სოსო ცინცაძე - დამსჯელი აქციებით ისრაელ-პალესტინის კონფლიქტი არ გადაწყდება
ახლო აღმოსავლეთში ათ დღეზე მეტია სამხედრო დაპირისპირება არ ცხრება. დაღუპულთა და დაჭრილთა რიცხვი ყოველ დღე იზრდება. ისრაელი, მოწოდებების მიუხედავად, ბრძოლას „ჰამასის“ წინააღმდეგ არ წყვეტს. ისრაელ-პალესტინის დაპირისპირების მორიგ ტალღაზე და მის სავარაუდო შედეგებზე „ინტერპრესნიუსი“ პოლიტოლოგ სოსო ცინცაძეს ესაუბრა.
_ ბატონო სოსო, მოწოდებების მიუხედავად ღაზას სექტორში ბრძოლა არ წყდება. ისრაელმა ტერორიზმთან ბრძოლის მოტივით პალესტინა პრაქტიკულად ორად გაყო და ტერორისტებს სერიოზული ზიანიც მიაყენა. ისრაელ-პალესტინის დაპირისპირებას დიდი ხნის ისტორია აქვს, მაგრამ, თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ისრაელის ახლანდელი გააქტიურება და რით შეიძლება დასრულდეს ყველაფერი?
_ ყველაფერი დასრულდება იმით, რითაც ახლო აღმოსავლეთში სრულდებოდა პერიოდული აფეთქებები უკანასკნელი 25-30 წლის განმავლობაში. პალესტინის პრობლემა გადაუჭრელი ჩანს. „ჰამასი“ მოსწონს თუ არ მოსწონს თელავივს, ამას უკვე დიდი მნიშვნელობა არა აქვს, რადგან „ჰამასი“ დემოკრატიული გზით არჩეული ხელისუფლებაა. რატომ ირჩევს დემოკრატიულ არჩევნებზე პალესტინელი ხალხი „ჰამასის“ ტერორისტებს, ეს ისრაელმა საკუთარ თავს უნდა მოკითხოს, ვინაიდან არ შეიძლება იყოს ხალხი ქვეყნის გარეშე. ეს პრობლემა აქილევსის ქუსლად იქცა პალესტინისათვის.
იყო სხვადასხვა პროექტები პალესტინის საკითხის გადასაჭრელად, ნობელის პრემიებიც დარიგდა, იყო საგზაო რუკებიც, მაგრამ არაფერი არ გამოდის. სანამ პალესტინელი მოსახლეობის სოციალური ფონი არ გაუმჯობესდება, არაფერი გამოვა. მე ორჯერ მაქვს ნანახი პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკები. წარმოუდგენელია ამგვარ ბანაკებში ცხოვრება. დღისით 40 გრადუსი სიცხეა, ხოლო ღამე 0 გრადუსი ყინვაა. პალესტინელთა კარვების ქალაქიდან გამოვიდნენ პირველი შახიდები. სწორედ ისრაელის „დამსახურებაა“ შახიდების გაჩენა. ამ ბანაკებში იბადება ახალგაზრდობა პერსპექტივის გარეშე. დაბომბვებით, ძალადობით, ვითარებაში როცა ერთ ღამეში 400 პალესტინელი მშვიდობიანი ადამიანი დაიღუპა და 700 დაიჭრა, არაფერი გამოვა. ისრაელი კი აცხადებს, რომ დაღუპულები სულ ტერორისტები არიანო, მაგრამ, ფაქტია, რომ ერთი დაღუპული პალესტინელის ნაცვლად 10 ტერორისტი ჩნდება, ასეთ ვითარებაში, ცხადია, ძალადობით პრობლემა არ გადაწყდება.
გარდა მაგისა, შექმნილ ვითარებაში ევროპაც დიპლომატიურად კეკლუცობს, იმიტომ რომ ევროპამ რუსეთი აგვისტოში საქართველოს მიმართ ძალის არაადეკვატურ გამოყენებაში სამართლიანად დაადანაშაულა, მაგრამ მაშინ როცა პალესტინელები ისრაელს თვითნაკეთ იარაღს ესვრის, რომელთაგანაც 20-დან ერთი სკდება და 50-დან მიზანს ერთი ხვდება, ისრაელის პასუხი არაადეკვატურად მხეცურია, ევროპა დიპლომატიურ კეკლუცს ამჯობინებს. ამგვარი მოქმედებებით ისრაელი პალესტინელებში მეტ სიძულვილს აღვივებს, რიც გამოც რაიმე სახით შერიგებას შეუძლებელს ხდის. ისრაელი ქარს თესავს და გრიგალს იღებს. ფაქტია, რომ დამსჯელი აქციებით ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი არ გადაწყდება.
_ გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი საომარი მოქმედებების დაწყებაზე ეგვიპტესა და საუდის არაბეთს შეუთანხმდა. საინტერესოა ისიც, რომ „ჰამასს“ მხარს მოსკოვი უჭერს. რასთან გვაქვს საქმე?
_ „ჰამასს“ მხარს უჭერს ლიბანური დაჯგუფება „ჰესბოლა“, ამ ორივეს უკან ფაქტია, რომ ირანი დგას. რაც შეეხება საუდის არაბეთს, იორდანიას, პალსტინელები გულზე არავის ეხატება. თავის დროზე იორდანიამ, გარდაცვლილი წინა მეფის დროს, მეოცე საუკუნის 70-იან წლებში პალესტინელებს სამ სექტემბერს „შავი სექტემბერი“ მოუწყო და ისინი მასიურად გაწყვიტა. მერე სხვათა შორის ტერორისტული ორგანიზაცია დაარსდა სახელწოდებით „სამი სექტემბერი“, რომელიც დღესაც არსებობს. პალესტინელები სადაც შედიან, ისინი იქ სახელმწიფოს სახელმწიფოში ქმნიან, ასეა ლიბანში, პალესტინელები ლიბანის ხელისუფლების დიდი თავისტკივილია. პალესტინელთა შეიარაღებული ფორმირებები არავის არ ემორჩილებიან და ყოველ წუთში მზად არიან სიკვდილისათვის. მათთან ბრძოლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარების ერთადერთი გამოსავალია, პალესტინის სახელმწიფოს შექმნა. რაც პალესტინელების სოციალური ფონის გაუმჯობესებას „ჰამასის“ ავტორიტეტის შემცირებას და თავად პალესტინის მმართველობაში უფრო ზომიერი პოლიტიკური ძალების მოსვლას გამოიწვევს. სხვა გამოსავალი აქ არ არსებობს.
ისრაელმა კედელიც ააშენა, შემდეგ შარონმა ამ კედლის ნგრევა დაიწყო, გასამხედროებული დასახლებებიც შექმნეს ახლა ნელ-ნელა იმასაც ანგრევენ, მაგრამ ფაქტია, რომ ამ ზომების შედეგი ნულის ტოლია. დასჯის ოპერაციის დასრულების შემდეგ თუ აქამდე ისრაელს 100 ათასი მოძულე პალესტინელი ჰყავდა, მერე ერთი მილიონი ეყოლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ისრაელის მტრების რიცხვი საგრძნობლად გაიზრდება. იმის გამო, რომ პალესტინელებს სწამთ - ვინც ისრაელთან ბრძოლაში მოკვდება, ის სასუფეველ ბედნიერებას მიიღებს. ასეთ ვითარებაში მათთან ბრძოლას აზრი არა აქვს.
პალესტინასთან მიმართებაში ისრაელის ტაქტიკა და სტრატეგიაც მცდარია. ისრაელმა და ამერიკამაც ახლო აღმოსავლეთის პრობლემის მოგვარების გასაღები ვერ მონახა. ის, რაც ახლა პალესტინაში ხდება, თავის ახალი სატკივარი გახდება აშშ-ს ახალი ადმინისტრაციისათვის.
http://www.ipn.ge/ge/index.php?news=10149
პოლიტიკოსი არ გახლავართ, მაგრამ ხანდახან მეც კარგი მამაძაღლი ვარ.
დაე, მე მოვკვდე ღია თვალებით...
მიგელ დე უნამუსო ლიც-დონ-გიჟ-ჟუანი.