Jimmy Page, რელიგიას საკმარისად ვიცნობთ საიმისოდ, რომ ვაქოთ და ვერიდოთ
თეისტებს შეგიძლიათ დადოთ თეიზმის არგუმენტები; აგერ არის ათეიზმის არგუმენტები და შევადაროთ...
ათეიზმის ონტოლოგიური არგუმენტები
ფიზიკალიზმი ანუ ონტოლოგიური არგუმენტი გულისხმობს იმას, რომ საგნების არსებობა შემოიფარგლება მათი მატერიალური თვისებებით ანუ იმით, რასაც ადამიანი აღიქვამს და სხვა არაფერი გააჩნიათ თავიანთი ფიზიკური თვისებების მიღმა. სწორედ ასევე, სამყაროს წარმოშობა–განვითარებაში ზედმეტი დაშვება საჭიროა არაა _ საწყისი იყო მატერია, ამჟამად რასაც ვხედავთ, ასევე არის მატერია და მომავალშიც სამყარო დარჩება მატერიალური თვისებების მატარებელი. ონტოლოგიური აზრი აქვს ლოგიკურ არგუმენტებში მოყვანილ გიოდელის თეორემის ონტოლოგიურ შედეგსაც. ონტოლოგიური არგუმენტი აგრეთვე გულისხმობს თერმოდინამიკის კანონებით განსაზღვრულ შეზღუდვებს, რომლის მიხედვითაც ადამიანის მოქმედება აუცილებლად საჭიროებს სამყაროსგან ენერგიის წყაროს მიღებას და გარდაუვლად წარმოშობს ენერგიით ღარიბი ნარჩენების გროვას. ამგვარად, რა მასშტაბებსაც არ უნდა მიაღწიოს კაცობრიობამ, იგი ვერ გახდება სამყაროზე და გარემოზე დიდი და ვერ მიაღწევს მის სრულ კონტროლს, ამის გამო კაცობრიობა ვერასოდეს ვერ გარდაიქმნება ღმერთად. რადგან ეს შეუძლებელია მომავალში, იგივე არგუმენტი ეხება ღმერთის არსებობასაც წარსულში.
ეპისტემიოლოგიური არგუმენტები
ეპისტემიოლოგიური არგუმენტები ეფუძვნება აგნოსტიციზმს, რომელიც რამოდენიმე სხვადასხვა ფორმას იღებს, მათ შორის, ათეისტურსაც. იმანენტურობის ფილოსოფიაში ღვთაებრიობა მოუცილებელია, განუყოფელია თავად სამყაროსგან, მათ შორის, ადამიანის გონებისგანაც, რომლის გარეშეც, ცალკე, ღვთაებრიობა არ არსებობს. სწორედ ამ აზრით, მახსენდება ილია ჭავჭავაძისთვის მიწერილი სიტყვები: „ჩვენი გონება არს ჩვენი ღმერთი“. ამ ფორმის აგნოსტიციზმის თანახმად, პერსპექტივაში შეუძლებელი ხდება ადამიანის გონებამ დანამდვილებით ამტკიცოს ღმერთის ობიექტური, ადამიანისგან დამოუკიდებელი არსებობა. კანტის და განმანათლებლების რაციონალისტური აგნოსტიციზმი მნიშვნელობას ანიჭებს მხოლოდ ადამიანის მსჯელობიდან, ლოგიკიდან მომდინარე ცოდნას; ამ ფორმის ათეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთები პრინციპულად დაუკვირვებადია და მაშასადამე, მათი არსებობაც ვერ მტკიცდება. ჰიუმის იდეებზე დაყრდნობილი სკეპტიციზმი ამტკიცებს, რომ საერთოდ შეუძლებელია დარწმუნებული ვიყოთ რაიმეში, მათ შორის, ღმერთის არსებობაშიც. აგნოსტიციზმის ათეიზმის მიმართ სრულ მიკუთვნებას ბევრი მკვლევარი სადავოდ ხდის; მიუხედავად იმისა, რომ აგნოსტიციზმის მიხედვით ღმერთის არსებობა არ მტკიცდება, ადამიანის რწმენა დამოუკიდებელია მისი ცოდნისაგან (ვთქვათდა, რელიგიური აღზრდის გავლენით), ასე რომ აგნოსტიკოსი ადამიანს შეიძლება გააჩნდეს რელიგიური რწმენაც.
ათეიზმის სხვა არგუმენტებია ლოგიკური პოზიტივიზმი და იგნოსტიციზმი, რომლებიც ამტკიცებს იმგვარი ბაზისური ტერმინების უაზრობას და შეუცნობადობას, როგორიცაა თვით „ღმერთი/ღვთაება“ და იმგვარი მტკიცებების უაზრობა/შეუცნობადობას, როგორიცაა „ღმერთი ყოვლისშემძლეა“.
თეოლოგიური ნონ-კოგნიტივიზმი ამტკიცებს, რომ მტკიცება „ღმერთი არსებობს“ არ გამოხატავს დასრულებულ აზრს და კოგნიტიურად უაზრობას წარმოადგენს.
მეტაფიზიკური არგუმენტები
მეტაფიზიკური ათეიზმი კავშირშია მონიზმთან (თუნდაც მის იდეალისტურ გამოვლინებებში, როგორიცაა მონოთეიზმი, პანთეიზმი, პანენთეიზმი, დეიზმი). მატერიალისტური მონიზმი გამორიცხავს ყოველგვარ დუალიზსა და პლურალიზმს იმაზე დაყრდნობით, რომ ყველა საწყისი მთელი სამყაროს მასშტაბით დაიყვანება ერთზე _ მატერიაზე. აქედან _ პირველსაწყისიც არის მატერია, მაშასადამე, ღმერთის პირველსაწყისობა და მატერიალური სამყაროსთვის მისი ბაზისური მნიშვნელობა გამორიცხულია. ამასვე ამტკიცებს ოკამის სამართებლის ანუ ეკონომიური აზროვნების არგუმენტი: სამყაროს ახსნა საჭიროა, რაც შეიძლება, ნაკლები დამხმარე ცნებების შემოტანით. თუ ჩვენს წინ მატერია საკმარისია სამყაროს ასახსნელად, მაშინ ღმერთის დამატებითი ჰიპოთეზა არაეკონომიური და უსარგებლოა.
ლოგიკური არგუმენტები
ლოგიკური ათეიზმი ამტკიცებს, რომ ღმერთების/ღვთაებების კონცეფციებს, მათ შორის, ქრისტიანული პიროვნება-ღმერთის კონცეფცია შეიცავს ლოგიკურად შეუთავსებელ თვისებებს. ამგვარი ათეისტები წარმოგვიდგენენ დედუქციურ არგუმენტებს ღმერთების არსებობის საწინააღმდეგოდ, რომლებიც ამტკიცებენ შეუთავსებლობას იმგვარი ცალკეული ნიშნებისა, როგორიცაა სრულქმნილება, შემოქმედის სტატუსი, უცვლელობა, ყოვლისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, ყოვლადკეთილმოსურნეობა, ყველგანმყოფობა (ტრანსცენდენტულობა), პიროვნულობა (ანუ პიროვნებად ყოფნა), არაფიზიკურობა/არამატერიალურობა, ყოვლადსამართლიანობა, ყოვლადმოწყალოება.
თეოდიციელ ათეისტებს მიაჩნიათ, რომ სამყარო, რომელსაც ადამიანი აკვირდება, წინააღმდეგობაში მოდის ღმერთისადმი თეოლოგების მიერ მიწერილ თვისებებთან. ისინი ამტკიცებენ, რომ ყოვლისმცოდნე, ყოვლისშემძლე და ყოვლადკეთილმოსურნე ღმერთის იდეა შეუთავსებელია სამყაროსთან, რომელიც სავსეა ნგრევით/ბოროტებითა და ტანჯვით, და სადაც საღმრთო სიყვარული ფარულია მრავალი ხალხისათვის. მსგავსი არგუმენტი ასევე მიეწერება სიდჰართა გაუტამას (გაუტამა ბუდას), ბუდიზმის ფუძემდებელს.
ამავე ჯგუფის არგუმენტებს მიეკუთვნება ეპიკურეს ცნობილი მსჯელობა:
„თუ ღმერთს სურს გააქროს ბოროტი და არ შეუძლია - ის ყოვლისშემძლე არ არის!
თუ ღმერთს არ სურს გააქროს ბოროტი და შეუძლია - ის გულმოწყალე არ არის!
თუ ღმერთს სურს და შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ ბოროტება არ იარსებებდა!
თუ ღმერთს არც სურს და არც შეუძლია გააქროს ბოროტი - მაშინ რატომ ვეძახით მას ღმერთს საერთოდ?“
გიოდელის ცნობილი უსრულობის თეორემიდან, რომელიც განეკუთვნება მათემატიკურ ლოგიკას, გამომდინარეობს მრავალი შედეგი. ერთ-ერთია მათგანია ინფორმატიკული: ბიბლია არ შეიძლება იყოს ერთდროულად სრული (ამომწურავი) და ჭეშმარიტი. მეორე შედეგის ონტოლოგიურია: არ შეიძლება შემოქმედმა (ღმერთმა) შექმნას თავისზე უფრო სრული სისტემა (ღმერთი + სამყარო).
აქსიოლოგიური არგუმენტები
აქსიოლოგიური ანუ კონსტრუქციული ათეიზმი უარყოფს ღმერთების არსებობას იმ „უმაღლესი აბსოლუტის“ სასარგებლოდ, როგორიცაა კაცობრიობა. ამ მიმდინარეობის თანახმად, კაცობრიობა წარმოადგენს ეთიკისა და ფასეულობების აბსოლუტურ და ექსკლუზიურ წყაროს, რაც ინდივიდებს ანიჭებს იმის უფლებას, რომ გადაწყვიტონ მორალური პრობლემები ღმერთის ჰიპოთეზის დახმარების გარეშე, მხოლოდ ზოგადსაკაცობრიო აზროვნებაზე, ცოდნაზე და გამოცდილებაზე დაყრდნობით. ბევრი ათეისტი ავტორის აზრით, სწორედ ეს უფლება ანიჭებს ადამიანს მთელს თავის ღირსებას და არის გზა მისი ბედნიერებისაკენ. უცნაურია, მაგრამ ათეიზმის კრიტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ვარიანტი საპირისპიროს ამტკიცებს _ რომ ღმერთების არსებობის უარყოფას მივყავართ მორალურ რელატივიზმამდე, რაც ადამიანის სიცოცხლეს უაზროს ხდის.
თეიზმის არსებული სისტემების კრიტიკა /ათეისტური სისტემების ადექვატურობა
თეიზმის არსებული სისტემების მთავარი კრიტიკა იმაში მდგომარეობს, რომ ისინი მრავლობითია, ანუ ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ისტორიული და სოციოლოგიურ/ანთროპოლოგიური წყაროები ფაქტიურად დოკუმენტურად ასაბუთებს რელიგიური შეხედულების ევოლუციას მარტივი მაგიური და ანიმისტური შეხედულებებიდან მონოთეისტურ სისტემებამდე.
ფილოსოფოსები, როგორიც იყვნენ ლუდვიგ ფოიერბახი და ზიგმუნდ ფროიდი, ამტკიცებდნენ რომ ღმერთი და რელიგიური რწმენის სხვა ელემენტები წარმოადგენს ადამიანის გამოგონებას, რომელიც მოწოდებულია მისი სხვადასხვა ფსიქოლოგიური და ემოციური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ასეთივე თვალსაზრისი გამოუთქვამს ბევრ ბუდისტსაც. მეტიც, ზოგიერთი ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ რელიგიას გააჩნია სოციალური ფუნქციაც, რომელიც მიმართულია მმართველი კლასის ძალაუფლების შენარჩუნებისაკენ. მიხეილ ბაკუნინი, კოლექტივისტური ანარქიზმის წარმომადგენელი, წერს, რომ „ღმერთის იდეა გულისხმობს ადამიანის გონებასა და სამართალზე უარის თქმას; ეს არის ადამიანის თავისუფლების ყველაზე უფრო რადიკალური უარყოფა და აუცილებლად მთავრდება კაცობრიობის დამონებით, როგორც თეორიულად, ისე პრაქტიკულად“. მისივე თქმით, „ღმერთი რომც რეალურად არსებულიყო, საჭირო შეიქმნებოდა კაცობრიობის მიერ მისი გაუქმება“.
ათეიზმი, როგორც საზოგადოებრივი მოვლენა, აღმოცენდებოდა სპონტანურად საზოგადოების მთელი ისტორიის მანძილზე და შექმნილი აქვს საკმაოდ სტაბილური საზოგადოებრივი სტრუქტურები. მრავალ ქვეყანაში ათეისტების რაოდენობა შეადგენს საზოგადოების საკმაოდ დიდ პროცენტულ ნაწილს, თანაც ეს არის ძირითადად მაღალი ინტელექტის მქონე ადამიანები. შექმნილია ათეისტთა კლუბები, კავშირები, საზოგადოებები. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ გარკვეულ ხანს იარსება ათეისტურმა სახელმწიფომ. კიდევ ერთი ათეისტური სახელმწიფო, საბჭოთა კავშირი, რომელმაც 70 წელს იარსება, აჩვენებს ათეისტური იდეის წარმატებას, რადგანაც მისი შექმნა დიდად იყო დამოკიდებული იდეოლოგიური ომის მოგებაზე (სადაც ათეიზმს დიდი როლი ეკავა), ხოლო საბჭოთა კავშირის დაშლის მიზეზები უფრო განეკუთვნებოდა ეკონომიკას და პოლიტიკას, ვიდრე იდეოლოგიურ სფეროს. ათეისტური იდეოლოგიის დემონტაჟი მეორადად მოჰყვა საბჭოთა კავშირის ნგრევას და ნაკლებად წარმოადგენდა მის მიზეზს.
ათეისტური ეგზისტენციალიზმი
ფრანგი ფილოსოფოსი ჟან-პოლ სარტრი თავის თავს უწოდებს ათეისტური ეგზისტენციალიზმის წარმომადგენელს. მისი სიტყვებით, „ღმერთის არსებობის უარყოფა სრულიად არაა მნიშვნელოვანი; ადამიანს სჭირდება ის, რომ .... კვლავ იპოვოს თავისი თავი და გაიცნობიეროს, რომ არაფერი არ იხსნის მას საკუთარი თავისაგან, თვით ღმერთის არსებობის დამტკიცებაც კი“. მისივე თქმით, თუ ღმერთი არ არსებობს, სამაგიეროდ, არსებობს, სულ ცოტა, ერთი არსება მაინც, ვისი არსებობაც წინ უსწრებს შემეცნებას და ეს არსება _ ადამიანია“. ამგვარი ათეიზმის პრაქტიკული აზრი, სარტრის მიხედვით, არის ის, რომ არ არსებობს რაიმე „ა პრიორი“ წესები ან აბსოლუტური ფასეულობები, რომლებიც შეიძლება მოწოდებული იქნას ადამიანის ქცევის სამართავად და ადამიანებს „მისჯილი“ აქვთ, რომ თავიანთი ქცევის წესები თვითონვე გამოიგონონ, რაც ადამიანს აბსოლუტურად პასუხისმგებელს ხდის ყველაფერზე, რასაც იგი აკეთებს. ამასთან, ადამიანისთვის იმდენად მნიშვნელოვანია საკუთარი თავი, რომ ღმერთის არსებობა/არარსებობა სრულიად კარგავს მნიშვნელობას მისთვის.
This post has been edited by ლაბარნა on 6 Jun 2012, 16:48