თქვენის ნებართვით, პატარა ფრაგმენტს განვათავსებ ჩემი მოგონებების ჩანაწერებიდან (ქართული ვარიანტი), რომელიც ამ ომს ეხება. თუ დაგაინტერესებთ, წაიკითხეთ. იმედია, ოდნავ მაინც 'ახლოს' გაეცნობით იმ საშინელებას, რაც იქ ხდებოდა, თუმცა, უარესებიც იყო:
***The face of war**კრიპტოგრაფმა დეკოდირებული დოკუმენტაცია გამომიწოდა :
- რამდენადაც ჩანს, ბალისტიკური რაკეტების ახალი სისტემების ტექნოლოგიაზეა საუბარი...
გამოვართვი ფურცლები, შევათვალიერე სისქე :
- ალბათ ნახევარი საათი დამჭირდება...
- კარგით, მე მანამდე საქმეს გავაგრძელებ.
როგორც იქნა მოვრჩი კითხვას, ფურცლები წინ დავუდე და მივმართე:
- კი, ნამდვილად მასეა, მაგრამ ბირთვული აქ არაფერია...
შემომცინა და მიპასუხა:
- მე მათემატიკოსი ვარ...
ირონიულად გადავხედე და სიცილი გავურიე ნათქვამს:
- არაუშავს, უარესებიც შემხევდრიან…
ხმამაღალი სიცილით შემომიერთდა. მე კი იქ მჯდომ კაცს მივუბრუნდი:
- მოკლედ, ნამდვილად ბალისტიკური რაკეტებია... ტექნოლოგია... მაგრამ არ მესმის, აქ არაფერი ჩანს ამის უშუალოდ განხორციელებაზე ... არც ის ადგილი მტკიცდება , სადაც თქვენ ვარაუდობთ...
ამით ჩემს საქმეს ვუსხამდი წყალს, იქნებ ამ არასასურველ აქციას ავცილებოდი.
კაცმა სათვალე გაისწორა. ცხვირი გააცმაცუნა და ჩუმი ხმით მიპასუხა:
- ჩვენ რასაც ვვარაუდობთ, ეს ჩვენ მოგვანდეთ... გოგონი... თქვენ თქვენი საქმე გააკეთეთ... ვარაუდები ჩვენზე იყოს...
ამასაც ირონიულად გადავხედე და დავსძინე:
- გასაგებია... ჩვენი საქმე ... ანუ ჩვენი საქმით თქვენი ვარაუდები რომ ან დავამტკიცოთ, ან გავაჩანაგოთ...
ისევ გააცმაცუნა ცხვირი:
- შესაძლებელია...
***
გორაკზე, გაუხშოებულ ტყეში, ბუჩქიდან დურბინდით ყაზარმას ვათვალიერებდი. სადესანტო ჩანთიდან რადიოსადგურის ხრიალი რომ მოისმა, სმენად ვიქეცი, ვუპასუხე და საშას შეტყობინება დიდი გაჭირვებით გავიგონე. "გასაგებია... ნახევარ საათში შეხვედრის ადგილზე... უფ, ძლივს არ მეღირსა? " - ოდნავი სიხარულის სხივით ის იყო ვტკბებოდი, რომ მძიმე ჩექმის ხმა მოსწვდა ჩემს ყურს. ჩანთა ისევ ხავსით დავფარე და დიდი ქვის უკან შევაჩოჩე, დურბინდი ბუჩქში შევიქნიე. ამის დასრულება და ჭახუნთან ერთად გოროზი ხმაც ჩამესმა:
- ხელები თავს უკან!
მუხლზე დამდგარმა ხელები თავს უკან გავიტანე და ერთადერთი რასაც ვფიქრობდი იყო : " ეს ყოფილა დასასრული..." პირზე კი ცალყბა ღიმილი გავატარე.
- ხელები მაღლა და მოტრიალდი!
ავტომატის წვეროს ბეჭზე მტკივნეულად ვგრძნობდი. ბრძანება შევასრულე. ახლა გულთან მედო ავტომატის პირი. ავხედე, ახალგაზრდა ბიჭი იყო, რომელსაც ჩემს დანახვაზე ყბა მოეღრიცა.
- ქალი !..
ირიბი თვალებით შევათვალიერე ავტომატი, კალაშნიკოვის იუგოსლავიური ვარიანტი იყო. ავტომატით მხარზე მომაწვა და ისევ დაიქუხა:
- ადექი! ნელა !
ძლივს ავმართე ფეხები. წესით, უნდა მეტირა და ასეც მოვიქეცი:
- რა გინდა აქ? ... ლამაზო!
უფრო ავტირდი. ამის საპასუხოდ უფრო მეტი ძალით მომაწვა ავტომატი მხარზე.
- ლტოლვილების სატვირთო სროლებში მოყვა... გადარჩენილები გამოვიქეცით და გზა ამებნა...
- მერე? აქ რატომ ხარ ჩაწოლილი?
- სამხედროები დავინახე დაბლა და შემეშინდა...
მოვუმატე სლუკუნს.
- რაღაც რბილად ლაპარაკობ სერბოხორვატულს... ვინ ხარ?
დაიღრიალა , მაგრამ ცოტა უკან დაიხია და ავტომატი მომაცილა.
- მე... მე მაკედონიელი ვარ... ბოსნიაში გათხოვილი...
იმედით, რომ მაკედონიური არ იცის, გავბედე ამის თქმა.
- მაკედონიელი... ბოსნიაში...
- დიახ...
- საიდან ხარ მაკედონიიდან?
სასწრაფოდ ამოვყარე ბალკანეთის რუკის ნაგლეჯები ტვინში:
- ოხრიდი... ოხრიდიდან...
- ოხრიდიდან ანუ... ბოსნიაში საიდან ?
- ბოსანსკი პეტროვაც...
ამათვალიერა კიდევ და განაგრძო:
- ქმარი ? ხორვატია თუ ბოშნიაკი?
- დედით ბოშნიაკი, მამით ხორვატი...
გადავწვიტე რაღაც მომეგონებინა, თან საეჭვო რომ არ გამოსულიყო.
- ხორვატი... შენ - ოხრიდი...
- დიახ, ოხრიდი...
- მაშინ მიპასუხე როცა გკითხავ!
მე ღვარღვარით მდიოდა ცრემლი, და ეს ცრემლები გულწრფელი იყო ამჯერად...
- საბუთი გაქვს?
- კი...
- მაჩვენე...
და ნიკაპი მაღლა წამოსწია.
ხელი წინ ჩამოკიდებულ თხელი ნაჭრის ტომარა ჩანთაში ის იყო ჩავაცურე, რომ დაიყვირა:
- სდექ!
მაგრამ უკვე გვიანი იყო. ისევ ჩანთიდან გამოკრულმა ზასტავის პისტოლეტიდან ნასროლმა პარა 9 მმ-ნმა ტყვიამ მარჯვენა მკლავის ზედა ნაწილში გაუარა, მას მოყოლებული ზედიზედ გამოკრული კიდევ ორი ტყვია მარცხენა ფეხში ადენდა სისხლს... მაშინვე დაეცა ...მგელივით ყმუოდა: სისხლმჩქეფარე მარცხენა ფეხი გაუნძრევლად ედო, სამაგიეროდ მარჯვენა უცახცახებდა მთელი ძალით, ეს ცახცახი მალე მის მთელ სხეულს მოედო და დიდი დარტყმებით ზემოთ-ქვემოთ აქანავებდა... მიგდებული ავტომატი მხარზე მოვიგდე, გადავხედე ზემოდან, მის სახეზე ტკივილი ცეკვავდა, გაფითრებულ ტუჩებზე დუჟი სდიოდა... სწრაფად დავახტი ჩემს დესანტის რადიოსადგურიან ზურგჩანთას და ზურგზე მოვაქციე... ჯარისკაცმა ხრიალი შეწყვიტა. მიყურებდა უშინაარსო თვალებით. დავიხარე, რადიოგადამცემი ამოვუღე ჯიბიდან:
- ბიჭი... ბიჭი, მხედავ?
მივხვდი რომ მხედავდა, რამდენადაც თვალებში შველის თხოვნა უჩანდა.
- ბიჭი... თქვი აბა რაიმე!
- ხხხხრრ...
დაიხრიწინა.
- გესმის, თქვი აბა რაიმე!
- რრრრრრა?
ეს უკვე საკმარისი იყო.
- კარგი... მე ახლა მიმღებს ჩაგირთავ, და შენიანებს გააგებინე სადაც ხარ! ამით არ მოკვდები!
ვთქვი და კიდეც შევასრულე. ეტყობოდა , რომ გამოუცდელი იყო. ასეთი ფატალური შეცდომა გამოცდილ მეომარს არ მოსდის. ყაზარმამდე 900 მეტრი იყო, ჩვენი შეხვედრის ადგილამდე კი დაახლოებით 1100 მ, გავასწრებდი - მით უფრო საწინააღმდეგო მიმართულებები . ავტომატი წინ გადმოვიტანე და რაც შემეძლო სწრაფი სირბილით დავეშვი დაბალი ხეებით დასახლებულ გორაკს, უახლოესი სოფლის შარაზე დამალული მანქანის მახლობლად გზის მეორე მხარეს მარადმწვანე ბუჩქს ამოვეფარე და მოუთმენლად ველოდი საშას გამოჩენას...
***
- მოკლედ, პატარავ, ჯერ აღმოსავლეთით უნდა წავიდეთ... ახლახან დაბომბეს იქ სოფლები და მოსალოდნელი აღარ იქნება.
ამბობდა ამას, ცალი ხელით საჭეს ატრიალებდა და მეორეთი კი სამხედრო ქურთუკს იხდიდა. წავეშველე მეც, მივაწოდე ფანელის ხალათი . ამასობაში უკაცრიელ შარაზეც გადავუხვიეთ.
უხმოდ ვიყავით ორივენი. გზის მახლობელი სოფლებიდან კვამლი ამოდიოდა... აქა-იქ არტილერია ბობოქრობდა... მოულოდნელად თვალის ხედვის არეში , ალბათ ასე, 30 მეტრში, გზაზე მიგდებული ველოსიპედი გამოჩნდა. ცოტა რომ მივუახლოვდით მთელი ხმით დავაკივლე:
- საააააააააააააშ! საააააააააააააააააშ!
არ დაბნეულა, შეანელა სვლა:
- დაწყნარდი!
- საააააააააააააააააშ!
გააჩერა მანქანა და გადმოვიდა. მეც გადმოვყევი:
- იყავი მანდ!
- არააააააააააა! ვაიიიიიიიიიიი!
ჩვენს წინ უსაშინლესი სურათი იყო გადაჭიმული: პირჩამხობილი, ზურგგახვრეტილი ქალის მკერდის ქვემოდან ორი პატარა ფეხი გამალებით ქანქარებდა, ყურს კი პატარა ბავშვის განწირული ტირილი წვდებოდა... ქალის ოდესღაც ვარდისფერი მაისური ნაფლეთებად არეულიყო ხორცის ნაგლეჯებსა და ძვლების ნამტვრევებში. კეფაც გადახეული ქონდა, ცალი ფეხი მოეხარა და წამოწეული ქვედაბოლო ბარძაყებამდე ადიოდა...
საშამ ქალი გადმოატრიალა და პატარა მის მკლავებიდან გამოგლიჯა... ქალს თავისი შავი, სწორი თმის ნაწილი ქვედა ტუჩის ერთად კბილებში ქონდა მოქცეული, მისი ღია, ლამაზი ლურჯი თვალები სიკვდილის მერეც მისი პაწიას გადარჩენას ითხოვდა... 20 წლის თუ იქნებოდა, მეტი არა...
ჩვენს დანახვაზე ბავშვი გაისუსა.
- წადი , უკანა სალონში დაჯექი!
ძლივს ამოაცალა პირს სიტყვები საშამ და ბავშვი გადმომცა . თვითონ კი ქალი გაასწორა და გზის ნაპირზე ზურგით დააასვენა. მოვცილდით რა ქალის გვამს, ბავშვმა ხელები დედისკენ გაიშვირა და ისევ ატირდა " მიაააამიააა...", ალბათ "მამა"-ს იძახდა.
სანამ მანქანის უკანა სკამზე სისხლში მოსვრილ ბავშვს ხალათით ვწმინდავდი, ჭრილობებზეც ვამოწმებდი - საბედნიეროდ გაკაწრულიც კი არ იყო. ის კი ტიროდა და ლამაზი , დიდი, დედისნაირი ლურჯი თვალებიდან ცრემლები ღაპაღუპით სდიოდა. მე ხმით მოვთქვამდი, საშას ხელის მოძრაობა კი ნათელს ყოფდა, თუ როგორ იწმენდდა ისიც სველ ყვიმარლებს...
- გოგოა თუ ბიჭი?
მკითხა მერე, როდესაც პატარა ოდნავ დაწყნარდა და ჩემი თვალიერებით იყო გართული.
- ბიჭი უნდა იყოს...
მივუგე და წამებში უტყუარი ნიშანი შევუმოწმე :
- კი, ბიჭია...
გავუმეორე ისევ. მოიხედა და ღიმილით მოესიყვარულა პატარას. მე კი დავამატე:
- ჩემი გამოცდილი , დედობრივი თვალის შეფასებით , წლისა და 3 თვის იქნება მაქსიმუმ.
ისევ არ ვჩერდებოდი, ასეთი მშვენება არსება გვახლდა, რომელიც გაბუსული ათვალიერებდა იქაურობას ჩვენი ჩათვლით . მეც გარკვეული სიხარული მომეფინა სულში:
- სულ მცირე, 300 კმ-ა საზღვრამდე... რა უნდა ვაჭამოთ? წყალი კია ისე მათარებში...
შეშინებული შევეკითხე.
- მთავარია ცოცხლებმა მივაღწიოთ საზღვრამდე... ჩემი ზურგჩანთის წინა ჯიბეში ორცხობილაა და თუ რამე, ის მიეცი, ღლოღნოს...
მე კი წამებში ორცხობილებიანი პარკი ხელში მეჭირა. პაწიასაც უარი არ უთქვამს და კითხვითნიშნიანი თვალებით რომ გამოიკვლია, მიხვდა რომ იჭმებოდა და პირისკენ გააქანა... გემო რომ გაუღო, აკისკისებულმა შემომავლო მისი ლამაზი მზერა.
უკვე საომარი მოქმედებების არეალს გავცდით , ხორვატიის სანაპიროებისკენ გაუხვია და გეზი სლოვენიისკენ აიღო. მაინც მიხაროდა, რომ ბავშვს საშიშროება ალბათ აღარ ელოდებოდა, ჩვენს თავზე ხომ კარგა ხანია აღარ ვფიქრობდი.
- მოემზადე, საზღვარს ვუახლოვდებით,
შემახსენა საშამ. მძინარე ბიჭუნა მკერდზე მივიკარი, თითქოს არ მინდოდა ვინმეზე მიცემა.
- საშ... რომ დავიტოვოთ არ შეიძლება?
შეანელა სვლა... მხოლოდ გადმომხედა, მარჯვენა ხელი უკან გამოსწია და ლოყაზე მომისვა... ეს იყო მისი პასუხი.
ლტოლვილთა ჰუმანიტარული დახმარების ჯიხურები სოკოებივით იყო მიმოფენილი. ერთ-ერთში შევედით. ხანდაზმული, თეთრ თავსაფრიანი სანდომიანი ქალი მოგვეგება და სკამი შემომთავაზა. პატარას ნებიერად ეძინა.
- გისმენთ,
შემომცინა ქალმა.
- ეს გზაზე ვიპოვეთ... მკვდარ დედასთან ერთად...
- გასაგებია...
იმდენად ცხადი იყო ალბათ მისთვის ომის პირობებში არსებული სიტუაცია .
- აბა, მომიყევით ზუსტად სად იპოვეთ, რომ ანკეტა შევავსო,
განავრცო და დამელოდა. მეც დეტალურად აღვუწერე ბავშვის პოვნის ამბავი. რომელ სოფელთან ვიპოვეთ და რა დროს.
- დედის გარეგნობა გახსოვთ? ეტყობოდა სახე?
- კი, შავთმიანი, სწორი თმები, ლურჯი თვალები..
გაკვირვებული შემომხედა:
- თვალები???
- დიახ... ღია ქონდა...
პირჯვარი გადაიწერა და ისევ მომიბრუნდა:
- ბიჭია ხომ?
დააკვირდა ბავშვს და ასაკიც მოუნახა:
- კარგით... მამრობითი..1-1,5 წლის ასაკის... მააპტიეთ, თქვენ ვინ ბრძანდებით, თუ ანონიმურად გავატარო?
მორიდებით შემეკითხა:
- ჟურნალისტები ვართ... არა , დაწერეთ თუ გსურთ სახელი...
- იყოს, ანონიმურს დავწერ...
მე ვერ ვისვენებდი:
- სახელი? სახელს რას დაარქმევთ?
გაეღიმა :
- თქვენ დაარქვით... რაიმე ... იუგოსლავიური... თუ ვერასოდეს ნახავს მისიანებს, ის მაინც ეცოდინება სადაურია...
იმწუთში რაც გამახსენდა იუგოსლავიური, მსახიობი გოიკო მიტიჩი იყო:
- მაშინ ... მაშინ გოიკო ჩაწერეთ... გვარად მიტიჩი...
არ დავლოდებივარ პასუხს, დავურთე:
- და სად გადააგზავნით?
მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა ეს კითხვა როგორც ჩანს:
- არ ვიცი ჯერ... ან ავსტრია ან გერმანია... შვედეთის ნაკადი დღეს გავუშვით...
ყელში პატარა ბურთი გამეკვეხა...
- შეიძლება? ქალბატონო, შეიძლება რომ თქვენგან ოდესმე გავიგო რა ბედი ეწია ბავშვს?
დაყვავებით მომიგო, შენიშნა რა ცრემლის ღვარი ჩემს თვალზე:
- არაფერი დააკლდება... არაფერი... არაფერში დედას არ ვგულისხმობ, მაგრამ მაინც...
ხელი სვიტრის ჯიბისკენ წაიღო და სავიზიტო ბარათი გამომაწოდა:
- როცა გენებოთ, დარეკეთ... ამ ორგანიზაციაში... ჩემი სახელი აქ წერია, მაგრამ რომც არ ვიყო გიპასუხებენ... იკითხეთ გოიკო მიტიჩი და მიღების თარიღი და ადგილი უთხარით... ყველაფერს გეტყვიან... მომეცით, დავაწერ უკანა მხარეს ადგილს და თარიღს, რომ არ დაგავიწყდეთ...
ასეც მოიქცა. ადგა, ბავშვი გამომართვა :
- უფალი იყოს თქვენი მფარველი, მოწყალე ქალბატონო!
სათნო ხმით მომიგო და ტახტისკენ გასწია. ჩემი გოიკო კი ახლა ჩემსკენ იშვერდა ხელებს და ისევ "მიაამიაააააა"-ს ტირილით გაიძახოდა...
სასაზღვრო პუნქტთან მისვლამდე გულამომჯდარი ვტიროდი და ამჯერად საშას არ გაუმეორებია ჩემთვის - "არავითარი გრძნობები!"
This post has been edited by CZ88 on 30 May 2011, 08:46
მიმაგრებული სურათი