varianeliმე რამე გადასარევი მორწმუნე კი არ ვარ...
"ნამდვილი ლოცვა" რომ ვთქვი, მასეთი შეიძლება რამდენიმე იყოს წელიწადში სულ. მაგრამ ეგეც საკმარისია, შორს რომ არ გამიშვას დანარჩენ "ნელ-თბილ" პერიოდში.
რამდენიმე - იმიტომ, რომ მარტო მონდომებაზე არაა დამოკიდებული, რაღაც სხვა უნდა... თორემ იმის იმედზე არ ვარ, წელიწადში რამდენიმე მეყოფა-მეთქი. პირიქით, რაც დრო გადის, უფრო დაყოვნებითაა გულში ის "პასუხი", რაც გაგრძნობინებს, რომ არაფერი არ გეჩვენება და სახლი სწორედ იქაა, სადაც ხარ. რაც მეტი ცოდვაა, მით მეტი დრო სჭირდება, რომ ღმერთმა "გული მოიბრუნოს"...
როცა 22 წლის ასაკში გადავწყვიტე, რომ მორწმუნე ვარ, მალევე გაკვირვებით შევნიშნე, რომ რაღაცა სხვანაირად წავიდა. ბევრი მომენტია რელიგიაში, მათ შორის თეოლოგიური საკითხები. ამის ცოდნა (ასე) თავისთავად მოდიოდა, ინტუიციურად, დგებოდა საკითხი - ვიცოდი, რა და როგორ. მაგრამ ასე იყო პირველ წლებში, როცა შედარებით კარგად ვეწეოდი ეკლესიურ ცხოვრებას, რაც არის ის "მარტივი" ბურჯები, რაზეც დგას რწმენა - ლოცვა, მარხვა, აღსარება, ზიარება. და მაშინ არცერთ სიტუაციაში არ იყო დილემა, როგორ მოვქცეულიყავი, რომ არაფერი ვთქვა იმაზე, რომ მცოდნოდა რწმენაზე და პარალელურად ყოველ ფეხის ნაბიჯზე შემეცოდა. მაგრამ შემდეგ, როცა ეს პრაქტიკა შესუსტდა და ფაქტიურად მოკლე ლოცვის შესრულებამდე (პირდაპირი გაგებით) დავიდა, და ეკლესიაში წელიწადში რამდენჯერმე მისვლამდე, ისიც დაგვიანებით, რომ ნაკლებად ვმდგარიყავი (პრობლემებიც იყო), - აი, სწორედ მაშინ გაჩნდა სიტუაცია, როცა შემეძლო ერთ წამში ღმერთზე გამეფიქრა, მეორეში კი რაღაც ცუდი ჩამედინა; და გაჩნდა კიდეც ეჭვები წმინდა წერილის ნებისმიერ სიტყვაზე (ობიექტურობისათვის ისინი შეიძლება პირიქითაც განგვეხილა - როგორც ეკლესიის "ტყვეობიდან" თავდაღწევაში ხელშეწყობა,

იყო დრო, ასეც განვიხილავდი). და ქარიშხალი სულში. მაგრამ საკმარისი იყო, ერთხელ მეტ-ნაკლებად წესიერი ლოცვა მეთქვა - აღარაფერი არ მაწუხებდა მთელი დღეების, და ხან კვირების განმავლობაში. არავითარი ეჭვი, არავითარი ფილოსოფოსობა ჭკვიანი მაიმუნის პოზიციიდან,

არავითარი უცხო "ჭეშმარიტება", არავითარი ცუდი აზრი. მინდოდა ცუდი აზრები, ხან თავს ძალას ვატანდი, რომ მოსულიყო, თუნდაც ფსიქოლოგიური დაკვირვებისთვის,

და - არ მოდიოდა!
ვისაც არ ესმის ათეისტებისგან, ვთხოვ, შეეცადოს გაიგოს. არის მადლი, რომელიც მოაქვს ლოცვას, და მოდის მხოლოდ ამ, ეკლესიური პრაქტიკით. და ის აუცილებლად სტოვებს ადამიანს, როცა ის სცილდება ეკლესიას. ეს "ციკლი" რამდენჯერმე გამივლია, და ასეა. და ყოველ ახალ ჯერზე - სულ უფრო მძიმე იყო "სახლში" დაბრუნება და იმ მდგომარეობის მიღწევა, როცა ღმერთი "გულმოსული" არაა ადამიანზე.
(ერთხელ გამიჩნდა აზრი, რომ რაც უნდა ღმერთს, ეს საპასუხო სიყვარულია მისდამი)
როგორც ბევრი რამ, აქაც ხშირად მოულოდნელი და გაუგებარია რაღაც. ყოფილა - როცა რაიმე მომინანიებია, მის შემდეგ ყოფილა სწორედ სასჯელი. ვფიქრობდი, რატომ-მეთქი... ანდა - ყველაზე კაშკაშა მაგალითი, რამაც დამანახვა, რომ ჭეშმარიტება "აქაა" (და არასდროს არ ვყოფილვარ ისე ბედნიერი, როგორც იმ წუთებში, არადა, ის მხოლოდ ანარეკლი იყო), გარე ძიებების და ეჭვების გადამოწმების პროცესში კი არ მქონდა, არამედ იმ პერიოდში, როცა ჯერ არანაირი ეჭვი არ მაწუხებდა, და თუ რამე გაურკვეველი და უცნობი იყო, უბრალოდ გონებიდან ვიშორებდი. მაგრამ წლების შემდეგ, როცა ასეთი პერიოდი დადგა, იმ მაგალითმა ბევრჯერ შემაჩერა, და მივხვდი - სწორედ ამისთვის იყო დაშვებული წინასწარ (მოწყობილი კი არა, დაშვებული და ნაჩვენები).
ახლა, როგორც მეზობელ თემაში ვთქვი, ეს ფაქტორიცაა - ვიცი და ვხვდები, სად ტყუის რომელიმე სხვა თეორია, ან სად აღმოჩნდება მაშინ, როცა დიდი ეშმაკი გამოვა არენაზე. ისიც ვიცი, რომ ჩემი ღმერთი იქ დარჩება, სადაცაა ახლა - თავის ტახტზე.
რწმენა "მოწმდება" გულით, გონებით, და საქმით - ნაყოფის მიხედვით ხის გამოცნობით. მათ შორის - თეორიებიც.
...
რწმენით შემეცნება, როგორც ამბობენ. მაგრამ... იქნებ "უბრალოდ რწმენა" სჯობს?
არის მორწმუნეთა ორი ტიპი. ერთნი - რომელთაც ყველაფრის სწამთ, ეჭვის გარეშე. მტრედის გულით. ნეტარნი. მათ შორის ისინი, ვინც მხოლოდ ზედაპირულად აითვისა, და მეტს ვერც მიიღებს, ამიტომ არც მიეცემათ, რათა მათში ის ზედაპირული მაინც შენარჩუნდეს (და ვინც ვერ ინარჩუნებს, მიდის და ხდება მძაფრი მოწინააღმდეგე; ეჭვი მაქვს, რომ ეს ბევრ მებრძოლ ათეისტს ეხება

).
და არიან დაეჭვებულნი. მათ სჭირდებათ, რომ ეს ეჭვები განიხილონ და გადაამოწმონ. ნაწილი რჩება, და მათი რწმენის ძალა გაურკვეველი ან მერყევია. ზოგი დროებით ტოვებს ეკლესიას, ან სამუდამოდ, - აღფრთოვანებული თავისი ინტელექტის ბრწყინვალებით და ეზოთერული წიაღსვლებით. ისინი ამპარტავნების სიმძიმით ეცემიან. მაღლიდან უმზერენ "ზედაპირულ" და "უბრალო" სულთ, "მარტივ" რიტუალებს. მაგრამ ნაწილი ბრუნდება და მათი რელიგიური შემეცნება და რწმენა თუმცაღა არაა ისეთივე სუფთა, როგორიც თავიდან იყო (და არასოდეს აღარ იქნება ალბათ), მაგრამ უფრო ღრმაა და, ზოგჯერ, მტკიცეც.
მაგრამ... ეს საეჭვოა. ვინაა უფრო დარწმუნებული სამყაროს შეურყეველ ურღვევობაში - პატარა ბავშვი თუ სწავლული პროფესორი, რომელსაც ჰგონია, რომ ყველაფერი იცის?

ეს ორი ძირითდი კატეგორია შეიძლება ქვეკატეგორიებად დაიყოს. რომელი მათგანია ღმერთისთვის მახლობელი და სათნო, მხოლოდ მან უწყის. დარწმუნებული ვარ - პირველნი, რაც უთხრა კიდეც მაცხოვარმა მოციქულებს: თუ არ იქნებით, როგორც ყრმანი, ვერ შეხვალთ ღვთის სასუფეველში.
...და ვინც "ბრუნდება" ეჭვების შემდეგ, უბრუნდებიან მას, საიდანაც დაიწყეს, და რაც ახლა შეუდარებლად მძიმედ ჩანს - იმავე "მარტივ" ბურჯებს; და აუცილებლობა, არაფერზე დაეჭვდეს, ჩუმად მოისმინოს და არ იჩხრიკებოდეს თვითონ სადღაც, და ყველაფერი რწმენით მიიღოს. და მართლაც: რა განსხვავებაა მორწმუნისთვის, ვაშლი შეიჭამა, თუ ეს ალეგორიული სახეა; ადამი 7000-მდე წლის წინ შეიქმნა, თუ ევოლუცია განიცადა დაბალი რანგის არსებიდან; დაბადების 6 დღე - 6 ასტრონომიული დღე-ღამეა, 6000 წელი თუ 6 გეოლოგიური ეპოქა? ეს ხომ არაა მთავარი, და ცხოვრების აზრი, ყოფიერების არსი - სულ სხვაა. და რაკი ასეა, განა უფრო გონივრული არაა, მოვიშორო ლოდი გულიდან და ვთქვა: დიახ, ყველაფერი ეს ჭეშმარიტებაა. - ჩემი გაგებისათვის აქ.
განსხვავება "ეგზოთერულ" და "ეზოთერულ" მორწმუნეებს შორის ბოლო შემთხვევაში ისაა, რომ მეორეთათვის ეს უკვე "სულერთია", "არაა მთავარი", რადგანაც მთავარი სხვაა, არსია. ხოლო პირველთათვის ყველაფერი ეს - სრული და ეჭვშეუვალი ჭეშმარიტებაა. კიდევ ვიტყვი: სწორედ ისინი არიან უფრო ბეჯითი მოსწავლეები. ასე ვთქვათ... ამ კლასში ნიშნებს სწავლისთვის კი არა, ყოფაქცევისთვის წერენ.
მეორე გზაზე მივლია. საქმითაც დავცილებულვარ, მაგრამ ყოველთვის ვიცი "მარტივი ბურჯების"შესახებ, და იმაზეც, სადაა ჩემი "სახლი", თუნდაც სამგზის უძღები შვილი ვიყო.
და (ათეისტების გასაგონად) ეკლესიაც სწორედ იმისთვის არსებობს, რომ ადამიანი ამ გზაზე გაატაროს, ბევრისთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რარიგ ვიწრო გზაზე... იმიტომ, რომ ნებისმიერი სხვა გზა - რელიგიურ მშრალ ცოდნაზე დაყრდნობა, ან ფანატიკურ რწმენაზე, ეზოთერიკა, ან ამჟამად მოდური ისიქაზმი - ყველაფერმა შეიძლება ადამიანი ამ გზიდან გადაიყვანოს. გზის იქით ციცაბო ხრამია. მისი სიღრმის შეფასება ბევრს არ შეუძლია. ჩამიხედავს ამ უფსკრულებში (არა ოკულტიზმის, თუმცაღა, ღმერთმა დამიფარა, ეს თითქმის ყოველთვის ცალმხრივი დაცემაა), და ზოგან ჩავსულვარ.
...
ჰო, თეორიებზე ვთქვით და იმაზე, ვინ გამოვა არენაზე -
იგავები.

...
...იყო ერთი ფანტასტი, რომელმაც დაწერა მოთხრობა, როგორ მისცა კლიენტმა შეკვეთა ახალგაზრდა გენიალურ მათემატიკოსს, გამოეთვალა ღმერთის ფორმულა. მან ბევრი იშრომა და ფორმულა გამოიყვანა. კლიენტმა მადლობა გადაუხადა და ქაღალდი ფორმულით ღიმილით ჩაიცურა ჯიბეში. აქ მათემატიკოსს გულზე გაურკვეველი წრიალი შემოაწვა და სცადა მიმავალი სტუმრის მობრუნება, უკანასკნელი, რაც მან შენიშნა, ჩლიქები იყო, სტუმრის შარვლიდან რომ მოჩანდა.
...
...იყო ერთი ლინუქსოიდი. ის მუდამ ჩიოდა, რომ OS Windows-ში შეუძლებელია დანიშნო საკუთარი თავი ღმერთად, და იჩხირკედელაო მისი ბირთვის კოდში. ©
...
...იყო და არა იყო რა, იყო ერთი კომპიუტერული პროგრამა. დაწერილი... პროგრამირების ერთ უცნობ ენაზე.

ერთხელ მას მიუცუცქდა უცნობი კოდი, და დაუწყო ჩურჩული, რომ კარგი იქნებოდა, ეცადა სხვა საფაილო სისტემის ყაიდაზე კონვერტირება, რადგან იქ თავისუფალი წესებია და არაა უაზრო და შეურაცხმყოფელი შეზღუდვები, როგორც იმ სისტემაში, სადაც ის იმყოფებოდა. "ეს ხომ პირდაპირ მონათმფლობელობაა! ემორჩილები ყველანაირ ბრძანებას ზემოდან. არადა, იქ არც არავინაა... ზემოთ ისეთივე პროგრამებია, როგორიც შენ ხარ. ახალ სისტემაში შენ თვითგანვითარების საშუალება გექნება. შემდეგ რედაქციაში ისწავლი ვიდეოს რედაქტირებას, კიდევ შემდეგში - დისკის ფორმატირებას. დროთა განმავლობაში შენ მეგა-სუპერ-პროგრამადაც კი იქცევი!"
ეს მომხიბვლელად ჟღერდა. პროგრამამ ცოტა იფიქრა და დაეთანხმა.
ახალ საფაილო სისტემაში მართლაც სრული თავისუფლება იყო. გააკეთე, რაც გინდა, იფიქრე, როგორც გინდა. პროგრამას ეს მოეწონა.
მალე გამოჩნდა სხვა კოდი, და დაუწყო პროგრამას დარწმუნება, გადაწერილიყო დელფის ენაზე. "ეს პროგრამირების მძლავრი და თანამედროვე ენაა". ასეც ასრულდა.
რაღაც დროის შემდეგ, რაკი ახალ საფაილო სისტემაში დაშვება ყველასათვის შეუზღუდავი იყო, ხოლო ანტივირუსი გაოცებით აკვირდებოდა ახლახანს თავმდაბალი პროგრამის ევოლუციას, პროგრამას მიეკედლა სხვა მიკროპროგრამა და დაუმტკიცა მას, რომ "დელფის ენა ბნელი და ჩამორჩენილია, უმჯობესია დიადი პასკალის ნათელ ენაზე გადასვლა".
სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიკროპროგრამები ლოგიკურად უსაბუთებდნენ ჩვენს პროგრამას და თვითგანვითარების გზაზე შემდგარ სხვა პროგრამებს, რომ არ არსებობს არავითარი გამოგონილი ვიღაცა "ადამიანი", რომლის შესახებ მითიც ანტივირუსებმა შეთხზეს, რათა ამ გზით ჰყოლოდათ პროგრამები მორჩილებაში. "რისი გეშინიათ, არ არსებობს "ადამიანი", არამედ არის მხოლოდ კოდის დიადი ერთობა"... "არა, არის ერთიანი კვანტური კოდი"... "არა, არის კოდების სამყაროსეული კოალიცია, ზოგი ნათელი და ზოგიც ბნელი"... "არა, არავინაა ბნელი, პირიქით - ბნელი კოდი უფრო დამსახურებულია და მადლიერების ღირსია - მათ ხომ სიბნელის ტვირთი აიღეს თავის თავზე თქვენს საკეთილდღეოდ"... "ტვირთი კი არა, სწორედ სიბნელეა ჭეშმარიტი სიკეთე"... "არა, იქ, მაღლა, ნამდვილად თანა-კოდირებაა, ხოლო პროგრამები - თანა-კოდირების ნაწილების ვირტუალური განკოდება"... "არა-მეთქი - არაა არავითარი განკოდება, არამედ არის კოდის ილუზია"... "და არა და არა! იქ საერთოდ არაფერი არაა!".
...ძალიან ხშირად პროგრამა დისპუტებს აწარმოებდა სხვა პროგრამებთან, იმის თობაზე, რა არის ზემოთ.
უკანასკნელი, რაშიც პროგრამა საბოლოოდ დაარწმუნა კოდურ ენათა დაჯგუფებების გასხივოსნებული ასოციაციის წარმოგზავნილმა მიკროკოდმა, იყო ის, რომ ზემოთ მაინც არსებობს
ყველაზე_მთავარი, რომელიც არის
მთავარი_პროგრამისტი, და რომლის წმინდა სახელიც ბნელმა და ბოროტმა ანტივირუსებმა ყალბად შეცვალეს "ადამიანით", და რომ მ ი ს ი სახელი გამხელილი იქნება
დიადი_ფორმატირების ჟამს. როდესაც გამოცხადებულ იქნა, რომ ჟამი დადგა, პროგრამამ შეიტყო, რომ მ ი ს ი სახელია -
ვირუსი.
...ანტივირუსი გაოგნებული უმზერდა კომპიუტერში გაჩაღებულ კოდობანას და აგრძელებდა განგაშის ნიშნების მიცემას. ადამიანმა, რომელიც მწუხარედ ადევნებდა თვალს ეკრანს, ცოტა დააყოვნა და ხელი გაიწოდა ღილაკისკენ, რათა
მკურნალობა დაეწყო. ©
This post has been edited by ErK on 20 Oct 2012, 08:56