სახალისო ამოცანა
ორი გოგო ზღვაზე, ჩუმად თავისთვის, ნაუშნიკები, მუსიკა, ა.შ. გვერდზე ბიჭების ჯგუფი.
ერთ-ერთი (30+) მიდის გოგონებთან და ჩუქნის ატამს (

). ისინი ზრდილობიანად მადლობას უხდიან. მოგვიანებით ჩნდება მორიგი საჩუქრით, ამჯერად მზისგან დამცავი კრემით და გოგოებს ურჩევს წაისვან, თორემ "დაითუთქებიან". თან გულისხმიერად სთავაზობს თვითონ წაუსვას მიუხედავად იმისა, რომ "საქართველოში რაღაცნაირად უყურებენ ამ საკითხს" (ციტატა). გოგონები უარს ეუბნებიან, კვლავ ზრდილობიანად.
10 წუთში ისევ საჩუქარი - კოქტეილი ბარიდან. ისევ ზრდილობიანი უარი გოგოებისგან, თუმცა ხდება სახელების გაცვლა, "რა უბნელი ხარ", ა.შ.
ცოტა ხანში, ბიჭი ძმაკაცს რუსულად სთხოვს სურათი გადაუღოს ისე, რომ უკანა ფონზე ეს გოგონები გამოჩდნენ. ამაზე ერთ-ერთი გოგონა ეუბნება, რომ არ სურს ფოტოზე გამოჩნდეს და სთხოვს სხვაგან გადაიღოს.
ბიჭი, აშკარად თავმოყვარეობაშელახული, ერთხანს ჩუმადაა. მერე მეგობარს ისევ რუსულად ეუბნება, რომ ეს ორი გოგონა ნერვებს უშლის, ერთ-ერთი (სავარაუდოდ ის, რომელმაც ფოტოზე უარი უთხრა) განსაკუთრებით. გოგონები არაფერს იმჩნევენ.
ამის შემდეგ ძალებაღდგენილი კაზანოვა მთელი სითბოთი, სინაზით და უადგილო ფამილარობით კნინობით-ალერსობითი სახელით მიმართავს ერთ-ერთ გოგონას, რაზეც მოკლე და მშრალ პასუხს იღებს. საუბრის წამოწყებას რომ ისევ ცდილობს, ისევ და ისევ და ისევ, ყოველ ჯერზე მეტი ფამილარობით, ერთ-ერთი გოგონა ეუბნება, რომ მადლობელია ყველაფრისთვის, მაგრამ ახლა დასვენება ურჩევნია. ამაზე ბიჭი ილეწება და გოგონას ეკითხება გათხოვილი არის თუ არა, თუმცა პასუხს არ ელოდება და თავადვე ამბობს, რომ აშკარად არა, რადგან წნევა აწუხებს, თან წელსქვევით (ვოთევა ზეთ მინზ).
ამოცანა გვეკითხება: არის თუ არა ეს სექსიზმი?
ვარიანტები: ა) არის ბ) არის
ამოსახსნელად საჭიროა მრავალუცნობიან განტოლებათა სისტემა.
X - გამოკითხულთა (კაცები&ქალები) რამდენი პროცენტი გაამტყუნებს ბიჭს მოცემულ სიტუაციაში?
Y - რამდენი პროცენტი მიაწერს გოგონების საქციელს ე.წ. "გოიმი ქართველი გოგოების" ფენომენს?
Z - გამოკითხული ქალების რამდენ პროცენტს გაუჭირდებოდა იგივე სიტუაციაში ერთი შეხედვით ზედმიწევნით ზრდილობიანი ბიჭის არასასურველი საქციელის აღკვეთა იმის შიშით, რომ "გოიმ ქართველ გოგოდ" არ გამოჩნდეს.
α - იმათგან, ვინც ბიჭის ამ საქციელში განსაკუთრებულს არაფერს ხედავს, რამდენი გაიყვანდა იმ ბიჭს გარეთ "სალაპარაკოდ" საქმე რომ მათ დას/მეგობარს ეხებოდეს?
β - რა განსხვავებაა ამ ბიჭსა და დის დამცველ ბიჭებს შორის?
γ - რამდენს ეყო ამ ისტორიის წაკითხვისთვის ნერვები?
δ - წაკითხვის შემდეგ რამდენი გაიფიქრებს ჩემზე: "აუ რა დღეში აქვს ნერვები"
შენიშვნა: პერსონაჟის თვისებებისა და ძლიერი სქესისადმი ჩემი უსაფუძვლო ოპტიმიზმიდან გამომდინარე, სიტყვა "ბიჭი" გამოყენებულია ნაცვლად სიტყვისა "კაცი", რომელიც სხვა სიტუაციაში უფრო შესაფერისი იქნებოდა.