როგორი თავბრუდამხვევი წარმატებითაც მოახერხა დაეშმა მთელი მსოფლიოდან საკუთარი შავი ბაირაღის ქვეშ არანაკლებ 55 ათასი მებრძოლის მობილიზება, ასევე მეგალომანიის, სტრატეგიული სიბეცის და მოუქნელობის მეშვეობით შესძლო უკლებლივ ყველა სხვა ძალის გაუცხოება და გადამტერება.
არაერთი მაგალითის მოტანა შეიძლება, როცა ისინი მონღოლური სისასტიკით უსწორდებოდნენ სუნიტ მუსლიმანებსაც:
* როცა ტელ-აფარის სიახლოვეს მდებარე ბაზაზე ერაყელი ჯარისკაცები შეიპყრეს, არავის დაუწყია იმის გარჩევა, ვინ რომელ რელიგიურ მიმდინარეობას მიეკუთვნებოდა. 1700-მდე სამხედრო დახოცეს იმ დღეს;
* გალიაში ცოცხლად დაწვეს იორდანელი სამხედრო პილოტი, რომელიც მორწმუნე სუნიტი იყო;
* არც სირიელ ჯარისკაცებს ინდობდნენ, რომლებიც ჯარში არა ნებაყოფლობით, არამედ სავალდებულო გაწვევის შედეგად ხვდებოდნენ...
ჩვეულებრივ სუნიტებს ვინ ჩივის, ცეცხლით და გადაუარეს სხვა ვაჰაბისტურ დაჯგუფებებს. მოთხოვნა კატეგორიული იყო - სახალიფოს და პირადად ხალიფა აბუ-ბაქრის ერთგულებაზე უპირობო ფიცის დადება. მეტიც, დაეშმა, თავად ალ-ქაიდას შვილობილმა ორგანიზაციამ, ალ-ქაიდაში დარჩენილები სადაც მოიხელთა, თითქმის ყველგან თავის მოკვეთით დასაჯა სიკვდილით.
(ერთი მაგალითი) ის ყველასგან ყმურ მორჩილებას ელოდა და ნებისმიერ ძალასთან ყოველგვარ ტაქტიკურ ალიანსს უარყოფდა, რითაც ზარქაუის შეურიგებელი პოლიტიკა გააგრძელა აბუ-ბაქრმა. შედეგად, ჯიჰადისტების ამ ვრცელი ტერიტორიული წარმონაქმნის ლიკვიდაცია ერაყელი, ამერიკელი, სპარსელი, რუსი, თურქი, ქურთი, სირიელი თუ სირიაში მოქმედი ყველა დაჯგუფების მებრძოლისთვის ხანმოკლე საერთო მიზნად იქცა.