ავღანეთის უსაფრთხოების ძალების გადარჩენილმა ნაწილებმა თავი ფანჯშირის ხეობას შეაფარეს, სადაც ახალი ანტი-თალიბანური მოძრაობა იკრებს ძალას.
შეგახსენებთ, რომ ფანჯშირი ერთადერთი პროვინციაა, რომელსაც თალიბანი ამ დრომდე ვერ აკონტროლებს.
სურათები გადაღებულია 15-16 აგვისტოს.
* * *
საინტერესო ანალიზია
ბევრი გაკვირვებულია თუ როგორ მოახერხა თალიბანმა ასე იოლად და სწრაფად დასავლეთის მიერ ათწლეულების განმავლობაში გაწვრთნილი და შეიარაღებული ავღანეთის ეროვნული არმიის დაბრკოლების დაძლევა და ქვეყნის თითქმის სრულ ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება. ამ კითხვაზე თითქმის ცალსახა პასუხი თავად ავღანური საზოგადოების სტრუქტურაშია. ავღანეთი თვისებრივად დღემდე ტრაიბალური საზოგადოებაა, სადაც სოციალური ქსოვილის მთავარი სუბიექტები გვაროვნული ტომებია.
მიუხედავად იმისა, რომ ავღანეთს სახელმწიფოებრიობის ორ საუკუნეზე მეტი გამოცდილება აქვს, სახელმწიფო ინსტიტუციები (სასამართლო, პოლიცია, საგადასახადო სისტემა) ქვეყნის ისტორიის განმავლობაში ან სუსტად იყო განვითარებული და ფორმალობას წარმოადგენდა ან მთელ რიგ შემთხვევებში არ არსებობდა, განსაკუთრებით კი, ბოლო 40 წლის განმავლობაში, როდესაც ავღანეთი პერმანენტულ ომში ცხოვრობს. მაგალითად, ავღანეთში არსებობს სოფლები, სადაც სახელმწიფოს ნებისმიერი ინტიტუციისა და რანგის წარმომადგენელი დღემდე არ მისულა. ასეთი გვაროვნული ტომები პრაქტიკულად ავტონომიურად, სოფლის მეურნეობით არსებობენ. შესაბამისად, სუსტმა სახელმწიფომ ვერ მოახერხა მრავალეთნიკური, ტრაიბალური საზოგადოების ავღანურ ერად და ავღანური იდენტობის ჩამოყალიბება. პერმანენტული ომის და გაურკვევლობის პირობებში, სახელმწიფო ბიუროკრატიაში მუშაობა მხოლოდ პერსონალურ გამორჩენასა და მოგებას, წმინდად ოპორტუნისტულ მიზნებს ეფუძნებოდა. რისი შედეგიც იყო უკვე ყბადაღებული ღრმა კორუფციის საკითხი, რომელიც ინსტიტუციურ ჩამოყალიბებას ძირს უთხრიდა.
იგივე მოცემულობა არსებობდა თავად არმიაშიც. ავღანელი არმიაში უმეტესწილად მიდიოდა არა იმიტომ, რომ საკუთარი სახელმწიფო ინტერესები დაეცვა და მისი უსაფრთხოება უზრუნველეყო, არამედ ჯარიც პერსონალური სარგებლის და ფინანსური უზრუნველყოფის საგანი იყო. როდესაც მას ეს კომპონენტი გამოეცალა და ძალაუფლების ღერძიც მოულოდნელად გაქრა, ავღანელი მეომარი ან ემიგრაციაში გაიქცა ან უბრალოდ ფორმა გაიხადა ან სულაც, მალე თალიბანის თანამებრძოლი აღმოჩნდება. რომ არა მსგავსი სოციალური საფუძვლები, პრაქტიკულად გამორიცხული იქნებოდა პრიმიტიულად შეიარაღებულ თალიბანის დაჯგუფებებს 200 000-იანი თანამედროვე იარაღით კბილებამდე შეიარაღებული ეროვნული არმია ორ თვეში დაემარცხებინა, განსაკუთრებით კი ურბანულ სივრცეებში, სადაც თალიბანს ბრძოლის ძალიან სუსტი გამოცდილება გააჩნია და მათთვის წამგებიან საბრძოლო მოედანს წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება წლების განმავლობაში კარგად ჰქონდა შესწავლილი და გააზრებული ამერიკულ სადაზვრევო სამსახურებს და აქედან გამომდინარეობდა მათი შიში, რომ დასავლური ალიანსის გასვლის შემდეგ ეროვნული არმია სულ რამდენიმე თვესაც ვერ შეძლებდა წინააღმდეგობის გაწევას.
როდესაც ვსაუბრობთ თანამედროვე ავღანეთის სახელმწიფოზე, უნდა აღინიშნოს ის, რომ ეს არის ურბანული სივრცეებისა და სხვადასხვა რეგიონების ერთმანეთთან პოლიტიკურად და ეკონომიკურად საკმაოდ სუსტად დაკავშირებული ქსელი. ქვეყნის ხელისუფლება კი წარმოადგენდა დედაქალაქ ქაბულის ადმინისტარციულ შენობების კაბინეტებში გამოკეტილ ადამიანთან ერთობლიობას, რომელსაც რეალური გავლენა მხოლოდ ქაბულზე ჰქონდა. ქვეყნის სხვა რეგიონებში უშუალო კონტროლი და მხარდაჭერა დასავლურ ალიანსზე იდგა. ძალიან იშვიათად ხდებოდა, როდესაც ქვეყნის პირველი პირები დედაქალაქს ტოვებდნენ და სხვა ქალაქის მოსახლეობას სტუმრობდნენ. შესაბამისად ამ ხელისუფლების ლეგიტიმაცია ძალიან სუსტი იყო და ასევე ქაბულისა და სხვა რამდნიმე ქალაქის მოსახლეობის ელექტორალურ მხარდაჭერას ეფუძნებოდა. რომ გადახედოთ ავღანეთის ბოლო რამდენიმე არჩევნებს, ისინი რეალური არჩევნების გარდა ყველაფერი იყო. შესაბამისად, საერთშორისო კოალიციის მიერ ხელოვნურად შექმნილი დემოკრატიული პროექტი წლების განმავლობაში სულს ღაფავდა და მხოლოდ ნომინალურად არსებობდა.
რაც შეეხება თავად ომს.
თავის დროზე ავღანეთში შეჭრის პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ მაშინ არსებობდა მხოლოდ ამოცანები და არ არსებობდა მიზნები. ამოცანები მალევე შესრულდა: ალ-ქაიდა და უსამა ბინ ლადენი ქვეყნიდან განიდევნენ, ხოლო თალიბანის ხელისუფლება დაემხო. ხოლო მიზანი, რომელიც ავღნეთის უსაფრთხო, დემოკრატიული ქვეყნის ჩამოყალიბებას შეიძლებოდა მომსახურებოდა არ არსებობდა. ამასთან თალიბანის ჯიჰადი ალ-ქაიდასგან განსხვავებით არ წარმოადგენდა საერთაშორისო საფრთხეს, მას უფრო ნაციონალისტური, ეროვნულ-განმათავისუფლებელი, ანტიიმეპრიალისტური ხასიათი გააჩნდა. შესაბამისად, ავღანეთის ომი ბოლო თითქმის ათ წელზე მეტია რეალურად ჩიხში იყო და არ არსებობდა გეგმა მისი დასრულების. ამ ომისთვის რეალურად ბარაკ ობამას ადმინისტრაციას უნდა დაესვა წერტილი, თუმცა თუ გავიხსენებთ, სწორედ მის პერიოდში მოხდა ახლო აღმოსავლეთში ე.წ. „არაბული გაზაფხული“ - „დემოკრატიზაციის“ ახალი ტალღა, რამაც ავღანეთში ამ ომის გაგრძელება გამოიწვია. რეგიონში მიმდინარე პროცესების ფონზე, აშშ ავღანეთს ულტრაკონსერვატიულ, ჯიჰადისტურ ტერორისტულ დაჯგუფებას სამართავად ვერ დაუტოვებდა.
* * *
ამის შემდგომ უკვე იყო ინერცია, როდესაც ომი მხოლოდ ამერიკის სამხედრო ინდუსტრიის გამდიდრების ხარჯზე მიმდინარეობდა, ხოლო თავად ავღანეთი კი, გადაიქცა თანამედროვე შეიარაღების გამოცდის შესანიშნავ პოლიგონად, რისთვისაც აშშ-სა და დასავლურ ალიანსს პასუხს არავინ მოთხოვდა. როდესაც დღეს ვსაუბრობთ თანამედროვე დრონებით ომის ტრანსფორამციაზე, მისი საფუძვლები სწორედ ავღანეთში ჩაიყარა. აღსანიშნავია ისიც, რომ დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველივე წელსვე აშშ სწორედ ავღანეთში გამოცადა ე.წ. „ბომბების დედა“ ანუ ყველაზე მსხვილი კონვენციური ბომბი, რაც რეალურად მინი ბირთვული თავდასხმა იყო.
როდესაც საუბრობენ აშშ-ის მხირდან ავღანეთის ხელისუფლების მიტოვებაზე, ეს უკვე პოლიტიკურად სამი წელია მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც აშშ-ის დიპლომატიურ წარმომადგენლობასა და თალიბანს შორის პირველი ოფიციალური კონტაქტი შედგა. 2018 წელს აშშ-სა და თალიბანს შორის დაწყებულმა სამშვიდობო მოლაპარაკებებმა პოლიტიკურ თამაშგარე მდგომაროებაში ჩააგდო ავღანეთის ხელისუფლება, რომელიც საერთოდ არ ყოფილა მოლაპარაკებებში წარმოდგენილი და მისი ინტერესების აშშ-ს მხრიდან სუსტად იქნა დაცული. ავღანეთის ნატოს კოალიციური ჯარების დატოვების სანაცვლოდ აშშ-ის თალიბანის მიმართ მოხთოვნა, რომ შიდა ავღანური მოლაპარაკებები დაწყებულიყო რეალობაში მხოლოდ ფურცელზე დაწერილი ტექსტი აღმოჩნდა. თალიბანს არანაირი სურვილი არ ჰქონია და რეალური კონტაქტი არ დაუმყარებია ავღანეთის ხელისუფლებასთან ისე შევიდა ქაბულში და დაიკავა ადმინისტრაციული შენობები.
როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები
როგორც აწ უკვე ავღანეთის ხელისუფლებას გააჩნდა სახალხო ლეგიტიმაციის დეფიციტი, ეს პრობლემა თავად თალიბანსაც აქვს, რაზეც მეტყველებს ბოლო დღეებში გავრცელებული არაერთი ფოტო და ვიდეო მასალა თუ როგორ სურთ და გარბიან ქვეყნის მოქალაქეების საზღვრებს მიღმა. ოპტიმიზმი იმის შესახებ, რომ თალიბანი შეიძლება ამ შემთხვევაში უფრო „პროგრესული“ აღმოჩნდეს ვიდრე ის იყო 90-იანი წლების მეორე ნახევარში იყო პრაქტიკულად არ არსებობს. ორგანიზაციის მკვეთრად პატრიარქალური და მასკულინური ხასიათი ათწლეულების შემდეგაც სახეზეა, რომელის ფესვები ჯერ კიდევ ავღანეთისა და საბჭოთა კავშირის ომის პერიოდიდან მოდის. როდესაც ომის დროს ქვეყანა ექვს მილიონამდე ადამიანმა დატოვა, რომელთა უმეტესობა ქალები და ბავშვები იყვნენ, ავღანეთი მაშინ მხოლოდ მამაკაცებს დარჩათ დასაცავად. მათ მიერ შექმნილ პატრიარქალურ კულტურას შემდგომ უკვე რადიკალური ისლამით ინდოქტრინირებული ელემენტი მათი შვილების თაობის სახით დაემატა. თუკი თალიბანი საბოლოოდ აღმოჩნდება ქვეყნის მმართველობაში და ამ პოზიციას შეინარჩუნებს, მისი ერთ-ერთი წამყვანი პრობლემა იქნება ათწლეულების განმავლობაში გასამხედროებულ და ბრძოლის კულტურით აღზრდილ ადამიანთა კვლავ სამოქალაქო ცხოვრებაში დაბრუნება. თავად ეს მოცემულობა აჩენს რისკს, რომ ავღანეთში შეიძლება კიდევ დიდხანს გაგრძელდეს შიდა გვაროვნული დაპირისპირებები და მინი კონფლიქტები.
თალიბანის ხელისუფლებაში მსგავსი ტრიუმფალური სახით დაბრუნება ასევე რისკის შემცველია მოსაზღვრე რეგიონებისთვის, რადგან ეს შეიძლება გახდეს ამ რეგიონებში იატაკქვეშ მოქმედი ან თუნდაც ახლად შექმნილი ტერორისტული, ჯიჰადისტური ორგანიზაციების ინსპირაციად. თალიბანს იდეოლეოგიური და პრაქტიკული კავშირები აქვს, როგორც ახლო აღმოსავლეთში, ასევე ცენტრალურ აზიასა და ჩინეთში არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ამ შემთხვევაში, სწორედ ეს გარემოებაა ჩინეთისა და რუსეთის მთავარი უსაფრთხოების თავის ტკივილი, რომლებიც უკვე წლების განმავლობაში ცდილობენ თალიბანთან უშუალო დიპლომატიურ კომუნიკაციას და ურთიერთობების დალაგებას. არსებობს სპეკუალციური მოსაზრება, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში აშშ შეეცდება თალიბანი მის მოკავშირედ გარდაქმნას, რათა სწორედ რუსულ-ჩინურ-ირანული აზიური გაფართოების შესაკავებლად და ჩინური „აბრეშუმის გზის“ პროექტზე ზეგავლენის მოსახდენად. ამგვარ მოსაზრებას მხარს უმაგრებს ის მოცემულობა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამერიკულ დიპლომატიურ კორპუსს საკმაოდ მდიდარი გამოცდილება და პერსონალური კავშირები დაუგროვდა თალიბანის პირველ პოლიტიკურ და სამხედრო პირებთან. თუმცა მოსაზრება ჯერ კიდევ სპეკულაციურად რჩება.