achiko12

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13
|
#36618324 · 28 May 2013, 18:19 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
იესო ქრისტე არის მამის მიერ შობილი და არა ქმნილი. „ჩემი ძე ხარ შენ, და დღეს მიშობიხარ შენ.“ (ებრ. 1:5); „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.“ (იოანე, 1:18). სიტყვები - „მიშობიხარ“, „მხოლოდშობილი“ - გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე შობილია მამა ღმერთის მიერ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი არაა ქმნილება. ამიტომ იგია „ერთი ძე“ (მარკოზი, 12:6). როგორც უბრალო ადამიანი ვერ ახსნის მზისაგან სინათლის წარმოშობას, ასევე მისი გონებისათვის მიუწვდომელია მამა ღმერთისაგან ძის შობა. ქრისტეს შობა მამისაგან და მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან ჯერ კიდევ მიქია წინასწარმეტყველმა გვაუწყა: „ეფრათას ბეთლემო... შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“ (მიქ. 5:1). მოყვანილი ციტატა ნათელყოფს, რომ „ხელმწიფის“ კაცური წარმომავლობა, როგორც ადამიანისა, იქნება „ბეთლემიდან“, ხოლო ღვთაებრივი წარმოშობა - „ძველთაგან, საუკუნო დღეებიდან“. იესო ქრისტე არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილებას აქვს დასაწყისი და დასასრული. იესო ქრისტე კი „იწოდა ღმრთის მიერ მღვდელმთავრად წესისამებრ მელქისედეკისა... დღეთა დასამაბისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 5:10; 7:3). სიტყვები - „აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოან. 8:58) - მიანიშნებს მის მარადიულობას. იგი ამბობს - არათუ „მე ვიყავი“, არამედ „მე ვარ“, რაც დროში უცვლელობას გამოხატავს. ესაია წინასწარმეტყველი წერს: „რადგან შეგვეძინა შვილი; მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე. ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.“ (ეს. 9:5). იგი მარადიულია თავისი ღვთაებრივი ბუნებით: „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა.“ (ებრ. 13:8). „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა.“ (ფსალმ. 32:6) და მთელი ხილული და უხილავი სამყარო: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ფრინველები, ანგელოზები და საერთოდ „ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.“ (იოანე, 1:3). „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.“ (კოლ. 1:16-17). იესო ქრისტეს, ისევე როგორც მამას, ეწოდება ჭეშმარიტი ყოვლისშემძლე ღმერთი. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანე, 1:1); „უთხრა მას ფილიპემ: გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენი ხანია თქვენთანა ვარ, და არ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო?“ (იოანე, 14:8-9); „მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20:28); „მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე.“ (რომ. 9:5); „უეჭველად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნისათვის, და ამაღლდა დიდებით.“ (1 ტიმ. 3:16); „...ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.“ (1 იოანე, 5:20). „ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.“ (ებრ. 1:8-10). „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც არის და რომელიც იქნება.“ (გამოცხ. 4:8). „შეგვეძინა შვილი, მოგვეცა ძე და უფლობა იყო მის ბეჭებზე, ეწოდა სახელად საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მთავარი.“ (ეს. 9:5). სიტყვები - „ღმერთი ძლიერი“ – “იეჰოვას მოწმეთა” ჟურნალში „უნდა გვწამდეს სამება?“ განმარტებულია, როგორც „ყოვლისშემძლე ღმერთი.“ (იხ. გვ. 13). მეორედ მოსვლისას ქვეყნიერების განსაკითხავად მოსული იესო ქრისტე თვითონ უწოდებს თავის თავს ღმერთს: „მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.“ (ფსალმ. 49:3-7). როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, იესო ქრისტემ თავისი თავი მკვდრეთით აღადგინა. პავლე მოციქული იესოს შესახებ ამბობს, რომ „ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით“ (საქმე, 13:30); პეტრე მოციქული კი ასე აცხადებს: „დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით, და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენს წინაშე.“ (საქმე, 4:10). თავად იესო კი აცხადებს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი, და სამ დღეში აღვადგენ მას. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ეუბნებოდა მათ.“ (იოანე, 2:19, 21-22). ამგვარად, იესო ქრისტემ, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, თვითონ აღადგინა თავისი თავი. პავლე მოციქული იესო ქრისტეს დიდ ღმერთს უწოდებს: „და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.“ (ტიტე, 2:13). იესო ქრისტეს ეწოდება დიდების უფალი: „სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.“ (1 კორ. 2:8). პავლე მოციქული იესო ქრისტეს ღმერთს და უფალს უწოდებს: „პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების, ბრძანებით.“ (1 ტიმ. 1:1). ახალ აღთქმაში მამა ღმერთის შეცნობა ხდება განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტეს მეშვეობით: „ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.“ (იოანე, 14:6-7). „მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას (იოანე, 8:19) - ბრძანებს უფალი. საეკლესიო გადმოცემით, პავლე მოციქულმა სამი წელი არაბეთის უდაბნოში გაატარა (გალ. 1:15-17). აქ მას უფალი თავად ეცხადებოდა და ღვთაებრივ საიდუმლოებებს უხსნიდა: „გაუწყებთ თქვენ ძმანო, რომ სახარება, რომელიც ჩემგან გეხარათ, არ არის კაცთმიერი, რადგან მეც კაცთაგან კი არ მიმიღია, ან მისწავლია ის, არამედ იესო ქრისტეს გამოცხადებით.“ (გალ. 1:11-12). აქ განეცხადა პავლეს ღმერთის განკაცების საიდუმლოებაც და სწორედ ამიტომაც, მოგვიანებით, ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: „დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნისათვის, და ამაღლდა დიდებით.“ (1 ტიმ. 3:16). იმას, რომ ღმერთი და ძე ღმრთისა ქრისტესთან მიმართებით იხმარება არა გადატანითი, არამედ პირდაპირი და სრული მნიშვნელობით, კონტექსტიც ცხადყოფს, სადაც ამ სახელის გარდა მას ეწოდება: „ყოვლისმპყრობელი“ (გამოცხ. 1:8), „ღმერთი ძლიერი“ (ეს. 9:5). ქრისტეს აქვს ხელმწიფება სნეულებებზე (ლუკა, 4:39–40), სტიქიებზე (მათე, 8:26–27), ეშმაკებზე (მათე, 8:16), სიკვდილზე (ლუკა 7:14–15, 8:54–55, იოანე, 11:41–44). იგი არის „ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“ (გამოცხ. 22:13). „ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი; (გამოცხ. 1:17). იმავეს უწოდებს „იეჰოვას“ ესაია წინასწარმეტყველი: „მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.“ (ეს. 41:4), „მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი“ (ეს. 44:6). იგივე სიტყვები მეორდება ესაიას 48–ე თავის მე–12 მუხლში. ძეს გააჩნია ღვთაებრივი თვისებები, ის რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს: იესო ქრისტეს ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობა: ეს ყოვლისმცოდნეობა მოიცავს არა მარტო შექმნილ სამყაროს, არამედ ღმერთის – ზეციური მამის ცნობასაც. „არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან.“ (მათე, 11:27). ქრისტეს ერთ-ერთი თვისებაა ყოველგან მყოფობა: „რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფეს. 1:230), „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.“ (მათე, 18:20), „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მათე, 28:20). ქრისტე უხილავად ცხოვრობს ყოველ მორწმუნეში: „რომელ არს ქრისტე თქუენ შორის“ (კოლ. 1:27), „ცხოველ–არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2:20), „მე მამისა ჩემისა თანა... და მე თქუენ შორის“ (იოანე, 14:20). ქრისტეს თვისებათაგანია მარადიულობა: „მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესოს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“ (2 ტიმ. 1:9) „და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1:17), იგია „მამა მერმეთა საუკუნოსა“ (ეს. 9:6). ვერავითარი ქმნილება ღმრთისა ვერ იქნება მამა მერმეთა საუკუნოსა, რადგან ყოველგვარი ქმნადობა დროში ხდება, ანუ არსებობას იწყებს ის, რაც ადრე არ არსებობდა. იგი დაუსაბამოდ, უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, უჟამო ჟამს იშვა მამისაგან. კითხვას, თუ „როდის მოხდა შობა (ძისა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა) და გამომავლობა (სულიწმიდისა) - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი პასუხობს: „მანამდე, ვიდრე თვით „როდის“. ისმენ შობაზე და ნუ ეცდები გაიგო რანაირად, ისმენ მამისაგან სულის გამომავლობაზე და ნუ გაირჯები მიხვდე, როგორ“. ძე თანამარადიულია მამისა. როგორიც არის მამა, იმგვარივეა ძე. რადგან ღმერთი მამა და ძე ყოველთვის და მარადის იყვნენ. მამა ღმერთი არის დასაბამი ძისა, წყარო ძისა და მიზეზი ძისა. მამა ღმერთი არის დასაბამი ძისა, მაგრამ არა იმ გაგებით, რომ თითქოს და ძე გარკვეულ მომენტში იწყებს არსებობას და მანამდე თითქოს და იგი არ არსებობდა, არამედ მამა არის დაუსაბამო დასაბამი ძისა. დასაბამი იმ აზრით ეწოდება მამას ძისადმი, რომ სწორედ მამისგანაა ძე და არა მამა ძისაგან და ეს არ გულისხმობს დროით წარმოშობას რომ გარკვეულ დროში მოხდა ამგვარი წარმოშობა მისი მამისგან, რომ აქ მარადიულად რა წამს მამაა იმ წამს მისგანვე არის ძე და ამ გაგებით არის წოდებული მამა ძის დასაბამად, ისევე როგორც მამა არის დაუსაბამო დასაბამი სულიწმინდისა. ქრისტე ღმრთაებრივ საქმეებს სჩადის, იგი მკვდრებს აღადგენს: „რამეთუ ვითარცა–იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვრებს.“ (იოანე, 5:21), „ჰრქუა მას იესო: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე, 11:25). იესო ქრისტეს ღვთაებრიობის წინაშე, ისევე როგორც მამის წინაშე, მუხლს იყრის ყოველი ზეციერი და მიწიერი. „ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.“ (ეს. 45:22-23). - ეს მუხლები ეხება მამა ღმერთს. „ყველანი წარვსდგებით ქრისტეს მსჯავრის წინაშე, ვინაიდან დაწერილია: ვცოცხლობ მე, ამბობს უფალი, და ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი, და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად ყოველი ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს (რომ. 14:10-12). „რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი“ (ფილიპ. 2:10), - აქ კი იესო ქრისტეზეა საუბარი. იესო ქრისტე არის მამის ერთარსი და ორივეს წმინდა წერილში ეწოდება ღმერთი და მაცხოვარი. „ჭეშმარიტად შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი“ (ეს. 45:15). „არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა: მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.“ (ეს. 45:21). მოყვანილი მუხლები მამას ეხება. „გამოჩნდა სიტკბოება და კაცთმოყვარეობა მაცხოვრის ჩვენის, ღმრთისა, მან გვიხსნა ჩვენ არა მართალ საქმეთა გამო, რომელნიც აღვასრულეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულის წმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენ მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ.“ (ტიტე, 3:4-6). ბრუკლინის საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის წევრები უარყოფენ დოგმატს სული წმიდის შესახებ, ისევე როგორც ძველი მწვალებლები – ანტიტრინიტარელები და სოცინიანელები უარყოფენ ამ დოგმას. ისინი სული წმიდას – ღმერთის ძალად მიიჩნევენ. “იეჰოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ სწავლება სული წმიდის შესახებ მხოლოდ არიოზისა და I მსოფლიო საეკლესიო კრების დროს გაჩნდა. სული წმიდას ღმრთაებრივი თვისებები აქვს. იგია მარადიული შემოქმედი. „სული საღმრთოჲ არს, რომელმან შემქმნა მე და სული ყოვლისა მპყრობელისა, რომელი მასწავებს მე“ (იობ. 33:4). სული წმიდა ყოვლისმცოდნეა: „რამეთუ სული ყოველსავე გამოიძიებს, და სიღრმესაცა ღმრთისასა“ (1 კორ. 2:10), „ღმრთისაჲ არავინ იცის, გარნა სულმანვე ღმრთისამან“ (1 კორ. 2:11), „ხოლო ნუგეშინისმცემელი სული წმიდაჲ... მან გასწაოს თქუენ ყოველი“ (იოანე, 14:26); ყოვლისშემძლეა: „რომელმან–იგი აღადგინა ქრისტე მკუდრეთით, განაცხოველნეს მოკუდავნიცა ეგე ხორცნი თქუენნი, დამკვიდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა“ (რომ. 8:11), მარადიულია: „სული ღმრთისაჲ იქცეოდა ზედა წყალთა“ (დაბ. 1:12). სული წმიდას ეწოდება სახიერი: „სული შენი სახიერი მიძღოდენ მე ქუეყანასა წრფელსა.“ (ფსალმ. 142:10); მას უპიროვნო ძალის კი არა, პიროვნების თვისებები აქვს, იგი ადამიანის წინამძღოლი და წარმართველია: „სული იგი ჭეშმარიტებისაჲ გიძღოდის თქუენ ჭეშმარიტებასა ყოველსა.“ (იოანე, 16:13), „სული იგი მისცემდა მათ სიტყუად“ (საქმე, 2:4) „სული მამისა თქვენისაჲ, რომელი იტყოდის თქუენ შორის“ (მათე, 10:20); სული წმიდა ანიჭებს კურნებას და აღადგენს მკვდრეთით: „განაცხოველნეს მოკვდავნიცა ეგე ხორცნი თქუენნი დამკვიდრებულისა მის მიერ თქუენ შორის სულისა მისისა“ (რომ. 8:11), განსწავლის სარწმუნოებაში: „არავის ხელეწიფების თქმად უფალი იესო, გარნა სულითა წმიდითა“ (1 კორ. 12:3), აძლევს მადლისმიერ ნიჭებს: „რომელსამე სულისა მისგან მიცემულ არს სიტყუაჲ სიბრძნისაჲ, ხოლო სხვასა სიტყუაჲ მეცნიერებისა მითვე სულითა, და სხვასა სარწმუნოებაჲ მისვე სულისაგან, რომელსამე მადლი კურნებათაჲ მისგანვე სულისა... მას ყოველსა შეეწევის ერთი და იგივე სული, განუყოფს თითოეულად კაცად–კაცადსა, ვითარცა ჰნებავს.“ (1 კორ. 12:8–11). სული წმიდას ეწოდება ღმერთი: „ანანია! რაჲსათვის აღავსო გული შენი ეშმაკმან ცრუებად სულისა წმიდისა?... არა ეცრუვე შენ კაცთა, არამედ ღმერთსა.“ (საქმე, 5:3–4). სული წმიდას ეწოდება „ნუგეშინისმცემელი“, როგორც საკუთარი სახელი. ბერძნულ ენაში მის წინ დგას მამრობითი სქესის არტიკლი, რომელიც პიროვნებას აღნიშნავს, მაშინ, როდესაც უპიროვნო ძალა რომ იგულისხმებოდეს, საშუალო სქესის არტიკლი იქნებოდა. სული წმიდა ამხილებს (იოანე, 16:8), ხელახლა შობს (იოანე, 3:3, 5), სწამებს იესოსათვის (იოანე, 5:6); ცხოვრობს მორწმუნეებში (1 პეტრე, 1:11, 1 კორ. 2:12, გალ. 3:5); ღმრთის სიყვარულს განფენს მორწმუნეთა შორის (რომ. 5:5); განწმენდს (საქმე, 15:9); იგია წმ. წერილის შთამაგონებელი და კაცთა განმსწავლელი (იოანე, 14:26, 16:13), სული წმიდის მიერ აღესრულება მკვდრეთით აღდგომა (რომ. 8:11); სულიწმინდა წმინდა წერილში წინასწარმეტყველებს: „უნდა აღსრულებულიყო წერილი, რაც დავითის პირით იწინასწარმეტყველა სულმა წმიდამ იუდასათვის, ვინც წინამძღოლი გახდა იმათი, რომლებმაც შეიპყრეს იესო.“ (საქმე, 1:16); სულიწმინდა ესაუბრება მოციქულებს: „უთხრა სულმა ფილიპეს: მიდი და მიეგებე ამ ეტლს“ (საქმე, 8:29); სულიწმინდა მოციქულებს საქმეებისაკენ მოუწოდებს: „უთხრა მათ სულმა წმიდამ: გამომირჩიეთ მე ბარნაბა და სავლე იმ საქმისათვის, რომლისთვისაც ვუხმე მათ.“ (საქმე, 13:2); სულიწმინდა მოციქულებს ზოგიერთ ქმედებას უკრძალავს: „და როცა მოვლეს ფრიგია და გალატელთა მხარე, სულმა წმიდამ აუკრძალა მათ ასიაში ექადაგათ სიტყვა. მისიაში მისულებმა ბითვინიაში დააპირეს წასვლა, მაგრამ სულმა ნება არ დართო მათ.“ (საქმე, 16:6–7); სულიწმინდა აკეთებს, რასაც თვითონ მოისურვებს: „ის ერთადერთია – ვინ გადაათქმევინებს? რასაც მოისურვებს მისი სული, იმას გააკეთებს“ (იობი, 23:13); სულიწმინდას ცდიან: „უთხრა მას პეტრემ: ხომ არ შეითქვით, რომ გამოგეცადათ უფლის სული?“ (საქმე, 5:9); სულიწმინდას აწუხებენ: „მაგრამ აჯანყდნენ და შეაწუხეს მისი წმიდა სული, ამიტომაც მტრად გაუხდა მათ და ბრძოლა გაუმართა.“ (ეს. 63:10); მოყვანილი მაგალითები მიუთითებს, რომ სულიწმინდა მოქმედებს როგორც პიროვნება, რადგანაც იგი ასწავლის, ახსენებს, ამხელს, მოძღვრავს, ჭვრეტს, მოუწოდებს, უკრძალავს, აკეთებს, რაც სურს, ანაწილებს ნიჭებს; მას ცდიან, აწუხებენ და ა.შ. ბრმა ძალას ყოველივე ამის გაკეთება არ შეუძლია. ამისათვის საჭიროა გონება, თავისუფალი ნება, სურვილი. ყოველივე ეს კი მხოლოდ პიროვნებისათვის დამახასიათებელი თვისებებია. უდაბნოში ისრაიტელებმა გამოსცადეს სულიწმინდა, ანუ იგივე ღმერთი: „ნუ გამოცდით უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც გამოცადეთ იგი მასაში“ – უდაბნოში.“ (რჯლ. 6:16), „ამიტომ, როგორც იტყვის სული წმინდა, დღეს, როცა მოისმენთ მის ხმას, ნუ გაიკერპებთ თქვენს გულებს, როგორც დრტვინვისას, უდაბნოში გამოცდის დღეს, სადაც მცადეს მე თქვენმა მამებმა, გამომცადეს მე, და ხედავდნენ საქმეებს ჩემსას ორმოც წელს.“ (ებრ. 3:7–9). აღდგომიდან ორმოცდამეათე დღეს სახლში შეკრებილ ქრისტეს მოწაფეებზე ზეცით სულიწმინდა გადმოვიდა: „ანაზდად იგრგვინვა ზეცით, თითქოს გრიგალი აგუგუნდაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისინი იყვნენ. და მოევლინა მათ ალივით გაყოფილი ენები, რომლებიც დაეფინა თვითეულ მათგანს. და აღივსნენ ყველანი სული წმიდით, და სხვადასხვა ენებზე ალაპარაკდნენ, როგორც სული ამეტყველებდა მათ.“ (საქმე, 2:2–4). “იეჰოვას მოწმეებს“ ეს ციტატა არასწორად ესმით და ამბობენ: “როგორ შეიძლება სულიწმინდა იყოს პიროვნება, როდესაც ერთდროულად ას ოცი მოწაფე აღივსო მისით.” („შენ შეგიძლია...“, გვ. 41), მაგრამ მოყვანილი ციტატა მათ საწინააღმდეგოს მეტყველებს. მათ ავიწყდებათ, რომ იესო ქრისტე, ასევე კონკრეტული პიროვნება, ამბობს: „რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“ (მათე, 18:20). თუ ჩვენ “იეჰოვას მოწმეების“ მცდარ მსჯელობას მივყვებით, ამ მუხლის თანახმად, არც იესო ქრისტე ყოფილა პიროვნება, რადგან დღესაც დედამიწაზე მისი სახელით ერთდროულად მილიონობით ადამიანი იკრიბება. მისივე სიტყვების თანახმად, იგი ყოველ მათგანთანაა. საქმე ის არის, რომ იესო ქრისტეს და სულიწმინდის ამგვარი მოქმედება მათი ღმერთობით აიხსნება, რადგანაც მხოლოდ და მხოლოდ ერთადერთს, ღმერთს შეუძლია ერთდროულად ყველგან ყოფნა: „ცაში ააგო მან თავისი სამყოფელი და მიწაზე დააფუძნა თავისი კამარა.“ (ამოს. 9:6); „ნუ არა ცასა და ქუეყანასა მე აღვავსებ?“ (იერ. 23:24). ამასვე ამტკიცებს შემდეგი მუხლიც: „ამიტომაც არიან ღმერთის ტახტის წინაშე, და მსახურობენ მას დღე და ღამ მისსავ ტაძარში, და ტახტზე მჯდომარე დაემკვიდრება მათში.“ (გამოცხ. 7:15). აქედან ჩანს, რომ უფალი ერთდროულად ყველა იმ პიროვნებაში დაემკვიდრება, ვინც კი მას ემსახურება. ამგვარად, მოყვანილი მაგალითებიდანაც ნათლად ჩანს, რომ საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის სწავლება სულიწმინდის შესახებ მცდარი, არასწორი და ღვთისმგმობია. “იეჰოვას მოწმეები“ ამბობენ, რომ სწავლება წმიდა სამების შესახებ მხოლოდ არიოზისა და I მსოფლიო საეკლესიო კრების დროს გაჩნდა. სწავლებას წმ. სამების შესახებ ძველი, ნიკეის კრებამდელი სიმბოლოებიც შეიცავდნენ, მაგალითად, მოციქულთა სიმბოლო, რომელიც გადმოცემით პეტრე მოციქულმა დაუტოვა რომის ეკლესიას და რომელიც მისი მოწაფის, წმ. კლიმენტ რომაელის მიერ შედგენილ „მოციქულთა განწესებაში“ არის დაცული. მღვდელმოწამე გრიგოლ ნეოკესარიელის სიმბოლოში წერია: „ერთ არს ღმერთი – მამა სიტყვისა ცხოველისა, თვითმყოფი სიბრძნისა და ერთ არს სული წმიდა, ღმერთისაგან გამოსული და ძის მეშვეობით კაცთათვის მოვლენილი. სამებისთვის არ არსებობს არც შექმნილი, არც მსახური, არც წარმავალი. არც მამა ყოფილა ოდესმე ძის გარეშე, არც ძე სულის გარეშე, სამება ურღვევია, უცვალებელი და მარად ერთი და იგივე“. ჩვენამდე მოღწეულ უძველეს საღმრთისმსახურო ტექსტებში დაცულია დიდებისმეტყველება „დიდება მამასა და ძესა და წმიდასა სულსა“, რომელიც შეიძლება განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ლოცვა, არამედ უკიდურესად შეკუმშული სიმბოლო სარწმუნოებისა. ნიშანდობლივია, რომ არიოზის მიმდევრებმა თავიანთ რიტუალებში შეცვალეს ეს დიდებისმეტყველება და ასეთი ფორმა მისცეს მას: “დიდება მამას ძისა და სული წმიდის მეშვეობით“, რადგანაც მშვენივრად ესმოდათ, რომ ეს ძველი დიდებისმეტყველება წმ. სამების პირთა თანასწორობას მოწმობს. წმინდა სამება – მამა, ძე და სულიწმინდა ერთარსი და განუყოფელია. „ეს არის, რომელიც მოვიდა წყლითა და სისხლით, იესო ქრისტე; არა მარტო წყლით, არამედ წყლითა და სისხლით; და სულია რომელიც მოწმობს, ვინაიდან სული არის ჭეშმარიტება. რადგან სამნი მოწმობენ ზეცად: მამა, სიტყვა და სული წმიდა; და ეს სამნი ერთნი არიან. და სამნი მოწმობენ მიწაზე: სული, წყალი და სისხლი; და ეს სამნი ერთის მიმართ არიან.“ (1 იოანე, 5:6–8). მოყვანილი მუხლები ბიბლიური პარალელიზმებია, სადაც მიწიერ განზომილებებს ზეციური შეესაბამება. როგორც დედამიწაზე, ქრისტეს შესახებ მოწმობენ სამნი – ნათლობის წყალი, ჯვარცმის სისხლი და სული, ანუ სულიწმინდის მადლისმიერი ნიჭები, ასევე სამნი მოწმობენ ცაზეც – მამა, სიტყვა და სულიწმიდა; და ეს სამნი ერთნი არიან. “იეჰოვას მოწმეები“ ეპისტოლეს ამ ადგილს გვიანდელ დამატებად თვლიან და ამტკიცებენ, რომ კონსტანტინეპოლის II მსოფლიო კრებამდე, ანუ 381 წლამდე, ეს მუხლი არ იყო ჩაწერილი და რომ არცერთ საეკლესიო მამას სამება არ უხსენებია; და რომ “ეს კრება იყო პირველი შემთხვევა, როცა ყურადღების ცენტრში გამოჩენა დაიწყო ქრისტიანული სამყაროს დოგმატმა სამების შესახებ“ (“უნდა გვწამდეს სამება?“ გვ. 8). ეკლესიის წმინდანთა ნაწერებიდან ამ აზრის დასამტკიცებლად მათ არასწორად მოჰყავთ ციტატები, ისევე როგორც ამას ბიბლიასთან მიმართებაში არიან ნაჩვევნი. მოვიყვანოთ მხოლოდ ერთ–ერთი საეკლესიო მოღვაწის, წმინდა მღვდელმოწამე კვიპრიანე კართაგენის ეპისკოპოსის (გარდაიცვალა 257 წ.) სიტყვებს: „იტყვის უფალი: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე, 10:30). სხვა ადგილას მამისა, ძისა და სულიწმინდის შესახებ წერია: „ეს სამნი ერთნი არიან“ (1 იოანე, 5:7). („ეკლესიის ერთიანობის შესახებ“ – „სიტყვა მართლისა სარწმუნოებისა“ (ტ. 1, გვ .68). ამასვე წერს წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილი, პეტრე მოციქულის მოწაფე, რომელიც ქალაქ ანტიოქიის II ეპისკოპოსი იყო პეტრეს შემდეგ (წამებით აღესრულა 110–117 წლებში): „ერთი ღმერთი არს ყოველთაჲ, უშობელი იგი მამაჲ; და ერთი მხოლოდშობილი ძე ღმრთისაჲ – ღმერთი სრული და კაცი; და ერთი ნუგეშინისმცემელი იგი – სული ჭეშმარიტებისაჲ.“ (ეპისტოლე „ფილადელფელთა მიმართ“, 5. გვ. 57). საგუშაგო კოშკის ორგანიზაციის წევრები წმინდა სამების საიდუმლოს უარყოფენ, რადგანაც იგი ადამიანის გონებისათვის მიუწვდომლად მიაჩნიათ. მათი თქმით, “ძნელია ასეთი მსჯელობის გაგება. მრავალი გულწრფელი მორწმუნე მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დოგმატი სამების შესახებ დამაბნეველია და ეწინააღმდეგება საღ აზროვნებას“ („უნდა გვწამდეს სამება?“ გვ. 4). მართლაც რომ საოცარია მათი მსჯელობა და უსუსურია მათი დასკვნები. უჭირთ რა სამების შესახებ დოგმატის შემეცნება, ისინი ამიტომაც უარყოფენ მას. რას უპასუხებს წმინდა წერილი: ძველ აღთქმაში დავით წინასწარმეტყველი გააოცა უფლის მრავალ საოცარ თვისებათა შორის ერთ–ერთმა – მისმა ყველგანმყოფობამ: „უჩვეულოა ჩემთვის გასაგებად; აღზევებულია, ვერ შევწვდები მას. საით წავუვალ შენს სულს და შენს სახეს სად გავექცევი? ზეცაში რომ ავიდე, შენ იქა ხარ, ქვესკნელში ჩავიდე და – იქაც ხარ!... გადიდებ, რადგან საოცრებით ვარ შენივთული; საკვირველია საქმენი შენნი და ჩემმა სულმა იცის ეს სავსებით.“ (ფსალმ. 138:6–8, 14). ასევე გაოცებულია პავლე მოციქულიც ღვთის დიდი საიდუმლოს განცხადებით – ღვთის განკაცების შეცნობით, ანუ დედამიწაზე მისი ხორციელად მოსვლით: „დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით...“ (1 ტიმ. 3:16). და, თუკი პავლე მოციქულისა და დავით წინასწარმეტყველისათვის, ღვთის ამ წმინდა ადამიანებისათვისაც კი მიუწვდომელია უფლის სიბრძნე, მისი არსი – ჩვენთვის, უბრალო მოკვდავთათვის, როგორღა უნდა იყოს ადვილად გასაგები? ყოველივე ამის შემდეგ, საოცარია ბრუკლინური ორგანიზაციის წევრების მტკიცებანი – სამება გონებისათვის მიუწვდომელია და ამიტომაც არასწორიო. მართლაც, სუსტი და უსუსური არგუმენტია. ღვთის სიბრძნე უსაზღვროა. იგი უდიდესი საიდუმლოა, “იეჰოვას მოწმეებს“ კი სურთ მისი გონებით შეცნობა. ღვთის ბუნება ზეციურმა ანგელოზებმაც კი არ იციან. ისინი არც კი ცდილობენ მათგან დაფარულის შეცნობას, არამედ შემოქმედს ემსახურებიან მხოლოდ და გალობით ადიდებენ. ერთნი ამბობენ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთს“ (ლუკა, 2:14); ქერუბიმები ღაღადებენ: „კურთხეულია უფლის დიდება თავისი ადგილიდან!“ (ეზეკ. 3:12). „ექვსფრთიანი სერაფიმები“ კი (სერაფიმები და ქერუბიმები ზეციური ანგელოზები არიან) ერთმანეთს გასძახიან: „წმიდაა! წმიდაა! წმიდაა საბაოთ უფალი! მისი დიდებით სავსეა ქვეყნიერება!“ (ეს. 6:3). ამასთან, სერაფიმები „ორით (ფრთით) სახეს იფარავდნენ, ორით ფეხებს იფარავდნენ, ორით ფრენდნენ“ (ეს. 6:2), რადგან თვალსაც კი ვერ უსწორებენ უფლის სიდიადეს. ხედავთ, რა შიშია ზეცაში და როგორი კადნიერება და შეურაცხყოფაა დედამიწაზე? ანგელოზები ადიდებენ, „საგუშაგო კოშკის“ წევრები კი იკვლევენ; ანგელოზები დიდებისმეტყველებენ, “იეჰოვას მოწმეები“ კი ცდიან; ისინი ფრთებით პირისახეს იფარავენ, ესენი კი გონებას აღაგზნებენ ენით გამოუთქმელი დიდების შეცნობისათვის. ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება, კაცი არ შეძრწუნდეს ასეთი უაზრობითა და უკიდურესი ამპარტავნებით? განა სასაცილოდ არ ჟღერს მათი განცხადებები, რომ “მრავალ გულწრფელ ადამიანს, რომელთაც სურთ შეიცნონ ჭეშმარიტი ღმერთი, უჭირთ შეიყვარონ და თაყვანი სცენ რთულ და უცნაურ სამპიროვან ღმერთს, რადგანაც ეს რთული აღსაქმელია და ეწინააღმდეგება ადამიანთა საღ აზროვნებას”. ე.ი. უჭირთ რა შეიცნონ და ირწმუნონ წმინდა სამება, ისინი უარყოფენ მას. სწორედაც რომ ამას ჰქვია ანთროპოცენტრიზმის (ეს არის მოძღვრება, რომლის მიხედვით სამყაროს ცენტრი ადამიანია) ტრიუმფი. მათი ლოზუნგია: “მჯერა ღმერთის, რადგანაც იგი მარტივია და ეთანხმება ჩემს ლოგიკას”, შესაბამისად, მათი კრიტერიუმია არა ღვთის, არამედ ადამიანთა სიტყვა.
This post has been edited by archili777 on 28 May 2013, 18:34
|