დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მეშვიდე
1. ბელშაცარის, ბაბილონის მეფის, პირველ წელს დანიელმა ნახა სიზმარი და თავისი გონების ხილვა თავისავე სარეცელზე. მაშინ ჩაიწერა მან ეს სიზმარი და გადმოსცა მთავარი აზრი.
2. ალაპარაკდა დანიელი და თქვა: ღამით ჩემს ხილვაში ვიხილე: აჰა, ზეცის ოთხი ქარი დიდ ზღვას აწყდებოდა;
3. ზღვიდან ოთხი, ერთიმეორისგან განსხვავებული, ვეება მხეცი გამოვიდა.
4. პირველი ლომსა ჰგავდა და არწივის ფრთები ჰქონდა. ვნახე, ბოლოს როგორ დააგლიჯეს ეს ფრთები. იგი წამოყენებულ იქნა მიწიდან, კაცივით ფეხზე იქნა დაყენებული და კაცისავე გული მიეცა.
5. აჰა, ის მეორე მხეცი დათვსა ჰგავდა და ისე იდგა, რომ პირველს ეყუდებოდა პირში, კბილებს შორის, სამი ეშვი ჰქონდა. უთხრეს მას: ადექ და ჭამე ბევრი ხორცი!
6. შემდეგ დავინახე: აჰა, ავაზის მსგავსი მხეცი, ზურგზე ოთხი ფრთა ჰქონდა, ფრინველისა; ოთხი თავი ჰქონდა ამ მხეცს და ხელმწიფება მიეცა მას.
7. ამის შემდეგ ჩემი ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, მეოთხე მხეცი, საშინელი, საზარელი და ძალზე ღონიერი; რკინის ვეება კბილები ჰქონდა. იგი ნთქავდა, მუსრავდა და ნარჩენებს ფეხით თელავდა. გამოირჩეოდა ყველა წინამორბედი მხეცისგან და ათი რქა ჰქონდა.
8. მე დავაცექრდი ამ რქებს და, აჰა, მათ შორის კიდევ ერთი მომცრო რქა ამოვიდა და სამი ძველი რქა ძირიანად ამოაგდო. აჰა, ამ რქას თვალები კაცის თვალებს მიუგავდა და პირი მისი ამპარტავნულად ლაპარაკობდა.
9. ბოლოს ვნახე, რომ დაიდგა ტახტრევნები და დაჯდა ძველი დღეთა. მისი სამოსელი თოვლივით სპეტაკი იყო და სუფთა მატყლივით იყო თმები მის თავზე. მისი ტახტი ცეცხლის ელვარება იყო, მისი ეტლის თვლები კი - მგზნებარე ცეცხლი.
10. მოედინებოდა ცეცხლოვანი მდინარე და მის წინ გამოდიოდა. ათასის ათასნი ემსახურებოდნენ მას და ბევრის ბევრნი იდგნენ მის წინაშე. დაჯდა სამსჯავრო და გადაიშალა წიგნები.
11. მაშინ ვნახე: იმ ამპარტავნული სიტყვების გამო, რქა რომ ამბობდა, ჩემს თვალწინ მოკლულ იქნა ის მხეცი; მისი გვამი კი შეიმუსრა და ცეცხლს მიეცა დასაწველად.
12. დანარჩენ მხეცებს ძალაუფლება წაერთვათ და სიცოცხლე მხოლოდ დროებით და ვადით გაუხანგრძლივდათ.
13. ჩემს ღამის ხილვაში ვნახე: აჰა, ცის ღრუბლებზე მოდიოდა კაცის ძის მსგავსი; იგი ძველ დღეთასთან მოვიდა და წარდგენილ იქნა მის წინაშე.
14. მიეცა მას ხელმწიფობა, დიდება და მეფობა, რათა ყველა ხალხი, ტომნი და ენანი მას ემსახურონ. მისი ხელმწიფება საუკუნო ხელმწიფებაა, ბოლო არ ექნება მას და მისი სამეფო არ დაიქცევა.
15. შემიშფოთდა დანიელს სული სხეულში და ჩემი თავის ხილვებმა შემაძრწუნეს.
16. მივუახლოვდი ერთ-ერთ იქ მდგომს და ვკითხე ყოველივე ამის ნამდვილი მნიშვნელობის შესახებ. მითხრა მან და გამაგებინა ყოველივე ამის მნიშვნელობა.
17. ის ოთხი ვეება მხეცი ოთხი მეფეა, რომელიც მიწიდან აღდგება.
18. შემდეგ უზენაესის წმიდანები მიიღებენ სამეფოს და უკუნითი უკუნისამდე იმეფებენ ამ სამეფოზე.
19. მაშინ მოვიწადინე სინამდვილის გაგება იმ მეოთხე მხეცზე, რომელიც ყველასგან გამორჩეული და საზარელი იყო, რომელიც რკინის კბილებითა და სპილენძის ბრჭყალებით ნთქავდა, მუსრავდა და ფეხებით თელავდა.
20. მოვიწადინე გამეგო იმ ათი რქის შესახებ, თავზე რომ ჰქონდა; იმ ახლადამოსული რქის შესახებ, რომლის წინაშეც სამი რქა ამოვარდა; იმ რქის შესახებ, რომელსაც თვალი და პირი ჰქონდა, ამპარტავნულად ლაპარაკობდა და სხვებზე დიდი შეიქნა.
21. მე ვიხილე, რომ ეს რქა წმიდანებს ებრძოდა და მანამდე ჯაბნიდა მათ,
22. სანამ ძველი დღეთა არ მოვიდა და სამსჯავრო უზენაესის წმიდანებს არ გადაეცა; - მაშინ დადგა ის ჟამი, როდესაც სამეფოს წმიდანები დაეუფლნენ.
23. მან ასე მიპასუხა: მეოთხე მხეცი მეოთხე სამეფო იქნება ქვეყნად; გამორჩეული იქნება ყველა სამეფოსგან და გადაჭამს მთელ ქვეყანას, დათრგუნავს და შემუსრავს მას.
24. ათი რქა კი ის არის, რომ ამ სამეფოდან ათი მეფე აღდგება; მათ შემდეგ სხვა გამოვა; იგი განსხვავებული იქნება პირვანდელთაგან და სამ მეფეს დაამხობს.
25. უზენაესის წინააღმდეგ სიტყვებს იტყვის და უზენაესის წმიდანებს შეავიწროვებს. განიზრახავს მათთვის დროთა და რჯულის შეცვლას. ისინი ხელში მიეცემიან მას, ვიდრე არ გავა დრო - ორი დრო და ნახევარი დრო.
26. შემდეგ დაჯდება სამსჯავრო და წაართმევს მას ხელმწიფებას, რათა საბოლოოდ მოისპოს და დაიღუპოს.
27. მეფობა, ხელმწიფება და ცისქვეშეთის ყველა სამეფოს დიდება უზენაესის ერს მიეცემა. მისი სამეფო საუკუნო სამეფო იქნება და ყველა ხელმწიფე მისი მსახური და მორჩილი იქნება.
28. აქ არის ამ სიტყვების დასასრული. მე, დანიელი, ჩემმა ფიქრებმა ძალზე შემაძრწუნა და სახეზე ფერი მეცვალა, მაგრამ ეს სიტყვები გულში დავიმარხე.
დანიელ წინასწარმეტყველი ოთხ მხეცზე.
http://www.orthodoxy.ge/tserili/biblia/danieli/danieli-7.htm....
დანიელ წინასწარმეტყველი
თავი მერვე
1. მეფე ბელშაცარის მეფობის მესამე წელს ხილვა მეჩვენა მე, დანიელს, მას შემდეგ, რაც პირველად მეჩვენა.
2. ვნახე ხილვა და ამ ხილვის დროს სატახტო ქალაქ შუშანში ვიყავი, ელამის ქვეყანაში რომ არის; ხილვაში კი მდინარე ულაის პირას ვიდექი.
3. თვალები ავახილე და დავინახე: აჰა, მდინარის პირას ერთი ერკემალი დგას; ორი რქა აქვს, ორთავე გრძელი; ერთი რქა მეორეზე- გრძელია, თუმცა გრძელი უფრო გვიან ამოვიდა.
4. დავინახე, თუ როგორ ირქინებოდა ეს ერკემალი დასავლეთისკენ, ჩრდილოეთისკენ, სამხრეთისკენ; წინ ვერავინ ეღობებოდა და ვერც ვერავინ ახერხებდა მისი ხელიდან თავდახსნას. რასაც უნდოდა, იმას სჩადიოდა და დიდგულობდა.
5. როდესაც მე ამას ვუკვირდებოდი, აჰა, დასავლეთიდან ერთი ფაჩვნიერთ ვაცი მთელი დედამიწის ზურგზე გამოექანა, მიწას ფეხს არ აკარებდა; ვაცს თვალებს შუა რქა ჰქონდა.
6. მოდიოდა იგი იმ ორრქიანი ერკემლისკენ, მდინარის პირას მდგომი რომ ვნახე, და დიდი გაშმაგებით დაეძგერა მას.
7. დავინახე, რომ მიუახლოვდა ერკემალს, გამძვინვარდა მასზე, დაეძგერა ერკემალს და ორთავე რქა მოსტეხა. ძალა არ ეყო ერკემალს, რომ მას გამკლავებოდა. მან მიწას დაანარცხა იგი და გათელა; და არავინ იყო ერკემლის მხსნელი მისი ხელიდან.
8. მაშინ ძალზე განდიდდა ფაჩვნიერი ვაცი. როდესაც გაძლიერდა, მაშინ მოსტყდა მას დიდი რქა და მის ადგილზე ოთხი შვერილი ამოვიდა ზეცის ოთხი ქარის მიმართულებით.
9. ერთ-ერთი მათგანიდან ერთი მომცრო რქა ამოვიდა, რომელიც მეტისმეტად გაიზარდა სამხრეთის, აღმოსავლეთისა და მშვენიერი ქვეყნის მიმართულებით.
10. იგი ცის მხედრობამდე გაიზარდა, მიწაზე დასცა მხედრობისა და ვარსკვლავების ნაწილი და გათელა ისინი.
11. იგი ამ მხედრობის მთავრამდე გაიზარდა და წაერთვა მთავარს მუდმივი მსხვერპლი და მიტოვებული იქნა მისი საწმიდარის ადგილი.
12. მხედრობა მიუშვეს ცოდვის მუდმივი მსხვერპლის წინააღმდეგ და მან მიწაზე დაამხო ჭეშმარიტება და წარმატებით მოქმედებდა.
13. გავიგონე, ერთი წმიდა ლაპარაკობდა. უთხრა ამ ერთმა წმიდამ ვიღაცას, რომელიც ამბობდა: როდემდე გასტანსო ეს ხილვა მუდმივი მსხვერპლისა და გატიალების ცოდვის შესახებ, ანდა საწმიდარი და მხედრობა როდის იქნებაო დათრგუნული?
14. მიპასუხა: ორიათას სამას საღამოსა და დილას გასტანსო და ამის შემდეგ განიწმიდებაო საწმიდარი.
15. როცა მე, დანიელმა, ვნახე ეს ხილვა და ვცდილობდი მის გაგებას, აჰა, წინ კაცის აჩრდილი გადამიდგა
16. და გავიგონე ადამიანის ხმა შუაგულ ულაიდან. დაიძახა მან და თქვა: გაბრიელ, აუხსენი მაგას ეგ ხილვა!
17. იგი იმ ადგილას მოვიდა, სადაც მე ვიდექი. მისი მოსვლისთანავე თავზარი დამეცა და პირქვე დავემხე. მითხრა: იცოდე, ადამის ძეო, რომ ეს ხილვა საბოლოო ჟამს შეეხებაო.
18. ის რომ მელაპარაკებოდა, მიწაზე პირქვე ვიყავი დამხობილი; მაშინ ის შემეხო და ჩემ ადგილას დამაყენა.
19. მერე მითხრა: აჰა, გამცნობ რა მოხდება რისხვის დასასრულს, რადგან ეს უკანასკნელ ვადას შეეხება.
20. ორრქიანი ერკემალი რომ ნახე, ეს მიდიისა და სპარსეთის მეფეებია.
21. ხოლო ის ფაჩვნიერი ვაცი იავანის მეფეა; თვალებს შუა ამოსული დიდი რქა მისი პირველი მეფეა.
22. ის რქა მოტყდა და მის ნაცვლად ოთხი ამოვიდა - ოთხი სამეფო აღდგება მისი ხალხიდან, მაგრამ მათ მისებრი ძალა არ ექნებათ.
23. მისი მეფობის ბოლოს, როდესაც მოღალატენი თავიანთ საქმეს აღასრულებენ, დადგება პირქუში და იგავთა მცოდნე მეფე.
24. განმტკიცდება მისი ძლიერება, ოღონდ არა მისი სკუთარი ძალით. შეუდგება საშინელ გაპარტახებას და წამატებული იქნება მისი მოქმედება, და გასწყვეტს ძლიერებს და წმიდათა ერს.
25. გარდა ჭკუა-გონებისა და წარმატებისა, მზაკვრობაც მის ხელში იქნება. განდიდდება იგი და მშვიდობიანობაში მრავალს დაღუპავს. წინ აღუდგება მთავართა მთავარს და შეიმუსრება, ოღონდ არა ხელით.
26. ხოლო მწუხრისა და დილის ხილვა, რომელიც ითქვა, ჭეშმარიტია იგი. მაგრამ შენ დამალე ეს ხილვა, რადგან შორეულ დღეებს შეეხება იგი.
27. მე, დანიელი, დავუძლურდი და რამდენიმე დღე ვიავადე. მერე ავდექი და სამეფო საქმეებს შევუდექი. შეძრწუნებული კი ვიყავი ამ ხილვით, მაგრამ ვერავინ შემამჩნია.
და ესეც, კარგა ჩანს რომ დასავლეთი მოერია აღმოსავლეთს და წმიდანებზეც აღმართა ხელი. და მხოლოდ მთავარი გაანადგურებს მას.