shavtvala
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1381
წევრი No.: 49692
რეგისტრ.: 20-December 07
|
#24447004 · 13 Mar 2011, 22:04 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობათ მინდა გაგიზიაროთ ჩემი ქრისტიანული შეხედულება ოჯახთან დაკავშირებით მართალია მე თავად არ ვარ დაოჯახებული მაგრამ მაინც დავწერე ჩემი შეხედულება თუ როგორი უნდა იყოს ქრისტიანი ცოლქმარის ურთიერთობა
ქორწინება და ცოლქმრული ურთიერთობა ქრისტიანულ მსოფხედველობაში
1) ღვთისაგან არის დადგენილი. „თქვა უფალმა ღმერთმა: არ ვარგა ადამიანის მარტო ყოფნა. გავუჩენ შემწეს, მის შესაფერს. ნეკნისაგან, ადამს რომ გამოუღო, დედაკაცი შექმნა უფალმა და ადამს მიუყვანა. თქვა ადამმა: ეს კი მართლაც ძვალია ჩემი ძვალთაგანი და ხორცი ჩემი ხორცთაგანი. დედაკაცი ერქვას მას, რაკი კაცისაგან არის გამოღებული. ამიტომაც მიატოვებს კაცი დედ-მამას და მიეწებება თავის დედაკაცს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბად. 2,18,22-24). იესომ კი აი რა უთხრა ფარისეველთ: „არ წაგიკითხავთ, რომ შემოქმედმა დასაბამიდან კაცად და ქალად შექმნა ისინი? და თქვა: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს, და იქნებიან ორივენი ერთ ხორც“ (მათ. 19,4,5).
2) დაკანონებულია ყველა ქრისტიანისათვის. „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს და ყველა ქალს - თავისი ქმარი. ქმარი ჯეროვან პატივს მიაგებდეს ცოლს და ასევე, ცოლი ქმარს. თუ იქორწინებ არა სცოდავ და თუ ქალწული იქორწინებს არ სცოდავს“ (1 კორ. 13,4).
3) ღირსეული უნდა იყოს ქრისტიანისათვის. „ქორწინება ღირსეული და სარეცელი უმწიკვლო იყოს ყველასი, ხოლო მემრუშეთა და მეძავთ ღმერთი განსჯის“ (ებრ. 13,4).
4) ზოგჯერ გარდაუვალია. „უქორწინებელთა და ქვრივთა მიმართ კი ვიტყვი: თუ თავს ვერ შეიკავებენ, დაე, იქორწინონ, ვინაიდან ქორწინება სჯობს გახელებას“ (1 კორ. 7,9). „ამიტომ მინდა, რომ ახალგაზრდა ქვრივები დათხოვდნენ, შვილები გააჩინონ, დიასახლისები გახდნენ და ლანძღვა-გინების საბაბი არ მისცენ მტერს“ (1 ტიმ. 5,4).
5) ყველას როდი ძალუძს ქორწინება. „უფალმა მოწაფეებს უთხრა: არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ, არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისათვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს“ (მათ. 19,12).
6) დაქორწინებულთა მოვალეობაა. „თვითეულ თქვეგანს უყვარდეს ცოლი თვისი, როგორც თავისი თავი, ხოლო ცოლს ეშინოდეს თავისი ქმრისა“ (ეფეს. 5,33).
7) ქორწინება ურყევია მეუღლეთაგან რომელიმეს გარდაცვალებამდე. „ვინც ღმერთმა შეაუღლა, დაე, ნუ განაშორებს კაცი“ (მათ. 19,6).
„გათხოვილი ქალი ქმრის სიცოცხლეში შეკრულია რჯულით, ხოლო თუ ქმარი მოკვდა, განთავისუფლებულია ცოლქმრობის რჯულისაგან. ამიტომაც თუ ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება, ხოლო თუ ქმარი მოუკვდა, განთავისუფლებულია რჯულის მიერ და სხვას რომ გაჰყვეს აღარ იწოდება მეძავად“ (რომ. 7,2-3). „დაქორწინებულთ მე კი არ ვუბრძანებ, არამედ უფალი: ცოლი ნუ გაეყრება ქმარს, მაგრამ, თუ გაეყრება, აღარ გათხოვდეს, ანდა შეურიგდეს ქმარს და ნურც ქმარი მიატოვებს ცოლს“ (1 კორ. 7,10-11).
8) განქორწინება მოსეს სჯულით არის დაშვებული: „თუ კაცი ცოლს მოიყვანს და მისი ქმარი გახდება, მერე აითვალწუნებს, რადგან რაღაც სასირცხოს აღმოაჩენს მასში, უნდა დაუწეროს გაყრის წერილი, მისცეს ხელში და გაუშვას თავისი სახლიდან. ქალი წავა მისი სახლიდან და გაჰყვება სხვა ქმარს. თუ მეორე ქმარი მოიძულებს მას და დაუწერს გაყრის წერილს, მისცემს ხელში და გაუშვებს თავისი სახლიდან ან მოკვდება მეორე ქმარი, რომელმაც ცოლად მოიყვანა იგი, პირველ ქმარს, რომელმაც გაუშვა იგი, ნება არა აქვს ისევ მოიყვანოს ცოლად მას შემდეგ, რაც ქალი გაუწმინდურდება, რადგან ეს სისაძაგლეა უფლის წინაშე“ (მეორე რჯული 24,1)
9) რჯული კრძალავს განქორწინებას: „უფალი არ შეიწირავს თქვენს შესაწირავს“. „თქვენ ამბობთ რისთვისო? იმისთვის, რომ მოწმე იყო უფალი შენსა და შენი სიყრმის ცოლს შორის, რომელსაც უღალატე. ის კი შენი მეგობარი და შენი აღთქმის ცოლი იყო (მალაქ. 2,13-14). „ასევე თქმულა: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, უნდა მისცეს გაყრის წერილი, ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ვინც გაუშვებს თავის ცოლს, სიძვის მიზეზის გარეშე, ამრუშებს მას და ვინც გაშვეულს შეირთავს, მრუშობს“ (მათ. 5,31-32 ან მათ. 19,9). „თუ ცოლი ქმრის სიცოცხლეში სხვას გაჰყვება, მეძავად იწოდება“ (რომ. 7,3).
10) დაუშვებელია მორწმუნესი ურწმუნოსთან. „არ დაუმოყვრდე წარმართს: არ გაათხოვო შენი ქალიშვილი მის ვაჟზე და არ მოუყვანო შენს ვაჟს მისი ქალიშვილი ცოლად, რადგან ჩემი გზიდან ააცდენ შენს ვაჟს, დაიწყებენ უცხო ღმერთების თაყვანისცემას, უფლის რისხვა დაგატყდებათ თავს და დაუყოვნებლივ განადგურდებით“ (მეორე რჯული 7,3-4). „ეცადეთ, კვლავ თქვენივე სიცოცხლისათვის, რომ გიყვარდეთ უფალი ღმერთი. თუ განდგებით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, იცოდეთ, აღარ აჰყრის უფალი თქვენგან ამ ხალხებს, არამედ მახედ და ხაფანგად, შოლტად ექცევიან თქვენს ფერდებს, ეკლად ჩაგესობიან თვალში, ვიდრე არ გადაშენდებით ამ მადლიანი მიწიდან, რომელიც უფალმა, თქვენმა ღმერთმა მოგცათ თქვენ“ (ისე ნავინი 23, 12-13). „ადგა ეზრა მღვდელი და უთხრა მათ: დანაშაული გაქვთ ჩადენილი: უცხო ქალები გყავთ ცოლებად, რომ ისრაელის ცოდვა გაამრავლოთ. ახლა აღიარეთ შეცოდება უფლის, თქვენი მამა-პაპის ღმერთის წინაშე და აღასრულეთ მისი ნება: განუდექით ამ ქვეყნის ხალხებს და უცხოელ ცოლებს“ (ეზრა 10,10-11).
11) წარმოადგენს ქრისტესა და მის ეკლესიას შორის დამოკიდებულების მსგავსს: „მოიქეცით, გაქცეულო შვილებო, ამბობს უფალი, რადგან მე ვარ თქვენი პატრონი. სათითაოდ გამოგიყვანთ ქალაქიდან, ორ-ორს - საგვარეულოდან და მიგიყვანთ სიონში“ (იერ. 3,14). „ვინაიდან ქმარია ცოლის თავი, ისევე როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა, და თვითვეა სხეულის მხსნელი. მაგრამ როგორც ეკლესია ემორჩილება ქრისტეს, ასევე ცოლებიც თავიანთ ქმრებს ყველაფერში. ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,23-25).
12) არ იპოვება სასუფეველში. „აღდგომისას არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ანგელოზები ცაში“ (მათ. 22,30). „საუკუნო ცხოვრებისა და მკვდრეთით აღდგომის ღირსად შერაცხილნი არც ცოლს ირთავენ და არც თხოვდებიან და აღარც სიკვდილი ხელეწიფებათ, ვინაიდან ანგელოზთა სწორნი და ღმერთის ძენი, აღდგომილნი ძენი არიან (ლუკ. 20,35-36).
13) ქორწინების აკრძალვა ერთ-ერთი ნიშანია ურწმუნოებისა. „სული ცხადად მეტყველებს, რომ უკანასკნელ ჟამს რწმენისაგან განდგებიან და შეუდგებიან მაცდურ სულთა და დემონთა მოძღვრებას. ცრუმეტყველთა თვალთმაქცობისამებრ, რომელთაც დაფერფლეს თავიანთი სინდისი და რომელნიც კრძალავენ ქორწინებას“ (1 ტიმ. 4,1-3).
წმინდა წერილიდან დამოწმებული ეს ადგილები ცხადად მიუთითებენ, რომ არცერთი ადამიანური ურთიერთობა არ არის იმდენად მნიშვნელოვანი, რამდენადაც ქორწინება, ცოლ-ქმრული კავშირი. ეს კავშირი უძველესია, დასაბამი ადამიანთა მოდგმის შექმნისთანავე აქვს და დაფუძნებულია სჯულზე, რომელიც ღმერთმა დაადგინა და დაუწესა ადამაინურ ბუნებას. ცალ-ცალკე ქალი და კაცი არ არიან ისინი, რაც უნდა იყვნენ თავიანთი არსის თანახმად და მხოლოდ მაშინ იწყებენ სისხლსავსე ცხოვრებას, როდესაც ქორწინებით ერთხორც და ერთსულ იქმნებიან. ოდეს მეუღლეობრივი ცხოვრების არსი ჩადო ღმერთმა ქალისა და მამაკაცის შექმნაში, უფალმა განაბრწყინვა მათი ურთიერთობა ღვთაებრივი მადლცხებულებით. „შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი. აკურთხა ღმერთმა ისინი“ (დაბად. 1,27). ესე იგი ქორწინების შემდგომ მათ მისცა განსაკუთრებული ძალა, წყალობა მოვალეობის აღსასრულებლად დაფუძნებული ბუნებრივ კანონზომიერებებზე, თავად უფლისაგან დაშვებული და დაკანონებული, გაბრწყინებული უფლის კურთხევით.
საქორწინო კავშირი უბრალო კავშირი როდია ქალსა და მამაკაცს შორის ვნებათაღელვის დასაცხრომად, არამედ ორი არსების ერთ განუყოფელ არსებად გადაქცევაა - ურღვევი კავშირია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ცოლ-ქმრობა ღვთით დადგენილი, ნაკურთხი და დამტკიცებული საიდუმლო ადამიანური ყოფის საფუძველთა-საფუძველია, სიმშვიდეა, ბედნიერებაა დედამიწაზე და ხშირად სამუდამო სასუფეველიც ცათა შინა. იგი იმდენად წმინდათაწმინდა ქმედებაა, რომ მღვდლის მიერ აღსრულებული ჯვრისწერის დროს სიძე-პატარძალზე სულიწმინდის მადლი გადმოდის, აბრწყინებს მათ ცოლ-ქმრულ კავშირს, აძლევს ძალებს, რათა ერთსულ და ერთხორც აღასრულონ ქრისტეს მცნებანი, კანონიერად შვან და აღზარდონ შვილები.
ქრისტიანთა ქორწინება თავისი ჭეშმარიტი არსით წარმოადგენს ცოლისა და ქმრის არა მარტო გარეგნულ შეერთებას, არამედ მათი სულების შინაგან განმთლიანებას, ურთიერთ შეწევნასა და სრულყოფეილებისაკენ ლტოლვას. ამიტომ ოჯახები, ქორწინებით განმტკიცებულნი და ღმრთივკურთხეულნი, ჯანსაღი საზოგადოებრივი ორგანიზმის შექმნის საწინდარია. „ისმინეთ ყოველთა, ქმრებო, აღზარდეთ ცოლები“ - ამბობს წმ. იოანე ოქროპირი და იხსენებს აბრაამისა და სარრას წმინდა ცხოვრებას. დაე, ცოლისათვის ქმარი ყველაზე და ყველაფერზე ძვირფასი იყოს, ქმრისათვის კი ცოლი - უსაყვარლესი. ცოლი ყოველთვის ქმრის თანამზრახველი და თანამეინახე უნდა იყოს. ამაზეა დამყარებული მთელი კაცობრიობის კეთილდღეობა. შეხედე! სამყარო შედგება ქალაქებისაგან, ქალაქი ოჯახებისაგან, ოჯახი ცოლისა და ქმრისგან. როდესაც ოჯახებში აყალ-მაყალია, ქალაქები ინგრევიან და მთელ მსოფლიოს მოიცავს შფოთი და განხეთქილება“. ასე რომ ქორწინება ოჯახებისა და საზოგადოებისათვის წყაროა როგორც დიდი უბედურებისა, ასევე დიდი ბედნიერებისა. ამიტომ ამბობდა წმ. პავლე მოციქული: „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენ ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5,22). რატომ? იმიტომ რომ, როდესაც ისინი მორჩილებენ ურთიერთს, მაშინ სწორად ზრდიან შვილებს, კეთილგანწყობა სუფევს მეზობლებს, მეგობრებსა და ნაცნობებს შორის. თუკი ერთმანეთს ეკამათებიან, საწინააღმდეგო აზრი აქვთ, არეულობა და ჩხუბია ოჯახში. მეუღლეობრივი ბედნიერება, უწინარეს ყოვლისა, დამოკიდებულია შეუღლებულ პირთა ხასიათზე. სასიძოსა და საპატარძლოს არჩევანში თავიდანვე ჩადებულია ოჯახური ბედნიერების ან უბედურების მარცვალი. უმთავრესი, რაც საცოლეში უნდა ეძებო, ესაა სიკეთე სულისა და კდემამოსილება. „რადგნაც ბევრნი ისე არ ექცევიან თავიანთ ცოლებს, როგორც გონება უჭრით, ამიტომ ვურჩევ ქმრებს ყოველნაირი ღონე იხმარონ, რათა თავიდანვე კეთილგონიერი და სათნო ქალი ითხოვონ“. ქმარს ცოლი უნდა უყვარდეს გამუდმებით და ძლიერად. ეს სიყვარული არ უნდა გაუნელოს უბედურებამ, განსაცდელმა, სიბრაზემ. წმ. იოანე ოქროპირი ასე მოძღვრავს ქმარს: „იზრუნე შენს ცოლზე, როგორც იესო ქრისტე ზრუნავს ეკლესიაზე, დაე, დაგჭირდეს შენი სულის გაღება მისთვის, ჭირთათმენა, მაინც ვერ შეძლებ გააკეთო ის, რაც იესო ქრისტემ გააკეთა ეკლესიისათვის“. ცოლი ჩვენი სხეულის აუცილებელი ნაწილია და სწორედ ამგვარი დამოკიდებულება აიძულებს ქმარს მზრუნველობას უწევდეს ცოლს. არა მარტო იმისათვის უნდა გვიყვარდეს ცოლი, რომ იგი ჩვენი სხეულის შემადგენელი ნაწილია, არამედ იმიტომ, რომ უფალმა დააკანონა: მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და მიეწებება თავის ცოლს, რათა ერთხორცად იქცნენ“ (დაბ. 2,24). წმ. პავლე მოციქულის სიბრძნესაც ჩაუღრმავდი და დაუკვირდი: პირველად იწყებს სწავლებას ქრისტესა და მის ეკლესიაზე: „ქმრებო, გიყვარდეთ თქვენ ცოლები, როგორც ქრისტემ შეიყვარა ეკლესია და მისცა თავისი თავი მისთვის“ (ეფეს. 5,25). შემდეგ უბრუნდება კაცობრივ საწყისს - ქმრებს ისე უნდა უყვარდეთ თავიანთი ცოლები, როგორც საკუთარი სხეული. ვისაც უყვარს ცოლი, თავისი თავი უყვარს. რადგან არავის არასოდეს მოუძაგებია ხორცი, არამედ უვლის და კვებავს, ვითარცა უფალი ეკლესიას. ვინაიდან მისი სხეულის ასოები ვართ, ხორცი ხორცთაგანი და სისხლი სისხლთაგანი, ამიტომ მიატოვებს კაცი მამას თვისას და დედას თვისას და შეირთავს თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ ხორც (ეფეს. 28, 30-31). ცოლ-ქმარს შორის სიყვარულს აძლიერებს და განამტკიცებს ორივეს მხრიდან ერთმანეთის აუცილებლობის შეგრძნება. არც თანხმობა, არც ურთიერთგაგება და არც სიყვარული არ იქნება მათ შორის, თუკი თითოეული მათგანი ცალ-ცალკე მოითხოვს სიყვარულსა და თანადგომას, ისე რომ თავად არაფრის გაღებას არ ისურვებს. თავ-თავიანთი მოვალეობების აღსრულებას შედეგად მოსდევს სიმყუდროვე და მშვიდობა ოჯახში, სიმტკიცე და ძლიერება. ისინი არ უკირიკიტებენ ერთმანეთის ნაკლოვეანებებს, მოთმინებით და დიდსულოვნად იტანენ წყენას, სიბრაზეს, დაძებულ და გამოუვალ სიტუაციებს. ცოლზე გავლენა რომ განიმტკიცოს და სამუდამოდ შეინარჩუნოს, ქმარი ვალდებულია ქორწინების პირველი დღიდანვე შეუდგეს ცოლის აღზრდას, შემდგომ დღენიადაგ აკვირდებოდეს მის ქცევებს, ვიდრე მას სრულყოფილებას არ აზიარებს. :კეთილგონივრულად მოიქცევი თუ გარკვეული ხნის მანძილზე ეცდები თვალყური ადევნო ცოლს, შეისწავლო მისი ჩვევები, ხასიათი. ახლადგათხოვილი ყმაწვილი ქალი დაბნეულია, ჩუმი და მოკრძალებული, ქმრის ხათრი, რიდი, პატივისცემა და შიში აქვს. თანდათანობით შეაჩვიე შენი ნება-სურვილის უსიტყვოდ აღსრულებას. ელაპარაკე არა მბრძანებლური კილოთი, არამედ მოფერებით და დაყვავებით, რამეთუ ისე არაფერი მოქმედებს ადამიანზე, როგორც მორიდებითა და სიყვარულით მეგობრული რჩევა-დარიგების მიცემა. როგორ დაარწმუნებ მას შენს უსაზღვრო და უანგარო სიყვარულში? თუკი ეტყვი: „არაერთგზის მქონდა საშუალება მდიდარი, კეთილშობილი, დიდგვაროვანი ქალი შემერთო, მათ შენი თავი ვარჩიე, შენი კდემამოსილება, კეთილგონიერება, პატიოსნება. სხვათაშორის აღნიშნე, რომ გძულს ფუფუნება და ნუ გააგრძელებ ამაზე ბაასს, რომ უინტერესო და მოსაწყენი არ გახდე. უთხარი, რომ მდიდარი ქალი იმიტომ არ დანიშნე, რომ სიმდიდრე და ფუფუნება მსწრაფლწარმავალია, სულიერი სიმდიდრე კი წარუვალი და სულის სიმშვენიერე ოქროზე მეტად ბრწყინავს და ფასობს. ბრძენი, ზნეკეთილი, სათნო ქალწული მთელს ქვეყანაზე უძვირფასესი განძია. ამიტომ მიყვარხარ, მუხლს ვიყრი შენს წინაშე, გევედრები და აღგითქვამ, რომ ყველაფერს ვიღონებ, რათა მიწიერი ცხოვრება ღირსეულად განვვლოთ და მომავალი საუკუნო სუფევის ნათელი გვაბრწყინვებდეს. თუკი უფალმა ინება და სამუდამო ცხოვრებას ვეღირსეთ, მარადიული სიხარული აღავსებს ჩვენს გულებს. მიყვარხარ ძლიერ, თავდავიწყებით, დაე, უკანასკნელი გროშიც არ მებადოს, უკიდურესი გაჭირვება და უბედურება დამატყდება თავს, ყველაფერს ავიტან და გავუძლებ, ოღონდ შენ გიყვარდე. შვილებიც მეყვარება, როგორც შენი სიყვარულის ნაყოფი და შემდეგ წმინდა მათე მოციქულისა და მახარებლის სიტყვები უთხარ: „ღმერთს სურს, რომ ჩვენს შორის სიყვარული სუფევდეს“, საღმრთო წერილიდანაც დაიმოწმე შემდეგი ადგილი: ამიტომ მიატოვებს კაცი თავის დედ-მამას და შეერთვის თავის ცოლს და იქნებიან ორივენი ერთ-ხორც. ეს სიტყვები ხომ ოქროსა და მარგალიტზე უფრო ძვირფასია შენი ცოლისათვის. ნურც იმის დარდი შეგაწუხებს, რომ ამ სიყვარულისა და ყურადღების წილ ცოლი გაგულგოროზდეს. მთელი გულით შეიყვარე და ისიც შეგიყვარებს უანგაროდ და თავდავიწყებით. თუ კარგად მოიქცა, შეაქე და წაახალისე, შეცდომებზე მიუთითე, შეცდომა ყმაწვილქალებს ხშირად მოსდით. შეეჩვიე მოირთოს იმ აღკაზმულობით, რომელიც უფალს უბოძებია, სხვა სამკაულს ნუ მოძებნის გარდა პატიოსნებისა და უმწიკვლოებისა. ლოცვებიც ერთად აღავლინეთ, ერთად იარეთ ეკლესიაში და საეკლესიო საკითხავები ოჯახურ წრეში გაარჩიეთ. არ მოგერიდოთ ერთმანეთს ჰკითხოთ თქვენთვის გაუგებარი ადგილების შესახებ. თუ მატერიალურ სიდუხჭირეს იგრძნობ, ხშირად გაიხსენე პეტრე მოციქულის ცხოვრება, რომელიც საუკეთესო მეუღლე იყო. აღნიშნე, თუ რა სიღარიბესა და გაჭირვებაში განვლო მთელი ცხოვრება, არც შიმშილი დაჰკლებია და არც წყურვილი, მაგრამ ცხოვრებაში ყველაზე საშიში რამ, ღვთისმგმობელობა და ღმერთის შეურაცხყოფა არასოდეს დასცდენია. თუკი წვეულების გადახდას მოიწადინებ, კეთილმორწმუნე და ღვთისმოშიში სტუმრები მოიპატიჟე, ვინც თქვენს ოჯახს ღვთის წყალობასა და მადლს მოუტანს და ერთიორად განამრავლებს სიკეთეს. ეცადე ცოლის გონებიდან თანდათან ამოძირკვო ცნებები: „ჩემი, შენი“. უთხარ მკაცრად და სერიოზულად: მე არაფერი გამაჩნია საკუთარი, ყველაფერი შენ გეკუთვნის. მოფერებით როდია ნათქვამი ეს სიტყვები, არამედ მათში უდიდესი სიბრძნეა ჩადებული. ქმარი და ცოლი მოვალენი არიან ცოლქმრული ერთგულება სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე შეინარჩუნონ და უბიწოდ დაიცვან. „რითი გაიმართლებ თავს? ნუ იტყვი, რომ ადამიანურ ბუნებას მიუძღვის ბრალი. ქორწინებაც ხომ იმიტომ არის დაწესებული, რომ ვნებათაღელვა დააოკო და ზღვარს არ გადასცდე? რამეთუ ღმერთი სიმშვიდისა და პატიოსნების დასაცავად ცოლს გიბოძებს, რათა ხორციელი ლტოლვა დააცხრო. შენ კი, უმადურო, უნდობლბას უცხადებ უფალს? ურცხვად არღვევ დადებულ აღთქმას, ხელს ჰკრავ ღვთისაგან ბოძებულ წყალობას. რად გაბნევს და გხიბლავს სხვა ქალის სახე და სილამაზე, რომელიც შენ არ გეკუთვნის? რად არღვევ ქორწინების აღთქმას? რად შეურაცხყოფ შენსავე სხეულს, ტაძარს ღვთისას. შენმა ცოლმა შენი გულისათვის მიატოვა საკუთარი დედ-მამა, ახლობლები, შენ მოგეკედლა. იგი მზადაა აიტანოს ყოველგვარი ტანჯვა, გასაჭირი, იზრუნოს შვილებზე, არ გაკლებთ სითბოს, ალერსს, მზრუნველობას. შენ კი ცხოვრების მეგზურს, ღვთისაგან ბოძებულ ჯილდოს ჯეროვან პატივს ვერ მიაგებ, შეურაცხყოფ სიწმინდეს, უმანკოებას, პატიოსნებას.
ამრიგად, ცოლიან კაცს სხვა ქალისაკენ არასოდეს არ უნდა გაექცეს თვალი. „უფალმა ქალის შეხედვა კი არ აუკრძალა კაცებს საერთოდ, - არამედ ნდომით და გულისთქმით. ამგვარი მზერა რომ არ ჰქონოდა მხედველობაში, მაშინ უბრალოდ იტყოდა: კაცმა ქალს შეხედა და იმრუშაო, არამედ ამბობს გარკვევით: „ვინც ნდომით შეხედა ქალს, უკვე იმრუშა მასთან საკუთარ გულში“ (მათ. 5,28). როდესაც გხიბლავს სხვა ქალის სილამაზე, ამით შენს ცოლს შეურაცხყოფ, ამცირებ. მართალია, ხელით არ ეხები, მაგრამ თვალი გაცდუნებს და ეს საქციელი სამართლიანად მიჩნეულია კიდეც სიმრუშედ“.
კაცს, რომელსაც სხვისი ცოლისადმი ნდომა აღეძვრის, jobia ese moiqces „თუკი შეამჩნევ, რომ სხვისი ცოლისადმი გაუნელებელი ცეცხლი გწვავს და მოსვენებას გიკარგავს მასზე ფიქრი, საკუთარ ოჯახში ყოფნა გაუსაძლისი ხდება, ცოლის ხმაც, საქციელიც გაღიზიანებს, პავლე მოციქულის I ეპისტოლე გადაშალე კორინთელთა მიმართ და ხშირ-ხშირად იმეორე ეს სიტყვები: „სიძვის თავიდან ასაცილებლად ყველა კაცს თავისი ცოლი ჰყავდეს“ (I კორ. 7,2). ცოლი დაწიდნულია ქმრისაგან, ვითარცა მისი ცხოვრების მეგზური, შვილების დედა, რათა გაუფრთხილდეს ოჯახს, კერას, ქმარს, დაიცვას სიწმინდე და პატიოსნება. მისი ვალია, მომჭირნედ გაუძღვეს ოჯახს, ქმართან ერთად გასწიოს მძიმე ჭაპანი სიცოცხლის ბოლომდე. ცოლის ვალია მორჩილებდეს ქმარს. „ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს“ (ეფეს. 5,22), „ცოლი ისე უნდა მორჩილებდეს ქმარს, როგორც უფალს, რამეთუ ვინც ხელისუფალთ არ ემორჩილება ღმრთის ნებას ხშირად გარდახდება ხოლმე. ამგვარი დაუმორჩილებლობა უმძიმესი დანაშაულის ტოლფასია. ასეა დადგენილი ღვთისაგან. შემდგომ პავლე მოციქული ამბობს, რომ ქმარი ცოლის თავია, როგორც ქრისტეა თავი ეკლესიისა, ანუ ცოლ-ქმარი ერთად მორჩილებენ იესო ქრისტეს, შესაბამისად, ცოლები ქმრის მორჩილნი უნდა იყვნენ ვითარცა უფლისა“. ოჯახური სითბო და სიხარული ჭეშმარიტი ქრისტიანები ვალდებულნი არიან სითბო და სიყვარული არასოდეს განელდეს მათ ოჯახში. ეს ცეცხლი, ადამიანთა გულების გამათბობელი, მეგობრობისა და სიყვარულის ცეცხლი, არც მათი ცხოვრების ყველაზე მძიმე დღეებში არ უნდა ჩაქრეს. სადაც იგი გიზგიზებს სათნოებასა და სამართლიანობას მსახურებენ ადამიანები, ბრწყინვალედ აღასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, თავად ბედნიერნი სხვებსაც აბედნიერებენ, ხოლო ვის სულებშიც ეს ცეცხლი არ ანთია, ისინი, სხვათა ბედნიერებით დამწუხრებულნი, გარშემომყოფთაც მოწყენილობისა და სევდისაკენ უბიძგებენ.
ამიტომ სიხარულისაკენ მოგვიწოდებს უფალი იესო ქრისტე, როდესაც გვასწავლის: გიხაროდეთ და მხიარულ იყვენითო. ამიტომ მოახდინა სასწაული კანას გალილეაში ქორწილზე შემთხვევით მოხვედრილმა, როდესაც წყალი აქცია ღვინოდ, რამეთუ არ სურდა გაეწბილებინა მხიარული მექორწილენი. ჩვენც ყოველთვის უნდა გამოვიჩინოთ კეთილგონიერება, ქრისტესმიერი სიყვარულით აღვავსოთ სხვათა გულები.
და რა ცოტა რამ არის საჭირო ამისათვის! ერთი მოსიყვარულე მზერა, ერთი კეთილი სიტყვაც კი საკმარისია კეთილმეგობრული ურთიერთობის შესანარჩუნებლად. ოჯახში ყველაზე მეტად დედის ვალია კეთილსინდისიერად აღასრულოს თავისი მოვალეობა, რათა მხიარული გუნება-განწყობილება სუფევდეს ოჯახის წევრთა შროსი. თუმცა ყოველი დღე არ შეიძლება იყოს სიხარულის მომტანი, ოჯახურ ურთიერთობებს ხშირად ტკივილიც ახლავს ხოლმე. ოჯახურ სიმყუდროვეს ზოგჯერ მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი საფიქრალ-საზრუნავიც არღვევს. თუკი წყენა დიდხანს გაგყვება, სიძულვილი სულსა და გულში ღრმად გაიდგამს ფესვს, პატივმოყვარეობა იმძლავრებს და ეს ხშირად ოჯახის დანგრევის საბაბი ხდება. ყოველივე ეს, რომ თავიდან ავიცილოთ, უნდა ვისწავლოთ ერთმანეთს გავუწყრეთ სიყვარულით. სიყვარულით დავტუქსოთ და მივუთოთ ნაკლზე. სიყვარული სიყვარულს, სინაზეს, სიკეთეს შობს, სიძულვილი - სიძულვილს. თუკი შეცდომა იქნა დაშვებული, ვეცადოთ გამოვასწოროთ, გულისტკივილი და განცდილი უსიამოვნება აღარასოდეს გავიხსენოთ და წამოვაძახოთ ერთმანეთს. კეთილი ანგელოსი ღვთისმოსავთა და ჭეშმარიტ მორწმუნეთა ფუძესა და კერას არასოდეს სტოვებს, მუდამ მფარველობს.
ყოველ სახელმწიფოსა და ხალხს, თითოეულ ქალაქს თავისი დღესასწაულები და ღირსშესანიშნავი თარიღები აქვს, რომელსაც დიდი ზარ-ზეიმით აღნიშნავენ. ასევე, თითოეულ ოჯახს უნდა ჰქონდეს საზეიმო დღეები: მშობლების, შვილების, ოჯახის უხუცეს წევრთა დაბადების დღეები, გარდაცვალებულთა დღეები, რაც კიდევ უფრო აახლოებს და ადუღაბებს ოჯახის სიმტკიცეს. არ არის აუცილებელი განსაკუთრებული გულუხვობით და სიმდიდრით გამოირჩეოდეს სადღესასწაულო სუფრა. მთავარია ეს თარიღი აღინიშნოს. ჭეშმარიტად ბედნიერი სხვის ბედნიერებასაც მიელტვის. აბა, გაიხედ-გამოიხედე შენს გარშემო, ხომ არსებობენ უბედური ოჯახები, ღარიბები, მათხოვრები, მოხუცებულები, რომლებსაც ყოველდღიური ლუკმა-პურიც კი სანატრელი აქვთ. მიდი, მოეფერე, ანუგეშე, დაეხმარე, მოწყალების ხელი გაუწოდე. დაე, მათი ლოცვა-კურთხევაც შეეწიოს შენს ოჯახს.
ამრიგად, თუ შენს კერას კეთილი ანგელოსი დასტრიალებს თავს, ეცადე, შეინარჩუნო ეს ბედნიერება. შენს გონებასა და გულს ნურასოდეს მოეძალება ბოროტი ფიქრები, ჩხუბსა და აყალმაყალს ერიდე, ნურც მდიდრული საჩუქრების გაცემას დაიწყებ. მართალაი, ამით შენს ახლობელს გულს გაუხარებ, მაგრამ უნებლიედ სიამაყისა და ამპარტავნებისაკენ უბიძგებ, თაფლში შხამს შეურევ, მუდამ გახსოვდეს თვითკმაყოფილების ნიღბით ზოგჯერ ოჯახში უსიამოვნება და წუხილი შეიძლება შეიტანო. ეცადე, ყველაფერი საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ღრმა რელიგიურობითა და ღვთისმოსაობით აკეთო.
ჭეშმარიტი ქრისტიანის გულს განუწყვეტელი სიყვარული მუდამ თან სდევს, იგი არად აგდებს სხვათა შეცდომებს, სხვათა სისუსტეებს, უფრო იოლად ძალუძს თავლისდახუჭვა ბევრ უსიამოვნო შემთხვევაზე. ყველა მოვლენასა თუ საგანში კარგი სურს დაინახოს, ვიდრე ცუდი, სიკეთის ფასი იცის და მტრის დამეგობრებაც ძალუძს. თუკი სათავე დაწმენდილია, წყაროც ანკარა!
ასეთია ჭეშმარიტად ქრისტიანული ცხოვრების წესი. ყოველი ადამიანი თავის ოჯახში, თავის სახლში დგამს პირველ ნაბიჯებს ცხოვრებაში, უყალიბდება ხასიათი, კეთილი თუ ბოროტი ჩვევები. ხშირად გვსმენია: „ეს ადამიანი კარგი ოჯახისშვილია და პირიქით, ეს კაცი ცუდი ოჯახიდანაა და თვითონაც ცუდი პიროვნებაა“. კეთილსინდისიერ გარემოში აღზრდილი ბავშვები ზნეობრივად დახვეწილნი, კარგები და კეთილები არიან, ხოლო ბოროტ ოჯახში - უწესო და გაუზრდელები. ამიტომ, კარგი ოჯახური გარემო ჭეშმარიტი ქრისტიანული ყოფა-ცხოვრების საფუძველია. ადამიანი არსად ისე უჩვეულოდ და უმტკივნეულოდ არ ითვისებს ქრისტიანული ცხოვრების ნორმებს, როგორც ქრისტიან ოჯახში, სადაც უპირველესი მცნება მოყვასის სიყვარულისა. არსად ისე აშკარად არ მჟღავნდება კეთილი თვისებები და ხასიათი, როგორც ოჯახში. თუკი არ გვიყვარს მშობლები, ძმები, დები, თუკი ვჩხუბობთ, ერთმანეთს არ ვინდობთ, მაშინ როგორღა გვეყვარება სხვები.
მოთმინება უდიდესი სათნოებაა. მოთმინება ყოველი ადამიანის სულის გადამრჩენელია. მოთმინება მხოლოდ ოჯახში შეიძლება ისწავლოს ადამიანმა. აბა, წარმოვიდგინოთ როგორი მოთმინება მართებს ცოლ-ქმარს შვილების აღზრდისას? როდესაც ადამიანები ერთ ჭერქვეშ ცხოვრობენ, აუცილებლად უნდა შეეჩვიონ ერთმანეთის ხასიათს, მიუტეონ და აპატიონ ერთმანეთს შეცდომები, მოთმინება გამოიჩინონ ყოველგვარი დაძაბულობის ჟამს. უნდა შეეძლოთ პირადი სურვილების, მიზნების, მიდრეკილებების დავიწყება და ოჯახის ინტერესებით ცხოვრება. როდესაც ცოლ-ქმარი ზრუნავს შვილებზე, ავიწყდებათ თავიანთი თავი, ცოლი და ქმარი უფრო მეტად ერთმანეთისათვის ცხოვრობენ, ვიდრე საკუთარი თავისათვის.
დიდსულოვნება, მოთმინება, სიმშვიდე სულიწმინდის ნიჭია და მათი შენარჩუნება და განმტკიცება არსად ისე არ შეიძლება, როგორც ქრისტიანულ ოჯახში. კარგები ვართ თუ ცუდები - ეს ოჯახური ურთიერთდამოკიდებულების მაგალითზე შეიძლება დადგინდეს, როდესაც ვამჟღავნებთ საკუთარ პიროვნებას, არ ძალგვიძს მივჩქმალოთ საკუთარი ნაკლი, ვითვალთმაქცოთ. ოჯახური ცხოვრება ის სარკეა, რომელიც აირეკლავს თვითოეული ადამიანის ხასიათის თვისებებს.
სახლი და ოჯახი მეორე ეკლესია უნდა იყოს ქრისტიანისათვის და იქაც ისეთივე სიწმინდით და ღვთისმოსაობით უნდა ვიცხოვროთ, რათა ვცხონდეთ. ყოველი ჩვენი სიტყვა, საქციელი, იმ თესლს შეიძლება შევადაროთ, რომელიც გამოიღებს კეთილ ან ბოროტ ნაყოფს. ოჯახში განსაკუთრებით დიდია დედ-მამის როლი, შვილები მათგან სწავლობენ ლაპარაკს, მოქცევას. მშობლები შვილებზე წარუშლელ კვალს ტოვებენ, საიდან იღებს დასაბამს ის უღირსი საქციელი, როდესაც ღვიძლი ძმები ერთად ცხოვრებაზე უარს ამბობენ და მოუთმენლად ესწრაფვიან გაყრას? მშობლებმა ბავშვობიდანვე არ შთაუნერგეს მათ ურთიერთსიყვარული, ერთმანეთის გატანა, პატივისცემა არც სიტყვით და არც საქმით.
ასე არ ხდება კარგ ოჯახებში. იქ მშობლები ყოველთვის თვალყურს ადევნებენ თავიანთ შვილებს მოქმედებას, ხასიათს, უღვივებენ ერთმანეთის სიყვარულს, რადგან იციან, რომ კარგად აღზრდილი შვილები სიბერისა და აღსასრულის ჟამს მოხუც, უსუსურ მშობლებს არ მიატოვებენ განსაცდელში, მშობლების ზრუნვა-ამაგს ჯეროვნად დააფასებენ. ასეთი მშობლების აღზრდილი შვილები თავადაც კარგი მეუღლეები, მშობლები იქნებიან, რამეთუ მუდამ ემსახსოვრებათ, რომ მშობელთა ლოცვა-კურთხევის გარეშე არასოდეს იქნებიან ბედნიერნი და ვერც მშვიდად იცხოვრებენ. [B][I][SIZE=14]
|