pailia
Junior Member

 
ჯგუფი: Registered
წერილები: 15
წევრი No.: 133064
რეგისტრ.: 28-June 11
|
#36141640 · 23 Apr 2013, 15:28 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ერთობასა სარწმუნოებისასა ანუ არის თუ არა პრობლემები საქართველოს ეკლესიაში
ამ ბოლო დროს გავრცელებულმა სჯა-ბაასმა ID ბარათებთან დაკავშირებით, რაც უკვე დიდი ხანია გრძელდება და ვგონებ, უკვე კულმინაციასაც კი მიაღწია, ცოტა არ იყოს შეაშფოთა საზოგადოება. მაგრამ სიტყვა „კულმინაცია“ პირობითად ვახსენე. უფრო სწორად, კულმინაციას მაშინ მიაღწევს, ჩვენი ხანდაზმული და ღვაწლმოსილი პატრიარქის ადგილისათვის რომ წავა დანა-ჩანგლით ბრძოლა. თუმცა ეს ბრძოლა უკვე დაწყებულია. ღმერთმა დიდხანს გვიცოცხლოს ჩვენი პატრიარქი ილია მეორე. დავიწყებ იქედან, რომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდმა 2012 წლის 5 ივლისს განაჩინა ID ბარათების შესახებ: „სადღეისოდ წარმოდგენილი ID ბარათის ვერსია საღვთისმეტყველო და საეკლესიო სწავლების მიხედვით, არ არის ანტიქრისტეს ბეჭედი და აქედან გამომდინარე, ამ ბარათით სარგებლობა შესაძლებელია“. ამავე წლის მაისში გამოიცა არქიმანდრიტ იერომიელის (ფილიშვილი) წიგნი ID ბარათებთან დაკავშირებით, სადაც პოპულარული ენით, ღვთისმეტყველებაში გაურკვეველი ერისკაცისთვისაც გასაგებად და არგუმენტირებულად ახსნილია ყველაფერი ID ბარათებთან დაკავშირებით. სამწუხაროდ ეს წიგნი ბლოკირებული იქნა მავანთაგან და წიგნის საწყობების ტყვეობაში იმყოფებოდა. თუმცა სხვა წიგნები თავისუფლად აღწევდა მაღაზიების დახლებამდე. ამჟამად გაყიდვაშია თბილისის სამების საკათედრო ტაძარში. არა და არქიმანდრიტ იერომიელის წიგნმა მაღალ იერარქთა, სამღვდელოთა და ერისკაცთა მოწონება დაიმსახურა და მისი შინაარსი სრულ თანხვედრაშია სინოდის 2012 წლის 5 ივლისის განჩინებასთან. სინოდის ამ სხდომიდან ნახევარი საათიც არ არის გასული და მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) გამოდის ტელევიზიით და აცხადებს, რომ სინოდის სხდომაზე აზრი ორად გაიყო ID ბარათებთან დაკავშირებით. უფრო მეტსაც გეტყვით, მიუხედავად სინოდის განჩინებისა, მეუფე თავის ქადაგებებში კვალად აგრძელებს თავისი პირადი აზრის გავრცელებას და მრევლის სინოდისა და პატრიარქის საწინააღმდეგოდ განწყობას. ამგვარი ქადაგებები მრავლადაა ინტერნეტსივრცეში სხვადასხვა ვიდეო-პორტალებზე. განგვიმარტოს პატივცემულმა მეუფემ, ან წერილობით ან ტელევიზიით, რას ნიშნავს „სინოდში აზრი ორად, სამად თუ მეტად გაიყო“, მას შემდეგ რაც სინოდმა დადგენილება მიიღო. სინოდის სხდომაზე აზრი შეიძლება სხვადასხვა იყოს, მაგრამ განჩინება ამა თუ იმ საკითხზე ერთია. ამგვარი განცხადების გაკეთება ნიშნავს თუ არა განხეთქილების შეტანას სინოდსა და ერში, თავად განსაჯეთ. სინოდის განჩინება ერთი რომელიმე ეპისკოპოსის პირად აზრს არანაირად არ ექვემდებარება. სინოდი გადაწყვეტილებას ან ღებულობს ან არ ღებულობს. ასეთი განცხადების გამკეთებელი მღვდელმთავარი, სჯულის კანონის მიხედვით, დაბარებული უნდა იქნას სასაუბროდ, სულ მცირე, სამი ეპისკოპოსის მიერ და თუ საჭირო გახდა წმიდა სინოდზეც და გარკვეულ უნდა იქნას საკითხი, არის თუ არა მცდელობა განხეთქილებისა. ყველანაირი გადახვევა და ორაზროვნება იმისაგან რაც დედა ეკლესიამ დაგვიდგინა ჭეშმარიტების კრიტერიუმების სახით, სხვა არაფერია თუ არა დოგმატური ცდომილება. განცხადება სინოდის განჩინების ორაზროვნებაზე საკუთარი აზრის გმობითა და საჯარო სინანულით უნდა იყოს განმტკიცებული მეუფე იობის მიერ. მეუფე იობმა, სამწუხაროდ, რაღაც პრივატული, ალტერნატიულ-ახლართულ-დახლართული ეკლესიის მოდელის შექმნის მცდელობაც კი განახორციელა, რაც გამოიხატება საღვთისმსახურო წიგნების, კერძოდ კონდაკის თავისი შეხედულებისამებრ ჩასწორებით, იმ დროს, როცა მთელს საქართველოს საპატრიარქოში ყველა მღვდელს და დიაკვანს გვაქვს ერთნაირი კონდაკები იდენტური ტექსტით. მეუფე იობი გამოირჩევა ადეკვტურობას მოკლებული, ინფანტილური ნოვაციებისაკენ ლტოლვით, რაც მის მიერ ინიცირებულ საქმიანობაში ჩანს. გამეცით პასუხი, რატომ უნდა ტარდებოდეს ლიტურგია რუის-ურბნისის ეპარქიაში განსხვავებული ტექსტით? მეუფე იობის მიერ ჩასწორებული კონდაკების ტირაჟირება ინტენსიური სიშლეგით დაიწყო და გავრცელდა საქართველოს საპატრიარქოს მთელს კანონიკურ ტერიტორიაზე. თუ მკითხველი თვლის, რომ საჭიროა მაგალითები მოვიყვანო, არც არგუმენტების უკმარისობას განვიცდით მე და ჩემი თანამოაზრენი. მაგალითად, შეცვლილია ასამაღლებლების ტექსტი, ეს კი 2000 წლის განმავლობაში არც ერთ მწვალებლურ ეკლესიასაც კი არ უკადრია ტრადიციების პატივისცემის გამო, მაგრამ ისინი სხვა საღვთისმეტყველო უკიდურესობათა ცდომილებებში ჩავარდნენ. ასევე თხოვნით კვერექსში საღვთისმეტყველოდ გაუმართავად და ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გრამატიკული შეცდომებით, ჩართულია „უფლისა მიმართ ვითხოვოთ“-ის მაგივრად „უფლისა მიერ ვითხოვოთ“. განვსაჯოთ; კვერექსი არის უფლისა მიმართ აღვლენილი ლოცვა, რომელიც სრულდება ჩვენ ცოდვილ ბაგეთა მიერ. ახლა გრამატიკულად განვიხილოთ სიტყვები „მიმართ თხოვნა“ და „მიერ თხოვნა“. ქართული ენის გრამატიკა მაინც არ უსწავლიათ სკოლაში? არა და დამაფიქრებელია ესოდენ „დიდი მოღვაწის“ - მიტროპოლიტ იობის სწავლა-განათლებისა და ქართული ენის გრამატიკის ცოდნის საკითხი. სულიერებაზე აღარაფერს ვამბობ. თქვე დალოცვილებო, პატრიარქმა რომელი კონდაკებითაც მოგვცა მსახურების ლოცვა-კურთხევა, განა ეს საკმარისი არ არის? იქნებ ვიღაცას აზრად სკუფიების მაგივრად სომბრეროებით სიარული მოუვიდეს. ორიგინალობისა და გამორჩეულობის გამო სომბრეროებით ვიაროთ? ზემოთ ხსენებული ქმედება საღვთისმეტყველო და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სინოდის დადგენილებებთან ქართული ეკლესიის ტრადიციების ზედმიწევნით შესრულების შესახებ, რამეთუ ქართული ეკლესიის ტრადიცია ფრიად კეთილ და ტკბილ არს (იხილეთ საქართველოს წმიდა სინოდის განჩინება ზემოთ ხსენებულ საკითხებთან დაკავშირბით). ვისაც ეს არ დააკმაყოფილებს, შემიძლია არგუმენტირებული პასუხები გავცე შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებებიდან. მეუფე იობმა ჯერ იყო და ბათუმის ეპისკოპოსობის დროს კინაღამ აჭარა აფხაზეთად გვიქცია. მადლობა უფალს, რომ უწმიდესმა უზუსტესი გადაწყვეტილება მიიღო და ბათუმის ეპარქიის მღვდელმთავრად მეუფე დიმიტრი დანიშნა, თორემ აჭარა დღეს აფხაზეთივით დაკარგული გვექნებოდა. ვინმე ვარდოშვილმა ეკლესიის სახელით ვითომცდა ეკლესიისათვის შეისყიდა 150 ჰექტარამდე მიწა კონფლიქტის ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სოფ. არცევთან, რაც შემდეგ გასხვისებული იქნა უცხოელებზე. აღსანიშნავია, რომ საქმის კურსში მიტროპოლიტი იობი იყო და თანამონაწილეობდა ამ გარიგებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით თუ ვინმე თავის მართლებას დაიწყებს, კარგად უნდა იცოდეს, რომ ამგვარი ქმედება ეროვნულ, ზნეობრივ და საეკლესიო პასუხისმგებლობას ექვემდებარება. სინოდში აზრი ორად გაიყო - სადღაა ერთობა? მოკლედ, სინოდმა რაც განაჩინა, იქ ორად არაფერი იყოფა. იყავით ერთ, ვითარცა მე და მამაი ჩემი ერთ ვართ, ამბობს უფალი. წმიდა სინოდმა მიიღო დადგენილება, რომ სასულიერო პირი (დიაკონი, მღვდელი, ეპისკოპოსი) არ ჩაერიოს წინასაარჩევნო კამპანიაში და საერთოდ პოლიტიკაში. ამ დროს პარალელურად მავანნი სასულიერო პირთაგანნი აფრიალებდნენ წინასაარჩევნო დროშებს საკუთარი ავაზაკი შვილების ამნისტიის მოლოდინში. პავლე მოციქული გვასწავლის, ყველა მთავრობა ღვთისგანაა და ჩვენ, როგორც სასულიერო პირებს და მართლმადიდებლებს, დედაეკლესიის წევრებს, გვევალება ლოცვებში მოვიხსენიოთ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მთავრობას და მხედრობას პირადი სიმპატიის გამო კი არ ვიხსენიებთ, არამედ როგორც მთავრობას, რათა კეთილი ეყოს ეკლესიას და კეთილმსახურებით ვცხოვრობდეთ. მავანი ამბობს, რომ ამა თუ იმ პოლიტიკური პარტიის წევრებმა უნდა შეინანონ, რომ ამ პარტიის წევრები იყვნენ წარსულში და კიდევ აკეთებს სხვადასხვა პოლიტიკურ განცხადებებს ამბიონიდან. მხედველობაში მყავს მეუფე იაკობი, რომელიც მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკეზე, ლიტურგიის შემდეგ ფარისევლის ამპლუაში გვევლინება ქადაგების ჟამს (მოისმინეთ მისი ქადაგება ინტერნეტით). რაღაც პათეტიკური ტონით „თუ საჭიროა თავდადებაზეც“ საუბრობს ქართველი ერისათვის. სად დაუდია თავი, საინტერესოა, გაგვაგებინოს?! სად იყო თვითონ სოხუმის დაცემის დროს, ან ცხინვალის დაცემის დროს? გაგვცეს ერთი პასუხი, რატომ არ დაუდგა როგორც ქრისტეში ძმას პირადად ჩემთვის დიდად პატივცემულ მიტროპოლიტ ესაიას, რომელსაც ერთი წამითაც არ დაუტოვებია თავისი ეპარქია სისხლისღვრის ჟამს. მეუფე ესაიას ქმედებაა ზუსტად საკუთარი მოყვასისათვის თავდადება. ძველი ეპისკოპოსები არიან ზუსტად „ნათელნი ამა სოფლისანი“, რომლებმაც გამოიარეს მთელი ქარცეცხლი ეკლესიის ძნელბედობის ჟამს მისი უწმიდესობის, ჩვენთვის საყვარელი პატრიარქის ილია მეორის მეთაურობით და ისინი არიან მაგალითნი ზუსტად ეკლესიისა და მრევლისათვის სისხლისა და ოფლის გაღებისა. ისინი არიან მაგალითნი სულიერებისა და ზუსტად მათთან კონტრასტში ჩანან ეს პოლიტიკური ამბიციებითა და უქმადმეტყველებით აღსავსე მღვდელმთავრები. ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე სახალხოდ აცხადებს, რომ ვითომცდა ეკლესიაში პრობლემები არ არსებობს, რაც სრული სიცრუეა. როგორ არ არსებობს? თვითონვე არიან ეკლესიისათვის პრობლემები აფხაზეთში გაურკვეველი, არაფრისმაქნისი ვიზიტებითა და სეპარატისტული აფხაზეთის (რომელიც პუტინისა და ჩავესის გარდა მსოფლიოში არავინ არ აღიარა სუვერენულ რესპუბლიკად) დროშის აღმართვებით ქართულ მყინვარწვერზე, რომელიც მისი უწმიდესობის მშობლიურ კარმიდამოს გადმოჰყურებს თავზე, რაც საერო კანონითაც დასჯადი ქმედებაა. მამაჩემი ფილოლოგი კაცი იყო, ღმერთმა აცხონოს და ხშირად მეტყოდა ხოლმე: „ქართველმა კაცმა გამართული ქართული მეტყველება და წერა უნდა იცოდეს, რათა მართლმადიდებლობა სწორად იქადაგოსო. მართლმადიდებლობას თავი რომ დავანებოთ, მშობლიურ ენაზე ვერბალურად სწორად აზრის გაცვლა-გამოცვლის უნარი უნდა ჰქონდესო“. მეუფე სერაფიმე, თქვენი ხარისხისადმი უღრმესი პატივისცემით, ბოლოს და ბოლოს, ვერ უნდა მიხვდეთ, რომ თქვენი საქმე არ არის რიტორიკა და მჭერმეტყველება? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას. ეპისკოპოსობა არ არის იმუნიტეტი. დედაეკლესიის კანონი დედაეკლესიის კანონია. დაიწერა „ვეფხისტყაოსნის წმიდა გიორგის ხატი“. წყნეთში მღვდლები თავისი მრევლითურთ გაჭირვებული, საწყალი, ავადმყოფი ხალხის, მაპატიეთ და ტრუსიკ-მაიკითა და სურათებით დადიან დედა ანასთან შესალოცად და გამოსალოცად. ბორჯომის ეპარქიის სამღვდელოების სასასთუმლო გაზეთად „ასავალ-დასავალი“ იქცა, რა თქმა უნდა, ზოგიერთების გამოკლებით. მეუფე სერაფიმე, მიპასუხეთ, განა ეს პრობლემა არ არის ეკლესიაში? მე, უბადრუკი და თავად ყველაზე ცოდვილი ბერი, იესოს ლოცვასავით ვიმეორებ ჭეშმარიტების კრიტერიუმებს. „ნაჩალნიკებო“ არ დაგავიწყდეთ რა აღთქმა დადეთ არწივზე შედგომის დროს და ის, რომ ამ არწივს როგორც სიმბოლური, ასევე მისტიკური დატვირთვა აქვს. სხვის ცხოვრებას მხოლოდ პერსონალური ავტომობილების დაბურული შუშებიდან ნუ უყურებთ. ვერ მოვუარეთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ხუროთმოძღვრების მარგალიტებს. ქმნიან პრობლემებს, დარბიან გაურკვეველი მიმართულებებით, აწყობენ რაღაც მიტინგისმაგვარ თავყრილობებს და სიტყვისგებაზე რომ მიდგება საქმე, „კურდღელმა თქვა ჩირგვში ვზივარო“ პოზიცია უჭირავთ. თურქეთის რესპუბლიკამ ოფიციალურად და ნოტარიალურად საერთოდ არ ცნო თურქეთის ტერიტორიაზე მდებარე ქართული ძეგლები ქართულად და ჩვენად. კუთხეში მიყენებული პოლიტიკური ამბიციებით პირთამდე სავსე ზოგიერთი მღვდლის ასეთი სახის მუქარებსაც მოვკარი ყური, მავანთა და მავანთა აღსარებებს გავთქვამო (იხილეთ ინტერნეტში იუთუბზე). ამგვარი საქციელისათვის მღვდელი დაყენებული უნდა იქნას მღვდელმსახურებიდან და მმართველი მღვდელმთავარი, რომელიც ამ ფაქტზე თვალს დახუჭავს, თავად უნდა იქნას დაყენებული მღვდელმსახურებიდან. ჭეშმარიტების კრიტერიუმებს დავუბრუნდეთ. ძალიან არ მინდა რომ შეგახსენოთ, მაგრამ საუბედუროდ მიწევს ამის გაკეთება. ჭეშმარიტების კრიტერიუმებს წარმოადგენს: წმიდა წერილი, წმიდა ზეპირი გარდამოცემა, შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები, მათ შორის ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებები, წმიდა მამათა განმარტებანი წმიდა წერილისა, წმიდა მამათა სწავლებანი და შეგონებანი და ყველა ის საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც დღემდე გამოიყენება დედაეკლესიაში. დედაეკლესიის თავი კი ქრისტეა. ჩვენ კი მხოლოდ ის გვევალება, რომ მართლმადიდებლობა ზედმიწევნით დავიცვათ იმ სახით, რა სახითაც მან ჩვენამდე მოაღწია. სად არის ერთობა? მაპოვნინეთ. გამაგებინეთ რა ხდება ჩვენს თავს? მინდა რომ მოგმართოთ - „ქრისტეში საყვარელნო“. მომეცით ამის საშუალება, რომ ასე მოგმართოთ. მეტი სადღა უნდა შევიკრიბოთ? სინოდმა განაჩინა, მორჩა და დამთავრდა. თუ არა და დავაყენოთ საკითხი: ჩატარდეს ღია სინოდის კრება. აი პრობლემები! გვეყოფა სირაქლემას პოზაში ყოფნა. ამ წერილის წაკითხვის შემდეგ კიდევ ვინმე იტყვის, რომ ეკლესიაში პრობლემები არ არისო? იქით ბერძნული გალობებიო, აქეთ „ვეფხისტყაოსნის წმიდა გიორგის ხატებიო“, ცოტა ზემოთ კი, წყნეთისკენ, თეთრეულების შელოცვა-გამოლოცვებიო. მავანი იტყვის, რა ჯანდაბა დაგეტაკა მამაო, რა ყველას განკითხვაში ხარო?! კაცო, მე კი ვიქნები ჩემთვის, მაგრამ საერთო საქმეს რა ეშველება??? P.S.: მე კი მთელი ჩემი არსებით გულსატკენი ფაქტების წინაშე აღმოვჩნდი და ყველაფერი, რაც ზემოთ დავწერე ჩემი ისედაც შერყეული ჯანმრთელობის ფასადაც დამიჯდა. ერთობასა სარწმუნოებისასა და ზიარებასა სულისა წმიდისა გისურვებთ და გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. მღვდელმონაზონი ილია (ვაშაკიძე). * * * თანამედროვე ქართული კვეთებულომანია 1. კვეთებულის ისტორიული ექსკურსი; 2. ტექსტოლოგიური შემოსვლა კვეთებულის ლოცვისა კურთხევანში; 3. თანამედროვე პრობლემატიკა კვეთებულების კითხვისა.
იმდენად, რამდენადაც დღეს ჩვენს ეპოქაში ფრიად აქტუალური გახდა კვეთებულებზე სიარული, იმდენად აქტუალურიც, რომ „ეკლესიური ცხოვრების“ წესადაც კი იქცა მავანთათვის, უპრიანად მიმაჩნია ამ თემაზე საუბარი. კვეთებულების ლოცვების მოკლე ისტორიული ექსკურსი რომ გავაკეთოთ, საკმარისია სახარებისეული მაგალითები მოვიყვანოთ თავად მაცხოვრისა და მოციქულების ქმედებებისა - უდაბნოში მაცხოვრის ლოცვისა და მარხვის მაგალითი და თავად განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს ადამიანური ბუნების გამოსაცდელად მოვლენილი ბოროტი და გავიხსენოთ, თუ რა სიტყვებით განიშორებს მაცხოვარი ბოროტს: „განვედ მართლუკუნ ჩემგან, სატანა, არა გამოსცადო უფალი ღმერთი შენი“ (მათეს სახარება). სახარებაში უამრავი მაგალითია შეფუცების და ბოროტის განსხმისა, რის ჩამოთვლასაც ახლა არ დავიწყებ. ზემოთ ხსენებული მაგალითიდან გამომდინარე, სატანა შეეცადა განკაცებული ღმერთის, იესო ქრისტეს ცდუნებას. პირველქრისტიანულ ქარიზმატულ ეპოქაშიც კი იშვიათად თუ ვინმეს ეძლეოდა ბოროტთან შეჭიდების ანუ შეფუცების ნიჭი. თანამედროვე კურთხევანში შემოსულია კვეთებულის ტექსტი, რომელიც წარმოშობით მოლდაველმა, უკრაინაში მოღვაწე მიტროპოლიტმა პეტრე მოგილამ მე-17 საუკუნეში გადმოთარგმნა და შემოიტანა კათოლიკური „ბენედიციონალედან“ ანუ კათოლიკური კურთხევანიდან რუსულ „ტრებნიკში“ ანუ რუსულ კურთხევანში, რის შემდეგაც იგი ქართულ კურთხევანშიც მოხვდა. მაგრამ მანამდე, ვიდრე კვეთებულის ტექსტი შემოვიდოდა კურთხევანში, ბოროტის შერისხვის ლოცვები გვხვდება წმინდა ნათლისღების საიდუმლოს ტექსტში შეფუცების ლოცვების სახით. ამის შესახებ ნათლად მოწმობს წმინდა ეპისკოპოს ეგნატე (ბრიანჩანინოვის) სიტყვები: „შეფუცების ლოცვა ყველაზეა უკვე წაკითხული, რომელთაც წმინდა ნათლობის საიდუმლო მიიღეს“. დღეს კი, უხეშად რომ ვთქვათ, ვისაც კი არ ეზარება, ყველა კვეთებულის მკითხველი გახდა. სამწუხაროდ, ვაწყდებით ფაქტებს, აქ, ჩვენთან, საქართველოში, დედაკაცებიც კი კადნიერდებიან ხელი მიჰყონ ამგვარ არც თუ ისე ანგარებას მოუკლებელ ქმედებას, რომლებთანაც დილაადრიანად ასული ხალხის რიგსაც კი წააწყდებით და რომლებიც იმასაც კი არ ერიდებიან, რომ გამოაცხადონ, ვითომცდა ჩვენი მხცოვანი პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოქმედებენ. კათოლიკურმა ეკლესიამ, ჩვენგან განსხვავებით, მკაცრად დააყენა ეგზორციზმის საკითხი. არის სპეციალური კურსები, სადაც ეპისკოპოსების შერჩევით ხდება ეგზორცისტის მომზადება და მიზანმიმართული დავალების მიცემა. მათ სულ რამოდენიმე ეგზორცისტი ჰყავთ მსოფლიოში, რომლებსაც გააჩნიათ შესაბამისი სერტიფიკატი, აქვთ სამედიცინო განათლება და ორდინირებულები არიან ფსიქიატრიის სფეროში. არსებობს ფსიქიატრია, როგორც მედიცინის დარგი, თავისი დაავადებებით, არის გარკვეული ეტიოლოგია, ნოზოლოგია ფსიქიური დაავადებებისა და პაციენტის ინდივიდუალური ანამნეზი, რომელიც ხშირად სიმულირებს შეპყრობილობის სიმპტომებთან. და აი, უკვე წავაწყდით პრობლემას. ვერ გაგვირკვევია ვისთან გვაქვს საქმე, შეპყრობილთან თუ ფსიქიურად დაავადებულთან? აი, რატომ გვჭირდება საფუძვლიანი ცოდნა ფსიქიატრიის სფეროში, ენდოგენური და ეკზოგენური ფსიქოზების სწორი დიფერენცირება და შემდეგ, კიდევ და კიდევ დიაგნოსტიკური დიფერენცირება შეპყრობილსა და ფსიქიურად დაავადებულს შორის, რაც საჭიროებს გარკვეულ ობსერვაციას. და თუ ამ ფაქტორს არ გავითვალისწინებთ მოხდება ადამიანის არამც თუ განკურნება და ე.წ. გათავისუფლება შეპყრობილობისაგან (თუ ამას შეპყრობილობა შეგვიძლია დავარქვათ), არამედ მისი მდგომარეობის უფრო და უფრო გაღრმავება და დამძიმება. ვკითხოთ ნებისმიერ ფსიქიატრს, თუ რამდენად უწყობენ ხელს კვეთებულის მკითხველები მათი პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას. ფსიქიატრებისაგან კი უკვე პასუხი ცალსახაა და საუბედუროდ უარყოფითი. უკვე წარმოიქმნა გარკვეული გაუგებრობა. თანამედროვე კვეთებულის მკითხველებს გონიათ, რომ მანიპულირებენ კაცობრიობის მტრით, რომელიც შეიარაღებულია ადამიანთა სულთა დაღუპვის 7000 წლიანი პრაქტიკით. ჩამოვყალიბდეთ პუნქტებად: 1. რამდენად ვერკვევით, თუნდაც ზედაპირულად, ფსიქიატრიაში და ფსიქიური დაავადებების ეტიოლოგიაში; 2. რამდენად სულიერად უცხონი ვართ ვნებისაგან ანუ ვიმყოფებით სულიერად იმპასიბილურ მდგომარეობაში; medice, cura te ipsum! (ლათ. მკურნალო განკურნე თავი შენი!) (ლუკ.4,23); 3. გარკვეული გვაქვს კი, რომ ბოროტით ვმანიპულირებთ თუ ბოროტი მწარედ დაგვცინის? საქართველოში რამოდენიმე ეკლესიაში იკითხება კვეთებულები, რაც ზემოთხსენებული სახარებისეული შეფუცებისა და პირველქრისტიანულ ქარიზმატულ ეპოქაში შემფუცველებთან რომ გვერდით დავაყენოთ, სულ მცირე, ღიმილის მომგვრელ კარიკატურად გამოიყურება და ეგრეთ წოდებულ კვეთებულებზე რეგულარულად სიარული არამც თუ არაეკლესიური ქმედებაა, არამედ ღიმილის მომგვრელი კადნიერებაა თანამედროვე შემფუცველის მხრიდან. იგივე წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ადარებს ამ მოვლენას არაწმინდა სულების წინაშე დადგმულ სპექტაკლს. რეალური სურათი რომ ავიღოთ, საქართველოში რამოდენიმე ეკლესიაში ჯგუფურად იკითხება კვეთებული, რაც ყოვლად დაუშვებელია. მიაქვთ სურათები, ტანსაცმელი და არა მარტო ხალხზე, ნივთებზეც კი იკითხება რაღაც გაურკვეველი ლოცვები, რაც სატანისტურ, ოკულტურ რიტუალს უფრო წააგავს, ვიდრე ღვთისმსახურებას. მე, როგორც მღვდელმონაზონი, ვთვლი, რომ ზემოთ აღნიშნული საკითხი გარკვეული და კონცეპტუალურად დალაგებული უნდა იყოს საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მიერ. და არა მარტო ეს საკითხი. ძალიან ბევრი რამ არის დასალაგებელი კონცეპტუალურად თითოელი ეკლესიის წევრის სულის ხსნისათვის. წინააღმდეგ შემთხვევაში დავდგებით საშიშროების წინაშე, დაახლოებით ასეთი სახისა - თეოლოგია თუ დემონოლოგია? ამქვეყნიური ცხოვრება სულის საცხოვნებლად თუ კაცობრიობის მტერთან კონტრაქტის დასადებად სულის წარწყმედისათვის? ამას იმიტომ ვამბობ, რომ ზემოთ ხსენებული რიტუალის დროს არანაირად არ მყარდება კონტაქტი უფალთან. პირიქით, წააგავს ოკულტურ რიტუალს, რომელიც სატანასთან კავშირს ნიშნავს. P.S.: ან თანამედროვე მამები აღვემატენით ქარიზმატულ ეპოქაში მცხოვრებ წმინდა მამებს ან სატანა გახდა უფრო გულმოწყალე და კეთილი კაცთა მიმართ. ამ საკითხთან დაკავშირებით ჯანსაღი დისპუტისა და დიალოგის მსურველთათვის მზად ვარ, მიუხედავად სასულიერო თუ აკადემიური ხარისხისა, ღვთის შეწევნით, წმიდა წერილზე და წმიდა მამათა სწავლებებზე დაყრდნობით არგუმენტირებულად განვავრცო დისკუსია. გთხოვთ მომიხსენიოთ თქვენს ლოცვებში. მღვდელმონაზონი ილია (ვაშაკიძე)
This post has been edited by pailia on 23 Apr 2013, 16:04
|