ირანზე ადრეც შემხვედრია კეთილგანწყობილი სტატიები - უფრო იმათგან, ვისაც ლიტერატურული კავშირების გამო ჰქონია ამ ქვეყანასა და მის კულტურასთან შეხება. შესაძლოა, ასე იმიტომაც ხდება, რომ სხვა სფეროში ხანგრძლივი კონტაქტები არც გვაქვს.
მოკლედ, მივიჩნიე, რომ თუ ვინმეს ირანის თემა აინტერესებს, ეს მასალა არ უნდა გამოტოვოს. ჯერ მონაკვეთების გამოტანას ვფიქრობდი, მაგრამ ვერ შევარჩიე. ამიტომ სრულად დავფოსტავ .
---------------------------------------------
სამყარო ჩადრქვეშ და უჩადროდბევრს ომარ ხაიამის რომელიმე რობაია გაახსენდება, ჰაფეზის ან ჯალალ ედ-დინ რუმის სტრიქონები

გიორგი ლობჟანიძე
ახლახან სპარსული ლირიკის გვირგვინის - საადი შირაზელის “გოლესთანი" გამოვიდა. სპარსული პოეზიის გარეშე შეუძლებელია ამ სამყაროში გზის გაგნება... ზოგისთვის ირანი მგოსანთა, მეცნიერთა და მოაზროვნეთა ქვეყანაა. მომიტინგე ისლამელი ფანატიკოსების სატელევიზო კადრებს მეხსიერებაში ძლევამოსილი ძველი სპარსეთის სურათები ცვლის, ირანის წალკოტები და უდაბნოები, სპარსული მინიატურები, დიდებული ხალიჩები, ქსოვილები, სამკაულები. ჰარემები და შავჩადრიანი ქალები, იმამთა მკაცრი სახეები და ატომური ბომბი... მაგრამ ირანი არსებითად უცნობი სამყაროა. პოლიტიკისა და კულტურის რუკაზე ძნელია იპოვო ქვეყანა, რომელიც უფრო წინააღმდეგობრივ ასოციაციებს იწვევს...
ჩვენს ერთიანად გლობალიზებულ სამყაროში ყველა საოცრება დაიტაცეს, კატალოგიზაცია მოახდინეს, მუზეუმების თაროებზე განალაგეს და მრავალრიცხოვანი ტურისტის დასათვალიერებლად წარმოადგინეს. ირანს ტურისტებიც არ სწყალობენ... ვიღაცამ თქვა, ირანი ოდესღაც მდიდარი რეზიდენციის სხვენს მაგონებს, სადაც მოულოდნელად რაღაც ძალიან ძვირფასს აღმოაჩენო.
პოეტი და მთარგმნელი, ამ სამყაროს ქომაგი, გიორგი ლობჟანიძე გვესაუბრება.
- არაბული ქვეყნების რევოლუციები ალბათ ირანის რევოლუციის გამოძახილია, თუმცა დაგვიანებით… 32 წელი გავიდა, მაგრამ ამ რევოლუციის ფენომენი კვლავაც რჩება ანალიტიკოსთა, მეცნიერთა და პოლიტიკურ მოღვაწეთა ყურადღების ცენტრში.
- არ ვიცი, ვინ უწოდა ეგვიპტის მოვლენებს ირანის ისლამური რევოლუციის მემკვიდრეობა. ამ ფრაზას შეიძლება კიდეც დავეთანხმოთ და კიდეც არა. ეს მოვლენები, ერთი მხრივ, მართლაც ჰგავს ირანში 1979 წელს მომხდარ სახელმწიფო გადატრიალებას, მაგრამ არსებითი განსხვავება ის არის, რომ ეგვიპტის მოვლენებს არ ჰყოლია ისეთი გამოკვეთილი წარმმართველი ძალა, როგორსაც მაშინდელ ირანში ამ ქვეყნის სასულიერო წოდება ასრულებდა. გარდა ამისა, შედეგი ჯერჯერობით პრინციპულად განსხვავებული მივიღეთ: 1979 წელს ირანში შაჰის რეჟიმის დამხობის შემდეგ თეოკრატიული სახელმწიფო წყობილება დამყარდა, ეგვიპტეში კი ჯერ ასეთი რამ არ მომხდარა და, იმედია, არც მოხდება, რადგან რელიგიაზე ორიენტირებული ეგვიპტე მახლობელ აღმოსავლეთში არსებულ ძალთა განლაგებას საბოლოოდ ამოაყირავებს.
რაც შეეხება მსგავსებას, თუ ამ ორივე მოვლენას შევხედავთ, როგორც ხალხის ამბოხებას მმართველი გაზულუქებული და კორუმპირებული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც საკუთარ ილუზიებში ჩაიკეტა და რეალობასთან ყოველგვარი კავშირი დაკარგა, მაშინ, რა თქმა უნდა, მათ შორის უამრავ საერთო ნიშანს დავინახავთ.
- ირანი, ერთი მხრივ, შეიძლება თეოკრატიულ სახელმწიფოდ ჩაითვალოს, რომელიც ფუნდამენტურ რელიგიურ ფასეულობებს აღიარებს, მეორე მხრივ, საზოგადოებაში ძლიერია სამოქალაქო ტენდენციები და ტექნოლოგიური პროგრესის საოცარი დინამიკა იგრძნობა. როგორ ხდება ამ ორი ასპექტის შეთავსება?
- რა თქმა უნდა, არსებობს უდიდესი წინააღმდეგობა ფუნდამენტალისტურ რელიგიურ შეხედულებებსა და სამეცნიერო ტექნიკურ პროგრესს შორის, რომლის პირმშოცაა სამოქალაქო ტენდენციები. უბრალოდ ირანი ძალიან დიდი ქვეყანაა, უდიდესი და განსხვავებული შესაძლებლობებით და ჯერჯერობით ძალიან კარგად ახერხებს ამ წინააღმდეგობათა შეთავსებას. არ მინდა ვინმემ წარმოიდგინოს, რომ სადმე მიწიერი სამოთხეა, მაგრამ მსოფლიო მედია რომ ხშირად აბსოლუტურად მიკერძოებულ და სინამდვილის განზრახ დამახინჯებულ სურათს ავრცელებს, ესეც ფაქტია. ფაქტს შეიძლება ათასგვარი ინტერპრეტაცია მისცე და ამის მაგალითად ერთი ამბავი გამოდგება, რომელსაც გულისტკივილით მიყვებოდა ჩემი ერთი ირანელი მეგობარი.
ჯერ კიდევ შაჰის რეჟიმის დროს შირაზში ჩასულა ევროპელთა ტურისტული წყვილი, რომელთაც მაინცადამაინც ძველი სპარსეთის დედაქალაქში მოუნდომებიათ ხორციელი სიყვარული. კიროს დიდის სამარეზე ამძვრალან და დღისით-მზისით იქ გაუჩაღებიათ შარიშური. ამ ამბავმა ადგილობრივი მცხოვრებლები ისე დაზაფრა და აღაშფოთა, რომ ეს საწყალი ევროპელები თურმე იქვე აუკუწავთ. მეგობარი მეუბნებოდა: ეს ყველაფერი მერე მსოფლიო მედიამ ირანელთა ბარბაროსობად შეაფასა, რომლებიც ცივილიზებულ ევროპელებს დასდევენ და ქუჩებში ხოცავენ, არადა, სიტუაციის მთელი დრამატიზმი რომ წარმოიდგინო, აბა მითხარი, რომელია თქვენი მთავარი სიწმინდეო, მე ვუთხარი, ალბათ სვეტიცხოველი-მეთქი და მკითხა, ქართველები როგორ მოიქცევიან, ვინმემ ასეთი რამ იმ თქვენს მთავარ ტაძარს რომ აკადროსო!? ქართველები როგორ იქცევიან ხოლმე, ეს ძალიან ვრცელი და კიდევ სხვა თემაა, მაგრამ მე პირადად ასეთი რამის წამოდგენაზეც კი ტანში გამაცია!
ვიცი, ძალიან არაპოპულარულ რამეებს ვამბობ, მაგრამ იმისი შიშით, არაპოლიტკორექტულები არ გამოვჩნდეთო, მივეჩვიეთ ნახევარსიმართლეების თქმას ანდა სინამდვილის შელამაზებას. ეს ერთგვარი საზოგადოებრივი ცენზურაა, რომელიც, ვფიქრობ, ყველა სხვა ცენზურაზე სასტიკი და უზნეოა. აი, მაგალითად, ბოლო დროს ირანში დაწყებული ერთი გახმაურებული სასამართლო პროცესი რომ ავიღოთ, საქინე მოჰამადის საქმე. მთელი მსოფლიო ფეხზე დადგა, რომ ეს ქალი არ ჩაექოლათ და საბოლოოდ ძალიან კარგი რამ მოხდა, რომ ადამიანს სიცოცხლე შეუნარჩუნეს. მაგრამ იყო უამრავი კითხვის ნიშანი, რომელსაც ყურადღებას თითქმის არავინ აქცევდა იმ მოტივით, მთავარია, ადამიანი ცოცხალი გადარჩესო. მაგალითად, თითქოს არაფერი იყო ის, რომ ამ ქალმა საყვარელთან ერთად საშინლად მოკლა თავისი ქმარი, საკუთარი შვილების მამა. გათიშა, წყლიან აბაზანაში ჩააგდო და უკანალში დენი მიუერთა. ადამიანის მოქმედებას ერთმნიშვნელოვანი მოტივაცია არა აქვს და სულაც არ მინდა, ვინმეს ბრალმდებელი ვიყო. უბრალოდ, ძალიან მიკვირს, რომ ასეთი რამ ხდება იმ ქვეყანაში, სადაც დროებითი ქორწინება სჯულით დაშვებული მოვლენაა. შიიზმში არის ასეთი უცნაური რამ - დროებითი ქორწინება, როცა ქალს შეუძლია სრულიად კანონიერად დროებით გაჰყვეს მისთვის სასურველ მამაკაცს. ცხადია, აქ ამ მოვლენის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ, მინდოდა მეთქვა, რომ როცა ასეთი შესაძლებლობა ხელთა გაქვს, რაღა მკვლელობას სჩადი, ადექი და ადამიანურად მოიქეცი!
რაც შეეხება ადამიანის უფლებების დაცვასა და სამოქალაქო ტენდენციებს ირანში, უნდა გითხრათ, რომ თუნდაც ზემოთ განხილულ მაგალითზე შეგვიძლია ვთქვათ, რამდენად ძლიერია ქვეყანაში სამოქალაქო სექტორი. პირველებმა სწორედ ირანელმა უფლებადამცველებმა ატეხეს ერთი ამბავი ამ პატიმრის საქმესთან დაკავშირებით. უფლებადამცველები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ეწინააღმდეგებიან ხელისუფლების მხრიდან გამოვლენილ ყველანაირ უსამართლობას და ცდილობენ, დაამკვიდრონ ცივილური ღირებულებები. ამისათვის კი, სხვათა შორის, არც უზარმაზარი გრანტები აქვთ და არც სხვა რამ მატერიალური სარგებელი.
ჩემი ირანი
- თქვენი “გარდარეული სიყვარული" ირანის მიმართ, როგორც ერთგან წერდით, იმით დაიწყო, რომ 1997 წლის დასაწყისში, ირანის ისლამურ რესპუბლიკაში გვარიანად დამფრთხალ-შეშინებული გაემგზავრეთ, რადგან ამ ქვეყანაზე თქვენი წარმოდგენაც მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა მიერ მოწოდებულ ცნობებს ეფუძნებოდა, რომ ირანში რელიგიური ფანატიზმი მძვინვარებს და ჰაფეზისა და ომარ ხაიამის სამშობლოს ყველაფერი სჭირდა, რაც კი შეიძლება აღმოსავლური ტირანიის მარწუხებში მოქცეულ მხარეს დაემართოს. მხოლოდ ქვეყანაში ცხოვრების საშუალება აძლევს ადამიანს განთავისუფლდეს სტერეოტიპული შეხედულებებისგან.
- მედიასაშუალებები რომ გამიზნულად ამახინჯებენ საქმის ვითარებას, ეს ახალი ამბავი არ არის და განსაკუთრებით ამერიკული პრესა დგას თავისი ეროვნული ინტერესების სამსახურში, სინამდვილის საზიანოდ. დავწერე ეს ფრაზა და თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ დაბეჭდვისას ამომიღებთ, მაგრამ მაინც ვწერ, რადგან არავის სასარგებლოდ არ ვმუშაობ და, თანაც არც ის მგონია მაინცადამაინც, რომ მედიას თავისი გამოკვეთილი (თუნდაც ნაციონალური) პოლიტიკა არ უნდა გააჩნდეს. მაგრამ ასე ყველაფრის დაქვემდებარება საკუთარი მერკანტილური ინტერესებისადმი და მერე ამის გასაღება დემოკრატიის უფაქიზეს გამოვლინებებად - ეს დემოკრატიის ამერიკული მოდელია.
ჩვენთან, უბრალოდ, ევროპულ და ამერიკულ პრესაში უცხოეთზე მომზადებული მასალების უგემოვნო კოპირებას ახდენენ და მით უფრო იმ წლებში კეთდებოდა ეს, როცა მე ირანში გავემგზავრე. შთაბეჭდილება რადიკალურად განსხვავებული იყო აეროპორტიდანვე, როცა არაჩვეულებრივად თავაზიანი, კულტურული და მომღიმარი ხალხი დავინახე. რასაკვირველია, მიწიერი სამოთხე არსად არის და არც ირანში დამხვედრია, მაგრამ იმ წლებში, როცა ამ ქვეყანაში პირველად ჩავედი, მოსახლეობის საშუალო ფენაში არაჩვეულებრივი ურთიერთსიყვარული და პატივისცემა სუფევდა. ქუჩაში ზედმეტ სიტყვას არავინ არავის ეტყოდა, ყველა განსაკუთრებული თავაზიანობით გამორჩეოდა და ეს ვინმეს დასანახად, თვალის ასახვევად გამოჩენილი თავაზიანობა არ ყოფილა. იმ სამი წლის განმავლობაში ერთადერთხელ ვნახე თეირანის ქუჩაში ერთმანეთს წაკიდებული ორი მძღოლი, რომლებიც იგინებოდნენ და მაშინვე ბლოკნოტი მოვიმარჯვე, რომ ეს გინება ჩამეწერა, რადგან ჟარგონისა და არგოს შესწავლის ასეთი საშუალება, ზუსტად ვიცოდი, მერე აღარსად მომეცემოდა.
იმის მერე თითქმის 15 წელიწადი გავიდა და, ცხადია, ირანშიც ბევრი რამ შეიცვალა. გლობალური კრიზისი ამ ქვეყნის ეკონომიკასაც ცუდად შეეხო და ცხოვრების დონე მკვეთრად გაუარესდა. ბოლო ხანს კი ინფლაციამ სრულიად წარმოუდგენელი მასშტაბები შეიძინა. თხუთმეტი წლის წინათ თეირანის ქუჩებში დიდი იშვიათობა იყო მათხოვრის დანახვა.
არასოდეს დამავიწყდება: ერთხელ უნივერსიტეტის წინ მეგობარს ველოდებოდი. ამ დროს სამი-ოთხი წლის გოგონა მომიახლოვდა. თავისზე დიდი კამფეტების ყუთი ეჭირა - იაფფასიანი კარამელით ვაჭრობდა. მისმა სასაცილო გამომეტყველებამ ჩემზე ისე იმოქმედა, რომ ხელში დაახლოებით 5 დოლარის ეკვივალენტი ირანული რიალი ჩავუკუჭე. გოგონას სახე გაუნათდა, კამფეტების ყუთი წინ გადმომიპირქვავა და თითქმის მთელი თავისი კარამელი დამიცალა. მე ვუთხარი: არ მინდა ეს კამფეტი, ფული ისე გაჩუქე-მეთქი და აი, აქ მოხდა სასწაული: სამი წლის გოგონა უცებ ზრდასრულ, თავის თავსა და ღირსებაში დარწმუნებულ ქალბატონად იქცა, ფული უკან მომიგდო და მომაძახა: არა, ბატონო, მე მათხოვარი კი არა ვარო! მაშინ ვიფიქრე: ერს, რომელსაც ბავშვებიც კი ასეთი ღირსების გრძნობით აღსავსენი ჰყავს, ვერაფერი მოერევა-მეთქი!
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ ამ ამბიდან 15 წელიწადში ვითარება რადიკალურად შეიცვლებოდა და თეირანის ქუჩები სამათხოვროდ ხელგაწვდილი უბედური ადამიანებით გადაივსებოდა.

- “ქვეყანა ხომ ზოგადი იდეების კი არა, კონკრეტული ადამიანების გამო გიყვარდება", ვის უმადლოთ ირანის “შიგნიდან" გაცნობას? როგორია თქვენი ირანი?
- საერთოდ, ბედმა უდიდესი საჩუქრით - კარგ ადამიანებთან ურთიერთობით გამანებივრა და ირანშიც რამდენიმე ისეთი მეგობარი შევიძინე, რომელთან ურთიერთობას დღემდე ვინარჩუნებ. ისინი ჩემი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილად მიმაჩნია. ჩემი მეგობრების დედები კი სრულიად ცალკე თემაა, მაგალითად, ბეჰნამის დედა, რომელიც, შვილისგან ფარულად, გულს ჩემთან იოხებდა ხოლმე ყოფით პრობლემებზე. ბეჰნამს დაარეკინებდა, დედაჩემმა შემოგითვალა, დღეს კარგი ქუბიდე გავაკეთე და აუცილებლად უნდა გვესტუმროსო. მივიდოდი და ეს არისტოკრატული ირანული ოჯახი თან მყვებოდა. ჩემს მეგობარს უფროსი ძმა გარდაცვლილი ჰყოლია და დედამისმა სრულიად მკაფიოდ მითხრა თავიდან, ღმერთმა შენი თავი მის ნაცვლად გამომიგზავნაო, მერე კი მართლაც ისეთ ყურადღებასა და ზრუნველობას იჩენდა ჩემ მიმართ, თითქოს მისი ღვიძლი შვილი ვყოფილიყავი. თან ისე გულახდილად მელაპარაკებოდა ყველაფერზე, რომ ამ ქალბატონსაც ვუმადლი, დღეს რომ სპარსულში იდიომების უხვად გამოყენება შემიძლია!
იმდენ კარგ ადამიანთან მომიწია ურთიერთობა, რომ ცხადია, ყველას ვერ ჩამოვთვლი, მაგრამ ერთი კაცი განსაკუთრებული პატივისცემით მინდა გავიხსენო. ის ახლახან გარდაიცვალა. მისი გარდაცვალება ძალიან განვიცადე. ბატონი მაჰმუდ რუჰოლამინი თეირანის უნივერსიტეტში პირველყოფილი და ძველი რელიგიების ისტორიასა და რელიგიის სოციოლოგიას გვიკითხავდა. თვითონ სადოქტორო დისერტაცია პარიზში, სორბონში ჰქონდა დაცული რელიგიის სოციოლოგიაში. საშუალო ტანის მოხუცი იყო. გრძელი თეთრი თმა უკან გადაევარცხნა, პერანგის საყელო კი, რადგან ჰალსტუხის გამოყენება ირანის ოფიციალურ წრეებში არ წახალისდება (ანუ არც აკრძალულია, მაგრამ არც ნებადართული), ე. წ. პეპელათი შეებნია. ლექციაზე შემოვიდა, ცოტა ხანს გაყუჩდა, მერე უცებ გვეკითხება: აბა, მითხარით, ბოლოს როდის აიხედეთ ვარსკვლავებისკენო! აღმოჩნდა, რომ ჯგუფში, ბოლოს ცისკენ როდის ავიხედეთ, ვერავინ გავიხსენეთ. ჩვენმა პროფესორმა კი აქედან დაიწყო და მშვენიერი ლექცია ააგო პირველყოფილი ადამიანის რელიგიური რწმენა-წარმოდგენების გაჩენისა და ჩამოყალიბების თაობაზე.
მახსოვს მასთან მომზადებული თითოეული სემინარი, მისი სახლი კი ირანის ხალხური ყოფისა და რეწვის ნამდვილი მუზეუმი იყო.
ჩემი ირანი სწორედ ასეთ ხალხია. ჩუმი, თავდახრილი, ღრმა და გულმართალი. კვეხნის მოძულე, საქმის მოყვარული. მათთან ურთიერთობამ კი შეიძლება არ მასწავლა, მაგრამ განმტკიცებით ნამდვილად გამიმტკიცა რწმენა, რომ ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულება ადამიანია, ეროვნული, რელიგიური, სოციალური, სექსუალური თუ სხვა კუთვნილების მიუხედავად. თითქოს პარადოქსია, მაგრამ ტოლერანტობის ასეთ საფეხურს შინაგანად სწორედ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მივაღწიე, იმიტომ რომ ბუნებით ალბათ ძნელად თუ შეგხვდებათ ამაზე უფრო თბილი, მოსიყვარულე და განსხვავებულის მიმართ ასე კეთილგანწყობილი ერი. ვინმე აქ აუცილებლად შემახსენებს ამერიკის ან ისრაელის წინააღმდეგ ირანში მოწყობილ საპროტესტო აქციებს, სადაც სიძულვილის კასკადი იფრქვეოდა და, ალბათ, ნაწილობრივ, მართლებიც იქნებიან, მაგრამ ამ შემთხვევაში ვგულისხმობ არა პოლიტიკურად ანგაჟირებულ მასას, არამედ ხალხს, ერს, რომელსაც ისტორიული სინდისი აქვს და, შესაბამისად, მომავლის მიმართ პასუხისმგებლობა აკისრია.
ირანში ჩასულმა ქართველმა კი თავიდან უმრავი რამ შეიძლება აღმოაჩინოს. მაგალითად, გარესამყაროსთან განსხვავებული დამოკიდებულება. ირანელები უფრო ლაღები და უკომპლექსოები არიან ყოფით ურთიერთობაში. იქ კაცს, როცა რამე უხარია, შეიძლება ქუჩაში სიმღერაც წამოიწყოს და ეს არავის უკვირს. გამვლელებისაგან ისეთ ბაიათები მომისმენია, თქვენი მოწონებული. თუ სპარსულიც იცი, ცხადია, ენაში, ყოფით დიალოგებში უხვად შემოჭრილი ტროპის სახეობებიც გაგაკვირვებს. ეს ქვეყანა მეტაფორებზე მოტორტმანე ქვეყანაა, სადაც პოეტური მეტაენა გადამწყვეტ როლს ასრულებს ურთიერთობების აწყობაში.
ამ რამდენიმე წლის წინ ერთ ფრანგ დიპლომატს სპარსულს ვასწავლიდი, როცა ჯერი სპარსული ზრდილმეტყველების ინსტიტუტის ე. წ. თააროფის შესწავლაზე მიდგა და რამდენიმე ფრაზა ჩავაწერინე, ჩემმა ევროპელმა მოსწავლემ, მახსოვს, გააპროტესტა და კომპლიმენტის საპასუხოდ სათქმელი ფრაზის (თქვენი თვალები ლამაზად ხედავენ (სამყაროს) შესწავლაზე უარი განაცხადა. არ ვისწავლი იმიტომ, რომ ამას არასოდეს გამოვიყენებო! მისი ნება იყო და, ცხადია, არც არაფერი დამიძალებია, მაგრამ მე ვფიქრობ, ამ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივ მაგალითში დასავლეთისა და აღმოსავლეთის ძირეული და სიღრმისეული წინააღმდეგობა გამოაშკარავდა. რაციონალურმა ფრანგმა ვერ მიიღო ირანული რაჰათ ლუჰუმი. ზოგჯერ ეს ზრდილმეტყველების ინსტიტუტი მართლაც კომიკურ ელფერს იძენს ხოლმე. მაგალითად, მაღაზიაში რამეს რომ ყიდულობ და ფასს იკითხავ, ირანელი გამყიდველი ღიმილითა და ლაქარდიანის ენით გეტყვის: თქვენთვის არაფერიო, მაგრამ იქვე შეიძლება ისეთი ფასი დაახეთქოს, რომ თვალები შუბლზე აგივიდეს. პროტესტის ნიშნად, ნახევრად ხუმრობით, როცა ასეთ რამეს მეუბნებოდნენ ხოლმე, ნავაჭრს ხელს დავავლებდი და მოვდიოდი, ეს ზრდილობიანი გამყიდველები კი უკან გამომიდგებოდნენ და მე, ცხადია, ფასს ვიხდიდი, თუმცა ჩემი საქციელის ქვეტექსტი გულისხმობდა იმას, რომ ზრდილობის გამო რაიმეს თქმას პირდაპირი ლაპარაკი სჯობდა.
- როცა ადამიანი საზღვარგარეთ ცხოვრობს, ალბათ უფრო მეტს და ღრმად ფიქრობს თავის ქვეყანაზე, თავის ღირებულებებსა და პრიორიტეტებს “ახარისხებს". კიდევ რა გასწავლათ ირანმა, რა იყო თქვენთვის მთავარი გაკვეთილი?
- უმთავრესი ალბათ იმის შეგრძნება იყო, რა კარგია, როცა ადამიანს სამშობლო გაქვს და შენი სამშობლო, რიცხობრივი და ტერიტორიული სიმცირის მიუხედავად, თავისი კულტურითა და ისტორიით რეგიონის ერთ-ერთ უძლიერეს სახელმწიფოს არაფრით ჩამოუვარდება. მერე, ცხადია, უკეთ ხედავ ნაკლსაც, რასაც მანამდე ანუ შიგნიდან შეჩვეული იყავი და ვერ ამჩნევდი. მაგალითად, ჩვენს იმპულსურობას და მცონარობას, ირანელების ანგარიშიანობასა და მუყაითობასთან შედარებით.
- როგორია ირანელი ქალი?
- ქართველ ქალთან შედარებით უფრო ფიცხი ბუნებისაა და აქტიური. თითქოს პარადოქსია, რასაც ახლა ვამბობ, მაგრამ ჩადრისა და მანტოს მიუხედავად (და იქნებ სწორედ ამის გამო) ირანელი ქალები უფრო აქტიურად იცავენ საკუთარ უფლებებს, ვიდრე ჩვენი ქალბატონები. ისინი მეტად არიან ჩართულნი საზოგადოებრივ საქმიანობაში და ოჯახშიც უფრო გამოკვეთილი სტატუსი აქვთ ქმარზე ზეგავლენის თვალსაზრისით.
- ირანთან ძალიან ხანგრძლივი ურთიერთობის შემდეგ რა დარჩა ჩვენში, თუნდაც როგორც ბალასტი (კულტურული გავლენა საყოველთაოდ ცნობილია...). ამ ორ სამყაროს შორის მართლა ისეთი ღრმა უფსკრულია, როგორც კიპლინგი ამბობდა, თუ არსებობს მთავარი, უხილავი და სათუთი ძაფები, რაც მაშრიყსა და მაღრიბს აკავშირებს? - როგორ უპასუხებთ ამ შეკითხვას, რომელიც თანამედროვე ირანელ მწერალს, გოლი თარაყის დაუსვით. ჩვენი და ირანული საზოგადოების წინაშე წამოჭრილი პრობლემები რამდენად ჰგავს ერთმანეთს?
- ძალიან ადვილია საკუთარი ნაკლი სხვისგან წამოღებულად ჩათვალო და თავი ამით იმართლო. ქართველებს ისედაც გვახასიათებს ასეთი საქციელი, ამიტომ ძნელია ჩემთვის ჩვენს რამე უარყოფით თვისებაზე, როგორც ირანიდან იმპორტირებულზე, ისე ვისაუბრო. ცუდი მსგავსებები კი, ცხადია, შემიმჩნევია, მაგრამ რომელმა რომლისგან გადავიღეთ და შევითვისეთ, ძნელი სათქმელია. მაგალითად, საკუთარი ისტორიით ფუჭი თავმოწონება მაშინ, როცა დღეს უკვე ამ ისტორიის საკადრისი ბევრი აღარაფერი შეგიძლია. ანდა ადამიანურ ურთიერთობებში გამეფებული მეტისმეტი სნობიზმი, სიყალბე და თვალთმაქცობა. თეირანში ძალიან გამაკვირვა საზოგადოების უკიდურესმა დაყოფამ და ურთიერთგათიშულობამ. ქალაქელები სოფლელებს თავს არ უყადრებენ, თავის მხრივ კი თეირანის რომელიმე უბანში მცხოვრებს თავი ამავე ქალაქის სხვა უბანში მცხოვრებლებზე უფრო ღირსეულად მიაჩნია. მოკლედ, ის ქარაფშუტული “კუტოკობანა”, რაც ჩვენ გვჭირს, ირანელებს უფრო უხვად ახასიათებთ, ოღონდ, ვერ ვიტყვი, რომ ეს თვისება ჩვენში მაინცადამაინც მათგან შემოვიდა.
დასავლეთი და აღმოსავლეთი მართლაც მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან როგორც მენტალურად, ასევე კულტურულად, მაგრამ მაინც მგონია, რომ კიპლინგის ის ფრაზა, რასაც ხშირად იმოწმებენ, მეტისმეტად გაზვიადებულია. მთავარი მაინც ადამიანია დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც და როცა ამ ღირებულებაზე იქნები ორიენტირებული, განსხვავებას პრაქტიკულად ვეღარ დაინახავ. ადამიანების სიხარული და საწუხარი ყველგან დაახლოებით ერთი და იგივეა, მით უმეტეს, ჩვენი და ირანული საზოგადოებები ტიპოლოგიურად ძალიან ჰგვანან და პრობლემათა რკალიც კი პრაქტიკულად არაფრით განსხვავდება.
- როგორი საქართველოა ფერეიდანში?
- ფერეიდანშიც ისეთივე საქართველოა, როგორც ჩვენთან დედასაქართველოში. ეს ხალხი ჩვენი ხორცი ხორცთაგანია და სული სულთაგანი და, ცხადია, ყველა ის თვისება ახასიათებს, რაც ზოგადად ჩვენი ეროვნული ხასიათის ნიშანს წარმოადგენს. თუმცა დანარჩენ ქართველებს იმით შეიძლება გვჯობდნენ, რომ სპარსულ კულტურასთან მჭიდრო და ხანგრძლივი ურთიერთობის გამოცდილება აქვთ! ფერეიდანში რამდენჯერმე ვარ ნამყოფი და მიყვარს ეს არაჩვეულებრივი მხარე. თუმცა ჩვენ ხომ სიყვარულიც მოუზომავი ვიცით და ხანდახან ისეთ დამოკიდებულებას ვხედავ ხოლმე ფერეიდანთან და ფერეიდნელებთან დაკავშირებით, რომ ირანელებისა ძალიან მრცხვენია. ისე ვართ ისტორიული ზღაპრებით გაბრუებულნი, რომ დღევანდელი ვითარება გვავიწყდება და ფერეიდნელებს რატომღაც დაჩაგრულ ადამიანებად აღვიქვამთ. არადა, ეს ხალხი ირანის სრულფასოვანი მოქალაქეები არიან, კონსტიტუციით ყველა ის უფლება აქვთ მინიჭებული, რაც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებს და სხვებს თუ არ სჯობიან, არც არაფრით ჩამოუვარდებიან. პირიქით, მადლობლები უნდა ვიყოთ ირანისა, რომ ამ ხალხს თავისი ენისა და კულტურის შენახვისა და შენარჩუნების პირობები შეუქმნა. ფერეიდნელებმა იყოჩაღეს, მშობლიური ენა არ დაივიწყეს, მაგრამ, მოდით, ამ ამბავში ნურც ირანული სახელმწიფოს კეთილი ნების დანახვა გაგვიჭირდება. ფერეიდნელთათვის საჭირო საქმე კი ისე უნდა ვაკეთოთ, რომ ამით მათ სახელმწიფოს, მათ შესანიშნავ მეორე სამშობლოს - ირანს არანაირი უხერხულობა არ შევუქმნათ.
რა ვუყოთ ჰაფეზს, ჯალალ ედ-დინ რუმისა თუ საადის?!
- რატომ მოკიდეთ ხელი “გოლესთანის" თარგმნას? თქვენ თარგმნეთ ასევე აბუ საიდი, უახლესი ირანული პოეზიიდან - ბიჟან ჯალალი, გამოსაცემად მზადაა ცნობილი ირანელი რეჟისორისა და პოეტის, აბას ქიაროსთამის ლექსები... მთარგმნელი პროზაში მონაა, პოეზიაში კი - მეტოქეო, ვიღაცას უთქვამს...
- სათარგმნად შემთხვევით ავტორს არასოდეს ვირჩევ, მაგრამ არსებობს განსაკუთრებულად საყვარელი წიგნები, რომელთა თარგმნაც ჩემი დიდი ხნის ოცნებაა, ასეთი გახლდათ საადი შირაზელის “გოლესთანი". ქართულად ამ თხზულების ფრაგმენტულად გადმოღების რამდენიმე მცდელობა ადრეც იყო, თუმცა, მინდოდა, ტექსტი ჩემებურად გამეკეთებინა და აი, 4-წლიანი მუშაობის შემდეგ ამ გენიალური თხზულების პრინციპულად ახალი და განსხვავებული თარგმანიც გამოვეცი, ისევ და ისევ “კავკასიური სახლის", პირადად ნაირა გელაშვილისა და ევროპული ფონდის - “ჰორიზონტის" დახმარებით.
ცნობილია, რომ აღმოსავლეთის დასალაშქარად გამზადებულმა ნაპოლეონ ბონაპარტმა საგანგებოდ ათარგმნინა “გოლესთანი", რადგან მიაჩნდა, რომ ეს წიგნი აღმოსავლეთის სულისა და ხასიათის უკეთ გაგებაში დაეხმარებოდა და, ალბათ, არც ცდებოდა, რადგან აღმოსავლელის ზნე და ბუნება არსად, ალბათ, არც ერთ წიგნში ისე მკაფიოდ არ ასახულა, როგორც საადი შირაზელის ამ თხზულებაში.
საერთოდ, ბუნებით ძალიან წუნია ადამიანი ვარ, ჩემი გაკეთებული არასდროს არაფერი მომწონს ბოლომდე და ამის გამო ძალიან ვიტანჯები, მაგრამ თუ ზედმეტი არ იქნება ჩემგან ამის თქმა, ვფიქრობ “გოლესთანი" გამომივიდა და მაქსიმალურად დავუახლოვე იმ წარმოსახულ იდეალს, რაც ჩემთვის გუნებაში მაქვს ამოჭრილი. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ახალია და ასე მეჩვენება.
რაც შეეხება ზოგადად ჩემს მთარგმნელობით საქმიანობას, ჩემ მიერ თარგმნილი პოეტების მეტოქედ თავი არასოდეს მომიაზრებია. პირიქით, იმდენად ვითავისებდი მათ ნააზრევს, პოეტიკასა თუ პრობლემატიკას, რომ თავი ეს ადამიანები მეგონა. სხვადასხვა დროს ვყოფილვარ: ჯალალ ედ-დინ რუმი, ომარ ხაიამი, საადი თუ სოჰრაბ სეფეჰრი, ალბათ ფორუყ ფაროხზადიც, თუმცა ქალის პოეზია მაინც მგონია, რომ ქალმა უნდა თარგმნოს...
- ირანელებს უყვართ აღნიშვნა, რომ მათი ენა ლამაზი და ყველაზე “ტკბილია" (სიტყვასიტყვით) მსოფლიოში.
საკუთარი ლექსები შესაქმნელად თუ შთაგაგონათ ირანმა?
- სპარსული მართლაც საოცარი ენაა, სიტკბოს ანუ არაჩვეულებრივ მუსიკალურობას რომ თავი დავანებოთ, ეს უაღრესად დინამიური და მოქნილი ენაა ყველანაირი აზრის გამოსახატავად. გასაკვირი არც არის, რადგან სპარსულ ენაზე ათასწლოვანი სალიტერატურო ტრადიცია არსებობს და ეს გამოცდილება უკვალოდ არ იკარგება, ყველაფერი აისახება ენის სიღრმისეულ დანაშრევებზე.
რაც შეხება ჩემს ლექსებში ირანის ზეგავლენას, არა მგონია, ეს გავლენა ზედაპირზე იდოს, მაგრამ ცხადია, ამ ქვეყანაში გატარებულმა წლებმა ჩემსავე პოეზიაზეც იმოქმედა. აღმოსავლეთი რაღაც ფორმით ჩემთან სულ შეიგრძნობა. უფრო სწორად, ალბათ ყველაზე ზუსტად მახასიათებს სტრიქონები, რომელიც სპარსელ პოეტს სოჰრაბ სეფეჰრის მივუძღვენი: აღმოსავლეთით მივფრინავდი, დასავლეთით ხელებგაშლილი და ისე ვგავდი თან - ჯვარს და თან ნახევარმთვარეს, რომ ვიღაცამ თქვა, ბუდააო - წყალში, ჰაერში, ცეცხლში, მიწაში ჩაბუდებული...
- საყვარელი სტრიქონები აღმოსავლური პოეზიიდან...
- ჩემი თარგმნილი XI საუკუნის ირანელი მისტიკოსის, აბუ საიდის ერთი რობაი: გულო, სატრფოს რომ დაინახავ, ადიხარ ცამდე, / მაგრამ არ უგდო ყური სოფლის ხრიკებს და ფანდებს,/ ნუ უჭვრეტ სარკეს, რათა შენი თავი იხილო, / თვით იქეც სარკედ, რომ შიგ მთელი სამყარო ჩანდეს.
- ირანული საზოგადოების დამოკიდებულებაზე ლიტერატურის, საერთოდ კულტურული ფასეულობების მიმართ. ირანული მწერლობის სიმბოლოდ ერთი ავტორის დასახელება ალბათ რთულია... -
- გადაუჭარბებლად შემიძლია გითხრათ, რომ თანამედროვე ირანში წიგნისა და წიგნიერების ბუმია. ამდენი მკითხველი ადამიანი მე, პირადად, მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს. აქ წიგნი უმთავრესი ფასეულობაა. ზოგადად ხელოვნება კი საერთო სახალხო სიყვარულითა და პატივისცემით არის გარემოცული. ამის შედეგად თანამედროვე ირანში ლიტერატურული და კულტურული პროცესები საოცრად დინამიურად ვითარდება და მალე სპარსულ ლიტერატურაში დიდ აფეთქებას უნდა ველოდეთ.
თქვენმა შეკითხვამ გოეთეს ნათქვამი გამახსენა: ამბობენ, რომ ირანელებმა ყველა თავიანთი პოეტიდან ღირსეულად ცნეს მხოლოდ შვიდი პოეტი, მაგრამ მათ მიერ დაწუნებულთა შორისაც ალბათ ბევრი აღმოჩნდება ჩემზე უკეთესიო. არ ვიცი, რომელ პოეტს უნდა მივანიჭოთ ამ შემთხვევაში უპირატესობა. ალბათ მაინც ფირდოუსის, გენიალური “შაჰნამეთი", მაგრამ მაშინ რა ვუყოთ ჰაფეზს, ჯალალ ედ-დინ რუმისა თუ საადის?!
This post has been edited by Geronti on 4 Apr 2011, 14:56