ხატთაყვანისცემის მნიშვნელობა და პირველი ქრისტიანული ხატები ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება", - ბრძანებენ წმინდა მამები. არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული ძალზე მნიშვნელოვანია.
არქიმანდრიტი მაკარი (აბესაძე):- ხატმებრძოლები ქრისტიანებად მიიჩნევდნენ თავს. ეს იყო ქრისტიანობიდან წარმოქმნილი ერესი, მაგრამ სხვა მიმდინარეობებისგან განსხვავებით, ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან და საერთოდ, ჩვეულებრივი ადამიანებისგან წარმოიშვა, დანარჩენ მწვალებლობათა ფუძემდებლები კი სასულიერო პირები იყვნენ. ხატმებრძოლებმა წმინდა ხატების დევნა თავიანთი შეხედულებიდან გამომდინარე წამოიწყეს და ამაში ზოგიერთი სასულიერო პირიც ჩააბეს. ისინი საეპისკოპოსო კათედრებიდან დევნიდნენ ხატთაყვანისცემის დამცველ სასულიერო პირებს და მათ ადგილზე ხატმებრძოლებს ნიშნავდნენ. კათედრებზე ინიშნებოდნენ ხელისუფლებისგან გამორჩეული საერო და ხატმებრძოლობის მომხრე სასულიერო პირებიც.
ხატმებრძოლებს ერთიანი, ჩამოყალიბებული სწავლება არ ჰქონიათ და ხშირად მიდიოდნენ ალოგიკურ ქმედებამდე - ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ აღიარებდნენ წმინდა ხატებს, მაგრამ თაყვანს სცემდნენ ჯვარს და წმინდა ნაწილებს. იმ გაგებით, რა გაგებითაც ისინი ხატებს კერპებად მიიჩნევდნენ, ჯვარი და წმინდა ნაწილებიც კერპებად უნდა მიეღოთ.
მათგან განსხვავებით, ერში მყოფი ხატმებრძოლები წმინდა ნაწილებსაც ანადგურებდნენ და ცხოველმყოფელ ჯვარსაც შეურაცხყოფდნენ; თუკი ეკლესიაში მყოფი ხატმებრძოლები არ გამოირჩეოდნენ მართლმორწმუნე, ხატთაყვანისცემის დამცველ ქრისტიანთა ტანჯვა-წამებითა და დევნით, საერო ხელისუფლებაში მყოფნი ამას არად დაგიდევდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თავს ქრისტიანებად აღიარებდნენ, ხატმებრძოლთა მიერ მოწყობილმა მართლმორწმუნე ქრისტიანთა დევნამ სისასტიკით დიოკლეტიანეს მიერ მოწყობილ დევნას გადააჭარბა. ხატმებრძოლთა ქმედებები არ იყო ერთიანი, თანამიმდევრული და აქედანაც ჩანს, რომ მათთან არ იყო ჭეშმარიტება.
- რადგან ხატმებრძოლობა საერო ხელისუფლებისგან მომდინარეობდა, ალბათ ძალადობითა და სისასტიკითაც ამიტომ გამოირჩეოდა...- ცხადია. საერთოდაც, როდესაც ამა თუ იმ მწვალებლურ მიმდინარეობას საერო ხელისუფლება უჭერდა მხარს, ესა თუ ის ერესი სწორედ მაშინ იკიდებდა მყარად ფეხს და იწყებოდა ქრისტიანთა დევნა. ამ შემთხვევაში, ხატმებრძოლობა თავად საერო ხელისუფლებისგან დაიწყო და მეტი ძალადობითაც გამოირჩეოდა.
- როგორც ცნობილია, ხატმებრძოლობა მხოლოდ ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე იყო გავრცელებული...- ხატმებრძოლობა გავრცელებული იყო იმ ტერიტორიებზე, სადაც ბიზანტიის იმპერატორების ხელისუფლება ვრცელდებოდა. ესეც ერთ-ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ეს ერესი ეკლესიის წიაღში არ წარმოქმნილა. მას ეწინააღმდეგებოდნენ რომის პაპი, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის პატრიარქები. იმ პერიოდში, როდესაც ბიზანტიის იმპერიაში ხატმებრძოლობა მძვინვარებდა, იოანე გუთელი საქართველოში იქნა ხელდასხმული ეპისკოპოსად, რადგან არ ისურვა ხელდასხმა მიეღო კონსტანტინოპოლში, სადაც ხატმებრძოლობა მძვინვარებდა და მიეღო იგი იმ ადამიანებისგან, რომლებიც არ იყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანები. აქედან ისიც ჩანს, რომ ამ მოვლენას საქართველოში არ მოუკიდებია ფეხი.
- ცხადია, ამ პერიოდში ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი იარსებებდა. იქაური ტაძრებიც ხომ უფლისა და მის წმინდანთა გამოსახულებებით იყო მოხატული... როგორ მოხერხდა წმინდა ხატების გადარჩენა?- ხატმებრძოლობის დროს ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე უამრავი ხატი განადგურდა. ეკლესიების კედლებიც ჩამოფხიკეს, შელესეს და სხვადასხვა ფიგურით მოხატეს, მაგრამ ბევრი ხატის გადარჩენა მოხერხდა. როდესაც ბერმონაზვნები და მართლმადიდებლები ბიზანტიის იმპერიის საზღვრებს ტოვებდნენ, თან წმინდა ხატებიც მიჰქონდათ.
ამ გზით აურაცხელი ხატი გადაარჩინეს განადგურებას. ხატმებრძოლობის დასრულების შემდეგ, ამ ხატებიდან ნაწილი კვლავ ბიზნატიის იმპერიის ტერიტორიაზე დააბრუნეს, ნაწილს კი ათონის მთაზე მოუყარეს თავი, რომელიც სწორედ IX საუკუნეში იწყებდა ჩამოყალიბებას, როგორც საეკლესიო ცენტრი. ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლიდან გამორიდებულ იქნა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი - ანჩისხატად წოდებული. იგი ბიზანტიიდან წასულმა ბერებმა ანჩის საეპისკოპოსოში მიაბრძანეს და სწორედ ამის გამო ეწოდა ანჩისხატი. მოგვიანებით, თურქთაგან ტაო-კლარჯეთის დაპყრობისა და ანჩის საეპისკოპოსოს დაცემის შემდეგ, ანჩისად წოდებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი საქართველოში იქნა გადმობრძანებული და დღემდე ჩვენს ქვეყანაში იმყოფება. ამჟამად, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული.
იმ პერიოდში, ხატთაყვანისცემის დამცველებად უპირველესად, ბერმონაზვნები გვევლინებიან, ამიტომ საერო ხელისუფლებამ მათ წინააღმდეგაც წამოიწყო ბრძოლა. მათმა უმრავლესობამ დატოვა ბიზანტია, ნაწილი დასავლეთში - რომის კათედრის დაქვემდებარებაში მოქცეულ ტერიტორიებზე გადავიდა, ნაწილმა კი აღმოსავლეთს მიაშურა. ამ პერიოდში რომში უამრავი ბერძნული მართლმადიდებლური მონასტერი ამოქმედდა, სადაც მსახურებები ბერძნულ ენაზე მიმდინარეობდა. IX საუკუნიდან, ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, ხატთაყვანისცემის აღდგენასთან ერთად, ბიზანტიაში კვლავ აღორძინდა და განმტკიცდა მართლმადიდებლობა.
- საერთოდ, რა მნიშვნელობა აქვს ხატთაყვანისცემას? რატომ არის ქრისტიანობაში მიღებული ხატების - ანგელოზთა, უფლის და მის წმინდანთა გამოსახულებების შექმნა?- წმინდა მამები ბრძანებენ: ხატი სარკმელია, რომლის მეშვეობითაც ზეციურ სამყაროს, იქ დავანებულ უფალს, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებს ვუკავშირდებით. ხატის წინაშე მლოცველი ადამიანი ზეციურ სასუფევლამდე ამაღლდება და ლოცვით ამყარებს ურთიერთობას უფალთან, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელთან, წმინდა ანგელოზებსა და წმინდანებთან. მათგან კი მლოცველზე ღვთიური მადლი, შემწეობა და ლოცვა-კურთხევა გადმოედინება.
ხატის თაყვანისცემისას, თაყვანს ვცემთ და პატივს მივაგებთ არა ხეს, საღებავსა და იმ მასალას, რომლისგანაც ხატია შექნილი, არამედ მასზე გამოსახულ პირველსახეს - უფალს, ანგელოზებს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდანებს ან წმინდა მოვლენებს. წმინდანთა გამოსახულებებს თაყვანს ვცემთ და ლოცვა-ვედრებას აღვუვლენთ იმის გამო, რომ ისინი თავიანთი ამქვეყნიური ცხოვრებით და ქრისტიანული აღსასრულით სათნო ეყვნენ უფალს და ამის გამო მეტი კადნიერება აქვთ უფლის წინაშე თხოვნისა, ვიდრე ჩვენ.
როდის და როგორ შეიქმნა პირველი ქრისტიანული ხატები?- პირველი ქრისტიანული ხატი გახლდათ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მაცხოვრის მიწიერი ცხოვრების დროს შეიქმნა. ქალაქ ედესის მძიმედ დასნეულებულმა ავგაროზ მეფემ მხატვარი ანანია იერუსალიმში მყოფ მაცხოვართან მიავლინა, თან წერილი მისწერა ქრისტეს, რომელშიც ატყობინებდა, რომ იცოდა მისი სასწაულებრივი მკურნალობის შესახებ, აღიარებდა მას მესიად და სთხოვდა, ჩასულიყო მასთან და სნეულებისგან დაეხსნა. ამასთანავე, მაცხოვარს საცხოვრებლად თავის ქალაქს - ედესს სთავაზობდა.
ავგაროზმა ანანიას ისიც დაავალა, - თუკი ქრისტე თავად არ ინებებს წამოსვლას, მისი ღვთაებრივი სახე დახატე, რათა სურათი მაინც მქონდესო. უფალმა ედესში წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ ანანიას მისი დახატვის ნება დართო. მხატვარმა ვერასგზით მოახერხა უფლის არაამქვეყნიური ნათლით გაბრწყინებული სახის ტილოზე გადატანა. მაშინ მაცხოვარმა წყალი და ტილო მოატანინა, პირი დაიბანა და ტილო სახეზე მიიდო, რომელზეც სასწაულებრივად აღიბეჭდა მაცხოვრის სახე... ამ გამოსახულებას მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ეწოდა. ამგვარად, ქრისტიანთა შორის ხატთაყვანისმცმელობას დასაბამი მისცა მაცხოვრის ხელთუქმნელმა ხატმა. უფალმა თავად აკურთხა წმინდა გამოსახულებების - ხატების თაყვანისცემა.
სწორედ მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი ბრძანდება საქართველოში, რომელიც როგორც ვთქვით, ამჟამად ხელოვნების მუზეუმშია დაცული. XIX საუკუნეში ამ ხატის დათვალიერებამ უჩვენა, რომ იგი შესრულებულია ტილოზე ჩვენგან უცნობი მეთოდებით (უცნობია იმის გამო, რომ ხელთუქმნელია), რომელიც შემდეგ არის გადაკრული ხეზე, მოჭედილია და შემკულია ძვირფასი ქვებით.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატისგან კიდევ რამდენიმე ხელთუქმნელი ხატი გამოისახა. ერთ-ერთი მათგანი - კეცის ხელთუქმნელ ხატად წოდებულიც, საქართველოში მოხვდა. იგი ჩვენს ქვეყანაში წმინდა ანტონ მარტყოფელმა ჩამოაბრძანა, მაგრამ დიდი თურქობის დროს დაიკარგა: საქართველოს მეფის, გიორგი მეშვიდეს (1393-1407) ხანაში, თემურ ლენგის შემოსევისას, გიორგი მარტყოფელმა ეს ხატი, იმის შიშით, რომ ურჯულოებს არ გაენადგურებინათ, ყველასთვის უცნობ ადგილას გადამალა; მოგვიანებით, გიორგი მარტყოფელი მოწამებრივად აღესრულა და თან წაიღო კეცზე აღბეჭდილი მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ადგილსამყოფლის საიდუმლო, რომელიც დღემდე უცნობი რჩება.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის გარდა, არსებობს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატიც, რომელიც წმინდა ქალწულის პირისახეზე მიდებით გამოისახა. იგი ღვთისმშობელმა თან გამოატანა საქართველოში საქადაგებლად წამოსულ ანდრია პირველწოდებულს. ეს ხატი დღესაც საქართველოშია და აწყურის ყოვლადწმნიდა ღვთისმშობლის ხატის სახელწოდებითაა ცნობილი.
ხატები ქრისტიანობის პირველი საუკუნიდან იწერებოდა. ლუკა მახარებელი - ერთ-ერთი სახარების ავტორი, ცნობილი ხატმწერი გახლდათ. მან შექმნა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის რამდენიმე ხატი, ასევე მოციქულთა ხატები. საეკლესიო მეცნიერებაში ცნობილია 100-მდე ხატი, რომელთა სახელიც ლუკა მახარებელს უკავშირდება.
- არამართლმადიდებლური კანონიკით შესრულებულ ხატს ლოცვითი ღირებულება არ გააჩნია. როდის შეიქმნა მართლმადიდებლური კანონიკა და შესაძლებელია თუ არა, ადამიანმა დამოუკიდებლად გაარკვიოს, ხატი მართლმადიდებლური კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული თუ არა?- მართლმადიდებლური კანონიკა ქრისტიანობის პირველივე საუკუნეში შეიქმნა, საბოლოოდ კი ხატმებრძოლობის დამარცხების შემდეგ, IX საუკუნეში ჩამოყალიბდა. ეკლესიის მიერ უამრავი არაკანონიკურად შექმნილი ხატი განადგურდა.
იმის გარჩევა, კანონიკის ზუსტი დაცვითაა შესრულებული ხატი თუ არა, ძალზე ძნელია. თუ ადამიანმა მართლმადიდებლური კანონიკა არ იცის, ამას ვერც გაარჩევს. ხატს აქვს უამრავი დეტალი და თითოეული მნიშვნელოვანია. მაგალითად: მაცხოვარს, მისი ღვთაებრივი ბუნების ნიშნად, შარავანდედში აუცილებლად უნდა ჰქონდეს ჯვარი; ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი არ გამოისახება თავსაბურავის გარეშე, არ შეიძლება, რომ ღვთისმშობელს უჩანდეს თმა; იგი იშვიათად გამოისახება მარტო - თითქმის ყველა ხატში ღვთაებრივი ყრმა უჭირავს ხელში, ამასთანავე, შუბლსა და მხრებზე სამი ვარსკვლავი აქვს გამოსახული, ნიშნად იმისა, რომ ღვთისმშობელი ქალწული იყო შობამდეც, შობის დროსაც და შობის შემდეგაც.
დამახასიათებელი ნიშნები აქვს წმინდანთა ხატებსაც: არ შეიძლება, წმინდანი გამოსახული იყოს პროფილში; მოციქულებს და ღვთის სიტყვის მქადაგებლებს სახარება ან ქარტია უპყრიათ ხელთ, წმინდა მოწამეებს - ჯვარი, მკურნალ წმინდანებს - წამლის ყუთი და ა.შ. რაც შეეხება ცალკეულ დეტალებს: გრძელი თითები წმინდა და მართალ ცხოვრებას აღნიშნავს, მაღალი შუბლი - სიბრძნეს, დიდი თვალები - სულიერ ხედვას... მნიშვნელობა აქვს ფერებსაც: თეთრი სიწმინდეს აღნიშნავს, მწვანე - ცხოვრებას, ლურჯი - საიდუმლოს, ცისფერი - უმანკოებას, ოქროსფერი - მარადიულობას, ყვითელი - სითბოსა და სიყვარულს, წითელი - მსხვერპლად შეწირვას.
ცხადია, ყველა დეტალზე ლაპარაკი შეუძლებელია. ხატის კანონიკურობის დამტკიცება ხდება მისი კურთხევის დროს - თუ ხატი მართლმადიდებლური კანონიკით არ არის შესრულებული, ამას მოძღვარი გვეტყვის.
შორენა მერკვილაძე
ჟურნალი ”გზა”
წყარო/Source:
http://www.ambebi.ge/sazogadoeba/16047-kha...l#ixzz156YyXu9p