ზურაბ კიკნაძე – ძველი აღთქმის წუთისოფელი
ია ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს “წიგნებს”, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი, “ძველ აღთქმად” წოდებული, დაწერილია ებრაულ ენაზე და ამ ენით მოგვითხრობს მისი შემქმნელი ხალხის ფიზიკურ და სულიერ თავგადასავალს. ამ წიგნებში გაცხადებული სამყარო ნაწილია ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციისა; გარკვეული აზრით, ის მისი დაგვირგვინებაც არის, როგორც ერთი კერძო კაცობრიული შემოქმედების უმაღლესი გამოხატულება.
იშვიათია კულტურა, რომელიც მოქცეული იყოს ერთ წიგნში და მოწმობდეს საკუთარ თავზე უპირატესად სიტყვიერი შემოქმედების წყალობით. მართალია, არსებობს მატერიალური ძეგლები, რომლებიც, უთუოდ, ავსებენ ჩვენს ცოდნას ამ კულტურის შესახებ, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ ეს მონაპოვარი არსებითს და ახალს ვერაფერს გვეუბნება. არქეოლოგიური ნაშთი, უმეტესწილად, მხოლოდ ადასტურებს იმას, რაც მოთხრობილია წიგნში. სწორედ აქ არის არსებითი განსხვავება ძველი აღმოსავლეთის (შუმერი და აქადი, ფინიკია, ხეთები, ხურიტები, ეგვიპტე…) კულტურებისაგან; ისინი, უპირატესად არქეოლოგიური, შეიძლება ითქვას, ნამარხი და აღმოჩენილი კულტურებია. ბიბლიური სამყარო კი, თამამად ვამბობთ, არასოდეს ყოფილა მიწის მტვრით დაფარული, ბორცვებადქმნილ ნანგრევებში გაუჩინარებული, რომ დალოდებოდა მეცნიერების საუკუნეს და სწავლულთა თუ სიძველეთა მოყვარულთა მეცადინეობით აღმოჩენილიყო და კვლავ ენახა სამზეო ქვეყნები, სადაც, ბიბლიის ერთი წიგნის თანახმად, ახალი არაფერი ხდება. იგი ყოველთვის არსებობდა ცოცხალი და ცხოველმყოფელი სულიერი კულტურის სახით იმ ერის ყოველდღიურ ყოფაში, რომელმაც ის შექმნა, ხოლო ქრისტიანობის წყალობით დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი საფუძველი შეიქნა, რომლის გარეშე დღეს ვერავინ წარმოიდგენს მის სახეს.
თუ ძველი აღმოსავლეთის კულტურების ნაშთები დღესაც განაგრძობს არსებობას, როგორც მხოლოდ “წყალქვეშა დინებით” შემოსული ელემენტები, ბიბლიური წიგნების კულტურა უშუალოდ და ცნობიერად არის ჩართული ქრისტიანული ცივილიზაციის ადამიანის შეგნებაში. თუმცა ამ ფუძემდებლურ წიგნში ძველი ადამიანის მსოფლგანცდა და თავგადასავალია გადმოცემული, ამ მსოფლგანცდას და თავგადასავალს, მის ეთოსს _ მორალურ-ზნეობრივ მრწამსს და სულისკვეთებას ჩვენამდე მოაქვს ზოგადკაცობრიული სული, რომელიც გასაგებია დედამიწის ნებისმიერი კუთხის ადამიანისთვის.
“ბიბლიური” ჩვენში, საზოგადო წარმოდგენაში, ბადებს რაღაც მონუმენტურის, ყოველდღიურობაზე ამაღლებულის ხატს, თუმცა ამ წიგნში მოთხრობილ ამბებს არ შეუძრავს იმდროინდელი მსოფლიო. ბაბილონისა და ეგვიპტის იმპერიათა და მათთან დაკავშირებულ გრანდიოზულ მოვლენათა ფონზე აშკარად იჩრდილება ბიბლიური სამყარო: პალესტინაში მოსახლე ებრაელთა ტომი მათი მეფეებითურთ ამ სახელმწიფოთა ისტორიაში და ომებში მხოლოდ ერთი ეპიზოდია. მათ მიწა-წყალზე თვალს ვერ მოვკრავთ ბაბილონური ზიკურათებისა თუ ეგვიპტური პირამიდების მსგავს არქიტექტურულ საოცრებებს; მის საზღვრებში არ აღმოჩენილა მათი დანატოვარი მონუმენტური ხელოვნების ნიმუშები, არც წერილობითი დოკუმენტების არქივები და ბიბლიოთეკები; მათ ანალებში მოთხრობილი ამბები _ აღწერილი ბრძოლები _ იშვიათად გასცილებია მათი ქვეყნის საზღვრებს. ბიბლიური მონუმენტურობა და დიდებულება ნივთიერში არ არის გაცხადებული, მისი ღირსება და დიდება სხვაგან უნდა ვეძიოთ. ძველი აღთქმის ხალხი თავიანთ თავკაცებს _ მოსე წინასწარმეტყველს და მეფე დავითს _ არ წარმოიდგენდნენ იმგვარად, როგორც ეგვიპტელნი და შუამდინარელნი თავიანთ ფარაონებსა და მეფეებს “სამყაროს ოთხივ კუთხისა”. ბიბლიური კულტურა და, საზოგადოდ, მისეული შეგნება ძალმოსილებისა არ არის მატერიალური ხასიათის. ის, პირველ ყოვლისა, სულიერი მოვლენაა, იგი თავის წმინდა გამოხატულებას სიტყვაში, სიტყვიერ შემოქმედებაში ხედავს.
ჭეშმარიტად, გაოცებას იწვევს, თუ როგორ, რა ძალით მოხდა, რომ უდაბნოდან გამოსულმა ამ მცირერიცხოვანმა ხალხმა, რომელიც თითქმის არაფრით იყო გამორჩეული მონათესავე ხალხებისგან _ მოაბელთაგან, ედომელთაგან, ყამონიანთაგან, _ რომელთა მეზობლად ის სახლობდა მთელი თავისი ისტორიის მანძილზე, არა მხოლოდ გადაირჩინა თავი, როგორც ეროვნულმა მთლიანობამ, არამედ ისტორიულ ქარტეხილებში გამოტარებულმა, ორ “გველეშაპურ” სახელმწიფოს შორის მოქცეულმა, რომელთაგან ხან ერთი _ ეგვიპტე დასავლეთიდან, ხან მეორე _ აშურ-ბაბილონი აღმოსავლეთიდან ემუქრებოდა შთასანთქმელად, საბოლოოდ დაქუცმაცებულმა და გაფანტულმა, შექმნა წიგნი, რომელიც სულ სხვა ეპოქაში, სხვა მოდგმის ხალხში ახალი ცივილიზაციის საფუძვლად დაიდო.
ბიბლია _ ებრაელი ხალხის სულიერი კულტურის ძეგლი და წარსულში მათი არსებობის მოწმობა _ იქმნებოდა ძველი წელთაღრიცხვის თითქმის ათი საუკუნის მანძილზე განსხვავებულ ისტორიულ ვითარებაში, განსხვავებული სულისკვეთებით. მისი ყველაზე სრული კრებული ორმოცდათერთმეტი სხვადასხვა ჟანრის და განსხვავებული მოცულობის (უმცირესი მათ შორის, “ქებათა ქება”, მხოლოდ ასჩვიდმეტ სტრიქონს შეიცავს) წიგნისგან შედგება. ორი რელიგიის _ იუდაიზმისა და ქრისტიანობის _ საღვთო წიგნი, ამავე დროს არის თვითმყოფადი პოეტური ქმნილება, ვრცელი ტილო, სადაც წარმოდგენილია სიტყვიერი შემოქმედების, დღესდღეობით არსებულის, თითქმის ყველა ჟანრი. იგი, შეიძლება ითქვას, თანამედროვე მსოფლიო მწერლობის უძველესი ქრესტომათიაა. აქ შევხვდებით ფოლკლორული წარმოშობის საწესჩვეულებო სიმღერებს, იგავ-არაკებს, შეგონებებს, ფილოსოფიურ ნაკვესებს, მითოსის ფრაგმენტებს, საისტორიო და საყოფაცხოვრებო დოკუმენტურ პროზას, ნოველისტურ ამბებს, გოდებებს, საღვთო საგალობლებს, საგმირო ლექსებს, სატრფიალო ლირიკას, დიპლომატიურ მიმოწერას, ორატორულ სიტყვას, პუბლიცისტიკასაც კი.
აი, ბიბლიური, კერძოდ, “ძველი აღთქმის” წიგნები სახელდებით:
პირველ ხუთ წიგნს სათაურები ებრაულ დედანში დასაწყისი სიტყვების მიხედვით აქვს მიცემული. პირველი _ “დაბადება” (ებრაულად ბერეშით “თავდაპირველად”); მეორე _ “გამოსვლა” (შემოთ “სახელები”); მესამე _ “ლევიანნი” (ვეიკრა “და მოუწოდა”); მეოთხე _ “რიცხვნი” (ბემიდბარ “უდაბნოში”); მეხუთე _ “მეორე რჯული” (ელლე ჰადევარიმ “აჰა სიტყვები”). ეს არის მოსეს ხუთწიგნეული ანუ ხუმაში, სადაც მოთხრობილია ქვეყნის შექმნისა და ადამიანის გაჩენის ამბავი, დედამიწის პირველ მკვიდრთა განფანტვის (განსახლების) და ებრაელი ხალხის ადრეული ისტორია იმ ხანამდე, ვიდრე პალესტინაში, “აღთქმულ ქვეყანაში” დასახლდებოდნენ.
“ხუთწიგნეულს” მოსდევს წიგნი “იესო ნავეს ძისა”, რომელშიც ასახულია ის ხანა, როცა ხალხი ეს-ეს არის მკვიდრდება “აღთქმულ ქვეყანაში” და ინაწილებს მიწას. “მსაჯულთა წიგნი” მოგვითხრობს ახლად დამკვიდრებული თორმეტი ტომის, თითოეულის ცალ-ცალკე და ერთად, ბრძოლებზე ადგილობრივ მოსახლეობასთან და მეზობელ ტომებთან ღვთივდადგენილი წინამძღოლების _ მსაჯულების მეთაურობით. “რუთის” წიგნში მოთხრობილია ერთი ისრაელიანი ოჯახის ძნელბედობაზე და აღორძინებაზე მსაჯულთა ხანაში.
“მეფეთა” ოთხ წიგნში და “ნეშტთა” ორ წიგნში, “პირველ ეზრაში”, “ნეემიაში”, “მეორე ეზრაში”, “ტობითში”, “ივდითში”, “ესთერში”, “მაკაბელთა” ოთხ წიგნში ბიბლია გვიამბობს მეფეთა ღვაწლზე _ მათ დიდებაზე და მათ დაცემაზე, მთელი ერისა და ცალკეული ადამიანების თავგადასავალზე მეფობის გაუქმებამდე, ხალხის პირველ გადასახლებამდე “აღთქმული ქვეყნიდან” ჯერ აშურში, მერე ბაბილონში (ბაბილონის ტყვეობა), ტყვეთა დაბრუნებაზე, თავგანწირულ ბრძოლებზე ქვეყნის მტრებთან.
“იგავნი სოლომონისა”, “სიბრძნე სოლომონისა”, “სიბრძნე ზირაქისა” აცხადებენ ყოფაქცევის სიბრძნეს და მართალი ცხოვრების პრინციპებს.
“ფსალმუნნი” (ებრ. თეჰილიმ ) _ საგალობელნი, ღვთის სადიდებელნი, ლოცვანი ღვთისადმი, ჩვენი ძველების შერქმევით “დავითნი”, რადგან მათი ავტორობა დავით მეფეს მიეწერება.
“ეკლესიასტე” უნიკალურია ბიბლიურ წიგნთა შორის თავისი სკეპტიკური სულისკვეთებით: მეფე (ტრადიცია სოლომონს გულისხმობს) ამაოებად აცხადებს ადამიანურ ცხოვრებას.
“ქებათა ქება სოლომონისა” ერთადერთი ნიმუშია სატრფიალო პოეზიისა.
“იობის წიგნში” მართალი იობი, უსამართლოდ ჩავარდნილი სატანჯველში, ღმერთს იწვევს სამსჯავროზე, აღიარებს და იცავს თავის სიმართლეს.
“წინასწარმეტყველთა წიგნები” დაცემულ-დაძაბუნებული ერის მამხილებელია და სამომავლო აღორძინების იმედის შთამნერგავი შემოქმედებაა. მათ შორის ოთხი დიდნი _ ესაია, იერემია, ეზეკიელი და დანიელი; და თორმეტნი მცირენი _ ოსია, ამოსი და სხვანი.
ეს არის ერთიანი მონუმენტური შენობა, სადაც ყოველ ნაწილს თავისი ადგილი აქვს მიკუთვნებული და ამ ადგილიდან აცხადებს ჭეშმარიტებას. ბიბლია იწყება ქვეყნის, ქვეყნიერების შექმნით და მთავრდება მისი დასასრულის ხილვებით _ “მესამე ეზრა” ანუ ეზრას გამოცხადება აბოლოვებს “ძველ აღთქმას”, როგორც იოანე ღვთისმეტყველის “გამოცხადება”_ “ახალ აღთქმას” და მთელს ბიბლიას. ამ ორ ხილვას შორის მოქცეულია ბიბლიის ამბავთა და პერსონაჟთა ასპარეზი, მათი სამოქმედო სივრცე, როგორც ერთი წუთისოფელი, თავისი ჭირ-ვარამით, სიბრძნით და ჭეშმარიტებით, სიცრუით და გაუტანლობით, უხანობით, საცთურებით, დაცემით და ამაღლებით, ზეგარდმო მეხის ტეხით, ხილვებით, გამოცხადებებით, გლოვითა და ლხინით, ნგრევითა და შენებით, განფანტვითა და შემოკრებით, სასოწარკვეთილებითა და სასოებით.
ბიბლიაში მოთხრობილია უამრავი ამბავი და ეპიზოდი, როგორც მთელი ერის, ისე ცალკეულ პიროვნებათა და მათ საგვარეულოთა თავგადასავალი; მონაწილეობს ასობით პერსონაჟი, რომელთა ბედი მთელი ერის ბედისწერასთან არის გადანასკვული.
ზოგი მათგანი ცნობილია ქართველი კაცისათვის. ვის არ გაუგონია წარღვნას გადარჩენილი ნოეს სახელი, სამოთხიდან გამოდევნის ამბავი კაცთა მოდგმის წინაპართა _ ადამ და ევასი, პირველი მკვლელობა ძმისა ძმის მიერ _ აბელ-კაენის ტრაგიკული ამბავი, აბრაამ მამამთავრის განსაცდელი, იოსების დრამატული თავგადასავალი. ძველ საქართველოში არ იყო მიუწვდომელი ბიბლიური ამბები; მათი ცოდნა, როგორც ერთი მთავარი ელემენტი, შედიოდა ხალხური განათლების სფეროში. როგორც ჩანს, არსებობდა ხალხური ზეპირსიტყვიერი ბიბლია წერილობითი ბიბლიის გვერდით: ხალხში ტრიალებდა ლექსად გადათქმული ამბავი ადამისა და ევასი, აბრამისა, იობისა. ეკლესიის კედლებს შორის ამბიონიდან მოსმენილი ბიბლიური სიუჟეტები ამდიდრებდა ხალხის სულიერ სამყაროს და კვებავდა მის ფანტაზიას.
რაღა უნდა ვთქვათ მწიგნობარზე თუ მწერალზე, რომლისთვისაც ბიბლია ყოველდღიური საკითხავი წიგნი იყო. ბიბლიური ხატები და სიმბოლოები განსაზღვრავს ძველი ქართველი ავტორის მხატვრულ აზროვნებას, ბიბლიური ეთოსი კვებავს მის სულიერებას, ბიბლიური პიროვნებები და მოვლენები ცოცხლობენ მის ხილვებში. მარტვილობათა, ჰაგიოგრაფიის თუ ჰიმნოგრაფიის სინამდვილე დახურული იქნება ჩვენთვის, დღევანდელი ადამიანისთვის, თუ მათი შთამაგონებელი პირველწყარო _ ბიბლია _ არ გადავშალეთ. ქართველი ჰაგიოგრაფის (გიორგი მცირის) სიტყვებში, რომლებითაც ის აღწერს გიორგი მთაწმინდელის გარდაცვალებას _ “…საბრPე შეიმუსრა, ხოლო სირი აღფრინდა, დაუტევა ეგვიპტე, რომელ არს ცხორებაY ესე ნივთიერი, და წიაღ-ვლო არა თუ ზღუაY იგი მეწამული, არამედ შავი ესე და წყუდიადი ზღუაY ამის საწუთროYსაY, შევიდა ქუეყანასა მას აღთქუმისასა, რომელ არს ზეცათა იერუსალემი, მთასა მას ზედა სიბრძნის-მეტყუელებს ღმრთისა თანა, წარიPადა Pამლი სულისაY…”, _ თუ არ ვიცით, რას ნიშნავს “ეგვიპტე”, “მეწამული ზღვა”, “ქვეყანა აღთქმისა”, რას გულისხმობს “ზეცათა იერუსალიმი” ანდა ხამლის გახდა მთაზე ასვლისას ძველი აღთქმის ხალხის ისტორიაში და მის წინასწარმეტყველთა სიმბოლიკაში, სრულიად გაუგებარი იქნება სიღრმე იმ განცდისა (ზეციური სიხარული ადამიანის განსვლის გამო საწუთროდან), რომლის გამოხატვა სურდა ძველ ავტორს.
გააგრძელე კითხვა
http://burusi.wordpress.com/2009/09/26/zurab-kiknadze-2/