ჯერ დაიცა, ბოლომდე უნდა დაგიკოპირო!
წაიკითხე აუცილებლად, არც ისე რთული გასაგებია, თუ რაიმე სამედიცინო ტერმინში დაიბნევი, აგერ ვართ. დარწმუნებული ვარ, მეტი რომ იცოდე ადამიანის ორგანიზმის შესახებ, უფრო საღი თვალით შეხედავდი აკრძალვებს და სხვა აზრს გამოიტანდი, არა სიტყვასიტყვითს...
და ერთი კითხვაც მაქვს შენთან:
სისხლის ღეროვანი უჯრედების გადანერგვასაც ეხება (ძვლის ტვინია ფაქტიურად, მაგრამ სისხლმბადი ქსოვილია) სისხლის შესახებ ბიბლიური აკრძალვა თუ არა?
ინტერვიუს გაგრძელება:
_ თითქმის ყველას გვსმენია გამოთქმა "იდეალური დონორი", "იდეალური რეციპიენტი". პირველი I ჯგუფის სისხლის მქონე პირთა მიმართ გამოიყენებოდა, ხოლო მეორე -IV ჯგუფის შემთხვევაში. თქვენი ნათქვამიდან გამომდინარე, შეხედულება, რომ I ჯგუფის სისხლი შეიძლება ნებისმიერი ჯგუფის მქონე პირს გადაესხას, როგორც ჩანს, შეიცვალა.
_ სისხლის გადასხმის დროს დაცული ზემოთ მოყვანილი პრინციპიდან გამომდინარე, 0 (I) ჯგუფის ადამიანები თეორიულად მართლაც უნივერსალური დონორები, ხოლო AB (IV) ჯგუფის პირები უნივერსალური რეციპიენტები არიან, თუმცა დღეს გამართლებულად მიიჩნევა მხოლოდ თანამოსახელე ჯგუფის სისხლის გადასხმა. ამ შეხედულებას სათანადო საფუძველიც აქვს: აღმოჩენილია სისხლის ქვეჯგუფები. მაგალითად, A (II) ჯგუფს აქვს ქვეჯგუფები A1, A2, ხოლო AB(IV) ჯგუფს -A2B. სწორედ მათი არსებობა განაპირობებს, რომ სხვა სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის უნივერსალურად მიჩნეული 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმისას შესაძლოა მოხდეს ერითროციტების აგლუტინაცია ანუ შეწებება. ამის გათვალისწინებით, უნივე-რსალური დონორისა და რეციპიენტის ცნებები ადრინდელ დატვირთვას აღარ ატარებს. დღეს ისინი, როგორც გითხარით, გამართლებულია მხოლოდ ერითროციტული მასის გადასხმისას, ხოლო მთლიანი სისხლის გადასხმის შემთხვევაში დონორი და რეციპიენტი აუცილებლად თანამოსახელე სისხლის უნდა იყვნენ. მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაშია დასაშვები 0 (I) ჯგუფის სისხლის გადასხმა ნებისმიერი სისხლის ჯგუფის მქონე პირისთვის და ისიც მცირე დოზით -დაახლოებით 400 მილილიტრამდე. გარდა ამისა, დღეს აღიარებულია პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი არსი იმაში მდგომარეობს, რომ უმჯობესია, პაციენტს ყოველთვის ერთი და იმავე, უკიდურეს შემთხვევაში, ორი ადამიანის სისხლი გადაესხას. რა თქმა უნდა, ასეთი პრინციპი შემთხვევითი არ არის. საქმე ის გახლავთ, რომ სისხლის გადასხმა, რომელსაც მოსახლეობა შეიძლება სრულიად უბრალო, მარტივ პროცედურად მიიჩნევდეს, ფაქტობრივად ქსოვილის ტრანსპლანტაციაა. სისხლის გადასხმის შედეგად შესაძლოა მოხდეს ორგანიზმის სენსიბილიზაცია, რასაც თან სდევს პოსტტრანსფუზიული (გადასხმის შემდგომი) გართულება. სწორედ ამ გართულებებს აგვაცილებს თავიდან პრინციპი "ერთი დონორი -ერთი რეციპიენტი". მისი დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა პაციენტის დაავადებიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე აუცილებელია სისხლის მრავალჯერადი გადასხმა ანუ განმეორებითი ჰემოტრანსფუზია.
_ გარდა სისხლის ჯგუფისა და რეზუსისა, რომელი ფაქტორების გათვალისწინებაა საჭირო დონორთა შერჩევისას?
_ დონორთა შერჩევისას მრავალ ფაქტორს იღებენ მხედველობაში. უპირველეს ყოვლისა, პირი, რომელსაც სურს სისხლი გაიღოს, არ უნდა იყოს 18 წელზე ნაკლები და 65 წელზე მეტი ასაკის. მნიშვნელოვანია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც, რომლის შესახებაც ელემენტარული წარმოდგენა რომ შეგვექმნას, დონორობის მსურველს უსინჯავენ პულსს, არტერიულ წნევას, სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას. დონორებად არ დაიშვება პირი, რომელსაც აქვს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, მძიმედ მიმდინარე ქრონიკული ბრონქიტი, შაქრიანი დიაბეტი. სისხლს არ იბარებენ, თუ ადამიანს გრიპისათვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნება. გარდა ამისა, როგორც წესი, მოწმდება სისხლის ინფი-ცირება შიდსის, C და B ჰეპატიტის ვირუსებით, ტარდება ვასერმანის რეაქცია, რათა გამოირიცხოს სიფილისი. საქართვე-ლოში მოქმედებს უსაფრთხო სისხლის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სისხლის შემოწმებას ამ ვირუსებით ინფიცირების გამოსარიცხად. ამ კვლევებს პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო აფინანსებს. ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსზე, C ან B ჰეპატიტის ვირუსებსა და სიფილისზე დადებითი პირის დონორობა დაუშვებელია. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ ეს არის მინიმალური, აუცილებელი გამოკვლევები. მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში მათი სპექტრი გაცილებით ფართოა. ამ საყოველთაოდ მიღებული კვლევების გარდა ჩვენს ინსტიტუტში ტარდება სისხლის შემოწმება Kel-1 ანტიგენზე. ეს ანტიგენი მოსახლეობის 6-7%-ში გვხვდება. საკმარისია, რეციპიენტს გადაესხას Kel-1 დადებითი ანტიგენის მქონე ერითროციტები, რომ მოხდეს სენსიბილიზაცია და ანტი-Kel-1 ანტისხეულების გამომუშავება. მეორედ ასეთი ანტიგენის მოხვედრა ორგანიზმში პოსტტრანსფუზიულ გართულებას გამოიწვევს.
_ როგორ ხდება გადასასხმელი სისხლის ან დონორის შერჩევა ექსტრემალურ სიტუაციებში?
_ ექსტრემალურ სიტუაციებში დონორის შერჩევის მიზნით აუცილებლად ტარდება სისხლის ჯგუფისა და რეზუსის განსაზღვრა, სისხლის შემოწმება შიდსის, B და C ჰეპატიტის ვირუსებზე, ვასერმანის რეაქცია (შემოწმება სიფილისზე). როგორი სასიცოცხლო აუცილებლობითაც არ უნდა იყოს განპირობებული ჰემოტრანსფუზიის საჭიროება, ამ გამოკვლევების გარეშე მისი ჩატარება დაუშვებელია. გამოუკვლეველი სისხლის გადასხმას დღეს არავითარი გამართლება არ აქვს.
_ რა შეიძლება მოჰყვეს შეუთავსებელი სისხლის გადასხმას? როგორი კლინიკური სურათი ვითარდება ამ დროს? რა ღონისძიებები ტარდება პაციენტის გადასარჩენად?
_ შეუთავსებელი სისხლის გადასხმა შეიძლება პოსტტრანსფუზიული გართულებების მიზეზად იქცეს. ადამიანმა, რომელსაც შეუთავსებელი სისხლი გადაუსხეს, შესაძლოა მიიღოს ისეთი ერითროციტული, ლეიკოციტური და თრომბოციტული ანტიგენები, რომ მათ წინააღმდეგ გამომუშავებულმა ანტისხეულებმა აღნიშნული უჯრედების დაშლა ანუ ლიზისი გამო-იწვიონ. მსგავს შემთხვევაში პაციენტს ეწყება აგზნება, ტაქიკარდია, სახე ეფარება ცივი ოფლით, უვითარდება ტკივილი მკერდის ძვლის, წელის არეში, უქვეითდება არტერიული წნევა. მოგვიანებით შეიძლება განვითარდეს თირკმელების უკმარისობა, სიყვითლე, შარდის გამუქება. ასეთ დროს სასწრაფოდ უნდა შეწყდეს სისხლის გადასხმა და ჩატარდეს შოკის საწინააღმდეგო მკურნალობა.
_ რამდენად არის მოსალოდნელი გართულებები სისხლის გადასხმისას, თუ გათვალისწინებული იქნება დონორისა და რეციპიენტის სისხლის ჯგუფი და რეზუსი?
_ სისხლის გადასხმის ანუ ტრანსფუზიის დროს მხოლოდ ჯგუფისა და რეზუსის გათვალისწინება საკმარისი არ არის. ჰემოტრანსფუზიის წინ ტარდება ინდივიდუალური შეთავსების სინჯი. ის შეიძლება არ ჩატარდეს, თუ ადამიანს სისხლი სიცოცხლეში პირველად უნდა გადაესხას, მაგრამ მეორედ გადასხმისას და შემდგომშიც ასეთი სინჯის ჩატარება აუცილებელია, რათა განისაზღვროს დონორისა და რეციპიენტის შეთავსება და გამოირიცხოს სისხლის გადასხმის შემდგომი გართულებები. წინააღმდეგ შემთხვევაში, გარდა ტრანსფუზიის შემდგომი გართულებებისა, მომავალში გაძნელდება შესაფერისი დონორის შერჩევა.
_ გარდა სისხლისა, რა შეიძლება გადაესხას პაციენტს? რას გულისხმობს ტერმინი "სისხლის პრეპარატები", "სისხლის შემცვლელები"? როგორ მოქმედებენ ისინი ადამიანის ორგანიზმზე?
_ ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ სისხლის გადასხმა ანუ ჰემოტრანსფუზია ქსოვილის ტრანსპლანტაციაა. მას შეიძლება გართულებებიც მოჰყვეს. ამ გარემოებამ ხელი შეუწყო ახალი მიმართულების -კომპონენტური თერაპიის განვითარებას. მისი პრინციპი მარტივია -პაციენტმა უნდა მიიღოს სისხლის ის კომპონენტი, რომელიც სჭირდება. დღეს მთლიანი სისხლის გადასხმა გამართლებულია მხოლოდ სისხლის მასიური დაკარგვის შემთხვევაში. კომპლექსური მოქმედების სისხლის პრეპა-რატებია ალბუმინი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ტრავმული და ოპერაციული შოკის, დამწვრობის დროს, სისხლის შედედების სისტემის კორექტორები -კრიოპრეციპიტატები, ფიბრინოგენი, თრომბინი; იმუნური მოქმედების პრეპარატები -გამა-გლობულინი, ანტირეზუს-გამაგლობულინი, გრიპის, სტაფილოკოკის საწინააღმდეგო გამაგლობულინები. სისხლის შემცვლელთაგან შოკის საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩევა პოლიგლუკინი, რეოპოლიგლუკინი. ეს უკანასკნელი სისხლის მიკროცირკულაციასაც აწესრიგებს. წნევის მატების ეფექტი აქვს და დიდხანს რჩება სისხლში ჟელატინოლი, დეზინტოქსიკაცი-ური ეფექტი აქვს ჰემოდეზსა და პოლიდეზს, პოტენციურად სისხლის მკვებავია ცილის ჰიდროლიზატები, გლუკოზისა და ელექტროლიტების ხსნარები. მართალია, ორგანიზმზე ზოგიერთი სისხლის შემცვლელის ზემოქმედების თავისებურებების შესახებ მოგახსენეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პაციენტმა თავად დაიწყოს მათი შერჩევა. ყოველ კერძო შემთხვევაში სისხლის შემცვლელების გადასხმის აუცილებლობისა და რეკომენდებული პრეპარატის განსაზღვრა მხოლოდ ექიმს შეუძლია პაციენტის მდგომარეობის გათვალისწინებით.
_ ბევრი მიიჩნევს, რომ გადასხმულ სისხლთან ერთად შესაძლოა დონორის ხასიათის თავისებურებები, ჰიპერტონია, სიმსუქნისადმი მიდრეკილება თუ სახსრების დაავადებები გადაეცეს. როგორია მედიცინის შეხედულება ამის თაობაზე?
_ სისხლი სამკურნალო საშუალებაა და არა გენეტიკური მასალა. ხასიათის თავისებურებების გადაცემა ჰემოტრანსფუზიის შედეგად წარმოუდგენელია. მსგავს ფენომენს მედიცინა არ ცნობს და, შესაბამისად, ამ კუთხით კვლევებიც არ ტარდება, მათ მიზანშეწონილობას არავინ აღიარებს. რაც შეეხება დაავადებების გადაცემას სისხლის გადასხმის შედეგად, როგორც აღვნიშნეთ, ამ თვალსაზრისით საყურადღებო შიდსი, B და ჩ ჰეპატიტი და სიფილისია. გულ-სისხლძარღვთა, სახსრების და შინაგან ორგანოთა სხვა დაავადებების გადაცემა ჰემოტრანსფუზიის შედეგად არ ხდება. მით უფრო, რომ, როგორც მოგახსენეთ, მსგავსი პათოლოგიების შემთხვევაში ადამიანს დონორობის ნებას არ რთავენ.
_ აქვს თუ არა მნიშვნელობა დონორის სქესს, წონას ან კანის ფერს? ხომ არ ამცირებს სისხლის ან მისი კომპონენტების სამკურნალო ღირსებას რომელიმე ჩამოთვლილი ფაქტორი?
_ არც ერთ ამ ფაქტორს ყურადღება არ ექცევა, ვინაიდან ისინი არ მოქმედებენ გადასასხმელი სისხლის თვისებებზე, არ ამცირებენ მის ეფექტურობას.
_ ნიშნავს თუ არა გარკვეული ჯგუფის სისხლი მიდრეკილებას ამა თუ იმ პათოლოგიისადმი, აღიარებს თუ არა მედიცინა სისხლის რომელიმე ჯგუფის უპირატესობას?
_ კვლევების შედეგად შესწავლილია სისხლის ჯგუფების განაწილება სხვადასხვა პათოლოგიის დროს. მაგალითად, ცნობილია, რომ 0 (I) ჯგუფის შემთხვევაში ხშირია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები. სისხლის რომელიმე ჯგუფს კი სხვებთან შედარებით არავითარი უპირატესობა არ გააჩნია, თუმცა მართლაც ბევრი მიიჩნევს, რომ I ჯგუფის სისხლი კარგია და წუხან IV ჯგუფის სისხლის გამო. ჯანმრთელობის თვალსაზრისით არც ერთი ჯგუფის სისხლს არ გააჩნია განსაკუთრებული ღირსება ან ნაკლი. სისხლის ოთხი ჯგუფი ერთმანეთისგან მხოლოდ ერითროციტული ანტიგენებითა და პლაზმაში არსებული ანტისხეულებით განსხვავდება. თუმცა არ შეიძლება, არ აღვნიშნოთ ერთი გარემოება: ყველაზე ხშირად -შესაბამისად 41%-სა და 38%-ში -გვხვდება 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი. შედარებით იშვიათია B (III) და AB (IV) ჯგუფის სისხლი -14% და 5-7%. ამის გამო სისხლის ბანკში, როგორც წესი, ჭარბობს 0 (I) და A (II) ჯგუფის სისხლი, ხოლო B (III) და AB (IV) ჯგუფი ხშირად დეფიციტურია. მოსახლეობის 84% რეზუსდადებითია, მხოლოდ 15-16%-ია რეზუსუარყოფითი. შესაბამისად, რეზუსუარყო-ფითი სისხლის შეხვედრის სიხშირეც დაბალია. როდესაც დგება სისხლის გადასხმის აუცილებლობა, 0 (I) და A (II) ჯგუფის რეზუსდადებით პირს უფრო დიდი შანსი აქვს დონორის პოვნისა, ხოლო B (III) და AB (IV) ჯგუფის, თანაც რეზუსუარყოფით პირს შესაძლოა დონორის მოძიება გაუჭირდეს. სწორედ ეს გახლავთ გარკვეული სისხლის ჯგუფისა და რეზუსდადებითობისა თუ უარყოფითობის "ნაკლი" და "უპირატესობა".
-შეიძლება თუ არა, რომელიმე ფაქტორის ზემოქმედებით ადამიანს სისხლის ჯგუფი ან რეზუსი შეეცვალოს?
-სისხლის ჯგუფი და რეზუსი მთელი სიცოცხლის განმავლობაში უცვლელია, თუმცა ბევრი აღნიშნავს, რომ სისხლის ჯგუფი შეეცვალა. მათ წლების წინათ ჩატარებული გამოკვლევის შედეგად იცოდნენ, რომ ერთი ჯგუფის სისხლი ჰქონდათ, მაგრამ შემდგომში გამოკლევით სულ სხვა ჯგუფი აღმოაჩნდათ. 1999 წლამდე სისხლის ჯგუფისა და რეზუსის საკვლევი დიაგნოსტიკუმები მთელ მსოფლიოში ადამიანის პლაზმისგან მზადდებოდა. ეს დიაგნოსტიკუმები მაღალი მგრძნობელობითა და სპეციფიკურობით არ გამოირჩეოდა, რაც ნიშნავს, რომ გამორიცხული არ იყო შეცდომა. დღეს საქართველოში სისხლის ჯგუფისა და რეზუსის დადგენა წარმოებს მსოფლიოს მოწინავე ქვეყნებში მიღებული მეთოდებით -მაღალი ხარისხის მონოკლონებით, გელ-ტექნოლოგიებით. მათი გამოყენება გამორიცხავს მცდარ პასუხს. სწორედ წარსულში მიღებული მცდარი შედეგი უქმნის ზოგიერთ ადამიანს ილუზიას, რომ მას სისხლის ჯგუფი ან რეზუსი შეეცვალა. სინამდვილეში მოხდა ამ მაჩვენებლების ზუსტი განსაზღვრა. აღნიშნულ საკითხზე საუბრისას არ შეიძლება უყურადღებოდ დავტოვოთ ერთი გარემოება: ძვლის ტვინის გადანერგვის ანუ ტრანსპლანტაციის დროს, რასაც ლეიკოზის მკურნალობისას მიმართავენ, განსხვავებული ჯგუფის ღეროვანი უჯრედების გადანერგვის შემთხვევაში ერთი ჯგუფის სისხლი შესაძლოა მართლაც შეიცვალოს მეორით. გარდა ამისა, დღეს შესაძლებელია სისხლის ჯგუფის ექსტრაკორპორალურად ანუ ორგანიზმის გარეთ ხელოვნური შეცვლა ბაქტერიებისგან მიღებული ენზიმების (ფერმენტების) ზემოქმედებით. კლინიკურ გამოცდას გადის აღნიშნული გარდაქმნისთვის შექმნილი აპარატურაც, თუმცა ეს ყველაფერი ჯერჯერობით სამეცნიერო კვლევათა სფეროა.
_ რამდენი სისხლის ან მისი პრეპარატის გადასხმაა შესაძლებელი?
_ სასიცოცხლო ჩვენებით, დიდი ოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში დასაშვებია სამ ლიტრამდე სისხლის გადასხმა, თუმცა ამ შეკითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა მაინც პაციენტის მკურნალს უნდა მივანდოთ.
_ სისხლის ყველა ჯგუფის შემთხვევაში უსაფრთხოა თუ არა დონორობა? ძნელი ხომ არ არის გაცემული სისხლის აღდგენა რომელიმე ჯგუფის ან უარყოფითი რეზუსის მქონე პირისთვის?
_ რომელიმე ჯგუფის სისხლი ან რეზუსუარყოფითობა დონორობის თვალსაზრისით არავითარ პრობლემას არ ქმნის. ჯანმრთელი ადამიანისთვის, რომლის დონორობაც დასაშვებია, 400 მილილიტრი სისხლის აღდგენა არავითარ სირთულესთან არ არის დაკავშირებული.
_ წინათ აუცილებლად მიიჩნევდნენ, ყველას განესაზღვრა სისხლის ჯგუფი და რეზუსი. პასპორტში სათანადო ოფიციალური ჩანაწერიც კი კეთდებოდა. დღესაც საჭიროდ ითვლება თუ არა ამ ინფორმაციის ფლობა?
_ ბუნებრივია, ყველამ უნდა იცოდეს თავისი სისხლის ჯგუფი და რეზუსი. სასურველია, არსებობდეს მისი დამადასტურებელი ჩანაწერიც, თუმცა კრიტიკულ სიტუაციაში სტაციონარში მოხვედრისას ეს მაჩვენებლები ყველა პაციენტს აუცილებლად ხელმეორედ განესაზღვრება.
ესაუბრა მარიკა დვალი, კოპირაიტიც მას და მკურნალი.გე-ს ეკუთვნით.
This post has been edited by ლაბარნა on 4 Jan 2014, 15:29
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)