მერე კიდე იტყვიან ათეისტები რელიგიაში ერკვევიანო
ღვთის ხატი ადამიანში ღმრთივსულიერი მწერალი ადამიანის შესაქმის შესახებ მოგვითხრობს „და თქუა ღმერთმან: ვქმნეთ კაცი ხატებისაებრ ჩუენისა და მსგავსებისავბრ... და შექმნა ღმერთმან კაცი სახედ თვსად და ხატად ღმრთისად შექმნა იგი მამაკაცად და დედაკაცად ქმნა იგინი“ (შესაქ. 1,26-27).
მაინც რას ნიშნავს ღვთის ხატება ჩვენში? ეკლესიური სწავლება მხოლოდ იმას შეგვაგონებს, რომ ადამიანი საერთოდ არის შექმნილი „ხატად“, მაგრამ არ მიუთითებს, თუ ჩვენი ბუნების რომელ ნაწილშია იგი დამკვიდრებული. ეკლესიის მამები და მასწავლებლები ამ შეკითხვაზე განსხვავებულად პასუხობდნენ. ერთნი ღვთის ხატებას გონებაში პოულობდნენ, მეორენი - თავისუფალ ნებაში, მესამენი კი მას უკვდავებაში ხედავდნენ. ამ აზრთა შეჯამებით სრულად წარმოვიდგენთ, თუ რას ნიშნავს წმიდა მამათა სწავლების მიხედვით ღვთის ხატი ადამიანში.
ღვთის ხატი, უწინარეს ყოვლისა, მხოლოდ სულში უნდა დავინახოთ და არა სხეულში. ღმერთი თავისი ბუნებით სრულიად უნივთო, ყოველგვარი სხეულისაგან თავისუფალი, უსპეტაკესი სულია. ამიტომაც განეკუთვნება ღვთის ხატის ცნება მარტოოდენ უნივთო სულს. ამ გაფრთხილების შეხსენებას ეკლესიის ბევრი მამა თვლის საჭიროდ.
ღვთის ხატის ტარების დასტურია ადამიანის სულის ისეთი მაღალი თვისებები, როგორებიცაა უკვდავება - პირველ რიგში, თავისუფალი ნება, გონება, წმიდა, უანგარო სიყვარულის ნიჭი.
ა. დაუსაბამო ღმერთმა ადამიანის სულს უკვდავება მიანიჭა, მაგრამ იგი უკვდავია არა ბუნებითად, არამედ საღვთო მადლით;
ბ. ღმერთი თავის ქმედებებში სრულიად თავისუფალია - მან ადამიანსაც მიანიჭა თავისუფალი ნება და მისცა გარკვეულ ფარგლებში თავისუფლად მოქმედების უნარი;
გ. ღმერთი ყოვლადბრძენია. ადამიანურ გონებასაც შეუძლია, არ შემოიფარგლოს მხოლოდ მიწიერი, ცხოველური მოთხოვნილებებით, საგანთა ხილული მხარის გაცნობით და სიღრმისეულად ჩაწვდეს, შეიმეცნოს და ახსნას მათი ფარული აზრი. ადამიანურ გონებას ძალუძს, ამაღლდეს უხილავისკენ და აზრი წარმართოს ყოველივე არსებულის მიზეზის - ღმერთისაკენ. გონება ადამიანურ ნებას გააზრებულსა და ჭეშმარიტად თავისუფალს ხდის. ადამიანს შეუძლია აირჩიოს თავისი უმაღლესი ღირსებისთვის საკადრრსი და არა ის, რისკენაც ქვენა ბუნება მოუხმობს;
დ. ღმერთმა ადამიანი თავისი სახიერების გამო შექმნა. თავის სიყვარულს ყოველთვის უზიარებდა და უზიარებს მას და საღვთო შთაბერვით სულის მიმღები ადამიანიც მიისწრაფის მონათესავე უმაღლესი საწყისის - ღმერთისკენ, ეძებს და ნატრობს მასთან ერთობას. გარკვეულწილად ამის მიმანიშნებელია მისი სხეულის ზეაღმართული, სწორი მდგომარეობა და ცისკენ მიპყრობილი მზერა. ამრიგად, ღვთის ხატი ადამიანში ღვთისაკენ სწრაფვასა და მისდამი სიყვარულში ვლინდება.
დასასრულ შეიძლება ითქვას, რომ სულის ყოველი კეთილშობილი თვისება და უნარი ღვთის ხატის ასახვას წარმოადგენს.
განსხვავდება თუ არა ერთმანეთისაგან „ხატი ღვთისა“ და „მსგავსება ღვთისა“? ეკლესიის წმიდა მამებისა და მასწავლებელთა უმეტესობა პასუხობს, რომ განსხვავდება. ისინი ხატს ღვთასას თავად სულის ბუნებაში პოულობენ, მსგავსებას კი - ადამიანის ზნეობრივ სრულყოფაში, მასში სათნოებათა, სიწმიდისა და სულიწმიდის ნიჭთა დამკვიდრებაში ხედავენ. ამრიგად, ღვთის ხატი ჩვენ უფლისაგან გვეძლევა შექმნისთანავე, ხოლო მსგავსება ჩვენ თავად უნდა შევიძინოთ. ღმერთი მხოლოდ ამის შესაძლებლობას გვაძლევს. გახდე „მსგავსი“, დამოკიდებულია ჩვენს ნებაზე და სათანადო მოღვაწეობით შესაძლებელი ხდება ამის მიღწევა. ამიტომაც არის ნათქვამი საღვთო „ბჭობაზე“: „ვქმნეთ კაცი ხატისაებრ ჩუენისა და მსგავსებისაებრ“, ხოლო თავად შექმნაზე „ხატად ღმრთისად შექმნა იგი“ (შესაქ. 1,26-27). წმ. გრიგოლ ნოსელის მსჯელობის თანახმად, ჩვენ საღვთო „ბჭობით“ მოგვეცა შესაძლებლობა, მისი „მსგავსნი“ გავხდეთ.
პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი
დოგმატური ღვთისმეტყველება
http://www.orthodoxy.ge/gvtismetkveleba/pomazanski/9.htm