achiko12

    
ჯგუფი: Members
წერილები: 4394
წევრი No.: 166719
რეგისტრ.: 6-May 13
|
#46050973 · 26 Oct 2015, 18:43 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სიტყვა - ღმერთი, ვისაც წმ. წერილში ეს სახელი პირობითი და უარყოფითი მნიშვნელობით ეწოდებათ, - არსებითად იქვე შეზღუდულია მათი უფლებამოსილება და მათ არანაირი ღვთაებრივი ატრიბუტი და თვისება არ გააჩნიათ, ისეთი რომელიც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს! იესო ქრისტე რომ ჭეშმარიტი ღმერთია ბიბლია ადასტურებს - რადგანაც გარდა უფლისა და ღმერთისა უფალ იესოზე წერია რომ იგია ყოვლისმპყრობელი (გამოცხ. 1:8), პირველი და უკანასკნელი (გამოცხ. 1:17), „ანი და ჰაე“ (გამოცხ. 21:6-7), „დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე“ (ებრ. 7:3), უფალი უფლებათა და მეუფე მეუფებათა (გამოცხ. 17:14), დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი (გამოცხ. 2:23), ყველგანმყოფი (მათ. 18:20), ქრისტეს აქვს ხელმწიფება სნეულებებზე (ლუკა, 4:39–40), სტიქიებზე (მათე, 8:26–27), ეშმაკებზე (მათე, 8:16), სიკვდილზე (ლუკა 7:14–15, 8:54–55, იოანე, 11:41–44). თაყვანს სცემენ მას ყველა ანგელოზი (ებრ. 1:6), მიუტევებს ცოდვებს (მარკ. 2:5), (ლუკ. 7:48-49), არის ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა (ეს. 9:5), ყოვლისშემქმნელი (იოანე, 1:3), ღმერთი (იოანე, 1:1) (იოანე, 20:28) (რომ. 9:5) (1 ტიმ. 3:16), ჭეშმარიტი ღმერთი (1 იოანე, 5:20), დიდი ღმერთი (ტიტ. 2:13), ძე ღმრთისას ყველა ღვთაებრივი თვისება და სახელი აქვს. ქრისტეს ღმრთაებრივი თვისებაა ყოვლისშემძლეობა: „უტვირთავნ ყოველნი სიტყვითა მით ძლიერებისა მისისათა.“ (ებრ. 1:3); ბიბლიაში ძალა ეწოდება მამა ღმერთს და ძე ღმერთს: მამა ღმერთს: „იესომ მიუგო: მე ვარ. და იხილავთ ძეს კაცისას, მჯდომარეს ძალის მარჯვნივ, და მომავალს ზეცის ღრუბლებით.“ (მარკ. 14:62); იესო ქრისტეს: „ხოლო იმავე იუდეველთა და ბერძენთათვის, რომელნიც არიან ხმობილნი, – ქრისტეს, ღმრთის ძალსა და სიბრძნეს.“ (1 კორ. 1:24). დედამიწაზე ღმერთის გამოჩენა ესაიამ იწინასწარმეტყველა: „ხმაა მღაღადებლისა უდაბნოში: გაამზადეთ უფლის გზა, მოასწორეთ ტრამალზე სავალი ჩვენი ღვთისათვის! გამოცხადდება უფლის დიდება და ყოველი ხორციელი ერთად იხილავს, რადგან უფლის პირი ლაპარაკობს.“ (ეს. 40:3,5). „აჰა, მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი... როგორც მწყემსი, დამწყემსავს ის თავის ფარას, თავისი მკლავით მოუყრის თავს კრავებს და თავისი უბით წაიყვანს, და დედაცხვარს წინ გაუძღვება.“ (ეს. 40:10-11). იესო ქრისტე ძველი აღთქმის ამ წინასწარმეტყველებების თავის თავზე აღსრულებას აცხადებს. „მე ვარ მწყემსი კეთილი... როგორც მიცნობს მე მამა, ასევე ვიცნობ მამას; და დავდებ ჩემს სულს ცხვრებისათვის.“ (იოანე, 10:14-15). “მე თავად დავმწყემსავ ჩემს ცხვარს და თავად დავაბინავებ, ამბობს უფალი ღმერთი.” (ეზეკ. 34:15). ამ მუხლებით იესო ქრისტე თავის ღმერთობას აცხადებს. იესო ქრისტე მამის თანასწორია: „მე და მამა ერთნი ვართ“ (იოანე, 10:30); „მით უფრო ცდილობდნენ იუდეველები მოეკლათ იესო, ვინაიდან არა მარტო არღვევდა შაბათს, არამედ თავის მამად იტყოდა ღმერთს, და ღმერთს უტოლებდა თავს.“ (იოანე, 5:18); „ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელიცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ. რომელ-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა.“ (ფილიპ. 2:5-6). იესო ქრისტე არის დაუსაბამო, როგორც მამა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოანე, 8:58), აქ უფალი ამბობს, რომ იგი არა მხოლოდ არსებობდა აბრაამამდე, არამედ ხაზს უსვამს, რომ იგი არსებობდა მარადიულად. იგი რომ პირველი სრულყოფილი ქმნილება ყოფილიყო, იტყოდა: “ვიდრე აბრაამი იქნებოდა, მე ვიყავიო“, მაგრამ მან სხვა ზმნური ფორმა აირჩია - მე ვარ, რაც მის საუკუნეთა წინარე არსებობას, ანუ მარადიულ არსებობას ამტკიცებს და არა დროში ქმნადობას. ცეცხლმოდებული მაყვლის ბუჩქიდან ღმერთი ასე მიმართავს ცხვრების სამწყემსავად გამოსულ მოსეს: „მე ვარ ღმერთი მყოფი, რომელი ვარ და ესრეთ არქუ ძეთა ისრაელისათა: რომელ-იგი არს, მან მომავლინა მე თქუენდა.“ (გამ. 3:14). მე ვარ, რომელიც ვარ, ანუ თვითარსი, მარადიული. იგივე სიტყვა წმინდა წერილში ნახმარია იესო ქრისტეს მიმართაც. ეს კი ნიშნავს, რომ იგი მამასთან ერთად მარადიულად არსებობდა. იესო ქრისტე მამა ღმერთის მსგავსად არის დაუსაბამო, ყოველივეს დასაწყისი და დასასრული, პირველი და უკანასკნელი, ანი და ჰაე. „მე ვარ პირველი და მე ვარ უკანასკნელი, და ჩემს გარდა არ არის ღმერთი.“ (ეს. 44:6); „ვინ ჩაიდინა ეს, ვინ მოიმოქმედა? თაობათა გამომხმობმა დასაბამით, მე ვარ უფალი - პირველი და უკანასკნელი. მე ვარ იგი.“ (ეს. 41:4); აქ მამა ღმერთი თავის თავზე საუბრობს. „მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული, ამბობს უფალი, რომელიც არის და იყო და იქნება, ყოვლისმპყრობელი.“ (გამოცხ. 1:8). „დამადო თავისი მარჯვენა და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი.“ (გამოცხ. 1:17). „მითხრა მე: აღსრულდა. მე ვარ ანი და ჰაე, დასაბამი და დასასრული. და მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროსაგან უსასყიდლოდ. მძლეველი დაიმკვიდრებს ყოველს, და ვიქნები მისი ღმერთი, და ის იქნება ჩემი ძე.“ (გამოცხ. 21:6-7). „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო და რომელიც არის და რომელიც იქნება.“ (გამოცხ. 4:8). „იოანეს გამოცხადების“ აქ მოყვანილი მუხლები იესო ქრისტეს ეხება, სადაც იგი მამის მსგავსად მოხსენიებულია, როგორც პირველი და უკანასკნელი, ყოველივეს დასაწყისი და დასასრული, ანი და ჰაე. იგი დაუსაბამოა, როგორც მამა: „დღეთა დასაბამისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 7:3). იესო ქრისტე ღვთაებრივი ბუნებით უცვლელია (ებრ. 1:8), მარადიულია - „იესო ქრისტე გუშინ და დღეს და უკუნითი უკუნისამდე იგივეა.“ (ებრ. 13:8); მარადიული და უცვლელი კი მხოლოდ ღმერთი შეიძლება იყოს. იესო ქრისტე არის მეუფე და უფალი, როგორც მამა: „მიუგო მეფემ დანიელს და უთხრა: თქვენი ღმერთი ჭეშმარიტად ღმერთთა ღმერთია, მეფეთა მეფეა და საიდუმლოთა გამცხადებელი.“ (დან. 2:47). მოცემულ შემთხვევაში ღმერთი ღმერთთა და მეფე მეფეთა არის მამა ღმერთი. „ისინი შეებრძოლებიან კრავს, და სძლევს მათ კრავი, რადგანაც არის უფალი უფლებათა და მეუფე მეუფებათა.“ (გამოცხ. 17:14). „და აწერია სამოსსა და თეძოსთავზე მისი სახელი მეუფე მეუფეთა და უფალი უფლებათა.“ (გამოცხ. 19:16). აქ იესო ქრისტე მეფე და უფალია, ისევე, როგორც მამა. იესო ქრისტე ისევე ყოვლისმხედველია, როგორც მამა. „შენა ხარ გულისა და ზრახვების შემმოწმებელი, ღმერთო მართალო!“ (ფსალმ. 7:10); „მე, უფალი, გულთამხილავი ვარ და ზრახვათა გამომცნობელი.“ (იერ. 17:10); „ისმინე ციდან, შენი სამყოფელიდან და მიუტევე; მიაგე თითოეულს საქციელისამებრ, შენ, რომელმაც უწყი მათი გულები - რადგან მხოლოდ შენ უწყი ადამიანთა გული.“ (2 ნეშტ. 6:30). მოცემული მუხლები მამა ღმერთს ეხება. გარდა ღმერთისა, არცერთ ქმნილებას არ ძალუძს იყოს ყოვლისმხედველი და გულთამხილველი. „იესო მიხვდა მათ ზრახვას და უთხრა: რატომ იზრახავთ ბოროტს თქვენს გულში?“ (მათე, 9:4); „მე ვარ დაფარულ აზრთა და გულთა მხილველი, და მივაგებ თვითეულ თქვენგანს მისი საქმისამებრ.“ (გამოცხ. 2:23). აქ კი იესო ქრისტე გვამცნობს, რომ ის, როგორც ღმერთი, ფლობს იმავე თვისებებს, რასაც მამა - ყოვლისმხედველობას. იესო ქრისტე ყველგან მყოფია, როგორც მამა. „რადგან სადაც ორი თუ სამი შეიყრება ჩემი სახელით, მეც იქვე ვარ, მათ შორის.“ (მათე, 18:20); „აჰა, მე თქვენთანა ვარ დღემუდამ, ვიდრე ქვეყნის დასასრულამდე.“ (მათე, 28:20); „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ.“ (იოანე, 14:23). იესო ქრისტეს ისეთივე პატივს ვცემთ, როგორც მამას. „უფალს ღმერთს შენსას თაყვანი ეცი და მხოლოდ მას ემსახურე.“ (მათე, 4:10; იხ. რჯლ. 6:13). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს. „რათა ყველანი პატივს სცემდნენ ძეს, როგორც პატივს სცემენ მამას, რადგან ვინც პატივს არ სცემს ძეს, პატივს არა სცემს მამასაც, მის მომავლინებელს.“ (იოანე, 5:23); „ვინ არის, უფალო, რომ ვიწამო იგი? უთხრა მას იესომ: შენ გიხილავს იგი, და ვინც გელაპარაკება, ის არის. ხოლო მან თქვა: მწამს, უფალო; და თაყვანი სცა მას.“ (იოანე, 9:36-38). „ასევე, როცა პირმშო შემოჰყავს ქვეყნად, ამბობს: დე, თაყვანი სცეს მას ყველა ანგელოზმა ღმრთისა.“ (ებრ. 1:6). (სიტყვა - პირმშო ეწოდება პირველდაბადებულს, პირველშობილს, იმის და მიუხედავად მას სხვა შვილი ან შვილები მოყვება თუ არა, ამის გარდა მას ეწოდება ასევე „მხოლოდშობილი“, იგია მამის როგორც პირმშო ასევე „მხოლოდშობილი ძე“). ამგვარად, იესო ქრისტეს პატივს ვცემთ, როგორც მამის ერთარსსა და მის თანასწორს. იესო ქრისტეს თაყვანს სცემენ, როგორც მამას. „ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს“ (ეს. 45:23). აქ საუბარია მამა ღმერთზე. „ვცოცხლობ მე, ამბობს უფალი, და ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი, და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს.“ (რომ. 14:11); „რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი, და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი სადიდებლად ღმრთისა და მამისა.“ (ფილიპ. 2:10-11). ბოლო ორი მუხლი ეკუთვნის იესო ქრისტეს და გვიცხადებს, რომ იგი მამის თანასწორია. იესო ქრისტეს სახელის მომხმობი, ისევე როგორც მამისა, გადარჩება. „ყველა, ვინც კი ახსენებს მაშინ უფლის სახელს, გადარჩება.“ (იოვ. 3:5). ეს სიტყვები ეხება მამა ღმერთს. „რადგან ყოველი, ვინც უფლის სახელს მოუხმობს, გადარჩება.“ (რომ. 10:13; იხ. საქმე 2:21) - აქ კი იგივე სიტყვები ეკუთვნის იესო ქრისტეს. როგორც მამის, ასევე ძის სახელი შეეწევა მის მომხმობს. იესო ქრისტე ისევე მიუტევებს ცოდვებს, როგორც მამა. „ხოლო თუ არ მიუტევებთ ადამიანებს მათს შეცოდებებს, არც თქვენს შეცოდებებს მოგიტევებთ მამა თქვენი ზეციერი.“ (მათე, 6:15). ამ მუხლიდან ჩანს, რომ მხოლოდ ღმერთს შეუძლია ცოდვების მიტევება. „მათი რწმენა რომ იხილა, იესომ უთხრა დავრდომილს: შვილო, მოგეტევოს შენი ცოდვანი.“ (მარკ. 2:5); „ქალს კი უთხრა: მოგეტევა შენი ცოდვანი. ხოლო მისი თანამეინახენი გულში ამბობდნენ: ვინ არის ეს, ცოდვებსაც რომ მიუტევებსო?“ (ლუკ. 7:48-49); „ამას რას ამბობს? ღმერთსა ჰგმობს! ვის შეუძლია ცოდვათა მიტევება, გარდა ერთის - ღმრთისა?“ (მარკ. 2:7). ამგვარად, იესო ქრისტე, როგორც მამა ღმერთის ერთარსი და მისი თანასწორი პატივისა და დიდების მქონე, ასევე მოგვიტევებს ცოდვებს. იესო ქრისტე არის მამის მიერ შობილი და არა ქმნილი. „ჩემი ძე ხარ შენ, და დღეს მიშობიხარ შენ.“ (ებრ. 1:5); „ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, მხოლოდშობილმა ძემ, რომელიც იყო მამის წიაღში, მან გაგვიცხადა.“ (იოანე, 1:18). სიტყვები - „მიშობიხარ“, „მხოლოდშობილი“ - გვიჩვენებს, რომ იესო ქრისტე შობილია მამა ღმერთის მიერ უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და იგი არაა ქმნილება. ამიტომ იგია „ერთი ძე“ (მარკოზი, 12:6). ქრისტეს შობა მამისაგან და მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან ჯერ კიდევ მიქია წინასწარმეტყველმა გვაუწყა: „ეფრათას ბეთლემო... შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველთაგან იქნება მისი წარმოშობა, საუკუნო დღეებიდან.“ (მიქ. 5:1). მოყვანილი ციტატა ნათელყოფს, რომ „ხელმწიფის“ კაცური წარმომავლობა, როგორც ადამიანისა, იქნება „ბეთლემიდან“, ხოლო ღვთაებრივი წარმოშობა - „ძველთაგან, საუკუნო დღეებიდან“. იესო ქრისტე არის შობილი და არა ქმნილი. ქმნილებას აქვს დასაწყისი და დასასრული. იესო ქრისტე კი „იწოდა ღმრთის მიერ მღვდელმთავრად წესისამებრ მელქისედეკისა... დღეთა დასამაბისა თუ სიცოცხლის დასასრულის არმქონე.“ (ებრ. 5:10; 7:3). სიტყვები - „აბრაამზე უწინარეს მე ვარ“ (იოან. 8:58) - მიანიშნებს მის მარადიულობას. „უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა.“ (ფსალმ. 32:6) და მთელი ხილული და უხილავი სამყარო: მზე, მთვარე, ვარსკვლავები, ფრინველები, ანგელოზები და საერთოდ „ყველაფერი მის მიერ შეიქმნა, და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა.“ (იოანე, 1:3). „რადგანაც მასში შეიქმნა ყოველი, მიწიერიც და ზეციერიც; ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი - ყველაფერი მის მიერ და მისთვის შეიქმნა. ის არის ყოვლის უწინარესი, და ყველაფერი მისი მეოხებით დგას.“ (კოლ. 1:16-17). იესო ქრისტეს, ისევე როგორც მამას, ეწოდება ჭეშმარიტი ყოვლისშემძლე ღმერთი. „დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.“ (იოანე, 1:1); „უთხრა მას ფილიპემ: გვიჩვენე მამა, და საკმარისია ჩვენთვის. უთხრა მას იესომ: ამდენი ხანია თქვენთანა ვარ, და არ მიცნობ, ფილიპე? ვინც მე მიხილა, მამა იხილა. როგორღა ამბობ: მამა გვიჩვენეო?“ (იოანე, 14:8-9); „მიუგო თომამ და უთხრა მას: უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!“ (იოანე, 20:28); „მათნივე არიან მამანი, რომელთაგან ხორციელად არის ქრისტე, ღმერთი, ყველაზე ამაღლებული, კურთხეული უკუნისამდე.“ (რომ. 9:5); „უეჭველად დიდია ღვთისმოსაობის საიდუმლო: ღმერთი გამოჩნდა ხორცით, გამართლდა სულით, ეჩვენა ანგელოზებს, ქადაგებულ იქნა წარმართთა შორის, სარწმუნო იქნა ქვეყნისათვის, და ამაღლდა დიდებით.“ (1 ტიმ. 3:16); „...ვიყოთ მის ჭეშმარიტ ძეში, იესო ქრისტეში: ეს არის ჭეშმარიტი ღმერთი და საუკუნო სიცოცხლე.“ (1 იოანე, 5:20). „ძეზე კი: „ტახტი შენი, ღმერთო, უკუნითი უკუნისამდე, და კვერთხი სიმართლისა - შენი სუფევის კვერთხი“. „შეიყვარე სიმართლე და მოიძულე ურჯულოება, ამიტომაც გცხო ღმერთმა, შენმა ღმერთმა სიხარულის ზეთი უფრო უხვად, ვიდრე შენს თანაზიართ“. და: „თავდაპირველად შენ დააფუძნე, უფალო, მიწა, და შენი ხელით შეიქმნენ ცანი.“ (ებრ. 1:8-10). მეორედ მოსვლისას ქვეყნიერების განსაკითხავად მოსული იესო ქრისტე თვითონ უწოდებს თავის თავს ღმერთს: „მოვა ჩვენი ღმერთი და ნუმც დადუმდება; მის წინაშე მწველი ცეცხლია და მის ირგვლივ - ძლიერი ქარიშხალი. გამოიძახებს ცას ზევიდან და დედამიწას თავისი ხალხის სამსჯავროზე: შემომიკრიბეთ ჩემი წმიდანები, რომელთაც აღთქმა დადეს ჩემთან შესაწირავზე. და წარმოთქვამენ ცანი მის სიმართლეს; რადგან ღმერთია მსაჯული იგი. ისმინე, ჩემო ხალხო, და გელაპარაკები; ისრაელო, გაგაფრთხილებ შენ. მე ვარ ღმერთი, შენი ღმერთი.“ (ფსალმ. 49:3-7). როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, იესო ქრისტემ თავისი თავი მკვდრეთით აღადგინა. პავლე მოციქული იესოს შესახებ ამბობს, რომ „ღმერთმა აღადგინა იგი მკვდრეთით“ (საქმე, 13:30); პეტრე მოციქული კი ასე აცხადებს: „დე, იცოდეს ყველა თქვენგანმა და ისრაელის მთელმა ხალხმა, რომ იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით, და რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, მის მიერ დგას იგი მრთელი თქვენს წინაშე.“ (საქმე, 4:10). თავად იესო კი აცხადებს: „დაანგრიეთ ეს ტაძარი, და სამ დღეში აღვადგენ მას. მაგრამ ის გულისხმობდა თავისი სხეულის ტაძარს. ხოლო როდესაც მკვდრეთით აღდგა, გაახსენდათ მის მოწაფეებს, რომ ამას ეუბნებოდა მათ.“ (იოანე, 2:19, 21-22). ამგვარად, იესო ქრისტემ, როგორც ჭეშმარიტმა ღმერთმა, თვითონ აღადგინა თავისი თავი. პავლე მოციქული იესო ქრისტეს დიდ ღმერთს უწოდებს: „და მოველოდით ნეტარსა მას სასოებასა და გამოჩინებასა დიდებისა დიდისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა.“ (ტიტე, 2:13). იესო ქრისტეს ეწოდება დიდების უფალი: „სიბრძნეს, რომელიც ვერ შეიცნო ვერცერთმა მთავარმა ამა ქვეყნისა, ვინაიდან, რომ შეეცნოთ, ჯვარს აღარ აცვამდნენ დიდების უფალს.“ (1 კორ. 2:8). პავლე მოციქული იესო ქრისტეს ღმერთს და უფალს უწოდებს: „პავლე, მოციქული იესო ქრისტესი, ღმერთის, ჩვენი მაცხოვრისა და უფლის იესო ქრისტეს, ჩვენი სასოების, ბრძანებით.“ (1 ტიმ. 1:1). ახალ აღთქმაში მამა ღმერთის შეცნობა ხდება განკაცებული ღმერთის - იესო ქრისტეს მეშვეობით: „ჰრქუა მას იესუ: მე ვარ გზაჲ და მე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხორებაჲ; არავინ მოვიდეს მამისა, გარნა ჩემ მიერ. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. ამიერითგან იცით იგი და გიხილავს იგი.“ (იოანე, 14:6-7). „მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას (იოანე, 8:19) - ბრძანებს უფალი. იგი არის „ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი“ (გამოცხ. 22:13). „ვიხილე თუ არა, მის ფერხთით დავვარდი, როგორც მკვდარი, ხოლო მან თავისი მარჯვენა დამადო და თქვა: ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასკნელი; (გამოცხ. 1:17). იმავეს უწოდებს „იეჰოვას“ ესაია წინასწარმეტყველი: „მე ღმერთი პირველი და მომავალთა შინა მევე ვარ.“ (ეს. 41:4), „მე ვარ პირველი და მევე ამათსა შემდგომად, ჩემსა გარეშე არა არს ღმერთი“ (ეს. 44:6). იგივე სიტყვები მეორდება ესაიას 48–ე თავის მე–12 მუხლში. ძეს გააჩნია ღვთაებრივი თვისებები, ის რაც მხოლოდ ღმერთს ახასიათებს: იესო ქრისტეს ღვთაებრივი ყოვლისმცოდნეობა: ეს ყოვლისმცოდნეობა მოიცავს არა მარტო შექმნილ სამყაროს, არამედ ღმერთის – ზეციური მამის ცნობასაც. „არავინ იცის ძე, გარნა მამამან, არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან.“ (მათე, 11:27). ქრისტეს ერთ-ერთი თვისებაა ყოველგან მყოფობა: „რომელმან ყოველივე ყოველსა შინა აღავსო“ (ეფეს. 1:23), „სადაცა იყვნენ ორნი, გინა სამნი შეკრებულ სახელისა ჩემისათვის, მუნ ვარ მე შორის მათსა.“ (მათე, 18:20), „მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა“ (მათე, 28:20). ქრისტე უხილავად ცხოვრობს ყოველ მორწმუნეში: „რომელ არს ქრისტე თქუენ შორის“ (კოლ. 1:27), „ცხოველ–არს ჩემ თანა ქრისტე“ (გალ. 2:20), „მე მამისა ჩემისა თანა... და მე თქუენ შორის“ (იოანე, 14:20). ქრისტეს თვისებათაგანია მარადიულობა: „მადლითა, რომელი მომეცა ჩუენ ქრისტე იესოს მიერ უპირატეს ჟამთა მათ საუკუნეთა“ (2 ტიმ. 1:9) „და იგი თავადი არს ყოველთა წინა, და ყოველივე მის მიერ დამტკიცნა“ (კოლ. 1:17), იგია „მამა მერმეთა საუკუნოსა“ (ეს. 9:6). ვერავითარი ქმნილება ღმრთისა ვერ იქნება მამა მერმეთა საუკუნოსა, რადგან ყოველგვარი ქმნადობა დროში ხდება, ანუ არსებობას იწყებს ის, რაც ადრე არ არსებობდა. ქრისტე ღმრთაებრივ საქმეებს სჩადის, იგი მკვდრებს აღადგენს: „რამეთუ ვითარცა–იგი მამაჲ აღადგინებს მკუდართა და აცხოვნებს, ეგრეცა ძე, რომელთა ჰნებავს, აცხოვრებს.“ (იოანე, 5:21), „ჰრქუა მას იესო: მე ვარ აღდგომაჲ და ცხორებაჲ“ (იოანე, 11:25). იესო ქრისტეს ღვთაებრიობის წინაშე, ისევე როგორც მამის წინაშე, მუხლს იყრის ყოველი ზეციერი და მიწიერი. „ჩემკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა. ჩემი თავი მაქვს დაფიცებული, ჩემი პირიდან გამოვიდა სიმართლე და ჩემი სიტყვა არ გადაითქმის, რადგან ყოველი მუხლი ჩემს წინაშე მოიყრება, ყოველი ენა მე დამიფიცავს.“ (ეს. 45:22-23). - ეს მუხლები ეხება მამა ღმერთს. „ყველანი წარვსდგებით ქრისტეს მსჯავრის წინაშე, ვინაიდან დაწერილია: ვცოცხლობ მე, ამბობს უფალი, და ჩემს წინაშე მოიყრება ყოველი მუხლი, და ყოველი ენა აღიარებს ღმერთს. ამრიგად ყოველი ჩვენგანი თავის ანგარიშს ჩააბარებს ღმერთს (რომ. 14:10-12). „რათა იესოს სახელის წინაშე მოიდრიკოს ყოველი მუხლი, ზეცისანი, ქვეყანისანი და ქვესკნელისანი“ (ფილიპ. 2:10), - აქ კი იესო ქრისტეზეა საუბარი. იესო ქრისტე არის მამის ერთარსი და ორივეს წმინდა წერილში ეწოდება ღმერთი და მაცხოვარი. „ჭეშმარიტად შენა ხარ ღმერთი დაფარული, ისრაელის ღმერთი, მაცხოვარი“ (ეს. 45:15). „არ არის სხვა ღმერთი ჩემს გარდა: მართალი ღმერთი და მაცხოვარი ჩემს გარდა არავინაა.“ (ეს. 45:21). მოყვანილი მუხლები მამას ეხება. „გამოჩნდა სიტკბოება და კაცთმოყვარეობა მაცხოვრის ჩვენის, ღმრთისა, მან გვიხსნა ჩვენ არა მართალ საქმეთა გამო, რომელნიც აღვასრულეთ, არამედ თავისი წყალობით, ხელახლა შობის განბანითა და სულის წმიდის მიერ განახლებით, რომელიც უხვად მოგვფინა ჩვენ მაცხოვრის ჩვენის იესო ქრისტეს მიერ.“ (ტიტე, 3:4-6).
რამდენიმე მაგალითი ძველი აღთქმდან სადაც ბიბლია იესო ქრისტეს უწოდებს ღმერთს და უფალს: ესაია, 9:5; ესაია, 40:3,5; ესაია, 40:10–11; ეზეკიელი, 34:15; ლევიანნი, 26:12; დაბადება, 19:24; ზაქარია, 2:9-11; ზაქარია, 11:13; ზაქარია 12:10; იერემია, 23:5-6; იერემია, 33:14-16; ფსალმუნი, 15{16}:8; ფსალმ. 49:3–7; ფსალმუნი, 109{110}:5.
"ქრისტე ღმერთი სიბრძნითა და თავმდაბლობით იცნეს".
"კადნიერება ყველა ბოროტების დასაბამია".
"ბოროტი რომ ადამიანს დაეპატრონება, პირველად გონებას წაართმევს".
"ღვთის სახელის ხსენება უმიზეზოდ არ შეიძლება. ხშირად რომ ახსენებ მესამე მცნება ირღვევა".
იუდეველებმა რატომ ვერ იცნეს ქრისტე? "იცნეს, მაგრამ მათ მიწიერი დიდება უნდოდათ და ამიტომ არ მიიღეს".
"ვერც მე შეგიწყალო, ვერც უფალმა შეგიწყალოს, შენი თავი შენ თვითონ თუ არ შეიწყალე."
ღირსი მამა არქიმანდრიტი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი.
This post has been edited by არჩილჲ on 26 Oct 2015, 19:02
|