aLEXandre vasha
ჩემი საქართველო მიყვარს მე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2370
წევრი No.: 82103
რეგისტრ.: 10-January 09
|
#23339158 · 7 Jan 2011, 16:34 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის საშობაო ეპისტოლესაგან ჩვენს პოლიტიკოსებში გამოწვეულ აღფრთოვანებას, მეც, მიწა და მტვერი, მინდა რომ შევუერთდე და რამდენიმე სიტყვა მოგახსენოთ. ეპისტოლეს ტექსტიდან ჩანს, რომ ერის სულიერი მამა საბჭოთა ლექსიკისაგან ჯერ ვერ განთავისუფლდა: „ამასთან სხვა ცოდვები შედარებით ნელი მოქმედებისაა“. რას ნიშნავს „ნელი მოქმედების ცოდვები“? ბომბა ზამედლენნეგო ძეისტვია, საბჭოთა სკოლებში, სამხედროს გაკვეთილებზე რომ გვასწავლიდნენ? იმაზე აღარაფერს ვამბობ, რომ არავითარი „ნელი“ ან „შენელებული მოქმედების ცოდვები“ მართლმადიდებელ ღვთისმეტყველებაში არ არსებობს. პატრიარქი ამბობს, რომ ყველაზე მძიმე ცოდვა ამპარტავნებაა და აგრძელებს: „იაკობ მოციქული გვაფრთხილებს და გვმოძღვრავს, რომ „ამპარტავანთა შემუსრავს ღმერთი“ (იაკ.4,6). არ წერია, რომ ასევე შემუსრავს მაგ. ქურდებს, ცრუთ, სათამაშო ბიზნესით დაკავებულთ, მრუშებს, ლოთებს... „. რა საინტერესოდ განმარტავს ეკლესიის მეთაური მოციქულ იაკობის ეპისტოლეს. თურმე ღმერთი არ შემუსრავს ქურდებს და კაზინოების პატრონებს. რატომ ნეტავ? რადგან ეს ბატონები გულუხვათ აფინანსებენ „ღმერთის სახლს“, ანუ საპატრიარქოს. მაგრამ ღმერთი თურმე შემუსრავს „ამპარტავნებს“. საინტერესოა, ვინ მიაჩნია პატრიარქს „ამპარტავნებად“? ცხადია ისინი, ვინც დამოუკიდებლად აზროვნებენ და მას მონურად არ ემორჩილებიან. მათ რომ ღმერთი სასტიკად დასჯის, ამის შესახებ მისი უწმინდესობის ბარბარობის დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაშიც კარგად მოვისმინეთ. კათოლიკოს-პატრიარქი კიდევ უფრო აკონკრეტებს: „მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფი მოქალაქეებისა, უზნეობით ამაყობს, ცოდვას ცოდვად არ მიიჩნევს და ცდილობს სხვებიც თავისი მსგავსი გახადოს; სამწუხაროდ, ამას ჩვენი მასმედიის საშუალებებიც ხშირად მხარს უბამენ, „სიმართლის“ სახელით ავხორცობისა და სისასტიკის პროპაგანდას ახორციელებენ და ამით ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ.“ გავიგეთ, ბატონო, ღმერთი არ შემუსრავს კეთილმორწმუნე ქურდებს და ღვთისმოსავ კაზინოს მეპატრონეებს, მაგრამ შემუსრავს ბექა მინდიაშვილს. როგორ შემუსრავს? ესეც გვასწავლეს - დაეჯახება და გაჭყლიტავს. თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, ვნახოთ პატრიარქის ეპისტოლე: „საერთოდ, ეკლესია ღვთაებრივი მადლის საუნჯეა. უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მას გადასცა ძალაუფლება ცოდვათა შეკვრისა და გახსნისა.“ გავაგრძელოთ დედუქციური მეთოდით: ამ ეკლესიის მეთაური კი არის ილია მეორე ergo ვისაც საჭიროდ ჩათვლის, იმას დაასჯევინებს ღმერთს. ახლა ვინმე იმ „მოქალაქეების მცირე, მაგრამ აქტიური ჯგუფიდან“ იტყვის: ეს ხომ არქაული მაგიის კლასიკური სისტემა არისო, მაგრამ ჩვენ უკვე ვიცით, რომ აღნიშნული მოქალაქეები „ბოროტს დიდ სამსახურს უწევენ“. ერის სულიერი მამა ეპისტოლეში ბრძანებს: „როგორ დავაღწიოთ თავი ამ საშინელ მდგომარებას? თავმდაბლობა არის ერთადერთი წამალი ამპარტავნებისგან განკურნებისა. თავმდაბლობას მოვიპოვებთ, თუ საკუთარ თავს, ჩვენს „მე“-ს უარვყოფვთ და ღვთისადმი მადლიერებით აღვსილნი, სიმშვიდითა და ღირსებით შევხვდებით ქებასაც და დამცირებასაც, სიხარულსაც და ტკივილსაც, უსამართლობასა და შეურაცხყოფას.“ უფრო შორს რომ არ წავიდეთ, ეს ყველაფერი ნათლად წარმოაჩინა ერის სულიერმა მამამ წმ. დიდმოწამე ბარბარეს დღესასწაულზე წარმოთქმულ ქადაგებაში. როგორც აღვნიშნეთ, საშობაო ეპისტოლეს დიდი ნაწილი ამპარტავნების ცოდვაზე საუბრობს. კათოლიკოს-პატრიარქი ამბობს: „მე არაერთხელ მითქვამს, რომ საქართველო ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშაა.“ მოდით ვიკითხოთ, საიდან იცის ამის შესახებ მისმა უწმინდესობამ? თვითონ ესაუბრა ღმერთს? რაიმე ხილვა ან გამოცხადება ჰქონდა? სადამდე უნდა გაგრძელდეს ამგვარი მისტიურ-საკრალური ფრაზებით მრევლის გამოთაყვანება? მითუმეტეს, რომ ოდნავ ქვემოთ მისი უწმინდესობა აგრძელებს: „ვინაიდან ყველა ჩვენი პრობლემა, სინამდვილეში, ღვთაებრივი მადლის ნაკლოვანებებიდან მოდის“. ღვთაებრივი მადლი გვაკლია? აბა ღვთის განსაკუთრებული მფარველობის ქვეშ ვართო? მაგრამ ტექსტიდან გამომდინარეობს, რომ ღვთაებრივი მადლი გვაქვს, მაგრამ მას, ანუ ამ ღვთაებრივ მადლს, აქვს „ნაკლოვანებები“. ეს პირდაპირი მკრეხელობა და მწვალებლობაა. ვიტოვებ იმედს, რომ ამ კორექტორული შეცდომისთვის პატრიარქის ეპისტოლეების მთავარი კორექტორი ქალბატონი სათანადოდ დაისჯება. კათოლიკოს-პატრიარქი თავის ეპისტოლეში ისევ ახდენს პროფესორების ტარიელ ფუტკარაძის და თეიმურაზ გვანცელაძის ფსევდომეცნიერული შეხედულების საკრალიზირებას: „მეტად სამწუხაროა, რომ ტერიტორიალური მთლიანობის საკითხს ერის ერთიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებიც ემატება. როგორც ცნობილია, მე-19 საუკუნის ბოლოს, მეფის რუსეთის იმპერიაში შემუშავდა „მეცნიერული“ კონცეფცია (დაყავი და იბატონეს პრინციპის გათვალისწინებით) საქართველოში მეგრულ-ლაზურ-ქართულ-სვანური ენებისა და კულტურების დამოუკიდებლად არსებობის შესახებ. ეს პროცესი, მეტ-ნაკლებად ფარულად, კვლავაც მიმდინარეობს და, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ უცხო ქვეყნის ინტერესებს ემსახურება“. სინამდვილეში, პატრიარქი ახდენს ქართველურ ენათა იმ თეორიის უარყოფას, რომელიც მეცნიერებაში საყოველთაოდაა აღიარებული და მეთოდოლოგიურად დადასტურებული. ამ თეორიის მიხედვით არსებობს სამი ქართველური მონათესავე ენა: ქართული, მეგრულ-ჭანური და სვანური. ამ თეორიის შექმნა და განვითარება უშუალოდ უკავშირდება ალექსანდრე ცაგარელს, იოსებ ყიფშიძეს, თედო სახოკიას, აკაკი შანიძეს, ივანე ჯავახიშვილს, ვარლამ თოფურიას, გიორგი ახვლედიანს, არნოლდ ჩიქობავას, გივი მაჭავარიანს, თამაზ გამყრელიძეს და სხვ. ერის სულიერი მამა კიდევ ერთხელ ესაუბრება თავის მრევლს ახალი საპატრიარქო წოდების შესახებ: „კიდევ ერთხელ შეგახსენებთ იმასაც, რომ ა.წ. 21 დეკემბერს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველ მღვდელმთავრადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დადგენის შესახებ.“ ჩვენს პერმანენტულ სულიერ სიხარულში მყოფ მრევლს განა სჭირდება ამის შეხსენება? მაგრამ გაუგებარია ამ საკითხის შესახებ პატრიარქი რატომ არ შეახსენებს თავის ერთმორწმუნე უფროს ძმებს, რომლებმაც 21 დეკემბრიდან მოყოლებული ოფიციალურად უკვე ორჯერ მოიხსენიეს საქართველოს პატრიარქის წოდება აფხაზეთის გარეშე და ამაზე მის უწმინდესობას არავითარი რეაგირება არ მოუხდენია. ზემოთ საბჭოთა ლექსიკაზე ვსაუბრობდით, მაგრამ სამწუხაროდ საშობაო ეპისტოლე აჩვენებს, რომ ერის სულიერი მამა საბჭოთა მენტალიტეტისაგანაც ვერ გათავისუფლდა: „ყველამ ვისაც უნდა, ღვთის შვილად იწოდებოდეს, ზრუნვა პირველ რიგში მადლის მოხვეჭისათვის უნდა დაიწყოს, რომ ერთობლივი ძალით ღმერთის მფარველობა მოვიპოვოთ (ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი; გავიხსენოთ მართალი ლოთი და პირისაგან მიწისა აღგვილი სოდომ-გომორი).“ დავანებოთ თავი საბჭოთა-საკანცელარიო ენას - „ცალკეულ პირთა მადლმოსილება ქვეყნის გადარჩენისა და განვითარებისათვის არ არის საკმარისი“. მაშინ როცა ქრისტიანობა სწორედაც რომ პიროვნული რელიგიაა და არა კოლექტიური, კათოლიკოს-პატრიარქი ისევ კოლექტიური ცხონებისაკენ მოგვიწოდებს - „ქართველნო, ერთად ღვთისაკენ!“. როგორც ჩვენს საყვარელ სიმღერაშია ნათქვამი: Мы только гайки Великой спайкиОдной трудящейся семьи. ბოლოს ერის სულიერი მამა აღნიშნავს: „ვიმეორებ, ქვეყანაში მიდის სულიერი გამოღვიძების რთული და განმწმენდელი პროცესი.“ თუ საქართველოს რეალობას გადავხედავთ, საპატრიარქოსათვის განა რამე არის რთული? ააა, მართლაც ორმოცი ათასი ძალიან ცოტაა „ვისოლისაგან“ მახათას მთაზე მშენებარე ეკლესიისათვის. „ვისოლი“, ბიჭო შენ, „დედა-ეკლესია“, მათხოვარი ხომ არ გგონია? აბა, გადი ახლავე გარეთ და შემოდი ისევ! ვასილ კობახიძე7 იანვარი 2011 წელი
|