mavne.zura
Super Member

   
ჯგუფი: Registered
წერილები: 248
წევრი No.: 215262
რეგისტრ.: 4-March 16
|
#51438224 · 3 Oct 2017, 08:17 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
1. მიპასუხა ანგელოზმა, რომელიც ჩემთან იყო გამოგზავნილი, რომლის სახელია ურიელი.
2. მითხრა: ამ წუთისოფელს ჩაწვდა შენი გული და ახლა უზენაესის გზის შემეცნებას ფიქრობ?
3. ვთქვი, ასეა-მეთქი, ჩემო უფალო. მიპასუხა: სამი გზის საჩვენებლად ვარ შენთან გამოგზავნილი და სამ მსგავსებას დაგიდებ წინ.
4. თუ ამათგან ერთზე მაუწყებ რასმე, მეც გიჩვენებ გზას, რომლის ხილვა გსურს, და გასწავლი, საიდან არის ბოროტი გული.
5. ვთქვი; მაუწყე-მეთქი, ჩემო უფალო, და მაუწყა: მოდი, ამიწონე ცეცხლი, ან გამიზომე ქარის ქროლვა, ან უკუიხმე დღე, რომელიც გავიდა.
6. ვუპასუხე და ვუთხარი: დაბადებულთაგან ვის შეუძლია ამის გაკეთება, რასაც მთხოვ-მეთქი?
7. მან მითხრა: რომ მეკითხა რამდენი სამკვიდრებელია ზღვის გულში, ან რამდენი წყარო ქვესკნელის სათავეში, ან რამდენი წყაროა ცამყარს ზემოთ, ან რომელია სამოთხის შესასვლელები-მეთქი,
8. მეტყოდი: არც ქვესკნელში, არც ჯოჯოხეთში არასდროს ჩავსულვარ, არც ზეცად ავმაღლებულვარო.
9. ამიტომაც გკითხე ცეცხლისა და ქარის თაობაზე ან დღეებზე, რომლებიც გამოგივლია, და რომელთაგან არ შეგიძლია გამოცალკევება; შენ კი ვერ მიპასუხე.
10. მითხრა: რაც სიყრმიდანვე თან გახლავს, ის ვერ შეიმეცნე
11. და, აბა, როგორ შეუძლია მოიცვას შენმა ჭურჭელმა უზენაესის გზა, და ამ, უკვე გახრწნილ წუთისოფელში მყოფმა როგორ შეიმეცნოს უხრწნელება ჩემს წინაშე?
12. მე ვუთხარი: უმჯობესი იქნებოდა არ გავჩენილიყავით, ვიდრე უკეთურებებში გაგვეტარებინა ცხოვრება, გვეწვალა და არ გვცოდნოდა რისთვის-მეთქი.
13. ხოლო მიპასუხა: წავედი მინდვრის ტყეში და აჰა, ბჭობდნენ ერთმანეთში ხეები,
14. ამბობდნენ: მოდით, ზღვაზე გავილაშქროთ, რათა უკუიქცეს ჩვენგან და ტყისთვის ახალი ადგილები მოვიპოვოთო.
15. მსგავსადვე ზღვის ტალღებიც ბჭობდნენ ერთმანეთში, ამბობდნენ: მოდით, წავიდეთ, დავლაშქროთ მინდვრის ტყეები, რათა იქაც დავიმკვიდროთ ჩვენთვის ახალი ადგილებიო.
16. მაგრამ ამაო აღმოჩნდა ტყის განზრახვა, რადგან მოვიდა ცეცხლი და შთანთქა იგი.
17. ასე დაემართა ზღვის ტალღებსაც: ქვიშა გადაუდგა წინ და არ გაუშვა.
18. შენ რომ ყოფილიყავი მათი მსაჯული, ვის გაამართლებდი, ან ვის დასდებდი მსჯავრს?
19. მივუგე და ვთქვი: ფუჭი იყო ორივეს ბჭობა: მიწა ტყისთვისაა განკუთვნილი, და ზღვას კი თავისი ადგილი აქვს ტალღების სატარებლად.
20. მომიგო და თქვა: სწორად განსაჯე. რატომ არ განსაჯე ასე საკუთარი თავი?
21. როგორც მიწა ტყისთვის არის მოცემული და ზღვა - მისი ტალღებისთვის, ასევე, მიწის მკვიდრს მხოლოდ მიწაზე არსებულის შემეცნება შეუძლია; ცის მკვიდრთ კი იმისა, რაც ცაშია.
22. მივუგე და ვთქვი: გევედრები, უფალო, მომენიჭოს შემეცნების უნარი.
23. მე ხომ არ გეკითხები შენს უზენაეს საქმეებზე, არამედ იმაზე, რასაც ყოველდღე განვიცდით ჩვვნ: თუ რატომ მიეცა ისრაელი ხალხებს საგინებლად? ხალხი, რომელიც შეიყვარე, უღვთოთა ხელშია ჩაგდებული, ჩვენი წინაპრების რჯული დასაღუპადაა განწირული და აღარსად არსებობს დაწერილი მცნებები.
24. კალიასავით ჩავივლით ამ წუთაასოფელში და შიში და ძრწოლაა ჩვენი ცხოვრება, და აღარც მოწყალების ღირსნი ვართ.
25. მაგრამ რას უზამს თავის სახელს, რომელიც დაგვერქვა ჩვენ. აი, ეს არის ჩემი საკითხავი.
26. მომიგო და თქვა: რაც მეტს გამოიძიებ, ხშირად გაოცდები; რადგან სწრაფად გადის ეს წუთისოფელი.
27. ძნელად თუ აღსრულდება, რაც მომავალში მართალთათვის არის აღთქმული: რადგან წუთისოფელი უსამართლობით და უმტკიცობით არის სავსე.
|