mRvdeli giorgi sxiladze
მღვდელი გიორგი სხილაძე

    
ჯგუფი: Members
წერილები: 2482
წევრი No.: 159730
რეგისტრ.: 19-January 13
|
#37515423 · 5 Aug 2013, 16:39 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვარი, მისი სახელწოდებიდან _ ღვთისმსახური _ გამომდინარე, ღვთის ნამდვილი მსახური უნდა იყოს ერისკაცზე მეტად, რადგან ზოგადად, ყოველი ადამიანი _ კაცი თუ ქალი, თავისი რწმენითა და ცხოვრებით ღვთის მსახური უნდა იყოს. მაგრამ როგორც მაცხოვრის თორმეტ ძირითად მოწაფეში თერთმეტი იყო ღვთის მსახური, ხოლო ერთი _ იუდა ისკარიოტელი _ ღვთის გამყიდველი, ასევე, ეკლესიაში მღვდელთაგან (დიაკონი, ხუცესი, ეპისკოპოსი) ზოგი მართლა ღვთისმსახურია, ხოლო ზოგი, ჩვენ დავარქმევდით _ ,,ღვთისბატონი“, რადგან უფალს კი არ ემსახურება, არამედ პირიქით, აქეთ ამსახურებს მას ან ვაჭრობს მისი სახელით ანუ ჰყიდის მას. დიახ, სამწუხაროდ, ღვთისმსახურებზე მეტად ,,ღვთისბატონები“ მოვმრავლდით თანამედროვე ეკლესიაში. ჩვეულებრივ, როგორც ზეციური ეკლესიაა წმიდა, ამქვეყნიური ეკლესიაც მისი მსგავსი უნდა იყოს იმ განსხვავებით, რომ ამ უკანასკნელში უნდა ხდებოდეს სულიერი ბრძოლა ღვთისმსახურთა და ღვთისბატონთა შორის. თუ ერი და ხელისუფლება სულიერებით გამოირჩევა, მაშინ გამარჯვებულნი პირველნი რჩებიან; ხოლო თუ არა და _ პირიქით, ან ასეთი ბრძოლა საერთოდ არ ხდება. ეს თვითგანწმენდა მიმდინარეობს საეკლესიო სამართლის მეშვეობით. ეკლესიის ძირითად კანონს (,,კონსტიტუცია“) წარმოადგენს მსოფლიო საეკლესიო წმ. კრებათა მიერ ჩამოყალიბებულ დოგმატთა კრებული (დოგმატიკა), ხოლო საეკლესიო სამართალს _ მსოფლიო და ადგილობრივ წმ. კრებათა (რომლებიც მსოფლიო კრებამ ცნო) მიერ დადგენილი კანონები (კანონიკა). ეკლესიის საკანონმდებლო ორგანოს წარმოადგენს მსოფლიო წმ. საეკლესიო კრება; აღმასრულებელს _ ადგილობრივი ეკლესიების სინოდები ანუ მღვდელმთავართა საბჭოები, ხოლო ზედამხედველობით-შემმოწმებელს _ საეკლესიო სასამართლო, რომელიც საეკლესიო სამართლის ,,კოდექსით“ ხელმძღვანელობს. ეს სამია საძირკველი ეკლესიისა, როგორც სულიერი სახელმწიფოსი. როგორია სახელმწიფო ამ სამი დაწესებულებიდან (საკანონმ-დებლო, აღმასრულებელი და სასამართლო) თუნდაც ერთის გარეშე? _ ასეთივეა ამქვეყნიური ეკლესიაც. რბილად რომ ვთქვათ, რაოდენ სამარცხვინოა, რომ საქ. ეკლესიაში დღემდე არ მოქმედებს საეკლესიო სასამართლო (!); მეტიც, ხშირად _ როგორც უკვე აღვნიშნეთ _ დასასჯელნი წინაურდებიან და პირიქით. და ეს ყველაფერი ხდება კერძო მისწრაფებებზე დაყრდნობით და არა საზოგადო სარგებლიანობის მიზნით. სასულიერო პირობა, თავისი ხარისხისდა მიხედვით, გახლავთ საეკლესიო თანამდებობა. რომელ საერო თანამდებობაზე დანიშნავენ თავისი საქმის უცოდინარ, უზნეო, ანგარ, უწიგნურ ან უბრალოდ, სულიერად ავადმყოფ ადამიანს? ან თუ ასეთი ,,გაეპარებათ“ დამნიშნავთ, აღმოჩენისთანავე არ ჩამოაცილებენ თანამდებობიდან? დანიშნულით ხომ დამნიშნავზე გვექმნება წარმოდგენა! ,,ნაჩქარევი ხელთდასხმისაგან თავი შეიკავე, ნუ ეზიარები სხვის ცოდვებს, და წმიდად შეინახე თავი“ _ აფრთხილებს მოციქული თანამოღვაწე ეპისკოპოსს (I ტიმოთ. 5,22). სამწუხაროდ, საქართველოში ეკლესიის წიაღში უფრო ადვილია თანამდებობის მიღება, ვიდრე ერში, როცა სამღვდელო პირის შერჩევა და მისი შემდგომი ზედამხედველობა უმკაცრესი მოთხოვნით უნდა ხდებოდეს, როგორც ეს საეკლესიო სამართლითაა განსაზღვრული. როგორც იტყვიან, ბავშვმაც კი იცის, რომ მღვდელი წმინდა კაცი უნდა იყოს. მას ორმაგად მოეთხოვება სჯულის განწესების დაცვა. მაგ., თუ ერისკაცი ან ქალი მრუშობის ან სიძვის ცოდვაში ჩავარდა, მას აქვს საშუალება, სინანულით აღსრულებული საეკლესიო სასჯელით _ წლების განმავლობაში უზიარებლობით ეს ცოდვა ეპატიოს (რა თქმა უნდა, განუმეორებლობის შემთხვევაში), ხოლო რაც შეეხება სასულიერო პირს, თუ ის ქალთან (და მით უფრო, კაცთან) დაეცა, თავისდაუნებურად კარგავს ღვთისმსახურების პატივს და ერისკაცთა რიგებში დგება; ე. ი. ის დაუყოვნებლივ უნდა განიკვეთოს საერთოდ მღვდლობიდან. და ეს უნდა აღასრულოს საეკლესიო სამსჯავრომ შესაბამისი კანონების მიხედვით. ამის შემდეგ, თუ იგი, ყოფილი მღვდელი, გულმხურვალე სინანულს გამოიჩენს _ ამ ცოდვისაგან განიწმიდება და გარდაცვალების შემდეგ, იმქვეყნად ეს ცოდვა აღარ მოეკითხება. თუკი, ვთქვათ, ასეთი ამ შეცოდების გამო მღვდლობაშივე დიდ სინანულში ჩავარდა _ მაინც შეუძლებელია მისი ხარისხში დარჩენა, რაც თავადვე აღარ უნდა იკადროს, რადგან ის დაეცა შვილთან, რამეთუ მღვდელმსახურისთვის, საკუთარი მეუღლის გარდა, ვისთანაც ჯვრისწერის საიდუმლოთია გაერთხორციანებული, ყველა შვილია მისი (ამისთვის უწოდებენ მას ,,მამა“-ს). ჩვენთან კი რა ხდება? ზოგჯერ მღვდელი ურწმუნო, ცრუმორწმუნე, მრუში, გაუნათლებელი, თამბაქოს მკმეველი (მწეველი) ან ნარკომანი თუა, მღვდელმთავართან თუ პიროვნულად კარგადაა და არაფერში უპირისპირდება, მის წარჩინება-დაწინაურებას (,,კარიერა“) საფრთხე არ დაემუქრება (და ეს მან წინასწარვე იცის)...
ეკლესიაში უღირსთა აღზევება და ღირსეულთა დევნა-შევიწროება, ჩვენს სინამდვილეში, საბჭოთა დროებიდან იღებს სათავეს. როცა ჩვენ ასე მწვავედ ვსაუბრობთ, ამით იმის თქმა არ გვსურს, რომ პატიოსანი მოძღვრები არ არსებობენ (ღმერთმა დაგვიფაროს!); ასეთები თვით კომუნისტურ დროშიც იყვნენ: დღეს _ მეტად, ხოლო მაშინ _ როგორც გამონაკლისნი. ,,სერგიანული“ საეკლესიო წყობა (,,სისტემა“), რაც სასულიერო ხელისუფლების ღვთისმგმობი საერო ხელისუფლებისადმი მორჩილებას გულისხმობს, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, მართლა მორწმუნე რომ ღვთისმსახური ვერ გამხდარიყო; ყოველ შემთხვევაში, დიაკვნად და ხუცესად თუ ასეთი ,,გაეპარებოდათ“, მთავარი ყურადღება ეპისკოპოსზე იყო მიპყრობილი, რადგან ეშმაკმაც იცის, რომ ეკლესია თავისი იერარქიული წყობით ,,ეპისკოპოცენტრულია“: მღვდელმთავრის ნებართვის გარეშე ხუცესს და მით უფრო, დიაკონს მსახურების უფლება არა აქვს; ეპისკოპოსის მნიშვნელობა იგივეა, რაც ჯარში _ მხედართმთავრისა, (,,გენერალი“). წმ. ამბროსი მედიოლანელის* სიტყვებით, სადაცაა ეპისკოპოსი, იქ არის ეკლესია; სადაც არ არის ეპისკოპოსი, იქ არაა ეკლესია. __________________ *თანამედროვე მილანი.
This post has been edited by mRvdeli giorgi sxiladze on 5 Aug 2013, 18:30
--------------------
მთავარში _ ერთიანობა, კამათში _ თავისუფლება და ყველაფერში _ სიყვარული! ნეტარი ავგუსტინე (ავრელიუსი; ეპისკოპოსი, ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, IV-Vსს..) ვეძიებ არა გამარჯვებას, არამედ ძმათა დაბრუნებას, რომელთაგან განშორება მტანჯავს (წმ. გრიგორი ნაზიანზელი; მთავარეპისკოპოსი, ღვთისმეტყველი, პოეტი, IVს.).
|