ბოლომდე შეიძლება სულ ვერ ჩავიდე
* * *
თავი მეორეჩემი გამგზავრების დღეც დადგა. თვითმფრინავში სავარძლის რიგებს შორის ვიკვალავდი გზას და ვცდილობდი თავში არავის მოხვედროდა ჩემი სპორტული ჩანთა.
“მაპატიეთ, მემ, - მივმართე ქალბატონს სქელი და ფუმფულა ვარცხნილობით, ნება მიბოძეთ გავიარო, ჩემი ადგილი ილუმინატორთანაა”.
მან ამომხედა და ჩემი გრძელი თმის დანახვაზე აიმრიზა. სახეზე მკაფიოდ ეწერა: “სხვა ადგილი მოძებნე”. ასეც მოვიქცეოდი, მაგრამ სხვა თავისუფალი ადგილი ახლო-მახლო არსად იყო, უკან კი სხვა მგზავრები მედგნენ, რომლებიც თავისი ადგილების პოვნას მოუთმენლად ლამობდნენ. მე ფრთხილად გავიარე ქალის გვერდზე, ჩემს სავარძელში ჩავჯექი და დემონსტრაციულად მივაშტერდი ილუმინატორს.
რამდენიმე წუთში მალულად შევხედე ჩემს მეზობელს, მაგრამ კვლავაც მის მტრულად განწყობილ სახეს გადავაწყდი და ისევ შემოვბრუნდი. აფრენა ყოვნდებოდა. მოგვიანებით კიდევ გავიხედე ქალბატონისკენ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მის ადგილას ახალგაზრდა კაცი იჯდა შავი ჯინსებით, შავი უსახელო მაისურით და შავი ჩექმებით. ვერცხლისფერი სამაჯურები მის ნატიფ და დახვეწილ ხელებს ფარავდა. გრძელი და სწორი თმა თოვლივით თეთრი ჰქონდა, და ასეთივე თეთრი იყო მისი კანიც. თვალები მოვარდისფრო ჰქონდა, რაც ხშირად გვხვდება ალბინოსებში, ხოლო ტუჩებზე ანცი ღიმილი უთამაშებდა, რამელმაც ჩემი გული მაშინვე გაამხიარულა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი თანამგზავრი ძალზე უჩვეულოდ გამოიყურებოდა, იყო მასში რაღაც ნაცნობი. სადღაც უკვე მენახა იგი. და მაშინვე გამახსენდა: ეს ხომ ჯონი ვინტერია, ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მუსიკოსი, როკ-ენ-როლის ლეგენდარული ვარსკვლავი!
“გაუმარჯოს, მეგობარო! მე ჯონი მქვია”.
“მე კი მეგობრები პატარა მანქს მეძახიან”.
ჯონიმ ხელი ისე ჩამომართვა, თითქოს მისი საუკეთესო მეგობარი ვყოფილიყავი.
“როგორ აღმოჩნდი აქ? – ვკითხე მე. – ერთი წუთის წინ აქ ვიღაც ქალი იჯდა”.
ჯონიმ გაიცინა და სიტყვების გაწელვით, დამახასიათებელი ტეხასური აქცენტით მიპასუხა:
“შენ იმ დეიდაზე ამბობ, რომელსაც ასე არ მოეწონა შენს საზოგადოებაში ყოფნა? ის წამოხტა აქედან, სტიუარდესა მოძებნა და ისტერიკა მოუწყო. სხვა ადგილას მოითხოვა გადაჯდომა! არ მოვწონვართ და მოკალი თუ გინდა. მაგრამ ეს უკეთესიცაა. სტიუარდესამ აქ გადმომსვა, და ახლა ერთად ვიმგზავრებთ, ძამიკო!”
ჩვენ საკმაო დრო გვქონდა სასაუბროდ. მე ჩემი სულიერი ძიების შესახებ მოვუყევი, მან კი რამდენიმე ისტორია მომიყვა თავისი ცხოვრებიდან. მე ვახსენე საუბარში, რომ მის გრანდიოზულ შოუს დავესწარი ფლორიდაში, სადაც იგი ჯენის ჯოპლინთან ერთად გამოდიოდა.
როგორც კი მისი სახელი ვახსენე, ჯონის ნაფოტივით გამხდარი სხეული სიცილმა შეძრა:
“ჯერ არასოდეს მისისიპის ნაპირებზე ასეთი ფსიქოპატკა არ ყოფილა!”
ჯონიმ მომიყვა, რომ ჯენისი – გაუწონასწორებელი, აღვირახსნილი, მუდამ მთვრალი, მაგრამ ძალიან კეთილი გოგო იყო. დასავით უყვარდა და განიცდიდა მის გამო:
“პატარა ჯენისი უაზროდ ფლანგავს თავის სიცოცხლეს. სანთელს ჰგავს, რომელსაც ორივე ბოლოში ცეცხლი უკიდია. არ ვიცი რამდენ ხანს გასტანს ასე.”
ჯონი უცებ სერიოზული გახდა და დაჟინებულად შემომხედა.
“იცი მანქ, ფულმა და სახელმა შეიძლება ნებისმიერი დაღუპოს. როგორმე ილოცე ჯენისისთვის”.
ძრავებმა დაიბღუვლეს, თვითმფრინავმა საფრენ ბილიკზე სიჩქარე აკრიფა და ღრუბლებს ზემოთ აიჭრა. მე და ჯონი ჩიკაგოელ და მისისიპელ ბლუზის ლეგენდებზე ვსაუბრობდით, და თითქოს ჩვენი გულებიც ცაში ლივლივებდნენ. მასზე უკეთეს თანამოსაუბრეს ვერსად ვიპოვიდი.
“ძამიკო, მზად ვარ მთელი მარადისობა გელაპარაკო. არ მეწყინება, თუ ეს ბებერი თვითმფრინავი საერთოდ არ დაეშვება მიწაზე”. როგორც კი ღვედზე ჩემი ჰარმონიკა შეამჩნია, ჯონიმ წამოიძახა:
“მოდი ერთად დავუკრათ! – და თავისი ჰარმონიკაც დააძრო. – აირჩიე სიმღერა”.
“იცი ჯუნიორ პარკერის Mother-In-Law Blues?” – ვკითხე მე.
“კარგი არჩევანია!” – მოწონების ნიშნად ცერა თითი მაჩვენა.
და აი, მიწიდან ათიათასამდე მეტრით მაღლა, ჩემდა მოულოდნელად, სახელგანთქმულმა ჯონი ვინტერმა დუეტი შეასრულა ჩემთან ერთად. უფროსი თაობის მგზავრები გამკიცხავად გვიყურებდნენ, ახალგაზრდები კი მხიარულად იღიმოდნენ. ახალგაზრდა სტიუარდესა გასასვლელში შეყოვნდა უფასო კონცერტის მოსასმენად და მუსიკის ტაქტს აყვა. მე და ჯონი კი მუსიკით გართულები აღარავის ვაქცევდით ყურადღებას.
თვითმფრინავი კენედის სახელობის ნიუ-იორკის აეროპორტში დაეშვა, და მე და ჯონი აეროპორტის შენობისკენ გავემართეთ. გასასვლელთან ჯონის მისი მეგობარი გოგო ელოდა – ეფექტური დანიელი მოდელი. გარშემომყოფები დაუფარავი ინტერესით აკვირდებოდნენ მათ. ფრენკი და ჰარი, გაოგნებულნი იმით, რომ ჯონი ვინტერთან ერთად მხედავდნენ, ვერ მალავდნენ გაკვირვებას ჩემი წარმატების გამო. ჰარის ულვაშებში ეღიმებოდა და ტალღოვან წვერზე ხელს ისვამდა.
“მისმინე, მანქ, - ჯონის მეგობარ გოგონაზე მიმანიშნა, - აღიარე, გერჩივნა ჩვენს ნაცვლად ის დაგხვედროდა, არა?”
“დღეს საღამოს, - ხელი ჩამოვართვი და ვუპასუხე მეგობრებს, - ჩვენი სულიერი თავგადასავლები იწყება. ვფიქრობ, თქვენი საზოგადოება უფრო გამომადგება ამისთვის, მეგობრებო”.
* * *
* * *
***ჩვენი პირველი ევროპული ღამე ლუქსემბურგში, კარვების ქალაქში გავატარეთ. ერთადგილიან ვიწრო კარავში, საძილე ტომრებში გვეძინა და ვფიქრობდით იმაზე, თუ რას გვიმზადებდა მომავალი დღე. როგორც იქნა, მამლის ყივილმა განთიადის დადგომა გვამცნო. კარვიდან დილის სუფთა ჰაერზე გამოვედით, მე და ჰარი გავიზმორეთ, აყვავილებული ხეებისა და ბალახების არომატი შევისუნთქეთ და ბედს მადლობა გადავუხადეთ. უცებ წუწუნი გაისმა:
“არა! ოღონდ ეს არა!”
კარვიდან ფრენკი გამოძვრა, მკვდარივით გაფითრებული.
“გაგვქურდეს! მთელი ფული დაიკარგა!”
მე და ჰარი კარავში შევვარდით და ყველაფერი გადავაქოთეთ.
“აზრი არა აქვს, - ამოიოხრა ფრენკმა. – უკვე ყველგან დავძებნე”.
ჰარიმ ფრენკს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
“გამაგრდი, შენთან ვართ”.
“რაც დაგვრჩა ყველაფერს გაგიზიარებთ, - ვცდილობდი ფრენკის დაწყნარებას. – დაივიწყე ფული. მთავარია ერთად ვართ”.
ფრენკმა თავი გაიქნია და თქვა, რომ დარჩენილი ფული ყველას არ გვეყოფოდა. ამიტომ სახლში ბრუნდებოდა, თანაც სასწრაფოდ.
“მოდიხართ ბიჭებო?”
ჩემი ფული ოც დოლარამდე მქონდა. მე და ჰარიმ ერთმანეთს გადავხედეთ და ის მიხვდა, რომ დარჩენას ვაპირებდი. ჰარიმ თანხმობის ნიშნათ თავი დამიქნია, და ჩვენ გულისტკივილით დავემშვიდობეთ ფრენკს, რომელმაც ევროპაში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა. მან მხარზე გადაიგდო თავისი ზურგჩანთა და უკანა გზას გაუდგა, ჩვენ კი მიმავალ ფრენკს გავცქეროდით და ვფიქრობდით, რა გველოდა წინ.
მოგვიანებით, იმავე დღეს ნაკადულს მივადექით და მის ნაპირთან დასვენება გადავწყვიტეთ. ქარი არხევდა ხის ფოთლებს, ქვემოთ კი წყალი მირაკრაკებდა. ფრენკის წასვლასთან ერთად თითქმის საარსებო სახსრების გარეშე დავრჩი. უცნაურია, მაგრამ ამასთან ერთად სრულ თავისუფლებას ვგრძნობდი.
მე და ჰარიმ ჰოლანდიელ ჰიპებთან ერთად ვისაუზმეთ, რომლებსაც კოსმოსი და ჩუჩი ერქვათ. “მიუსლით” გაგვიმასპინძლდნენ და მათთან ერთად ჰოლანდიაში წასვლა შემოგვთავაზეს თავიანთი ძველი “ფოლკსვაგენით”. მალე დონოვანის, ბიტლების და როლინგ სთოუნზის სიმღერების თანხლებით ვმგზავრობდით ბელგიასა და ჰოლანდიაში, და თან ტიტების უსაზღვრო მდელოების ცქერით ვტკბებოდით. წითლები და ყვითლები, თეთრები, ვარდისფერები და იისფერები, აკურატული და სწორი რიგებით გაზრდილიყვნენ და თვალს ახარებდნენ.
იდილიურ ადგილას, ებკაუდში გაჩერების შემდეგ, სადაც ერთ-ერთი ჩვენი ახალი მეგობარი ცხოვრობდა, ამსტერდამში ჩავედით. იქ მიტოვებულ საცავში მიგვიყვანეს, სადაც რამდენიმე ათეული ჰიპი იატაკზე იწვა და მარიხუანას ეწეოდა. მქრქალი ნათურები ძლივს ანათებდნენ. აქა-იქ ვირთხები გაირბენდნენ ხოლმე. რძის ყუთებზე დადგმული ფანერებისგან შეკოწიწებულ იმპროვიზირებულ სცენაზე გაბურძგნული მუსიკოსები უკრავდნენ.
ჰაშიშის ყალიონით ხელში და არაამქვეყნიური ღიმილით ჩუჩმა წარმოთქვა:
“ღმერთმა ინებოს ჰეიტ-ეშბერში შევხვდეთ – ჰიპების მექაში”. გამომოსამშვიდობებლად ხელი დაგვიქნია და კვამლის ბოლქვებში გაუჩინარდა.
მე და ჰარიმ თითქმის უფულოდ არსებობა ვისწავლეთ. დილით ადრე რამდენიმე ცენტად ახლადგამომცხვარი ცხელი პურის “ბუხანკას” ვყიდულობდით, ხის ქვეშ ვჯდებოდით, პურს შუაზე ვჭრიდით და მადიანად ვილუკმებოდით. სადაც არ უნდა ვყოფილიყავით, ეს ჩვენთვის ყოველდღიურ ტრაპეზს წარმოადგენდა. განსაკუთრებულ შემთხვევებში ყველის ნაჭრის ყიდვის უფლებასაც ვაძლევდით საკუთარ თავს. ჩვეულებრივ ახალ ნაცნობებთან ვათენებდით ღამეს, ხანდახან კი ხეების ქვეშ, მიტოვებულ სახლებში, ან ღამის გასათევებში. ვცდილობდით შეძლებისდაგვარად გამოგვეზოგა დარჩენილი ფული.
ევროპული კონტრკულტურის დედაქალაქად იმ დროს ამსტერდამი ითვლებოდა. საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს ამსტერდამში დამის მოედანი წარმოადგენდა. ასობით თავგადასავლების მაძიებელი გასართობად და მუსიკის მოსასმენად მიემართებოდა ისეთ კლუბებში, როგორებიცაა “ფანტაზიო”, “პარადიზიო” და “მელკვეგი”. კიდევ ერთი პოპულარული ადგილი იყო “სულიერი ღამის კლუბი “კოსმოსი””. ერთ საღამოს იქ შევხვდი მაღალ ამერიკელს, თეთრი ტანსაცმლით, თავგადაპარსულს და თმის მცირე ბღუჯით თხემის მიდამოში.
“გინდა სულიერი საკვები გასინჯო?” – შემომთავაზა მან.
მე მორცხვად დავუქნიე თავი.
“მაშინ ხელები მომიშვირე”.
მე ხელები გავუწოდე და ჩემს ხელისგულებზე ხილის სალათის მთელი გუნდა აღმოჩნდა. მე დაბნეული ვიდექი, იოგურტი კი თითებს შორის ჟონავდა.
“რა ვუყო ამას?” – ვკითხე მე.
“ჭამე!” – გაიცინა ამერიკელმა და წავიდა.
რა ვიცოდი მაშინ, რომ ბედი კიდევ შემახვედრებდა მას – აქედან ათასობით კილომეტრის მოშორებით, სიტუაციაში, რომელსაც ვერც კი წარმოვიდგენდი!
მე და ჰარიმ მსოფლიოს ყველა კუთხიდან გავიჩინეთ მეგობრები. ყველაფერი მომწონდა, მაგრამ ჩემი გული მაინც ვერ პოულობდა სიმშვიდეს. შინაგანი ხმა მესმოდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი ვისი ხმა იყო და საით მიხმობდა. ბევრ დროს ვატარებდი მუზეუმებში, ვათვალიერებდი რა რელიგიური ხასიათის ნახატებს, და ვონდელ-პარკში, სადაც ვმედიტირებდი და სულიერ წიგნებს შევისწავლიდი. მაგრამ ყველაზე მეტად განმარტოებულ ადგილას, არხის პირას ჯდომა მიყვარდა. ნებისმიერი დიდი ქალაქის ატმოსფერო ძალაუფლების, სიმდიდრის და სიამოვნებების წყურვილითაა გაჟღენთილი; დიდ ქალაქში მოდა ისევე სწრაფად იცვლება, როგორც წელიწადის დროები, მაგრამ არხები, დაუმორჩილებელნი ქალაქის გავლენისადმი, თავის ცივ წყალს მთელი ქალაქის გავლით დაატარებდნენ და სიმშვიდეს ჰფენდნენ. მე საათობით ვიჯექი არხის ნაპირთან, წყლის ცქერით ვტკბებოდი და ვფიქრობდი იმაზე, თუ საით მივყავდი ჩემი ბედის ტალღებს.