მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის (მმკ) წევრები, ჩემო საყვარელო ხალხო, სულაც არ არიან მართლმადიდებლები. ისინი ფსევდო-მართლმადიდებლები, ანომალური სექტოლოგიის სფეროს განეკუთვნებიან, რომელთაც მავანნი შუღლის გასაღვივებლად იყენებენ. არად მიაჩნიათ არამც თუ სხვა ერისა და კონფესიის გრძნობები, არამედ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა სინოდის განჩინებების წინააღმდეგაც მიდიან. ამ სექტით აუცილებლად უნდა დაინტერესდნენ შესაბამისი ორგანოები და აუცილებლად მიმაჩნია გაკეთდეს ოფიციალური განცხადება მათ მიმართ საპატრიარქოს მიერ. თუმცა თავად საპატრიარქოშიც ბევრი რამაა მოსაგვარებელი. კერძოდ, აუცილებელია ეპისკოპატის ლუსტრაცია.
მმკ - მართლმადიდებლ მოქალაქეთა კავშირი რუსეთის ფედერაციაში, მმკ - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი საქართველოს რესპუბლიკაში. ვინ ვინ არის?
იმდენად, რამდენადაც ქართულმა მმკ-მ და მისმა მესვეურებმა ამ ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებში აქტიური მონაწილეობით საფრთხე შეუქმნეს როგორც ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას, ასევე საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობას, უპრიანად მიმაჩნია ვისაუბრო ამ ორი, ეკლესიის გალავანს მიღმა მოქმედი, გაურკვეველი ფსევდო-მართლმადიდებლური ორდენის, კერძოდ ქართული მმკ-სა და რუსული მმკ-ს და მათი რელიგიურ-პოლიტიკური გენეოლოგიის შესახებ.
გავაკეთოთ ისტორიული ექსკურსი ქართული მმკ-ს მამისა და მარჩენალის - რუსული მმკ-ს წარმომავლობის შესახებ. კირილე ფროლოვი, როგორც თვითონ ამბობს, მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის დამაარსებელი და ხელმძღვანელია. იგივეს ამბობს ზაზა ნანობაშვილიც. ზაზა ნანობაშვილი ცნობილია როგორც მართლმადიდებლური კრებულის ხელმძღვანელი. პირველი იდენტობა. კირილე ფროლოვისა და ზაზა ნანობაშვილის საქმიანობის არსი გაჭრილი ვაშლივით გავს ერთმანეთს. და ეს იმ დროს, როდესაც რუსეთში მართლმადიდებელ მოქალაქეთა კავშირის საჭეთმპყრობელი უწმიდესი კირილეა, ხოლო საქართველოში მართლმადიდებლური კრებულის საჭეთმპყრობელი მისი უწმიდესობა და უნეტარესობა ილია II გახლავთ. აი, თვალსაჩინოება დემონოლოგიური ჩანაცვლებისა. პატრიარქებს ანაცვლებენ და პატრიარქთა ფუნქციებს ფროლოვი და ნანობაშვილი ინაწილებენ. ნანობაშვილი კი ბანს აძლევს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წმიდა სინოდში განხეთქილების მომხრე მღვდელმთავრებს. ზუსტად ასევე იქცევა კირილე ფროლოვი (იხილეთ მისი ბიოგრაფია
http://www.portal-credo.ru/site/?act=rating&id=28). ამ მრავალხმოვან რელიგიურ-პოლიტიკურ კომპოზიციაში ფიგურირებს საქართველოს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი, რომელსაც ლობირებს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის ზოგიერთი მღვდელმსახური, რომლებიც თავად არღვევენ წმიდა სინოდის დადგენილებებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ ბიზანტიურ გალობათა პრობლემა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდმა 2003 წლის 18 აგვისტოს სხდომის ოქმით განაჩინა: „ქართულ საეკლესიო გალობას ერისა და ეკლესიის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია და განაპირობებს მის სულიერ, ზნეობრივ და კულტურულ განვითარებას. ამა თუ იმ ხალხისთვის გალობა, ისევე როგორც ენა, წარმოადგენს თვითმყოფადობის გამომხატველ უმნიშვნელოვანეს საშუალებას. აქედან გამომდინარე, ისტორიულ ტრადიციებზე დაყრდნობით, ვაცხადებთ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში კანონიკური გალობა იყო და არის მრავალხმიანი ქართული ტრადიციული გალობა. მისი აღსრულება სავალდებულოა ყოველ ქართულ ტაძარში და ყველგან, ქართულ ენაზე აღვლენილი ღმრთისმსახურების დროს. მგალობელთა გუნდებს ეძლევათ ლოცვა-კურთხევა, რათა ე.წ. რუსული, ევროპული და ბიზანტიური გალობა ნახევარი წლის განმავლობაში შეცვალონ ქართული კანონიკური, მრავალხმიანი გალობით. საგალობლების თანდათანობით შეცვლას ზედამხედველობა გაეწევა საპატრიარქოს სამგალობლო ცენტრის მიერ. იმ მოძღვრის მიმართ კი, რომელიც დაარღვევს წმიდა სინოდის დადგენილებას, მიღებულ იქნება საეკლესიო სამართლით გათვალისწინებული ზომები“. მას შემდეგ ათი წელი გავიდა. ამავე საკითხზე მსგავსი დადგენილება წმიდა სინოდმა 2010 წლის 21 დეკემბერსაც მიიღო. კერძოდ, წმიდა სინოდის სხდომის კრების ოქმში ვკითხულობთ: „კრებაზე განიხილეს საეკლესიო გალობის ცენტრის წერილი, რომელშიც საუბარი იყო საქართველოს ეკლესიაში გალობასთან დაკავშირებულ ზოგიერთ პრობლემაზე. განაჩინეს: ა) საქართველოს საპატრიარქოში შემავალ ყველა ეკლესიაში წირვა-ლოცვა უნდა ჩატარდეს მრავალხმიანი ქართული გალობით. ბ) ამ გადაწყვეტილების დამრღვევთა მიმართ შემდგომში გამოყენებული უნდა იქნეს კანონიკური ზომები.“ მას შემდეგ სამი წელი გავიდა. პრობლემა კი პრობლემად დარჩა. დასჯითაც არავინ არ დასჯილა. პირიქით, მახსოვს ერთ-ერთი ბიზანტიურად მგალობელი მღვდლის დაჯილდოვება.
მიუხედავად წმიდა სინოდის ორგზის მიღებული განჩინებებისა ზემოთ ხსენებულ პრობლემასთან დაკავშირებით, ზოგიერთი სასულიერო პირი არამც თუ კანონიკურად ისჯება, პირიქით, შეუპოვრად განაგრძობს წმიდა სინოდის განჩინებათა საწინააღმდეგო ქმედებებს. სწორედ ეს სასულიერო პირები ლობირებენ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირს და დედაეკლესიიდან ტრანსფერი ეკლესიის გალავანს მიღმა ბუჩქებში განახორციელეს ანუ დედაეკლესიაში ყოფნა რაღაც გაურკვეველ კავშირში ყოფნაზე გაცვალეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ამ სასულიერო პირების მღვდელობა არამც და არამც არ ეგების, რამეთუ ისინი არა მარტო ადგილობრივი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებებს არღვევენ, არამედ მათი ქმედებით უგულებელყოფილია შვიდი მსოფლიო კრების განჩინებანი და მსოფლიო კრებებისაგან განჩინებული ანათემიზმების ქვეშ იმყოფებიან. ასევე არ ეგების მათ მფარველ მღვდელმთავართა მღვდელმთავრობა. ანაქსიოს! ამინ!
დედაეკლესიის ჭეშმარიტების კრიტერიუმებს წარმოადგენს: წმიდა წერილი, წმიდა ზეპირი გარდამოცემა, მოციქულთა კრების კანონები, შვიდი მსოფლიო საეკლესიო კრების დადგენილებები (ყველა ადგილობრივი კრების დადგენილება, რომელიც გამომდინარეობს ყოველივე ზემოთ ხსენებულიდან), წმიდა მამათა სწავლებანი, წმიდა მამათა განმარტებანი წმიდა წერილისა და ყველა საღვთისმსახურო წიგნი, რომელიც გამოიყენება დედაეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის. გამომდინარე აქედან, ყველა ნოვაცია და მოდერნიზმი დედაეკლესიის წინააღმდეგაა მიმართული და ამას საღვთისმეტყველო ენაზე ჭეშმარიტი სარწმუნოების განწვალება ეწოდება. ნუ იყოფინ!
ახლა გადავიდეთ ეკლესიის პოლიტიზაციის საკითხზე. წმიდა სინოდმა ასევე განაჩინა სასულიერო პირთა პოლიტიკურ აქციებში ჩარევის აკრძალვის შესახებ. „ეკლესია ყოველთვის იყო ქვეყნის გამაერთიანებელი ძალა და მისი ეს ფუნქცია დღეს, არჩევნების წინა პერიოდში განსაკუთრებით სჭირდება საქართველოს. ამიტომ კატეგორიულად მიუღებელია ღვთისმსახურთა მონაწილეობა რომელიმე პარტიის პოლიტიკურ აქციაში. ეკლესია არის საყოველთაო და მისი წევრია ნებისმიერი პოლიტიკური შეხედულების ადამიანი“ - ნათქვამია წმინდა სინოდის 05.07.2012 წლის განჩინებაში. მიუხედავად ამ განჩინებისა, სასულიერო პირები მღვდელმთავართა მეთაურობით აქტიურად მონაწილეობდნენ პოლიტიკურ აქციებში. ზოგი მღვდელმსახური აღსარების გათქმითაც კი იმუქრებოდა პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად. მათი მღვდელმთავრობა და მღვდლობა დიდი სჯულის კანონის მიხედვით არ ეგების. ნუ იყოფინ! ანაქსიოს! ანაქსიოს! ანაქსიოს!
მმკ რუსეთსა და საქართველოში თანაბარ მფარველობას განიცდიან ვიღაცისგან და ეს ვიღაცა ფსბ-ეა ან რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური. ბევრია მათ შორის, რომელთაც არა უწყიან რას აკეთებენ, მაგრამ მოთავეები ზედმიწევნით ზუსტად ასრულებენ აგენტებისა თუ ანტისემიტურ, რასისტულ და ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას. ნუ იყოფინ!
აქედან დასკვნა: ქართული და რუსული მმკ-ს საქმიანობა იმდენად ერთნაირია და ყველაფერში იდენტური ხასიათისაა, რომ ისინი საზოგადოების დემონიზაციის გარდა არაფერს აკეთებენ. ჩემი ღრმა რწმენით, ყველაფერს რომ თავისი სახელი დაერქვას საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდს საზოგადოებამ უნდა მიმართოს თხოვნით, რათა გაკეთდეს საყოველთაო ლუსტრაცია, ისევე, როგორც ეს გაკეთდა ბულგარეთში.
ღმერთმა ყველას გვიშველოს!
რას წარმოადგენს მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი (მმკ)?
ჭეშმარიტ მართლმადიდებელთა ჯგუფს. [ 47 ] [14.20%]
უაზრო და უსაქმურ ადამიანთა კავშირს. [ 79 ] [23.87%]
რელიგიური ექსტრემისტების დაჯგუფებას. [ 137 ] [41.39%]
რელიგიური ფუნდამენტალისტების ჯგუფს. [ 35 ] [10.57%]
სხვა (მიუთითეთ) [ 8 ] [2.42%]
არ ვიცი [ 24 ] [7.25%]
Total Votes: 330