ლაბარნა
ტერმინოლოგიასაც გააჩნია

      
ჯგუფი: Moderators
წერილები: 12253
წევრი No.: 121777
რეგისტრ.: 29-September 10
|
#44957406 · 22 Jun 2015, 15:54 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ნაწყვეტები დაგლას ფუტუიამას წიგნიდან "ევოლუცია"
ფილოსოფიური საკითხები
ევოლუციის ფილოსოფიური და სოციალური შედეგების შესახებ ათასობით ფურცელი დაიწერა. დარვინს მიაჩნდა, რომ სახეობების ნებისმიერი თვისება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეიძლება შეიცვალოს და თან _რადიკალურად. აქედან გამომდინარე, მეცნიერი პლატონის და არისტოტელეს ესენციალიზმს დაუპირისპირდა და ცვლილებას მისი კუთვნილი ადგილი მიუჩინა. დარვინი სამყაროს სტატიკურ (უცვლელობის) აღქმასაც ეწინააღმდეგებოდა, ანუ ის არ თვლიდა, რომ სამყარო შემოქმედის იდეალური ქმნილებაა და არ იცვლება. სწორედ დარვინი განავრცობდა ცვლილების პრინციპს ცოცხალ არსებებზე და მათ შორის ადამიანებზე. შემთხვევითი, უმიზნო ცვლილების დარვინისეული თეორია და ბრმა ბუნებრივი გადარჩევის ცნება თითქმის ყველაზე მთავარ შეკითხვას, რომელიც „რატომ“ით იწყება, ახალ, რევოლუციურ პასუხს სცემს. დარვინამდე ფილოსოფოსები და ჩვეულებრივი ადამიანები „რატომ“ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას მიზანს იშველიებდნენ. ვინაიდან მხოლოდ განჭვრეტის უნარის მქონე გონებას შეიძლება ჰქონდეს მიზანი, ანუ ისეთ შეკითხვებზე, როგორიცაა „რატომ აქვთ მცენარეებს ყვავილები“, „რატომ არსებობს ვაშლის ხეები“, „რატომ ხდება მიწისძვრები და ეპიდემიები“, არსებობს ერთი პასუხი ღმერთს მათი შექმნისას გარკვეული მიზანი ჰქონდა. ასეთი განმარტება დარვინის ბუნებრივი გადარჩევის თეორიამ უსარგებლო გახადა. ორგანიზმთა ადაპტაცია, რაც დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა სამყაროს გონივრული პროექტის მტკიცებულებად, სრულიად მექანიკური მიზეზებით შეიძლება აიხსნას. ევოლუციური ბიოლოგისთვის მაგნოლიას მხოლოდ ფუნქცია გააჩნია და არა დანიშნულება. მაგნოლია არ შექმნილა ამ სახეობის გავრცელებისთვის და არც მისი მშვენიერებით ტკბობისთვის. მაგნოლიის არსებობის ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ნათელი ფერის ყვავილების მქონე მაგნოლია უკეთესად მრავლდება, ვიდრე შედარებით მუქი ფერის ყვავილის მქონე მაგნოლია. ამგვარი მატერიალისტური განმარტების სამწუხარო შედეგი ის არის, რომ თუ ადამიანის მოქმედებას არ ჩავთვლით, ბუნებრივ სამყაროში რაიმე პროექტის, მიზანის ან დანიშნულების პოვნა შეუძლებელია. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ მეცნიერების ნებისმიერი დარგი დარვინის მიერ ბიოლოგიისთვის შემუშავებულ აზროვნების წესს იზიარებს. ასტრონომები კომეტების ან ზეახალი ვარსკვლავების დანიშნულებას არ ეძიებენ და არც ქიმიკოსები იმტვრევენ თავს წყალბადური კავშირების არსებობის მიზანზე. დანიშნულების ცნებას მეცნიერულ განმარტებაში ადგილი არ აქვს.
ეთიკა, რელიგია და ევოლუცია
მეცნიერულ სამყაროში 100 წელზე მეტია ევოლუციურ რეალობას ეჭვქვეშ არავინ აყენებს, თუმცა ეს საკითხი აშშსა და სხვა ქვეყნებში კვლავ აქტიური პოლემიკის საგანია. კრეაციონისტული მოძრაობა საჯარო სკოლებში ევოლუციის სწავლებას ეწინააღმდეგება და კრეაციონისტული რწმენების სწავლებისთვის სულ მცირე იგივე დროის დათმობას მოითხოვს. წინააღმდეგობის მიზეზი ის არის, რომ ევოლუციური მეცნიერება ღმერთის არსებობას უარყოფს და შესაბამისად, არც მორალური ან ეთიკური ქცევის წესების საფუძვლიანობას აღიარებს. ისტორიის და ევოლუციური მექანიზმების ცოდნა სამყაროს შექმნის ბიბლიურ ისტორიებთან თუ მითებთან აშკარად შეუთავსებელია. ბიბლიის ზოგიერთი ტექსტი ფიზიკის, გეოლოგიის და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან წინააღმდეგობაში მოდის. მიუხედავად ამისა, ჩნდება შეკითხვა: უარყოფს თუ არა ევოლუციური ბიოლოგია ზებუნებრივ ყოფიერებას ან ადამიანის სულის არსებობას? ამ შეკითხვას უარყოფითი პასუხი აქვს, რადგან მეცნიერება, მათ შორის ევოლუციური ბიოლოგია, ასეთ შეკითხვებს დუმილით ხვდება. მეცნიერებას, საკუთარი ბუნებიდან გამომდინარე, მხოლოდ სავარაუდო ალბათობით განმეორებად მატერიალურ მოვლენებზე შეუძლია ჰიპოთეზების შემოთავაზება და კვლევა, ხოლო ზებუნებრივ ქმნილებებზე ან ბუნებრივ მოვლენებში მათ ჩარევაზე ვერაფერს გვეტყვის. ევოლუციური ბიოლოგია სახეობების გამრავლფეროვნების და ადაპტაციის მატერიალურ მიზეზებს გვატყობინებს, ისევე როგორც ფიზიკა მიწისძვრებს და მზის დაბნელებებს ხსნის. მეცნიერება ვითარდება და სამყაროში ზებუნებრივი შემოქმედის არსებობით სულ უფრო ნაკლები მოვლენა აიხსნება, მაგრამ მეცნიერებას მაინც არ ძალუძს არამატერიალური ყოფიერების უარყოფა ან დადასტურება. ზოგიერთი ბიოლოგი ღრმადმორწმუნე და რელიგიურია, ხოლო უამრავი არამეცნიერი, მათ შორის მღვდელი, რელიგიურ რწმენებს და ევოლუციურ შეხედულებებს ერთმანეთს უთავსებს. ეთიკური და მორალური წესები შეგვიძლია ყველგან ვეძიოთ, ოღონდ არა მეცნიერებაში და განსაკუთრებით ევოლუციურ ბიოლოგიაში. ევოლუციის ოპონენტების თანახმად, ბუნებრივი გადარჩევის შედეგად მომხდარი ევოლუცია ამართლებს პრინციპს „ძლიერი ყოველთვის მართალია“ და არაერთი დიქტატორი თუ იმპერიალისტი განავრცობს ბუნებრივი სელექციის „კანონს“ ადამიანებზე. მიუხედავად ამისა, ევოლუციურ თეორიას მოქმედების წესის შემოთავაზება არ შეუძლია. ისევე როგორც ყველა მეცნიერება, ევოლუციური თეორიაც აღწერს რეალურ სამყაროს და არა სამყაროს, რომელიც სასურველია არსებობდეს. ჰიპოთეზას, რომლის თანახმად, ყოველგვარი „ბუნებრივი კარგია“, ფილოსოფოსები ნატურალისტურ სოფიზმს უწოდებენ. სხვადასხვა ცხოველები სხვადასხვაგვარად მოქმედებენ და ამ მოქმედებას ვუწოდებთ თანამშრომლობას, მონოგამიას, კონკურენციას, შვილების მკვლელობას და ა.შ. ამგვარი მოქმედების დასაშვებობა და მორალურობა მეცნიერული საკითხი არ არის. ბუნებრივი სამყარო ამორალურია. გარდა ამისა, ბუნებრივი გადარჩევის და ევოლუციური პროგრესის ცნებები კარლ მარქსმა „ბუნების კანონებად“ მიიჩნია და მათი დახმარებით კლასობრივი ბრძოლა გაამართლა. მე19 საუკუნის მიწურულის და მე20 საუკუნის დასაწყისის სოციალდარვინისტებმა იგივე კანონებით ეკონომიკური კონკურენცია და იმპერიალიზმი გაამართლეს, ხოლო ბიოლოგმა ჯულიან ჰაქსლიმ კვლავ ეს კანონები მოიშველია და ჰუმანიტარიანიზმის დასაბუთება სცადა (Hofstadter 1955; Paradis and Williams 1989). ზემოთ ჩამოთვლილი მოსაზრებები ნატურალისტური სოფიზმის მაგალითებია და ფილოსოფიურად მათ გამართლება არ აქვთ. ლომების ან ლანგურების მიერ საკუთარი შვილების მკვლელობა იგივე მოქმედებას ადამიანებში არ ამართლებს და არც ევოლუციაა ადამიანური ეთიკის საფუძველი.
ევოლუცია, როგორც ფაქტი და თეორია
ევოლუცია ფაქტია, თეორია თუ ჰიპოთეზა? ბიოლოგები ხშირად „ევოლუციის თეორიაზე“ მსჯელობისას გულისხმობენ აბსოლუტურად სხვას, ხოლო ამ ფრაზის მნიშვნელობა არამეცნიერებს საკმაოდ განსხვავებულად ესმით. მეცნიერებაში ჰიპოთეზა ინფორმაციაზე დაყრდნობილი ვარაუდი ან მტკიცებულებაა, რაც შეიძლება ჭეშმარიტი იყოს. ჰიპოთეზა შესაძლოა თავდაპირველად არ იყოს სათანადოდ არგუმენტირებული, მაგრამ შემდგომში თანდათანობით მოიპოვოს არგუმენტები და ფაქტად იქცეს. კოპერნიკისთვის მზის გარშემო დედამიწის ბრუნვა საშუალო ალბათობის ჰიპოთეზა გახლდათ, თუმცა დღესდღეობით ჩვენთვის ეს ჰიპოთეზა ფაქტია. ფილოსოფოსების (და მეცნიერების) უმეტესობის შეხედულებით, ჩვენ რაიმეს აბსოლუტური შეცნობა არ შეგვიძლია. ჩვენს მიერ ფაქტებად წოდებული მოვლენები უბრალოდ კარგად არგუმენტირებული ჰიპოთეზებია და მათ რეალობაში დარწმუნებულები ვართ. ყოველდღიური გაგებით სიტყვა „თეორია“ დაუმტკიცებელ მსჯელობას ნიშნავს. ამ ტერმინს მეცნიერებაში განსხვავებული მნიშვნელობა აქვს. მეცნიერული თეორია ლოგიკურად ურთიერთდაკავშირებული, მტკიცებულებათა ჩამოყალიბებული, თანმიმდევრული სისტემაა. მტკიცება მონაცემებს და დასაბუთებას ეფუძნება. „ოქსფორდის ლექსიკონში“ ვკითხულობთ: „თეორია მოსაზრებების და მტკიცებების სისტემა ან სქემაა, რომელიც მოვლენების ან ფაქტების ერთობლიობას განმარტავს ან მისი შედეგია. თეორია ასევე კვლევის ან ექსპერიმენტის შედეგად დამტკიცებული ან მიღებული ჰიპოთეზებია, რომლებიც ცნობილ ფაქტებზეა პასუხისმგებელი. თეორია მტკიცებულებებიცაა, იმისი, რასაც ჩვენ ვიცნობთ ცნობილი ფაქტების, ზოგადი წესების ან რაიმე მოვლენის მიზეზების სახით“. მაშასადამე, ატომისტური თეორია, კვანტური თეორია და დედამიწის ქერქის (ფილების) ტექტონიკურობის თეორია ურთიერთდაკავშირებული იდეების დახვეწილი სქემაა, რომელიც გრავიტაციის ფენომენით დასტურდება. ზემოთ მოყვანილი განსაზღვრებების თანახმად, ევოლუცია ფაქტია. ევოლუციის ფაქტი ევოლუციური თეორიით აიხსნება. დარვინი წიგნში „სახეობათა წარმოშობა“ ორ ძირითად ჰიპოთეზას გვთავაზობს: 1) ორგანიზმები საერთო წინაპრისგან თანდათანობითი ცვლილებების დაგროვების შედეგად წარმოიშვნენ და 2) ევოლუციის მიზეზი მემკვიდრეობით ცვალებადობაზე მოქმედი ბუნებრივი გადარჩევაა. ამ ჰიპოთეზების დასადასტურებლად დარვინმა საკმაო არგუმენტები მოიყვანა. შემდეგ კი პალეონტოლოგიის, ბიოგეოგრაფიის, შედარებითი ანატომიის, ემბრიოლოგიის, გენეტიკის, ბიოქიმიისა და მოლეკულური ბიოლოგიის მრავალმა ექსპერიმენტმა ამ ჰიპოთეზის ჭეშმარიტება დაადასტურა. თანდათანობითი ცვლილების შედეგად საერთო წინაპრისგან სახეობათა წარმოშობის ჰიპოთეზა კარგა ხანია მეცნიერულ ფაქტად ითვლება. ევოლუციის თეორია განმარტავს, თუ როგორ ხდება ცვლილება და როგორ აძლევს დასაბამს წინაპარი განსხვავებულ შთამომავლობას. ჩვენ დღესდღეობით ვიცით, რომ მემკვიდრეობითი ცვალებადობის და ბუნებრივი გადარჩევის შესახებ დარვინის ჰიპოთეზები მართებულია, თუმცა ევოლუციის მიზეზი გაცილებით მეტია და თავად ბუნებრივი გადარჩევა თუ მემკვიდრეობითი ცვალებადობა გაცილებით რთული პროცესებია, ვიდრე დარვინი ფიქრობდა. ევოლუციის მიზეზების შესახებ არსებული მოსაზრებები, მათ შორის მუტაცია, გენების მიმოცვლა, იზოლაცია, შემთხვევითი ნეიტრალური მუტაცია, ბუნებრივი სელექციის მრავალი ფორმა და სხვა ფაქტორები ევოლუციის თანამედროვე თეორიას ანუ „ევოლუციურ თეორიას“ შეადგენს. ყველა მეცნიერული თეორიის ანალოგიურად ეს თეორიაც არასრულია, ვინაიდან ევოლუციის ყველა მიზეზი არავინ იცის და თეორიის ზოგიერთი დეტალი შესაძლოა არაზუსტი იყოს. მიუხედავად ამისა, თეორიის ძირითადი პრინციპები მხარდაჭერილია და ბიოლოგების უმეტესობა მათ აღიარებს.
This post has been edited by ლაბარნა on 22 Jun 2015, 16:00
--------------------
დუმილი არაა თანხმობის ნიშანი, ჭკუის ნიშანია; ორმხრივი ჭკუა კი თანხმობის საწინდარია © მე თვითონ :)
|