HOMO
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 952
წევრი No.: 124970
რეგისტრ.: 18-December 10
|
#28222734 · 8 Nov 2011, 19:41 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
წმიდა ბასილი დიდი – ახალგაზრდებს იმის თაობაზე, როგორ მიიღონ სარგებლობა წარმართული მწერლობიდან*
ბევრი რამ მაქეზებს, ყრმანო, თქვენთვის რჩევის მოსაცემად, იმის შესახებ, თუ რას ვთვლი საუკეთესოდ და რაც, უკეთუ შეიწყნარებთ, მჯერა, სარგებლობას მოგიტანთ: ასაკი, რომელიც მაქვს, წვრთნა, რომელიც მრავალი საქმით მივიღე, ყოველთა განმსწავლელი ცვალებადობანი, რომელთაც საკმაოდ ვეზიარე, რადგან ყოველივე ამან კაცობრივ საქმეთა შინა გამოცდილება შემძინა. ამიტომაც შემიძლია, მას, ვინც ცხოვრებას ეს-ეს არის შეუდგა, ყველაზე უსაფრთხო გზა ვუჩვენო. გარდა ამისა, რამდენადაც ბუნებით ნათესაობის გამო თქვენთვის მშობლების შემდეგ ვდგავარ, თქვენ მიმართ თქვენს მამებზე ნაკლებად კეთილგანწყობილი არც მე ვარ, და თუ არ ვცდები, ვფიქრობ, თქვენც, როცა მე მხედავთ, მშობლებიც ისე აღარ გენატრებათ. ასე რომ, უკეთუ ჩემს ნათქვამს სიამოვნებით მიიღებთ, ჰესიოდეს მიერ შექებულთა შორის მეორე დასში აღმოჩნდებით, ხოლო უკეთუ – არა, არასასიამოვნოს არაფერს გეტყვით, მაგრამ თავადვე გაიხსენეთ ის სტრიქონები, რომელშიც ამბობს: რჩეულთა შორის რჩეულია, ვინც თვითონვე ჭვრეტს იმას, რაც სჭირდება, ჩინებულია ისიც, ვინც სხვათაგან ნაჩვენებს მისდევს, ხოლო ვისაც არც ერთი ძალუძს და არც მეორე, სავსებით უვარგისია.1
ნუ გაიკვირვებთ, თუკი თქვენ, რომელნიც მასწავლებელთან ყოველ დღე დადიხართ და ურთიერთობას ძველი დროის გამოჩენილ კაცებთან მათ მიერ დატოვებულ თხზულებათა მეშვეობით ამყარებთ, გეტყვით, რომ, ჩემი მხრივ, მათთან რაღაც უფრო სასარგებლო ვიპოვე. სწორედ ამის შესახებ მინდა გირჩიოთ: სახელდობრ, საჭირო არაა საჭე თქვენი აზროვნებისა, ვითარცა ხომალდისა, ერთხელ და სამუდამოდ ამ კაცებს გადასცეთ და საითკენაც არ უნდა წაგიყვანოთ, გაჰყვეთ; არამედ, მიიღებთ რა მათგან იმას, რაც სასარგებლოა, ისიც უნდა იცოდეთ, რა უგულებელყოთ, ხოლო რა არის ეს სასარგებლო და რა უგულებელსაყოფი და როგორ უნდა გავარჩიოთ ისინი ერთმანეთისაგან, ამას ახლა გასწავლით.
ყრმანო, ვფიქრობთ რა, რომ ამ კაცობრივ ცხოვრებას არავითარი ფასი არა აქვს, ჩვენ საერთოდ არ მივიჩნევთ და არც ვუწოდებთ სიკეთეს იმას, რაც კმაყოფილებას მხოლოდ ამ ცხოვრებასა შინა გვანიჭებს. არც სახელგანთქმულობა წინაპრებისა, არც სიძლიერე, სილამაზე და სიდიდე სხეულისა, არც პატივის მოხვეჭა ყოველთა კაცთაგან, არც ეს სამეფო და არც კიდევ სხვა რამ, რასაც კაცობრივ საქმედ იტყვიან, არა თუ დიდად, არამედ სასურველობის ღირსადაც კი არ მიგვაჩნია და მზერას იმათ კი არ ვაპყრობთ, რომელთაც ეს ყოველივე აქვთ, არამედ სასოებას უფრო შორეულზე ვამყარებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა სხვა ცხოვრებისათვის მოვემზადოთ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ის უნდა შევიყვაროთ, რაც ამაში შეგვეწევა და ყოველი ღონით მას უნდა მივსდიოთ, ხოლო ის, რაც ამისთვის არ გამოგვადგება, ვითარცა სრულიად უფასური, უგულებელვყოთ.
რა არის ის ცხოვრება და სად და როგორ გავატარებთ მას? ამაზე საუბარი უფრო მომავლის საქმეა, ჩვენს ახლანდელ განზრახვას ნაკლებად შეეფერება და მოსმენითაც თქვენზე უფროსებმა უნდა მოისმინონ. თუმცაღა, შეიძლება საკმარისად წარმოგიდგინოთ იგი, თუკი გეტყვით: ვინმემ რომ შესძლოს სიტყვით მოიცვას და ერთად შეკრიბოს კაცთა მიერ განცდილი ყველა ბედნიერება დაბადებიდან მოყოლებული, აღმოჩნდება, რომ ოდნავადაც ვერ გაუსწორდება სიკეთეებს იმ ცხოვრებისა და, რომ, პირიქით, ერთად აღებული აქაური სიკეთენი იქაურ სიკეთეებთან ყველაზე მცირესაც კი, უფრო დიდად ჩამორჩება, ვიდრე აჩრდილი და სიზმარი – სინამდვილეს. უკეთესად რომ ითქვას, შედარებით თვალსაჩინო მაგალითს გამოვიყენებ: რამდენადაც სული ყოველმხრივ უფრო პატივსაცემია სხეულზე, იმდენად განსხვავდება აქაური ცხოვრება იქაურისაგან.
ამ ცხოვრებისაკენ, რაღა თქმა უნდა ჩვენ წმინდა წერილს მივყავართ, რომელიც საიდუმლოთა საშუალებით გვზრდის; მაგრამ, ვიდრე ასაკის გამო, მისი ღრმა აზრის წვდომას შევძლებდეთ, გარკვეული დროის განმავლობაში სულიერ თვალს წინასწარ, ვითარცა აჩრდილებითა და სარკეებით, მათგან არც თუ ძალიან დაშორებული თხზულებებითაც ვწვრთნით, ვბაძავთ რა ამ დროს სამხედრო წყობაში დახელოვნებისათვის მოვარჯიშეებს. ისინი ხელებისა და ფეხების მოქნილი მოძრაობით გამოცდილებას იძენენ და ამ სპორტული თამაშისაგან მიღებულ სარგებელს ნამდვილ ბრძოლებში იყენებენ.
ხოლო ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ წინ ყველა ბრძოლაზე დიდი ბრძოლა გველის, რომლისთვისაც ყველაფერი უნდა ვიღონოთ და მისთვის მოსამზადებლად, ძალისაებრ ჩვენისა, გავისარჯოთ; გონებით ვესაუბროთ პოეტებს, ისტორიკოსებს, ორატორებსა და საერთოდ ყველა ადამიანს, ვისგანაც კი სულზე ზრუნვისათვის რაღაც სასარგებლოს შეძენა შეიძლება. მსგავსად ხელოვანთა, რომელნიც თავდაპირველად რაღაც საშუალებებით იმას ამზადებენ, რამაც ფერი უნდა მიიღოს და ფერს, მეწამული იქნება ის თუ სხვა რომელიმე, მერე ადებენ, ასევე ჩვენც, რათა დიდება ჩვენი სათნოებისა წარუშლელი დარჩეს, ამ გარეშე მწერალთა შესწავლის გზით უკვე მომზადებულნი, წმინდასა და საიდუმლო გაკვეთილებს ყურადღებით მოვისმენთ, და ვითარცა მზის წყალში ცქერას შეჩვეულები, ბოლოს თვალს თავად მის ნათელსაც შევავლებთ. ამიტომ, უკეთუ სწავლებათა შორის რამდენადმე ნათესაობა არსებობს, მათი ცოდნა სწორედაც რომ გვმართებს, ხოლო უკეთუ არა, - შესწავლა სხვაობისა, რომელიც დაპირისპირებულებს ქმნის, არანაკლებ გვჭირდება უკეთესის განსამტკიცებლად.
მაგრამ შესაცნობად მათი სახისა, თითოეული ამ სწავლებათაგანი რას შევადაროთ? რა თქმა უნდა, ხის საკუთარ სილამაზეს სიუხვე მწიფე ნაყოფისა წარმოადგენს, მაგრამ მას რამდენადმე სხვა სამკაულიც აქვს – ფოთლები, რომლენიც რტოებზე შრიალებენ. ასევე სულისთვისაც უწინარესად ნაყოფი ჭეშმარიტებაა, მაგრამ უსიამოვნო არც ის იქნება, თუ იგი გარეშე სიბრძნით შეიმოსება, ვითარცა ფოთლებით, რომლენიც ნაყოფის საფარველსაც წარმოადგენენ და არც შეუფერებელ სანახაობას ქმნიან. ამიტომ ამბობენ, რომ სახელგანთქმულმა მოსემ, ვისი სახელიც, სიბრძნის წყალობით, კაცთა შორის უდიდესია, გონება ჯერ ეგვიპტური მეცნიერებებით გაწვრთნა და არსებულის2 ჭვრეტას შემდეგ მიეახლა. მოგვიანებით მსგავსად მოგვითხრობენ ბრძენი დანიელის3 შესახებაც, ვინც ჯერ ბაბილონში ქალდეველთა სიბრძნე შეისწავლა და ღმრთეებრივ გაკვეთილებს მერე ეზიარა.
მაგრამ იმის შესახებ, რომ გარეშე მეცნიერებანი სულისათვის უსარგებლო როდია, უკვე საკმარისად ითქვა. ახლა ის ვთქვათ, როგორ უნდა შეისწავლოთ ისინი, უწინარესად პოეტები. მათგან დავიწყებ; რამდენადაც თავიანთ თხზულებათა მიხედვით პოეტები სხვადასხვაგვარად წარმოდგებიან, გონება მიმდევრობით ყოველთვის ყველაფერზე კი არ უნდა შეაჩეროთ, არამედ მაშინ, როცა კარგი ვაჟკაცების საქმეებსა ან გამონათქვამებს გადმოსცემენ. ისინი უნდა შეიყვაროთ, მოშურნეობდეთ და ძალიან უნდა შეეცადოთ, რომ მათ დაემსგავსოთ; ხოლო როცა სულმდაბალ კაცებს ასახავენ, თავი უნდა აარიდოთ და ყურებიც ისე დაიცოთ, როგორც ეს ოდისევსმა გააკეთა, როგორც თავადვე ამბობენ, სირინოზთა სიმღერისას.4
შეჩვევა უშვერი სიტყვებისა ხომ ერთგვარი გზაა [უშვერ] საქმეებზეც გადასასვლელად. ამიტომ სული ყოველი ღონით უნდა დავიცვათ და გავუფრთხილდეთ, რათა სასიამოვნო სიტყვების შეწყნარებისას, ვითარცა მათ, რომელნიც თაფლთან ერთად საწამლავსაც იღებენ, რაიმე ბოროტიც არ შემოგვეპაროს. ასე რომ, პოეტებს ჩვენ ყოველივესათვის როდი ვაქებთ, არ ვაქებთ მაშინ, როცა ისინი ცუდსიტყვაობენ, ვნებით აგზნებულებსა და მთვრალებს ასახავენ, ან კიდევ, როცა ბედნიერებას უხვი ტაბლითა და თავაშვებული სიმღერებით საზღვრავენ. ყველაზე ნაკლებად კი ყური მაშინ უნდა დავუგდოთ, რაჟამს ღმერთებზე საუბრობენ, განსაკუთრებით, თუ მათ სიმრავლითა და ამასთანავე ერთმანეთთან დაპირისპირებულად წარმოგვიდგენენ. მათთან ხომ ძმა ძმას უმხედრდება, მშობლები შვილებს, შვილებს კი, თავის მხრივ, გამოუცხადებელი ომი აქვთ მშობლებთან. ხოლო მრუშობა ღმერთებისა, სასიყვარულო თავგადასავალნი და აშკარა აღრევანი ერთმაენთს შორის, განსაკუთრებით ყოველთა ღმერთთა წინამძღოლისა და მბრძანებლისა, როგორც ისინი მას უწოდებენ, ზევსისა, ვითარცა იმგვარი საქმენი, რომელთა მოყოლაც კაცს საქონელთა შესახებაც კი გააწითლებდა, თეატრის სცენას დავუტოვოთ.
იგივე უნდა ვთქვათ ისტორიკოსთა შესახებაც, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავიანთ თხზულებებს მსმენელთა გასართობად თხზავენ. ვერც ორატორებს მივბაძავთ ტყუილის თქმის ხელოვნებაში, რადგან ჩვენ, რომელთაც ცხვრების სწორი და მართალი გზა ავირჩიეთ, ტყუილი არც სამსჯავროთა შინა და არც სხვა საქმეებში არ შეგვფერის, მით უმეტეს, როცა სჯულით გვაქვს დაწესებული საერთოდ არ განვსაჯოთ.
უმჯობესი იქნება პოეტების თხზულებებიდან ის ადგილები შევიწყნაროთ, სადაც მათ სათნოება შეაქეს ან ბოროტება გაკიცხეს. რადგან, ვითარცა ყველა სხვა დანარჩენი ყვავილების მხოლოდ სურნელებითა და ფერადოვნებით ტკბება, ხოლო ფუტკრებს მათგან თაფლის მიღებაც ხელეწიფებათ, ასევე ამ შემთხვევაშიც, ვინც ამ თხზულებებში არა მხოლოდ ტკბობისა და სიამოვნების მიღებას გამოედევნება, მათგან რამდენადმე სულისთვის სასარგებლოსაც დაიუნჯებს. ამიტომ, ყოველმხრივ უნდა დავემსგავსოთ რა ფუტკრებს, ეს თხზულებებიც უნდა შევისწავლოთ. არც ფუტკარი მიეახლება ხომ თანაბრად ყველა ყვავილს, და იმათგანაც, რომლებზეც ჯდება, ყოველივეს წაღებას კი არ ცდილობს, არამედ იმას იღებს, რაც საქმისათვის გამოადგება, ხოლო დანარჩენს ხელუხლებლად ტოვებს.
ასევე ჩვენც, უკეთუ კეთილგონიერები ვართ, ამოვკრებთ რა ამ თხზულებებიდან იმას, რაც ჩვენთვის დამახასიათებელია და ჭეშმარიტად გვენათესავება, დანარჩენს გვერდს ვუვლით. ვითარცა ვარდის ბუჩქიდან ყვავილის მოწყვეტისას ეკლებს თავს ვარიდებთ, ასევე ამ თხზულებებიდანაც იმას, რაც სასარგებლოა ვიძენთ, ხოლო ვნების მომტანისაგან თავს ვიცავთ. ამიტომ ყოველი მეცნიერება თავიდანვე უნდა განვიხილოთ და დორიული ანდაზის მიხედვით – ქვა გავუსწირით თოკს,5 – ჩვენი მიზნის შესაბამისად გამოვიყენოთ.
რამდენადაც ჩვენ სხვა ცხოვრებას სათნოებით უნდა მივაღწიოთ, რომლისთვისაც მრავალი ქება შეუსხამს პოეტებს, მრავალიც ისტორიკოსებსა და კიდევ უფრო მრავალი სიბრძნისმოყვარე კაცებს, ამგვარი თხზულებებისადმი განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს.
მცირე სარგებელს როდი მოუტანს ახალგაზრდების სულებს შეთვისება და მიჩვევა სათნოებისა, რადგან სწავლებანი მის შესახებ, სიფაქიზისა გამო, მათს სულებში ღრმად აღიბეჭდება და წარუშლელნი რჩება. განა შეიძლება ვიფიქროთ, რომ ოდესღაც ეს სიტყვები, რომელთაც ყველა მღერის, ჰესიოდეს სხვა აზრით შეუთხზეს და არა ახალგაზრდების წასაქეზებლად სათნოებისაკენ? “დასაწყისში უსწორმასწოროა და მიუვალი, მუდმივად ოფლის ღვრითა და ჯაფით გასავლელი გზა, რომელსაც სათნოებისაკენ მივყავართ; ამიტომაც ყველას როდი შეუძლია მას შეუდგეს ციცაბოობისა გამო, ხოლო უკეთუ შეუდგა, მწვერვალს ადვილად მიაღწევს. მაგრამ მაღლა ასული დაინახავს, რომ გზა სწორია და მშვენიერი, ადვილი და მოხერხებული და უფრო სასიამოვნო, ვიდრე მეორე გზა, რომელსაც ბოროტებისაკენ მივყავართ და რომელზეც შედგომა, - როგორც თავად პოეტი ამბობს, - მყისვე შეიძლება მისი სიახლოვის მიზეზით”.6
მე ვფიქრობ, რომ მან ეს არა სხვა განზრახვით, არამედ სათნოებისაკენ ჩვენს წასაქეზებლად დაწერა და ყველას მოგვიწოდა კეთილნი ვყოფილიყავით, რათა ჯაფისათვის უძლურებს წიანსწარ არ გვეთქვა უარი მიზნისკენ სვლაზე. ასე რომ, უკეთუ ვინმე სხვაც სათნოებას მსგავსად შეაქებს, ჩვენ ისიც უნდა შევიწყნაროთ.
როგორც ერთი კაცისაგან მოვისმინე, ვინც ჩინებულად შეისწავლა აზროვნება პოეტისა, ჰომეროსის მთელი შემოქმედება ქება-დიდებაა სათნოებისა და მასთან ყოველივეს, გარდა იმის, რაც მეორეხარისხოვანია, მისკენ მივყავართ. ნაკლებად როდი მეტყველებს ამაზე ის ადგილი, სადაც ხომალდის დაღუპვისას გადარჩენილ სამოსელშემოძარცულ კეფალენიელთა ბელადს პირველად მეფის ასული დაინახავს და ნაცვლად იმისა, რომ სირცხვილის გრძნობა განეცადა, რადგან შიშველს უყურებდა, მისდამი პატივისცემას იგრძნობს. ეს იმიტომ, რომ პოეტმა ოდისევსი სანაცვლოდ სამოსისა სათნოებით შემკობილად წარმოადგინა.7 შემდეგ იგი დანარჩენმა ფეაკელებმაც იმდენად ღირსეულად მიიჩნიეს, რომ ნებიერი ცხოვრება დათმეს, ყველანი მას შეჰყურებდნენ და ბაძავდნენ. არცერთ ფეაკელს მაშინ იმაზე მეტად არაფერი უნდოდა, ვიდრე ის, რომ ოდისევსი ყოფილიყო, თანაც ხომალდის დაღუპვისას გადარჩენილი.8 ამ ადგილას, როგორც ამას პოეტის აზრის განმმარტებელი ამბობდა, ჰომეროსი ღაღადებს და ამბობს: “კაცნო, თქვენ სათნოებისათვის უნდა იზრუნოთ, რომელიც ხომალდის დაღუპვის დროსაც გადაგარჩენთ და ხმელეთზე შიშვლებად გამოღწეულებსაც პატივით სვებედნიერ ფეაკელებზე ამაღლებულადაც წარმოგაჩენთ.” – რადგან ასეთია იგი! სხვა სახის შენაძენი დანარჩენებზე მეტად ოდნავადაც არ ეკუთვნით თავად მფლობელებს, ისევე როგორც თამაშისას კამათელი ხან ერთ მხარეზე ვარდება და ხან მეორეზე. კაცის შენაძენთაგან ხელშეუხებელი მხოლოდ სათნოებაა, რომელიც სიცოცხლეშიც მასთანაა და სიკვდილის შემდგომაც.
ვფიქრობ, ამიტომაც ამბობს სოლონი მდიდრების მისამართით:
“ჩვენ სათნოებას ვერ გავუცვლით მათ სიმდიდრეზე,
მას ხომ მარადის ვერავინ ხელყოფს,
კაცთა ქონებას კი ხან ერთი ფლობს, ხანაც მეორე”.9
ამასთან ძლიერ ახლოსაა სტრიქონები თეოგნიდესი,10 რომელშიც ამბობს: “ღმერთი (ამ შემთხვევაში სულერთია რომელს გულისხმობს) სასწორს კაცთათვის ზოგჯერ აქეთ ხრის და ზოგჯერ იქეთ, რათა ისინი ხან მდიდარნი იყვნენ, ხანაც არაფრის მქონენი”. სათნოებისა და ბოროტების შესახებ მსგავსადვე სიბრძნისმეტყველებს თავის თხზულებებში ერთ ადგილას კეოსელი11 სოფისტიც; მის ნათქვამსაც ყურადღებით უნდა მოვეპყრათ, რადგან უგულებელსაყოფელი კაცი როდია იგი. ამგვარად, მასთან ერთგან ნათქვამია, რამდენადაც მისი შინაარსი მახსოვს, რადგან სიტყვა-სიტყვით არ ვიცი და ვიცი მხოლოდ ის, რომ თქვა მან ეს უბრალოდ, გარეშე რიტმისა: როცა ყმაწვილი ჰერაკლე, თითქმის იმავე ასაკისა, რომელშიც თქვენ ხართ, გულმოდგინედ არჩევდა, გზათაგან რომელს შესდგომოდა, - ჯაფით წამყვანს სათნოებისაკენ, თუ ყველაზე ადვილს, ორი ქალი წარმოუდგა; ისინი იყვნენ სათნოება და ბოროტება, რადგან თუმცაღა დუმდნენ, სხვაობას მათ შორის გარეგნობაც მყის წარმოაჩენდა; ერთის სილამაზე მორთულ-მოკაზმულობით იყო შექმნილი, ფუფუნებით ცხოვრებისაგან მოუძლურებული, მთელ სიმრავლეს ტკბობათა ზედასხმულს თან ატარებდა, მათი წარმომჩენი ჰერაკლეს კიდევ მეტს ჰპირდებოდა და მის მოზიდვას ცდილობდა. ხოლო მეორე – გამხდარი, მოუკაზმავი და მკაცრად მზირალი, სულ სხვა რამეს გამოხატავდა, რადგან არცა თავაშვებულობასა და არცა ტკბობას არ აღუთქვამდა, არამედ მრავალ ოფლისღვრას, ჯაფასა და საფრთხეებს, ყველგან – ხმელეთსა და ზღვაზე, რის საფასურადაც ღმერთი გახდებოდა, როგორც ამას ავტორი გვიყვება. ბოლოს ჰერაკლე მაინც მას გაჰყვა.
ასე რომ, თითქმის ყველა, ვინც სიბრძნით რამდენადმე ყურადღებას იქცევს, ყოველი მათგანი, ძალისაებრ მისისა, თავის თხზულებებში მეტ-ნაკლებად სათნოების ქებას გადმოსცემს. მათ უნდა ვერწმუნოთ და მათ სწავლებათა ცხოვრებით წარმოჩენას შევეცადოთ, რადგან ვინც სხვათა მიერ სიტყვებით გადმოცემულ სიბრძნეს განამტკიცებს, ის ცოცხლობს, დანარჩენები კი მოძრავი აჩრდილები არიან მხოლოდ.
ვფიქრობ, ეს იმას ემსგავსება, მხატვარმა რომ განსაცვიფრებელი რამ, მაგალითად, სილამაზე კაცისა ასახოს და ადამიანი სინამდვილეშიც ისეთი იყოს, როგორიც მან სურათზე წარმოაჩინა. ვინც კაცთა წინაშე სათნოებას ქებას მგზნებარედ ასხამს და მასზე განგრძობილად საუბრობს, ხოლო საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილი კეთილგონიერებასა და სამართლიანობაზე უფრო მეტად პატივს ტკბობასა და მოგებას ანიჭებს, მე ვიტყოდი, მსგავსია მსახიობებისა, რომელნიც თუმცა სცენაზე დრამების თამაშისას ხშირად გამოდიან, ვითარცა მეფენი და მმართველები, მაგრამ სინამდვილეში არათუ მეფენი და მმართველები, არამედ უმეტესწილად თავისუფალნიც კი არ არიან.
მუსიკოსი ხალისით როდი შეიწყნარებს იმას, რომ ლირა აუწყობელი იყოს და არც კორიფევსს სურს ჰყავდეს ქორო, რომელიც რაც შეიძლება, ხმაშეწყობილად არ იმღეერებს. ასე ხომ ყოველი მათგანი თავის თავს დაუპირისპირდება და წარმოჩნდება, რომ მისი ცხოვრება მისსავე სიტყვებს არ ეთანხმება? და მსგავსად ევრიპიდესი იტყვის: “ენამ ჩემმა კი დაიფიცა, მაგრამ გულს ჩემსას არ დაუფიცია”.12
ამგვარად, მას ბრალი დაედება იმაში, რომ ნაცვლად იმისა, მართლაც კეთილი იყოს, კეთილი მხოლოდ გარეგნულადაა და ეს უკიდურესი ზღვარი უსამართლობისა, უკეთუ პლატონს დავუჯერებთ, სამართლიანი ჩანს, თუმცა სინამდვილეში ასე არ არის.13 ამიტომაც უნდა შევიწყნაროთ თხზულებანი, რომელნიც სათნოებათა შესახებ სწავლებებს შეიცავენ. რამდენადაც სახელოვანი საქმენი ძველი კაცებისა ჩვენამდე, ან ადამიანთა უწყვეტი ხსოვნით არიან შემონახულნი, ან კიდევ პოეტთა და ისტორიკოსთა თხზულებებში არიან დაცულნი, სარგებლობა, რომლის მიღებაც მათგან შეიძლება, არ უნდა მოვიკლოთ. მაგალითად, ერთი კაცი სახალხო კრებაზე პერიკლეს ლანძღავდა, მაგრამ იგი ყურადღებას არ აქცევდა. ასე გაგრძელდა მთელი დღის განმავლობაში: ერთი მეორეს საყვედურებით უშურველად ავსებდა, ხოლო მეორეს ეს არ აწუხებდა. შემდეგ კი, როცა საღამო დადგა და ჩამობნელდა, ძლივს შეწყვიტა რა ლანძღვა-გინება, პერიკლემ იგი ლამპრით შინ გააცილა, რათა ვარჯიში სიბრძნისმოყვარეობაში წყალში არ ჩაყროდა.14
და კიდევ: ვიღაც განრისხებული კაცი ევკლიდე მეგარელს სიკვდილით ემუქრებოდა და იფიცებდა კიდეც, რომ აღასრულებდა;15 თვითონ ევკლიდემ კი საპირისპირო ფიცი დადო იმის თაობაზე, რომ მას მოალმობიერებდა და მტრობას, რომელიც მის მიმართ ჰქონდა, შეაწყვეტინებდა. და რამდენად მნიშვნელოვანია ამგვარი მაგალითებისაგან რომელიმეს გახსენება ადამიანის მიერ, რომელიც რისხვითაა შეპყრობილი! არ უნდა დავუჯეროთ ტრაგედიას, რომელიც ამბობს: “ადვილად აიარაღებს რისხვა ხელს მტრებზე აღსამართად”,16 არამედ პირიქით, უმჯობესი იქნება, თუ საერთოდ არ განვრისხდებით, ხოლო უკეთუ ეს გაგვიძნელდება, მრისხანება, ვითარცა აღვირით, გონებით უნდა მოვთოკოთ, რათა მან საზღვრები არ გადალახოს.
მაგრამ სიტყვა ისევ სახელოვან საქმეთა მაგალითებზე მივაქციოთ. ერთი კაცი სოფრონისკოსის ძეს სოკრატეს თავს დაესხა და სახეში დაუზოგავად ურტყამდა, მან კი არა თუ წინააღმდეგობა არ გაუწია, არამედ მთვრალს ნება მისცა მრისხანებით დამტკბარიყო; ასე რომ, ცემისაგან სახე დაუსივდა და დაუწყლულდა. ხოლო როცა მან ცემა შეწყვიტა, როგორც ამბობენ, სოკრატეს სხვა არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ ვითარცა ქანდაკებას აწერენ ხოლმე ხელოვანის სახელს, შუბლზე დაიწერა: “ეს ამან და ამან ჩაიდინა” და შური ამგვარად იძია.17 რამდენადაც ეს თითქმის ჩვენი მცნებების იგივეობრივია, ვამბობ, რომ ამგვარ კაცთა მიბაძვა ფრიად კარგია. სოკრატეს საქციელი ხომ ახლოს დგას იმ მცნებასთან, რომლის მიხედვითაც, ვინც ერთ ლოყაში გაგარტყამს, მას მეორეც უნდა მიუშვირო და შურიც ამგვარად იძიო (მთ. 5.39); პერიკლესა და ევკლიდეს მაგალითები მსგავსია მცნებისა: მოუთმინე მდევნელებს და მშვიდად გადაიტანე მათი მრისხანება; და: ნუ დაწყევლი მტრებს, არამედ სიკეთე უსურვე (მთ. 5.44). ამრიგად, ამათ მიერ წინასწარგანსწავლული არც სახარებისეული მცნებების მიმართ, ვითარცა რაღაც შეუძლებელისადმი, იქნება ურწმუნო.
გვერდს ვერ ავუვლი ალექსანდრეს მაგალითსაც: ტყვედ ჩაიგდო რა დარიოსის ქალიშვილები, რომელთა შესახებაც ამოწმებენ, რომ განსაცვიფრებელი სილამაზისანი იყვნენ, ნახვის ღირსადაც კი არ ჩათვალა ისინი, რადგან მამაკაცებზე გამარჯვებულმა ქალებისგან დამარცხება სამარცხვინოდ მიიჩნია.18 ეს იმ მცნებაზე მიუთითებენ, რომლის მიხედვითაც, ვინც ქალს გულისთქმით შეხედავს, კიდევაც რომ მრუშობა საქმით არ აღასრულოს, დანაშაულისაგან მაინც არ თავისუფლდება (მთ. 5.28).
ძნელია ირწმუნო, რომ კლინიასის,19 ვინც პითაგორას ახლობელთაგან ერთ-ერთი იყო, საქციელის მსგავსება ჩვენს მცნებებთან შემთხვევითია და არა მათი გულმოდგინე მიბაძვა. და როგორ მოიქცა იგი? თუ დაიფიცებდა, შეეძლო თავიდან აერიდებინა სამი ტალანტის გადახდა, მაგრამ დაფიცებას, თუმცა სიმართლეზე უნდა დაეფიცა, გადახდა ამჯობინა, თითქოს მცნება, რომელიც ჩვენ დაფიცებას გვიკრძალავს, მოსმენილი ჰქონდა.
მაგრამ ისევ იმას მივუბრუნდეთ, რაც თავიდანვე ვთქვი. ჩვენ მყისვე ყოველივე მიყოლებით კი არ უნდა მივიღოთ, არამედ მხოლოდ ის, რაც სასარგებლოა. სამარცხვინოა უარვყოთ საკვებთაგან მავნებელი, ხოლო სწავლებათაგან, რომელნიც ჩვენს სულს ასაზრდოებენ, არაფერი გამოვარჩიოთ, მსგავსად ნიაღვრისა, რაც კი შეგხვდება, ყოველივე მივიტაცოთ და დავიტვირთოთ. თუკი მესაჭე უგუნურად კი არ მიჰყვება ქარებს, არამედ ხომალდს პირდაპირ ნავსაყუდელისკენ წარმართავს, მშვილდოსანი ისარს მიზანში ისვრის და მესპილენძეცა და დურგალიც თავიანთი ხელოვნების შესაფერისი შედეგისაკენ ისწრაფვიან, რა გონივრული მიზეზი გვექნება იმისათვის, რომ ამ შემოქმედთ ჩამოვრჩეთ, მაშინ, როცა შეგვიძლია ჩვენს საქმეებს ყურადღებით მოვეპყრათ? უკეთუ ხელოსანთა საქმეს რაღაც დასასრული აქვს, კაცობრივ ცხოვრებას არ ექნება მიზანი, რომლის შესაბამისადაც ყველაფერი უნდა აკეთოს და ილაპარაკოს მან, ვისაც განზრახული არა აქვს ყოველმხრივ პირუტყვებს დაემსგავსოს?
ამგვარად, თუ საჭეს სულისა, მსგავსად აღუჭურველი ხომალდებისა, არავის გონებას არ მივანდობთ,** იღბალზე, აღმა-დაღმა გვატარებს ცხოვრება. სპორტულ, ან თუ გნებავთ, მუსიკალურ ხელოვნებაშიც შეჯიბრებისას, სწორედ იმ თამაშობებში ვარჯიშობენ, რისთვისაც გვირგვინებია დაწესებული და არავინ, ვინც ჭიდაობაში ან ორივეში ერთად – მუშტიკრივსა და ჭიდაობაში ვარჯიშობს, კითარასა და ფლეიტაზე დაკვრის სწავლას არ შეუდგება. ყოველ შემთხვევაში ასე არ მოქცეულა პოლიდამე,20 არამედ მან ოლიმპიური შეჯიბრების წინ ეტლის სრბოლა დააყენა და ძალა ამით განიმტკიცა. არც მილონი21 ჩამოსულა ზეთით გაპოხილი ფარიდან, არამედ იქიდან მის ჩამოთრევას ნაკლებ წინააღმდეგობას როდი უწევდა, ვიდრე ტყვიით მორჩილული ქანდაკებანი. და საერთოდ, მათთვის ვარჯიში მზადება იყო შეჯიბრებისათვის. მათ რომ ქვიშამოყრილი ასპარეზი და ფიზიკური ვარჯიშები მიეტოვებინათ და მარსიასის22 ან ფრიგიელი ოლიმპოსის23 მსგავსად დაკვრისათვის მიეკიდათ ხელი, გვირგვინებსა და დიდებას მიემთხვეოდნენ, თუ გაიქცეოდნენ, რათა დასაცინნი არ გამხდარიყვნენ?
მაგრამ თავის მხრივ არც ტიმოთევსს24 დაუთმია ხომ ტკბილად მღერა და არ გაუტარებია დრო საჭიდაო მოედანზე. სხვაგვარად ვერც ის, ვინც იმდენად დიდი ხელოვანი იყო, რომ თანახმიერობითა და მკაცრი სიმწყობრით ჯერ მრისხანებას აღძრავდა, ხოლო შემდეგ კვლავ ამშვიდებდა და ლმობიერი ჟღერადობით ამსუბუქებდა, ვერ შეძლებდა ყველასაგან ასე გამორჩეული ყოფილიყო მუსიკალურ ხელოვნებაში. ამბობენ, რომ მან, უკრავდა რა ალექსანდრეს წინაშე ფრიგიულ მელოდიას, სადილობისას აიძულა იგი აღმდგარიყო და იარაღისათვის მოეკიდა ხელი, ხოლო როცა ჟღერადობა შეარბილა, ალექსანდრე კვლავ თანამეინახეთ დაუბრუნდა.25 ასეთ ძალას ანიჭებს ვარჯიში მიზნის მისაღწევად კაცს მუსიკალურსა და სხეულებრივ შეჯიბრებებში.
რამდენადაც გვირგვინები და მოჭიდავენი გავიხსენე, ვიტყვი: უკეთუ ისინი მრავალ შემთხვევაში დიდ გასაჭირს ითმენენ და საკუთარი ძალის გაზრდას ყოველი გზით ცდილობენ, სხეულის ვარჯიშისას ოფლს უხვად ღვრიან, საწვრთნელ მოედანზე ცემა-ტყეპასაც ხშირად იტანენ, არა ყველაზე სასიამოვნო, არამედ მწვრთნელთა მიერ შერჩეული ცხოვრების წესით ცხოვრობენ, და, სიტყვა რომ აღარ გავაგრძელო, სხვა მხრივაც შეჯიბრებამდე დროს შეჯიბრებისათვის მზადებაში ატარებენ, ხოლო შემდგომად ყოველივე ამისა, ასპარეზზე გასულთ ყოველგვარი ჯაფისა და საფრთხის დათმენა უხდებათ, რათა ჯილდოდ ველური ზეთისხილის, დაფნის (ςελίνου)*** ან სხვა რაღაც მსგავსისგან დაწნული გვირგვინები და მაცნეთაგან გამარჯვებულთა სახლების ხმამაღლა გამოცხადება მიიღონ, ჩვენ, რომელთაც ცხოვრებისეულ ღვაწლთათვის სიმრავლითაც და სიდიდითაც ისე საკვირველი ჯილდოები გველოდება, რომ მათი სიტყვებით გამოხატვა შეუძლებელია, მაშინ, როცა ყურზე გვძინავს და ფრიად თავშეუწუხებულად ვცხოვრობთ, რატომღა ველოდებით, რომ ამ ჯილდოებს მარცხენა ხელითაც ავიღებთ.
ამ შემთხვევაში ხომ უსაქმურად ცხოვრება დიდად ღირსეული იქნებოდა, სარდანაპალა26 და, თუ გნებავთ, მარგიტეც27, ვის შესახებაც ჰომეროსმა თქვა, თუ ეს სიტყვები მართლაც ჰომეროსს ეკუთვნის, რომ არც მხვნელი იყო, არც მთესველი და ცხოვრებაში არც სხვა რამ შეეძლო, ბედნიერების თვალსაზრისით პირველობას ყველას წაართმევდა! მაგრამ განა უფრო მართალი არაა პიტაკეს28 გამონათქვამი, რომელმაც თქვა: “ძნელია იყო პატიოსანი”. მართლაც, ღირსი იმ სიკეთეთა მიმთხვევისა, რომელთაც, როგორც ზემოთ ითქვა, კაცობრივ სიკეთეთა შორის ნიმუში არა აქვს, მრავალი ჯაფის გადატანის შემდეგაც ძლივს ვხდებით; ამიტომაც არ გვმართებს უქნარობა და არც ხანმოკლე მოსვენებაზე გაცვლა დიდი იმედებისა, თუ არ გვინდა მოვისმინოთ საყვედურები და დავითმინოთ სასჯელი არა აქ, ადამიანებისაგან (თუმცაღა, ვისაც გონება აქვს, მისთვის მცირე არც ეს იქნება), არამედ იქაურ სამსჯავროთა შინა, სადაც არ უნდა გაიმართონ ისინი, მიწისქვეშეთსა თუ სადმე სხვაგან. ვინც ცოდვას უნებლიეთ ეხება, შესაძლებელია, ღმრთისაგან შეწყალება მიიღოს, ხოლო ვინც ცუდს განზრახ ირჩევს, შენდობასაც ვერ ითხოვს, იმისათვის, რომ დიდი სასჯელი არ დაითმინოს.
მაშ, რა გავაკეთოთ? – იკითხავს ვინმე. სხვა რა, თუ არა ის, რომ ყველა სხვა საზრუნავთაგან განთავისუფლებულმა სულზე ვიზრუნოთ?
ამიტომ, სხეულს თუ ეს მართლაც აუცილებელი არაა, არ უნდა ვემსახუროთ, ხოლო სულს ყოველი, რაც საუკეთესოა, მივუძღვნათ; ხორციელ, სხეულის ვნებებთან მჭიდრო კავშირისაგან, ვითარცა საპყრობილიდან, სიბრძნისმოყვარეობით განვათავისუფლოთ და ამასთან, სხეულიც ისე გავწვრთნათ, რომ ვნებებისათვის დაუძლეველი გახდეს. აუცილებელი მუცელსაც უნდა მივაწოდოთ, მაგრამ არა ძალიან სასიამოვნო, იმათ მსგავსად, რომელნიც ტრაპეზის გამწყობ მონებსა და მზარეულებს ეძებენ და, ვითარცა ვინმე სასტიკი მბრძანებელისათვის ხარკის შემგროვებელნი, მთელს ხმელეთსა და ზღვას ჩხრეკენ ხოლმე. ჯოჯოხეთსა შინა წამებულებზე არანაკლები ტანჯვის დამთმენნი ეს საწყალობელნი მუშაკნი მართლაც რომ მატყლს ცეცხლზე ჩეჩენ,29 წყალს ცხრილით ეზიდებიან და დაზიანებულ თიხის ჭირჭლებში ასხამენ, რის გამოც მათ ჯაფას ბოლო არა აქვს.
თმის ვარცხნილობასა და შესამოსელზე გარჯა კი, თუ ამის საჭიროება არ არსებობს, დიოგენეს სიტყვით, უბედურებს ან კიდევ გზააბნეულებს ახასიათებთ.30 ამიტომაც ვამბობ, რომ იყო პეწენიკი და იწოდებოდე ასეთად, ისევე სამარცხვინოდ უნდა ჩავთვალოთ, როგორც გარყვნილება, ან სწრაფვა სხვისი საქორწინო სარეცელისაკენ. რადგან მისთვის, ვისაც გონება აქვს, რა სხვაობა ექნება – თეატრალური31 სამოსელით იმოსება თუ მდაბიოთა მოსასხამს მოისხამს, თუკი სამოსი სიცივისა და სიცხისგანაც საკმარისად იცავს? კაცისათვის, რომელიც მართლაც ღირსია ამ სახელისა, კოპწიაობა და გარეგნობაზე ზრუნვა ნაკლებ სასაყვედურო როდია, ვიდრე მონური დამოკიდებულება რომელიმე სხვა ვნებისადმი. რადგან ყველა მცდელობა მიმართული იმისკენ, რომ სხეული, რაც შეიძლება გამშვენებული იყოს, თვისებაა იმისა, ვისაც ვერც თავისი თავი შეუცვნია და ვერც ის ბრძნული სწავლება გაუგია, რომ კაცი ის კი არ არის, რაც იხილვება, არამედ რამდენადმე უმაღლესი სიბრძნეა საჭირო, რომლის მიერაც თითოეული ჩვენგანი თავის თავს, როგორიცაა, ისე შეიცნობს; ხოლო ეს განუწმედელი გონებისათვის უფრო შეუძლებელია, ვიდრე სნეული თვალებისათვის მზერის გასწორება მზისათვის; განწმენდა სულისა კი, ზოგადად და თქვენთვის საკმარისად რომ გითხრათ, შეგრძნებებით მიღებულ სიამოვნებათა უგულებელყოფას ნიშნავს: თვალი არ უნდა განვაძღოთ სანახაობებით ილუზიონისტებისა, ან ცქერით სხეულებისა, რაც ტკბობის სურვილს აღძრავს; სულში სასმენელთა მეშვეობით არც წარწყმედული მელოდია უნდა ჩავიღვაროთ, რადგან ამგვარი მუსიკიდან ნაყოფნი – ვნებანი მონობისა და სულმდაბლობისა წარმოიშობიან. ჩვენ სხვა
--------------------
“ურთიერთ სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ რჯული იგი ქრისტესი”.
როგორც პროფესიონალი ვუშვებ, რომ დაახლოებით თურქულის მსგავსი წმინდა ერთხმიანი (და არა დღევანდელი სამხიანი და ორხმიანი რომ აქვთ) მუსიკა იყო------ვეშაპო ბიზანტიურ გალობაზე
|