მართალი ხარ. რეალურად ღმერთს უკიდურესად ცოტა იცნობს (აქ ამ სამყაროში), და ძირითადად თავის მიერ შექმნილი ხატ-სახე აქვთ, რომელიც რეალობას ძალიან ცოტათი თუ შეესაბამება. უბრალოდ შეუძლებელია, რომ ჩვენი სუსტი ჭკუა-გონებით ღმერთი წარმოვიდგინოთ ან სიტყვებით აღვწეროთ. მაგრამ არიან ისინიც, ვისაც უნახავს იგი და ამის შემდეგ სხვისი აღარავის დანახვა აღარ უნდათ მის გარდა (და ამავდროულად ყველას გულში მას ხედავენ).
შაპოვალოვთან ბოდიში, მაგრამ აქ მოვიყვან ერთ-ერთ თავს შრიმად-ბჰაგავატამიდან, სადაც ძალან კარგადაა აღწერილი, თუ როგორ გამოეცხადა ნარადას უფალი. ძალიან მნიშვნელოვანი ეპიზოდია. პირველად რომ წავიკითხე განდეგილად მომინდა ტყეში წასვლა
თავი მეექვსე
ნარადასა და ვიასადევას საუბარი1. სუტამ თქვა: ო ბრაჰმანებო, შრი ნარადას დაბადებისა და საქმიანობების შესახებ მოსმენის შემდეგ ვიასადევამ, ღმერთის ინკარნაციამ და სატიავატის შვილმა, შემდეგი რამ იკითხა.
2. შრი ვიასადევამ თქვა: როგორ მოიქეცი შენ [ნარადა] იმის შემდეგ, რაც წავიდნენ დიადი ბრძენები, რომელთაც მეცნიერული ტრანსცენდენტული ცოდნა შენს ახლანდელ დაბადებამდე მოგცეს?
3. ო ბრაჰმას შვილო, როგორ იცხოვრე ინიციაციის მერე და როგორ მიიღე ეს სხეული დროთა ვითარებაში ძველი სხეულის მიტოვების შემდეგ?
4. ო დიდო ბრძენო, დრო ყველაფერს შთანთქავს. მაშ, როგორ გახსოვს ბრაჰმას წინა დღეში მომხდარი ამბები ისე, რომ დრო არც შეგხებია?
5. შრი ნარადამ თქვა: დიდი ბრძენები, რომელთაც ტრანსცენდენციის შესახებ სულიერი ცოდნა მომცეს, სხვაგან გაემგზავრნენ, მე კი ასე მომიხდა ცხოვრება.
6. დედაჩემს ერთადერთი შვილი ვყავდი და იგი არა მხოლოდ უბრალო ქალი, არამედ მოსამსახურეც იყო. რადგან მე მისი ერთადერთი ნაშიერი ვიყავი, მას მზრუნველობის სხვა საგანი არ ჰყავდა: მან სიყვარულის ჯაჭვით დამაბა.
7. მას ჩემზე ზრუნვა სურდა, მაგრამ რადგან დამოუკიდებელი არ იყო, ვერაფერს მიკეთებდა. სამყაროს უზენაესი უფლის სრული განმგებლობის ქვეშ იმყოფება; ამიტომ ყველა ხის თოჯინას ჰგავს თოჯინების ოსტატის ხელში.
8. ხუთი წლის ბავშვი ბრაჰმანთა სკოლაში ვცხოვრობდი. დედის სიყვარულზე ვიყავი დამოკიდებული და სხვა ქვეყნები არ მენახა.
9. ერთ ღამეს, როცა საბრალო დედა ძროხის მოსაწველად გარეთ გავიდა, უზენაესი დროის გავლენით გველმა უკბინა ფეხზე.
10. მე ეს უფლის განსაკუთრებულ წყალობად მივიჩნიე, რომელსაც მუდამ თავის ერთგულთა დალოცვა სურს და ამ ფიქრებით მოცული ჩრდილოეთის გზას დავადექი.
11. წასვლის შემდეგ ჩავუარე მრავალ აყვავებულ დედაქალაქს, ქალაქს, სოფელს, ცხოველთა სადგომს, საბადოს, ყანას, მინდორს, სანერგესა და ხელუხლებელ ტყეს.
12. მე გავიარე გორები და მთები, რომლებიც ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის მსგავსი ათასგვარი ლითონებით იყო სავეს; ადგილები, სადაც გაბრუებული ფუტკრებითა და მგალობელი ჩიტებით მორთული, წარმტაცი ლოტოსის ყვავილებით დამშვენებული წყალსაცავები იყო, რომლებიც ზეცის მობინადრეთათვის არის შესაფერისი.
13. შემდეგ მარტომ გავიარე ლერწმის, ბამბუკის, ლელქაშის, წვეტიანი ბალახისა და სარეველების ჭალები, გამოქვაბულები, რომელთა გავლაც მარტო კაცს უჭირს. მე მოვიარე უღრანი, ბნელი და საშიში ტყეები, რომლებიც გველების, ბუებისა და ტურების სათამაშო ადგილებია.
14. მოგზაურობისას წყურვილი და შიმშილი მომერია და ვიგრძენი, რომ სხეული და ჭკუა დამღლოდა. მეც განვიბანე მდინარის ნაპირას მდორე დინებაში და წყალიც დავლიე. წყალმა დაღლილობა გამიქრო.
15. ამის შემდეგ უკაცრიელ ტყეში ბანიანის ხის ჩრდილში გონების დახმარებით დავიწყე ჩემში მყოფ ზესულზე მედიტაცია, როგორც ეს განთავისუფლებული სულებისგან მქონდა ნასწავლი.
16. როგორც კი დავიწყე ღმრთეების პიროვნების ლოტოსის ტერფებზე მედიტაცია, მოვიკრიბე რა ტრანსცენდენტული სიყვარულით გარდაქმნილი ჭკუა, თვალთაგან ცრემლები წამომივიდა და ჩემი გულის ლოტოსზე დაუყოვნებლივ გამოჩნდა ღმრთეების პიროვნება შრი კრშნა.
17. ო ვიასადევა, მაშინ, უსაზღვრო ბედნიერებით შეპყრობილს, სხეულის ყოველი ნაწილი გამომიცოცხლდა. ექსტაზის ოკეანეში ჩაძირული ვერც საკუთარ თავს ვხედავდი და ვერც უფალს.
18. უფლის ტრანსცენდენტული ფორმა თავისთავად აკმაყოფილებს ჭკუის სურვილს და უმალვე განაქარვებს საწინააღმდეგო აზრებს. ამ ფორმის გაუჩინარების შემდეგ შეშფოთებული უეცრად წამოვხტი, როგორც ადამიანი, რომელიც რაიმე სანატრელს კარგავს.
19. მე მსურდა კვლავ დამენახა უფლის ეს ფორმა, მაგრამ მისი ხილვის ძლიერი სურვილისა და გულზე ყურადღების მიპყრობის მცდელობის მიუხედავად, ვეღარ ვიხილე იგი და გულგატეხილი მეტად დავღონდი.
20. განმარტოებულ ადგილას ჩემს მიერ გაწეულ მცდელობათა შემხედვარე ღმრთეების პიროვნებამ, რომელიც ტრანსცენდენტულია ყოველგვარი მიწიერი აღწერილობის მიმართ, უბრალოდ ჩემი დარდის გასაქარვებლად მნიშვნელოვანი და სასიამოვნო სიტყვები მითხრა.
21. ო ნარადა, [თქვა უფალმა], ვწუხვარ, რომ ამ სიცოცხლეში ვეღარ მიხილავ. მსახურებაში არასრულყოფილებს და მატერიალური სიბილწისგან არასრულად განწმენდილებს უჭირთ ჩემი დანახვა.
22. ო ღვთისმოსავო, შენ მხოლოდ ერთხელ იხილე ჩემი პიროვნება და ეს მხოლოდ ჩემდამი შენი ლტოლვის გასაღვივებლად მოხდა, რადგან რაც მეტს ისწრაფვი ჩემსკენ, მით უფრო განიწმინდები ყოველგვარი მატერიალური სურვილისაგან.
23. ერთგული რამოდენიმე დღის მანძილზეც კი რომ ემსახუროს აბსოლუტურ ჭეშმარიტებას, მისი გონება მტკიცდება და ჩემზე ხდება მომართული. მერე, ახლანდელი მწუხარებით აღსავსე მატერიალური სამყაროების მიტოვების შემდეგ იგი ტრანსცენდენტალ სამყაროში ჩემი თანამგზავრი ხდება.
24. ჩემს ერთგულებაში დასაქმებული გონება არასოდეს ირღვევა. ჩემი წყალობით მეხსიერება შექმნისა და განადგურების დროსაც კი გექნება.
25. შემდეგ ამ უმაღლესმა მეუფემ. ბგერით გამოვლენილმა და თვალისთვის უხილავმა, მაგრამ ყველაზე საოცარმა, საუბარი შეწყვიტა. მადლიერების გრძნობით შეპყრობილმა მოწიწებით ვეცი მას თაყვანი.
26. ამრიგად განუწყვეტელი განმეორებით უფლის წმინდა სახელისა და დიდების გალობა დავიწყე, არ ვაქცევდი რა ყურადღებას მატერიალური სამყაროს პირობითობებს. უფლის ტრანსცენდენტული გართობების შესახებ ასეთ გალობასა და მათ გახსენებას ყოველგვარი მადლი მოაქვს. ასე შემოვიარე მთელი დედამიწის ზურგი, სრულიად კმაყოფილმა, მორჩილმა და მტრობისგან თავისუფალმა.
27. ამგვარად დროთა ვითარებაში, ო ბრაჰმანო ვიასადევა, მე, რომელიც ბოლომდე კრშნაზე ფიქრში ვიყავი ჩაფლული, ამიტომაც მიჯაჭვულობები არ მქონდა, ყოველგვარი მატერიალური უწმინდურებისგან თავისუფალს, სიკვდილი მეწია, როგორც ელვა, რომელსაც მუდამ განათება სდევს თან.
28. ღმრთეების პიროვნებასთან ურთიერთობისთვის შესაფერისი ტრანსცენდენტული სხეულის მიღების შემდეგ მე დავტოვე ხუთი მატერიალური ელემენტისგან შემდგარი სხეული და ამით შეწყდა შრომის [კარმის] ყოველი შედეგი.
29. ეპოქის ბოლოს, როდესაც ღმრთეების პიროვნება უფალი ნარაიანა გაჩანაგების წყალზე დაწვა, ბრაჰმა შევიდა მასში ქმნილების ყოველ ელემენტთან ერთად და მეც შევედი მასში მისი სუნთქვის საშუალებით.
30. 4 300 000 მზის წელიწადის შემდეგ, როდესაც, უფლის ნებით, ბრაჰმამ გაიღვიძა, უფლის ტრანსცენდენტული სხეულიდან შეიქმნენ მარიჩი, ანგირა, ატრი და სხვ. მსგავსი რშები და მათთან ერთად მეც მოვევლინე.
31. ამის შემდეგ, ყოვლისშემძლე ვიშნუს წყალობით, მე შეუზღუდავად ვმოგზაურობ ყველგან, ტრანსცენდენტალ სამყაროშიც და მატერიალური სამყაროს სამივე ნაწილშიც. ამის მიზეზი ის არის, რომ განუწყვეტლივ ერთგულად ვემსახურები უფალს.
32. ასე ვმოგზაურობ, განუწყვეტლივ უფლის დიდების ტრანსცენდენტალ ეპისტოლეს ვმღერი, ვუკრავ ვიანდ წოდებულ ამ საკრავზე, რომელიც ტრანსცენდენტული ბგერით არის სავეს და რომელიც უფალმა კრშნამ მომცა.
33. უზენაესი უფალი შრი კრშნა, ვისი დიდებაც და საქმიანობებიც საამური მოსასმენია, თითქოს მოუხმესო, უმალვე მოდის ჩემი გულის ტახტზე, როგორც კი მისი წმინდა საქმიანობების შესახებ ვიწყებ გალობას.
34. პირადად გამომიცდია, რომ მათ, ვინც გრძნობების გრძნობათა ობიექტებთან დაკავშირების სურვილის გამო ყოველთვის ზრუნვითა და მღელვარებით არიან სავეს, უმეცრების ოკეანის გადალახვა ყველაზე საიმედო ნავით – ღმრთეების პიროვნების ტრანსცენდენტული საქმიანობების შესახებ განუწყვეტელი გალობით შეუძლიათ.
35. ჭეშმარიტებაა, რომ იოგას სისტემის მიხედვით გრძნობათა მოთოკვის გზით სურვილებისა და ვნების შფოთვისაგან განთავისუფლება შეიძლება, მაგრამ ეს საკმარისი არ არის სულის დასაკმაყოფილებლად, რადგან ეს [კმაყოფილება] ღმრთეების პიროვნების ერთგული სამსახურით მიიღწევა.
36. ო ვიასადევა, შენ ყოველი ცოდვისგან თავისუფალი ხარ. შენი თხოვნით ასე აგიხსენი ჩემი დაბადება და თვითშემეცნების საქმენი. ყოველივე ეს შენს დაკმაყოფილებასაც შეუწყობს ხელს.
37. სუტა გოსვამიმ თქვა: ასე მიმართა რა ვიასადევას, შრილა ნარადა მუნიმ დატოვა იქაურობა. თავის საკრავ ვინაზე დაკვრით, საკუთარი ნებით შეუდგა სამყაროში მოგზაურობას.
38. დიდება და გამარჯვება შრილა ნარადა მუნის, რამეთუ იგი ხოტბას ასხამს ღმრთეების პიროვნების საქმეებს, ამით თავად ტკბება და თანაც სიცოცხლეს მატებს სამყაროს ტანჯულ სულებს.