იმედი უნდა გაგიცრუო

არაფერი განსაკუთრებული ამაში არ არის. მიმბაძველობა ზოგადი ადამიანური თვისებაა. ასევე ზოგადი ადამიანური საჭიროებაა ადამიანის არსებობის მიზნის ძიება. შესაბამისად, ნებისმიერი ნივთი, ქმედება ან აზრი, რომელიც რამენაირად დააკმაყოფილებს ამ ძიებას, გახდება პოპულარული.
თავად ის ეტაპი კაცობრიობის განვითარებისა, რა დროშიც რელიგიათა უმრავლესობა გავრცელდა, ხელს უწყობდა კიდეც ამ პროცესს. ადამიანი გამოსული იყო პირველადი საჭიროებების მოგვარების ეტაპიდან, ჰქონდა სახელმწიფოებრიობა, კლასობრივი დაყოფა, პროფესიები, ცოდნის მიღების სისტემა, მოკლედ, საზოგადოება დიფერენცირებული იყო, ყველას მიჩენილი ჰქონდა თავისი მიწიერი ადგილი. ამიტომ საზოგადოება იწყებდა აქტიურ ძიებას თავისი ყოფის სულიერი არსის გასარკვევად.
რადგან ადამიანს არ ჰქონდა მეცნიერული ცოდნა და არ შეეძლო აეხსნა რაღაცები, უბრალოდ იჯდა და იგონებდა, რაღაცებს თავისებურად განმარტავდა, ერთ იდეას მეორე იდეას უკავშირებდა. ვიღაცებს უკეთ გამოსდიოდათ ფანტაზიორობა და ერთი შეხედვით ლოგიკურად დალაგებულ ზღაპრებს თხზავდნენ. რადგან მოთხოვნა დიდი იყო ასეთ ზღაპრებზე, მოხდა მათი ჩაწერა და გავრცელება. მშიერმა საზოგადოებამ აიტაცა ზებუნებრივი ღმერთის იდეა.
ამას ხედავდა მმართველი პოლიტიკური ელიტა და ვინც მიხვდებოდა, რომ რელიგიური ნარატივის ხელში ჩაგდებით ხალხის კონტროლის ძალიან კარგი საშუალება ჩაუვარდებოდა ხელთ, ითვისებდნენ ამ რელიგიას, პირიქით ხელს უწყობდნენ მის ინსტიტუციონალიზაციას, ხოლო ამ ინსტიტუტს მთლიანად პოლიტიკურ მმართველობას უქვემდებარებდნენ.
ყველაფერი კი იმის ბრალია, რომ მეცნიერების განვითარებას დრო და დიდი რესურსები სჭირდება, ფანტაზიორობა კი ადვილია. ამიტომ ცნობიერების განვითარება ვერასდროს ეწეოდა რელიგიის განვითარებას. დროთა განმავლობაში მივიღეთ დიქოტომია - მატერიალურის და სულიერის. არადა ორივე ერთი და იგივეა.