სალამი, შოშია!
შენმა პოსტმა კარგი საქმე გააკეთა, სიგნალი მომცა, რომ შემეწყვიტა ზარმაცობა და ბოლოსდაბოლოს შემეჯამებინა ბოლო გამოკითხვის შედეგები.
ჯერ შენს პოსტს რომ ვუპასუხო, თარგმნით და პატარა სტატიების წერით აქ ბევრნი ვართ დაკავებული. რამდენიმე ჩვენიანს აქვს ბლოგები და აქვეყნებს კარგ სტატიებს. სვანტონი და მე მიმდინარე სეზონშიც კლასიკოსების თარგმანებით ვართ დაკავებულნი. თუ რეალურ და არა ვირტუალურ გამოცემას დავაპირებთ, აქ უკვე აუცილებლად შევეჩეხებით ფინანსებს და დაისმება კითხვა: რამდენად გვაწყობს ამ ეტაპზე (თორემ საერთოდ კი გვინდა და კი გვაწყობს).
ახლა გადავიდეთ კლუბზე. სულ პირველი, მინდა გამოვხატო დიდი კმაყოფილება გამოკითხვის შედეგებით და გამოვაცხადო, რომ ნებისმიერ დროს შეგვიძლია დავიწყოთ ამ ძალებით რეალური კლუბი, თუ მოვინდომებთ!
მეორე, მინდა გამოვთქვა მთავარი ეჭვი... ხომ არ არსებობს უკვე ორგანიზაცია დაახლოებით იგივე მიზნებით და პროფილით?
აგერ აქვე ფორუმშივე, პოლიტიკის განყოფილებაში ვიპოვე 60-გვერდიანი თემა:
სეკულარისტთა კლუბი რომ არსებობს პარტიები ჩვენი პროფილით, ეს უკვე სიახლე აღარაა. ახალგაზრდა სოციალისტები, მშრომელთა პარტია, სოციალ-დემოკრატები. უნდა მივწვდეთ რეესტრის ჩამონათვალს და გავარკვიოთ, არსებობს თუ არა მსგავსი პროფილის რაიმე. არ ჯობია, შევუერთდეთ, ვიდრე თავიდან ვიწვალოთ რეგისტრაციაზე? ისედაც, მე მგონია რეგისტრაცია უნდა გავაკეთოთ მხოლოდ მაშინ, როდესაც აუცილებელი გახდება. მანამდე ისედაც ვფუნქციონირებთ და ვვითარდებით.
რა თქმა უნდა, გულის სიღრმეში დიდი სურვილი მაქვს, გვქონდეს რეალური კლუბი, მაგრამ მოდი წარმოვადგენ რეალისტურ პროგნოზს, რა მოხდება რეგისტრაციის შემთხვევაში.
რეგისტრირებული კლუბის მთავარი განმასხვავებელი ნიშანი იქნება საერთო ფინანსების არსებობა. ვერანაირად ვერ გამოვრიცხავ დასაწყისში შემთხვევებს, რომ მოხდეს დატაცება ან არასწორი ხარჯვა, კლუბს მოუწევს გამოუცხადოს ნდობა ერთ ან რამდენიმე არჩეულ პირს და შემდეგ მოგვიწევს, ველოდოთ შედეგს, რამდენად გამართლდება ჩვენი ნდობა, რაც გაგვიიოლებს შემდეგ გადაწყვეტას, გავუგრძელოთ იგივე ხალხს მანდატი თუ აღარ
ჩვენი ფორუმელების პასუხებიდან გამომდინარე, შემიძლია ვამტკიცო შემდეგი. თავიდან აქტიური დამფუძნებლების რაოდენობა არ გადააჭარბებს 5 კაცს.
დაფუძნებიდან მალევე შევივსებით 10 კაცამდე, მერე კი „ჩათრევას ჩაყოლა სჯობია“-ს ეფექტით 20-30 კაცის შეგროვებას ველოდები ფორუმის ათეისტთა და აგნოსტთა კლუბის დროშის ქვეშ.
ფინანსური თვალსაზრისით, ჩემი აზრით, აუცილებელია გამოვყოთ ჩვეულებრივი წევრები, საზღვარგარეთელი წევრები, შეღავათიანი წევრები და წლის სპონსორი წევრები.
ჩვეულებრივი წევრი გადაიხდის მთლიან საწევროს, წელიწადში დავუშვათ სიმბოლურად 36.5*2 = 73 გელ. ნახევარი თანხა ჩამოაკლდებათ გოგონებს, სტუდენტებს, საზღვარგარეთელ წევრებს. თუ ერთდროულად ადამიანი არის გოგონა და სტუდენტი, ანდა საზღვარგარეთ მცხოვრები და სტუდენტი, ან მითუმეტეს, საზღვარგარეთ მცხოვრები, გოგონა და სტუდენტი, ჩემი აზრით, იგი უნდა გავათავისუფლოთ საწევროსგან. წლის სპონსორი წევრი ნებაყოფილობით გადაიხდის ერთჯერადად ცოტა მეტს, საწევროსგან დამოუკიდებლად, ან სხვა პატივისცემით უზრუნველყოფს კლუბს: დაუთმობს შენობას დროებით, დაუქირავებს ნამდვილ დარბაზს, ერთჯერადად აჩუქებს თანხას, საიტს ან სხვა კაპიტალის ტოლფას ელემენტს.
ჩემი ლოგიკა აქ არის ის, რომ საზღვარგარეთელი წევრი ვერ მიიღებს მონაწილეობას შეკრებებში და, ამდენად, ნაკლებ ბენეფიტებს იღებს კლუბის მუშაობისგან. გოგონები ისედაც ცოტანი გვყავს და ხელის გულზე უნდა ვატაროთ. სტუდენტებს უმეტესად თავისი თავი გასჭირვებიათ ჩვენს ქვეყანაში, ერგებათ შეღავათები. თუ ვინმეს მაინც მოუნდება შეღავათებით გათვალისწინებულზე მეტის დადება, კი ბატონო, ჩავთვალოთ ისიც წლის სპონსორებში და ეგ იქნება
ამ შეღავათების გათვალისწინებით, ჩემი აზრით, 10 ჩვეულებრივი წევრის ტოლფასით დავიწყებთ, სადღაც 730 გელ + ალბათ სპონსორების დონაციების დამატებით პირველ წელს სადღაც 1000 გელში უნდა ჩავეტიოთ.
ამ თანხით 1 წელიწადში მოხერხდება ალბათ კიდევ 1 ალტერნატიული საიტის დათრევა (რომ შეჯიბრების გზით გამოვავლინოთ უკეთესი ფორმა), რამდენიმე შეკრება (საშუალოდ, სეზონში ერთხელ, წელიწადის თბილ დროს სეზონში რამდენჯერმეც) რამდენიმე იურიდიული კონსულტაციის აღება, ათეისტური ლიტერატურის სიდი-რომის ჩაწერა-გავრცელება კლუბის წევრებს შორის და იქნება კიდევ ერთი რეალური კრებულის ან წიგნის შედგენა-რედაქტირებაც (გამოცემა ჯერ ვერა!).
კლუბის წევრებს ექნებათ პრივილეგიები შემდეგი: 1) საერთო ინფორმაციის მიღება-ფლობისა, 2) კლუბის შეხვედრებზე შეუზღუდავი დასწრებისა, 3) კლუბის საიტებზე რეგისტრაციის და საკუთარი აზრის გამოქვეყნებისა, 4) კლუბის საერთო საქმიანობაში მონაწილეობისა, 5) კლუბის მმართველობითი ორგანოების არჩევაში და კენჭისყრებში მონაწილეობისა, 6) ნებისმიერ დროს იხილოს კლუბის მმართველობითი ორგანოების გამჭვირვალე ანგარიში, განსაკუთრებით, ფინანსური კუთხით, რომ იცოდეს, სად იხარჯება მისი საწევროს თანხა.
კლუბის მმართველობითი ორგანოს არჩევის წესი და მისი უფლებამოსილება განსაზღვრული იქნება წესდებით. შეიძლება ეს იყოს ორგანიზატორთა გუნდი და მისი მდივანი. მოვერიდოთ მყვირალა სახელებს, თავმჯდომარე, პრეზიდენტი, ბოსი და ა.შ., სასაცილო იქნება უბრალოდ )) მმართველობითი ორგანოს წევრები შეიკრიბებიან გაცილებით ხშირად, ალბათ თვეში ერთხელაც, ეს იქნება ალბათ 3-5 ყველაზე აქტიური წევრი. მათ შორის იქნება მუდმივი ელექტრონული მომიწერა.
თუ ეს მართლაც მოხერხდებოდა და ამის სურვილი გვექნებოდა, ჩვენ მივიღებდით მართლაც უნიკალურ გამოცდილებას პირველ წელს და საქმე უკვე გაცილებით უკეთ წავიდოდა მეორე წელს (ან უხეში შეცდომის შემთხვევაში სულაც დავიშლებოდით მეორე წელს, ესეც გამოცდილებაა, ეს გვეტყოდა იმას, რომ ამ დეკადაში მსგავსი კლუბი წამოსაწყები არაა...).
პირველი რიგის საქმე, რაც წინ გვიდევს, იქნება შემდეგი:
1) შევარჩიოთ 5-იოდე მოხალისე-მსურველი, რომ დაფუძნებაში მონაწილეობა მიიღოს ნებისმიერ დროს. მათი მოვალეობები იქნება ფიზიკური დასწრება დაფუძნებისას, მონაწილეობის მიღება წესდებაზე მუშაობაში; მე აშკარად ვიქნებოდი ერთ-ერთი ასეთი მოხალისე.
2) დავრწმუნდეთ საქართველოში ანალოგიური ორგანიზაციის არარსებობაში;
3) ჩამოვაყალიბოთ ჩვენი წესდება (ელექტრონული ბლანკები უკვე გვაქვს) და მოქმედების დაწვრილებითი გეგმა;
4) გავიაროთ რეგისტრაცია სასურველ ეტაპზე.
5) და იქნება დავიწყოთ კიდეც ალტერნატიული ფინანსების ძიება (საწევროებზე დამატებით), რაიმე ჩვენთვის მისაღებ პროექტებში მონაწილეობის გზით... წინასწარ ცუდად კი ვხდები ამ ბოლო საქმეზე, ვერ ვიტან ))
This post has been edited by ლაბარნა on 26 Dec 2012, 13:45