ამ საკითხთან დაკავშირებით დავდებ ჩემს ძველ მიმოწერას ერთ-ერთ მოძღვართან. შესაძლებელია ვინმესთვის საინტერესო აღმოჩნდეს (მაქვს კურთხევა დავაკოპირო):
--- დამლოცეთ, მამაო!
ერთი კითხვა მაქვს და თუ მოიცლით იქნება დამეხმაროთ.
მარკოზის 13:32 ში უფალი ეუბნება მოწაფეებს:
"ხოლო დღისა მისთჳს და ჟამისა არავინ იცის, არცა ანგელოზთა ცათა შინა, არცა ძემან, არამედ მამამან."
მართლმადიდებლური სწავლებით, მაცხოვარმა რა თქმა უნდა იცოდა ამ დღის შესახებ, მაგრამ განგებ არ გააანდო მოწაფეებს.
რამდენად გამართლებულია ტყუილი ასეთ შემთხვევაში?
მეორე მაგალითი თევდორე მღვლის შეიძლება იყოს, რომელმაც ასევე იცრუა რათა მტერი გზას აეცდინა და სხვა მიმართულებით წაეყვანა.
მამაო, ითვლება თუ არა ცოდვად არა სიმართლის დამალვა, არამედ პირდაპირი ტყუილი. როდესაც იცი, მაგრამ ამბობ რომ არ იცი?
გმადლობთ!
--- მშვიდობა, დავით!
ეს ადგილი სახარებიდან კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ მაცხოვარში შეურევნელად იყო ორი ბუნება. ის რაც ეკუთვნის ერთ ბუნებას არ გამხდარა მეორეს თვისება. იცოდა როგოც ძე ღმრთისამ, მაგრამ არ იცოდა როგორც ძე კაცისამ, რადგან კაცობრივ ბუნებას არ შეეძლო მიესაკუთრებინა ღმრთაებრივი ყოვლისმცოდნეობა. ასე რომ აქ არ იყო სიცრუე. ჩვენთვის, ერთი ბუნების მქონე არსებებისათვის ცდისეულად უცხოა ცოდნა იმისა, რას ნიშნავს იცოდეს ერთ პიროვნებაში ერთმა ბუნებამ და არ იცოდეს მეორემ. ამიტომაც გვიჭირს მხოლოდ საკუთარ გამოცდილებაზე დაყდნობით ამის გააზრება, რაც ხშირად მათაც ჭირთ, ვინც ღმრთისმეტყველ უწოდებს თავს.
ზოგადად სიცრუე არის ცოდვა. მაგრამ ზოგჯერ ვდგებით არჩევანის წინაშე, სადაც ორ ცოდვას შორი სიცრუე უმცირესია. ასე იყო თევდორე მღდლის შემთხევაში. პატერიკში არის მოთხრობილი შემთხევა, როცა ერთ ბერს მეორის მიმართა აღეძრა ბოროტი შურიანობა იმის გამო, რომ მას ყვარობდა ერი და რჩევებს ეკითხებოდა. და, რაკი ის მეორე მის სხვა კელიაში ბინადრობდა, გააგზავნა მოწაფე მოთხოვნით დაეტოვებინა კელია. მოწაფემ კი მისულმა უთხრა მეორეს, რომ მოძვარი სიყვარულით მოკითხავდა მას. ამანაც სიყვარული შემოუთვალა. მეორედ გააგზავნა მოწაფე და მან იგივე უთხრა. როცა ნახა პირველმა, რომ არ დაცალა კელია, გადაწყვიტა მივარდნოდა და გაეგდო. წინასწარ მოწაფე გააგზავნა გასაფრთხილებლად. მოწაფემ უთხრა მეორეს, რომ მისი მოძღვარი მოდიოდა, რათა სიყვარულით მოეკითხა. გაუხარდა მეორეს და თავად შეეგება, მეტანია გაუკეთა და ეამბორა. მოულბა პირველს გული და შეაქო კეთილგონიერი მოწაფე. აწ თავად განსაჯე, რა იქნებოდა უფრო დიდი ცოდვა.
სიხრუეს უნდა ვერიდოთ, რადგან ის აზიანებს გულს და უფრო დიდი სიცრუისათვის ამზადებს. მაგრამ ზოგჯერ პირდაპირ თქმა სიმართლისა ვერ არის უფრო სარგებელი, რადგან არ მიყვება ჩვენს სიტყვებს მადლი ღმრთისა ჩვენივე დაცემულობის გამო. თუმცა შევსრებივარ ერთი ხუცესის მიერ ისეთი სიმართლის თქმას, რომ სხვას მის ადგილას ჩაქოლავდნენ, ამას კი დაემორჩილნენ. ეს უკვე მის მოხვეჭილი ღმრაებრივი მადლის მოქმედება იყო და არა უბრალოდ ადამიანის სიტყვები.
შეგეწიოს დედა ღმრთისა.
--- მამაო, მადლობა პასუხისთვის.
მე ეგ ვერსია, ცხადია ვიცოდი. გადავწყვიტე თქვენთვის მომეწერა რადგან არაერთგვაროვანი პასუხებია თავად მართლმადიდებლებს შორისაც.
მაგალითად არქიმანდრიტი რაფაელი იზიარებს ანალოგიურ აზრს, ანუ თითქოსდა მაცხოვრის კაცობრივმა ბუნებამ არ იცოდა ამ დღის შესახებ. მაგრამ არქიმანდრიტის ამ მოსაზრებას წინ აღუდგა ფილოლოგი და თეოლოგი ედიშერ ჭელიძე. ის ამტკიცებს რომ შეუძლებელია მაცხოვარს არ სცოდნოდა მეორედ მოსვლის თარიღის შესახებ. დასტურად ამისა წიგნიც კი გამოსცა, რომლის ამონარიდებიც მაქვს და თუ მოისურვებთ გამოგიგზავნით.
ედიშერი იხსენებს აგნოიტებს (იგივე სევერიტებს) რომლებიც აცხადებდნენ რომ ქრისტეს კაცობრივი ბუნება არ იყო ყოვლისმცოდნე. მათ მოძღვრებას თავს დაესხა ალექსანდრიის პატრიარქი ევლოგი. ასევე წინააღმდეგი იყო პაპი გრიგოლ I ც.
საინტერესო ნაშრომს წავაწყდი ინტერნეტში, სადაც 4 პატრისტიკული ახსნა აქვს ამ ადგილს (ბასილი კესარიელის, ათანასე ალექსანდრიელის, ასევე ავგუსტინე იპონიელი და გრეგორი ტურსელის) . ბმული ინგლისურადაა. მინდა რომ გადავთარგმნო. ვფიქრობ საინტერესო უნდა იყოს ყველასათვის.
მთავარი არგუმენტი ქრისტეს კაცობრივი ბუნების ცოდნის არქონის შესახებ არის ციტატა: ლუკა 2.52 "და იესუ წარემატებოდა სიბრძნითა და ჰასაკითა და მადლითა წინაშე ღმრთისა და კაცთა. "
მაგრამ ედიშერი აცხადებს რომ მაცხოვარს ადრეულ ასაკში უკვე ჰქონდა ცოდნა და ის თანდათანობით ავლენდა ამ ცოდნას. დავდებ მცირე ამონარის ედიშერის წიგნიდან (წმინდა იოანე დამასკელის მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემიდან):
"ითქმის რომ იგი წარემატებოდა "სიბრძნით, ასაკითა და მადლით", რადგან იზრდებოდა რა ასაკით, ასაკის ზრდასთან ერთად სააშკარაოზე გამოჰქონდა თავის თავში არსებული სიბრძნე... ხოლო ისინი რომლებიც ამბობენ რომ წარემატებოდა იგი სიბრძნით და მადლით, როგორც მიმღები ამათი შემატებისა, არ აღიარებენ [ღმრთეებასთან] ხორცის შეერთებას ამ უკანასკნელის პირველგაჩენისთანავე, არცთუ ჰიპოსტასურ ერთობას ქადაგებენ, არამედ ამაოდბრძნობენ, ნესტორს ერწმუნებიან."
ანუ, თუ გამოირიცხება ის ფაქტორი რომ მაცხოვარმა ნამდვილად იცოდა მეორედ მოსვლის შესახებ, მაგრამ განგებ არ გაამხილა, რჩება სხვა ვერსიები.
ჩემი აზრით საინტერესოა ლინგვისტიკური ახსნა ამ ციტატისა, რომელიც ჩემს მიერ მითითებულ ინგლისურ წყაროშია აღწერილი. აი ეს ბმული:
http://francisgumerlock.com/wp-content/upl...20Ignorance.pdfმამაო, მომიტევეთ კადნიერება თუკი ვერ ვიღებ ამა თუ იმ განმარტებას მორჩილებითა და უსიტყვოდ. მსურს უფრო ღრმად შევისწავლო ეს საკითი.
მადლობა თქვენი თანადგომისთვის და სიტყვის შეწევნისთვის.
--- რამოდენიმე წლის წინ იყო კამათი ამ საკითხზე. მაშინ ჭელიძე აეკიდა მამა რაფაელის სიტყვებს და ეს არ იყო შემთხვევითი. შეწინააღმდეგების ნამდვილი საფუძველი სულაც არ იყო ეს თემა, მაგრამ ეს არ არის ჩემი განსაკითხი. შემდეგ ჭელიძეს სიტყვებზე სამი წერილი დაწერა მამა ლაზარებ (აბაშიძემ) და დაიბეშდა კიდევაც მომცრო წიგნად "Велия Благочестия Тайна" (სამწუხაროდ ციფრულ ფორმატში არ მაქვს, მხოლოდ ქაღალდზე). ეს წერილები საღმრთისმეტყველო კომისიის მისამართით დაიწერა, მაგრამ, თუ პირდაპირ ვიტყვით ვერ ეყო კომისიაში აზრთა ერთობა და, ნაწილობრივ კომპეტენტურობაც და მიიჩქმალა ეს საკითხი. როგორც თქვეს, პატრიარქმა ურჩია ჭელიძეს არ ეწერა მეტი და არ გეღვივებინა კამათი, თუმცა მე ეს, ცხადია ჩემი ყურით არ მომისმენია. ჩვენდა საუბედუროდ დღეს საქართველოში არ არსებობს საღმრთისმეტყველო სკოლა; ერთი ადამიანი თავის აღზრდილებითურთ სკოლა არ არის.
სიმართლე ვთქვა, როცა ჭელიძის სიტყვებს ვკითხულობ, საკმაოდ ბევრ კერძო აზრს ვხვდები და უპირობოდ ვერ ვენდობი.
მცნობელობა ბუნების თვისებაა, ხოლო კონკრეტული ცოდნა პიროვნების მიერ ამ უნარის რეალიზაცია და განსხვავდება ინდივიდებში. მაცხოვარში არ ჩამოყალიბებულა ერთი ბუნება, არ შერეულა და ამიტომ ერთ პიროვნებაში ჩვენ ვხედავთ როგორც ღმრთაებრივს, ისე კაცობრივს. ამის გარჩევისაკენ მკაფიოდ მოგივწოდებს წმ. იოანე ოქროპირი. სამების შემთხვევაში ჩვენ გვაქვს ერთი ბუნება და ამიტომ ერთი მცნობელობა, და ჰიპოსტასთა განყოფა არ განაპირობებს მცნობელობათა სხვაობას წევრებს შორის. თუ მცნობელობას ვიგულებთ ჰიპოსტასურ თვისებად, მაშინ სამებაში უნდა შემოვიდეს განყოფა ამ ნიშნით. თუ დავუშვებთ, რომ ღმრთაებრივმა შთანთქა კაცობრივი მცნობელობის საკითხში, მაშინ მსგავასადვე უნდა მივუდგეთ სხვა თვისებებსაც. თავადაც მიხვდები საით მიდის ეს. რატომ უნდა ეცრუა მაცხოვარს, რა მიზეზი ჰქოდა საამისოდ? ხომ შეეძლო ეთქვა, ვიცი, მაგრამ თქვენ არ გარგებთ ამის ცოდნა? მამათა მცირე ნაწილი მართლაც ფიქრობდა, რომ მაცხოვარმა დაფარა ის, რაც იცოდა; მაგრამ უმრავლესობა საპირისპირო აზრისაა. მაცხოვარში ღმრთაებრივმა არ შთანთქა, არ დაფარა კაცობრივი და ეს ძაან მნიშვნელოვანია. გამდიდრება არ ნიშნავს დაფარვას, გაუქმებას.
ის მონაკვეთი, რომელიც მოიყვანე ჭელიძის წიგნიდან, ეხება წმ. იოანე დამასკელის მე-3 წიგნის 22-ე თავს. შეიძლება ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნას, თითქოს მაცხოვარში მხოლოდ ღმრთაებრივი მეტყველებდა, რომელმაც გაამდიდრა მცნობელობით კაცობრივი. მაგრამ იმავე წიგნის მე-13 თავში წმიდა იოანე ამბობს, რომ მაცხოვარში იყო ორი - კაცობრივი და ღმრთაებრივი ქმედება, ორი თავისუფლება, სიბრძნე, მცნობელობა. ამ გადასახედიდან უკვე სხვაგვარად ჩანს ყოველივე. ამ ორ მონაკვეთში არ არის წინააღმდეგობა, რადგან პირველ შემთხვა - 22-ე თავი მკაფიოდ არის მიმართული ნესტორის სწავლების საწინააღმდეგოდ, რომელიც თვლიდა, თითქოს ღმრთისმშობელმა შვა კაცი, რომელიც აღორძინდა, ამაღლდა ღმრთაებრიობმადე შესახლდა რა მასში ღმერთი ნათლისღებისას. წმიდა მამა იმისთვის ამახვილებს ჩვენს ყურადღებას ღმრთაებრივის გამოვლინებაზე და არა თანდათანობით აღორძინებაზე, რომ მაცხოვარში ღმრთაებრივის ჩასახვიდანვე მყოფობა გვიჩვენოს.