temart
Super Crazy Member ++

       
ჯგუფი: Members
წერილები: 25783
წევრი No.: 56317
რეგისტრ.: 21-March 08
|
#26003811 · 16 Jun 2011, 11:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ღვთიმგმობელი ანტიქრისტეს მიერ საქართველოს დაპყრობა.
კომუნისტური გადატრიალება საქართველოში იყო ისტორიულ მოვლენათა ერთობლიობა, რომელსაც ქვეყანაში წყობილების შეცვლა და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შესვლა მოჰყვა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, კომუნისტები რესპუბლიკის დამხობას და ქვეყანაში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებას შეუდგნენ. 1918 წლის მაისის ბოლოს, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, კომუნისტების ჯარებმა საქართველოს შეუტიეს ჩრდილოეთ კავკასიიდან, რომელიც იმ დროისთვის დაპყრობილი ჰქონდათ. შემოსევა ორი მხრიდან დაიგეგმა – კავკასიის მთებიდან, დარიალის ხეობის გავლით თბილისის მიმართულებით და შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ სოხუმის მიმართულებით. დარიალთან კომუნისტებს ქართული ჯარები დახვდნენ, რომლებმაც ისინი დაამარცხეს და უკან დაახევინეს. სოხუმის მიმართულებით კომუნისტებმა თავდაპირველად გარკვეულ წარმატებას მაინც მიაღწიეს, თუმცა მცირე ხნით. საქართველოს ჯარებმა კონტრშეტევა განახორციელეს, დაამარცხეს მოწინააღმდეგე რამდენიმე შეტაკებაში, გაწმინდეს საქართველოს ტერიტორია და დამარცხებულ მტერს საზღვრებს მიღმა, ჩრდილოეთის მიმართულებით ტუაფსემდე მისდიეს. ტუაფსეში ისინი 1918 წლის 26 ივლისს შევიდნენ.
რუსეთში ჯერ კიდევ სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა, რის გამოც კომუნისტებს საქართველოს დასაპყრობად მრავალრიცხოვანი ჯარის გაგზავნა არ შეეძლოთ. ამიტომ, მათ დროებით ხელი აიღეს ღია აგრესიაზე და სანაცვლოდ, საბჭოთა პროპაგანდისტულ საქმიანობას შეუდგნენ. ათასობით აგენტმა შეაღწია საქართველოში, რომლის სასაზღვრო დაცვა და პოლიცია ჯერ კიდევ არ იყო სათანადოდ ჩამოყალიბებული. იარაღი, აღჭურვილობა და ფული ურიგდებოდათ დეზერტირებს, ბანდიტებსა და სხვა დამნაშავეებს, რომლებიც საქართველოში, როგორც ყველა სხვა ქვეყანაში, კომუნისტების ძირითად საყრდენ ძალას წარმოადგენდნენ.[საჭიროებს წყაროს მითითებას] 1918 წლის შემოდგომის ბოლოსთვის, კომუნისტების მართულმა დაჯგუფებებმა დუშეთის რაიონში აჯანყება და არეულობა მოაწყვეს, მაგრამ ისინი ქართულმა მცირე შენაერთებმა ადვილად დაშალეს.
1919 წელი და 1920 წელი რუსეთში სამოქალაქო ომის ფაქტობრივი დასრულებით აღინიშნა. რუსი თეთრგვარდიელები დამარცხდნენ; კომუნისტები საყოველთაო გამარჯვებას ზეიმობდნენ. მათ კიდევ ერთხელ იგდეს ხელთ ჩრდილოეთი კავკასია.
1920 წლის აპრილში, კარგად დაგეგმილი სახელმწიფო გადატრიალების გზით, წითელგვარდიელებმა აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება, რასაც მაშინვე მოჰყვა წითელი არმიის მიერ საქართველოს აღმოსავლეთ მოსაზღვრე რესპუბლიკის ტერიტორიის დაკავება და მთელი ქვეყნის ოკუპაცია. შუა აპრილისთვის ისინი საქართველოს საზღვრებსაც მოადგნენ და აზერბაიჯანში ადვილად მიღწეული წარმატებით შეგულიანებულნი, საქართველოში შემოიჭრნენ. ამავე დროს, კომუნისტებმა სცადეს სახელმწიფო გადატრიალება თბილისში. კომუნისტთა აგენტების შეიარაღებული ჯგუფი თავს დაესხა საქართველოს კადეტთა სკოლას, სადაც ერთი საჯარისო ბატალიონი იყო განთავსებული; დანარჩენი ბატალიონები ფრონტზე იყვნენ. მათი მცდელობა მარცხით დასრულდა. კადეტმა ოფიცრებმა დაამარცხეს კომუნისტები, რომელთაგან გაქცევა ვერც ერთმა მოახერხა.
აზერბაიჯანიდან შეტევაზე გადმოსული რუსული ჯარების მიზანი საქართველოს დედაქალაქის, თბილისის, დაპყრობა იყო. თბილისი საზღვრიდან 60 მილით იყო დაშორებული. ამჯერად ქართველები მათ დასახვედრად მზად იყვნენ. იმ დროს, საქართველოში დაახლოებით 40 000 შეიარაღებული ადამიანი იყო, მათგან 25 000 შეტევაზე გადმოსული წითელი არმიის რეგულარული ნაწილის წინააღმდეგ გადაისროლეს. გამოცხადდა საყოველთაო მობილიზაცია. ფოილოს ხიდთან გამართულ ბრძოლაში, სადაც ქართულმა არტილერიამ განსაკუთრებით გამოიჩინა თავი, რუსები სასტიკად დამარცხდნენ და სწრაფად დაიხიეს უკან. ქართველთა მიერ აყვანილ ტყვეებს შორის ყველა რუსი იყო, შესაბამისად კომუნისტების განცხადება იმის თაობაზე, რომ საქართველოს აზერბაიჯანის ჯარებმა შეუტიეს და არა რუსებმა, აშკარა სიცრუე იყო.
1954 წლის 13 ოქტომბერს, კომიტეტის წინაშე ფიცის დადებით, ქართული არმიის ყოფილმა ოფიცერმა სიმონ კობიაშვილმა განაცხადა:
"1920 წელს საქართველოს წინააღმდეგ მოქმედი საბჭოთა ნაწილები ძირითადად იმ დანაყოფებისგან შედგებოდა, რომლებმაც ურალის ფრონტი გამოიარეს ადმირალ კოლჩაკის არმიაში ბრძოლისას. მაშინ და 1921 წლის შემდეგ, საბჭოთა ჯარებს არ ჰყავდათ არც ერთი არარუსი დანაყოფი ფრონტზე. (საქართველოს წინააღმდეგ არც ერთ არარუს ჯარისკაცს არ უბრძოლია. ყველა საჯარისო დანაყოფი, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, დაკომპლექტებული იყო რუსებით, რომელთა უმრავლესობა რუსეთიდან ჩამოიყვანეს)). ჩემი აზრით, თავიანთ არმიაში არა-რუსები რომ ჰყოლოდათ კიდეც, ისინი არ იბრძოლებდნენ, დაუყოვნებლივ დატოვებდნენ მათ და ჩვენ მხარეს გადმოვიდოდნენ."
ფოილოსთან გამარჯვების შემდეგ, ახალგაზრდა ქართული არმიის მთავარსარდალმა, გენერალმა კვინიტაძემ საქართველოს მთავრობას სთხოვა ნებართვა, დამარცხებულ მტერს საქართველოს საზღვრებს მიღმა დადევნებოდა. იგი, ისევე როგორც საქართველოს არმიის შტაბის ოფიცრების უმრავლესობა, დარწმუნებული იყო, რომ ქართულ ჯარებს თავისუფლად შეეძლოთ აზერბაიჯანის გათავისუფლება და რუსების განდევნა ამიერკავკასიიდან, კავკასიონის გადაღმა. თუმცა, დასავლეთის მოკავშირეების წარმომადგენლების რჩევით, თბილისში მთავრობამ უარი თქვა ბრძოლის გაგრძელებაზე. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რადგან სულ მალე, წითელმა არმიამ სომხეთიც დაიკავა და საქართველო სრულიად მარტო აღმოჩნდა მტრის წინაშე.
ფოილოსთან დამარცხების შემდეგ კომუნისტებმა ზავი ითხოვეს, რომელსაც ხელი მაისის დასაწყისში მოეწერა. აღსანიშნავია, რომ მაშინ, როცა საბჭოთა ჯარები საქართველოს ესხმოდნენ თავს, საქართველოს დელეგაცია მოსკოვში იმყოფებოდა საბჭოთა მთავრობასთან შეთანხმებაზე მოსალაპარაკებლად. მას შემდეგ, რაც საქართველოს ძალით დაპყრობის მცდელობა კრახით დამთავრდა, ხოლო რუსეთის ჯარმა მძიმე დამარცხება განიცადა ფოილოს ხიდთან ბრძოლაში, საბჭოთა მთავრობამ საბოლოოდ გადაწყვიტა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება. შედეგად, 1920 წლის 7 მაისს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის მოსკოვში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას. შეთანხმების ძირითადი დებულებები [რედაქტირება]
* პუნქტი 1. ვინაიდან რუსეთის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა ცნობს ყველა ერის თვითგამორკვევის უფლებას, მათ შორის იმ სახელმწიფოდან გამოსვლის უფლებას, რომლის ნაწილსაც ისინი წარმოადგენენ, რსფსრ უსიტყვოდ ცნობს ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და სუვერენიტეტს, და საკუთარი ნებით უარს ამბობს ყველა იმ სუვერენულ უფლებაზე, რომელიც რსფსრ-ს ჰქონდა ქართველი ხალხისა და მისი ტერიტორიის მიმართ. * პუნქტი 2. ამ ხელშეკრულების პირველ პუნქტში აღიარებული პრინციპის თანახმად, რსფსრ იღებს ვალდებულებას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის შესახებ.
მაგრამ მოხდა ისე, რომ საბჭოთა რუსეთი ამ შეთანხმების ხელმოწერიდან 9 თვის შემდეგ მრავალრიცხოვანი ჯარით ყოველგვარი საბაბის გარეშე თავს დაესხა საქართველოს. ამ მოღალატურ თავდასხმას პატარა ქვეყნის დამოუკიდებლობის დაკარგვა მოყვა. შემდეგ წლებში მთელი მსოფლიო დარწმუნდა, რომ კომუნისტების ნდობა არ შეიძლებოდა და რომ ისინი შეთანხმებებს ხელს მხოლოდ იმიტომ აწერდნენ, რომ შემდეგში თვითონვე დაერღვიათ, მაგრამ 1920 წელს ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ საბჭოთა მთავრობა ისე მოიქცეოდა, როგორც ნებისმიერი ცივილიზებული მთავრობა. საქართველოს მთავრობა შეცდა, როდესაც მოსკოვის კომუნისტი ხელმძღვანელების სიტყვას ენდო. მათ იმედი ჰქონდათ, რომ საბჭოთა რუსეთთან ,,მშვიდობიანი თანაცხოვრება” შესაძლებელი იყო, მაგრამ ეს იმედი მათ ძვირად დაუჯდათ. ტერორი [რედაქტირება]
რუსულ-ბოლშევიკური მმართველობის ტერორი საქართველოში 1921 წელს ქვეყნის დაპყრობასთანავე დაიწყო. მთავრობისა და საკანონმდებლო ორგანოს წევრებმა და ინტელიგენციის დიდმა ნაწილმა დატოვა საქართველო და საცხოვრებლად დასავლეთ ევროპაში გადავიდა. ტერორის ხანა საქართველოში (და მთელ კავკასიაში) უკვე 33 წელია გრძელდება. საქართველო ისევე არ შეურიგდა მეორე დაპყრობას, როგორც პირველს. ქვეყანაში შეიქმნა საიდუმლო ორგანიზაციები, რომელთაც ვეტერანი მებრძოლები ხელმძღვანელობდნენ. 1924 წელს მოხდა დიდი აჯანყება, მაგრამ არათანაბარ ბრძოლაში აჯანყება ჩაახშეს, 7000 ქართველი სიკვდილით დასაჯეს და 20 000 გადაასახლეს.
ეს იყო პირველი სისხლისღვრა, რომელსაც მრავალი ამგვარი სისხლისღვრა მოჰყვა. 1921-1941 წლებში სიკვდილით დასჯილთა რიცხვმა 60 000-ს, ხოლო დეპორტირებულთა რაოდენობამ 200 000-ს მიაღწია. და ეს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობა 4 მილიონს სულ მცირედ აღემატება.
თავისუფალმა მსოფლიომ საქართველოს მხარდაჭერა გამოუცხადა მის მცდელობაში, თავი დაეღწია რუსული ბოლშევიკური უღელისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ მორალურად. მან გამოთქვა პროტესტი საქართველოს დამოუკიდებლობის წართმევასთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ შეძლო ქმედითი ზომების გატარება ბოლშევიკების წინააღმდეგ. ერთა ლიგამ და სხვადასხვა ქვეყნის მთავრობებმა მიიღეს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები.
ლიგის V სხდომაზე გამოითქვა გულითადი თანაგრძნობა ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მამაცურად იბრძოდა თავისუფლებისთვის. დეკლარაციას პირველ რიგში ხელი მოაწერეს ინგლისელმა, ფრანგმა და ბელგიელმა დელეგატებმა. ეს მოხდა 1924 წლის დიდი აჯანყების შემდეგ.
1920 წლის 7 მაისის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, საბჭოთა მთავრობამ საქართველოში წარგზავნა ,,დიპლომატიური” მისია ავადხსენებული კიროვის ხელმძღვანელობით, რომელიც მოგვიანებით ლენინგრადში მოკლეს. მან სწრაფადვე დაამყარა კავშირი საქართველოს კომუნისტური პარტიის ლიდერებთან (რომლის არსებობაც საქართველოში ნებადართული იყო) და შეუდგა ახალგაზრდა რესპუბლიკის წინააღმდეგ ძირგამომთხრელ საქმიანობას. მას საამისოდ დიდი თანხები და ბევრი გამოცდილი აგიტატორი, პროვოკატორი და აგენტი გააჩნდა. დაარსდა კომუნისტური უჯრედები და მებრძოლი ჯგუფები. მომზადდა ,,მეხუთე კოლონა”. შეთანხმების მე-6 მუხლის უხეში დარღვევით, საბჭოელებმა საქართველოს ტერიტორიის გარეთ ,,საქართველოს მთავრობაც” კი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ე.წ. ,,მთავრობის” წევრები სტალინმა სულ რამდენიმე წლის შემდეგ დახვრიტა.
ამ ძირგამომთხრელი საქმიანობის პარალელურად, საქართველოს საზღვრებთან სამხედრო მზადება მიმდინარეობდა. საბჭოთა სამხედრო მზადების შესახებ მალე მთელმა მსოფლიომ შეიტყო. მოსკოვში გაიგზავნა საპროტესტო ტელეგრამა ლორდ კერზონის მიერ, რომელიც იმ დროისათვის დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. ტელეგრამას საგარეო საქმეთა საბჭოთა კომისარმა ჩიჩერინმა ასეთი პასუხი გასცა:
რუსეთმა ცნო საქართველოს დამოუკიდებლობა. რუსეთის პოლიტიკა მხარს უჭერს მცირე ერების თვითგამორკვევის პრინციპს. საქართველოსაგან ჩვენ არაფერი მოგვითხოვია. საბჭოთა რუსეთს საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ არ ჩაუდენია და არც ჩაიდენს არანაირ მტრულ ქმედებას. მაგრამ როდესაც ჩიჩერინი ამ ტელეგრამას წერდა, რუსები უკვე თავდასხმისთვის ემზადებოდნენ. საბჭოთა გარესამყაროსთან ურთიერთობაში რუსეთს არასოდეს ჩაუდენია უფრო ვერაგული დანაშაული, ვიდრე საქართველოსთან მიმართებაში და მისი აგრესია არასოდეს ყოფილა უფრო ღია და ცინიკური. წითელი არმიის შემოსვლა საქართველოში [რედაქტირება]
1921 წლის 11 თებერვალს, 4 საჯარისო ერთეულისგან შემდგარი წითელი არმია საქართველოს თავს ერთდროულად ხუთი მხრიდან დაესხა. ორი ძირითადი შეტევა აღმოსავლეთიდან (აზერბაიჯანი) და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან (სომხეთი) განხორციელდა. სამი დანარჩენი თავდასხმა კავკასიონის მთებიდან დარიალის და მამისონის გავლით და შავი ზღვის ნაპირის გასწვრივ მოხდა.
ამ დიდ ძალას საქართველომ ყველა ფრონტზე დაახლოებით 40 000 კაციანი არმია დაუპირისპირა (მუდმივი ჯარი და ეროვნული გვარდია). სამწლიანი დამოუკიდებლობის განმავლობაში საქართველოს დასავლეთიდან არც ერთი თოფი ან ამუნიციაც კი არ მიუღია. ქვეყანას საერთოდ არ ჰყავდა ავიაცია და ტანკები. ასე რომ, საქართველოს წარმატების შანსი ძალზე მცირე იყო. მიუხედავად ქართული არმიის გასაოცარი გმირობისა, ქვეყანამ ვერ გაუძლო საბჭოთა შემოსევას, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ამ ომში თურქეთი საბჭოთა რუსეთის მხარეს ჩაება. აღსანიშნავია, რომ იმ დროს ქემალ ფაშას თურქეთს საბჭოთა რუსეთთან მეგობრული ურთიერთობა ჰქონდა, რომლისგანაც იგი იარაღითა და აღჭურვილობით დახმარებას იღებდა საბერძნეთისა და მისი მოკავშირეების წინააღმდეგ.
1921 წლის 6 მარტს საქართველოს დამფუძნებელმა კრებამ ბათუმში ბოლო სხდომა ჩაატარა და რესპუბლიკის მთავრობას ქვეყნის დატოვება, ევროპაში გამგზავრება და იქიდან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენაზე ზრუნვა უბრძანა. მთავრობამ ქვეყანა მეორე დღესვე დატოვა, რუსეთის ჯარი კი ბათუმში 20 მარტს შემოვიდა. ასე რომ, ღალატის, ვერაგობისა და სასტიკი ძალის გამოყენებით კომუნისტურმა რუსეთმა ბოლო მოუღო საქართველოს დამოუკიდებლობას, ისევე როგორც ცარისტულმა რუსეთმა 120 წლით ადრე, 1801 წელს.
თავდაპირველად, კომუნისტებმა სცადეს ყველაფერი ისე წარმოეჩინათ, რომ თითქოსდა საქართველოში შეჭრასთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ. სხვა საბუთი რომ არ არსებობდეს, ამ სიცრუის წინააღმდეგ ის ფაქტიც საკმარისი მტკიცებულება იქნებოდა, რომ საქართველოს ჯარების მიერ აყვანილი ყოველი ტყვე ძირითადად რუსეთის პროვინციებიდან წამოსული ეთნიკური რუსი იყო, და ის, რომ თითოეული მათგანი რუსეთის მუდმივ ჯარში მსახურობდა. საქართველოს მთავრობის პრეზიდენტის ნ. ჟორდანიას არაერთი მიმართვა საბჭოთა მთავრობისა და პირადად ლენინისადმი სისხლისღვრის შეჩერების და ყველა საკითხზე შეთანხმების შესახებ უპასუხოდ დარჩა.
მოსკოვს განზრახული ჰქონდა საქართველოს ხელში ჩაგდება და ვერანაირი მოსაზრება, გარდა ზემდგომი ძალისა, მას ვერ შეაჩერებდა. უდავოა, რომ საქართველოზე იერიშის მიტანის მთავარი წამქეზებელი იყო სტალინი – თავად ქართველი, რომელსაც სძულდა საქართველო იმის გამო, რომ თავის დროზე ქართველებმა იგი არ აღიარეს. ლენინი, სავარაუდოდ, წინააღმდეგი იყო საქართველოში შეჭრისა. მას ეშინოდა იმ გავლენის, რომელიც ამ უმიზეზო, ღია აგრესიას შეიძლება მოეხდინა გარესამყაროს საზოგადოებრივ აზრზე. მაგრამ სტალინს შურისძიება სწყუროდა და მან აისრულა კიდეც საკუთარი წადილი.
აი, რას აღნიშნავს ტროცკი გადასახლებაში დაწერილ და გამოქვეყნებულ წიგნში სტალინის შესახებ:
"როგორც ჩანს, სტალინმა დაივიწყა, რომ 1920 წლის 7 მაისს ჩვენ მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ შეთანხმებას მოვაწერეთ ხელი, 1921 წლის 11 თებერვალს კი წითელმა არმიამ თვითნებურად გადალახა საქართველოს საზღვრები. ჩვენ არ ვაპირებთ იმ როლის დამალვას ან შემცირებას, რომელიც წითელმა არმიამ კავკასიაში საბჭოელების გამარჯვებაში ითამაშა. 1921 წლის თებერვალში არმიამ რევოლუციას (?) ძლიერი მხარდაჭერა აღმოუჩინა. საქართველოს წინააღმდეგ ჯარების გაგზავნის საწინააღმდეგო არაფერი გვქონდა."
მაგრამ ამ წიგნის დაწერამდე დიდი ხნით ადრე, 1922 წლის აპრილში, ტროცკიმ, რომელიც წითელი არმიის მთავარი კომისარი იყო, განაცხადა:
"ჩვენ საქართველოს დატოვებას არ ვფიქრობთ, მაგრამ თუ სიტუაცია ისე შეიცვლება, რომ სხვა გზა აღარ გვექნება, კარებს ისე მოვიჯახუნებთ, რომ იქ ქვა ქვაზე აღარ დარჩეს."
საქართველოს კომუნისტური პარტიის ბეჭდვითი ორგანო გაზეთი ,,კომუნისტი” 1921 წლის 5 მაისის ნომერში, ოკუპაციიდან ექვსი კვირის შემდეგ, წერდა:
"ჩვენს კლასობრივ ბრძოლაში დაგვეხმარა და ანტანტის კლანჭებიდან გვიხსნა ჩვენი მოძმე საბჭოთა რუსეთის წითელმა არმიამ."
საქართველოში შემოჭრის მეთხუთმეტე წელს, 1936 წლის თებერვალში, ბერია წერდა:
"1921 წლის თებერვალში საქართველომ საბჭოთა არმიის დახმარებით შეძლო გათავისუფლება და საბჭოთა დიქტატის დამყარება. "
იმავე მოვლენასთან დაკავშირებით მოლოტოვმა შემდეგი განაცხადა:
"მხოლოდ რესეთის დიდი ოქტომბრის რევოლუციის საშუალებით მოხერხდა მენშევიკების [საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობის] დამარცხება. საქართველოს მოსახლეობის გათავისუფლება დაიწყო მაშინ, როდესაც რუსეთში გამარჯვების შემდეგ, საბჭოთა ბოლშევიკური რევოლუცია წითელი არმიის დახმარებით, 1920 წელს კავკასიაში გადავიდა. 1921 წელს კი მან აუცილებელი დახმარება აღმოუჩინა საქართველოს მოსახლეობას და საქართველო დაიკავა."
არის კიდევ ერთი, ყველაზე მრავლისმთქმელი, თავად კომუნისტების მიერ დატოვებული მტკიცებულება. ეს არის საქართველოს კომუნისტური პარტიის მაშინდელი თავმჯდომარის, ფ. მახარაძის მიერ მოსკოვში რუსეთის კომუნისტური პარტიისთვის 1921 წლის 6 დეკემბერს გაგზავნილი ანგარიში. ქვემოთ მოცემულია რამდენიმე ამონარიდი ამ ანგარიშიდან: წითელი არმიის შემოსვლა და საქართველოში საბჭოთა ძალაუფლების დამყარება გარეგნულად საბჭოთა ოკუპაციას ჰგავდა, რადგან ქვეყანაში არ ჩანდა ის ძალა, რომელიც მზად იყო აჯანყებაში ან რევოლუციაში მონაწილეობის მისაღებად. საბჭოთა რეჟიმის დამყარებისას საქართველოში არ მოიძებნებოდა პარტიის არც ერთი წევრი, რომელიც საქმიანობის ორგანიზებას ან წარმართვას შეძლებდა. ეს დავალება უმეტესად საეჭვო და ზოგჯერ, კრიმინალურმა ელემენტებმა შეასრულეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოში მასები შეეჩვივნენ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას. გულახდილად თუ ვიტყვით, თავდაპირველად ჩვენ, გარეგნულად მაინც, სწორი მიდგომა შევიმუშავეთ - ვაცხადებდით, რომ საბჭოთა რუსეთი არ აპირებდა საქართველოსთვის დამოუკიდებლობის წართმევას და წითელი არმია ქვეყანაში მხოლოდ იმისთვის შევიდა, რომ მშრომელები გაეთავისუფლებინა. დაისვა კითხვა: შევძლებდით თუ არა ჩვენ ამ პოზიციის შენარჩუნებას? ნათლად უნდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენი პოზიცია საქართველოს დამოუკიდებლობაზე დავაფუძნეთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვიერად, მაშინ როცა ფაქტობრივად ჩვენ უარი ვთქვით მასზე და ამგვარი მიზანი საერთოდ არ გვამოძრავებდა. აუტანელი სიტუაციაა, რადგან წარმოუდგენელია მასების მოტყუება პოლიტიკურად, განსაკუთრებით კი ქართველი ხალხის მოტყუება, რომელმაც ბოლო წლებში საშინელ გამოცდას გაუძლო. ჩვენ განვაცხადეთ, რომ დამოუკიდებელი საქართველოსთვის ვიღწვოდით, მაშინ როცა თანმიმდევრულ ნაბიჯებს ვდგამდით ამ პირობის დასარღვევად.
საქართველოში შეჭრის, მისი ოკუპაციისა და გასაბჭოების შემდეგ კომუნისტები გამუდმებით აცხადებდნენ, რომ ,,გაათავისუფლეს საქართველო იმპერიალისტურ-კაპიტალისტური უღლისაგან”. მაგრამ რეალობა სულ სხვაგვარი იყო. საბჭოთა რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა შემდეგი მიზეზების გამო წაართვა:
1. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის განსაკუთრებული მნიშვნელობის გამო ახლო და შუა აღმოსავლეთთან მიმართებაში; 2. საქართველოს ეკონომიკური სიმდიდრის – მანგანუმის, ქვანახშირის, სპილენძის, ხე-ტყის, თამბაქოს, ჩაის, ციტრუსის, ბამბის და სხვა რესურსთა გამო, რაც ასე ძლიერ სურდა რუსეთს; 3. კომუნისტების იმ ფაქტთან შეურიგებლობის გამო, რომ მათ საზღვართან ეარსება ნამდვილად დემოკრატიულ, დამოუკიდებელ სახელმწიფოს, რომელსაც, როგორც მაგნიტს, შეეძლო კავკასიის სხვა ხალხების მიზიდვა; 4. სტალინის საქართველოსადმი პირადი სიძულვილის გამო; 5. კომუნისტების მიერ ცარისტული რუსეთის იმპერიალისტური ექსპანიის პოლიტიკის გაგრძელების გამო.
გადარჩენისთვის ბრძოლაში საქართველოს გარე სამყაროსგან დახმარება არ მიუღია (ფრანგული ფლოტის ნაწილებმა რამდენიმეჯერ გაისროლეს ქართული ჯარების დასახმარებლად, რომლებიც შავი ზღვის სანაპიროზე იბრძოდნენ, მაგრამ როგორც კი ჰორიზონტზე ბოლშევიკების თვითმფრინავი გამოჩნდა, მათ მაშინვე დატოვეს იქაურობა). Mმიუხედავად ამისა, საქართველოს ანექსიას უყურადღებოდ მაინც არ ჩაუვლია. ევროპის მრავალ ქვეყანაში მოაწყვეს საპროტესტო გამოსვლები და მიიღეს რეზოლუციები. საქართველოს საკითხი განხილულ იქნა დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის პარლამენტებში, ერთა ლიგაში, არაკომუნისტ მშრომელთა ინტერნაციონალის შეხვედრებზე და ა.შ. 1926 წელს ეს საკითხი წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტში, 69-ე კონგრესზეც კი განიხილეს, მაგრამ ამ შეხვედრებს, დებატებსა და პროტესტს შედეგი არ მოჰყოლია. არავის სურდა უთანხმოება შორეულ კავკასიაში მდებარე პატარა ქვეყნის გამო საბჭოთა რუსეთთან. 1921 წელს, მსოფლიოს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გათავისებულ-გააზრებული კოლექტიური უსაფრთხოების პრინციპები და ის კონცეფცია, რომლის თანახმადაც თავისუფლება საყოველთაო ფასეულობაა და რომ საფრთხის შემთხვევაში იგი ერთხმად დასაცავია, თუ კაცობრიობას მართლაც სურს ნამდვილი მშვიდობის დამყარება. საქართველოში შემოჭრა და მისი ანექსია პირველი შემთხვევა იყო, როდესაც საბჭოთა რუსეთმა ღიად და ცინიკურად დაარღვია საერთაშორისო შეთახმება. დღეს კი მთელი მსოფლიოსათვის ცნობილია, თუ რამდენი შეთანხმება დაარღვია მას შემდეგ ამ სახელმწიფომ.
|