არიან თუ არა სომხები მონოფიზიტები?
თავად ამბობენ არა ვართო - კი, ასეა. მაგრამ განა ეს საკმარისია, იმისთვის, რომ ჩავთვალოთ, რომ სომხები მართლმადიდებლები არიან? ჩემის აზრით, ჩვენი ეკლესიების ურთიერთობა ორ პლანზე უნდა განვიხილოთ: ერთის მხრივ, დოქტრინალურ და მეორეს მხრივ - ისტორიულ ჭრილში.
დოქტრინალურად:
ძნელია აქ ორ ფრაზაში ქალკედონის კრებასთან დაკავშირებული პერიპეტიების აღწერა. ამას ერთი კარგი ისტორიული ნაშრომის წაკითხვა სჭირდება. ასევე ბევრად უფრო ღრმა თეოლოგიური ცოდნა, ვიდრე მე გამაჩნია, მაგრამ ორი სიტყვით შევეცდები, ჩემი აზრი ვთქვა (ეს პერიოდი ძალიან მიყვარს და მახსოვს რომ ოთერგილაც ამ პერიოდს უჯდებოდა და კაი იქნება თუ მოვა და შეგვეხმიანება).
ქალკედონი (451) იყო მსოფლიო ეკლესიის ისტორიაში ძალიან მნიშვნელოვანი კრება. მან დააბალანსა ქრისტეს ორბუნებიანობის დოქტრინა და დაგმო, ერთის მხრივ, ნესტორიანიზმი (1) და მეორეს მხრივ ევტიხიანური მონოფიზისი (2). ქაკედონის საბოლოო განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ იესო იყო კაცი და ღმერთი, ორ ბუნებაში და რომ ეს ორი ბუნება ერთმანეთთან იყო თანაზიარებაში "აღრევის გარეშე, ცვლილების გარეშე, გაყოფის გარეშე და დაყოფის გარეშე" (3). ეს ძალიან მოკლედ და არასრულად, რადგან კრების პერიპეტიები საკმაოდ დრამატულად განვითარდა და ამაზე დაწვრილებით საუბარი ამ პოსტის წაკითხვას შეუძლებელს გახდის.
მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს, ყველაფერი ნათელი უნდა ყოფილიყო, ასე სულაც არ აღმოჩნდა. აღმოსავლეთში და განსაკუთრებით ალექსანდრიასა და ანტიოქიაში, აღმოჩნდა, რომ საეკლესიო მოღვაწეების, ბერების და მრევლის დიდი ნაწილი (ობიექტურ და სუბექტურ მიზეზთა გამო) ქალკედონს არ აღიარებდა, რადგან მიაჩნდა ის ნესტორიანელთა რეაბილიტაციად. მათ პოზიციას ამაგრებდაის, რომ წმინდა პაპი ლეონის გარდა (რომელიც მერე მალევე გარდაიცვალა) აღარ დარჩა ძლიერი, გამორჩეული სასულიერო მოღვაწე, ქარიზმატიული პერსონა,რომ ქალკედონის მცველობა ეკისრა და მას ფაქტიურად დაეპატრონენ ღიად ან ჩუმად ნესტორიანული სიმპატიების მქონე ბერები და მღვდლები. ყოველ შემთხვევაში, მეხუთეს ბოლოს ქალკედონს ბევრი პრო-ნესტორიანელი მხარდამჭერი ჰყავდა და ცდილობდნენ თავისთვის გამოეყენებინათ (თუ ვინმეს ამის წარმოდგენა უჭირს, შეუძლია ამ ფორუმის ბოლო თვეების ფურცლებს გადახედოს და ნახოს, როგორ იყენებენ ზოგიერთი პარა-რელიგიური დაჯგუფების წევრები ქალკედონს იესო ქრისტეს ბუნებათა გათიშულობის საქადაგებლად). ამას მოჰყვა ძალიან დიდი დოქტრინალური დავები და რეპრესიები. ძალიან ბევრმა კარგმა სასულიერო მოღვაწემ მონოფიზისმის მხარე დაიკავა, როგორც უდიდესმა ქართველმა მოღვაწემ, დიდმა პატრიოტმა და მოღვაწე ადამიანმა, ჯვრის მონასტრის დამაარსებელმა და ღაზას ეპისკოპოსმა, პეტრე იბერმა, რომელიც დღეს ჩვენს ეკლესიაში წმინდანადაა შერაცხული მიუხედავად მისი იმდროინდელი პოზიციებისა (მისი შეგირდი იყო ასევე პეტრე ფულონი, ანტიოქიელი პატრიარქი). ამ არეულობას ხელი შეუწყო საიმპერატორო პოლიტიკამ, როდესაც, ზენონიდან მოყოლებული, საულ მცირე სამი იმპერატორი (და ერთი უზურპატორი) ჰენოტიკონის (4) რეჟიმს მისდევდა, რომელიც თითქოს არც მწვადს სწვავდა და არც შამფურს, მარა ფაქტიურად აბათილებდა ქალკედონის წმინდა კრების დასკვნებს და ამით ერესს წარმოადგენდა. ამას მოჰყვა იუსტინიანეს პერიოდი და მიუხედავად იმისა, რომ იუსტინიანე ქალკედონელი იყო, მან და მისმა მეუღლემ თეოდორამ, თითქოს შერიგების მცდელობით ხელი დააფარეს მონოფიზიტ მღვდელმთავრებს, რომლებმაც ინდისტრიულ რეჟიმში დაიწყეს ეპისკოპოსების და მღვდლების ხელდასხმა (დღეში ასობით!) და იუსტინიანეს პარიოდის ბოლოს 670-იან წლებში, უკვე არსებობდა ორი პარალელური საეკლესიო სტრუქტურა აღმოსავლეთში: ქალკედონური (მართლმადიდებელი) და ანტი-ქალკედონური, მონოფიზიტი, თუმცა, არცერთი მათგანი არ აღიარებდა მონოფიზისს და არ ამბობდა, რომ იყვნენ მონოფიზიტები. მათი აზრით, ისინი იყვნენ მართლმადიდებლები და ქალკედონელები იყვნენ ნესტორიანელები. სხვათა შორის, მათი უმრავლესობა გმობდა ევტიხეს. ანუ რადიკალურად პოლარიზებული სურათი კი არ იყო, არამედ საკმაოდ ძნელად გასარჩევი, პოლიტიკურ და ბოლოს უკვე კულტურულ (როცა კოპტებმა, სომხებმა და ასირიელთა ერთმა ნაწილმა ეს განხეთქილებები შოვინისტურ კონტექსტში გამოიყენა) საკითხებთან მჭიდროდ დაკავშირებული ჩახლართული სიტუაცია.
ამას დავუმატოთ ათიათასობით მსხვერპლი და დიდძალი ძალადობა ორ ბანაკს შორის და მივიღებთ სრულ პოსტ-ქალკედონურ დეკორს, რომლიც წარმოადგენდა, ბიზანტიურ-რომაულ სქიზმამდე ყველაზე დიდ, მასშტაბურ, ტრაღიკულ და სისხლიან განხეთქილებას ქრისტიანობის ისტორიაში. ამ პირობებში, სომეხთა დვინის საკათალიკოსომ, მიიღო გადაწყვეტილება, რომ საბოლოოდ დაეკანონებინათ ანტიქალკედონობა სომხეთის ეკლესიაში. ეს გადაწყვეტილება მოხდა სპარსეთი იმპერიისთვის საამებლად. ის, თუ როგორ შეხვდა ამას ქართული ქრისტიანობა და როგორ გაევლო საბოლოოდ მართლმადიდებლობისა და ანტიქალკედონობის საზღვარი კავკასიასა და მიმდებარე რეგიონში, ნათქვამია ქართულ პირველწყაროში, არსენ საფარელის "განყოფისათვის ქართველთა და სომეხთა", რომელსაც ნებისმიერ ბიბლიოთეკაში მოიძიებთ. ასევე, მეიენდორფს აქვს რეზიუმეს სახით, ორ გვერდზე აღწერილი. საქართველო საბოლოოდ წყვეტს კავშირს დვინთან კვირიონ კათალიკოსის აღსაყდრებისას, როცა კირიონი ხდება კავკასიაში ქალკედონის დამცველი და მცხეთა იქცევა სულიერ ცენტრად არა მხოლოდ ქართველებისთვის, არამედ იმ სომხებისთვის, რომლებიც ქალკედონის ერთგულნი დარჩნენ. ეს დვინს ძალიან აღიზიანებდა და მათმა კრებამ კირიონი ანათემას გადასცა.
აი აქ გადავდივართ ისტორიულ ჭრილზე.
უნდა ითქვას, რომ ქართველებსა და სომხებს შორის არსებობდა რაღაც ბუნებრივი ქიშპი. თუნდაც გიორგი მთაწმინდელის ცხოვრებაში, ორჯერაა სომხეთი და სომხები ნახსენები და ორჯერვე ძალიან ნეგატიურ კონტექსტში (ერთხელ გიორგის დაბადების რეგიონის აღწერისას; მეორედ - იმპერატორის კარზე გასაუბრებისას, სადაც გიორგი აფიქსირებს თავის აზრს რომაელებზე და სომხებზე). საქართველოს ისტორიის სხვადასხვა უკუღმართ ხანაში, სომხები სარგებლობდნენ და აკნინებდნენ ქართველ სამღვდელოებას, მეორედ ნათლავდნენ ქართველებს, რაც ტრადიციის საწინააღმდეგო იყო, თუნდაც ნესტორიანელთა და მონოფიზიტთა მიმართ მართლმადიდებლობაში (დღეს ეს ტრადიცია ზოგიერთი ფანატიკური ზეგავლენით დაიკარგა, თავად საქართველოშიც), რადგან სამების სახელით ნათელღებულს თავიდან არ ნათლავდნენ. იყო პერიოდი, როცა ოსმალებმა აკრძალეს მართლმადიდებლობა (როგორც ბერძნული ზეგავლენის ტრადიცია) და კათოლიკობა (როგორც დასავლური) და მხოლოდ სომხებს მისცეს ლეგალური არსებობის საშუალება (5). ამ პერიოდში სომხები ბევრ ქართულ ტაძარს დაეპატრონენ და ბევრი ქართველი მონათლეს თავიდან. ჩვენი ერების ისტორია მოწამლული ქიშპობის ისტორიაა. ჩემი სუბიექტური აზრით იმიტომ, რომ სომხებს გააჩნდათ და გააჩნიათ საქართველოს შური და ბოღმა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე მე დავასკვნიდი,რომ:
- ქალკედონის პერიოდში ბევრი გაუგებრობა მოხდა. ეს გაუგებრობები დღევანდელი კომუნიკაციის და ცოდნის პირობებში შეიძლება აღმოფხვრას. სომხები აცხადებენ რომ არ არიან მონოფიზიტები. მეც წამიკითხავს, საფრანგეთში სომხური დიასპორის საიტზე ეს. თუმცა იქვე ამბობენ, რომ ქალკედონს გაყოლილი ერები არ იყვნენ ავტოკეფალურები და ბიზანტიის ტახტის წნეხში იყვნენ (მაშინ როცა თავად გააკეთეს ანტიქალკედონობის არჩევანი სპარსელებს რომ შეტენოდნენ, მაპატიეთ ვულღარულობა). ასე ერთობა არ გამოვა. მე გული შემტკივა და მიყვარს ქრისტესმიერი სიყვარულით სხვა მონოფიზიტებიები, როგორებიც არიან კოპტები და ასირიელი იაკობიტები (სირიელი მონოები). ჩვენ უნდა შევწყვიტოთ მათთვის მწვალებლების ძახილი და დავუშვათ, რომ გაუგებრობების ხარჯზე მოხდა გაუცხოება. მაგრამ მათ უნდა აღიარონ ქალკედონი, რადგან ამის გარეშე არ არსებობს მართლმადიდებლობა. ამ შემთხვევაში, არათუ სასურველი, აუცილებელია აღდგეს ერთობა. რაც შეეხება სომხებს, აქ მე პირადად, რაგინდ ტვინშეზღუდულად უნდა მიმიჩნიოთ, მაბრკოლებს მათი გამგლეჯობა და შური. ამიტომ დიდად არ ვილტვი ერთობისკენ, როგორც სხვა მონოებთან. ყველა ვარიანტში, ქალკედონის გარეთ არ არის ერთობა მონოებთან, თორე აღმოვჩნდებით იმ შუალედურ ზომებში, რომლებსაც იმპერატორები იგონებდნენ და რაც იყო ერესი.
ხოლო რაც შეეხება მის მიერ ჯვრის გამოსახვას და ხალხის დალოცვას, ამაში არაა არც ლიტურგიული აქტი და არც ევქარისტია და სტიქაროსნების და სხვების ქმედება კიდევ ერთი მანიფესტაციაა უვიცობაზე და შიშებზე აშენებული გურჯული ფსიქოზისა, რომელიც მოცახცახე მრევლს სჭირს დღეს. დიდი ამბავი პირჯვარი გამოგსახათ. მიდით ეხლა და ერევნის ხსნარით იბანავეთ,რომ მწვალებლური ჯვარი მოიფხიკოთ.
_______________________________________________________________________
(1) - პლენარულ სხდომებზე წაკითხულ იქნა კირილეს ანათემები. ისინი დადასტურდა. გამოცხადდა რომ ქალწული მარიამი არის თეოტოკოსი, ანუ ღვთისმშობელი და რომ არავინ სხვა, გარდა სამების მეორე პირისა, ძისა, ლოგოსისა, არ ევნო ჯვარზე, ანუ ჯვარზე ევნო ღმერთი, ადამიანის ხორცში და არა ადამიანი ხორცში, ანუ მხოლოდ იესოს ადამიანური ბუნება, როგორც ამას ნესტორიანელები აცხადებდნენ (ღმერთის ვნებას ჯვარზე ჰქვია თეოპასხიზმი).
(2) - ნესტორის დოქტრინა დაიგმო მესამე მსოფლიო კრებაზე, ეფესოში (431). ამის შემდეგ, ნესტორიანიზმის საპირისპირო პოლუსზე, ნელ-ნელა იბადება ის, რასაც მოგვიანებით დაერქმევა მონოფიზისი. ამ დოქტრინის ყველაზე ნათელი, უკიდურესი და სამაგალითო აზრებს წარმოადგენს, კ-პოლელი არქიმანდრიტის, ევტიხეს აზრები, რომლის მიხედვითაც ორი ბუნება იმდენად განუყოფელია, რომ ინკარნაციამდე (ხორცშესხმამდე) ხდება მათი ერთობა, შეზავება და ამ განმღრთობით ქრისტეს ადამიანური ბუნება, ჩვენი ბუნების თანაარსი აღარაა.
(3) - ფორმულა ცნობილია, როგორც 4 უარყოფა. ეს მეთოდი ცნობილია ღვთისმეტყველებაში. როცა ადამიანურ ენაზე ვერ გამოითქმება ღმერთის აზრი, ითქმის ის, რაც არ არის, ანუ უარყოფით ხდება მიუღებლის გამორიცხვა.
(4) - ჰენოტიკონი იყო ტრაქტატი, რომელიც დაწერა ზენონმა, მონოფიზიტების დასამშვიდებლად და რომელშიც გამოტოვებული იყო ქალკედონის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი. ფაქტიურას ეს იყო ერესი და ამის გამო რომის პაპებმა (რომლებიც მკაცრად ქალკედონელები იყვნენ) დაგმეს ეს რეჟიმი და 3 კ-პოლელ პატრიარქთან გაწყვიტეს კავშირი და ანათემას გადასცეს (აკაციუსი, მაკედონიუსი.... მესამე აღარ მახსოვს). ეს სიხისტე ცოტა ზედმეტი იყო, რადგან არცერთი ამ სამთაგანი არ იყო მონოფიზიტი. ამაზე ცალკე შეიძლება მსჯელობა. ჰენოტიკონის მსგავსი ტრაქტატები გამოიცა რამდენიმე იმპერატორის მიერ, თუმცა ეკლესიის მამებში და საერთოდ ეკლესიაში, ამ ტრაქტატებს არასდროს ჰქონდათ ოფიციალური სტატუსი და არ ცვლიდნენ დოქტრინას - ეს უნდა იცოდნენ მათ ვინც სრულ ცეზაროპაპიზმზე და იმპერატორების მიერ ქრისტიანობის "ტყვეობაში" აყვანაზე საუბრობს ხოლმე.
(5) - ამ პერიოდის ზუსტი დათარიღება მიჭირს, მაგრამ მოძიება არ უნდა იყოს ძნელი. ეს აღწერილია პაპაშვილის "რომისა და საქართველოს ურთიერთობა"-ში.
This post has been edited by Uchimata on 15 Jun 2011, 19:33