http://commersant.ge/?menuid=87&id=17741&lang=1„ბილაინს“ რამდენიმე თვეში მაღალი ხარისხის ინტერნეტი ექნება
15:34 01.12.2014
-+
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ მეოთხე თაობის ფართოზოლოვანი (ინტერნეტ) მომსახურების დასანერგად რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის გასაცემად აუქციონი გამოაცხადა.
აუქციონში მონაწილეობის მიღების მსურველთა საბუთების წარდგენის ვადა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2014 წლის 19 დეკემბრის 17:00 საათამდე განისაზღვრა. სააუქციონო სხდომა 2014 წლის 29 დეკემბერს 13:00 საათზე გაიმართება. აღნიშნულთან დაკავშირებით „ბანკები და ფინანსები” „ბილაინის” გენერალურ დირექტორს, გიორგი ტყეშელაშვილს ესაუბრა.
- როგორც ცნობილია, მეოთხე თაობის ინტერნეტის მიწოდებაზე კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ აუქციონის საკონკურსო პირობები უკვე წარადგინა, რამდენად მომზადებული ხვდება „ბილაინი” ამ აუქციონს და რა არის „ბილაინის” კონკურენტული უპირატესობა სხვა მობილურ ოპერატორებთან შედარებით?
- ჩვენ ძალიან დიდი ხანი ველოდეთ ამ მომენტს, რისთვისაც დიდი ძალისხმევის დახარჯვა მოგვიხდა, ვთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი ჩვენი კომპანიის და, ზოგადად, ქვეყნის განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ველოდებით, რომ 2014 წლის ბოლომდე ჩატარდება ეს აუქციონი, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დროულად დავიწყოთ ჩვენი მომხმარებლებისთვის სერვისის მიწოდება და ქვეყნის მოსახლეობისთვის. ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ დეტალებს და წესებს, რის მიხედვითაც ჩატარდება აუქციონი, რა თქმა უნდა, გავეცნობით და გავაანალიზებთ ყველაფერს. მე ვთვლი, რომ დავაკმაყოფილებთ ყველა კრიტერიუმს და შევძლებთ ჩვენს აბონენტებს შევთავაზოთ ყველაზე მაღალი სტანდარტის და ყველაზე სწრაფი უსადენო ინტერნეტი. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ისევე როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ასევე ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის, ასე რომ, მზადყოფნას გამოვთქვამთ ბოლომდე.
რაც შეეხება ჩვენს კონკურენტულ უპირატესობას, როგორც ყოველთვის, ეს იქნება ინოვაციურობა, ამას დაემატება ერთი კონკურენტული უპირატესობა, რომ გვექნება ჩქარი ინტერნეტი, რომელიც დღეს არ გვაქვს, შესაბამისად, ინოვაციურობა და ტექნოლოგიური განვითარების კომბინაცია მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ბევრის გული მოვიგოთ.
- რას იტყვით ტარიფებთან დაკავშირებით? როგორ და რის მიხედვით მოხდება ტარიფების განსაზღვრა მეოთხე თაობის ინტერნეტზე, თუ არის წინასწარ ცნობილი დაახლოებით რა ფასად შეეძლებათ მომხმარებლებს აღნიშნული სერვისით სარგებლობა?
- მოდით, ჯერ განვსაზღვროთ რა არის მეოთხე თაობის ინტერნეტი, ეს არის ფაქტობრივად ფართოზოლოვანი ინტერნეტი, ოღონდ უსადენო. შესაბამისად, აქ ლაპარაკია იმაზე, რომ მეოთხე თაობის ინტერნეტში იქნება ძალიან დიდი ოდენობის მონაცემების გაცვლა, ე.წ. მეგაბაიტები და გიგაბაიტების მოძრაობა. აქედან გამომდინარე, მეოთხე თაობის ინტერნეტის ხიბლი არის ის, რომ ყველამ ისარგებლოს, ეს არ უნდა იყოს გარკვეული შეზღუდული წრისთვის, ან ე.წ. კასტის პრეროგატივა, 4G უნდა ჰქონდეს მომხმარებელთა ფართო სპექტრს. კონკრეტულ ციფრებს ამ ეტაპზე ევრ გეტყვით, თუმცა, შემიძლია დარწმუნებით მოგახსენოთ, რომ ყველასთვის ხლმისაწვდომი ტარიფები იქნება.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი მოთხოვნა იქნება ის, რომ დაფარვა იყოს თითქმის ყველა დასახლებულ პუნქტში, გრაფიკი იქნება მოცემული, თუ როდის რა უნდა დაიფაროს. ეს ხდება იმისთვის, რომ ჩვენს რეგიონებში, სოფლებში, ქალაქებში და დასახლებულ პუნქტებში მოსახლეობას ჰქონდეს წვდომა ინფორმაციული წყაროებისადმი და ტექნოლოგიებისადმი, და ეს უნდა იყოს იაფი და ხელმისაწვდომი მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ დღეს ქვეყანა სადენიანი ინტერნეტით ამარაგებს მთელი ქვეყნის მოსახლეობას სხვადასხვა ოპერატორი კომპანიების მეშვეობით, თუმცა უამრავი სოფელი საერთოდ არ არის გასადენიანებული, ფართოზოლოვანი მეოთხე თაობის ინტერნეტი ამ პრობლემას გადაწყვეტს იმით, რომ ფაქტობრივად იქნება მთელი ტერიტორიის სრული დაფარვა. როგორც მობილური კავშირგაბმულობა არის დღეს ყველასათვის ხელმისაწვდომი, რაშიც, ჩემი აზრით, ~ბილაინმა” ძალიან დიდი წვლილი შეიტანა, ასევე დამერწმუნეთ, რომ ფართოზოლოვანი მეოთხე თაობის ~ბილაინის” დიდი ძალისხმევით მოსახლეობის თითქმის ყველა ფენისთვის სწრაფი ინტერნეტი ხელმისაწვდომი იქნება.
- როგორ ფიქრობთ, რამდენად ინფორმირებულია საზოგადოება მეოთხე თაობის ინტერნეტის შესაძლებლობებთან დაკავშირებით?
- მოლოდინი გარკვეულწილად შექმნილია ჩვენს მიერ. ჩვენ ძალიან აქტიურად ვაკეთებდით აქცენტს ამ თემაზე თვეების განმავლობაში, მაგრამ მე ვთვლი, რომ გარკვეული ინფორმაციული აქტიურობა უნდა მოხდეს ამ მიმართულებით, რომ ხალხმა გაიგოს რა არის და როგორ არის. მესმის, რომ სანამ არ არის რაღაც დანერგილი, მასზე ბევრი რამის თქმა რთულია. დამერწმუნეთ, რომ როგორც კი მეოთხე თაობის ინტერნეტი გაეშვება ქსელში და მომხმარებელს ექნება საშუალება, რომ შეეხოს მას, რა თქმა უნდა, ინფორმირებულობა გაიზრდება.
- რას იტყვით იმ სმარტფონებზე, რომლის შეძენაც მომხმარებელს „ბილაინის” ოფისებში შეუძლიათ, რა უპირატესობით სარგებლობენ ისინი?
- პირველ რიგში, ეს სმარტფონები არის მეოთხე თაობის მხარდაჭერით და როდესაც მეოთხე თაობის ინტერნეტი გაეშვება ქსელში, მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა ისარგებლოს მისით. სმარტფონები, რომლებსაც არ აქვთ მეოთხე თაობის მხარდაჭერა, ვერ გამოდგებიან მეოთხე თაობის ქსელში, შესაბამისად, ჩვენ თადარიგი დავიჭირეთ და წინასწარ დავიწყეთ ჩვენი აბონენტების მომარაგება მსგავსი სმარტფონებით. ჩვენი უპირატესობა არის ფასის და ხარისხის საუკეთესო თანაფარდობა.
- რენე შუსტერის ვიზიტზე რას იტყვით, რა მნიშვნელობის იყო მისი ვიზიტი საქართველოში კონკრეტულად თქვენი კომპანიისთვის და 4G-ს დანერგვის კუთხით?
- მოგეხსენებათ, ჩვენი შტაბ-ბინა მდებარეობს ამსტერდამში და რენე შუსტერი არის ~ვიმპელკომის” საოპერაციო დირექტორი. ეს არის ძალიან მაღალი რანგის თანამდებობა და მისი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს კომპანიაში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი, მოხდა მისი შეხვედრა თანამშრომლებთან, იდეების გაცვლა-გაზიარება, გამოცდილების მიღება, იყო განხილვა მიმდინარე საკითხების, რა პრობლემების წინაშე ვდგავართ, რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განვვითარდეთ, შესაბამისად, ინვესტიციებზეც იყო საუბარი, რა მოცულობის თანხა შეიძლება ჩაიდოს საქართველოსნაირ ქვეყანაში, ჩვენს კომპანიაში. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შედეგებით, ჩვენი ქვეყნის რეიტინგი ბიზნესის კეთების თვალსაზრისით არის დადებითი, ეს ძალიან კარგად აისახება ინვესტორების განწყობაზე დააბანდონ ფული, ახლა გაიმართება აუქციონი, იმედი მაქვს უპრობლემოდ ჩაივლის, უნდა აშენდეს ქსელი, ათეულობით მილიონი დოლარის ინვესტიცია უნდა განხორციელდეს, როდესაც ქვეყანა გაძლევს ამის საშუალებას, ინვესტორისთვის გადაწყვეტილების მიღება გაცილებით მარტივია. მეორეს მხრივ, მისი ჩამოსვლა იყო მნიშვნელოვანი, რადგან მან ადგილზე ნახა ჩვენი ბაზარი, შეიგრძნო ქვეყანა. ასევე იყო შეხვედრები ქსელურ დონეზე, რომელშიც მან მიიღო მონაწილეობა, იყო ძალიან ჯანსაღი დისკუსია, დარწმუნებული ვარ, ეს ყველაფერი შედეგზე აისახება.
მინდა აღვნიშნო, რომ არამარტო ~ბილაინი”, არამედ ქვეყანა არის ინფორმაციის პროგრესის ზღვარზე მისული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ეკონომიკის განვითარებისთვის. შესაფასებლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაღალსიჩქარიანი, უსადენო ფართოზოლოვანი ინტერნეტი მოკლე და საშუალო ვადიან პერიოდში გამოიწვევს ეკონომიკურ ბიძგს და მოსახლეობის უფრო ფართო მასას ჩართავს ეკონომიკურ აქტივობაში.
ეს ასევე მნიშვნელოვანია სოციალური თვალსაზრისითაც. არსებობდა ბარიერი, რომელიც მიუწვდომელს ხდიდა ინტერნეტს გარკვეული ტერიტორიებისთვის, მაგალითად, სადღაც რაიონში არის ძალიან ნიჭიერი ბავშვი და ის რომ ყოფილიყო განსხვავებულ გარემოში, შეიძლება სხვანაირად გამოევლინა თავისი შესაძლებლობები. 21-ე საუკუნე არის ინფორმაციული ტექნოლოგიების და ინფორმაციის გაცვლის საუკუნე და ამიტომ პირობები ყველგან უნდა იყოს თანაბარი, არ უნდა არსებობდეს ბარიერები, რომელიც ნიჭს გაზრდის შესაძლებლობას არ მისცემს. ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ სოციალურ მხარეს და ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელ საქმიანობაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს. ჩვენ შეგვიძლია ინტერნეტი გავავრცელოთ ქვეყნის დიდ ტერიტორიაზე, იმიტომ, რომ მე მინდა გავაკეთო ეს, მე მიყვარს ჩემი ქვეყანა და ეს არის კარგი შესაძლებლობა, რომ ძალიან დიდი პროგრესის წინაშე აღმოვჩნდეთ.