http://www.ginsc.net/home.php?option=artic...d=28452&lang=ge ქალები და მათი ძალა _
აქცია სოციალურ ქსელში
ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა ფეისბუქზე წამოიწყო ერთობ საინტერესო აქცია. იდეა პატრიარქის საშობაო ეპისტოლეს შემდეგ გაჩნდა, სადაც ქალებისა და გოგონების მუშაობისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის დამაკნინებლად მოყვანილი იყო ფრაზა "თუ დიასახლისი ხარ და შვილებზე ზრუნვას გირჩევნია, სამსახური გქონდეს მხოლოდ იმიტომ, რომ უკეთესად გაერთო, თუ შენ არაფერს ერიდები, რათა კომფორტული ცხოვრება მოიწყო და არ გადარდებს ამისთვის სხვისი მსხვერპლად გაწირვა..."
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრის აზრით ასეთი ტერმინების გამოყენება არ არის სახიფათო და მათ ამხელა მნიშვნელობა არ უნდა მივანიჭოთ. მე, როგორც ადამიანის უფლებების სფეროში რამდენიმე წლის განმავლობაში მომუშავე ადამიანს, მაქვს გამოცდილება, და მიმაჩნია, რომ თითეული ასეთი, თუნდაც ერთეული მეტაფორის გამოყენება იწვევს ძალიან ბევრი სტერეოტიპის ჩამოყალიბებას, იწვევს ქალთა დისკრიმინაციის გაძლიერებას , ძალადობის ფაქტების გაზრდას.“-აცხადებს უფლებადამცველი.
ანამ სთხოვა ქალებს მოეყოლათ როგორია რეალურად ქალის ცხოვრება საქართველოში. ყველას, ვისაც სურვილი გაუჩნდებოდა, შეეძლო მოეყოლა საკუთარი ისტორია.
„ პროტესტს, ან რაღაცაზე რეაგირებას, სხვადასხვა ფორმა აქვს, ჩვენ ასეთი ფორმა ავირჩიეთ, უბრალოდ, გულახდილად გვესაუბრა, როგორია ჩვენი ცხოვრება. დავუშვათ, რომ ქალები საკმარისად არ ვლაპარაკობთ და აქამდე არ გაუგონიათ მათ ჩვენი ხმა, რომლებიც ფიქრობენ, რომ ქალის მიმართ შეიძლება გამოიყენ ფრაზა "სხვისი მსხვერპლად გაწირვა საკუთარი კომფორტისთვის". ამ ქალების რეალურ არსს და შესაძლებლობებს ვერ ხედავენ - როდესაც სრულ მორჩილებას ანუ უთანასწორობას მოითხოვენ, მაშინ როდესაც ამ ქალებს შეუძლიათ შეცვალონ მთელი ქვეყნის მდგომარეობა უკეთესისკენ. ჩვენ ზუსტად ჩვენი შვილების და ჩვენი ოჯახის კეთილდღეობისთვის ვიბრძვით და ვმუშაობთ რადგან მათთვის უკეთესი ცხოვრება გვინდა, ვიდრე ჩვენ გამოვიარეთ. ჩვენ ვერავინ შეგვიშლის ხელს ამ ქვეყნის გაძლიერებაში, იმიტომ რომ ეს ჩვენ და ჩვენს ოჯახებს ჭირდებათ და ჩვენ ამის ძალა გვაქვს. ამიტომ დავიწყეთ, უბრალოდ, ძალიან სპონტანურად იმის მოყოლა, როგორია ჩვენი ცხოვრება“.
7 იანვრიდან დღემდე ანას გვერდზე არა ერთი ისტორია გამოქვეყნდა. ჩვენ უცვლელად გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
მოკლედ, მართლა არ ვწუწუნებ! არაფერი მაქვს მე საწუწუნო - ოჯახში გავიზარდე, სადაც დამოუკიდებელ და ზრდასრულ ადამიანივით მექცეოდნენ სულ, ოჯახი შევქმენი და არც აქ გვაკლია თანასწორობა (თან მგონი ბევრ ადამიანს ჩემი მეუღლის მიმართ სტერეოტიპს ვუმსხვრევთ). არც მგონია, რომ ვინმეზე მეტს ვაკეთებ, ის კი არადა მგონია, რომ ბევრ სხვაზე მეტი შანსი მომცა ცხოვრებამ და გარემოს და ადამიანების წყალობით მოვახერხე ბევრი შესაძლებლობის გამოყენება!
თუმცა ბრმა უნდა ვიყო რომ ვერ ვხედავდე, როგორ იჩაგრება უამრავი გოგონა ან თავს იჩაგრავს, იმიტომ რომ სოციალურ როლს ახვედრებენ ასეთს - შეზღუდულს და შემზღუდავს, მომხმარებელზე მორგებულს, მეორეხარისხოვანს! სხვაგან სად მივდივარ, დედაჩემს უმაღლესი განათლების მიღებაზე უარი ოჯახმა ძმის ხათრით უთხრა, რომელსაც გეპეიში ერთი გამოცდა არ ჩაუბარებია თავისით და მესამე კურსზე სწავლა მიატოვა, მაშინ როდესაც დედაჩემს სწავლის გაგრძელება "ტექნიკუმიდან" უპრობლემოდ შეეძლო და რაც მთავარია უზომოდ უნდოდა... იმის მერე მუშაობს, სამი შვილი გაგვზარდა ერთ მოცუცქნულ ოთახში, მერე ნაქირავებ ბინაში, მამაჩემიც მხარში ედგა, მაგრამ დედაზე გადადიოდა იტალიური ეზოს გაყინულ წყალ სარეცხის რეცხვა, საერთო სამზარეულოში საჭმლის მზადება, ბაზარში სიარული... არცერთი შესაძლებლობა არ გაგვიშვია მე და ჩემს დებს ხელიდან - დედაჩემი ძალით მიგვათრევდა ზოგს სიმღერაზე, ზოგს ცეკვაზე, ზოგს მუსიკაზე, ინგლისურზე... სამკაული არ დაუტოვებია ქორწინების ბეჭდის ჩათვლით ჩვენი მასწავლებლებისთვის გადასახდელი ფული რომ მოეგროვებინა და ყველაფერი გაგვიკეთა, რაც მას დააკლდა! უხარია ახლა ჩვენი წარმატებები, მაგრამ რამდენად უფრო ბედნიერი და წარმატებული ადამიანი იქნებოდა, თავის დროზე რომ არ შეეზღუდათ და მიეცათ საშუალება საკუთარი სურვილები და შესაძლებლობები ბოლომდე გამოეყენებინა!
კიდევ ერთი ამბავი.დედაჩემი 1949 წელს დაიბადა. მას შემდეგ, რაც ბაბუა მეორე მსოფლიო ომიდან და ომის დამთავრების შემდეგ კიდევ რუმინეთში სამხედრო სამსახურიდან დაბრუნდა – სასტიკად აძენძილი ნერვებით და გაუსაძლისი ხასიათით. უკვე ასაკში შესულ ცოლ–ქმარს "შემთხვევით შემოეჩინა" დედაჩემი. ბებიას ეგონა, რომ კლიმაქსი ჰქონდა. როცა ფეხმძიმედ აღმოჩნდა, ბაბუა აბორტის გაკეთებას აიძულებდა. აბორტის გასაკეთებლად წასული უკან დაბრუნდა, გადაწყვეტილებით, რომ მეოთხე შვილი მაინც გაეჩინა. ბაბუა იმუქრებოდა, არ ვაცოცხლებ, მაგისთანებს ვხოცავდი ომშიო?
სისხლისმსმელი მტარვალი არ იყო, მის შესახებ ბევრი ძალიან თბილი და კეთილი ამბავიც შემონახულა. ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, მირჩევნია ეს ომში გადატანილ საშინელებებს მივაწერო. დედა გაჩნდა და მამის ნებიერადაც იზრდებოდა საბოლოო ჯამში. თუმცა, მეშვიდე კლასში დაობლდა და ოჯახს ამის მერე კიდევ უფრო მძიმე პერიოდი დაუდგა. ბებიაზეც დავწერდი ვრცლად, მაგრამ ერთი სტატუსისთვის ძალიან ბევრი გამომივა, ამიტომ ჯერ დედაჩემით შემოვიფარგლები.
დედაჩემს, პირადად და პერსონალურად, ერთი შეხედვით ყველაფერი ჰქონდა, რომ ბედნიერი და წარმატებული ყოფილიყო – ძალიან ლამაზიც იყო, ძალიან ჭკვიანიც, ძალიან კეთილიც და ძალიან ლაღიც. მაგრამ, როგორც ხშირად ხდება ხოლმე, ყველაფერი ისე არ წასულა, როგორც ერთი შეხედვით უნდა წასულიყო. თითოეული დღე იყო ბრძოლის და წვალების არსებობისთვის, თავის გატანისთვის, ადგილის დამკვიდრებისთვის.
მე მარტოხელა დედობის ეტაპიდან ვიცნობ. ამ დროისათვის პედაგოგიურ საქმიანობას აღარ ეწეოდა, სამშენებლო კომპანიაში მუშაობდა და ჩემთან ერთად სრულიად დაუძლურებულ, მოხუც დედასაც უვლიდა. 80–იანი წლების ბოლო, 90–იანი წლები. ბევრი სხვა ამბის გმირის მსგავსად, დილით სამსახურში გარბოდა, იქიდან მოსული ცდილობდა ერთი საათი წაეძინა, რადგან მერე ღამე უნდა ეთენებინა. შუქი, წყალი, გაზი, ღამღამობით იყო ხოლმე. უნდა ერეცხა, ელაგებინა, მეორე დღისთვის საჭმელი მოემზადებინა, ბებოსთვის მიეხედა, ჩემთვის წიგნები წაეკითხა, წაკითხულზე გვემსჯელა, თავისთვის წაეკითხა. ეს ერთი საათით წაძინებაც არ გამოდიოდა ყოველთვის, იმიტომ, რომ მაშინ მძინარე ადამიანი მკვდარი მეგონა და როგორც კი თვალებს დახუჭავდა, ტირილით ვსკდებოდი. როცა სკოლაში შევედი და მეორე ცვლაში ვიყავი, სკოლაში წასაყვანადაც და იქიდან გამოსაყვანადაც ცალ–ცალკე გამორბოდა სამსახურიდან. მერე მუსიკაზეც უნდა წავეყვანე და კიდევ ხან აქ და ხან იქ. გაკვეთილებს არ იბარებდა. მენდობოდა და მე ეს მწყინდა. მაშინ შეუმოწმებლად, უსიტყვოდ ნდობაზე მეტად ის უფრო მიხაროდა, როცა დავანახვებდი, რომ ამ ნდობას ვუმართლებდი. ქვეყანა კიდევ უფრო რომ აირია, ის სამსახურიც გაუქმდა, "კუპონი კუპონობდა" და საშუალოდ ცხოვრებას ვინ ჩივის, პირდაპირი გაგებით ლუკმა–პურის ფული იყო პრობლემა, რაც რამ ოდნავ ღირებული გვქონდა, ყველაფერი გაყიდა.
ერთხელ ბაზარში ვიყავით. სოსისების დახლს რომ მივუახლოვდით, წინ ამეფარა (ჩემი უსაყვარლესი საჭმელი იყო, მაგრამ ვერ მიყიდიდა). შევამჩნიე და რაღაც ეშმაკად უკვე სახლში მისულმა ვუთხარი, რატო ამეფარე, არ მინდა სოსისი, აღარ მიყვარს–მეთქი. ბევრი იტირა. ამის მერე აღარ გამიზიარებია ჩემი დაკვირვებები, როცა ვხედავდი პატარა ეშმაკობებით როგორ ცდილობდა ჩემს დაცვას. აღარც იმას ვიმჩნევდი, როცა ხანდახან ღამით მეღვიძებოდა და ვხედავდი, ტიროდა. როცა ასეთ რაღაცეებს ვხედავდი და ვამჩნევდი, ეს უფრო მტკივნეული იყო მისთვის. მაინც ახერხებდა, რომ რაც აუცილებელი იყო, ყველაფერი მქონოდა.
პატარა კაფეში დაიწყო მუშაობა. დილიდან შუა ღამემდე იქ იყო. ამასობაში მე გარდატეხის ასაკი მქონდა, გავრთულდი და გავძნელადაღსაზრდელდი, რატომღაც და ჩემდა სამარცხვინოდ მამაჩემის თუ უმამობის ტკივილი და აგრესია დედაჩემზე გადამქონდა. წუხელ მესიზმრა, მამაჩემი სამების ტაძარში დავინახე მღვდლების ჯგუფში, მარტო თავი უჩანდა, ისიც მღვდელი იყო და მერე ამას დედაჩემს ტირილით ვუყვებოდი ვითომ. დიდი სიზმარი იყო, ბევრი დეტალი აღარ მახსოვს საკუთარ არაცნობიერში უფრო ეფექტურად საქექად. ამან კიდევ ერთხელ გამახსენა, საკმაოდ გვიან რომ გავაცნობიერე, საიდან, როდის და რატომ გამიჩნდა პირველი პროტესტი ეკლესიისა და მღვდლების მიმართ. მაშინ, როდესაც ჩვენ არსებობისთვის ვიბრძოდით, საკმაოდ შეძლებული მამაჩემი ერთობ ეკლესიურ ცხოვრებას ეწეოდა, ჩემს მიმართ დანაშაულის გრძნობას (ამ გრძნობის შესახებ თავად აქვს ნათქვამი) აღსარებებით, ეკლესიის რემონტებით, სასულიერო პირებისთვის ნადიმების მოწყობით იქარვებდა. მოკლედ, იმ ეკლესიის მსახურნი, რომლის მრევლიც იყო, მისი ჯიბით არსებობდნენ. მათივე თვალწინ, რამდენიმე თვეში ერთხელ ამ ეკლესიაში დამიბარებდა, რამდენიმე წუთით და 100 ლარს მაჩუქებდა ხოლმე. იყო ამაში "რაღაც" ძალიან დამამცირებელი. თუმცა, მაშინ მის მიმართ საყვედურს ხმამაღლა ვერ დამაცდენინებდით, რაღაც აღმატებული არსება იყო ჩემთვის, რომელიც გადაულახავად დისტანცირებულად, მაგრამ უპირობოდ მიყვარდა.
სკოლას ვამთავრებდი, აბიტურიენტი ვიყავი, მერე სტუდენტი. ახლა კიდევ მეტი ფული მჭირდებოდა აუცილებლობებისთვის.
დედამ სახლში პატარა სასურსათო მაღაზია გახსნა. სად დედაჩემი და სად "ბიზნესი", მაგრამ ისიც მიჩვეული იყო და მეც ამას მასწავლიდა, რომ ავად თუ კარგად საკუთარი თავის პატრონი თავად უნდა ყოფილიყავი. მაღაზიაში გამყიდველიც თვითონ იყო, დამლაგებელიც, მტვირთავიც და მომმარაგებელიც. ჯანმრთელობა შეერყა. მუდმივად დაღლილი და გასავათებული იყო. როგორც კი ინათებდა, უნდა წამომხტარიყო, მაღაზია მოეწესრიგებინა, გაეღო და ძალიან გვიანობამდე ემუშავა, შუაღამემდე, სანამ არ დავარდებოდა, იმიტომ, რომ ჩვენი პატარა მაღაზია მეზობელი დიდი მაღაზიების კონკურენციას ვერ უძლებდა და როცა ისინი იკეტებოდა, ცოტა რამ მაშინ შემოდიოდა. მაღაზიის გვერდით ოთახში ეძინა დედას და ღამის პირველ და ორზე ჩაძინებულს, 6 საათზე ასადგომს, ხან, 3, ხან 4 და ხან 5 საათზე ქილა ლუდის თუ ჩიპსების გამოც უკაკუნებდნენ და აღვიძებდნენ ხოლმე.
მერე მე ჩემი პატარა შემოსავალი გამიჩნდა და დედაჩემი ჩემთან გადმოვიყვანე. თუმცა, დღემდე ვერ მოვახერხე, მისთვის ისეთი უზრუნველი სიბერე შემექმნა, როგორსაც იმსახურებს. მაინც ამოვთხრი, თუმცა ჩემი ამბავი აქ ჯერ მოსატანიც არ არის.
ასე "ვერთობით" და "ვქარაფშუტობთ" ჩვენი ოჯახის ქალები დასაბამიდან დღემდე.
„მეც მომინდა შევუერთდე ამ საერთო ქალურ ალიაქოთს

მე მარტო ვზრდი ჩემს ორ შვილს.ჩემსას იმიტომ რომ მათი მამა აცხადებს რომ თუ მასთან ვიცხოვრებთ, მხოლოდ მაშინ იქნებიან მისები

უკვე 6 წელია დილა, შუადრე, ღამე და შუაღამე ერთმანეთში მაქვს არეული.დილით ორივეს სკოლაში ვუშვებ, თმადაუვარცხნელები რადგამ მარტო ჩვენ არ ვართ ამასაც ვიტყვი რომ ხშირად ასეც ხდება

შემდეგ ვიწყებ წინა დღის გეგმების განხორციელებას, სამუშაო, გასვლა, საქმეები, უნდა მოვასწრო ყველაფერი ისე რომ 3 საათიდან თუ არა 6–7 სთვის მაინც შინ ვიყო, რომ ჩემმა დედობის გრძნობამ არ მისაყვედუროს. ვერ ვერგები ისეთ სამსახურს სადაც დილიდან 6–მდე სამსახურში არიან, რადგან ჩემს შვილებს ვერ ვტოვებ ასე ღვთის სინაბარა. სადილი ხშრად გაუკეთებელი მრჩება, გადასახადები გადაუხდელი. გათიშული გაზი და დენი ჩვენს სახლში შფოთვას აღარ იწვევს,რადგან ბავშვებმა იციან, რომ ფულს შოვნა და შემდეგ გადახდა უნდა, რომელიც ყოველთვის არ გვაქვს.ძალიან მრცხვენია ხშირად შვილების რადგან ძალიან ბევრს ფიქრობენ შემოსავლებზე და გასავლებზე. ცდილობენ შრომა შემიმსუბუქონ.მე კი სულ გადაგლილი და გაღიზიანებული არ ვიყო. ის რომ საღამოობით მოსწავლეები მომდიან მათზე აისახება რადგან ამ საათებში ჩუმად უნდა იყონ. ჩემი დღის განრიგი რომელიც ხშრად კროსს უფრო გავს ვიდრე ცხოვრების რიტმს, ბევრად უფრო უარესი იყო წლების წინ როცა გამუდმებით ბაღში მრჩებოდნენ და იცოდნენ ჩემმა შვილებმა, რომ დარაჯსაც ისე უნდა ბავშვებთან ყოფნა როგორც მასწავლებელს და გაუხარდებოდა მათი დანახვა.ახლა ვიხსენებ და ძალიან ზნელი დღეები გამახსენდა რომელსაც მიკვირს როგორ გავუძელი.ჩემთვის არც მეორე ნახევართან ცხოვრება იყო რამით განსხვავებული.პირიქით ამ ყველაფერს დამატებული მოსავლელი არსება რომელიც მუდმივად გსაყვედურობს და ჩხუბობს.რა ვიცი ამაზე დაფიქრება არ ღირდა ანა მგონი.როცა ხვდები სქესი დაკარგე და რაღაც შუაში არარსებული ცხოველი ხდები“.
მრავალი მსგავსი საინტერესო ქალური ისტორიით აივსო ანა არგანაშვილის კედელი. აქცია, გრძელდება და ყველა მსურველს შეუძლია გამოაქვეყნოს საკუთარი ისტორია ანას კედელზე.
მე მგონი, ეს არის ანას ფეისბუქის კედელი:
http://www.facebook.com/anna.arganashviliმივესალმები, საინტერესო იდეაა, თუმცა საქართველოში ალბათ კიდევ უფრო საინტერესო აქციების მოფიქრებაც შეიძლებოდა.
This post has been edited by ლაბარნა on 10 Jan 2014, 23:07
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)