მღვდლების ვინაობა
ნაწყვეტი წერილიდან – "მღვდლების ვინაობა"
გაიძროთ ანაფორები,შეიკრიჭოთ თმები და გამოეწყოთ " პინჯაკებში", მაშინ სულ სხვა მნიშვნელობას მივცემთ თქვენს რევოლუციონერობას. მომავალი ცხოვრება თქვენ პროგრესიულ ელემენტად ვერ ჩაგსთვლით. დიაღ,ვერ ჩაგსთვლით, ვიდრე სამღვთო წერილის მცნებათა თავისებურად გამოყენებაზე ხელს არ აიღებთ და არ მოიშლით მეჭურჭლის ხელობას, რომელიც ქოთანს საითაც ჰნებავს,ყურს იქ გამოაბამს..... ვსტყუი?
მღვდლებო-პოლიტიკოსებო!სოციალისტებო! ჩემში თქვენის მოღვაწეობის წყალობით აღძრული გრძნობა ეს არის, იქნება თქვენც გეწყინოსთ. მე პირადად მწყინს , როცა ჰმღვდლობთ, ანაფორები გაცვიათ და ჰრევოლუციონერობთ.... გაიხადეთ ეს ანაფორები და სთქვით სამოქალაქო აზრები, როგორც მოქალაქეთა, ან არა და გეცვათ ანაფორა და სთქვით შეუბღალავად, გაურყვნელად ის, რაც გიანდერძათ თქვენმა მამამთავარმა იესო ნაზარეველმა, არც არაფერი იმით დაშავდება....
თქვენი გავლენა ხალხზე გეუბნებით გამოცხადებით, აშკარად, საბოლოოდ მავნებელი გამოდგება. არ არი მოსაწონი თქვენი გავლენა, ვინაიდან იგი სასარგებლო ნაყოფს არ გამოიღებს და მხოლოდ მონებს აღუზრდის ქვეყანას და არა ნამდვილს მამულიშვილებს და მოქალაქეებს....
რომელ პარტიას უნდა ეკუთვნოდენ ეს მღვდლები, ვგონებ ჩემთან ერთად თქვენც იტყვით, რომ "სულიერი მამები" არიან "მიიღე ჯამაგირის" პარტიისა.
უეჭველია, რომ საქართველოს ისტორია არ დაივიწყებს თქვენს ღვაწლს, როგორც მსოფლიოს ისტორიამ არ დაივიწყა ღვაწლი გეროსტრატისა, რომელმაც დაწვა მშვენიერი დიანის ტაძარი.
( ჰეროსტრატეს სახელი ამოიშალა ყველა ”დოკუმენტიდან”, ამ ამბის მოყოლა ან მისი სახელის ხსენება ეკრძალებოდა ყველას, მათ შორის ყველა სახის მემატიანეს. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, მისი სახელის ხსენება სიკვდილით ისჯებოდა)
1906 წელი
წყარო:
http://lib.ge/book.php?author=1436&book=8883----------
ესეც წაიკითხეთ:
არავითარი „ცალკეული მღვდლები“!დღევანდელ დარბევასთან დაკავშირებით ისევ გამოითქმის შეხედულება იმის შესახებ, რომ ეს ყველაფერი „ცალკეულმა“, „ზოგიერთმა“ მღვდლებმა და „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის“ (მმკ) წევრმა სასულიერო პირებმა გააკეთეს, თორემ ეკლესიაში უამრავი „კარგი მამაოა“, ხოლო თვითონ პატრიარქი კი ყოველგვარი ძალადობის პირველი მოწინააღმდეგე. ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთმა შეხედულებებმა მიგვიყვანეს დღევანდელ ძალადობამდე. საზოგადოების მხრიდან უზარმაზარი მასშტაბის რელიგიური სიბნელის წინაშე თვალის დახუჭვამ და ყურის წაყრუებამ გამოიწვია დღევანდელი კატასტროფული სიტუაცია.
სინამდვილეში ძალადობის ინიციატორი და წამქეზებელი არის კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე, რაც გამოჩნდა არა მხოლოდ მის გუშინდელ განცხადებაში, სადაც ყველაფერთან ერთად, ავღანეთში დაღუპული სამხედროების თემითაც სპეკულირებს, არამედ იმ პირდაპირ დავალებებში, ანუ ლოცვა-კურთხევებში, რაც მან მისცა სამღვდელოებას მრევლის ჰომოფობიური ინდოქტრინაციის და მობილიზაციის თაობაზე. ხოლო ძალადობის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი კი არის საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, ბოდბის ეპისკოპოსი იაკობ იაკობაშვილი, რომელიც მანამდეც გამოირჩეოდა ფსევდოპატრიოტული, ბნელი და როყიო განცხადებებით, დღევანდელი დარბევა კი მან სამების საკათედრო ტაძარში ქართველი ერის დაკვეთად და ქრისტიანობის უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადა.
დარბევის კადრებში თითქმის არ ჩანან მმკ-ს წევრი მღვდლები, თუმცა ცხადია დეკანოზები დავით ისაკაძე და დავით ქვლივიძე ძალიანაც აქტიურობდნენ და არაფერი დაუკლიათ. საქმეც ისაა, რომ ძალადობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ეკლესიის სასულიერო პირები, რომლებიც სულაც არ არიან მმკ-ს წევრები. სწორედ ეს აჩვენებს, რომ ჩვენთან არსებული რელიგიური აგრესიის და სიბნელის დაყვანა მხოლოდ მმკ-ზე არის საბედისწერო შეცდომა.
ფოტო და ვიდეო მასალაში ჩანან: საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების და არქიტექტურის ცენტრის თავჯდომარის მოადგილე დეკანოზი ბესარიონ მენაბდე; სასულიერო აკადემიის პრორექტორი დეკანოზი ბესარიონ ცინცაძე; მოძრაობა „კვირიკეს“ დამფუძნებელი და საპატრიარქოს ტელევიზია „ერთსულოვნებაში“ ახალგაზრდული გადაცემების წამყვანი დეკანოზი გიორგი ყიფშიძე; საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის პედაგოგი, მღვდელი ვლადიმერ ჯავახაძე ; წმ. თამარ მეფის სახელობის სკოლა-პანსიონის დირექტორი დეკანოზი მირიან სამხარაძე; თსუ-ს ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი მიქაელ წურწუმია; პატრიარქის უახლოესი თანამშრომლები, დეკანოზები თეიმურაზ ბერიშვილი და ტარიელ სიკინჭალაშვილი; დეკანოზი მიქაელ ფოფხაძე, რომელიც მრავალი წელი ცხოვრობდა აშშ-ში და მუშაობდა რადიო „ამერიკის ხმაში“; დეკანოზი ელიზბარ ოდიშვილი, რომელიც სისხლისღვრით ემუქრება შსს-ს წარმომადგენლებს; დეკანოზი გიორგი უგრეხელიძე; დეკანოზი შალვა კეკელია; დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; დეკანოზი ნოდარ ქათამაძე; დეკანოზი ზაქარია მარგალიტაშვილი და კიდევ რამდენი ჩამოვთვალო, ლეგიონია მათი სახელი. სამების ტაძრის არქიმანდრიტის ანთიმოზ ბიჩინაშვილის გინება და მუქარა კი უამრავმა ადამიანმა ნახა ინტერნეტის საშუალებით. ქართველი მართლმადიდებელი სამღვდელოება მისი იერარქიის მეთაურობით მთლიანად წარმოადგენს ბნელ და აგრესიულ კორპორაციას, საიდანაც როგორც უცხო სხეული მყისიერად იდევნება ოდნავ სხვაგვარად მოაზროვნე.
დღეს სპონტანური არაფერი მომხდარა. უკვე მრავალი წელია საპატრიარქო ყოველდღიურად და მეთოდურად ნერგავს სიბნელეს და აგრესიას თავის მრევლში. ამ პრობლემას რეალურად არავინ აქცევს ყურადღებას, რადგან ეკლესია უდიდესი ძალაა და ყველას, პოლიტიკოსი იქნებ ეს თუ სხვა, მისი სათავისოდ გამოყენების იმედი აქვს. სხვადასხვა ჯგუფები ეკლესიას აკრიტიკებენ მხოლოდ მაშინ თუ საპატრიარქო მათი პოლიტიკური მიზნების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, ხოლო თუ საპატრიარქოს ქმედებები მათ პოლიტიკურ მიზნებს თანხვდება, რელიგიური სიბნელე ამ ჯგუფებისთვის პრობლემას უკვე აღარ წარმოადგენს. ამგვარი სიტუაცია კი უბრალოდ დამღუპველია. ამიტომაცაა, რომ ყველა მთავრობა ეხმარება ეკლესიას მრევლის ინდოქტრინაციაში და უხვად უფინანსებს ამ საქმიანობას, ხოლო ეკლესიის მრევლს კი თითქმის მთელი საქართველო წარმოადგენს. პოლიტიკოსების გარდა მეცნიერები, ხელოვანები, ჟურნალისტები და სხვ. ერთმანეთს ეჯიბრებიან ეკლესიისადმი პირმოთნეობაში. შედეგად საპატრიარქომ მოიპოვა უდიდესი გავლენა საზოგადოებაზე და განსაკუთრებით ახალგაზრდობაზე. სამღვდელოების მიერ ჩვენი ახალგაზრდობის ინდოქტრინაციის პრობლემასაც არავინ აქცევს ყურადღებას. რატომღაც ფიქრობენ, რომ ინტერნეტის ეპოქაში შეუძლებელია ახალგაზრდების დიდი ნაწილის რელიგიურ-პატრიოტული ფუნდამენტალიზმით გამოთაყვანება. არგუმენტად მოჰყავთ რაღაც სოციოლოგიური გამოკითხვები, რომელთა მიხედვითაც მოსახლეობის მნიშვნელოვანი პროცენტი ეკლესიაში ძალიან იშვიათად დადის, მაგრამ რელიგიურ-ფუნდამენტალური ინდოქტრინაციისთვის სულაც არ არის საჭირო ეკლესიაში ხშირად სიარული. ინდოქტრინაცია ხდება მართლმადიდებლურ-პატრიოტული იდეოლოგიით და ამ იდეოლოგიით ინდოქტრინებულ ადამიანებს „ყოფითი მართლმადიდებლები“ ეწოდებათ. გავიხსენოთ ბელორუსის დიქტატორის ალექსანდრე ლუკაშენკოს ცნობილი გამოთქმა : „მე მართლმადიდებელი ათეისტი ვარ!“
სექსუალური, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების მიმართ სიძულვილის გაღვივებით და მათი ქართული იდენტობისა და საქართველოს სახელმწიფოს მტრებად წამოჩენით საპატრიარქომ მოიპოვა ქართული პატრიოტიზმის მონოპოლია, ღმერთის სახელით საუბრის მონოპოლია ხომ ისედაც აქვს.
ჩემი აზრით მომავალში უფრო უარესს უნდა ველოდოთ, რადგან ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილმა უკიდურესად გააძლიერა საპატრიარქო და მოსახლეობის დიდი ნაწილის სრული ინდოქტრინაციის ყველანაირი საშუალება მისცა. სააკაშვილს უდიდესი წვლილი მიუძღვის ეკლესიის პოლიტიკური გავლენის გაზრდაში. სწორედ მის პერიოდში გახდა საპატრიარქო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დაწესებულება. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოში არ დასჯილა არცერთი მღვდელი რომელიც მოუწოდებდა ძალადობისკენ და აღვივებდა აგრესიას. ბასილ მკალავიშვილი განკვეთილი იყო და აღარ წარმოადგენდა მართლმადიდებელ სასულიერო პირს, ამიტომაც მაშინდელი ხელისუფლება მის დასჯას არ მოერიდა. შესაბამისად ვერც დღევანდელი ხელისუფლება გაბედავს მართლმადიდებელი მღვდლის დასჯას, ამიტომაც დღევანდელი ძალადობაც უბრალოდ ჩაიფარცხება, თუმცა შეიძლება რამდენიმე საერო პირი დროებით დააკავონ.
შექმნილი უმძიმესი სიტუაციიდან გამოსავალი იქნება თუ საზოგადოებრივი ჯგუფები პოლიტიკური კუთვნილების თუ სიმპატიების მიუხედავად რეალურად დაინახავენ რელიგიურ-პატრიოტული ფუნდამენტალიზმის სახით არსებულ საფრთხეს და საქართველოს საჯარო სივრცეში დაიწყება ასევე ყოველდღიური და მეთოდური მუშაობა ამ საფრთხის აღმოსაფხვრელად.
წყარო:
http://www.netgazeti.ge/GE/105/opinion/19746/https://fbcdn-sphotos-g-a.akamaihd.net/hpho...851529296_n.jpg
"ადამიანის ნაკლია - არ იცოდეს წმიდა წერილი, მაგრამ ორმაგი ნაკლია, რომ იცის, მაგრამ უგულებელყოფს მას". - ეფრემ ასური.