კიდევ ერთი ტერმინი:
ტრიალიზმი _ ცოტა უმარჯვო ტერმინია, ინგლისურში შეიძლება გასამართლებასთან დააკავშირო და ტრაიალიზმად წაიკითხო, ქართულში _ ბრუნვა-ტრიალთან დაკავშირებულად გაიგო, მაგრამ ეს არის დუალიზმის ღვიძლი დაიკო და ფუძეს იღებს ბერძნულ-ლათინური ძირიდან ტრეს, ტრია _ რაც ნიშნავს სამს.
ფილოსოფიაში ტრიალიზმი პირველად შემოტანილი იქნა ჯონ კოტინგემის (John Cottingham) მიერ, როგორც დენე დეკარტის გონებისა და სხეულის დუალიზმის ალტერნატიული ინტერპრეტაცია. მისი ტრიალიზმი ინარჩუნებდა საწყის ორ სუბსტანციას (გონებას და სხეულს), მაგრამ შემოჰქონდა მესამე ატრიბუტი, გრძნობა, შეგრძნება (sensation), რომელიც აგრეთვე გონება-სხეულის ერთიანობაში შედიოდა. ეს საშუალებას აძლევდა მკვლევარს, რომ ცხოველები (თუმცაღა გონებას მოკლებულნი) განეხილა შეგრძნების უნარის მქონედ და არა უბრალო სხეულებრივ ავტომატებად.
უნებლიეთ მახსენდება აქ რუსთაველი:
გული, გრძნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან,
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკე მიდიან...
ქრისტიანული ტრიალიზმი არის უკვე დოქტრინა, რომ ადამიანებს გააჩნიათ სამი ცალკე ძირითადი არსი (სხეული, სული, სამშვინველი _ body, soul, spirit), რაც ეყრდნობა 5:23 1-ლ თესალონიკელთა მიმართ:
"ხოლო თავადმან ღმერთმან მშჳდობისამან წმიდა გყვენინ თქუენ ყოვლითა სრულებითა და ყოვლითა სიცოცხლითა, სული თქუენი, სამშჳნელი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მას უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხენინ".
ახალი ქართულით:
"თვით მშვიდობის ღმერთმა წმიდა-გყოთ მთელი სისრულით, რათა თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის".
ეს დოქტრინა სულს თვლის სხეულისა და სამშვინველის ერთობის წევრად, რაც მას უხეშად შეთავსებადს ხდის ფილოსოფიურ ტრიალიზმთან. მიუხედავად ამისა, ევანგელისტი კენეთ კოპლანდი კრიტიკის ცეცხლში გაატარა ჰენკ ჰეინგრაფმა იმის გამო, რომ ამ ევანგელისტმა სამების თითოეულ წევრზე გაავრცელა ტრიალიზმი და უკვე 9 არსი გამოუვიდა.

მე ტრიალიზმამდე მივედი მაშინ, როცა მატერიის ფუნდამენტურ თვისებებზე ვფიქრობდი და ნაწილაკურ და ტალღურ თვისებებს კიდევ ინფორმაციული თვისება მივუმატე.
თუმცა, დროში და სივრცეში არსებობის თვისებამ შეიძლება პენტადადაც გახადოს ეს ტრიადა, ფუნდამენტური თვისებების რაოდენობა, 2 თუ მეტი, ამდენად, ცოტა სადავოა.
წყარო: Cottingham, J. Cartesian Trialism, Mind, 1985.
და ვიკიპედიის ინგლისური სტატია ტრიალიზმზე.
This post has been edited by ლაბარნა on 30 Jan 2013, 22:45