაძლებელი, რომელსაც ღვთისმოშიში თაყვანისცემის ნატამალიც არ ურევია. უდიდესი სიყვარულით ასიათასჯერ ქედს ვიხრი უფალი დამოდარას წინაშე.
4. ჰოი უფალო, შენ შეგიძლია ნებიმიერი კურთხევა გვიბოძო, მაგრამ მე არ გთხოვ არც დიად განთავისუფლებას და არც სხვა სიკეთეს რომლის მიღება ცხრა სახის ერთგული მსახურებითაა შესაძლებელი. ჰოი უფალო, მხოლოდ ერთი მსურს – ჩემი გულიდან ნუ წაშლი ვრინდავანში მყოფ ბალა-გოპალას კურთხეულ ფორმას და არ მჭირდება სხვა გასამრჯელო ამაზე მეტი.
5. ჰოი უფალო, დედა იაშოდა კვლავ და კვლავ ამბორით ფარავს ხავერდოვანი კულულების ჩარჩოში მოქცეულ ლოტოსის სახეს და ბაგენი შენი ბიმბას ნაყოფივით მეწამული ხდება. მიყავ სიკეთე ერთადერთი – ნუ დამავიწყებ შენს ხატებას ლოტოსის მაგვარს, ასჯერ ათასი სხვა კურთხევა მე არ მჭირდება.
6. ჰოი უფალო უზენაესო, თაყვანისცემას მოკრძალებულს ჩემსას გთავაზობ. ო დამოდარა, ო ანანტა, ო ვიშნუ, უფალო ჩემო, მხოლოდ ერთი მსურს – კმაყოფილ იყო ჩემი მოქცევით. რახან მომაპყარ მწყალობელი მზერა შენი, გევედრები გადამარჩინე მე უბედური, უვიცი, ბრიყვი, წუთისოფელის მწუხარების ოკეანეში დასახრჩობად გადადებული – ნება მომეცი მუდამ ვხედავდე ხატებას შენსას.
7. ჰოი ბავშვის სახიანო, ხის საცეხველზე მიჯაჭვულო უფალო დამოდარა, შენ მოხსენი ნარადას წყევლა კუვერას ვაჟებს, შენ აქციე ისინი დიად ერთგულებად. ჰოი უფალო, გთხოვ მიწყალობო პრემა-ბჰაქტი - შენდამი უანგარო სიყვარული, მხოლოდ ესა მსურს და სამოთხეში არ მივისწრაფვი.
8. უფალო დამოდარა, უპირველესად ქედს ვიხრი თვალისმომჭრელად მოელვარე თოკის წინაშე, წელს რომ გიბოჭავს. შემდგომ ამისა ვეთაყვანები შენს წელს, რომელშიც სუფევს მთელი სამყარო. ასევე მოკრძალებით ვეთაყვანები შრიმატი რადჰარანის – შენ რომ გიყვარს ყველაზე მეტად. ხოლო დასასრულს, კიდევ და კიდევ ქედს ვიხრი შენს წინაშე და გეთაყვანები უზენაეს უფალს, უშრეტ წყაროს ღვთაებრივი გართობებისას.
* * *
შრი ნარასიმჰა კავაჩაეს ნარასიმჰა-კავაჩა მომდინარეობს პრაჰლად მაჰარაჯას ბაგეთაგან და ჩაწერილია ბრაჰმანდა პურანაში.

1. ესე არს ლოცვა უფალი ნარასიმჰას მიმართ,
უწინ რომ იყო წარმოთქმული მაჰარაჯა პრაჰლადას მიერ.
ლოცვაი ესე წმინდაა ფრიად, მომნიჭებელი მფარველობისა
და მძლეველი დაბრკოლებისა ყოვლისა.
2. ამ ლოცვის კითხვით ებოძება ყოველს
ხსნა, სიმდიდრე და მიღწევა ზეციური პლანეტებისა.
ლოცვის წართქმისას გულისყური უნდა მიმართო
ოქროს ტახტზე დაბრძანებულ ნარასიმჰაზე:
3. სამი თვალი აქვს უზარმაზარ ხახადაღებულს,
სხეული მისი ბრწყინავს როგორც შემოდგომის ნათელი მთვარე,
განუყრელი თანამგზავრი – ლაკშმიდევი მხარმარცხნივ უზის,
ყოველთა ღვთიურ თვისებათა თავშესაფარია ხატება მისი.
4. ოთხი ხელი აქვს, ტანი მისი ძალზედ ნაზია,
ოქროს საყურენი ასხია მის ბიბილოებს,
თვალი პატიოსანი უმშვენებს ოქროცურვილი აბჯრით შემოსილ მკერდს,
ხოლო მაჯებს კი ძვირფასი ქვებით მოჭედილი სამაჯურები.
5. გამდნარი ოქროს ფერია ტანისამოსი მისი,
გარს ახვევიან ღმერთები უფალი ინდრას მეთაურობით,
ნათელით ბრწყინავს გირლიანდებით, ყელსაბამებით,
მოელვარე ძვირფასი ქვებით დამშვენებული.
6. დიდებულად შემკულ ტერფებზე აღბეჭდილი აქვს
ლოტოსის, დისკის, კვერთხის და ნიჟარის ნიშნები.
გარუდა და სხვა ერთგულები
ლოცვებს აღავლენენ მის მიმართ.
7. ღვთაებრივი ხატება ესე მოაქციე საკუთარ გულში
და ასე ილოცე უფალი ნარასიმჰას მიმართ:
ჰოი უფალო ნარასიმჰა-სამყაროს მცველო,
გთხოვ დაიცავი თავი ჩემი!
8. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ყველგან მყოფო და სვეტში დაფარულო,
შენი დიდებით დაიფარე შუბლი ჩემი!
ჰოი უფალო ნარასიმჰა–შენი თვალები მთვარის, მზისა და ცეცხლის დარია,
შენ დაიფარე თვალები ჩემი!
9. ჰოი უფალო ნარასიმჰა-შენ გადიდებენ სწავლული ბრძენნი,
გევედრები გაასხივოსნე მეხსიერება და გონება ჩემი!
ლომის ცხვირი გაქვს და სახე შენი ძვირფასია ლაკშმიდევისთვის,
გთხოვ დაიფარე ცხვირი ჩემი!
10. ჰოი ნარასიმჰა-უფალო ყოველი ცოდნისა
შენ დაიცავი ენა ჩემი და ბაგენი ჩემი!
უფალო მთვარისსახიანო, შენ გეთაყვანება პრაჰლად მაჰარაჯა,
გთხოვ დაიფარე სახე ჩემი!
11. ჰოი უფალო ნარასიმჰა-სამყაროს საყრდენო,
შენ დაიცავი მხარნი ჩემი და ქედი ჩემი!
ღვთაებრივი იარაღის ხელთამპყრობელო,
გთხოვ დაიცავი ხელები ჩემი!
12. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ღვთაებათა შორის უზენაესო,
გთხოვ დაიცავი ხელისგულნი ჩემი!
ყოველ იოგის გულში მყოფო უფალო Hჰარი,
შენ დაიცავი გული ჩემი!
13. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ღვთაებათა შორის უზენაესო,
გთხოვ დაიცავი შუაწელი ჩემი იმავ ბრჭყალებით,
რომლითაც მკერდი გაუგლიჯე დემონთა მეფეს.
შენი ჭიპიდან გამოვიდა უფალი ბრაჰმა, გთხოვ დაიცავი ჭიპი ჩემი!
14. ჰოი უფალო ნარასიმჰა-რომელმან ითავე სამყაროთა დაცვა,
გთხოვ დაიცავი წელი ჩემი!
შენა ხარ არსი დაფარული ყოველი მანტრის,
გთხოვ დაცავი დაფარული ნაწილნი ჩემი!
15. ჰოი უფალო ნარასიმჰა-ადამიანის ტანის მქონევ,
გთხოვ დაიცავი თეძონი ჩემი!
სამყაროს მხსნელო ტანჯვის ტვირთისგან,
შენ დაიცავი მუხლები ჩემი!
16. ჰოი უფალო ნარასიმჰა- სათავე ღმერთების ძლიერებისა,
გთხოვ დაიცავი ტერფები ჩემი!
მფარველო სულთა მრავალთა,
შენ დაიფარე სრულიად სხეული ჩემი!
17. ჰოი უფალო ნარასიმჰა-დამიცავი აღმოსავლეთიდან,
როგორც აგნის იცავს უფალი ვიშნუ.
დამიცავი სამხრეთიდან,
ცეცხლის ალივით მოელვარე სახით.
18. ჰოი უფალო ნარასიმჰა- ყველგანმყოფო და ყოვლისმომცველო,
დამიცავი დასავლეთიდან.
ჰოი უფალო!
შენ თავადა ხარ სამკაულთა შემამკობელი.
19. ჰოი ნარასიმჰა- უფალო სასიკეთოსა ყოვლისა,
დამიცავი ჩრდილოეთიდან!
ჰოი უფალო!
დამიფარე სამსარის წრისგან!
20. ეს ლოცვა პრაჰლად მაჰარაჯას
ბაგეთაგან მოედინება,
ვინც მას წარმოსთქვამს
განიწმინდება ყველა ცოდვისგან.
21. იქნება დღეგრძელი,
შეიძენს მეგობრებს და ვაჟიშვილებს.
სუფთა გულით ლოცვის წამკითხავს,
უეჭველად აუხდება ყველა სურვილი.
22. ვინაც კითხულობს ამ ლოცვას
იქმნება უძლეველი,
ამა და სხვა სამყაროს ვარსკვლავები
დაკარგავენ მასზე გავლენას.
23. ვინც სრულყოფილად კითხულობს ამ ლოცვას,
დაცულია გველთა და მორიელთა შხამისგან.
ლოცვის კითხვა განაგდებს
ბრაჰმა-რაკშასებს და სხვა დემონებს.
24. თუ ლოცვას ჩავწერთ და
ვატარებთ მკლავზე ან მაჯაზე,
კეთილად დასრულდება
ყოველი საქმიანობა ჩვენი.
25. ვინც ამ ლოცვას სამჯერ წარმოსთქვამს დღეში,
დილით, შუადღეს, შებინდებისას ან თუნდაც ერთჯერ
გაიმარჯვებს, როგორც მიწიერ
ისე ზეციურ მეტოქეებზე.
26. ვინც ამ ლოცვას ოცდათორმეტათასჯერ
სუფთა გულით გაიმეორებს
ყოველივე სასიკეთოდ შემობრუნდება
და შეიძენს სრულყოფილებას, ხსნას, ნეტარებას.
27. ეს ლოცვა დაფარული აზრია ყველა ლოცვისა
და ლოცვათა მეფე.
28. თუ კი ტილაკის დადებისას
სამჯერ წარმოთქვამთ ამ ლოცვას,
დაგეხსნებათ ყველა პლანეტის
ავი გავლენა.
29. თუ კი პრასადის მიღებისას
იტყვი ამ ლოცვას,
განიკურნები კუჭნაწლავის
ყველა სენისგან.…
30. უდიდესი მოკრძალებით ქედს ვიხრი უფალი ნარასიმჰას წინაშე, რომლის ლომისებრი ღრიალი სხვებს აიძულებს რომ იღრიალონ.
თავისი ბჭყალებით ნაფლეთებად გლეჯს დემონთა სხეულებს და შიშის ზარსა სცემს მათ შთამომავალთ.
მოდის ნარასიმჰა რათა შიში დასთესოს დემონთა შორის, როგორც მიწიერ ისე ზეციურ პლანეტებზე.
საშინელი რისხვით მას ტირილამდე მიჰყავს დემონები და ათავისუფლებს სამყაროს მათი ავი ზრახვებისაგან.
მთელს სამყაროში დგას მისი ღვთაებრივი სხეულის ნათელი.
* * *
აქ ავტვირთე "ვედური ფსიქოლოგია" და "გონების იოგა" word-ის ფორმატში.
http://allshares.ge/download.php?id=7DD2BEAF26 This post has been edited by cinemamu on 25 May 2010, 06:34