vano_t
Super Crazy Member

     
ჯგუფი: Members
წერილები: 6356
წევრი No.: 35719
რეგისტრ.: 31-May 07
|
#58318388 · 2 Sep 2021, 09:33 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
Otherguylb
QUOTE | დათიკო
რანაირად არის შეუძლებელი წმინდანობა ადამიანის სიცოცხლეშივე, პავლე მოციქული პირდაპირ წერს "წმინდანებს მოგმართავთ ეფესოში"-ო.  |
მაგას მივუმატოთ, რას ვითხოვთ ლოცვებში:
შესავლის ლოცვები: მეუფეო ზეცათაო, ნუგეშინისმცემელო, სულო ჭეშმარიტებისაო, რომელი ყოველგან ხარ და ყოველსავე აღავსებ მადლითა შენითა, საუნჯეო კეთილთაო, მომნიჭებელო ცხოვრებისაო, მოვედ და დაემკვიდრე ჩვენს შორის და წმიდა მყვენ ჩვენ ყოვლისაგან ბიწისა და აცხოვნენ, სახიერო, სულნი ჩვენნი.
50-ე ფსალმუნი: "გული წმიდაი დაჰბადე ჩემთანა ღმერთო და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა." და "ნუ განმაგდებ მე პირისა შენისაგან და სულსა წმიდასა შენსა ნუ მიმიღებ ჩემგან." რომლებიც ზიარების წინა ლოცვის კანონის ჩანართებია.
ზიარების წინა კანონის 1-ლი ლოცვა: პური ცხოვრებისა საუკუნოსა მექმენინ ხორცი წმიდა შენი, მოწყალეო უფალო, და პატიოსანი სისხლი შენი, და სენთა მრავალფერთა განსაკურნებელად, ვითარცა მოწყალე ხარ. რას ნიშნავს სენთა მრავაფერთა განკურნება, თუარა განწმენდას და სიწმინდესთან მიახლოებას?
ზიარების წინა კანონის 2-ლი ლოცვა: კლდესა ზედა სარწმუნოებისასა დამამტკიცე, და განავრცე პირი ჩემი ზედა მტერთა ჩემთა, და ახარე სულსა ჩემსა, რათა ხმა-ვჰყო შენდა მომართ, მხოლოო რამეთუ არავინ არს წმიდა შენსა გარეშე ღმრთისა ჩუენისა. რას ნიშნავს ეს? იმას, რომ წმიდნანები არსებობენ, მოგვეთხოვება სიწმინდე, მაგრამ, ღვთის გარეშე შეუძლებელია ეს.
ნაკადულნი ცრემლთანი, ქრისტე, მომმადლენ მე ბილწებათა გულისა ჩემისათა განწმედად, რამეთუ წმიდითა სვინდისითა განათლებული სარწმუნოებით მოვიდე შიშით მეუფეო, ზიარებად საიდუმლოთა შენთა. რას ვითხოვთ აქ? გულში ჩაბუდებული სიბინძურისაგან განწმენდას, რადგანაც ასე გვეძლევა წმინდა სვინდისი (რომელიც ბერძნული სიტყვაა და ძველ ქართულ სახარებაში ყველგან გონებებად მოიხსენება) და მისი განათლება და ასე და ამგვარად სარწმუნოებით (მდოგვის მარცვლისოდენა სარწმუნოება რომ გვქონდეს, მთებს გადავდგამდითო, ეგრე არ არის სახარებაში) შევიდეთ სასუფეველში.
მოსატევებელად ცოდვათა ჩემთა მექმნენინ მე უხრწნელი ხორცი შენი, და საღმრთო სისხლი სულისა წმიდისა ზიარებად და ცხოვრებად საუკუნოდ, კაცთ-მოყვარეო, და ვნებათა და ჭირთაგან გამომხსნელ და მაცხოვარ. რას ნიშნავს ვნებათაგან განთავისუფლება, სული წმინიდს ზიარება და საუკუნო ცხოვრება?
ღირს-მყვენ ჩუენ უფალო ხორცსა შენსა ზიარებად დაუსჯელად, და სისხლსა შენსა პატიოსანსა-განწმედად სულთა და ხორცთა. და რათა მექმნეს განმანათლებელ გონებისა და ვადიდებდე, ქრისტე, სახიერებათა შენთა. რას ნიშნავს სულისა და ხორცის გაწმენდა და გონების განათლება? რომელი ჩვენგანია ამ ფორუმზე განწმენდილი სულისა და ხორცის ვნებებისაგან და რომელ ჩვენგანს აქვს განათლებული გონება, რომ საღვთისმეტყველებო საკითხებზე ვბჭობთ? მე არა ნამდვილად, მაგრამ დათიკოს? ამიტომაც, მე წმინდანთა სწავლებას ვიზიარებ მხოლოდ, სადაც ერთმნიშნველოვნად არის გამოხატული, რომ ადამიანი სიცოცხლეში აღწევს სიწმინდეს და არათუ შეუძლებელია ეს, არამედ აუცილებელიც.
ეს მარტო ზიარების წინა ლოცვების კანონის 1-ლი და მე-2 საგალობელია და თვით ეს ლოცვები სავსეა ამისთანა თხოვნებით. ვინც ზიარების წინა ლოცვებს კითხულობს და ხვდება რას ვთხოვთ ღმერთს, იმას როგორ შეუძლია ამტკიცოს, რომ სიცოცხლეში სიწმინდე შეუძლებელია, იმას არ ესმის რა წერია ზიარების წინა ლოცვებში და არ ესმის ნებისმიერი ღვთისმსახურების (მწუხრი, ცისკარი თუ საღვთო ლიტურგია იქნება) ლოცვების არსი.
ზიარების წინ მღვდელი რომ ამბობს იოანე ოქროპირის ლოცვას (რაც ჩვენც უნდა ვთქვათ გულებში): ... კვალად მრწამს, რამეთუ ესე არს თვით უხრწნელი ხორცი შენი, და ესე არს თვით პატიოსანი სისხლი შენი. შენ უკვე გევედრები, შემიწყალე მე, და შემინდევ შეცოდებანი ჩემნი, ნებსითნი, და უნებლიეთნი, სიტყვით, და საქმით, ცნობით და უმეცრებით, და ღირს-მყავ მე დაუსჯელად ზიარებად უხრწნელთა საიდუმლოთა შენთა, მოსატევებელად ცოდვათა, და ცხოვრებად საუკუნოდ, ამინ. რას ნიშნავს, რომ ვითხოვთ, უხრწნელ საიდუმლოებებთან ზიარებას და საუკუნო ცხოვრებას? ცოდვილს და განუწმენდავს ეძლევა ღვთის უხრწნელი საიდუმლოებები?
ეს ლოცვებს რაც შეეხება. ახლა წმინდანთა სწავლებებს რო გადავხედოთ (წმინდა წერილიდან დაწყებული და მერე კიდევ იქიდან მოყოლებული), უეჭველია ეს, რომ ადამიანს წმინდანობა მოეთხოვება. მართლმადიდებელმა უნდა წაიკითხოს იეროთეოს ვლახოსის "მართლმადიდებლური ფსიქოთერაპია", რომ გაიგოს რას ნიშნავს მართლმადიდებლობაში სულის მკურნალობა. იქ უამარვი წმინდა მამათა სწავლებებია მოყვანილი.
მაია ინდუაშვილს აქვს ნათარგმნი წმინდა მამათა საღვთისმეტყველო შრომები.http://www.bu.org.ge/x741?lang=geo
აი რას ამბობენ წმინდანები. წმინდა სვიმეონ ახალ ღვთისმეტყველი: რწმენა, ღვთისმოშიშება და მცნებათა აღსრულება სიწმინდის შესაბამისად გვეძლევა ადამიანებს. განწმენდილნი ღვთისმოსაობიდან ღვთის სიყვარულამდე ვმაღლდებით. ოდეს ღვთისმოშიშება ღვთის სიყვარულში გადაიზრდება, აი, მაშინ ჩაგვესმის საღმრთო ხმა: «რომელსა აქუნდნენ მცნებანი ჩემნი, და დაიმარხნეს იგინი, იგი არს, რომელსა უყუარ მე» (იოანე, 14,21). მაშ, გავიორკეცოთ ძალისხმევა, დაე, საქმეებშიც განგვიცხადდეს სიყვარული. თუკი ასე მოვიქცევით, ქრისტე, ვითარცა დაგვპირდა, შეგვიყვარებს. ოდეს ძეს ვეყვარებით, ვეყვარებით მამასაც (შდრ. იოანე. 14,23). ცხადია, მათ წინაუძღვის და სართულსა ქვეშე სახლისა ჩუენისა შემოვა და დამკვიდრება მამა, ძე და სულიწმინდა – ერთარსი სამება.
ზეგრძნობადით ჩვენ უფალი გვამწყალობლებს, ოდეს გვიბოძებს სულიწმიდის მადლს, რათა ამგვარი დასაჩუქრებით ის წყალობანი გვაგემოს, სიწმიდითა და სინათლით ყოველგვარ გრძნობადს რომ აღემატებიან. ვისაც უფალი არ განუცდია ვერაფერს შეიგრძნობს, ხოლო ვინც განიცადა უფალი, ყოველივეს გრძნობს და თვით გრძნობადზეც მაღლდება, ზემოდან დასცქერის მათ და არასდროს მოექცევა შეგრძნებათა ტყვეობაში.
არც ღვთისმეტყველნი არიან მონანულნი და ვერც მონანულნი გახდებიან ღვთისმეტყველნი. არამედ, რამდენადაც ვერ მისწვდება დასავლეთს აღმოსავლეთი, ეგზომ აღემატება ღვთისმეტყველება სინანულს. ავადმყოფს, თითოეულ დღეს ავადმყოფთა შორის რომ ატარებს, ანდა ღარიბ-ღატაკს, ძონძებში გამოხვეულს, მოწყალებისათვის ხელგაწვდილ მათხოვარს ჰგავს სინანულში მყოფი და ჭეშმარიტად სამონანიებო საქმიანობის აღმსრულებელი ადამიანი. ხოლო ღვთისმეტყველნი ემსგავსებიან მეფეთა პალატებში განცხრომაში მყოფ ბრწყინვალე მეფურ შესამოსელში მორთულ-მოკაზმულ, მარადჟამს მეფის თანმხლებ და მასთან მოსაუბრე პირთ, რომლებიც გარკვევით ისმენენ მეფეთ-მეფის ნაბრძანებსა თუ პირად ნება-სურვილებს.
ბრძენს დამოწაფებულნი ღმრთის შემმეცნებლებს მარადის შერაცხავდნენ შეურაცხადებად, თუმცა სინამდვილეში ცალმხრივი სიბრძნის გესლით მოშხამულნი თავად იყვნენ შეურაცხადნი, რომელნიც ღვთაებრივ მოციქულთა თქმით: «განაცოფა ღმერთმან» (I კორ. 1, 20), ხოლო საღვთისმეტყველო ხმამ ამგვარად შერაცხა: «არა არს ესე სიბრძნე ზეგარდმოსული, არამედ ქუეყანისა, მშჳნიერი და საეშმაკოჲ» (იაკ. 3, 15-16). ადამიანები, თუნდაც ღვთაებრივ ნათელში მოხვდნენ, ვერ შემძლებელ არიან საკვირველებათა ხილვისა, ხოლო ამ ნათელში დაბანაკებულთ, რომლებიც კიდეც ხედავენ და შეიმეცნებენ სასწაულებს, ხიბლში ჩავარდნილებად სახელდებენ, ნაცვლად იმისა, რომ თავად იმყოფებიან ხიბლში ღვთაებრივ სიკეთეთაგან განძარცვულნი.
ერთია წინ აღუდგე და შეება მტერს, მეორე – აღგავო პირისაგან მიწისა და საბოლოოდ იძლიო მათზე. პირველი განდეგილთა, კეთილშობილთა და ასკეტთა საქმეა, მეორე კი მშვიდთა და სრულქმნილთა. ამგვარი საქმიანობა მხოლოდ სიმშვიდის ნათელში ფეხშედგმულ წმინდანებს ძალუძთ. ისინი კი, რომლებიც მიხვდნენ თუ რაოდენ შორს არიან წმინდანებისაგან, ვალდებულნი არიან თვალი გაუსწორონ სიმართლეს და დაინახონ, რომ უფსკრულისაკენ მიემართებიან.
ვითარცა ზეციურ ძალთა გაბრწყინვება ხელეწიფება მხოლოდ უფალს თანმიმდევრულად, დასებისდა შესაბამისად და ღვთაებრივი ნათება მსჭვალავს პირველიდან მეორეს, მეორედან – მესამეს და ასე შემდეგ, ასევე სულიწმიდის კავშირით შედუღაბებული და შეკავშირებული ანგელოსები წმინდანებს აბრწყინვებენ და მიიმსგავსებენ დასებისდა მიხედვით. ის წმინდანები, რომლებიც შემდგომ გაჩნდებიან თაობიდან თაობაში, დრო და დრო, ძველ, წინამორბედ წმინდანებს მცნებათა ზედმიწევნით აღსრულების საფუძველზე ემსგავსებიან, უკავშირდებიან და ღვთისაგან დამწყალობლებულნი მათ მსგავსადვე ბრწყინდებიან. ასე და ამგვარად, აკინძულია ოქროს ჯაჭვი და ცალკეული, განუმეორებელი და განსაკუთრებული, წინამავალთან გადაბმულია რწმენით, ღვაწლითა და სიყვარულით. ასეთ ჯაჭვს, ღმერთივგანმტკიცებულს, ვერარა ძალა ვერ გასწყვეტს. ფარისევლურად პირმოთნე ან საქმეთაგან წარმოჩინდება დამნაშავედ, ან უეცრად დასნეულდება ვნებათაგან, ან გამოუსწორებელ დაუდევრობას გამოიჩენს რაიმეს მიმართ და ვერ მივითვლით ვითარცა უნაკლოს, არამედ შევრაცხავთ გარყვნილ და უხეშ პიროვნებად, ვინაიდან ბზარი არ გაჩნდეს ერთობაში, რომელიც უნდა იყოს გაუბზარავი და იმავდროულად ზღვარის დამდებიც ერთად მყოფთა შორის. რამეთუ თანაბრად ეუფლებათ სევდა წინ მყოფთ უკანანზე დარდით, უკან მყოფთ კი, წინ მდგომთა სიშორე ადარდებთ. ვინც მთელი არსებით და სიყვარულით წმინდანთაგან უკანასკნელს არ დაუკავშირდება (შდრ. ეფეს. 3,8), თვინიერ ბრძნობს და ურწმუნოება უღრღნის გულგვამს, არასოდეს ეღირსება მიუახლოვდეს პირველი რიგის წმინდანებს და მათ დაუმშვენოს გვერდი. თუნდაც თავი მოჰქონდეს ღვთისა და ცალკეული წმინდანებისადმი უხინჯო რწმენა და სიყვარული მაქვსო (შდრ. I კორ. 13,2) იგი სამუდამოდ გარიყულია, რამეთუ არ ინება მოთმინებით მდგარიყო იმ ადგილას, რომელიც უფალმა დაუწესა საუკუნოდ და ღვთისაგან განჩინებულ უკანასკნელ წმინდანს არ დაუკავშირდა.
როდესაც მომაკვდინებელ ცოდვებსა და ვნებათა მარწუხებში მოქცეული ადამიანები ყურს მოკრავენ, რომ ღვთისნიერთ და სრულყოფილთ, (რაც კი დედამიწის ზურგზე არსებობს ბუნების ქმნილებანი – ცხოველები თუ ადამიანები), ყველაზე უწმინდურად შეურაცხავთ საკუთარი თავი, ხოლო უღირსნი კი ხარობენ, მაწყევარნი – აკურთხებენ და დიდებისმეტყველებენ, დევნილნი – ითმენენ (მათ. 5,11-12) და უფალს ცრემლებითა და გულისტკივილით ავედრებენ პირად მტრებს (მათ. 5,44), რასაკვირველია, თავიანთი თავიდან გამომდინარე, ეს დაუჯერებლად მიაჩნიათ. შემდგომ, ოდეს საღმრთო წერილსა და წმინდანთა ცხოვრებას გაეცნობიან, საღმრთო წერილით მხილებულნი ხვდებიან, რომ წმინდანებს ვერასოდეს დაემსგავსებიან, მაგრამ რაკი გაუგიათ, რომ თუ წმინდანებივით არ იცხოვრეს, ვერ გადარჩებიან, ცოდვების დაგმობა და მონანიება კი არ სურთ, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან. მოჩვენებითად ქველმოქმედნი, რომელთაგან ერთნი გარეგნულად გამოიყურებიან ასეთებად (შდრ. მათ 7,15-16), მეორენი კი, შინაგანად (რომ. 7,22), არაერთგზის სჩადიან ყოველგვარ უსამართლობას (რომ. 1,29), გამსჭვალულნი შურით, ზაკვითა და ავხორცული სულთქმით და მრავალთა მიერ, რომელთაც სულის თვალი დალიბრული აქვთ და არც მათი შეცნობა ხელეწიფებათ ნაყოფისდა მიხედვით (მათ. 7,20), შერაცხულნი არიან ვნებათაგან განწმენდილებად და წმინდანებადაც კი. ხოლო ღვთისმოსავ, სათნო და გულით უმწიკვლო ადამიანებს, რომლებიც არაფრით განირჩევიან ამათგან და მათ შორის მიმოდიან გაუფრთხილებლად, აბუჩად იგდებენ.
«ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ» (მათ. 5,8) – ამბობს უფალი. გულის განწმენდა კი ვერ ხერხდება ვერც ერთგზის, ვერც ორგზის, ვერც ათგზის ჩადენილი ქველმოქმედებით, არამედ როგორც ამბობენ, ერთად აღებული ყველა სიქველის სრულყოფილების უმაღლეს საფეხურზე აყვანით. და არც ამგვარი გულის შემუსრვილება მიიღწევა სულიწმიდის მოქმედების და გარდამოსვლის გარეშე. ასევე ადამიანი, რომელიც შეიძლება ბევრს მუშაკობდეს, სათნოებას იყენებდეს იარაღებად, მაგრამ სულიწმიდის ცეცხლის გარეშე უძლურია და ამაოდ დაშვრება: სულს ვერ განიწმენდს უკეთურებისა და ბილწებისაგან.
წმინდანებისთვის მკვდარია ეს სოფელი და ყოველივე ამსოფლიური. მათ კეთილ საქმეებს ადამიანები ხედავენ «და არა ხედვენ», სულიწმიდით განცხადებული ღვთაებრივი სიტყვები ესმით და არ ისმენენ (მათ. 13,13). არც სულიერნი ამა სოფლისანი ხედავენ ცუდ ადამიანთა ბოროტ საქმეებს, ყურად არ იღებენ მათ ძვირისმეტყველებას. მაშასადამე, ისინიც ხედავენ, მაგრამ ვერ ამჩნევენ, რაც ამა სოფელში ხდება. უსმენენ ამა სოფლის მკვიდრთ და არ ესმით მათი, რამეთუ იმგვარ მდგომარეობაში იმყოფებიან, როდესაც სხვაგვარი აღქმის წერტილი არსებობს და სულიერი ცხოვრებით მცხოვრებს ამა სოფლის მკვიდრთან არავითარი საერთო არ გააჩნია, და პირიქით, ამა სოფლის მკვიდრს - სულიერების გარკვეულ საფეხურზე მდგომ ადამიანთან.
ხედავთ რას წერს დიდი წმინდანი, რომელიც სიცოცხლეშივე სიწმინდეს ეზიარა? რას წერს სიწმინდეზე, ჭეშმარიტ ღვთისმეტყველებაზე და ღვთისმეტყველებზე?! ან ფსევდო-ღვთისმეტყველებზე და მათ ეშმაკისეულ ღვთისმეტყველებაზე?! მიწიერ ბრძენებზე და მიწიერ სიბრძნეზე?!
მაგ თარგმანებში კიდევ ბევრ საგანძურს წააწყდებით.
--------------------
ცოტა გავიშალოთ, უფრო ბევრი გამოვჩნდებით
|