nodonodo10
Member

  
ჯგუფი: Registered
წერილები: 98
წევრი No.: 118147
რეგისტრ.: 8-July 10
|
#20905848 · 30 Jul 2010, 18:44 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სამება-არაბიბლიური სწავლება დოგმატი სამების შესახებ ჭეშმარიტი რომ ყოფილიყო, ბიბლიაში ის ნათლად და თანამიმდევრულად იქნებოდა წარმოდგენილი. რატომ? როგორც მოციქულები ამტკიცებდნენ, ბიბლია არის კაცობრიობის მიმართ ღვთის მიერ საკუთარი პიროვნების შესახებ გამოცხადება. და, რადგან ჩვენ ვსაჭიროებთ, ვიცნობდეთ ღმერთს, რათა სათანადოდ ვცეთ თაყვანი, ბიბლია ნათლად უნდა მოგვითხრობდეს, თუ ვინ არის ის სინამდვილეში. პირველი საუკუნის მორწმუნეები საღვთო წერილს ღვთისგან მიღებულ უტყუარ გამოცხადებად აღიარებდნენ. ის იყო მათი რწმენის საყრდენი, გადამწყვეტი ავტორიტეტი. მაგალითად, როცა პავლე მოციქული ქალაქ ბერეას მოსახლეობას უქადაგებდა, „მათ მთელი გულმოდგინებით მიიღეს სიტყვა, ყოველდღე არჩევდნენ წერილებს, ნამდვილად ასე თუ არისო“ (საქმეები 17:10, 11). რას იყენებდნენ დამამტკიცებელ საბუთად ღვთისგან რჩეული, ცნობილი მამაკაცები იმ დროს? საქმეების 17:2, 3 მოგვითხრობს: „პავლე, თავისი ჩვეულებისამებრ. . . ელაპარაკებოდა მათ წერილებიდან. უხსნიდა და უმტკიცებდა [წერილებიდან]“. თვითონ იესომ, როდესაც განმეორებით თქვა: „დაწერილია“, სწავლების საფუძვლად საღვთო წერილის გამოყენების მაგალითი დატოვა. ის „განუმარტავდა მათ ყოველ წერილში მის შესახებ ნათქვამს“ (მათე 4:4, 7; ლუკა 24:27). ამგვარად, იესო, პავლე და პირველი საუკუნის მორწმუნეები თავიანთი სწავლების საფუძვლად საღვთო წერილს იყენებდნენ. მათ იცოდნენ, რომ „მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში. რათა სრულყოფილი იყოს ღვთის კაცი, ყოველი კეთილი საქმისათვის განმზადებული“ (2 ტიმოთე 3:16, 17; იხილე ასევე 1 კორინთელთა 4:6; 1 თესალონიკელთა 2:13; 2 პეტრე 1:20, 21). იმის გამო, რომ ბიბლიას შეუძლია ყველაფრის ‘გამოსწორება’, მან ნათლად უნდა გაგვიხსნას ინფორმაცია ისეთი მნიშვნელოვანი საკითხის თაობაზე, როგორადაც სამებას მიიჩნევენ. აღსანიშნავი კი ისაა რომ ბიბლიაში სიტყვა "სამება" საერთოდ არ გვხვდება.
იესო ცალკეული ქმნილებაა დედამიწაზე ყოფნისას იესო იყო ადამიანი და თანაც სრულყოფილი; ეს იმიტომ, რომ იესოს სასიცოცხლო ძალა ღმერთმა მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა (მათე 1:18–25). მაგრამ იესოს არსებობა ასე არ დაწყებულა. მან თვითონ განაცხადა, რომ იყო „ციდან ჩამოსული‘‘ (იოანე 3:13). ამიტომ ბუნებრივია, რომ მან მოგვიანებით თავის მიმდევრებს უთხრა: „თუკი იხილავთ კაცის ძეს [იესოს] იქ აღმავალს, სადაც წინათ იყო?“ (იოანე 6:62). მაშასადამე, დედამიწაზე მოსვლამდე იესო ზეცაში ცხოვრობდა. მაგრამ იყო ის ერთ-ერთი პიროვნება ყოვლისშემძლე, მარადიულ სამპიროვნულ ღვთაებაში? არა, რადგან ბიბლია ნათლად ამბობს, რომ განკაცებამდე იესო შექმნილი იყო სულიერ პიროვნებად, ზუსტად ისე, როგორც ანგელოზები იყვნენ ღვთის მიერ შექმნილი სულიერ პიროვნებებად. შექმნამდე არც ანგელოზები არსებობდნენ და არც იესო. განკაცებამდე იესო იყო „პირმშო ყოველი ქმნილებისა‘‘ (კოლასელთა 1:15). ის იყო „დასაბამი ღვთის ქმნილებისა‘‘ (გამოცხადება 3:14). არასწორი იქნება, რომ „დასაბამი‘‘ (ბერძნულად „არ·ხე΄‘‘) განიმარტოს ისეთი მნიშვნელობით, რომ იესო იყო ღვთის ქმნილებათა ‘დასაბამის მიმცემი’. თავის ბიბლიურ წერილებში იოანე ოცზე მეტჯერ იყენებს ბერძნული სიტყვის „არ·ხე΄‘‘-ს სხვადასხვა ფორმას: და მათ ყოველთვის „დასაბამის‘‘ ჩვეულებრივი მნიშვნელობა აქვს. დიახ, იესო შექმნილი იყო ღვთის მიერ, როგორც ღვთის უხილავი ქმნილებების დასაბამი. ყურადღება მიაქციე, თუ როგორ მჭიდრო ურთიერთდამოკიდებულებაშია იესოს წარმოშობასთან დაკავშირებული ეს მითითებები ბიბლიურ წიგნ „იგავნში“ ფიგურალური „სიბრძნის“ მიერ წარმოთქმულ გამონათქვამებთან: „უფალმა შემიძინა [„აღმაგო“, „ძველი აღთქმის ორტომეული“, 1884 წლის გამოცემა] თავისი გზის დასაწყისში, თავის ქმნილებებამდე დასაბამით; მე გავჩნდი, ვიდრე მთები დამყარდებოდნენ, ბორცვებზე უწინარეს; როცა ჯერ არც ქვეყანა იყო შექმნილი, არც მინდორ-ველები და არც სამყაროს პირველი მტვერი“ (იგავნი 8:12, 22, 25, 26). რადგან გამოთქმა „სიბრძნე‘‘ გამოიყენება ღვთის მიერ შექმნილი ერთ-ერთი პიროვნების განსასახიერებლად, სწავლულთა უმეტესობა იმ აზრისაა, რომ სინამდვილეში ფიგურალური გამოთქმა ეხება იესოს, როგორც სულიერ ქმნილებას, როგორიც ის იყო განკაცებამდე. როგორც „სიბრძნე‘‘, თავის განკაცებამდე არსებობის დროს, იესო განაგრძობს თხრობას: „მაშინ [ღმერთს] მე გვერდით ვყავდი, როგორც ოსტატი‘‘ (იგავნი 8:30). თავისი როლის, როგორც შესანიშნავი ოსტატის, შესაბამისად კოლასელთა 1:16 იესოს შესახებ ამბობს, რომ [ღმერთმა] „მისით შეიქმნა ყოველი, რაც ცაში და დედამიწაზეა“. მაშასადამე, ამ ოსტატის, ასე ვთქვათ, უმცროსი პარტნიორის, მეშვეობით ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა ყველაფერი. ბიბლია საკითხს ამგვარად აჯამებს: „ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს, რომლის-განაც არის ყოველი. . . და ერთი უფალი იესო ქრისტე, რომლის მიერ არის ყოველი‘‘ (კურსივი ჩვენია, 1 კორინთელთა 8:6). ეჭვგარეშეა, ღმერთმა ამ ოსტატს უთხრა: „გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად‘‘ (დაბადება 1:26). ზოგი ამტკიცებს, რომ სიტყვები: „გავაჩინოთ‘‘ და „ჩვენს‘‘ მიუთითებს სამებაზე. მაგრამ თუ იტყოდი: „მოდი, გავაკეთოთ რამე ჩვენთვის“, ჩვეულებრივ, არავინ იგულისხმებდა, რომ თითქოს რამდენიმე პიროვნებაა შენში გაერთიანებული. უბრალოდ, შენ გულისხმობ, რომ ორმა ან ორზე მეტმა პიროვნებამ რაღაცის გასაკეთებლად ერთად იშრომოს. ასევე, როცა ღმერთმა გამოიყენა სიტყვები: „გავაჩინოთ‘‘ და „ჩვენს‘‘, ის, უბრალოდ, მიმართავდა სხვა პიროვნებას, თავის პირველ სულიერ ქმნილებას, ოსტატს, განკაცებამდელ იესოს.
შეიძლება ღმერთი გამოიცადოს? მათეს 4:1-ში იესოს შესახებ ნათქვამია, რომ ის წაყვანილ იქნა, რათა ‘ეშმაკს გამოეცადა’. მას შემდეგ, რაც უჩვენა „წუთისოფლის ყველა სამეფო და მათი დიდება‘‘, სატანამ უთხრა იესოს: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დამხობილი თაყვანს მცემ‘‘ (მათე 4:8, 9). სატანა ცდილობდა, აეძულებინა იესო, რომ ღვთის მიმართ ორგული გამხდარიყო. ერთგულების განა რა გამოცდა იქნებოდა ეს, იესო რომ ღმერთი ყოფილიყო? შეეძლო ღმერთს საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლა? არა, მაგრამ ანგელოზებსა და ადამიანებს შეეძლოთ ღვთის წინააღმდეგ გამოსვლა და ასეც მოიქცნენ. იესოს გამოცდას მხოლოდ მაშინ ექნებოდა აზრი, როცა იესო იქნებოდა არა ღმერთი, არამედ ანგელოზებისა და ადამიანების მსგავსად, ცალკეული პიროვნება, რომელსაც გააჩნდა საკუთარი თავისუფალი ნება და რომელსაც შეეძლო ყოფილიყო ორგული, თუკი ამას აირჩევდა. მეორეს მხრივ, წარმოუდგენელია, რომ ღმერთს შეეძლოს ცოდვის ჩადენა და საკუთარი თავის მიმართ ორგულობა. «სრულყოფილია მისი ქმნილება [„ქმედება“, აქ]. . . [„ერთგულების ღმერთი“, აქ]. . . მართალი და წრფელია იგი» (მეორე რჯული 32:4). მაშასადამე, იესო რომ ღმერთი ყოფილიყო, მისი გამოცდა შეუძლებელი იქნებოდა (იაკობი 1:13). რადგან იესო ღმერთი არ იყო, მას შეეძლო ორგული ყოფილიყო. მაგრამ ის ერთგული დარჩა და თქვა: «განვედ, სატანავ, ვინაიდან დაწერილია: ‘უფალს [„იეჰოვას“, აქ] შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე’» (მათე 4:10).
მიიჩნევდნენ იესოს ღმერთად? რადგან ბიბლიაში იესოს ხშირად ეწოდება ღვთის ძე, პირველ საუკუნეში არავის მოსვლია აზრად, ეფიქრა მასზე, როგორც ძე ღმერთზე. დემონებმაც კი, რომლებსაც სწამთ, „რომ ღმერთი ერთია‘‘, სულიერ სფეროში თავიანთი გამოცდილებით იცოდნენ, რომ იესო არ იყო ღმერთი. ამრიგად, ისინი მართებულად მიმართავდნენ იესოს როგორც ცალკეულ პიროვნებას, — ‘ღვთის ძეს’, (იაკობი 2:19; მათე 8:29). როდესაც იესო მოკვდა, იქვე მყოფ წარმართ რომაელ ჯარისკაცებს საკმარისი ცოდნა ჰქონდათ, რათა ეღიარებინათ, რომ მართალი იყო ის, რაც იესოს მიმდევრებისგან ჰქონდათ მოსმენილი, რომ იესო „ჭეშმარიტად ღვთის ძე იყო‘‘ და არა ღმერთი (მათე 27:54). მაშასადამე, ფრაზა, „ღვთის ძე‘‘, ეხება იესოს, როგორც ცალკეულ ქმნილებას და არა როგორც სამების ნაწილს. როგორც ღვთის ძე, ის არ შეიძლებოდა თავად ყოფილიყო ღმერთი, რადგან იოანეს 1:18-ში ნათქვამია: „ღმერთი არასდროს არავის უნახავს‘‘. მოწაფეები იესოს მიიჩნევდნენ ‘ღმერთსა და კაცთა შორის ერთ შუამავლად’ და არა თვით ღმერთად (1 ტიმოთე 2:5). ვინაიდან განმარტების თანახმად, შუამავალი და ისინი, რომლებიც შუამავლობას საჭიროებენ, ცალკეული პიროვნებები არიან, შეუსაბამობა იქნებოდა, იესო ყოფილიყო შესარიგებელი მხარეებიდან რომელიმესთან ერთარსი. ეს იქნებოდა პრეტენზია ყოფილიყო ის, ვისაც არ წარმოადგენდა. იესოსთან ღვთის ურთიერთობის შესახებ ბიბლია ნათელი და ჰარმონიულია. მხოლოდ იეჰოვაა ყოვლისშემძლე ღმერთი. უშუალოდ მან შექმნა განკაცებამდელი იესო. ამრიგად, იესოს ჰქონდა დასაწყისი და არასდროს შეეძლო, ყოფილიყო ღვთის თანასწორი სიძლიერესა თუ მარადისობაში.
იესო და ღმერთი სხვადასხვა პიროვნებებია იესო კვლავ და კვლავ აჩვენებდა, რომ ის იყო ქმნილება, რომ ის და ღმერთი ცალკეული პიროვნებები იყვნენ, რომ ღმერთი იყო მასზე ზემდგომი; ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემდა; ღმერთი, რომელსაც „მამას‘‘ უწოდებდა. ღვთის, მამის, მიმართ ლოცვაში იესო მას მიმართავდა, როგორც „ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს‘‘ (იოანე 17:3). იოანეს 20:17-ში მან მარიამ მაგდალელს უთხრა: „მე ავდივარ მამაჩემთან და მამათქვენთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან‘‘. მეორე კორინთელთა 1:3-ში პავლე მოციქული ადასტურებს ამ ურთიერთობას: „კურთხეულია ღმერთი და მამა ჩვენი უფლის იესო ქრისტესი‘‘. ვინაიდან იესოს ჰყავდა ღმერთი, თავისი მამა, არ შეიძლებოდა ამავე დროს თავად ყოფილიყო ღმერთი. პავლე ყოველგვარი ეჭვის გარეშე ლაპარაკობდა, რომ იესო და ღმერთი აშკარად ცალკეული პიროვნებებია: „ჩვენ კი ერთი მამა ღმერთი გვყავს. . . და ერთი უფალი იესო ქრისტე‘‘ (1 კორინთელთა 8:6). მოციქული ცხადყოფს ამ განსხვავებას, როცა მოიხსენიებს „ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს და რჩეულ ანგელოზთა [თანდასწრებას]‘‘ (1 ტიმოთე 5:21). როგორც იესოსა და ანგელოზებს მოიხსენიებს პავლე სხვადასხვა პიროვნებებად ზეცაში, ასევე სხვადასხვა არიან იესო და ღმერთი. აგრეთვე საყურადღებოა იოანეს 8:17, 18-ში იესოს ნათქვამი სიტყვები: „თქვენს რჯულშიც წერია, რომ ორი ადამიანის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ჩემს თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამა, რომელმაც მე მომავლინა‘‘. აქ იესო უჩვენებს, რომ ის და მამა, ყოვლისშემძლე ღმერთი, ორი სხვადასხვა პიროვნება უნდა იყოს, სხვაგვარად როგორ შეიძლებოდა, რომ ნამდვილად ორი მოწმე ყოფილიყო? თვითონ და ღმერთი რომ ცალკეული პიროვნებები იყვნენ, იესომ შემდეგი სიტყვებით აჩვენა: „რატომ მიწოდებ მე კეთილს? არავინ არის კეთილი, გარდა ერთისა — ღვთისა‘‘ (მარკოზი 10:18). ამრიგად, იესო ამბობდა, რომ ღმერთივით კეთილი არავინ არის, თვით იესოც კი. უბადლო სიკეთე ღმერთს იესოსგან განასხვავებს
იესო-ღვთის მორჩილი მსახური იესო ისევ და ისევ აცხადებდა: „ძეს თვითონ არაფრის გაკეთება არ შეუძლია, თუ არ უხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს‘‘ (იოანე 5:19). „ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ ჩამოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა‘‘ (იოანე 6:38). „ჩემი მოძღვრება ჩემი არაა, არამედ მისია, ვინც მე მომავლინა‘‘ (იოანე 7:16). განა წარმგზავნელი არ აღემატება წარგზავნილს? ეს ურთიერთობა ნათლად ჩანს იესოს მიერ ვენახის შესახებ მოყვანილ იგავში. მან ღმერთი, თავისი მამა, ვენახის პატრონს შეადარა, რომელიც სხვა ქვეყანაში წავიდა, ვენახი კი მიწის მუშებს ჩააბარა, რომლებიც იუდეველ სამღვდელოებას წარმოადგენდნენ. მოგვიანებით, როდესაც პატრონმა მსახური გაგზავნა ვენახის ნაყოფის მისაღებად, მიწის მუშებმა სცემეს და ხელცარიელი გაუშვეს. მაშინ პატრონმა მეორე მსახური გაგზავნა, მოგვიანებით — მესამეც, მაგრამ მათაც ასევე მოექცნენ. ბოლოს ვენახის პატრონმა თქვა: „ჩემს საყვარელ ძეს [იესოს] გავუგზავნი, იქნებ მისი მოერიდოთ‘‘. მაგრამ გონებაწაბილწულმა მიწის მუშებმა თქვეს: „‘ეს მემკვიდრეა. მოდით, მოვკლათ და მემკვიდრეობა ჩვენ დაგვრჩება’. გააგდეს ვენახის გარეთ და მოკლეს‘‘ (ლუკა 20:9–16). ამგვარად, იესომ უჩვენა თავისი პოზიცია, პოზიცია ღვთის გამოგზავნილისა ღვთისავე ნების შესასრულებლად ისე, როგორც მამა აგზავნის მორჩილ შვილს. იესოს მიმდევრებს ის ყოველთვის ღვთის მორჩილ მსახურად მიაჩნდათ და არა მის თანასწორად. ისინი ღვთისადმი ლოცვაში მოიხსენიებდნენ: ‘მის წმინდა მსახურს, მის ცხებულს, იესოს, ნიშნებისა და სასწაულების მოხდენას მისი წმინდა მსახურის იესოს სახელით’ (საქმეები 4:23, 24, 27, 30).
იესოს არ ჰქონდა სრული შემეცნება როდესაც იესო ამ სისტემის აღსასრულის შესახებ წინასწარმეტყველებდა, თქვა: „მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ‘‘ (მარკოზი 13:32). იესო რომ ღვთაების ნაწილი, ღვთის თანასწორი ძე, ყოფილიყო, მას უნდა სცოდნოდა ის, რაც მამამ იცოდა. მაგრამ იესომ არ იცოდა, რადგან ის არ იყო ღვთის თანასწორი. ასევე ებრაელთა 5:8-ში ვკითხულობთ, რომ იესომ „ტანჯვის მეოხებით ისწავლა მორჩილება‘‘. შეიძლება წარმოდგენა, რომ ღმერთს რამე უნდა ესწავლა? არა, მაგრამ იესოსთან დაკავშირებით შეიძლება წარმოვიდგონოთ, რადგან მან არ იცოდა ყველაფერი, რაც ღმერთმა იცოდა. ამიტომ იესოს უნდა ესწავლა ის, რისი სწავლაც ღმერთს არასდროს ესაჭიროება — მორჩილება. ღმერთი არ არის ვალდებული, ვინმეს დაემორჩილოს. იესოს ცოდნასა და ღვთის ცოდნას შორის განსხვავება მაშინაც კი არსებობდა, როცა იესო ზეცაში ღმერთთან საცხოვრებლად იქნა აღდგენილი. ყურადღება მიაქციე ბიბლიის ბოლო წიგნის პირველ სიტყვებს: „გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა“ (გამოცხადება 1:1). თვითონ იესო ღვთაების შემადგენელი ნაწილი რომ ყოფილიყო, განა დასჭირდებოდა გამოცხადების მიღება ღვთაების სხვა შემადგენელი ნაწილისგან — ღვთისგან? უეჭველად, მას ყველაფერი უნდა სცოდნოდა ამ გამოცხადების შესახებ, რადგან ღმერთმა იცოდა. მაგრამ იესო არ ფლობდა ასეთ ცოდნას, იმიტომ რომ ის ღმერთი არ იყო.
იესოს არასდროს განუცხადებია, რომ ღმერთი იყო ბიბლიის პოზიცია ნათელია: ყოვლისშემძლე ღმერთი, იეჰოვა, იესოსგან მხოლოდ პიროვნულად კი არ არის განსხვავებული, არამედ მასზე აღმატებულიცაა ყოველთვის. იესო ყოველთვის წარმოდგენილია, როგორც განსხვავებული და ქვემდგომი, ღვთის მორჩილი მსახური. აი, რატომ ამბობს ბიბლია გასაგები ენით, რომ ‘ქრისტეს თავი ღმერთია’ ისევე, როგორც „ყოველი მამაკაცის თავი ქრისტეა‘‘ (1 კორინთელთა 11:3). და აი, რატომ თქვა იესომ: „მამა ჩემზე დიდია‘‘ (იოანე 14:28). ფაქტია, რომ იესო არ არის ღმერთი და არც არასდროს განუცხადებია, რომ ღმერთია. ამას აღიარებს სწავლულთა მზარდი რაოდენობა. როგორც რიალანდზის „ბიულეტენი“ აცხადებს: „უნდა ვაღიაროთ ფაქტი, რომ ახალი აღთქმის გამოკვლევას, დაახლოებით ბოლო 30—40 წლის მანძილზე, ახალი აღთქმის პატივცემული სწავლულების მზარდი რაოდენობა მიჰყავს დასკვნამდე: იესო. . . უდავოდ, არასდროს ფიქრობდა, რომ თვითონ იყო ღმერთი“. აგრეთვე პირველი საუკუნის ქრისტიანთა შესახებ „ბიულეტენი“ ამბობს: «მაშასადამე, როცა ისინი [იესოს] მიაწერდნენ ისეთ მოკრძალებულ ტიტულებს, როგორიცაა: „ქრისტე“, „ძე კაცისა“, „ძე ღვთისა“ და „უფალი“, ეს იმიტომ კი არა, რომ ეთქვათ, ღმერთი არისო, არამედ იმის გამო, რომ ის ღვთის დავალებას ასრულებდა». ამგვარად,იესოს ღმერთობის იდეა ეწინააღმდეგება ბიბლიას. ბიბლიაში ღმერთი ყოველთვის აღმატებულია, იესო კი — მორჩილი მსახური
ბიბლიაში სიტყვა სამება საერთოდ არაა ნახსენები, ამიტომ ლოგიკურია არ ვიწამოთ ის.
--------------------
"წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან, მონათლეთ ისინი მამის, ძისა და წმინდა სულის სახელით, ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე“. (მათე 28:19-20)
|