ნინო დარბაისელიმარადი ანუ ორთავსოფლის კონფორმისტები (დილაუზმოს ჩანაწერებიდან ) ქრისტიანი კი ვარ, მაგრამ მოძღვრისთვის აღსარება არასოდეს მითქვამს. ადამიანი კი , რომელსაც არაერთი ცოდვა მიუძღვის ჩემ წინაშე, ეკლესიური ცხოვრების გზას დასდგომია.
მსმენია, ზოგჯერ მორწმუნენი აღსარებამდე მოსანანიებელ ცოდვათა სიასაც წერენ, ზოგი მატებადობის, ზოგი კლებადობის მიხედვით.
მან, ალბათ, საიდანაც არ უნდა დაიწყოს, იმ სიაში კარგახანს მოხვედრა არ მიწერია.
თუმცა ჩემთვის ამით რამე იცვლება?
უბრალოდ, ჩემი მუდმივი სენი - ცნობისმოყვარეობაა.
***
მარადი კონფორმისტები - არიან ასეთნიც... ხანდაზმულობამდე მუცელზე ხოხვით სად არ შემძვრალან , რა არ ჩაუდენიათ. ხორცსაც მრავალი აამეს.
დღეს მოსანაგრებელი ბევრი რომ აღარაფერი ეგულებათ ამქვეყნად, ლოცვა-მარხვაში გაჰყავთ წუთისოფელი, თავს არ აპატიებენ, შვიდგზის ლოცვიდან ერთიც რომ ჩაუვარდეთ და ა.შ , ვინძლო იმქვეყნიური კომფორტიც დროულად მოითადარიგონ.
ხვალ საცდურს თვალი რომ მოჰკრან, ღვთისმოსაობა უცებ მიავიწყდებათ.
ზეგ - ისევ აღსარება-სახარება და ასე...
ჩვენი საზოგადოება თანდათან ივსება ამ ტიპის ადამიანებით , მარადი , ასე ვთქვათ, ,,ორთავსოფლის კონფორმისტებით", ყოველგვარ კონიუქტურას შესანიშნავად რომ ერგებიან და ირგებენ, საკუთარი ნალოლიავები იმიჯის სამშვენისად ნონკონფორმისტობაც კი რომ უნდათ მიიკერონ და ა.შ
***
მომრავლდნენ ადამიანები, ვისთვისაც:
მარხვა - გამაჯანსაღებელი მცენარეული დიეტაა,
ლოცვა - მეხსიერების ვარჯიში ან კითხვაში გაწაფვის საშუალება,
პირჯვრისწერა - პირობითი რეფლექსი,
წმინდა წერილი - კრებული მარჯვე საზეპიროებისა, მათთვის არასასურველ, თუნდ მართებულ ნათქვამზე მისაგებად,
აღსარება - ერთი მსახიობის თეატრი ერთი მაყურებლის წინაშე,
ზიარება - ნაქები წამალი, რომელსაც მშვიდად ყლაპავენ, პრინციპით - ,,თუ არ მარგებს, არ მაწყენს!"..
განკითხვა სხვათა ,,განმკითხველისა" - თავისი საქმე და მოწოდება,
და ვერ ხვდებიან, რომ თუნდაც ამ ,,განმკითხველის განმკითხველობით", უფლის ნებას გადადიან.
თვალი კი ისევ მგელივით ცხვრისკენ უჭირავთ.
***
მეგობრები მეუბნებიან, ეს ყველაფერი ცივილიზაციის ბრალიაო.
ცივილიზაცია დიდია და კიდევ ბევრ ბრალდებას აიტანს ჩვენი მხრიდან, მაგრამ ეს ადამიანებს ჩვენი წილი პასუხისმგებლობისაგან გვათავისუფლებს?
იმასაც ამბობენ, ასე შექმნა ღმერთმა ადამიანი, ცოდვა და მადლი, დაცემა და მონანიება, ბნელი და ნათელი უერთმანეთოდ არ არსებობსო, მე კი ვპასუხობ, რომ ღმერთს ადამიანი ასეთი გ ა მ ო უ ვ ი დ ა...
,,ილოცე მათთვისო!"
,,მე ჩემთვის არა ვლოცულობ, ღმერთი არ შევაწუხო-მეთქი" - მაგონდება ოთარაანთ ქვრივის სიტყვები და სევდიანად მეღიმება.
განა ჩვენ განმსჯელად გამოვდგებითო? ... ნუ განიკითხავ, რათა არა განიკითხოო.
მე კი ვფიქრობ, არსებობს რაღაც საცდური, უფლის ამ სიტყვების არასწორი გაგების შემთხვევაში - საცდური იმისა, რომ ჩვენში დაბუდებული კონფორმისტული სიზანტეც ამით გავამართლოთ და არხეინად ვიცვალოთ გვერდი, მხართეძოზე წამოწოლილებმა.
http://www.facebook.com/nino.darbaiseli#...150314987641037 This post has been edited by nino darbaiseli on 20 Sep 2011, 04:01
როდესაც ადამიანები ამბობენ, რომ სიმართლე უყვართ, იგულისხმება მხოლოდ ის სიმართლე, რომელიც მათ სასარგებლოდ მეტყველებს.
...და ჩვენს სასარგებლოდ მეტყველი სიცრუეც - საყვარელი თუ არა, ადვილად ასატანი ხომ მაინც არის?
http://forum.ge/?showtopic=33836566&f=&st=420&#entry20646004