5 ნოემბერი, 2010 (All day)
თითქმის ევროპული თურქეთი
ემილ სულეიმანოვი
როგორია თურქეთის ევროკავშირში გაერთიანების მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა არგუმენტები და შეიძლება თუ არა ეს ქვეყანა ახლო მომავალში ევროკავშირის წევრი გახდეს?
ბოლო რამდენიმე წელია, თურქეთის ევროინტეგრაციაზე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფო მსჯელობს. წევრ სახელმწიფოებში განსხვავებული შეხედულებები დომინირებს, რომლებიც სხვადასხვა არგუმენტებს ეყრდნობა: სოციალურ-პოლიტიკურით დაწყებული და გეოსტრატეგიულით დამთავრებული.
„მეტისმეტად მუსლიმური, მეტისმეტად ღარიბი და მეტისმეტად დიდი" - თურქეთის წევრობის მოწინააღმდეგეთა პოზიცია ასე შეიძლება, განვაზოგადოთ.
მართლაც, თურქეთი უზარმაზარი ისლამური სახელმწიფოა, რომლის ტერიტორიის 95 პროცენტი გეოგრაფიულად აზიაში მდებარეობს. დღეისათვის, თურქეთის მოსახლეობა 75 მილიონს აჭარბებს და ეს ციფრი ყოველწლიურად იზრდება, მაშინ, როცა დემოგრაფიული ზრდა გაერთიანებულ ევროპაში, აგერ უკვე ათეული წელია, შეჩერებულია.
იმიგრანტი მუსლიმების შთამომავლებისგან ჩამოყალიბებულ დიასპორას (თურქები გერმანიაში, არაბები საფრანგეთში და ა.შ), პატარა ალბანეთს და ბოსნია-ჰერცოგოვინას თუ არ ჩავთვლით, ევროპის კონტინენტზე ისტორიულად ჩამოყალიბებული ისლამური საზოგადოებები არ არსებობს.
ბევრი ევროპელისთვის, განსაკუთრებით, რელიგიური კონსერვატორებისთვის, ქრისტიანობა გარკვეულწილად ევროპული იდენტობის განმსაზღვრელია. ამდენად, მუსლიმური თურქეთი, ვესტერნიზაციისკენ მიმართული რეფორმების მიუხედავად, ევროპის - ქრისტიანული ცივილიზაციის ორგანული ნაწილი ვერ გახდება. პირიქით, ბევრი ფიქრობს, რომ ის უცხო ელემენტი იქნება და „ევროპის ისლამიზაციის" რისკ-ფაქტორი შეიძლება, გახდეს. თურქეთის წევრობის მოწინააღმდეგეები, რომელთაც მსგავსი არგუმენტი აქვთ, ევროპაში თურქულ დიასპორებზე მიუთითებენ, რომელთაც ინტეგრაციის მწვავე პრობლემა აქვთ.
თურქეთის წევრობის მოწინააღმდეგეებად, ძირითად, ის ქვეყნები და რეგიონები გამოდიან, სადაც მორწმუნეთა პროცენტული რაოდენობა მაღალია - განსაკუთრებით, კათოლიკური რწმენის აღმსარებლები და ოსმალეთის იმპერიასთან ბრძოლის გამოცდილების მქონენი: ავსტრია, გერმანიის ბავარია და ა.შ.
იმის გათვალისწინებით, რომ 10 წელიწადში თურქეთის მოსახლეობა დაახლოებით 100 მილიონი იქნება, იგი შეიძლება, ევროკავშირის დემოგრაფიულად ყველაზე ძლიერ სახელმწიფოდ იქცეს. ეს კი, საკავშირო ინსტიტუტებში, მაგალითად, ევროპარლამენტში, ანკარის როლის დომინირებას გამოიწვევს.
ბევრი შიშობს, რომ თურქეთი, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი ევროპის მშპ-ს მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, მეტისმეტად ღარიბია და, შესაბამისად, ევროკავშირს სარგებელს ვერ მოუტანს. პირიქით, თურქეთი ბრიუსელის ბიუჯეტიდან მუდმივად მილიარდობით ევროს გამოთხოვით იქნება დაკავებული. ვინც თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ნამყოფია და იქაურობის ჩამორჩენილობა უნახავს, სკეპტიკოსების ეს არგუმენტი დამაჯერებლად მოეჩვენება.
ამასთან, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანება საბოლოოდ მოუღებს ბოლოს ევროფედერაციის შექმნის იმედებს. თურქეთი განსხვავებული პოლიტიკური კულტურის მქონე ქვეყანაა. თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, ანკარას გაუჭირდება ბევრი მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ფუნქციის რომელიმე ზესახელმწიფოებრივი გაერთიანებისათვის გადაცემა.
ტრადიციულად, თურქეთის წევრობის მიმართ ყველაზე ნეგატიურ პოზიციას საფრანგეთი იკავებს, რომლის აგრო-სამრეწველო სექტორი მთლიანად ბრიუსელის დოტაციებზეა დამოკიდებული. ევროკავშირის საერთო ბიუჯეტის ნახევარზე მეტი სწორედ სამიწათმოქმედო დარგების მხარდასაჭერად იხარჯება. თურქეთი, რომლის მოსახლეობის მესამედი სოფლის მეურნეობაშია დასაქმებული (მაშინ, როცა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3-4 პროცენტია) ამ ბიუჯეტის მთავარი მომხმარებელი გახდება. ყოველ შემთხვევაში, თურქეთის ევროკავშირში წევრობით, ეს ბიუჯეტი მის დღევანდელ ფორმას ნამდვილად ვერ შეინარჩუნებს. ეს კი სრულიად მიუღებელია ფრანგი ფერმერებისათვის - და არა მარტო მათთვის.
ყველაფერთან ერთად, თურქეთის სამხრეთი და აღმოსავლეთი საზღვრები - სირიასთან, ერაყთან და ირანთან - პოტენციურად ფეთქებადსაშიშია. ამ ქვეყნებთან მეზობლობა „კულტივირებული" ევროპის ინტერესებში სულაც არ შედის.
მეორე მხრივ, სწორედ თურქეთის გეოპოლიტიკური მდებარეობაა მათი მთავარი არგუმენტიც, ვინც ამ ქვეყნის ევროპულ ოჯახში გაწევრიანების მომხრეა.
ასეთები კი ბევრია: ამერიკა, დიდი ბრიტანეთი, სკანდინავიის, და ვაშინგტონთან მჭიდრო კავშირების მქონე ცენტრალური ევროპის და ბალტიის სახელმწიფოები.
გასული საუკუნის 50-იანი წლებიდან, თურქეთი "ნატო"-ს საიმედო წევრია. იგი პროდასავლური ტიპის სეკულარულ დემოკრატიას წარმოადგენს. ამასთან, მისი გეოსტრატეგიული მნიშვნელობა უზარმაზარია. თურქეთი არის ერთდროულად ახლო აღმოსავლეთის, კავკასიის, ბალკანეთის, შავი და ხმელთაშუა ზღვის აუზების ქვეყანა. მე-20 საუკუნის დასაწყისში ათა თურქის მიერ განხორციელებული პროდასავლური რეფორმების შემდეგ, თურქეთი დასავლეთის სამყაროს ერთგვარი ფანჯარაა ისლამურ სამყაროში. ამდენად, ამ ქვეყნის ევროკავშირში შესვლის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ მოწინააღმდეგეთა არგუმენტები თურქეთის ამ მნიშვნელობასთან შედარებით არაადეკვატურია.
სწორედ თურქეთის გამოცდილებას სწავლობენ ისინი, ვისაც მაროკოდან ინდონეზიამდე გადაჭიმულ ისლამურ სახელმწიფოებში დემოკრატიის აშენება სურს. თუ თურქეთს მნიშვნელოვანი არგუმენტების გარეშე წევრობაზე უარს ეტყვიან, ეს ევროპისადმი, როგორც ექსკლუზიურად ქრისტიანული კლუბისადმი, მისი ორმაგი სტანდარტების გამო მუსლიმთა უნდობლობას გაზრდის.
შესაბამისად, გართულდება ევროპაში იმიგრანტი-მუსლიმების ინტეგრაციის პროცესი. მათი რაოდენობა კი, დღეისათვის 15 მილიონს აჭარბებს. თურქეთის წევრობის მომხრეთა მტკიცებით, თურქეთის დემოგრაფიულ ზრდას და მისი სამუშაო ძალის ევროპაში მიგრაციას მომავალში ევროპული ეკონომიკის გადარჩენა შეუძლია. სპეციალისტები დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ უახლოეს ათ წელიწადში სამუშაო ასაკის მოსახლეობის სიმცირის გამო ევროპა კრიტიკულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. 1960-70-იან წლებში გერმანიის ეკონომიკის განვითარებაში დიდი როლი სწორედ შრომისმოყვარე თურქმა გასტარბაიტერებმა შეასრულეს.
ევროკავშირის მომხრეები, რომლებიც ფედერაციის იდეას არ იზიარებენ და მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრები მომავალშიც ძლიერი ერი-სახელმწიფოები უნდა იყვნენ, მიწათმოქმედების სექტორის დოტაციას ეჭვის თვალით უყურებენ. მათი აზრით, ადრე თუ გვიან, ამაზე უარი უნდა ითქვას, რადგან ეს ნიშნავს ისეთი სფეროს შექმნას და შენახვას, რომელიც საბაზრო ეკონომიკის რეალიებს არ პასუხობს. მათ ევროპელი გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე, ამ სექტორის მუდმივად არსებობა დაუშვებელად მიაჩნიათ.
რომელი არგუმენტები აღმოჩნდება გადამწყვეტი? თურქეთი კვლავ მოლოდინის რეჟიმშია.
http://liberali.de/titkmis-evropuli-turketi