წინა კვირას "ნიუ-იორკ თაიმსმა" გამოაქვეყნა საგულისხმო სტატია იმ პერიპეტიების შესახებ, რომელიც თან ახლდა 27 დეკემბერს კ1 ბაზის მიმართ კატიუშების სროლის ფაქტს. როგორც ირკვევა, იმის მიუხედავად, რომ საპასუხოდ აშშ-მ ბრალი დასდო და 25 მებრძოლი დაუხოცა "ქატაიბ ჰეზბოლას", არავითარი სამხილი ამ დაჯგუფების წინააღმდეგ არ გამოქვეყნებულა. რამდენიმე გარემოების გათვალისწინებით გაზეთი დაეჭვდა ოფიციალური ვერსიის სისწორეში:
* ბაზა მდებარეობს ქირკუკის რეგიონის თურქმენებით და არაბებით დასახლებულ რაიონში, რომელიც სახალიფოს (დაეში) ერთ-ერთ აკვანს წარმოადგენდა და ანტაგონისტურად არის განწყობილი შიიტთა წინააღმდეგ;
* სწორედ კონფესიური დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ჰეზბოლა არ ყოფილა აქ განთავსებული. მეტიც, ერაყის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები უსაფრთხოების გამო ვერ ბედავდნენ იმ ტერიტორიაზე შესვლას, საიდანაც რაკეტების გაშვება მოხდა;
* მთელი წლის მანძილზე დაეში აქტიურობდა რეგიონში, თითქმის ყოველდღიურად აწყობდა ჩასაფრებებს თუ აფეთქებებს გზებზე, დაბომბვამდე ათდღიან პერიოდში კი ბაზის სიახლოვეს სამი შეიარაღებული თავდასხმა განახორციელა. პირველად 6 ნოემბერს მიიღო ამერიკულმა მეთაურობამ ერაყელებისგან გაფრთხილება დაეშის მხრიდან უშუალოდ ბაზაზე შესაძლო სარაკეტო იერიშის შესახებ, ბოლოს - 25 დეკემბერს;
* თავად "ქატაიბმა" მაშინვე უარყო მომხდარზე პასუხისმგებლობა. არადა ხშირია, როცა პროპაგანდისტული მიზნით გასამხედროებული დაჯგუფება საკუთარ თავზე იღებს სამხედრო ოპერაციის თუ ტერაქტის ჩატარებას მაშინ, როცა სინამდვილეში მას სხვა ძალა ახორციელებს;
* ამერიკულ მხარეს არ მოუხდენია ამ საქმეზე მის ხელთ არსებული სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლა ერაყელ პარტიორებთან ან მისი მიწოდება საკუთარი/საერთაშორისო ფართო საზოგადოებისთვის.
ამ ფაქტს ისეთი ესკალაცია მოჰყვა, რომელმაც მსოფლიო მასშტაბური ომის საფრთხის წინაშე დააყენა, დასკვნას კი მკითხველი თავად გამოიტანს.
საგაზეთო სტატია