+1 (3 და მნებავთ თქუენი უწყებაჲ, რამეთუ ყოვლისა მამაკაცისა თავ ქრისტე არს;
ხოლო თავ დედაკაცისა - ქმარი; და თავ ქრისტესა - ღმერთი. )
რა შუაშია პატრიარქი საერთოდ არ მესმის, რამ გაგაბოროტათ ხალხნო. ცოლი რომ ქმარს უნდა ემორჩილებოდეს ამაზე კამათობს ვინმე?
ის ვთქვათ, რომ ჩვენ არ ვარგივართ, ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ისე, როგორც უნდა ვცხოვრობდეთ, ქრისტიანები გვქვია და ცხოვრების წესი სრულად განსხვავდება ქრისტესგან.
რა შუაშია პატრიარქი, როდესაც ქვეყანაში ქმარი და ცოლი კი არა, მამა და შვილიც კი არ ინდობს ერთმანეთს, ვისი ბრალია? ჩვენი ყველასი და ყველამ ჩვენს გულებში უნდა ჩავიხედოთ....
* * *
"ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების" 5(18) ოქტომბერი - გრიგოლ ხანძთელის ხსენების დღე
ხანძთის მახლობლად ცხოვრობდა სიმდიდრით, სიბრძნით და ახოვნებით შემკული აზნაური გაბრიელ დაფანჩული. წმიდა მამამ, გრიგოლ ხანძთელმა ტაძრის ასაშენებლად დახმარებისთვის მიმართა მას. გაბრიელმა სიხარულით მისცა წმიდა მამას ყველაფერი ქვითკირის ეკლესიის ასაშენებლად და კირითხურონიც დაახმარა. ასე აშენდა ხანძთის ძველი ეკლესია.
გაბრიელ დაფანჩულმა მეფე აშოტ კურაპალატს წარუდგინა გრიგოლ ხანძთელი. პატივითა და სიყვარულით შეიტკბეს ერთმანეთი წმიდა მეფემ და წმიდა მამამ. აშოტმა „შეწირა ადგილნი კეთილნი და შატბედრისა ადგილი აგარაკად ხანძთისა. არაბთა ბატონობისაგან სისხლდაწრეტილ და სასომიხდილ საქართველოში კლარჯეთის უდაბნო იყო სიცოცხლის მომნიჭებელი ოაზისი. აქ თავი მოიყარეს ერის საუკეთესო შვილებმა, საღვთო მადლით აღვსებულმა მამებმა.
ნეტარმა გრიგოლმა „განაწესა წესი თჳსისა ეკლესიისაჲ და მონასტრისაჲ, სიბრძნით განსაზღვრებული და მეცნიერებით განბრწყინვებული და ყოველთაგან წმიდათა ადგილთა გამორჩევით შეკრებული, ვითარცა საფასე დაულევნელთა კეთილთაჲ“.
მონასტრის ტიპიკონი მკაცრი იყო. მამა გრიგოლი „უდებთაგანს არ შეიწყნარებდა“. ძმების ქონებას შეადგენდა მცირე სარეცელი, შეურაცხი საგებელი და თითო სარწყული წყლისათვის. ბევრი მათგანი საერთოდ არ სვამდა ღვინოს, სხვანი კი მცირედს იხმევდნენ. სენაკებში ცეცხლს და სანთელს არ ანთებდნენ. თავად გრიგოლის სათნოებანი მხოლოდ უფალმა უწყოდა.
უფალი მრავალ სასწაულს ახდენდა ღირსი გრიგოლის ხელით. ერთხელ დეკანოზმა მნათეს უთხრა: „წადი მამა გრიგოლთან, გაიგე, სძინავს თუ ღვიძავს, ცისკრის ჟამიაო“. მნათე მივიდა გრიგოლის კელიასთან და ნახა, რომ სენაკიდან ნათელი გამოდიოდა. მან იცოდა, რომ ღირსი მამა არც ცეცხლს, არც კანდელს არ ანთებდა სენაკში და შეეშინდა, ეგონა ხანძარი იყო გაჩენილი, დეკანოზმა მნათე დაამშვიდა: „ნუ გეშინინ! არა არს იგი ცეცხლი შემწველი, გარნა სული ღმრთისა განმანათლებელი“, - მას ბევრჯერ ეხილა ეს დიდებული ხილვა. მართლაც, ხელაპყრობით ლოცვად დამდგარი წმიდანი მზესავით ბრწყინავდა და მისი სხეულიდან ნათლის ისარნი გამოდიოდნენ ჯვრის სახედ.
ერთ ზამთარს ძმები ტყეში იყვნენ გასულნი შეშისთვის. მოულოდნელად დიდი ხე მოცურდა და ის-ის იყო მოხუცებული ბერი უნდა გადაეჩეხა, რომ ღირსმა გრიგოლმა ჯვარი გადასახა მას და თქვა: „სახელითა ქრისტესითა დადეგ, ძელო!“ სიტყვამან მისმან, ვითარცა კლდემან უძრავმან, დააყენა ადგილსა მას მყაფარსა ზედა მოქანებული საშინელად“. ღირსი გრიგოლის ლოცვით მრავალი კურნება აღესრულა.
გრიგოლი მკაცრი დამცველი იყო ზნეობისა. მან ამხილა მეფე აშოტ კურაპალატი (ხს. 29 იანვარს), არ შეეპუა მის მაღალ თანამდებობას, იცოდა, რომ მეფის არსწორი ქმედება დამაბრკოლებელი და დამღუპველი იყო ერისათვის.
ღირს გრიგოლს უფლისგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მან კლარჯეთის უდაბნოს მონასტრებში სანთლები დაგზავნა და შეუთვალა, ელოცათ მისთვის. მიცვალების დღეს წმიდანთან მეუდაბნოე მამები მივიდნენ პატივის მისაგებად და კურთხევის გამოსათხოვად. გრიგოლმა აკურთხა მამები, უკანასკნელად დაარიგა და ლოცვით შეჰვედრა სული უფალს. ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი ანდერძისამებს, დაკრძალეს ხანძთის მონასტერში, ძმათა საფლავებს შორის.

ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე შუშანიკი სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასული იყო.
როდესაც მისმა ქმარმა, საქართველოში ირანის პოლიტიკის გამტარებელმა ვარსქენმა, უარყო ქრისტიანობა და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო, შუშანიკი გაემიჯნა ქმარს. ვარსქენმა ის საპყრობილეში ჩასვა და ულმობლად სტანჯა და გვემა იგი. შუშანიკი დიდი სულიერი მხნეობით გაუმკლავდა განსაცდელს და სახელი გაითქვა მთელს ქართლში.
ექვსი წელი გაატარა წმიდა შუშანიკმა ციხეში. ამ ხნის განმავლობაში არ შეუწყვეტია ლოცვა, მარხვა და სხვა ღვთის სათნო საქმეები. საპყრობილეში მყოფი, იგი თავად ამხნევებდა მის გასამხნევებლად მოსულ ქრისტიანებს, დახმარების მიღების მაგივრად თვითონ ეხმარებოდა გაჭირვებულებს. მისი ლოცვით ავადმყოფები იკურნებოდნენ, უშვილოებს შვილი ეძლეოდათ. შუშანიკის ლოცვით განიკურნა და მართად სარწმუნოებაზე მოექცა ერთი კეთროვანი სპარსი დედაკაცი. დედოფალი ყველაზე უფრო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირებამ შეაძრწუნა - „ტირილითა დიდითა... თავსა თჳსსა ქუე დამართ სცემდა“, მაგრამ მაინც სამადლობელი აღმოთქვა:
„ გმადლობ შენ, უფალო ღმერთო ჩემო, რამეთუ იყვნესვე არა ჩემნი, არამედ შენნი მოცემულნი იყვნეს. ვითარცა გნებავს, იყავნ ნებაჲ შენი, უფალო, და დამიცევ მე საქმეთაგან მტერისათა. “
სიკვდილის წინ წმიდა მოწამემ ყველანი დალოცა და ითხოვა, დაესაფლავებინათ იქ, საიდანაც პირველად გამოათრია უშჯულო ქმარმა, შემდეგ ფსალმუნის სიტყვები გაიმეორა:
„ კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ და დავიძინე“ და სული უფალს შეავედრა. “
სამღვდელოებამ და ერმა ნაწამები დედოფლის გვამი ნაანდერძევ ადგილას დაფლა.
VI საუკუნეში ქართველებმა შუშანიკის ნეშტი თბილისში გადმოასვენეს და მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში დაკრძალეს.
ქრისტიანობისა და სამშობლოს თავისუფლებისათვის წამებული შუშანიკი ქართულმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. შუშანიკის ღვაწლი და ცხოვრება აღწერა იაკობ ცურტაველმა (ხუცესმა).
ქართულმა მართლმადიდებლურმა, სომხურ-გრიგორიანულმა და რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიებმა წმინდანად შერაცხეს და ხსენების დღე 17 ოქტომბერი (ქართული და სომხური ეკლესია) და 10 სექტემბერი (რუსული ეკლესია) დააწესეს.
მათე 6:31 ნუ ჰზრუნავთ და იტყჳთ, რაჲ ვჭამოთ, ანუ რაჲ ვსუათ, ანუ რაჲ შევიმოსოთ? 32 რამეთუ ამას ყოველსა წარმართნი ეძიებენ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ გიჴმს ამათ ყოველთაგანი. 33 ხოლო თქუენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღმრთისასა და სიმართლესა მისსა, და ესე ყოველი შეგეძინოს თქუენ.