koba71786
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 9459
წევრი No.: 93750
რეგისტრ.: 16-June 09
|
#29142048 · 10 Jan 2012, 23:59 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
tatuline ლექსი, რომლის ავტორადაც მიტროპოლიტი კალისტრატე მიიჩნიეს
„დაგჭირდეს? - დაღვარე სისხლიც!..“
ამ ბოლო პერიოდში ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, მეუფე კალისტრატეს მისამართით არაერთი პასკვილი დაიბეჭდა ქართულ მედიაში, - ჟურნალისტური ეთიკისა და ტექნოლოგიების დაცვით თუ დაუცველად, ეს სხვა თემაა.
მხოლოდ იმ ლექსთან დაკავშირებით მინდა ვისაუბრო, რომელსაც ჰქვია „საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“ და რომლის ავტორობისთვისაც ჟურნალისტებმა, ლამის, ჯვარზე აცვეს იერარქი. პარალელურად კი ინტერნეტში, სოციალურ ქსელებში გაჩაღდა შეტევა.
პირველად ეს ლექსი გაზეთ „ალიაში“ (?70 (2625), 8.09-12.09. 2011) დაიბეჭდა. იქვეა ვრცელი წერილიც ასეთი სათაურით და ქვესათაურით: „რა ლექსი მიუძღვნა მეუფე კალისტრატემ მიხეილ სააკაშვილს? - რატომ მოუწოდებს მეუფე სისხლისღვრისკენ პრეზიდენტს?“
წერილის ავტორი გელა ზედელაშვილი წერს: „სიმართლე გითხრათ, როცა თავიდან დავიწყე კითხვა, ვიფიქრე, მორიგი შაყირი ჩამივარდა-მეთქი ხელში, მაგრამ როდის ყოფილა, სასულიერო პირი ქვეყნის მეთაურს სისხლისღვრისკენ მოუწოდებდა?... კი, ბატონო, ბრძოლისკენ მოწოდება სხვა საქმეა, მაგრამ სისხლისღვრა?!“
ჟურნალისტი ასკვნის: „როგორც ხედავთ, მეუფე კალისტრატე მოუწოდებს მიხეილ სააკაშვილს (თანაც მაშინ, როცა მას უამრავი ადამიანის სისხლი აქვს დაღვრილი), თუკი დაგჭირდეს, სისხლი დაღვარეო. შეიძლება, აქ თავი იმართლოს მეუფემ, მე მტრის სისხლს ვგულისხმობო, მაგრამ სად აქვს სააკაშვილს მტრის სისხლის დაღვრის შნო? ახლა მე მოვითხოვ ქართველი ხალხის სახელით, მიაქციოს ამ ფრაზას ყურადღება საქართველოს საპატრიარქომ (ეს ლექსი შესულია მეუფე კალისტრატეს მიერ გამოცემულ კრებულში).“
კვირის თავზე, „ალიას“ ექსკლუზიური თემა გაზეთ „ასავალ-დასავალის ჟურნალისტმა ჯაბა ხუბუამ განაახლა („ასავალ-დასავალი“, ?37 (884), 2011, 12-18 სექტემბერი).
გელა ზედელაშვილის თემაზე დაყრდნობით, მან გაცილებით ვრცელი (მთელი გვერდი!) საგაზეთო მასალა შექმნა სათაურით: „ფრთხილად, წმინდა სინოდში მიშას მარგალიტია!“ ჟურნალისტი მიმართავს მკითხველს: „ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტრატე, იგივე შოთა მარგალიტაშვილი, იგივე მიშას მარგალიტი, რომელმაც საქართველოს ამომგდები და დამაქცევარი სააკაშვილი ჩვენს ყველაზე დიდ მეფეს, წმინდან დავით აღმაშენებელს შეადარა და რომელიც ქუთაისში ყოველი ჩასვლისას პარტიული აქტივისტივით კუდში დასდევს სააკაშვილს, ყოველივე ამ სიკეთესთან ერთად, „ნაცების“ ბელადს, თურმე, ლექსებსაც უძღვნის! მეუფე კალისტრატეს, იგივე შოთა მარგალიტაშვილის მიერ სააკაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი გაზეთ „ალიაში“ გამოქვეყნდა და მას სტილის სრული დაცვით აქვე გთავაზობთ.“
ჟურნალისტი განსაკუთრებით იმას სწუხს, რომ „საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისადმი მიძღვნილი ლექსი დათარიღებულია 2008 წლის 21 იანვრით, ანუ მეუფე კალისტრატეს სააკაშვილისადმი ეს ოდა მიუძღვნია მაშინ, როცა „ნაცმოძრაობის“ ხელმწიფე უნიათო და გამყიდველი ოპოზიციის წყალობით, მეორე ვადით გახდა საქართველოს პრეზიდენტი. მიშას მარგალიტს ეს ლექსი მიშას მეორე საპრეზიდენტო ინაუგურაციიდან მეორე დღეს დაუწერია.“
ლექსის ერთ-ერთი სტრიქონით აღშფოთებული ჟურნალისტი იქვე განმარტავს: „მეუფე კალისტრატე მოუწოდებს სააკაშვილს, თუ დაგჭირდეს, სისხლიც დაღვარეო!“
ჯაბა ხუბუა თავის სტატიას ასეთი მოწოდებით ამთავრებს: „... მანამდე კი, ფრთხილად, ქართველებო, ფრთხილად, თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ! წმინდა სინოდში მიშას მარგალიტია.“
არც ჩემი კოლეგების ნაშრომების შეფასებას ვაპირებ და არც მათი პარტიული თუ საავტორო პოზიციების განხილვას, მხოლოდ ჟურნალისტიკის ნებისმიერ სახელმძღვანელოსა თუ ქრესტომათიაში დაცულ ერთ ელემენტარულ პირობას კი გავიხსენებდი:
ფ ა ქ ტ ი ს ს ი ზ უ ს ტ ე!
სანამ ადრესატს, კონკრეტულ სამიზნეს, ქაღალდის „ტყვიას“ ვუსწორებდით, იქნებ ქსეროქსით ან ვიდეოკამერით გადაღებული ლექსი კი არა, თავად წიგნი აგვეღო ხელში და ყურადღებით დაგვეთვალიერებინა?
„ქართველნო ერთად ღვთისაკენ“ 2011 წელს, ქუთაისშია დაბეჭდილი შპს „ხომლი ენ“-ის სტამბაში (ილია ჭავჭავაძის გამზ. 33) და მასში სასულიერო თუ საერო პირებისადმი მიძღვნილი მოკრძალებული ლექსებია შეტანილი. როგორც ანოტაციაშია მითითებული, წიგნი გამოცემულია ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტის, კალისტრატეს დაბადების დღის აღსანიშნავად.
თუმცა ეს არ არის მთავარი.
მთავარი სხვაა:
მეუფე კალისტრატე (შოთა მარგალიტაშვილი) არ არის არც ამ წიგნის და არც ამ ლექსის ავტორი!
***
წიგნის ყდაზე, მეუფე კალისტრატეს სურათის ზემოთ, სულ იოლად ამოსაკითხავია საკმაოდ თვალში მოსახვედრი შრიფტით დაბეჭდილი გვარ-სახელი:
ნათელა მეტრეველი.
ანოტაციაშიც მითითებულია, რომ სწორედ ეს ქალბატონია ამ ლექსების ავტორი.
სრული ინფორმაციისათვის:
ნათელა მეტრეველი წლების მანძილზე მუშაობდა ქუთაისის 37-ე პროფტექნიკური სასწავლებლის ბიბლიოთეკის გამგედ.
იგი აფხაზეთის ომში დაღუპული გმირის, ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერის - გია გერაძის დედაა.
ამჟამად სამონაზვნე მორჩილი გახლავთ ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოს მიმდებარედ არსებულ, წმინდა თეკლას დედათა მონასტერში.
მისი წიგნი რამდენიმე დღის წინ, სრულიად შემთხვევით ჩამივარდა ხელში. ლექსი „საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს“ მე-9 გვერდზე იყო დაბეჭდილი...
... ლექსის ავტორს მონასტრის ერთ-ერთ კელიაში ვესაუბრე16 ნოემბრის დილით. ნათელა მეტრეველი 70 წლის, დარბაისელი ქალბატონი აღმოჩნდა. თავისი ტრაგიკული ცხოვრების მიუხედავად, სათნო, კეთილმოსურნე ღიმილი ეფინა მშვიდ სახეზე.
- თუ შეიძლება, რამდენიმე წუთით შეგაწუხებთ თქვენს წიგნთან დაკავშირებით.
- კი, ბატონო.
- ქალბატონო ნათელა, თქვენთვის თუ არის ცნობილი იმ რეზონანსის შესახებ, რაც პრესაში მოჰყვა წიგნში შესულ ერთ-ერთ ლექსს?
- დიახ, ვიცი. მეუფეს ძალიან ცუდი წერილები დაუწერეს, რადგან მას მიაკუთვნეს ამ ლექსის ავტორობა. არც ღირდა, გამოპასუხებოდა მეუფე. პატრიარქსაც უწერენ ცუდ წერილებს, სხვებსაც... რაც უნდათ, იმას იგონებენ ხოლმე ჟურნალისტები, რა უნდა უთხრა?
- თავად თქვენ, როგორც ნამდვილ ავტორს, არ გიცდიათ გამოხმაურება, ან განმარტების მიცემა?
- ყინულის მოედნის გახსნაზე რომ იყო პრეზიდენტი, ჩავედი, წიგნიც თან წავიღე. იქ ვიკითხე, „ასავალ-დასავალის“ წარმომადგენელი თუ არის ვინმე-მეთქი. მე ახლა არ ვიკადრებ იმ ჟურნალისტის განსჯას, მონასტერში ვცხოვრობ, მაგრამ კი ვუჩივლებ-მეთქი. როგორ მისცა თავს ნება, რომ საავტორო უფლება წამართვა! მე ვარ ლექსის ავტორი და არა - მეუფე კალისტრატე-მეთქი. ან რატომ დამიმახინჯა ლექსის აზრი? დიახაც, ვუჩივლებ ჩემი უფლებების დარღვევისთვის-მეთქი. მაშინვე შემომეცალნენ იქ მყოფი ჟურნალისტები, დამტოვეს მარტო. არც ერთი არ დაინტერესებულა ჩემი განცხადებით.
- განსაკუთრებით მწვავედ შეფასდა ფრაზა: „დაღვარე სისხლიც“...
- მე იმ ლექსში რომ ვწერ: „იღვაწე ერისთვის, ქვეყნისთვის აენთე, დაგჭირდეს? - დაღვარე სისხლიც!“ - პრეზიდენტს ვეუბნები, შენი საკუთარი სისხლი-მეთქი, თორემ ხალხის სისხლიო, იმას კი არ ვწერ! რად უნდოდა ამას ამდენი ფიქრი და გამოცანა! სინამდვილეში, ჟურნალისტებმა ძალიანაც კარგად იციან, რაც იგულისხმება, მაგრამ რაღაცა ხომ უნდა მოძებნონ „ისეთი“...
- როგორ გგონიათ, რატომ მოხდა ასეთი შეცდომა?
- ეს წიგნი რომ გამოვიდა, ოთხშაბათი დღე იყო. მე რამდენიმე ეგზემპლარი ჩავუტანე მეუფეს. იგი პარასკეობით წირვას ატარებს ბაგრატზე. იმ პარასკევსაც ბაგრატზე ბრძანდებოდა. მოულოდნელად, პრეზიდენტი მოსულა. მეუფეს გახსენებია, რომ ჯერ კიდევ მანქანის საბარგულში ედო ჩემი წიგნები. გამოუტანია და ხმამაღლა წაუკითხავს ეს ლექსი. სააკაშვილს გულში ჩაუკრავს. იქ იყვნენ ჟურნალისტები, რომლებმაც შეხედეს ამას და, ალბათ, დაასკვნეს, ეს მეუფემ დაწერაო. აქედან გარცელდებოდა მისი ავტორობის ამბავი.
მე, რა თქმა უნდა, ძალიან გული მტკივა, რომ ჩემი ლექსის გამო მეუფეს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჩემი სტრიქონებიც ასე უკუღმა გაიგეს. ყურადღებით დაათვალიერონ ეს წიგნი და ნახონ, რამდენი ტკივილითა და ცრემლითაა სავსე, როგორ ვლოცულობ ქვეყნის მომავალზე, მშვიდობაზე, იქვე როგორ ვწერ: „დედის გული ხომ მზის სხივი არის, ყველას ათბობს და ყველას ანათებს, არ უნდა ომი, ტყვია და სისხლი, გთხოვთ, გავუფრთხილდეთ, ცრემლს ნუ დავადენთ!..“ აბა, ერთი წაიკითხონ, სადა მაქვს მოწოდება - სისხლი დაიღვაროსო!
ამრიგად, ერთ მხარეზეა: ლექსის არაჰუმანური პათოსისთვის უმართებულოდ გაკიცხული უმაღლესი სასულიერო პირი, გულნატკენი ნამდვილი ავტორი და შეცდომაში შეყვანილი საზოგადოებრივი აზრი, მეორე მხარეს კი - ორი ცნობილი ჟურნალისტი, რომელთაც საკუთარი პუბლიცისტური რიტორიკა არარსებულ ფაქტზე ააგეს.
( "ნანული ცხვედიანი" )
|