liasha
Crazy Member

    
ჯგუფი: Registered
წერილები: 1889
წევრი No.: 115201
რეგისტრ.: 6-May 10
|
#20832940 · 25 Jul 2010, 23:23 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
«არ მიატოვოთ საქართველო, არ განარისხოთ დედა ღვთისა!» გაზიარება 2010 წლის 19 07, ორშაბათი, 5:14-ზე ამ საშინელ დროს გაუსაძლისი იარების დასაყუჩებლად სამთავროს დედათა მონასტერში საოცრად ნაღვაწი გაბრიელ ბერი (ურგებაძე) წამოგვეშველა და მისი ღვთივსულიერი სიტყვა ისე ჩაგვესმა, როგორც თავად ჩაესმოდა ხოლმე უდიდესი განსაცდელისას ღვთის ხმა: - «ნუ გეშინია გაბრიელ, მე შენთანა ვარ...»
ერთ სასულიერო პირს ქვეყანაში არსებული ქაოსის გამო უიმედობა დაუფლებოდა. გაბრიელ ბერთან რომ მისულა, ამ უკანასკნელს შეუხედავს და მკვახედ უთქვამს: - «ეგ როგორ იფიქრე?! განა ცისა და ქვეყნის დედოფალი თავის წილხვედრ ივერიას მიატოვებდაო?»
დარცხვენილ სასულიერო პირს მუხლმოყრილს უთხოვია შენდობა და გამოსტყდომია: - სვეტიცხოვლიდან რომ გამოვდიოდი, ღვთისმშობელს დავუჩოქე და შევჩივლე, - როგორ მიგიტოვებია საქართველო, ამ მიწაზე ერთი წმინდა ბერიც ვერ ვნახე-მეთქი. მამა გაბრიელს კი სიყვარულით უთქვამს: - «ძმაო, მე კი არა, წადი და შენდობა ღვთისმშობელს სთხოვე!» და გულში ჩაუკრავს.
ქვეყნისთვის თავდადების პირველ ნაბიჯად ადამიანის საუფლო გზაზე შედგომას მიიჩნევდა და იტყოდა ხოლმე: -"ზოგი ამბობს, - როდის გაბრწყინდება საქართველოო?.. დალოცვილო, აღსარება თქვი, ეზიარე, ვინ გიშლის ცხონებას?! ფიალა უკვე ავსებულია, მაგრამ ღვთისმშობელი მალე შეიწყალებს ივერიას, ოღონდ ის სულ სხვა სიკეთე იქნებაო...
* * *
გაბრიელ ბერს ქართული მიწის ყოველი გოჯი და მისხალი სტკიოდა, როცა სამშობლოზე დარდი ერეოდა, მომვლელ მონაზონს უხმობდა და სთხოვდა: - დაო, იავნანა იმღერეო...
- ვაი, იმ ბერსა და მონაზონს, იმ ადამიანს, ვისაც თავისი ერის სატკივარი არა სტკივაო, - იტყოდა ხოლმე.
უკანასკნელ ჟამს მომრავლებული სისხლიანი შეტაკებები და ირგვლივ მოზუზუნე ტყვიები გულს უფლეთდა და საკუთარი ცოდვებივით განიცდიდა. სამშობლოსა და სარწმუნოებისათვის თავდადებას უდიდეს ნიჭად თვლიდა, განუყოფელ ცნებებად მიაჩნდა და ამბობდა, - მხოლოდ სამშობლოსა და რწმენისათვის თავგანწირვასა და წამების დათმენას ძალუძს უყოყმანოდ მოგვახვეჭინოს სასუფეველიო.
ძმათამკვლელი ომის დროს სამთავროში შეიარაღებული ჯგუფი შევიდა, ორმოც კაცამდე იქნებოდნენ... გაბრიელ ბერმა ისინი სიყვარულით მიიღო, იარაღი ააყრევინა, ტაძარში შეიყვანა, მუხლმოყრით «მამაო ჩვენო» ათქმევინა, ჯვრები აჩუქა და ამბიონიდანაც უქადაგა, შემდეგ კი ჰკითხა: - საით გაგიწევიათო?
- ომახიანად უპასუხეს, - ზუგდიდში მივდივართ საომრადო...
- მერედა, ვის უნდა ესროლოთ, იქაც ხომ ქართველები არიან, იმათ უნდა ესროლოთო?! ხელები ასწია და დაიყვირა: - მე ვარ საქართველო, მე მესროლეთო! მერე აიღო კვერთხი და შეუძახა: - ამით დაგიმტვრევთ თავებს, თქვენ ქუდები კი არა, ლეჩაქები უნდა გეხუროთო!
მეომრები" ისე გაცვივდნენ, იარაღის წაღებაც კი დაავიწყდათ, გაბრიელ ბერს კი თვალთაგან ცრემლი წამოსცვივდა, დიდხანს ტიროდა და ბუბუნებდა: - ქართველ ერს ეგ სისხლი ძალიან დიდხანს გაჰყვება, ძალიან დიდხანს ვერ მოვინელებთ იმას, რაც ჩავიდინეთ... ეს იქნება ძალიან დიდი გლოვის ხანა საქართველოსთვისო...
* * *
სანამ ბაგრატოვანი მეფე არ დაბრუნდება, საქართველოს არაფერი ეშველება... ახლა პატრიარქის ჯვარი დამძიმდა, რადგან საკუთარი და მეფის კუთვნილი ჯვრის ტვირთვაც თავად უწევს... ლაზარე ყარდა და საქართველოც დაიშლება, მაგრამ უფალმა ლაზარე რომ აღადგინა, რომელიმე ნეკნი აკლდა? საქართველოც ასევე აღდგება ნიკოფსიითგან დარუბანდამდეო.
როდესაც მავანმა პატრიარქი განიკითხა, განრისხებულმა Gგაბრიელ ბერმა ასე უპასუხა: - როგორ ბედავ?! შეხედე ჩემს მუხლებს, ხომ ხედავ, როგორ მაქვს გადაყვლეფილი დღედაღამ მასზე ლოცვით?! ამას რომ ამბობ, გაქვს კი მისი სიყვარული? მე მაქვს უფლება და თუ საჭიროა, თავადვე ვეტყვიო.
* * *
დედა პარასკევას ერთხელ უკითხავს: რა უცნაურია, შენთან მოსული ადამიანები სრულიად იცვლებიან, რატომ ხდება ასეო?
ბერს უპასუხია: «უფალმა მომცა, შვილო, იმის უნარი, რაც ადამიანის გონებაში ცუდია, ის გამოვიტანო და რაც სასუფევლისათვის არის საჭირო, ის შევიტანო. როგორ შეიძლება, აქ მოსულს ვუთხრა, ესა და ეს დაგემართება, ან ესა და ეს ვიცი შენ შესახებ? ღვთისგან ვიცი, ვის რა მოელის, მაგრამ ვუთხრა? იქნებ ვერ გაუძლოს და დაიღუპოს? შემიძლია, კაცს ვუთხრა: - შვილო, განსაცდელი გელოდება, გავაფრთხილო, გავაძლიერო. იმის ძალაც მომცა ღმერთმა, რომ განსაცდელიდან გამოვიყვანო ადამიანი. რატომ არ შეიძლება, მორწმუნეს ჰქონდეს ღვთისაგან მომადლებული წინასწარხედვის ნიჭი, მაგრამ თქმასაც ხომ აქვს მნიშვნელობა?
სიწმინდეში მყოფნი, როდესაც ცოდვილი აზრი მოუვიდოდათ, მყისვე შეებრძოლებოდნენ და განაგდებდნენ. პავლე მოციქული ოცდამეათე საფეხურზე იყო, მისი წმინდა გონება, როცა ბრძოლა მიემთხვეოდა, ბოროტ აზრებს ისხლეტდა და არ იღებდა; იოანე ღვთისმეტყველმა თავისი ღვაწლით მიაღწია, რომ ვერ ეკარებოდნენ. ღვთისმშობელს კი საერთოდ არ გაუვლია ცუდი აზრიო.»
* * *
მამა გაბრიელს განსაკუთრებული სიმდაბლისა და სიყვარულისათვის უფალმა დიდი მადლი უბოძა. თურმე ცრემლიანი თვალებით იტყოდა ხოლმე: - «ეს ჯვარი მე თქვენამდე სულ სისხლით ვატარე. ნეტავ ცოტათი მაინც გამიგოთ, ნეტავ, ცოტათი მაინც გესმოდეთ ჩემი... ადამიანთა სიყვარულმა შიო მღვიმელი თორმეტმეტრიან ჭაში ჩაიყვანა და იქ მოღვაწეობდა თხუთმეტი წელიწადი. განა ეს ადვილი იქნებოდაო?»
თურმე, გული ძალზე სწყდებოდა, ქართველები სასწავლებლად ან სამუშაოდ უცხო ქვეყნებში რომ მიდიოდნენ და იტყოდა ხოლმე: - «ეს განსაცდელი მათთვისაა დაშვებული, ისინი კი ამას გაურბიან. სამშობლოდან ქართველის გაქცევა ღვთისმშობელს ძალიან სწყინს. არ მიატოვოთ საქართველო, არ განგირისხდეთ დედა ღვთისმშობელი! ადამიანი სადაც დაიბადება, იქ გადმოდის მასზე კურთხევა.»
* * *
ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი გამორჩეულად უყვარდა და მის წინაშე საათობით ლოცვად დადგებოდა ხოლმე. თურმე ხშირად ეკითხებოდნენ:
«- მამა გაბრიელ, რატომ არ იქადაგა ღვთისმშობელმა საქართველოში, წილი რომ მოუვიდა?
- ის ხომ დედოფალია ცისა და ქვეყნისა და უფალს არ უნდოდა, მის დედას კარდაკარ ევლო.
- რატომ იღებს ბოროტი მაცხოვრის სახეს, ჯვარცმისა და ღვთისმშობლის სახეს კი ვერა?
- უფალმა თავი დაიმდაბლა და ჰნერწყვიდნენ, მაგრამ არავის მისცემს უფალი იმის ნებას, რომ ვინმე მის დედას მიემსგავსოს.»
* * *
«ერთხელ კუნკულ ბარტყულში შევიმოსე, მანტია მოვისხი და სინაგოგაში წავედი. შესასვლელში მოსეს დიდი სურათი ეკიდა, ვემთხვიე და იქ მყოფთ მოეწონათ. მოსე დიდი წინასწარმეტყველი იყო, თავისი პატივი მივაგე. შევედი, სადაც თორას კითხულობდნენ. ცოტანი იყვნენ და გაოცებით მომაჩერდნენ. მე სახარების ქადაგება დავიწყე. ქრისტე რომ ვახსენე, თავიანთ უფროსს დაუძახეს. გამოვიდა, მაგრამ სიტყვა არ გამაწყვეტინა. თავის კაბინეტში მიმიწვია. ყურადღებითა და ინტერესით მისმენდა, რასაც ქრისტეზე ვქადაგებდი. ბოლოს დიდი მადლობა გადამიხადა და დავშორდით ერთმანეთს.
მეჩეთში შევედი. ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. ასე შემოსილი რომ მიხილეს, ფეხზე წამოდგნენ, თავისთან პატივით მიმიწვიეს. მეც მივედი, სიყვარულზე ვიქადაგე და ერთმანეთს ტკბილად დავშორდით.
ბაპტისტებთანაც ვიყავი, მაგრამ არ მიმიღეს, ჩემს დანახვაზე გაღიზიანდნენ, თავიანთ მინისტრს დაუძახეს და გამომაგდეს.»
* * *
გაბრიელ ბერისათვის მრევლს ქართველი ერის აღორძინება-გამრავლებისათვის პარაკლისის გადახდა უთხოვია, მანაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელზე აღავლინა პარაკლისი წმინდა სამების სახელობის ტაძარში, რის შემდეგაც საშინელი გამოცხადება ჰქონდა:
«- ორნი მოვიდნენ, ძველი მეომრებივით ეცვათ. ერთმანეთს ჩემზე მიუთითეს, - აი, ეს არისო. აქეთ-იქიდან ამომიდგნენ და სადღაც წამიყვანეს. ძლივს გავარჩიე, თეთრი შენობა იყო, ოღონდ ჯვარი არ ჰქონდა. სადღაც, ბნელ ოთახში შემიყვანეს, კარი მომიკეტეს და დამტოვეს. თვალი რომ კარგად შევაჩვიე, დავინახე ქვის იატაკზე მოფენილი, თითის სიგრძე, მკვდარი, გასისხლიანებული ბავშვები... იქაურობა სისხლით იყო მოსვრილი. ფეხი რომ არაფრისათვის დამედგა, მივიწიე და ფეხის წვერებზე შევდექი. ამ დროს კარი გაიღო და ხმა გაისმა: «მობრძანდება! მობრძანდება!» მე გამიკვირდა: ვინ მობრძანდება? ალბათ, ამათი უფროსია, ვთხოვ და იქნებ გამიშვას-მეთქი. ისევ ის ორნი შემოვიდნენ, ისინი, ვინც აქ მომიყვანეს, შესასვლელსა და გასასვლელში ჩადგნენ და აღარ მიშვებდნენ. კედელს ავეკარი. ავიხედე და დავინახე ანგელოსებითა და წმინდანებით გარშემორტყმული ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მობრძანდა. თეთრი სამოსელი ეცვა. მაშინვე ვიცანი. «აი, ეს არის, გამრავლებას რომ ითხოვდაო» - და იმ ორმა ჩემზე მიუთითა. ღვთისმშობელმა მკაცრად შემომხედა, იატაკზე სისხლით მოსვრილ ბავშვებზე მიმითითა და მითხრა: «ამისთვის მეხვეწები? ასე გამრავლდება საქართველო?»
გატრიალდა და წავიდა. იმ ორმა წამომიყვანა და ჩემს კელიაში დამაბრუნა.»
ეს ჩვენება მამა გაბრიელმა მეორე დღესვე მოუთხრო მათ, ვინც პარაკლისს ესწრებოდა, შემდეგ კი ყველა ქალს, დიდსა თუ პატარას, შესთხოვდა და ევედრებოდა: «დედებო, აბორტს ნუ გაიკეთებთ, საქართველო დაღუპვას გადაარჩინეთო.»
ბერი არავის შეიწყნარებდა, თუ ის წმინდა სამოციქულო ეკლესიასა და მის პატრიარქს უპატიოდ შეეხებოდა, ამბობდა: - განხეთქილება მწვალებლობის ტოლფასია, ვინც პატრიარქს განუდგება, სექტაა! ვინც პატრიარქს ფიზიკურად უწესოდ შეეხება, მეფეთა კანონით, ადგილზევე უნდა მოიკლასო.
|