ლოგიკⒶკაი რა ძალიან მიხარიხარ, მაგრამ ვერ ვხვდები რატომ არ გჯერა თუნდაც იმ მეცნიერების ვინც საბოლოოდ იმ დასკვნამდე მივიდა რომ არსებობს ღმერთი. ძალიან გთხოვ არ დაიზარო და ბოლომდე გაეცანი რასაც ეხლა დავწერ აქ.. მე ბოლომდე ვეცნობი ხოლმე შენს პოსტებს

ღირსი ანასტასი სინელი.
როდესაც წმიდა ანასტასიმ ახლადაღკვეცილი ბერი იოანე იხილა, აბაა მარტვირის ჰკითხა:
-მითხარი, მამაო, საიდან გყავს ასეთი მოწაფე?
-სულ ახლახან აღვკვეცე იგი, - უპასუხა მარტვირიმ.
-იცოდე, რომ შენ სინას მთის იღუმენი აღკვეცე!-უთხრა ანასტასიმ.
ოცი წლის შემდეგეს წინასწარმეტყველება აღსრულდა. წმიდა იოანე, მისი ნების საწინააღმდეგოდ, სინას მთის იღუმენად დაადგინეს
ვისაც არ სურს სიკეთე ირწმუნოს, მას ვერც ზეციური სასწაულები უშველის. ბოროტებით აღსავსე გული გრანიტზე უმტკიცესია. ცოდვით დაბინდულ გონებაში ვერ შეაღწევს ნათლის სხივი, რომლის ძალმოსილება ათას მზეს აღემატება. მაგრამ თუ ადამიანი გულიდან ბოროტ გრძნობებს და გონებიდან ავ ზრახვებს განაგდებს, ღვთისგან უთვალავ მინიშნებას მიიღებს. ვისაც სურს რო ირწმუნოს, იგი იხილავს და ირწმუნებს.
განა შესაძლებელია, კმაყოფილებისა და ნეტარების იმ მდგომარეობის წარმოდგენა, როგორშიც მართალთა სულები არიან სიკვდილის შემდეგ? "რომელი თუალმან არა იხილა, და ყურსა არა ესმა, და გულსა კაცისასა არა მოუხდა, რომელი განუმზადა ღმერთმან მოყუარეთა თვისთა" (1 კორ. 2, 9). მათი სხეულები აღდგომისას სრულ გარდასახვამდე უკვე იღებენ სასწაულებრივ ძალას, არ იხრწნებიან კუბოში და კეთილსურნელებას აფრქვევენ მორწმუნეთათვის.
ნიშები და სასწაულები უნდა აღასრულოს მაცხოვარმა თვით კაცის გულში. თუ სახარების სიტყვამ ისე იმოქმედა შენს გულში, რომ გაასწორა შენი ჭკუის ცუდი, დაბნელებული აზრი, და ნაცვლად მისა, დანერგა მუნ წმინდა ღვთიური აზრი, ეს იქნება სასწაული, მზგავსი ბრმის თვალის აღხილვისა. როდესაც მაცხოვრის მადლი ცუდსა, გარყვნილსა, გაფუჭებულსა კაცსა მოაქცევს, გასწმენდს, ღვთის მადლს მის გულში გამოაცოცხლებს და აღადგენს, ეს იქნება უდიდესი სასწაული, ვიდრეღა მკვდარის გაცოცხლება.
ღირსი პავლე თებელი.
როდესაც ღვთივკურთხეული პავლე თებელი აღესრულა, მასთან მოსულმა წმიდა ანტონმა არ იცოდა, როგორ დაემარხა იგი, რადგან საფლავის გასათხრელად არაფერი ჰქონდა წამოღებული. მონასტრამდე სამი დღის სავალი იყო...
-უფალო, შენი ერთგული მხედრის გვერდით დავრჩები და, თუ საჭირო იქნება, დაე, მეც აქვე განვუტევო მშვიდობით სული, თქვა მან და დარჩენა გადაწყვიტა.
ამ დროს უდაბნოში ორი ლომი გამოჩნდა. თავდაპირველად ანტონი შეშინდა, მაგრამ როდესაც იხილა, როგორ მოდრიკეს თავები ლომებმა წმიდანის ფეხებთან, უფალი ადიდა. ლომებმა ბასრი ბრჭყალებით დაიწყეს საფლავის თხრა და როდესაც გათხარეს, კვლავ მიეახლნენ წმიდანს, თითქოს ემშვიდობებიანო, თავისებურად დაიტირეს იგი. შემდეგ წმიდა ანტონთან მივიდნენ და ხელები აულოკეს, თითქოს კურთხევა ითხოვეს.
-უფალო, შენი ნების გარეშე ფოთოლიც არ ჩამოვარდება ხიდან, აკურთხე ეს ცხოველები შენი ნებისამებრ, - თქვა ანტონმა.
როდესაც ცხოველები თვალს მიეფარნენ, წმიდა ანტონმა წმიდა პავლე დაკრძალა
ღირსი გერასიმე და ლომი.
ღირს გერასიმე იორდანელს ცხოველები უყვარდა, აჭმევდა მათ, ეფერებოდა და მკურნალობდა.
ერთხელ, დიდმარხვაში, იგი იორდანეს უდაბნოში მიდიოდა და შეხვდა ლომს, რომელსაც შერჭობილი ეკლისაგან თათი სტკიოდა და უკვე გასიებოდა. ბერმა ჭრილობა გაუსუფთავა, შეუხვია და გაუშვა. მაგრამ ლომი, თითქოსდა, მადლიერების ნიშნად, არ სცილდებოდა მას და უკან მიჰყვებოდა თავის კეთილისმყოფელს.
ამ დღიდან წმიდანი აჭმევდა ცხოველს და დაავალა სახედრის მოვლა, რომელსაც მონასტრისთვის წყალი მოჰქონდა. სახედრის სიკვდილის შემდეგ ლომმა თვითონვე დაიწყო წყლის ზიდვა სავანის საჭიროებისათვის.
ღირსი გერასიმეს გარდაცვალების შემდგომ ლომი დიდხანს დარდობდა, მის საფლავს არ სცილდებოდა და იქვე მოკვდა.
საზღაური დაცინვისათვის.
ეს ამბავი 1881 წელს მოხდა. ერთ მონასტერს ესტუმრა ერთ-ერთი სამრევლო ტაძრის წინამძღვარი და უამბო, რომ ცოტა ხნის წინ მისი ქალიშვილი მეზობელ სოფელში თავადებთან სტუმრობდა, რათა მისი ქალიშვილების წრეში დრო გაეტარებინა. ერთხელ ნასადილევს გოგონები აივანზე გამოვიდნენ. მათ მიუახლოვდა პატარა მუნჯი ბიჭი და მოწყალება ითხოვა. გოგონამ დასცინა და საბრალო ბავშვი თვალცრემლიანი გასცილდა იქაურობას.
მეორე დილით, როდესაც გოგონამ გაიღვიძა, აღმოაჩინა, რომ მეტყველების უნარი დაჰკარგვოდა. მამამ დაუყოვნებლივ წაიყვანა ქალიშვილი ცნობილ ექიმებთან, მაგრამ მათ ვერაფერი უშველეს, რადგან გოგონას არცერთი ორგანო დაზიანებული არ ჰქონდა.
გავიდა რამდენიმე თვე. ერთ ღამეს მშობლებს მოესმათ, რომ გოგონა ძილში ვიღაცას ესაუბრებოდა. ისინი ფეხაკრეფით მიუახლოვდნენ შვილის საწოლს, რომელმაც გამოღვიძების შემდეგ უამბო მათ, რომ მის საწოლს ნათლით მოსილი ახალგაზრდა მიუახლოვდა და უთხრა:
-შენ დაისაჯე იმისთვის, რომ მუნჯ ბავშვს დასცინე; მაგრამ ღვთის წყალობით დაგიბრუნდება მეტყველების უნარი; მშობლებთან ერთად ფეხით წადი მონასტერში დ მადლობა შესწირე უფალს, რომელმაც თქვენი ლოცვა შეისმინა.
ამ დღის შემდეგ გოგონა განსაკუთრებული გულისხმიერებითა და თანაგრძნობით გამოირჩეოდა თანატოლების მიმართ.
მაცხოვრის გამოცხადება ავადმყოფთან.
ერთმა მღვდელმა თავის დის შვილს გაუგზავნა ხატი, რომელზეც მაცხოვარი ეკლის გვირგვინითაა გამოსახული. ამ სრულიად ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბედნიერად ცხოვრობდა თავის ქმარ-შვილთან ერთად, უეცრად საშინელი სენი შეეყარა. ყველა დასტაქარი იმ აზრზე იდგა, რომ მის გადასარჩენად ქირურგიული ჩარევა იყო საჭირო. ოპერაცია ძალზე რთული და მძიმე იქნებოდა და ძალიან დიდი ალბათობა იყო იმისა, რომ ავადმყოფი მას ვერ გადაიტანდა. ექიმები ამბობდნენ, რომ ასი ასეთი ოპერაციიდან მხოლოდ ერთი მთავრდებოდა დადებითი შედეგით.
ოპერაციის გაგონებაზე ავადმყოფს საშინელი შიში აიტანდა ხოლმე და გული მისდიოდა. ერთხელ ასეთ მდგომარეობაში მყოფმა ნახა სიზმარი, რომ მაცხოვარი გამოეცხადა ეკლის გვირგვინით და უთხრა:
-ვხედავ შენს ტანჯვას და მე დაგეხმარები; ნუ შეუშინდები ოპერაციას - იგი სიცოცხლეს მოგანიჭებს და არა სიკვდილს.
ავადმყოფს გაეღვიძა და ამ საოცარი სიზმრით გამხნევებულმა უკვე თვითონ სთხოვა ქმარს, ოპერაცია დაეჩქარებინათ. მას სურვილი შეუსრულეს. ყველასთვის მოულოდნელად ოპერაციამ კარგად ჩაიარა. ქირურგები გულახდილად ამბობდნენ, რომ ასეთ შედეგს არ ელოდნენ. ცოტა ხანში ავადმყოფი სრულად გამოჯანმრთელდა.
შემდგომში მან ბიძას უთხრა, რომ ნაჩუქარ ხატზე გამოსახული მაცხოვარი ძალზე ჰგავდა იმას, ვინც ძილში გამოეცხადა.
მაცხოვრის პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლება.
როდესაც წმიდა მოციქულთასწორმა დედოფალმა ელენემ ცოდვის პატივსაცემად თხემის ადგილას აშენებული ტაძარი დაანგრია, მისი საფუძველი გათხარა და სამი ჯვარი აღმოაჩინა. ყველა გაურკვევლობაში ჩავარდა, თუ რომელ მათგანზე იყო ჯვარცმული სამყაროს მაცხოვარი და რომლებზე - ავაზაკები, მისგან მარჯვნივ და მარცხნივ ჯვარცმულნი.
სწორედ იმ დროს დასაკრძალად მიცვალებულს მოასვენებდნენ. პატრიარქმა მაკარიმ პროცესია შეაჩერა და ბრძანა, ჯვრები უსულო სხეულებისთვის ერთმანეთის მიყოლებით შეეხოთ. ორ ჯვარს შედეგი არ გამოუღია, მაგრამ როგორც კი უფლის ცხოველსმყოფელი ჯვრის ხე მიუახლოვეს, მიცვალებული კუბოდან აღდგა.
წმიდა დედოფალი მაცხოვრის ჯვრის წინ ღვთაებრივი აღტყინებით დაემხო მუხლებზე და ასგზის ემთხვია. ასე მოიქცა მთელი სახელმწიფო ამალა. მაგრამ ხალხის ურიცხვი დინებისა და სიმჭიდროვის გამო ქრისტიანთა დიდმა ნაწილმა ჯვრის დანახვა და მთხვევა ვერ შეძლო. ყველა ხმამაღლა ითხოვდა, მისთვის შორიდან მაინც შეეხედათ. მაშინ უწმინდესი პატრიარქი ამაღლებულ ადგილას ავიდა, აღამაღლა და მაღლა ასწია ჩვენი ცხოველსმყოფელი ხე და უჩვენა ხალხს, რომლებმაც წამოიძახეს: „უფალო შეგვიწყალენ!“.
იმ დროიდან დადგინდა მაცხოვრის ცხოველსმყოფელი ჯვრის ამაღლების დღესასწაული; ამ ქმედებით ბერძნულ-რომაული ეკლესიის მიერ დადგენილი წეს ჩვეულება დღემდე გრძელდება
წმიდა მარკოზ მესაფლავე.
ერთი ბერი ავადმყოფობით აღესრულა. მის ერთ-ერთ მეგობარს დიდი სურვილი ჰქონდა, ენახა ადგილი, სადაც განსვენებული ბერის ცხედარი უნდა მოესვენებინათ. ამიტომ მივიდა და დაეკითხა წმიდა მარკოზს, რომელიც საფლავს თხრიდა. მარკოზმა უთხრა:
-ღვთის გულისათვის, წადი, უთხარი შენს ძმას, რომ დილამდე მაცალოს, რადგან მისი საფლავი ჯერ მზად არ არის!
-კეთილო მამაო, ჩვენ მისი სხეული უკვე განვბანეთ და დასაკრძალავად გავამზადეთ, რადგან მკვდარია; ვის გადავცე შენი თხოვნა? - ჰკითხა ბერმა.
მარკოზმა კვლავ გაუმეორა:
-შენ წადი და უთხარი, რომ ცოდვილი მარკოზი გეუბნება: "მაცალე ძმაო, კიდევ ერთი დღე, დილისთვის კი მიხვალ უფალთან, რომელიც ეგრეთ შეიყვარე".
ბერი წავიდა და ნახა, რომ მონასტრის საძმო უკვე შეკრებილიყო მიცვალებულთან წესის ასაგებად. ის მივიდა მკვდართან და უთხრა:
-ძმაო! მარკოზმა შემოგითვალა, შენი ადგილი ჯერ კიდევ არ არის მზად, დილამდე მაცალეო.
როდესაც ბერმა ეს სიტყვები წარმოთქვა, ყველასათვის გასაოცრად მკვდარმა თვალები გაახილა. მის სხეულს სული დაუბრუნდა და მთელი დღის განმავლობაში ცოცხალი იყო, თუმცა ხმა არავისთვის გაუცია.
დილით მარკოზმა ახლადგაცოცხლებულს შეუთვალა:
-მარკოზი უფლის სახელით გეუბნება: დატოვე ცხოვრება წუთიერი და მიეახლე მარადიულს. მიეცი სული უფალს, ხორცისთვის კი ადგილი უკვე გამზადებული მაქვს.
ამ სიტყვების გაგონებისთანავე ბერმა თვალები დახუჭა და მშვიდობით მიიძინა
ბავშვის ხსნა.
ერთხელ ერთი მეისრე საფოსტო მატარებლის დასახვედრად ლიანდაგზე გამოვიდა, რათა ისარი გადაეწია და მატარებელი ცარიელ ლიანდაგზე გაეშვა. ჰორიზონტზე უკვე გამოჩნდა მატარებელი და საყვირის ხმაც გაისმა. მეისრემ უკან მოიხედა და დაინახა, რომ ორთქლმავლის საპირისპიროდ მისი სამი წლის ბიჭუნა მორბოდა, თან ხელში რაღაც ეჭირა. მეისრე დაიბნა, არ იცოდა, რა ექნა, შვილის საშველად რომ გაქცეულიყო, ისრის გადაწევას ვეღარ მოახერხებდა, მატარებელი უკვე დაკავებულ ლიანდაგზე შემოვიდოდა და კატასტროფა მოხდებოდა, ისარი რომ გადაეწია, შვილს ვეღარ მიუსწრებდა, ამ მდგომარეობაში მყოფმა ღმერთს მთელი ძალით შეჰღაღადა: „იყოს ნება შენი!“ - და ისარი გადაწია. ერთი წამის შემდეგ უკვე მატარებელი იმ ლიანდაგზე მიჰქროდა, სადაც მისი ბიჭუნა გარბოდა.
როდესაც მატარებელი თვალს მიეფარა და მტვერიც გაიფანტა, მეისრე იმ ადგილისკენ გაიქცა, სადაც შვილის მკვდარი სხეული ეგულებოდა, მაგრამ, მისდა გასაოცრად, დაინახა, რომ ბავშვი ცოცხალი იყო და გულხელდაკრეფილი მიწაზე იწვა.
-შვილო ცოცხალი ხარ? - იყვირა საბრალო კაცმა.
-ცოცხალი ვარ, მამიკო, ცოცხალი, - უპასუხა ბიჭუნამ, თან გულში ყვავის ბალახას იხუტებდა. მის თვალებში შიშის ნასახიც არ ჩანდა.
როგორ მიხვდი, რომ მიწაზე უნდა დაწოლილიყავი? - ჰკითხა მამამ.
ვიღაც კეთილი ფრთებშესხმული ჭაბუკი დაეშვა ჩემს თავზე და მიწაზე დამაწვინა, - თქვა ბავშვმა.
მეისრე მიხვდა, რომ როცა მან ღმერთს საშველად მოუხმო, ღვთის ანგელოზმა მისი შვილი სასწაულებრივად იხსნა.
მოგვითხრობენ ერთი მებაღის შესახებ, რომელიც ბევრს შრომობდა და მთელ მონაგარს მოწყალებად გასცემდა, ხოლო თავისთვის მხოლოდ აუცილებელს იტოვებდა. მაგრამ ცოდვისმიერმა ზრახვამ შთააგონა: შეაგროვე შენთვის ცოტაოდენი ფული, რათა, როდესაც დაბერდები, ანდა ავად გახდები, საშინელ გასაჭირში არ ჩავარდე. და მართლაც, იწყო მან შეგროვება და ქოთანი ფულით აავსო. ერთხელაც ავად გახდა – ფეხმა ლპობა დაუწყო – და მთელი ფული ექიმებს შეალია, მაგრამ შვება ვერ მიიღო. ბოლოს მივიდა მასთან ერთი გამოცდილი ექიმი და უთხრა: "ფეხს თუ არ მოიკვეთ, მთელი სხეული დაგილპება" – და მანაც გადაწყვიტა ფეხი მოეკვეთა.
ღამით იგი გონს მოეგო, მოინანია, რაც გააკეთა და სულთქმით აღმოთქვა: "მოიხსენე უფალო, ჩემი უწინდელი საქმენი, რომელთაც ვიქმოდი მე, ჩემს ბაღში შრომისას და როცა ჩემს ძმებს ვუგზავნიდი ყოველივეს, რაც სჭირდებოდათ!" როდესაც მან ეს წარმოთქვა, გამოეცხადა უფლის ანგელოზი და უთხრა: "სადაა ფული, რომელსაც აგროვებდი, და სადაა იმედი, რომელიც გქონდა?" მაშინ მან განსაჯა და თქვა: "ვცოდე, უფალო, შემინდე! ამიერიდან არაფერს მსგავსს არ ჩავიდენ". მაშინ ანგელოზი შეეხო მის ფეხს და მეყსეულად განიკურნა. კაცი დილით ადგა და მინდვრად სამუშაოდ წავიდა. ექიმი, შეთანხმებისამებრ, ინსტრუმენტით შეიარაღებული მივიდა, რათა მისთვის ფეხი მოეჭრა, მას კი უთხრეს: "უთენია მინდვრად წავიდა სამუშაოდო". განცვიფრდა ექიმი, მივიდა იქ, სადაც კაცი მუშაობდა და იხილა რა, რომ იგი მიწას თხრის, განადიდა ღმერთი, რომელმაც კურნება მიანიჭა მას.
რკინიგზის სადგურიდან.
ჩვენი საუკუნის დასაწყისში არაჩვეულებრივი ამბავი მოხდა ხარბინში. იმ დროს ქალაქში რუსი ემიგრანტები ცხოვრობდნენ, რომლებმაც თან მრავალი ხატი ჩამოიტანეს. რუსებმა სარკინიგზო სადგურზეც კი წმიდა ნიკოლოზ საკვირველმოქმედის დიდი ხატი დაკიდეს.
ერთხელ, ადრეულ გაზაფხულზე შენობაში თავიდან ფეხებამდე სველი მოხუცი ჩინელი შევარდა და ხატის წინაშე დაემხო. ხელაპყრობილი, აღელვებული მოხუცი რაღაცას ბურტყუნებდა. როგორც შემდეგ გაირკვა, როცა გაყინულ მდინარეზე გადადიოდა ყინული ჩასტეხია, საბრალოს უკვე დინება სიღრმისკენ მიაქანებდა, როდესაც გაახსენდა, რომ რუსები შემწეობას ყოველთვის იმ მოხუცებულს სთხოვდნენ, რომლის გამოსახულებაც რკინიგზის სადგურზე ეკიდა. „ბერი სადგურიდან, ბერი სადგურიდან, გადამარჩინე!“ - ეს იყო ჩინელის უკანასკნელი სიტყვები. შემდეგ მან გონება დაკარგა. გონს რომ მოვიდა, უკვე მეორე ნაპირზე იყო. იგი მაშინვე წამოხტა და რკინიგზის სადგურისკენ გაიქცა, რათა მადლობა შეეწირა წმიდა ბერისათვის, რომელმაც ასე სასწაულებრივად იხსნა იგი.
ბრმის სურვილი და მხედველობის გრძნობის გამოყენება.
ოდესღაც ღირს პატაპისთან(ხსენება 8 დეკემბერს) ბრმადშობილი ყმაწვილი მივიდა და წმიდა ბერს ევედრა, ღვთისგან მისთვის თვალისჩინი გამოეთხოვა.
-მაგრამ ყველაზე მეტად რისთვის გინდა მხედველობა? - ჰკითხა ახალგაზრდას პატაპიმ და ჯვარცმას მიუახლოვდა.
-რათა ვიხილო ქმნილება, - მიუგო მან, - ამით კი შემოქმედის სრულყოფილ აღქმას მივუახლოვდე და ვადიდო იგი.
ახალგაზრდა გონიერებით გრძნობამორეულმა ბერმა უფალს შეჰღაღადა:
-იესო ქრისტე, ბრმათათვის სინათლისა და მკვდართათვის სიცოცხლის მიმნიჭებელო! აუხილე თვალები შენი ღვთაებრიობის შეცნობის მწყურვალს!
იმავე წამს ბრმადშობილ ახალგაზრდას თვალები აეხილა. მაშინ წმიდა პატაპიმ უთხრა:
-სახლში მშვიდობით დაბრუნდი; მაგრამ გეშინოდეს, რომ ხორციელად თვალხილულს სულიერი თვალი არ დაგიბრმავდეს. ამ სოფლის საცდურნი ვერანაირ საცდურზე ისე ვერ მოქმედებს, როგორც მხედველობაზე. ვაი შენ, თუკი შენში შინაგანი ადამიანი დაბრმავდება. მაშინ ამ ხილული თვალებით ვერ იხილავ უფალს იქ, სადაც ბრმანი ჭვრეტენ მას უკვე არა რწმენით, არამედ პირისპირ
ღირსი ეფრემ ასური.
ღირს ეფრემს მღვდელმთავარ ბასილი დიდთან დაკავშირებით გამოცხადება ჰქონდა. მან იხილა ცად აზიდული ცეცხლოვანი სვეტი და მოესმა ხმა ზეცით:
-ეფრემ, იხილე ეს ცეცხლოვანი სვეტი, მას მიემსგავსა კესარიელი მთავარეპისკოპოსი ბასილი.
წმიდა ეფრემს დიდი იერარქის მონახულების სურვილი აღეძრა და უდაბნოდან კესარიისკენ გაემართა. როდესაც ტაძარში აუარებელი ხალხის წინაშე მქადაგებელი ბასილი იხილა, ეფრემმა აღფრთოვანებით შესძახა:
-ჭეშმარიტად დიდია ბასილი უფლის წინაშე; ჭეშმარიტად ცეცხლოვანი სვეტია იგი; მისი ბაგეებით ჭეშმარიტად სულიწმიდა მეტყველებს!
მსახურების დამთავრების შემდეგ წმიდა ბასილი ეფრემს დაეკითხა:
-მამაო, რატომ შემაქე?
მან კი უპასუხა:
-წმიდა მამაო, როდესაც ქადაგებდი, ვიხილე თეთრი მტრედი, რომელიც მარჯვენა მხარეზე გეჯდა და ყურში გიჩურჩულებდა ყოველივეს, რასაც შენ ამბობდი. გარდა ამისა, შენი ბაგიდან გამომავალი ცეცხლის ენა ვიხილე
ღირსი იაკობი, ნიზიბიელი ეპისკოპოსი.
ერთხელ წმიდა იაკობთან გლახაკები მივიდნენ და მოწყალება სთხოვეს, თითქოსდა მეგობრის დასაკრძალავად, რომელიც იქვე იწვა და წმიდანს თავს მკვდრად აჩვენებდა. წმიდა იაკობმა მოწყალება გაიღო, მიცვალებულისთვის ილოცა, რათა უფალს მისი ცოდვები შეენდო და წავიდა. გლახაკნი თავის მეგობართან მივიდნენ და უთხრეს:
-ახლა კი ადექი, მეუფე თვალს მიეფარა.
მაგრამ მათი მეგობარი ვეღარ წამოდგა, რადგან ნამდვილად მომკვდარიყო. ამ სასწაულის მხილველი გლახაკები ძლიერ შეშინდნენ, სასწრაფოდ დაეწივნენ წმიდა იაკობს, მუხლებში ჩაუცვივდნენ და შენდობა სთხოვეს. როდესაც შენდობა მიიღეს, თვალცრემლიანნი შეევედრნენ წმიდანს, მათი მეგობარი მკვდრეთით აღედგინა.
ეპისკოპოსის ლოცვით მიცვალებული გაცოცხლდა
წმიდა ეფრემ ანტიოქიელი.
ერთხელ პატრიარქ ეფრემს მოახსენეს, ერთი მესვეტე სევერიანელთა ერესისკენ მიიდრიკაო. პატრიარქი წავიდა, რათა მოსაგრე დაერწმუნებინა, რომ დედა ეკლესიის წიაღს დაბრუნებოდა. მესვეტეს სურდა, წმიდა ეფრემი დაეშინებინა და უთხრა:
-კოცონი დავანთოთ, და ორივე ცეცხლში შევიდეთ. ვინც უვნებელი გამოვა, მისი რწმენა იქნება ჭეშმარიტი.
წმიდა ეფრემმა ცეცხლი დაანთებინა და მესვეტეს ჩამოსვლა შესთავაზა, რათა, მისი ნებისამებრ, ცეცხლში შესულიყვნენ. მაგრამ ის იმდენად შეშინდა, რომ ჩამოსვლა ვეღარ გაბედა. მაშინ წმიდა ეფრემმა ილოცა, ცეცხლზე პატიოსანი ჯვრის ნიში გამოსახა და ნაკვერჩხლებზე საკუთარი ომოფორი დააგდო. კოცონი კიდევ სამ საათს მძვინვარებდა, მაგრამ ომოფორი უვნებელი დარჩა.
როდესაც მესვეტემ ეს სასწაული იხილა, გულში სინანული ჩაეღვარა, სევერიანელობა უარყო და წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიას დაუბრუნდა
რწმენის საქმებში ეჭვის შეტანის შესახებ.
ერთმა ათი წლის ყმაწვილმა ლიტურგიაზე მოისმინა ბერისგან (რომელიც ღვთის სიტყვას ქადაგებდა), რომ მოწყალებას, რომელსაც გლახაკისთვის გავიღებთ, თვით იესო ქრისტეს ვაძლევთ. იგი დაეჭვდა ბერის სწავლების ჭეშმარიტებაში და სახლში დაბრუნებული ფიქრობდა:
-ვიცი, რომ ქრისტე ზეცაშია, მარჯვენით მამისა; როგორ შეუძლია მას, მიიღოს, მაგალითად, პურის ნატეხი, რომელსაც ღატაკს ვაძლევ?
ასე ფიქრობდა იგი, როდესაც დაინახა დახეულსამოსიანი გლახაკი, რომელიც ითხოვდა, ქრისტეს გულისათვის რაიმე მიეცათ მისთვის; მის თავზე კი დაინახა ქრისტე მაცხოვრის სახება. ყმაწვილი შეშინდა... უეცრად მახლობელი სახლიდან ვიღაცამ საბრალო მოხუცს პური გამოუტანა და სწრაფად გაუწოდა; მაცხოვარმა ხელი გაიწოდა მის გამოსართმევად, შემდეგ მოწყალების გამღები აკურთხა.
ოდესღაც განუსჯელმა ბავშვმა ირწმუნა ღვთის სიტყვა და იმ დროიდან კონსტანტინეპოლში პირველი მოწყალე გახდა
დასჯილი სისასტიკე.
როდესაც გულქვა დიოსკორე, წმიდა დიდმოწამე ბარბარეს მამა ქალიშვილს გაშიშვლებული მახვილით მისდევდა, ბარბარეს მიერ აღიარებულმა უფალმა, უბიწოთა მფარველმა, ქვის კლდეებს გადაადგილება უბრძანა და ნაპრალში თავისუფლად გაატარა ის მთის წვერამდე. გამძვინვარებულმა მამამ ქალიშვილი რომ ვეღარ დაინახა, მთას შემოუარა და ყველგან ეძებდა. ბოლოს ორ მწყემსს შეხვდა, რომლებიც თავიანთ ცხვრებს აძოვებდნენ და მათ ჰკითხა, ხომ არ ენახათ გაქცეული ქალწული? ერთმა მათგანმა შეამჩნია, რომ დიოსკორე ძლიერ აღშფოთებული იყო და უპასუხა, არ ვიციო. მაგრამ მეორემ მდუმარედ მიანიშნა იმ ადგილზე, სადაც წმიდა ბარბარე იმალებოდა. დიოსკორემ თავისი მტრედივით მთრთოლვარე ქალიშვილი გამოქვაბულში იპოვა - ფეხქვეშ გათელა იგი, უხეშ ლოდებზე თმით ითრია. მაგრამ უბიწოების მფარველმა უფალმა მწყემსის ავი სამსახური დაუსჯელი არ დატოვა: გაუგონარი სიკვდილი მოუვლინა მას - გააქვავა
ღირსი სისოი დიდი.
როდესაც წმიდა სისოი დიდის ამა სოფლიდან გასვლის ჟამი მოიწია, მისი სახე ღვთაებრივი ნათლით გაბრწყინდა. ნეტარი მამა მასთან მყოფ ბერებს ეუბნებოდა:
-აჰა, მოვიდა ჩემთან აბბა ანტონი! უფლის წინასწარმეტყველნიც და მოციქულებიც ჩემთან არიან.
მისი სახე კიდევ უფრო გაბრწყინდა, იგი სხვებისთვის უხილავ პირებს ესაუბრებოდა.
-გვითხარი, მამაო, ვის ხედავ? - ეკითხებოდნენ ბერები.
-ანგელოზები მოვიდნენ ჩემს წასაყვანადდა მათ ვევედრები, რომ სინანული მადროვონ!
ცოტა ხანში მისი სახე გაბრწყინდა, ვითარცა მზე. ამის დანახვაზე ბერები შეკრთნენ, ხოლო მან დაამშვიდა ისინი:
-აჰა, იხილეთ ყველამ, უფალი მოდის და ბრძანებს: "მომართვით ჩემი რჩეული ჭურჭელი უდაბნოდან".
ეს სიტყვები აღმოხდა და ღირსმა სისოიმ ნეტარი სული უფალს მიაბარა, სენაკი კი კეთილსურნელებით აღივსო
წმიდა აკაკი, მელიტინელი ეპისკოპოსი.
ერთხელ ქალაქ მელიცინასთან ქალაქი ადიდდა, კალაპოტიდან გადმოვიდა და ქალაქს საშინელი წყალდიდობა ემუქრებოდა. წმიდა აკაკიმ ნაპირთან ახლოს ქვა დადო და წყალს უბრძანა, ამ ქვია აქეთ არ გადმოსულიყო. წყალიც დაემორჩილა და ასე გადაურჩა ქალაქი უბედურებას...
წმიდა აკაკიმ ქალაქგარეთ სავანე დააარსა და ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიაც ააგო, მაგრამ ეტყობა, მშენებლებმა შენებისას რაღაც დააკლეს... ერთხელ ღვთისმსახურება აღესრულებოდა და ტაძარი მლოცველებით იყო სავსე. უეცრად ტაძრის სახურავი შეიძრა და ის-ის იყო, უნდა ჩამოქცეულიყო, რომ წმიდა აკაკიმ გულმხურვალედ შესძახა:
-უფალია მცველი ცხოვრებისა ჩემისა - ვისა მეშინოდის?
სახურავი მეყსეულად ჰაერში შეჩერდა. როდესაც მსახურება დასრულდა და ყველა იქ მყოფი ტაძრიდან გამოვიდა, სახურავი მხოლოდ მაშინღა ჩამოიქცა და არავინ დაშავებულა
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი.
როდესაც წმიდა იოანეს ამა ქვეყნიდან გასვლის ჟამი მოახლოვდა, მასთან მისი ხორციელი ძმა, გიორგი იმყოფებოდა, რომელიც მან თავის ნაცვლად მონასტრის იღუმენად დაადგინა. გიორგი წმიდა იოანესთან იდგა და თვალცრემლიანმა უთხრა:
-ამა სოფლიდან შენზე ადრე გასვლა მინდოდა, შენ კი მონასტრის წინამძღვრად მტოვებ!
იოანემ უპასუხა:
-ნუ სტირი, ძმაო, უფალს შევთხოვ და წელსვე შენც ჩემთან წაგიყვან.
წმიდა იოანეს აღსრულებიდან ათი თვის შემდეგ მშვიდობით მიიცვალა უფლისა მიმართ მისი ძმა გიორგი
ნუგეშად გამოგზავნილი ცხოველი.
წმინდა სერაფიმე საროველიც დიდხანს ხცოვრობდა ტყეში. პატარა ველს და თავის კელიას ის უდაბნოს ეძახდა, უდაბნოში მცხოვრები განდეგილების მოსაგონებლად.
საკვირველმოქმედი სერაფიმე საროველი სიყვარულით ექცეოდა ყველა ცოცხალ არსებას, რომელიც მასთან მოვიდოდა. "ჩემო სიხარულო" - ასე მიმართავდა ის მასთან მისულ ყოველ სულდგმულს. წმინდანის სამყოფელს ხშირად სტუმრობდა დათვი. ის მიდიოდა, სასუსნავს მიირთმევდა, მოსაფერებლად თავს მიაყრდნობდა ღირს მამას და კმაყოფილი იწვა მის ფეხებთან, როგორც ერთგული ძაღლი.
-უფალმა სანუგეშოდ გამომიგზავნა ეს ცხოველი, - ამბობდა წმინდა სერაფიმე და ეფერებოდა დათვს ღუნღულა ბეწვზე
როგორ ვერ მოკლეს დაუბადებელი ჩვილი (რომელიც შემდეგ ბერი გახდა).
ერთი ახალგაზრდა ბერი თავდაპირველად წმიდა მთის მონასტერში ცხოვრობდა, სადაც აღიკვეცა კიდეც, შემდგომ კი მეტი ღვაწლისათვის უფრო უკაცრიელ ადგილზე გადავიდა.
ამ ბერმა ერთხელ მიამბო, რომ როდესაც მისი დედა დაორსულდა, მშობლებს მეტი შვილი აღარ უნდოდათ - უკვე დაბადებულებიც ჰყოფნიდათ, თან ეკონომიური მდგომარეობაც საკმაოდ რთული ჰქონდათ. ამიტომ გადაწყვიტეს, წამლების მეშვეობით მუცელი მოეშალათ.
ისინი ექიმთან წავიდნენ, რომელმაც მათ რაღაც საშუალება შესთავაზა, მაგრამ რეგულარული მიღების მიუხედავად შედეგი არ ჩანდა. მაშინ მათ ყველაფერი უფლის ნებას მიანდეს. ასე დაიბადა ბავშვი, რომელიც სრულწლოვანების შემდეგ ბერი გახდა.
მკვდრეთით აღდგენილი მერცხალი.
ეს პატარა სასწაული მოხდა წმინდა დოდოს მონასტერში. გარეჯელი ღირსი მამა, მღვდელ მონაზონი იოსები უსისხლო მსხვერპლს სწირავდა და უეცრად ტაძარში შემოფრინდა მერცხალი და დაიწყო გაბმით ჭყლოპინი. ბერმა ერთხანს ადროვა და რაკიღა ფრინველი არ დაცხრა, მიმართა მას: "ჰოი, მერცხალო, ჩვენი საღვთო სიტყვები უმჯობესნი არიან შენს ღაღადებაზე".
ამ სიტყვების დამთავრებისთანავე მერცხალი უგრძნობლად დავარდა ბერის ფეხ ქვეშ. შეებრალა ბერს ჩიტი, ჯვარი გადასახა და ეკლესიის გარეთ გაატანინა. წირვის დამთავრებამდე იყო ის ამგვარ მდგომარეობაში, ხოლო წირვის დამთავრებისთანავე მას დაუბრუნდა სიცოცხლის ნიშანწყალი - ფრთები შეაფრთიალა და გაფრინდა
წმიდა სპირიდონის საქციელი მტაცებლებთან.
ერთხელ წმიდა სპირიდონ მღვდელმთავრის სახლში ქურდები შეიპარნენ, რამდენიმე ცხვარი მოიპარეს და წასვლას აპირებდნენ. მაგრამ უფალს უყვარდა მოსაგრე და მისი მამულის საკუთრებას იცავდა. მან შეკრა ქურდები უხილავი ძალით ისე, რომ მათ ადგილიდან დაძვრა არ შეეძლოთ და ისე დარჩნენ დილამდე. გამთენიისას ღირსი სპირიდონი თავისი სენაკიდან გამოვიდა და ისინი ესოდენ საბრალო მდგომარეობაში იხილა. მან დამოძღვრა, რომ სხვისი არ უნდა მოეტაცებინათ და საკუთარი შრომით უნდა ერჩინათ თავი. შემდეგ ლოცვით გახსნა მათი შემბოჭავი ჯაჭვი და გაუშვა, თან ერთი ცხვარი აჩუქა მათ და დაამატა:
-წაიყვანეთ იგი, რათა ამაოდ არ ჩაიაროს თქვენმა შრომამ და ღამისთევამ
ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი, ჩვენზე განცხადებული ღვთის სასწაულისა, არის დავით აღმაშენებლის დროს ქართველთა დაცემული სამეფოს აღორძინება და იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოდ ქცევა.
მთელ ამ პროცესს შეიძლება ეწოდოს "ძლევა საკვირველი", რადგან თექვსმეტი წლის ყმაწვილმა დავითმა ტერიტორიებდაკარგული, გაღატაკებული, მოსახლეობისაგან დაცლილი, სულიერად და მორალურად განადგურებული ქვეყანა ჩაიბარა და ღმერთმა თავისი სიდიადე დაუძლურებულ ერში სწორედ ამ ახალგაზრდა მეფის საშუალებით განახორციელა; და კვლავ განცხადდა პავლე მოციქულისადმი ნათქვამი უფლის სიტყვები: "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ. 12,9).
თამარ მეფე და ცხოველთა მეფე.
თამარ მეფეს საჩუქრად ლომის ბოკვერი მიართვეს. ლეკვი ტანად ისეთი დიდი გაიზარდა, რომ მისი ხნისა მსგავსი არავის ენახა.
როდესაც სამეფო დარბაზში მოიყვანდნენ და თამარს დაინახავდა, შეუძლებელი ხდებოდა მისი ადგილზე დამაგრება - ვერა კაცი მას ვეღარ აკავებდა. ყველა დაბრკოლებას გადალახავდა, მივიდოდა თამართან, თავს კალთაში ჩაუდებდა, ხელებს ულოკავდა და ეალერსებოდა. მეფეს რომ დააშორებდნენ ჯაჭვებით დააბამდნენ, ლომი ტირილს იწყებდა, ცრემლებს ღვრიდა და სწუხდა მეფესთან განშორებას
განპატიჟებული ლომი.
ნეტარი მამა საბა განწმენდილი (ხსენება 5. XII) ოცდამეთხუთმეტე წელიწადში იყო გადამდგარი, როდესაც უდაბნოში განმარტოვდა და მარხვითა და გამუდმებული ლოცვით ღვთის სარკედ განიწურთნიდა თვის სულსა და სხეულს. ღვთისმოსავი ბერის გულმოდგინებას ეშმაკი დაემტერა გაშმაგებით.
ერთხელ მან საზარელი ლომის სახე მიიღო და შესაჭმელად მოუხდა წმინდანს: დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა, დაესხმოდა თავს და მერე უკან იხევდა. მისი ამგვარი ქცევის მხილველი ღირსი მამა მხნედ შეეპასუხა:
-თუ შენ ღმერთისგან გაქვს ძალმოსილება ჩემს შესაჭმელად, უკან რაღად იხევ? ხოლო თუ არა გაქვს, მაშინ ამაოდ ირჯები? იესო ქრიტეს სახელით მე შენ დაგძლევ, ლომო!
ცხოველის სახექცეული ეშმაკი უკუიქცა სირცხვილეული. მას შემდეგ უფალმა საბას ყველა ცხოველი და გველი დაუმორჩილა და მათ შორის ვიდოდა იგი, ვითარცა თვინიერ ცხვრებს შორის. თავის ცხოვრების ერთ მონაკვეთში იგი სილოამის ხევთან მდებარე გამოქვაბულში დამკვიდრდა; უშიშრად შევიდა გამოქვაბულში და რაკიღა დაბინდებამ უწია, ილოცა და მიწვა დასაძინებლად. მაგრამ ნაშუაღამევს მოვიდა ლომი და, როდესაც თავის მოსასვენებელზე მძინარე ადამიანი იხილა, კბილები ჩაავლო ტანსაცმელში და გარეთ გამოყვანა დაუპირა. გამოღვიძებულ ბერს არც კი შეშინებია - მწუხრის ლოცვების კითხვა დაიწყო. ლომი მოშორებით დადგა, თითქოს უცდიდა, როდის დაასრულებდა ღირსი მამა ლოცვით კანონს. ამის შემდეგ ღირსმა მამამ დაჯდომა სცადა, მაგრამ ლომი კვლავ დაჟი