იცით, როგორ არის? ღამის ქუჩაზე დგახარ, კარგად, ფორთოხლისფრად განათებულ ქუჩაზე და არ იცი, რა ქნა. თავზე ვერტმფრენი დაგტრიალებს. შეიძლება ორიც - ერთი პოლიციის და ერთიც ტელევიზიის. გარშემო კიდევ პატარა ბიჭები დარბიან და ხელში უჭირავთ ფიცრები, ნაგვის ყუთები, საგზაო ნიშნები და რასაც წასწვდებიან, ამტვრევენ. უფრო ვიტრინებს. იმ ვიტრინებიდან კი სანოვაგე და ელექტროტექნიკა გამოქვთ, ვიღაცები კი იქავე იზომებენ ახალ ბოტასებს. არც ღრიალებენ და საქმესაც აკეთებენ, ერთგვარი ხალისითაც კი, იმიტომ, რომ არასასაცილო ხუმრობა და მოზარდული გამხნევებები ბევრია. თუ იგინებიან, დაჯავშნულ ვიტრინებს აგინებენ, უფრო კი პოლიციელების მწკრივს, რომელიც შუა ქუჩაზე დგას და მათ უყურებს. მოსეირეებს დიდად არას ერჩიან, თუ შეატყვეს, რომ მოსეირეა. პირიქით, განსაკუთრებით კეთილები, მიგიწვევენ კიდეც: მოდი, ბიძა, რამე გამოიტანე, არა გშიაო? უბედურება მაშინ იწყება, თუ ბიძა მარტოა და ჭკუის სწავლებას დაიწყებს, რასა შვებით, ბიჭო, სად გაიზარდეთო.
ასე მოხდა ჩვენს უბანში, ილინგში, როცა ერთი ალალმართალი კაცი ბრბომ წიხლქვეშ გაიგდო. კაცი გუშინდლამდე სიკვდილს პირას იყო. პოლიცია ვერ შველოდა. ცოტა იყვნენ.
საერთოდ, პოლიციას მთელს სამ დღეს ეგონა, რომ ეს საპროტესტო გამოსვლებია და არა კრიმინალი. ამიტომ ტაქტიკაც შესაბამისი ჰქონდა.
თანაც, საპროტესტო გამოსვლები მოთხოვნების გარეშე. მხოლოდ მესამე ღამეს მოდევნებულ დილით, როცა უკვე ცხადი იყო, რომ ასე თუ გაგრძელდა, ქვეყანა დაიქცევა, როცა საუთჰოლის სიქჰებმა ორასკაციანი რაზმი შეკრეს, ბალახის ჰოკეის ყვანჯებით, ბეისბოლის კეტებით და მამაპაპური ხმლებით შეიარაღდნენ და გამოაცხადეს, ღმერთმა არ ქნას, აქეთ ფეხი არ გადმოგიცდეთო, როცა ლონდონელმა თურქებმა დალსტონსა და ჰაკნიში ბრბოს ყოფა უტირეს და გააქციეს, როცა ადამიანები მამაცად დადგნენ საკუთარი ქონების დასაცავად, როცა ქალაქში მოხალისეთა ჯგუფები შეიქმნა, პოლიციამ, ბოლოს და ბოლოს, ხელი გამოიღო მთავრობის უშუალო ჩარევით და ლონდონის ბრბოებიც მიჩუმდნენ.
საღამოს ამბები მხოლოდ მიდლედებში გაგრძელდა. ბირმინგემში და ზემოთაც, მანჩესტერში, ლივერპულსა და სხვა, უფრო პატარა ქალაქებში. იქ უკვე საპოლიციო ხელკეტებიც დატრიალდა.
იცით, რა არის ძნელი საყურებელი? ათი პოლიციელი, რომელსაც ხელის გნაძრევის უფლება არა აქვს ასი ბიჭის წინააღმდეგ. ბიჭები, რა თქმა უნდა, კაპიუშონებში, უფრო შავები, თეთრები როგორღაც უკაპიუშონებოდ, აი ეგრე, პირდაპირ. მე ვარ და ჩემი ნაბადიო.
რა აღარ თქვეს - განაპირა უბნების სიღარიბეო, ამ უბნების შავი მოსახლეობის რთული ურთიერთობა პოლიციასთან, უმუშევრობა, შემცირებები პოლიციაში და ამ დროს კი, პირველი სამი გასამართლებულიდან არცერთი არ იყო უმუშევარი, ერთი მთლად სკოლის მუშაკი გამოდგა, რომლის შესახებაც სკოლის ვებ-საიტზე ეწერა, ნამდვილი მენტორია ყმაწვილებისთვისო, ორნი კი თეთრები იყვნენ, კაი ადამიანური სამსახურებით. პატარა ბიჭები, რომელთაგან ერთმა, სასამართლოდან გამოსვლისას წიხლი მოუქნია კამერას. ლონდონი ყოველთვის ჯანყდებოდა, უხსოვარი დროიდან. ასეთი ქალაქია. რაზე არ აჯანყებულან, ინდური კაბები ნუ აციათ ქალებსო, თეატრის ბილეთები რატომ გაძვირდაო დ ასე... დიდი ხნის წინ იყო ესა. ამხელა ჯანყი, კარგა ხანია, არ ყოფილა.
ტოტენჰემში მოკლული სავარაუდო ნარკოდილერი და ბანდის წევრი, ოთხი შვილის მამა დუგანი, ალბათ ვერც წარმოიდგენდა, რომ ამხელა ამბავს მისცემდა ბიძგს. დღემდე არკვევენ, ესროლა თუ არა მან პოლიციელს, რომელმაც საპასუხო სროლით მოკლა ეს უბანში ცნობილი ბიჭი.
მაგრამ სულ მალე დუგანი არავის ახსოვდა.
მისი უბანი, ორასი კაცის ოდენობით, პოლიციის განყოფილებაში მივიდა და ახსნა- განმარტება მოითხოვა, ამასობაში კი ვიღაცამ ორ საპოლიციო მანქანას შეუნთო ცეცხლი.
და დაიწყო.
არეულობების მეორე დღეს აცხადებდნენ, აქა-იქ საქმეებში ანარქისტებიც გაერივნენ, პოლიციას ისინიც ებრძვიან და უშენენ ქვებსო, მაგრამ იმავე ღამეს ძარცვა და ხანძრები დაიწყო და მერე ანარქისტები აღარავის უხსნებია. თინეიჯერულმა შპანებმა თავიანთივე უბნების წვრილ მოვაჭრეებს და მედუქნეებს შეუტიეს და თანდათან კი მოზრდილ მაღაზიებზეც გადავიდნენ. ლუშემსა და ბრიქსტონში რომ აჯანყდებოდნენ ნამდვილია, ეგ უბნები ტრადიციულად ბანდებითაა განთქმული და ეგრეც კროიდონი. ტოტენჰემის გარშემოც ვერაფერი დაწყნარდა. ენფილდი და, რა თქმა უნდა, ჰაკნი, სადაც სწორედ რომ ოლიმპიადა უნდა ჩატარდეს და საოლიმპიადო ადგილად იმიტომაც აირჩა, რომ უბანი გამოკეთებულიყო, გამოსწორებულიყო და იერი ეცვალა.
და მართლაც ასეა, ჰაკნიში ყველა მისვლისას ხედავ, როგორ იცვლება იქაურობა.
წყნარ და გვარიანად შეძლებულ ილინგს კი აქვს ერთი, ასე რომ ვთქვათ, ანკლავი - დასავლეთ ილინგი - სადაც სახელმწიფო სახლებია. ლონდონში ასეა და საერთოდ ბირტანეთშიც, რომ სახელმწიფო სახლებიანი უბანი, ღარიბი უბანია. ადამიანს თავის ან ნაქირავებ სახლში ცხოვრება რომ არ შეუძლია, ის სახელმწიფო სახლში ცხოვრობს. მას სახელმწიფო ინახავს, გადასახადებს უხდის, დახმარებასაც უგზავნის. ეს ბევრი არ არის, მაგრამ არაფერს ჯობია. ასე თაობები ცხოვრობენ.
პრემიერ-მინიტრმა თქვა ერთგვარი მრისხანებით, ამ ადამიანებს ჰგონიათ, რომ ვიღაცა მათთან ვალშიაო. მართლა ეგრე ჰგონიათ, ეგ არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ამბავი. იმდენი თავისუფლება გაქვს, ფული რომც არ გქონდეს, იმ თავისუფლებით აწვები. რასაც აწვები, კანონამდე. მაგრამ ზოგჯერ კანონსაც უჭირს.
ინგლისის პოლიცია ხომ მხოლოდ ბელფასტში მოიხმარს წყლის ჭავლს, პლასტიკურ ტყვიებს და გაზებს. ეს არ არის ჩვენი სტილი, ტრადიცია და პრაქტიკაო. ამ საშუალებების უბრალო ხსენებამ ტელევოზორში, გვარიანად ჩააწყნარა ლონდონის მოზარდთა ბრბო. არ გამოუყენებიათ ხელკეტი ფეხებში, როგორც ჩანს ასეთი იყო ყველაზე მკაცრი ბრძანება. ერთი-ორმა კი გადაამეტა მანჩესტერში, მაგრამ ვინღა ჩიოდა. ბირმინგემში სამი ბიჭი მოკლა ბანდიტების მანქანამ, ორი ძმა და კიდევ ერთი, ჰარუნ ჯაჰანი, რომლებიც ქონების დასაცავად გავიდნენ ქუჩაში. მთელი ქვეყანა შეძრა ამ ბიჭის მამის ღირსებამ და მისმა სიტყვებმა. ეს ჭაღაწვერიანი კაცი გამოვდა და თქვა, ნუ ვხოცავთ ერთმანეთს, ყველა ერთი ვართ აქ ჩვენო. ისეთი ღირსება და ადამიანური თავშეკავებულობა ჩანდა ამ თავშეუკავებელი ბრბოების ფონზე, ხვდებოდი, რა არის ბრიტანეთი. ანდა როგორი ვაჟკაცობით ლაპარაკობდა ის კაცი, რივის ავეჯის მაღაზიის პატრონი, რომლიც უყურებდა, როგორ იწვოდა მისი ქონება, საოჯახო ხელობა საუკუნენახევირს მანძილზე. გერმანულ ბობმბებს გადაურჩა და მოზარდების ბრბომ დაწვაო.
ბრიტანეთის ქალაქებში არის ეგეთი ცნება, ქომუნიტი, ჩვენებურად რომ ვთქვათ, თემი. თემის შეგრძნება ძალიან ძლიერია უბნებში. ეს კლანი, საძმო და რამე კი არ არის, არამედ უბნის ერთობის რაღაცნაირი სული. მულტიკულტურულ ქალაქში, სადაც თემები ხშირად ნაციონალურია, ქომუნითის ინგლისური გაგება მაინც სხვაა. უცნობი ხალხი სწრაფად ერთიანდება და საქმის კეთებას იწყებს. ამ რბევებმა კი, კრიმინალი იქით იყოს და, სწორედ თემსაც მიაყენა შეურაცხყოფა. ჰოდა, ის მესამე ღამე ბოლო იყო, თემებმა სწრაფი გაერთიანება დაიწყეს.
ეგეთ დროს ყველა იმას აკეთებს, რაც შეუძლია. ეს ძალიან მაგარი განცდაა. უბრალო ადამინების უნარების შეგრძნება და ერთობა. მგონი თავისუფლების ერთ-ერთი მაგარი დასაყრდენია. საძმოები კი არ იქმნება და იმის გამოთვლას კი არ იწყებენ, ჩვენ რა აქედანო და უფასო ბენზინი მაინც შეგვხდებაო, უბრალოდ, თავისი უბნის კონტროლს ცდილობენ და არა მხოლოდ ფიზიკურს, მორალურსაც.
აი, ჩვენი ილინგის დარბევის მეორე დილას, სკვერთან ბებო მოვიდა თერმოსით და ჭიქებით და დალეწილი მაღაზიებისა და რესტორნების წინ მოფუსფუსე მოხალისეებს, ჩაი მოუტანა, შეგაჯანჯღარებთო. მე კიდევ გორდონ როუდზე ორი ეგრე თხუთმეტი წლის გოგო შემხვდა, რომლებიც ველოსიპედს მოაგორებდნენ. ზედ კი ბანერი მიეკრათ, მიირთვით ანტი-სააჯანყებო ნამცხვარი. თურმე მთელი დილა აცხობდნენ. რამით ხომ არ შეგეწიოთმეთქი, ეგეთ დროს ფული გროვდება ხოლმე და არაო, იმიტომ გამოვაცხვეთ, რომ ნამცხვარი კარგ ხასიათზე აყენებს ხალხსო. წავიდნენ და წაკისკისდნენ.
და იცით რა, პროლეტარიატში არის ესა, რაღაცა ბრაზი. ეს მოზარდთა ბრბოები იქით იყოს და, იმ შუა უბნური არეულობების დროს, ერთმა ძველმა მუშა კაცმა, და მუშა კაცს ყოველთვის ამოიცნობ ლონდონში, ლაპარაკითა და იერით, ჩაიხითხითა, ისე, ძმობილო, დიხანიე რო გვქონდეს, ერთი ორ ლატოკ პივას, მე და შენც ხო კარგათ გავწევდით, ამათი დედაც ვატირეო. ეგ არი პროლეტარიატში, იმიტომ რომ ბრბოებს მოთხოვნა კი არ ჰქონდათ, მაგრამ შემოგიყვირებდნენ ერთადერთ რამეს, ამაღამ ჩვენ ვმართავთ ლონდონს, მოდი, გაიხარე, აიღე რამეო. იმ ვიღაც გოგოშკას რადიოლაპარაკი კი ისედაც ყველამ მოისმინა, რას ვაკეთებთ და პოლიციას და მდიდრებს ვაჩვენებთ, რომ რაც გვინდა, იმას ვიზამთო. ბიჭებიც ასე ამბობდნენ, დამცინავად, რა ვქნა, დღეს ფული არა მაქვს და მომშვიდაო, ამ დროს კი აიპოდებს და ტელვიზორებს ეზიდებოდნენ. თუმცა, ისეთი ცამეტი წლის ჯეელიც გაასამართლეს, რომელმაც ორი კოლოფი ხელსახოცი მოიპარა და მეტი არაფერი. ერთი დღე მიუსაჯეს.
ბრბო თავისუფალიც იყო და მართულიც, ამ უაზრო მძარცველებს შორის აზრიანნიც შეიმჩნეოდნენ. შორიახლოს მანქანები ეყენათ და ამათ მორბეულზე კოხტად ხეირობდნენ, პატარებს აგზავნიდნენ, როგორც უფროსი ქურდების წესია და იმათ მონატანს ტვირთავდნენ მანქანებში.
ერთმა ინდოელმა მწარედ იხუმრა იმ ღამის ქუჩაზე, მაგათ მშობლებს პრეზერვატივები უნდა დაურიგო, შვილების აღზრდა კი არ უნდა მოსთხოვოო. იმიტომ, რომ მთავრობა და პოლიციაც ითხოვდა უკვე მესამე დილას, ბავშვებს მიხედეთ, დღეს სხვანაირად ვიმოქმედებთო.
ჰოდა, გაჩერდა. რამდენი უნდა დალეწო? ტოტენჰემ-ევერტონის თამაში მაინც გადაიდო. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის. ისევე, როგორც შუა კვირაში გადაიდო ინგლის-ჰოლანდიის ამხნაგური მატჩი.
„ეს ისეთი ქვეყანაა, რომ ხალხს უფრთხილდებიან. მიდგომაა ასეთი. თუნდაც დაპატიმრებული, დიდი ვინმე ხარ. იმდენი უფლება გაქვს, რომ გიხარია კიდეც. ერთმა ტაქსისტმა მიამბო, თვრამეტ წელიწადს ვიყავი პოლიციელი და დავიღალეო, არაფრის უფლება არ გაქვს, სახეში დაგცინიან და შენ კი უნდა უთმინო და ლაპარაკით, ჭკუით დაიყაბულოო. რამე წაგცდება და მეორე დღეს გაზეთში ხარ გამოჭიმული, როგორც ჯალათიო. ძნელია, ჰო, მაგრამ ეგრეა. იმიტომაა ინგლისი და იმიტომაა ასეთი. იმიტომ გრძნობ თავს ადამიანად, თუნდაც თოთხმეტი წლის მრბეველი იყო. “სამ დღეს ლონდონის პოლიცია თურმე იმ ოდენობით იყო ქალაქში, რა ოდენობითაც, ჩვეულებრივ, ღამეს გამოდის სამორიგეოდ - 6 ათასი კაცი, მეოთხე ღამისთვის 16 ათასი გამოვიდა. მეოთხე ღამე კი წყნარი იყო. იცით, რა არის? პოლიციის მანქანის ხმა, ყოველთვის ისმის ამ ქალაქში. სხვანაირად შეუძლებელია. ერთმა მცოდნე კაცმა თქვა, რომ ინგლისელი პოლიციელიო, უფრო დეტექტივი, მოაზროვნე და მომრიგებელია, ვიდრე ხისტი მოქმედების ადამიანიო, ასეა გაზრდილი და ნასწავლიო. ახლა ცოტა მეტის სწავლა მოუწევსო. ინგლისში პოლიციელები ისეთ შეცდომებსაც უშვებენ, რაც უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის ფასადაც ჯდება. ბოლო სამ წელიწადს, ორი ასეთი შემთხვევა იყო. პოლიციის უფროსობა, ჩვეულებრივ, ფრთხილობს. საერთოდ, ეს ისეთი ქვეყანაა, რომ ხალხს უფრთხილდებიან. მიდგომაა ასეთი. თუნდაც დაპატიმრებული, დიდი ვინმე ხარ. იმდენი უფლება გაქვს, რომ გიხარია კიდეც. ერთმა ტაქსისტმა მიამბო, თვრამეტ წელიწადს ვიყავი პოლიციელი და დავიღალეო, არაფრის უფლება არ გაქვს, სახეში დაგცინიან და შენ კი უნდა უთმინო და ლაპარაკით, ჭკუით დაიყაბულოო. რამე წაგცდება და მეორე დღეს გაზეთში ხარ გამოჭიმული, როგორც ჯალათიო. ძნელია, ჰო, მაგრამ ეგრეა. იმიტომაა ინგლისი და იმიტომაა ასეთი. იმიტომ გრძნობ თავს ადამიანად, თუნდაც თოთხმეტი წლის მრბეველი იყო.
იმ ბიჭებიდან და გოგოებიდან, ახლა რომ პირაკრული იძლევიან ინტერვიუებს, ხალისით ლაპარაკობენ განვლილზე, მაგისთვის სერიოზულად არ შემიხედავს, კაი გასართობი იყოო. კაი გასართობია კი, ყვავილების მაღაზიას რომ უკიდებ ცეცხლს. თაიგულის მოპარვა არ გინდა. თაიგულით ვერ გაძღები, ცხოვრების სილამაზისა კი არაფერი იცი.
მოკლედ, ეგრე იყო, მოსაყოლი იმდენია, ტომები დაიწერება. ინგლისია. კვამლშიც კი რაღაცას ისეთ კეთილსა და ძლიერს დაინახავ, რომ გაგიკვირდება.
http://liberali.ge/agvistos-nateli