მალხაზ სონღულაშვილი ევანგელურ-ბაპტისტურ ეკლესიას აღარ უხელმძღვანელებს
საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის მალხაზ სონღულაშვილის განცხადება
ძვირფასო მეგობრებო,
ცხრამეტი წლის განმავლობაში მე სათავეში ვედექი საქართველოს ევანგელურ ბაპტისტურ ეკლესიას. ჩემთვის მძიმე, მაგრამ ძალიან საპატიო იყო ეს ჯვარი. მე მადლობას ვწირავ ღმერთს იმ წლებისათვის, რომელიც მე თქვენს გვერდში გავატარე. ეს იყო არა მარტო გაუთავებელი ბრძოლის, არამედ უზარმაზარი შემოქმედებითი საქმიანობის წლები.
ახლა მოვიდა იმის დრო, რომ ჩემი მსახურების ფარგლები შევკვეცო. ამიერიდან მე მინდა ჩემი დარჩენილი სიცოცხლის მეტი წილი დავუთმო: სამეცნიერო მუშაობას,საუნივერსიტეტო სწავლებას და სოციალურ მსახურებას.
რადგანაც ჩემი განსხვავებული დამოკიდებულება ჰომოსექსუალობასთან მიმართებაში ეკლესიის წინამძღოლისათვის შეუსაბამოდ მიიჩნია ჩვენი ეკლესიის მსახურთა უმეტესობამ, მე გამართლებულად არ მიმაჩნია, ვიყო ამ თემის წინამძღოლი.
მე მადლობას გიხდით ყველას წლების განმავლობაში ერთად გაწეული შრომისათვის და იმ მეგობრობისათვის, რომელსაც მე თქვენგან ვგრძნობდი.
მე ვტოვებ საქართველოს ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიის მთავარეპისკპოსის თანამდებობას და ქორეპისკოპოსს ვთხოვ შეასრულოს ეს მოვალეობა, ვიდრე მაისის თვეში არ გაიმართება ჩვენი ეკლესიის კრება, რომელიც აირჩევს ახალ მთავარეპისკოპოსს. პარალერულად, მე უარს ვამბობ სინოდის წევრობაზე. ასევე, თბილისის ეპარქიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე, უარს ვამბობ ამ ეპარქიის მმართველობაზე.
ცხადია, მე უარს არ ვამბობ მხარში დაგიდგეთ ყველას ერთად და თითოეულს ცალკ-ცალკე, სადაც ეს საჭირო იქნება და შესაძლებელი. მე ვბრუნდები იქ, საიდანაც დავიწყე ჩემი საეკლესიო საქმიანობა. მე ვიმსახურებ იმ ეკლესიაში, სადაც დავიბადე და გავიზარდე - მშვიდობის კათედრალში, სადაც მე პასუხისმგებლობა მაქვს ნაკისრი, გავუძღვე მშვიდობის კათედრალის ცხოვრებისა და ლიტურგიის განახლების საქმეს.
ყველას გისურვებთ ბედნიერ შობას და დამდეგ ახალ წელს.
+მალხაზ სონღულაშვილი
20 დეკემბერი, 2013
http://www.liberali.ge/ge/liberali/news/117293/