Hushta,ვაჟა-ფშაველას შვილის ისტორიაა საინტერესო... საერთოდ, ოჯახური ტრადიცია შვილებზე დიდ გავლენას ახდენს ხოლმე. წითლებთან იყო, ალბათ ათეისტიც იქნებოდა...
ლევან რაზიკაშვილი ქაქუცა ჩოლოყაშვილთან ერთად სწავლობდა გიმნაზიაში. მას შემდეგ რაც ქაქუცა საბჭოთა ხელისუფლებას დაუპირისპირდა, ერთი პერიოდი თავს ხევსურეთს აპარებდა, ლევან რაზიკაშვილი ამ დროს ფშავის პოლიციის უფროსი იყო. მას აჯანყებულებთან ბრძოლა დაევალა.
რადგან ეს არ მოხდა, ხელისუფლებამ ქაქუცა ჩოლოყაშვილთან მეგობრობა არ აპატია, დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. რაზიკაშვილი მიჩნეულ იქნა ქაქუცას რაზმის აქტიურ წევრად, რომელიც შეიპარა საბჭოთა მუშაკებს შორის ჩოლოყაშვილისგან მიღებული დავალებების ცხოვრებაში გასატარებლად.
დაკავებას ოფიციალურ საფუძვლად დაედო თიანეთის მაზრის აღმასკომის თავმჯდომარის, სერგო სურგულაძის განკარგულება, ბრალდებად კი წაუყენეს: "1. ბანდიტიზმში მონაწილეობა; 2. თვითნებური მიტოვება სამსახურისა"
1922 წლის 30 სექტემბერს იგი თავისი ფეხით გამოცხადდა თიანეთის საგანგებო კომისიაში, საიდანაც, როგორც ბრალდებული, შინ აღარ გაუშვეს.
ბოლშევიკებმა ვაჟა-ფშაველას შვილი არ დაინდეს, მწერალთა კავშირის თხოვნის მიუხედავად. ორჯონიკიძემ მათ თხოვნას ასე უპასუხა : "ვაჟა-ფშაველა რომც ყოფილიყო, იმასაც დავხვრეტდით"
დახვრეტის ოქმში ვკითხულობთ :
"1923 წლის 16 თებერვალს ორ საათზე დახვრეტილ იქნა ლევან რაზიკაშვილი ლუკას ძე, 35 წლის"
ცხედარი დაფლული იქნა დახვრეტის ადგილას .
ლევანს 2 მცირე წლოვანი ქალიშვილი და მეუღლე დარჩა უპატრონოდ .
გულქან რაზიკაშვილის მონათხრობი (ლევანის დაი) :
"არა ჰკითხეს ლევანსა, იცოდნენ ვისიც შვილი იყო , ისიც კი არა კითხეს რა დააშავა, დაუკითხავად გამოიყვანეს და დახვრიტეს ნადირივითა, და ერთხელ მკვდარი ჩემი მამაი საფლავში და მეორედ მოკვდებოდა..."
აი, მინდა გითხრათ, რომ ასეთ ათეისტებს ვეძებ. მათი ხაზი არ იქნა გატარებული, იმიტომ რომ მაშინ სასტიკი დრო იყო და ჰუმანიზმს თავისი ვერ გაჰქონდა. მაგრამ ისინი არსებობდნენ და თავისას ცდილობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ალბათ აცნობიერებდნენ გარდაუვალ დამარცხებას მრავალჯერ აღმატებულ ძალებთან ჭიდილში.
* * *
კაბინეტი თუთუნის კვამლში იყო გახვეული, მაგიდის ლამპის შუქით განათებულ ოთახში მხოლოდ სერგო ორჯონიკიძის გაბურძგნული თმა და ბოროტად მოელვარე თვალები მოჩანდა. მზერით ხვრეტდა მის კაბინეტში მყოფ შალვა დადიანს, პავლე ინგოროყვასა და ალექსანდრე აბაშელს, რომლებიც მისგან ვაჟა-ფშაველას შვილის, ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას ითხოვდნენ. დაძაბული სიჩუმე იმდენ ხანს გაგრძელდა, რომ მწერლებს კინაღამ ნერვებმა უმტყუნათ. ორჯონიკიძემ, როგორც იქნა, ხმა ამოიღო და კბილებში გამოსცრა: „ვაჟა-ფშაველას შვილი კი არა, თვით ვაჟა რომ ყოფილიყო ცოცხალი, იმასაც დავხვრეტდი!“
პავლე ინგოროყვამ ქუდს ხელი დაავლო და პირველი გამოვარდა კაბინეტიდან, დანარჩენებიც უხმოდ მიჰყვნენ, ვერასდროს წარმოიდგენდნენ, თუ ვინმეს მსგავსი პასუხი ექნებოდა.
თუმცა თავიდანვე ცხადია, რომ კომუნისტები არასდროს შეიწყალებდნენ ფშავის მილიციის უფროსს, რომელიც ხელს უწყობდა ქაქუცა ჩოლოყაშვილს.
ლევანი
როცა ლევან რაზიკაშვილი დააპატიმრეს, ის 35 წლის იყო. ლევანი 1887 წელს დაიბადა, ის ვაჟა-ფშაველასა და კეკეს მეორე შვილია. ამბობენ, რომ ვაჟას ლევანი ძალიან უყვარდა, მოხიბლული იყო მისი ნიჭიერებით და ცდილობდა, მისთვის როგორმე განათლება მიეცა. ლევანი ცოტა ხანს სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში, ერთ მერხზე ისხდნენ ის და ქაქუცა ჩოლოყაშვილი და ძალიან ახლო მეგობრები იყვნენ, ეს მეგობრობა შემდგომშიც გაგრძელდა და მას ბედისწერად ექცა... ლევანი სკოლის მერხიდან სოციალ-ფედერალისტობდა და სხვათა შორის, ეს ამბავი კომუნისტებს მთავარ „ბრალდებად“ უდევთ სისხლის სამართლის საქმეში. სკოლიდან დაბრუნების შემდეგ ვაჟა ცდილობდა, ლევანს სწავლა გაეგრძელებინა, ამიტომაც ხან ვის აწუხებდა სტიპენდიის თაობაზე და ხან – ვის, თუმცა ამაოდ. ბოლოს ლევანმა გორში სოცუზრუნველყოფის გამგებლად დაიწყო მუშაობა, შემდეგ კი ფშავის მილიციის უფროსადაც გადმოიყვანეს. მიუხედავად ასეთი თანამდებობისა, ის კარგი ადამიანი იყო და ძალიან უყვარდათ ფშაველებს, რომლებმაც მისი დაჭერის შემდეგ საკუთარი სიცოცხლე სასწორზე შეაგდეს და ორმოცდაათზე მეტი ადამიანი წერილობითი ფორმით ითხოვდა ლევან რაზიკაშვილის განთავისუფლებას.
სიყვარული
გორში ყოფნის პერიოდში ლევანმა, რომელიც გამორჩეული იყო სილამაზით, გაიცნო ულამაზესი 17 წლის თამარ თვარელიძე. თამარი ქერა და ცისფერთვალა ყოფილა. მაშინდელი ქალები მამაკაცთან ახლო ურთიერთობას მიჩვეული არ იყვნენ. დედები ქალიშვილებს აფრთხილებდნენ, მამაკაცის ჩოხის კალთა არ შეგეხოთ, თორემ დაფეხმძიმდებითო. ლევანი თამარის ძმას, იოსებს დაუმეგობრდა და მათ ოჯახში ხშირად დადიოდა. ერთხელ, სტუმრობისას ჩოხაზე ღილი აუწყდა. დედამ თამარს უბრძანა, სტუმრის ჩოხისთვის ღილი დაეკერებინა. დაფეხმძიმების შიშით თამარს ჩოხა, რაც შეიძლება შორს დაუჭერია, რომ კაბის კალთა მართლაც არ შეჰხებოდა და ღილი დიდი წვალებით დაუკერებია. ბოლოს და ბოლოს, მათი ამბავიც გაირკვა და ქორწილი გადაიხადეს. ნეფე-პატარძალს უკან ვაჟა-ფშაველა მოჰყვებოდათ, დიდი პოეტის ნახვას ხალხი ისე აღუფრთოვანებია, რომ ეკლესიამდე მისასვლელ გზაზე ფარდაგები და ია-ვარდი მოუფენია. ვაჟას ბევრი არაფერი ებადა, თუმცა შვილს გული არ დასწყვიტა და თავისი ერთადერთი ძვირფასი ნივთი, ოქროს ძეწკვზე ჩამოკიდებული საათი, ქორწილშივე უსახსოვრა. სიკვდილის პირას მყოფი ვაჟა ლევანმა და თამარმა თბილისში მოინახულეს. ვაჟა ფეხმძიმე რძალს მუცელზე მოეფერა და უთხრა, მალე ლუკა დაიბადებაო. ლუკა რაზიკაშვილი ვაჟას სიკვდილის შემდეგ მოევლინა ქვეყნიერებას.
1920 წელს ლევანი ოჯახთან ერთად ჩარგალში დაბრუნდა, მაშინ გორში დიდი მიწისძვრა მომხდარა და გორი თითქმის მიწასთან გაუსწორებია.
ქაქუცა
1921 წელს ბოლშევიკებმა საქართველო საბჭოთა რესპუბლიკად გამოაცხადეს. ქართველები მალე მიხვდნენ, რა მარყუჟშიც გაჰყვეს თავი და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო. ამ პროტესტს სერგო ორჯონიკიძის მიერ გამეფებული განუკითხაობაც ხელს უწყობდა.
1921 წლის ნოემბერში პარიზში გაიმართა ამიერკავკასიის პოლიტიკურ წარმომადგენელთა კონფერენცია, რომელმაც აირჩია სამხედრო კომისია, ამ კომისიას კავკასიაში აჯანყების მოსაწყობად უნდა დაეწყო მზადება.
1922 წლიდან კახეთსა და ფშავ-ხევსურეთში ფართო პარტიზანული მოძრაობა დაიწყო, რომელსაც ცნობილი ოფიცერი ქაქუცა ჩოლოყაშვილი ხელმძღვანელობდა. ქართველები ხელს უწყობდნენ ქაქუცას, ეს ბოლშევიკებმა კარგად იცოდნენ და ამიტომაც ყველას, ვისაც კავშირი ჰქონდა ქაქუცასთან, სამაგალითოდ სჯიდნენ.
როცა ქაქუცა ფშავში შევიდა, ღამით ჩუმად ლევანს ესტუმრა. მეგობრებმა კარგად მოილხინეს, თუმცა ლევანს მეორე დღესვე დაურეკეს მთავრობიდან და კატეგორიულად მოსთხოვეს, ქაქუცას რაზმისთვის გზა შეეკრათ და ამოეხოცათ. ფშავისკენ უკვე დაძრული იყო სურგულაძის რაზმიც. ლევანს სწორედ სურგულაძის მიერ ნაკარნახევი გეგმით უნდა ემოქმედა, თუმცა მან „თვითნებობა“ გამოიჩინა, არაგვზე გადავიდა და ქაქუცას რაზმს სროლა აუტეხა, შემდეგ კი ტყვედ ჩაბარდა. თუმცა ეს მხოლოდ ფარსი იყო. ლევანს ქაქუცას მოკვლა არ შეეძლო. მართალია, ბოლშევიკების სამსახურში იდგა, მაგრამ ის მაინც ვაჟას შვილი იყო და შინაგანად თანაუგრძნობდა კიდეც ქაქუცას, თუმცა ორ ფრონტზე ბრძოლა მასაც არ შეეძლო. ლევანმა ქაქუცასგან დავალება მიიღო: ფშაველები აჯანყებისთვის მოემზადებინა და მასთან საბრძოლველად შემოსული წითელი არმიისთვის დარტყმა ზურგიდან მიეყენებინა. თუმცა ლევანი ვიღაცამ ჩაუშვა. 1922 წლის 30 სექტემბერს ის თიანეთის საგანგებო კომისიაში დაიბარეს, სადაც საკუთარი ფეხით გამოცხადდა და უკან აღარც დაბრუნებულა. ლევანი მეტეხის ციხეში გადაიყვანეს და მალე დახვრეტაც მიუსაჯეს.
აი, რა წერია ბრალდების ოქმში: „რაზიკაშვილმა ხელი შეუწყო ჩოლოყაშვილს, ამხანაგებთან ერთად, გადასულიყო სოფ. სოფლიონში, არტნის თემში და იქიდან გადააცილა პანკისის ხეობაში, სადაც ცოლოკაევი მიიმალა. ქაქუცამ, რაკი ლევანი ვაჟა-ფშაველას შვილი იყო და ხალხში გავლენა ჰქონდა, დაავალა, ხალხი აჯანყებისთვის მოემზადებინა...
ამიტომაც მიესაჯოს სასჯელის უმაღლესი ზომა“.
„მუცლით მოყოლილი“
ვაჟას მეხუთე შვილი – ვახტანგ რაზიკაშვილი მეორე მეუღლესთან, თამართან შეეძინა, რომელიც კეკეს დაღუპვის შემდეგ შეირთო. ამ თემაზე ადრე ღიად საუბარს ერიდებოდნენ, თუმცა ვახტანგს ჩარგალში „მუცლით მოყოლილს“ ეძახდნენ. როგორც ამბობდნენ, როცა ვაჟამ თამარი შეირთო, ის უკვე ფეხმძიმედ ყოფილა. განაწყენებულ ვაჟას ბავშვისთვის გვარი არ მიუცია და ამიტომაც სასწავლებელში დედის გვარზე – დიდებაშვილზე ირიცხებოდა. მას რაზიკაშვილობა ლევანმა მისცა მამის სიკვდილის შემდეგ. ვახტანგს თურმე მთელი ცხოვრება უწევდა მტკიცება, რომ ის ვაჟას შვილი იყო და ვაჟას ფუძეზე მისი სხვა შვილები არ გაახარა. ეს ამბავი პირველად გიგი ხორნაულის წიგნში – „ცხოვრება ვაჟა-ფშაველასი“ გახმაურდა. ავტორი ერთ ასეთ ფაქტს ყვება: ვაჟა სხვა ფშაველებთან ერთად ჩარგალში ადიოდა, მდინარე შარახეულაზე გადასვლისას ვაჟას ცხენი წაბორძიკდა და ვახტანგი, რომელიც უკან ეჯდა, წყალში ჩავარდა. ვაჟა გაბრაზდა, რომ ბავშვი კარგად ვერ მოეჭიდა უნაგირს და გულმოსულმა თქვა: „ჩავარდეს მაგისი დედაც, განა ჩემი გაკეთებულიაო“.
ვახტანგისთვის ერთი ლექსიც მიუძღვნიათ ფშაველებს: „რაზიკაშვილო ვახტანგო, გაგთეთრებია ქოჩორი, ჟინვალის ქვემოთ კაცი ხარ, ჟინვალის ზემოთ ჩოჩორი!“ სავარაუდოდ, ამ ლექსის ავტორს იმის თქმა უნდოდა, რომ ჟინვალსზემოთ ისედაც ყველამ იცოდა, როგორი შვილიც იყო ვახტანგი ვაჟასი. ახლა ეს ძნელი დასამტკიცებელია, თუმცა ამბობენ, რომ ლევანის დაპატიმრებაში გარკვეული წვლილი ვახტანგსაც მიუძღვის. ვინ იცის, იქნებ ეს ერთგვარი შურისძიებაც იყო იმის გამო, რა დამცირებასაც მთელი ცხოვრება იტანდა ვახტანგ რაზიკაშვილი, როგორც „მუცლით მოყოლილი“.
„ხალხის მტრის შვილები“
ლევანს სამი შვილი დარჩა – ლუკა, ქეთევან და პეპელა რაზიკაშვილები. ლევანის სიკვდილის შემდეგ მათ ლევანის დედინაცვალი თურმე საშინლად ავიწროებდათ, ამიტომაც იძულებული გახდნენ, თავი გორისთვის შეეფარებინათ. ლევანის მეუღლეს ახლა ერთადერთი მიზანი ჰქონდა, როგორმე შვილები გადაერჩინა. მამის გამო რომ ბავშვებიც არ დაჩაგრულიყვნენ, სტახანოველი გახდა და ყველანაირად ცდილობდა, კომუნისტების გული მოეგო. თუმცა გორში დედის ძმისშვილები გადაეკიდნენ და მათი იქიდან გაყრა მოინდომეს. ბოლოს ვაჟას შვილიშვილებს ერთი ღვთისნიერი კაცის, თადეოზის დახმარებით ეღირსათ ჭერი, რომელმაც სახლი ნახევრად საკუთარი სახსრებით აუშენათ. ამბობენ, რომ ამ სიტუაციით კარგად ისარგებლა ვახტანგ რაზიკაშვილმა. თავი ვაჟას ერთადერთ მემკვიდრედ გაასაღა და ყველას უმალავდა, რომ ლევანის შვილები ცოცხლები იყვნენ და გორში ცხოვრობდნენ, ვაჟას იუბილეც ისე ჩაივლიდა ხოლმე, რომ მათ არც იწვევდნენ.
ჰონორარები კი, რომლებიც ვაჟას ნაწარმოებების გამოსვლის შემდეგ მის მემკვიდრეებს ერიცხებოდათ, მთლიანად ვახტანგ რაზიკაშვილს რჩებოდა. სხვათა შორის, ვახტანგი ზუსტად ვაჟას სახლის გვერდით არის დაკრძალული. რაც შეეხება ლევან რაზიკაშვილს, მისი საფლავი არ არსებობს.
„კაგებეს“ არქივში შენახულ საქმეში ასეთი რამ წერია: „ღამის ორ საათზე სისრულეში იქნა მოყვანილი სასიკვდილო განაჩენი – დახვრეტა, შემდგომ ქვემოთ დასახელებულ განსასჯელებზე: ლევან ლუკას ძე რაზიკაშვილი, 35 წლის... ყურადღებიანი დათვალიერების შემდეგ ცხედრები დაფლული იქნა დახვრეტის ადგილას“.
* * *
ხომ არ იცით ვინმემ, რას ნიშნავს სოციალ-ფედერალისტი?
This post has been edited by ლაბარნა on 23 Sep 2012, 23:38
მიმაგრებული სურათი